არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 49

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 147 ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება

რა უნდა გააკეთოთ მარადიული სიცოცხლის მისაღებად?

რა უნდა გააკეთოთ მარადიული სიცოცხლის მისაღებად?

„ყველას, ვინც ძეს მიიღებს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე [ექნება] (ᲘᲝᲐᲜ. 6:40).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, რა კურთხევებს მოუტანს იესოს მსხვერპლი ცხებულებსა და „სხვა ცხვარს“.

1. რას ფიქრობს ზოგი მარადიულ სიცოცხლეზე?

 ᲓᲦᲔᲡ ბევრი ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება, დიდხანს და ჯანმრთელად რომ იცხოვროს. თუმცა ისინი მარადიულად ცხოვრებაზე არც კი ფიქრობენ, რადგან ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ზოგს არც აქვს ასეთი ცხოვრების სურვილი, რადგან თვლის, რომ დაუსრულებლად მოუწევს ასაკით გამოწვეულ სირთულეებთან ბრძოლა. თუმცა იესომ არაორაზროვნად თქვა, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. სწორედ ამაზე მოწმობს იოანეს 3:16-სა და 5:24-ში ჩაწერილი მისი სიტყვები.

2. რას ვიგებთ იოანეს მეექვსე თავიდან მარადიული სიცოცხლის შესახებ? (იოანე 6:39, 40).

2 როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, იესომ მართლაც საოცარი რამ მოიმოქმედა, როცა რამდენიმე პურითა და თევზით ათასობით ადამიანი დააპურა (იოან. 6:5–35). თუმცა ის დანაპირები, რაზეც მეორე დღეს ამავე ხალხს ესაუბრა, გაცილებით გასაოცარი იყო. მან თქვა, რომ ადამიანები მკვდრეთით აღდგებოდნენ და მარადიული ცხოვრებით გაიხარებდნენ (წაიკითხეთ იოანეს 6:39, 40). დაფიქრდით, რა იმედს გაძლევთ პირადად თქვენ ეს დაპირება. იესოს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ერთ დღესაც კვლავ შევხვდებით ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდან და მათთან ერთად მარადიული ცხოვრებით გავიხარებთ. თუმცა იმას, რაც იესომ ამ თემაზე შემდეგ თქვა, მსმენელი ვერ ჩასწვდა. ეს სიტყვები ბევრისთვის დღემდე გაუგებარია. მოდი გავიგოთ, რა თქვა მან.

3. რას ვიგებთ იესოს შესახებ იოანეს 6:51-დან?

3 წინა დღეს იესოს მიერ მოხდენილმა სასწაულმა კაპერნაუმში შეკრებილ ხალხს ის გაახსენა, თუ როგორ აძლევდა იეჰოვა მათ წინაპრებს მანანას, „ზეციურ პურს“ (ფსალმ. 105:40; იოან. 6:31). ამიტომაც იესომ მათ მანანის მაგალითზე ერთი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრები სასწაულებრივად მოვლენილ მანანას ჭამდნენ, მაინც დაიხოცნენ (იოან. 6:49). იესომ კი თავის თავს უწოდა „ჭეშმარიტი პური ზეციდან“, „ღვთის პური“ და „სიცოცხლის პური“, რითაც მნიშვნელოვან განსხვავებას გაუსვა ხაზი (იოან. 6:32, 33, 35). მან თქვა: „მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს“ (წაიკითხეთ იოანეს 6:51). იესოს ამ სიტყვებმა მსმენელი საგონებელში ჩააგდო. მათ ვერ გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა ის ზეციდან მოვლენილი „პური“ ყოფილიყო, თანაც მანანაზე გაცილებით უკეთესი. იესომ მათ გარკვეული მინიშნება მისცა, როცა შემდეგი სიტყვები უთხრა: „ეს პური ჩემი ხორცია“. მნიშვნელოვანია, ჩვენც გავიგოთ, რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვებში, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეცოდინება, რა არის საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად.

„ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲘᲡ ᲞᲣᲠᲘ“ ᲓᲐ „ᲩᲔᲛᲘ ᲮᲝᲠᲪᲘ“

4. რატომ შეაშფოთა ზოგი იესოს სიტყვებმა?

4 ზოგი შეაშფოთა იესოს ნათქვამმა, რომ პური, რომელიც უნდა ეჭამათ, ქვეყნიერებისთვის გაღებული მისი ხორცი იყო. მათ ალბათ იფიქრეს, რომ ის პირდაპირი გაგებით თავისი ხორცის ჭამას გულისხმობდა (იოან. 6:52). თანაც იმან, რაც იესომ შემდეგ თქვა, კიდევ უფრო მეტად ჩააგდო ისინი საგონებელში. აი რა თქვა მან: „თუ კაცის ძის ხორცს არ შეჭამთ და მის სისხლს არ შესვამთ, სიცოცხლეს ვერ მიიღებთ“ (იოან. 6:53).

5. საიდან ვიცით, რომ იესო პირდაპირი გაგებით სისხლის დალევაზე არ საუბრობდა?

