ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 51
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო
იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება თქვენი ცრემლები
„შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში! განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 56:8).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში დავინახავთ, რომ იეჰოვას ზუსტად ესმის ჩვენი გრძნობები, როცა სხვადასხვა განსაცდელს ვხვდებით. იმაზეც ვიმსჯელებთ, რას აკეთებს ჩვენ სანუგეშებლად.
1, 2. რა შეიძლება გახდეს ჩვენი ცრემლების მიზეზი?
ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ხან რის გამო ვტირით და ხან – რის. ზოგჯერ სიხარულის ცრემლები გვადგება თვალზე. მაგალითად, მაშინ, როცა რაღაც განსაკუთრებული ხდება, ბავშვი იბადება, სასიამოვნო რამ გვახსენდება ან დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვხვდებით.
2 სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ცრემლებს ემოციური ტკივილი და საწუხარი იწვევს. მაგალითად, შეიძლება ჩვენი ცრემლების მიზეზი ის იყოს, რომ ვინმე გულს გვტკენს და იმედს გვიცრუებს, გაუსაძლისი და გაუყუჩებელი ფიზიკური ტკივილები გვტანჯავს ან ახლობლის სიკვდილს განვიცდით. ამ დროს შეიძლება ისეთი გრძნობები დაგვეუფლოს, როგორიც იერემიას იერუსალიმის განადგურების შემდეგ. აი რა დაწერა მან: „ღვარად მდის ცრემლი . . . თვალზე ცრემლი არ შემაშრება, გამუდმებით ვიტირებ“ (გოდ. 3:48, 49).
3. რას განიცდის იეჰოვა, როცა თავისი მსახურების ტანჯვას ხედავს? (ესაია 63:9).
3 იეჰოვას არცერთი ჩვენი ცრემლი არ რჩება მხედველობიდან და იმასაც ხედავს, რა დგას მათ მიღმა. ბიბლია გვარწმუნებს, რომ მან ზუსტად იცის, რა ხდება ჩვენს თავს და მზად არის, მოგვისმინოს, როცა დახმარებას ვთხოვთ (ფსალმ. 34:15). მეტიც, ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ მოსიყვარულე მშობლის მსგავსად მას გული ეწვის ჩვენი ტანჯვის შემხედვარე და ყველაფერს აკეთებს, მდგომარეობა რომ შეგვიმსუბუქოს (წაიკითხეთ ესაიას 63:9).
4. რომელ ბიბლიურ მაგალითებს განვიხილავთ და რას დაგვანახებს ეს განხილვა იეჰოვას შესახებ?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა გასაჭირში მყოფ თავის მსახურებს, რომლებიც ცრემლებით შესთხოვდნენ შველას. ეს კარგად ჩანს ხანას, დავითის და მეფე ხიზკიას მაგალითებიდან. რა გახდა მათი ცრემლების მიზეზი? რა გააკეთა იეჰოვამ მათ დასახმარებლად? როგორ გვანუგეშებს მათ მაგალითებზე ფიქრი, როცა დამწუხრებულები ვართ, როცა ვინმე იმედს გვიცრუებს ან სასოწარკვეთილება გვეუფლება? ეს სტატია ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.
ᲛᲬᲣᲮᲐᲠᲔᲑᲐ
5. როგორ გრძნობდა თავს ხანა?
5 ხანას მარტივი ცხოვრება არ ჰქონდა, რაც ხშირად ხდებოდა მისი ცრემლების მიზეზი. მის ქმარს მეორე ცოლიც ჰყავდა, ფენინა, რომელიც ვერ იტანდა ხანას. თითქოს ეს არ ეყოფოდა, ხანა უშვილოც იყო, ფენინა კი, რომელსაც რამდენიმე შვილი ჰყავდა, მწარედ დასცინოდა ამის გამო (1 სამ. 1:1, 2). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავი ხანას ადგილას? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის სულგამწარებული იყო, „ტიროდა და აღარაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:6, 7, 10).
6. რა გააკეთა ხანამ, რომ შვება ეგრძნო?
6 რა გააკეთა ხანამ, რომ შვება ეგრძნო? ერთ-ერთი ის იყო, რომ იეჰოვას თაყვანსაცემად წმინდა კარავში წავიდა და იქ, როგორც ჩანს, სადღაც შესასვლელთან ახლოს, გული გადმოუღვარა იეჰოვას. იგი ცრემლებით შესთხოვდა მას, დაენახა მისი ტანჯვა და დახმარებოდა (1 სამ. 1:10ბ, 11). წარმოიდგინეთ, როგორ დაეწვებოდა გული ზეციერ მამას თავისი ძვირფასი შვილის ცრემლების შემხედვარე.
7. როგორ იგრძნო ხანამ თავი ლოცვის შემდეგ?
