ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 50
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 135 იეჰოვას თბილი თხოვნა: „შვილო, იყავი ბრძენი“
დაეხმარეთ თქვენს შვილს, ჰქონდეს ძლიერი რწმენა
„[ჩასწვდით] ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (ᲠᲝᲛ. 12:2).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან მშობლები გაიგებენ, როგორ ესაუბრონ შვილებს ღმერთსა და ბიბლიაზე და როგორ დაეხმარონ რწმენის განმტკიცებაში.
1, 2. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შვილები თქვენს მრწამსთან დაკავშირებით კითხვებს გისვამენ?
ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘᲡ აღზრდა თამამად შეიძლება სრულგანაკვეთიან სამუშაოს შევადაროთ. მშობლებო, ნამდვილად იმსახურებთ ქებას, რომ ყველანაირად ცდილობთ, შვილებს პატარაობიდანვე დაეხმაროთ, ძლიერი რწმენა ჰქონდეთ (კან. 6:6, 7). თუმცა წლების მატებასთან ერთად მათ შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ თქვენს მრწამსთან და ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებით.
2 ასეთმა კითხვებმა შეიძლება შეგაშინოთ და ისიც კი იფიქროთ, რომ თქვენს შვილებს რწმენა შეერყათ. თუმცა სინამდვილეში საშიში არაფერია, რადგან ეს აუცილებელი პროცესია მათი რწმენის განსამტკიცებლად (1 კორ. 13:11). ამიტომ როცა კითხვებს დაგისვამენ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ შვილებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარის განვითარებაში დაეხმაროთ.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებს 1) რწმენის განმტკიცებაში დაეხმარონ, 2) დაანახონ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების ფასი და 3) ასწავლონ საკუთარ მრწამსზე მსჯელობა. იმასაც გავიგებთ, რისი შესაძლებლობა ეძლევათ მშობლებს, როცა შვილები კითხვებს უსვამენ, და რა სიტუაციები შეუძლიათ გამოიყენონ მათთან სამსჯელოდ.
ᲓᲐᲔᲮᲛᲐᲠᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲨᲕᲘᲚᲡ, ᲒᲐᲜᲘᲛᲢᲙᲘᲪᲝᲡ ᲠᲬᲛᲔᲜᲐ
4. რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს თქვენს შვილს და რატომ?
4 მშობლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რწმენა მემკვიდრეობით არავის დაჰყოლია, არც თავად მათ და არც მათ შვილებს. ასაკის მატებასთან ერთად შვილებს შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ: საიდან ვიცით, რომ ღმერთი მართლა არსებობს? რატომ უნდა ვენდო ბიბლიას? ასეთი კითხვების დასმა კარგია, რადგან ბიბლიაც მოგვიწოდებს, განვივითაროთ აზროვნების უნარი და ყოველივე შევამოწმოთ (რომ. 12:1; 1 თეს. 5:21). მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენს შვილს რწმენის განმტკიცებაში დაეხმაროთ.
5. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენს შვილს ბიბლიისადმი ნდობა განუმტკიცოთ? (რომაელები 12:2).
5 წაახალისეთ, თავად მოიძიოს მტკიცებულებები (წაიკითხეთ რომაელების 12:2). როცა შვილი კითხვას გისვამთ, აჩვენეთ, როგორ შეუძლია პასუხის მოძიება საკვლევი საშუალებების, მაგალითად, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლის“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელოს“ დახმარებით. სარწმუნო მტკიცებულებების სანახავად, რომ ბიბლია უბრალოდ ადამიანების მიერ დაწერილი კარგი წიგნი კი არა, ღვთის სიტყვაა, წაახალისეთ, „საკვლევ სახელმძღვანელოში“ მოძებნოს თემა „ბიბლია“, შემდეგ კი – ქვესათაური „ღვთისგან შთაგონებული“ (1 თეს. 2:13). შეგიძლიათ დაავალოთ, მეტი ინფორმაცია მოიძიოს ასურეთის დედაქალაქ ნინევეს შესახებ. წარსულში ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ამ ქალაქს არასდროს უარსებია. თუმცა 1850-იან წლებში არქეოლოგებმა ამ ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს, რამაც დაამტკიცა, რომ ბიბლიაში ნინევეს შესახებ ჩაწერილი სიმართლეს შეესაბამება (სოფ. 2:13–15). გარდა ამისა, თქვენს შვილს შეუძლია ნახოს 2021 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია, „იცოდით თუ არა?“, იმაში დასარწმუნებლად, რომ ნინევეს განადგურებასთან დაკავშირებით წარმოთქმული ბიბლიური წინასწარმეტყველებაც ზედმიწევნით შესრულდა. ბიბლიისადმი ნდობა მას უფრო განუმტკიცდება, თუ ჩვენს პუბლიკაციებში წაკითხულს ენციკლოპედიებსა და სხვა ავტორიტეტულ წყაროებს შეადარებს.
6. როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილები სხვადასხვა მტკიცებულებაზე დააფიქრონ? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 დააფიქრეთ სხვადასხვა მტკიცებულებაზე. მშობლებს შეუძლიათ სხვადასხვა სიტუაცია გამოიყენონ და სხვადასხვა აქტივობა დაგეგმონ იმ მიზნით, რომ შვილებთან ბიბლიასა და ღმერთზე საინტერესო საუბარი წამოიწყონ. ასეთი სიტუაციები შეიძლება მაშინ შეიქმნას, როცა მუზეუმს სტუმრობთ, იქნება ეს ფიზიკურად თუ ვირტუალურად, ბოტანიკურ ბაღში ხართ ან ბეთელში რომელიმე გამოფენას ათვალიერებთ. მაგალითად, მუზეუმში სტუმრობისას დააფიქრეთ თქვენი შვილი, როგორ ადასტურებს ესა თუ ის ისტორიული მოვლენა თუ არტეფაქტი ბიბლიის სანდოობას. იცის თქვენმა შვილმა, რომ ღვთის სახელს ვხვდებით მოაბურ ქვაზე, რომელზეც 3 000 წლის წინათ მოაბის მეფე მეშას ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების ისტორია დაიწერა? საგულისხმოა, რომ ეს ფაქტი ბიბლიაშიცაა მოხსენიებული (2 მეფ. 3:4, 5). ეს ქვა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ინახება, მისი ზუსტი ასლი კი წარმოდგენილია ნიუ-იორკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში მოწყობილ ერთ-ერთ გამოფენაზე, „ბიბლია და ღვთის სახელი“. ასეთი მტკიცებულებების საკუთარი თვალით ნახვა თქვენს შვილს ბიბლიის სანდოობასა და სიზუსტეში დაარწმუნებს (შეადარეთ 2 მატიანის 9:6).
7, 8. ა) რაზე გვაფიქრებს ბუნებაში არსებული ფორმების სიმეტრიულობა და სილამაზე? მოიყვანეთ მაგალითი (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) რა კითხვებზე დაფიქრება განუმტკიცებს თქვენს შვილს შემოქმედისადმი რწმენას?
7 წაახალისეთ, დააკვირდეს ბუნებას. როცა შვილთან ერთად ქალაქგარეთ ხართ ან ბაღჩაში ფუსფუსებთ, დააფიქრეთ ის ბუნებაში არსებული ფორმების სიმეტრიულობაზე. რატომ ღირს ამის გაკეთება? მსგავს ფორმებში ხომ დიდი ინტელექტი ჩანს და აშკარად მიანიშნებს შემოქმედის არსებობაზე. მაგალითად, ავიღოთ სპირალური ფორმები, რომლებსაც მეცნიერები წლებია, სწავლობენ. როგორც ბიოფიზიკოსი ნიკოლა ფამელი აღნიშნავს, თუ ბუნებაში არსებული სპირალური ფორმების სპირალების რაოდენობას გამოვთვლით, გარკვეულ კანონზომიერებას დავინახავთ. ეს კანონზომიერება „ფიბონაჩის მიმდევრობის“ სახელითაა ცნობილი. ასეთ ფორმებს ბუნებაში ბევრგან ვხვდებით, მაგალითად, ზოგიერთ გალაქტიკაში, ლოკოკინის ნიჟარის აგებულებაში, მცენარის ფოთლების განლაგებაში თუ მზესუმზირის მარცვლების წყობაში. a
8 სკოლაში თქვენი შვილი იმასაც ისწავლის, რომ ესა თუ ის კანონზომიერება სხვა ფორმებშიც შეიმჩნევა. მაგალითად, თითოეული თოვლის ფიფქი ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას წარმოადგენს, რომელსაც „ფრაქტალს“ უწოდებენ. თუმცა ეს ფრაქტალების მხოლოდ ერთი მაგალითია. ასე რომ, კარგი იქნება, თუ თქვენი შვილი დაფიქრდება, ვინ დგას ბუნებაში არსებული ასეთი კანონზომიერებების მიღმა, რომელთა წყალობითაც ამდენ ლამაზ ფორმას ვხვდებით. მსგავს კითხვებზე დაფიქრება მას განუმტკიცებს რწმენას, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა (ებრ. 3:4). როცა თქვენი შვილი წამოიზრდება, კარგი იქნება, შემდეგ კითხვაზეც დააფიქროთ: რაკი ჩვენც ღმერთმა შეგვქმნა, განა ლოგიკური არ იქნებოდა, ისიც განესაზღვრა, რა არის საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის და შესაბამისი მითითებებიც მოეცა?! შემდეგ კი აუხსენით, რომ ასეთ ხელმძღვანელობას ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვიწევს.
ᲓᲐᲐᲜᲐᲮᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲨᲕᲘᲚᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲐᲦᲐᲚᲖᲜᲔᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲜᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲡᲘ
9. რატომ შეიძლება თქვენმა შვილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმები?
9 თუ თქვენი შვილი ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, შეეცადეთ, ჩასწვდეთ, რა დგას მისი კითხვების მიღმა. მართლა არ ეთანხმება იმას, რასაც ბიბლია ამბობს ამ საკითხზე, თუ უბრალოდ უჭირს სხვებისთვის საკუთარი პოზიციის ახსნა? რა მიზეზითაც არ უნდა გისვამდეთ კითხვებს, კარგი იქნება, მასთან ერთად განიხილოთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. b ეს დაეხმარება, დაინახოს ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების ფასი.
10. როგორ შეგიძლიათ აღუძრათ თქვენს შვილს იეჰოვასთან დამეგობრების სურვილი?
10 აღუძარით იეჰოვასთან დამეგობრების სურვილი. ბიბლიის შესწავლის დროს შეეცადეთ, გაიგოთ, რას ფიქრობს თქვენი შვილი სხვადასხვა საკითხზე. ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ მოცემული კითხვები და სურათები (იგავ. 20:5). მაგალითად, მერვე გაკვეთილში იეჰოვა მზრუნველ მეგობარსაა შედარებული, რომელსაც აღელვებს ჩვენი კეთილდღეობა და ამიტომ გვაძლევს რჩევებს. მას შემდეგ, რაც თქვენს შვილთან ერთად წაიკითხავთ 1 იოანეს 5:3-ს, შეგიძლიათ ჰკითხოთ: რახან იეჰოვა ასეთი კარგი მეგობარია, როგორ ფიქრობ, რატომ გვაძლევს მითითებებს? ამ, ერთი შეხედვით, მარტივმა კითხვამ შეიძლება თქვენი შვილი იმაზე დააფიქროს, რომ ღმერთს სწორედ სიყვარული აღძრავს ჩვენთვის კანონების მოსაცემად (ეს. 48:17, 18).
11. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, დაინახოს ბიბლიური პრინციპების ფასი? (იგავები 2:10, 11).
11 იმსჯელეთ, რატომ არის კარგი ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება. როცა თქვენს შვილთან ერთად ბიბლიას ან ყოველდღიურ მუხლს კითხულობთ, იმსჯელეთ, როგორ ეხმარება თქვენს ოჯახს ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები. მაგალითად, ხედავს ის, რატომ ღირს გულმოდგინედ შრომა და როგორ ფასდება პატიოსნება? (ებრ. 13:18). შეგიძლიათ იმასაც გაუსვათ ხაზი, რომ ბიბლიური რჩევების გამოყენება ჩვენს ფიზიკურ თუ ემოციურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება (იგავ. 14:29, 30). ასეთი პრინციპების განხილვა თქვენს შვილს დაანახებს, რატომ ღირს ბიბლიური რჩევების გათვალისწინება (წაიკითხეთ იგავების 2:10, 11).
12. როგორ ანახებს ერთი ცოლ-ქმარი შვილს ბიბლიური პრინციპების ღირებულებას?