5 ღმერთმა ჯერ კიდევ ნოეს დროს აუკრძალა ადამიანებს ისეთი ხორცის ჭამა, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული (დაბ. 9:3, 4). მოგვიანებით ეს აკრძალვა მოსეს კანონშიც შევიდა და ვინც მას დაარღვევდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (ლევ. 7:27). იესო კი ამ კანონს ზედმიწევნით იცავდა, ამიტომ წარმოუდგენელია, მას პირდაპირი გაგებით თავისი ხორცის ჭამა ან სისხლის დალევა ეგულისხმა (მათ. 5:17–19). იესოს ამ სიტყვებით მათთვის იმის დანახება სურდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მარადიული სიცოცხლის მისაღებად (იოან. 6:54).

6. როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები?

6 აშკარაა, იესოს სიტყვები გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ის სხვა დროსაც საუბრობდა არაპირდაპირი მნიშვნელობით, მაგალითად მაშინ, როცა სამარიელ ქალს შემდეგი სიტყვები უთხრა: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:7, 14). a ფაქტია, იესოს არ უგულისხმია, რომ სამარიელი ქალი ჩვეულებრივი წყლის დალევით მიიღებდა მარადიულ სიცოცხლეს. შესაბამისად, მას არც კაპერნაუმში შეკრებილი ხალხისთვის უნდოდა იმის თქმა, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად პირდაპირი გაგებით უნდა ეჭამათ მისი ხორცი და დაელიათ მისი სისხლი.

ᲡᲮᲕᲐ ᲓᲠᲝᲡ ᲜᲐᲗᲥᲕᲐᲛᲘ ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ

7. როგორ იგებს ზოგი იოანეს 6:53-ში ჩაწერილ სიტყვებს?

7 იმის მსგავსი აზრი, რასაც იოანეს 6:53-ში ვკითხულობთ, იესომ მაშინაც წარმოთქვა, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ამიტომ ზოგი მორწმუნის აზრით, ეს მუხლიც გახსენების საღამოს აღნიშვნას ეხება (მათ. 26:26–28). ისინი ფიქრობენ, რომ ყველა დამსწრემ უნდა ჭამოს პური და დალიოს ღვინო, რომელსაც ჩამოატარებენ. მართებულია ასეთი დასკვნის გამოტანა? ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გვესმოდეს ეს საკითხი, რადგან ყოველ წელს მილიონობით ადამიანი იკრიბება ჩვენთან ერთად უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. ამიტომ ქვემოთ განვიხილავთ, რით განსხვავდება იოანეს 6:53-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები იმისგან, რაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას თქვა.

8. საიდან ვიცით, რომ იოანეს მეექვსე თავში იესო გახსენების საღამოზე არ საუბრობდა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 აღვნიშნოთ ორი ძირითადი განსხვავება. პირველი, იესომ იოანეს 6:53–56-ში ჩაწერილი სიტყვები გახსენების საღამოს დაწესებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, ახ. წ. 32 წელს, გალილეაში წარმოთქვა. მეორე, მას აუდიტორიაც განსხვავებული ჰყავდა. ამ შემთხვევაში მსმენელთა უმეტესობას სულიერი საკითხები ნაკლებად აღელვებდა და უფრო ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იყო ფოკუსირებული (იოან. 6:26). მათ აღარც კი მოუსმინეს იესოს მას შემდეგ, რაც მისი ნათქვამი ვერ გაიგეს. მაშინ ზოგი მოწაფეც კი ჩამოშორდა მას (იოან. 6:14, 36, 42, 60, 64, 66). თუმცა ახ. წ. 33 წელს, როცა იერუსალიმში თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, იესოსთან სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანები იყვნენ შეკრებილი. ამ დროს ის მხოლოდ 11 ერთგულ მოციქულთან ერთად იყო. მართალია, მათაც არ ესმოდათ ბოლომდე, რასაც იესო ასწავლიდა, მაგრამ გალილეაში შეკრებილი ხალხისგან განსხვავებით ბოლომდე სჯეროდათ, რომ ის ზეციდან მოვლენილი ღვთის ძე იყო (მათ. 16:16). იესომ შეაქო კიდეც ისინი თავიანთი რწმენის გამო და უთხრა: „თქვენ განსაცდელში გვერდიდან არ მომცილებიხართ“ (ლუკ. 22:28). მხოლოდ ეს ორი ფაქტორიც გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ იოანეს 6:53-ში ჩაწერილი სიტყვები უფლის გახსენების საღამოს არ ეხება. თუმცა ამის სათქმელად სხვა მიზეზებიც გვაქვს.

მარცხნივ: ახ. წ. 32 წელს იესო გალილეაში შეკრებილ ხალხს ესაუბრება. მარჯვნივ: ახ. წ. 33 წელს ის იერუსალიმში თავის ერთგულ მოციქულებთან ერთადაა და გახსენების საღამოს აწესებს (იხილეთ აბზაცი 8).