7 მას შემდეგ, რაც ხანამ იეჰოვას გული გადმოუღვარა, მღვდელმთავარმა ელიმაც დაამშვიდა ის. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ამის შემდეგ „წავიდა ქალი, ჭამა და მეტად აღარ დაღონებულა“ (1 სამ. 1:17, 18). მართალია, იმ მომენტში მისი პრობლემა არ გადაჭრილა, მაგრამ ხანამ დიდი შვება იგრძნო, და ეს იმიტომ, რომ თავისი ტვირთი იეჰოვას გადააბარა. ისიც შევიდა ხანას მდგომარეობაში, შეისმინა მისი ლოცვა და შვილებიც აჩუქა (1 სამ. 1:19, 20; 2:21).
8, 9. რატომ უნდა ვეცადოთ ყველანაირად კრების შეხვედრებზე დასწრებას? (ებრაელები 10:24, 25; იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 რას ვსწავლობთ? შესაძლოა არც თქვენთვისაა უცხო მწუხარების ცრემლები. მაგალითად, შეიძლება ახლობლის სიკვდილით ხართ გულდამძიმებული. ასეთ დროს, ბუნებრივია, განმარტოება გინდოდეთ. მაგრამ გახსოვდეთ, როგორ მოიქცა ხანა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის იეჰოვას თაყვანსაცემად კარავში წავიდა და იეჰოვამაც ანუგეშა. გჯეროდეთ, თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს, თუ მაშინაც კი დაესწრებით კრების შეხვედრებს, როცა არაფრის თავი არ გაქვთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25). იქ მოსმენილი უარყოფითი ფიქრების გაფანტვაში დაგეხმარებათ და თქვენს გონებას დადებითი აზრებით აავსებს. ფაქტია, ტკივილი შეიძლება ბოლომდე ვერ გაგიყუჩდეთ, მაგრამ თავს შედარებით უკეთ იგრძნობთ.
9 კრების შეხვედრებზე თანაქრისტიანებთან ურთიერთობაც გვამხნევებს. როცა მათ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობთ, გუნება-განწყობილება გვიმაღლდება (1 თეს. 5:11, 14). აი რას ამბობს ერთი სპეციალური პიონერი, რომელსაც ცოლი დაეღუპა: „თვალებზე ცრემლი დღემდე არ შემშრობია. ზოგჯერ მინდა, სადმე განვმარტოვდე და ტირილით გული მოვიოხო. მაგრამ კრების შეხვედრები ზუსტად ის არის, რაც მჭირდება. და-ძმების ტკბილი სიტყვები გულზე მალამოდ მედება. როგორი გულდამძიმებულიც არ უნდა მივიდე შეხვედრაზე, კრების ბოლოს თავს ყოველთვის უკეთ ვგრძნობ“. დიახ, თუ დავესწრებით კრების შეხვედრებს, იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით გამოგვიწვდის დახმარების ხელს.
10. კიდევ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ხანას?
10 ხანას შვება იმანაც მოჰგვარა, რომ გული გადმოუღვარა იეჰოვას. თქვენც მიანდეთ თქვენი საწუხარი იეჰოვას და გჯეროდეთ, ის აუცილებლად მოგისმენთ (1 პეტ. 5:7). ერთი და, რომლის ქმარსაც თავს დაესხნენ და მოკლეს, იხსენებს: „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გული ამომგლიჯეს და ნაფლეთებად მიქციეს. ერთადერთი, რაც მამშვიდებდა და ნუგეშს მგვრიდა, ლოცვა იყო. ზოგჯერ შესაფერის სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იეჰოვას მაინც ესმოდა ჩემი. როცა საკუთარ ემოციებზე ყველანაირ კონტროლს ვკარგავდი, იეჰოვას უბრალოდ სიმშვიდეს ვთხოვდი. ისიც მაშინვე მამშვიდებდა და ძალას მაძლევდა, რომ ის დღე გადამეგორებინა“. თქვენც გჯეროდეთ, რომ, როცა იეჰოვას თქვენს გრძნობებს უზიარებთ, მას ესმის, რას განიცდით და თქვენი ტკივილი მასაც სტკივა. მაშინაც კი, თუ პრობლემა პრობლემად დარჩება, იეჰოვა განუგეშებთ და დაგამშვიდებთ (ფსალმ. 94:19; ფილ. 4:6, 7). ის ხედავს, რის ფასად გიჯდებათ ერთგულების შენარჩუნება და მოთმინებისთვის აუცილებლად დაგაჯილდოვებთ (ებრ. 11:6).
ᲘᲛᲔᲓᲒᲐᲪᲠᲣᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲦᲐᲚᲐᲢᲘ
11. რა გრძნობები ეუფლებოდა დავითს უსამართლო მოპყრობის გამო?