12 საფრანგეთში მცხოვრები ერთი ძმა, სტივი, გვიზიარებს, როგორ ცდილობენ ის და მისი ცოლი, დაანახონ თავიანთ მოზარდ ვაჟს, ეთანს, რომ იეჰოვას კანონებს საფუძვლად სიყვარული უდევს. ის ამბობს: „ეთანს ასეთ კითხვებს ვუსვამთ: რატომ მოითხოვს იეჰოვა, რომ ეს პრინციპი გავითვალისწინოთ? როგორ ხედავ ამ პრინციპში იეჰოვას სიყვარულს? რა მოხდება, თუ არ გაითვალისწინებ მას?“. ასეთი საუბრები ეთანს დაეხმარა, იეჰოვას ნორმების სისწორეში დარწმუნებულიყო. სტივი დასძენს: „ჩვენი მიზანია, ეთანი დარწმუნდეს, რომ ბიბლიური სიბრძნე ბევრად აღემატება ადამიანურ სიბრძნეს“.
13. როგორ შეუძლიათ მშობლებს, შვილებს ბიბლიური პრინციპების გამოყენება ასწავლონ? მოიყვანეთ მაგალითი.
13 ასწავლეთ ბიბლიური პრინციპების გამოყენება. შეიძლება თქვენს შვილს სკოლაში რაიმე წიგნის წაკითხვა დაავალონ, რომლის გმირების საქციელიც უზნეობასა და ძალადობას დადებით შუქში წარმოაჩენს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, ის იმაზე დააფიქროთ, რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ასეთი საქციელის მიმართ (იგავ. 22:24, 25; 1 კორ. 15:33; ფილ. 4:8). ასეთი მსჯელობა თქვენს შვილს დაეხმარება, რომ სკოლაში ამ მასალის განხილვის დროს მასწავლებლისა და მოსწავლეების წინაშე თავისი პოზიცია ნათლად ჩამოაყალიბოს.
ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲨᲕᲘᲚᲡ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲛᲠᲬᲐᲛᲡᲖᲔ ᲛᲡᲯᲔᲚᲝᲑᲐ
14. რა საკითხზე მსჯელობა შეიძლება გაუჭირდეს ახალგაზრდას და რატომ?
14 ახალგაზრდებს ზოგჯერ შეიძლება გაუჭირდეთ სკოლაში სხვებისთვის თავიანთი შეხედულებების ახსნა. თავიანთი პოზიციის დაფიქსირება განსაკუთრებით შეიძლება მაშინ შეეშინდეთ, როცა ევოლუციის თეორია განიხილება. ამის მიზეზი კი ის იყოს, რომ მასწავლებლების თქმით, მისი უტყუარობა მეცნიერულადაა დასაბუთებული. ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს, თამამად დააფიქსიროს თავისი პოზიცია.
15. რა დაეხმარება ახალგაზრდებს, დარწმუნდნენ თავიანთი შეხედულებების სისწორეში?
15 დაეხმარეთ, დარწმუნდეს თავისი შეხედულებების სისწორეში. დღეს ბევრი მეცნიერიც არ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ სიცოცხლე თავისით გაჩნდა. ცოცხალი ორგანიზმების რთულ აგებულებაზე დაკვირვებით ისინი იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ეს ორგანიზმები თავისით კი არ გაჩენილა, არამედ მათ მიღმა დიდი ინტელექტი დგას. შესაბამისად, ეს მეცნიერები არ ეთანხმებიან ევოლუციის თეორიას, რომელსაც სკოლებში ასწავლიან. თქვენს შვილს ნამდვილად არ უნდა რცხვენოდეს, რომ შემოქმედის სწამს (2 ტიმ. 1:8). რწმენას ისიც განუმტკიცებს, თუ იმაზეც დაფიქრდება, სხვა და-ძმები რამ დაარწმუნა შემოქმედის არსებობაში. c
16. როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს, რომ საკუთარი პოზიციის ახსნა შეძლონ? (1 პეტრე 3:15; იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 დაეხმარეთ, ახსნას, რატომ სწამს შემოქმედის არსებობა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15). ამაში დიდ დახმარებას გაგიწევთ ვებსაიტზე jw.org მოცემული სტატიათა სერია „ახალგაზრდების შეკითხვები – შემოქმედება თუ ევოლუცია“. რომელიმე სტატიის განხილვის შემდეგ ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი ახსნა იქნება ყველაზე დამაჯერებელი მისი კლასელებისთვის, და გაითამაშეთ დიალოგი. ისიც შეახსენეთ, რომ კლასელებს არ უნდა ეკამათოს. სინამდვილეში, თუ მათ მარტივად და ლოგიკურად აუხსნის თავის შეხედულებას, ისინი შეიძლება აჰყვნენ კიდეც საუბარში. მაგალითად, კლასელმა შეიძლება ასეთი რამ უთხრას: „მე მარტო ის მჯერა, რასაც ჩემი თვალით ვხედავ, ღმერთი კიდევ არასოდეს მინახავს“. საპასუხოდ თქვენს შვილს შეუძლია უთხრას: „წარმოიდგინე, რომ მიუვალ ტყეში ხარ და მოულოდნელად ქვით აშენებულ ჭას ხედავ. რას იფიქრებდი? ალბათ იმას, რომ ის ვიღაცამ ააშენა. მით უმეტეს, როცა ამხელა სამყაროს ვუყურებთ, ლოგიკური არაა, დავასკვნათ, რომ მას შემოქმედი ჰყავს?!“.