11 თავისი ცხოვრების მანძილზე დავითი არაერთხელ გახდა უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი. მას ბევრი მტერი ჰყავდა და ახლობელმა ადამიანებმაც უღალატეს (1 სამ. 19:10, 11; 2 სამ. 15:10–14, 30). ერთხელ მან ასეთი სიტყვებიც კი თქვა: „დამქანცა ოხვრამ; მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს, ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან“. დავითმა იქვე ახსნა, რომ ამის მიზეზი სხვების მხრიდან მტრობა იყო (ფსალმ. 6:6, 7). რა გასაკვირია, რომ ასეთი მოპყრობის ფონზე ის დიდ ემოციურ ტკივილს განიცდიდა და ხშირად ტიროდა კიდეც.
12. რაში იყო დავითი დარწმუნებული? (ფსალმუნი 56:8).
12 სხვების მხრიდან მტრული დამოკიდებულების მიუხედავად დავითს არასდროს შეჰპარვია ეჭვი იეჰოვას სიყვარულში. აი რა დაწერა მან: „მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას“ (ფსალმ. 6:8). სხვა ფსალმუნში დავითმა ხატოვანი ენით აღწერა, როგორ გრძნობდა იეჰოვას მხრიდან სათუთ დამოკიდებულებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 56:8). მას ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს იეჰოვა მის ცრემლებს ტიკში აგროვებდა და თავის წიგნში იწერდა. დავითს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მის მოსიყვარულე ზეციერ მამას მხედველობიდან არაფერი რჩებოდა და ისიც კარგად ესმოდა, რა ტკივილს განიცდიდა.
13. რა უნდა გვახსოვდეს, თუ ვინმე იმედს გაგვიცრუებს ან გვიღალატებს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
13 რას ვსწავლობთ? ვინმემ ხომ არ გიღალატათ ან ისეთი რამ ხომ არ გააკეთა, რითაც იმედი გაგიცრუათ? შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეყვარებულმა ან მეუღლემ მიგატოვათ ან თქვენმა ახლობელმა იეჰოვას მსახურება შეწყვიტა. აი რა თქვა ერთმა ძმამ, რომელსაც ცოლმა უღალატა და მისგან წავიდა: „ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. თავი არარაობა მეგონა, გულდამძიმებული ვიყავი და ბრაზს ვერ ვიოკებდი“. თუ თქვენც აღმოჩნდით მსგავს მდგომარეობაში, გჯეროდეთ, იეჰოვა არასდროს მიგატოვებთ. ეს ძმა დასძენს: „მივხვდი, რომ ადამიანებმა შეიძლება იმედი გაგვიცრუონ, მაგრამ იეჰოვა კლდესავითაა და, რაც არ უნდა მოხდეს, მას შეგვიძლია ვენდოთ. ის არასდროს მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმ. 37:28). გახსოვდეთ, ვერავინ ვერასდროს შეგიყვარებთ ისე, როგორც იეჰოვას უყვარხართ. ამიტომ, რა ძლიერ ტკივილსაც არ უნდა განიცდიდეთ ღალატის გამო, არ იფიქროთ, რომ თქვენდამი მისი გრძნობები შეიცვალა. იეჰოვასთვის თქვენ უზომოდ ძვირფასი ხართ (რომ. 8:38, 39). ასე რომ, ეს აზრი კარგად დაიმახსოვრეთ: როგორ ცუდადაც არ უნდა მოგექცეთ ადამიანი, ზეციერ მამას ძალიან უყვარხართ.
14. რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 34:18?
14 ასეთ დროს შეიძლება ფსალმუნის 34:18-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილმა სიტყვებმაც განუგეშოთ. ერთი ნაშრომის თანახმად, სიტყვა „სულდამწუხრებული“ შესაძლოა მიუთითებდეს ისეთ ადამიანზე, რომელსაც ყველანაირი იმედი აქვს გადაწურული. როგორ ეხმარება იეჰოვა ასეთ მდგომარეობაში მყოფთ? ის ახლოს არის მათთან. იეჰოვა მოსიყვარულე მშობელივითაა, რომელსაც ატირებული ბავშვი ხელში აჰყავს და ეფერება. მას სტკივა ჩვენი ტკივილი და მაშინვე აღმოგვიჩენს დახმარებას. ჩვენს ზეციერ მამას უნდა, გვანუგეშოს და გვაგრძნობინოს, რომ ძვირფასები ვართ მისთვის. თანაც მისი წყალობით იმედი არასდროს გადაგვეწურება – ის ხომ გასაოცარი მომავლის იმედს გვაძლევს, რაც დღევანდელი განსაცდელების ატანაში გვეხმარება (ეს. 65:17).
ᲡᲐᲡᲝᲬᲐᲠᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲐ
15. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ხიზკია?
15 იუდას მეფე ხიზკია 39 წლის იყო, როცა იეჰოვამ ესაიას პირით უთხრა, რომ განუკურნებელი სენი სჭირდა და მოკვდებოდა (2 მეფ. 20:1). მდგომარეობა ყველანაირად უიმედო ჩანდა. ამ ამბით თავზარდაცემული ხიზკია მწარედ ატირდა და გულმხურვალედ ილოცა (2 მეფ. 20:2, 3).
16. როგორ უპასუხა იეჰოვამ ხიზკიას?
16 როცა იეჰოვამ ხიზკიას ცრემლები დაინახა და მისი ლოცვა მოისმინა, შეებრალა და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და დავინახე შენი ცრემლები; განგკურნავ“. იეჰოვა ხიზკიას დაჰპირდა, რომ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა და იერუსალიმს არ ჩაუგდებდა ხელში ასურელებს (2 მეფ. 20:4–6).
17. როგორ გვეხმარება იეჰოვა ჯანმრთელობის პრობლემების დროს? (ფსალმუნი 41:3; იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 რას ვსწავლობთ? როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ განუკურნებელ დაავადებას ებრძვით? ცრემლებიც რომ გახრჩობდეთ, ყველა თქვენი გრძნობა გაანდეთ იეჰოვას. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „თანამგრძნობი მამა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი“ ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს (2 კორ. 1:3, 4). ფაქტია, იმის მოლოდინი ვერ გვექნება, რომ იეჰოვა დღეს ყველა პრობლემას მოგვიგვარებს, მაგრამ მისი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 41:3). იეჰოვა თავისი წმინდა სულით მოგვცემს საჭირო ძალას, სიბრძნეს და შინაგან სიმშვიდეს (იგავ. 18:14; ფილ. 4:13). ბიბლიის მეშვეობით ის იმის იმედსაც გვაძლევს, რომ მომავალში ყველანაირი ავადმყოფობა წარსულს ჩაბარდება. ამ იმედზე ფიქრი ძალას გვმატებს და გვანუგეშებს (ეს. 33:24).
18. რომელმა მუხლმა განუგეშათ, როცა რთულ მდგომარეობაში იყავით? (იხილეთ ჩარჩო „მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები“).
18 როგორც ხიზკია ანუგეშა იეჰოვას სიტყვებმა, ჩვენც გვანუგეშებს ბიბლიაში ჩაწერილი. იეჰოვამ იზრუნა, რომ თავის სიტყვაში ისეთი აზრები შემოენახა, რომლებიც სხვადასხვა სირთულის დროს დაგვამშვიდებდა და გვანუგეშებდა (რომ. 15:4). როცა ერთმა აფრიკელმა დამ გაიგო, რომ კიბო ჰქონდა, იმდენად განიცადა, რომ ხშირად უვარდებოდა ტირილი. ის ამბობს: „ძალიან მანუგეშებს ესაიას 26:3. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს მუხლი მარწმუნებს, რომ იეჰოვას შეუძლია მოგვცეს შინაგანი სიმშვიდე. ეს კი, თავის მხრივ, გვეხმარება, ის შევცვალოთ, რისი შეცვლაც დღესვეა შესაძლებელი – პრობლემისადმი ჩვენი დამოკიდებულება“. თქვენც ხომ არ გახსენდებათ ისეთი ბიბლიური მუხლი, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში განუგეშათ?
19. როგორი მომავალი გველის წინ?
19 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს კიდევ ბევრი რამ შეიძლება გახდეს ჩვენი ცრემლების მიზეზი. თუმცა როგორც ხანას, დავითისა და მეფე ხიზკიას მაგალითებიდან დავინახეთ, იეჰოვას არ გამორჩება მხედველობიდან ჩვენი ცრემლები და თანაგვიგრძნობს. ის ძალიან აფასებს, რომ ზოგჯერ ცრემლებისა და ტკივილის ფასადაც ვინარჩუნებთ ერთგულებას. ამიტომ ყოველთვის, როცა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, გული გადმოუღვარეთ იეჰოვას. ნურასდროს გაერიყებით და-ძმებს და ყოველთვის ინუგეშეთ თავი ღვთის სიტყვით. გჯეროდეთ, იეჰოვა აუცილებლად დაგაჯილდოვებთ მოთმინებისა და ერთგულებისთვის. თქვენ საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ შესრულდება მისი დაპირება და როგორ მოსწმენდს ყოველ ცრემლს თვალებიდან ადამიანებს. მაშინ აღარავის აატირებს მწუხარება, ღალატი და სასოწარკვეთილება (გამოცხ. 21:4). იმ დროს მხოლოდ სიხარულის ცრემლები მოგვადგება თვალზე.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“