17. როგორ შეგიძლიათ წაახალისოთ თქვენი შვილი, სხვებს ბიბლიიდან ნასწავლი გაუზიაროს? მოიყვანეთ მაგალითი.
17 წაახალისეთ, სხვებს ბიბლიიდან ნასწავლი გაუზიაროს (რომ. 10:10). შეგიძლიათ თქვენს შვილს უთხრათ, რომ სხვებთან საკუთარ რწმენაზე საუბარი მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას ჰგავს. თავიდან ადამიანი მარტივი მელოდიების დაკვრას სწავლობს, შემდეგ კი ნელ-ნელა იხვეწება და უფრო რთულ მელოდიებსაც უკრავს. მსგავსად, მასაც თავიდან შეუძლია მარტივი მიდგომები გამოიყენოს, მაგალითად, კლასელს ჰკითხოს: „იცოდი, რომ გამომგონებლები ხშირად იდეებს ბუნებიდან სესხულობენ?“. ამის შემდეგ კარგი იქნება, რომელიმე ვიდეო აჩვენოს ვიდეოსერიიდან „ვინ შექმნა?“ და ჰკითხოს: „გამომგონებლები აღიარებას იმსახურებენ იმის ანალოგის შექმნისთვის, რაც ბუნებაში უკვე არსებობს. მაგრამ ვინ იმსახურებს აღიარებას ორიგინალის შექმნისთვის?“. ასეთი მარტივი მიდგომით ახალგაზრდას შეიძლება უფრო მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეს.
ᲐᲠ ᲨᲔᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ
18. რისი გაკეთება არ უნდა შეწყვიტონ მშობლებმა?
18 დღეს ადამიანთა უმეტესობა არ აღიარებს იეჰოვას (2 პეტ. 3:3). რადგან ასეთ გარემოში ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, კვლავაც დაეხმაროთ თქვენს შვილს, რწმენა განიმტკიცოს. ამიტომ წაახალისეთ, ისეთი საკითხები გამოიკვლიოს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაანახებს ღვთის სიტყვისა და მისი მაღალზნეობრივი ნორმების ფასს. ეცადეთ, სხვადასხვა კუთხით დააფიქროთ იეჰოვას შემოქმედებაზე და, ამგვარად, ღრმა ფიქრს შეაჩვიოთ. მასთან ერთად იმსჯელეთ უკვე შესრულებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზეც. რაც მთავარია, ილოცეთ თქვენს შვილთან ერთად და იეჰოვას სთხოვეთ, დაეხმაროს მას. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხელს მოგიმართავთ და თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს (2 მატ. 15:7).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 133 ახალგაზრდები თაყვანს ვცემთ იეჰოვას
a დამატებითი ინფორმაციისთვის ვებსაიტზე jw.org იხილეთ ვიდეო „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება – მოხატულობა“.
b თუ უკვე დაასრულეთ შვილთან წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ შესწავლა, შეგიძლიათ მე-3 და მე-4 ნაწილებიდან კიდევ ერთხელ განიხილოთ ზოგიერთი გაკვეთილი, რომლებიც ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს ეხება.
c იხილეთ 2006 წლის სექტემბრის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია „რატომ გვჯერა შემოქმედის არსებობის“ და ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა – ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. სხვა მაგალითების ნახვა შეგიძლიათ jw.org-ზე განთავსებულ ვიდეოსერიაში „შეხედულებები სიცოცხლის წარმოშობაზე“.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იეჰოვას მოწმე მოზარდი ვიდეოსერიიდან „ვინ შექმნა?“ ვიდეოს აჩვენებს თავის კლასელს, რომელსაც ხელში დრონი უჭირავს.