ᲗᲥᲕᲔᲜ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲔᲮᲔᲑᲐᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘ?

9. რომელ კონკრეტულ ჯგუფს ეხებოდა გახსენების საღამოს დაწესების დროს წარმოთქმული იესოს სიტყვები?

9 როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, მან მოციქულებს ხმიადი გადააწოდა და უთხრა, რომ ეს მის სხეულს განასახიერებდა. შემდეგ კი, როცა ღვინო მიაწოდა, აღნიშნა, რომ ის შეთანხმების სისხლის სიმბოლო იყო (მარ. 14:22–25; ლუკ. 22:20; 1 კორ. 11:24). ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ახალი შეთანხმება, ზოგადად, ყველა ადამიანთან კი არა, „სულიერ ისრაელთან“ ანუ მათთან დაიდო, ვინც ღვთის სამეფოში იესოსთან ერთად იმმართველებდა (ებრ. 8:6, 10; 9:15). მაშინ მოციქულები ვერ ჩასწვდნენ ამას. თუმცა მალევე ღმერთმა მათ წმინდა სული სცხო და ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იესოს მათთვის ზეცაში ადგილი ჰქონდა მომზადებული (იოან. 14:2, 3).

10. ვის საყურადღებოდ წარმოთქვა იესომ გალილეაში ნათქვამი სიტყვები? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 ყურადღება მიაქციეთ, რომ გახსენების საღამოს დაწესების დროს იესოს მხედველობაში „მცირე სამწყსო“ ჰყავდა, რომელიც მასთან ერთად ზეცაში იქნებოდა. ამ ჯგუფის პირველი წარმომადგენლები ის ერთგული მოციქულები იყვნენ, რომელიც იესოს იმ მომენტში გვერდით ჰყავდა (ლუკ. 12:32). როგორც მოციქულებს, ისე მათ, ვინც მოგვიანებით ამ ჯგუფის ნაწილი გახდებოდნენ, უნდა მიეღოთ სიმბოლოები, პური და ღვინო. მაგრამ როცა იესო გალილეაში შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა, ზოგადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს კი არა, ყველას ეხებოდა.

ისინი, ვინც სიმბოლოებს იღებენ, ცოტანი არიან. თუმცა იესოსადმი რწმენის გამოვლენა და მარადიული სიცოცხლის მიღება ნებისმიერს შეუძლია (იხილეთ აბზაცი 10).


11. საიდან გამოჩნდა, რომ იესოს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი არ ჰყავდა მხედველობაში?

11 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახ. წ. 32 წელს გალილეაში შეკრებილი ხალხის უმეტესობას, ძირითადად, ის უნდოდა, რომ იესოს დაეპურებინა. ამიტომ მან დაანახა მათ, რა იყო საკვებზე უფრო მნიშვნელოვანი და აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინათ მარადიული სიცოცხლის მისაღებად. მან ისიც აღნიშნა, რომ „უკანასკნელ დღეს“ გარდაცვლილებს აღადგენდა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. იმ დროს ნათქვამი იესოს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ასეთი მომავლის პერსპექტივა ყველა ადამიანს ჰქონდა და არა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს. აი რა თქვა მან: „ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (იოან. 6:51). b ნათელია, რომ იმ შემთხვევისგან განსხვავებით, როცა იესომ გახსენების საღამო დააწესა, ამჯერად მას მხოლოდ „მცირე სამწყსო“ არ ჰყავდა მხედველობაში.

12. რა არის საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად?

12 გალილეაში შეკრებილი ხალხისთვის იესოს ის არ უთქვამს, რომ ავტომატურად ყველა მიიღებდა მარადიულ სიცოცხლეს. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ შეჭამდნენ „ამ პურს“ ანუ ირწმუნებდნენ მას. დღეს ბევრ მორწმუნეს იესო თავის მხსნელად მიაჩნია, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? (იოან. 6:29). იესოს მსმენელებიდანაც ბევრს, გარკვეულწილად, სწამდა მისი, მაგრამ მოგვიანებით მიატოვეს ის. რა გახდა ამის მიზეზი?

13. საიდან გამოჩნდება, რომ ადამიანს ნამდვილად სწამს იესო?

13 გალილეაში შეკრებილი ხალხის უმეტესობას მხოლოდ იმიტომ მოსწონდა იესოს გვერდით ყოფნა, რომ ის სასწაულებრივად კურნავდა და აპურებდა მათ. თანაც ბევრ ისეთ რამეს ასწავლიდა, რაც სასიამოვნო მოსასმენი იყო. თუმცა იესომ დაანახა მათ, რომ მხოლოდ მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად არ იყო მოსული და რომ ნამდვილი რწმენა ბევრად მეტს მოიცავდა. ისინი უნდა „მისულიყვნენ“ იესოსთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ და დამორჩილებოდნენ ყველაფერს, რასაც ის ასწავლიდა (იოან. 5:40; 6:44).

14. ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება?

14 როგორც დავინახეთ, იესომ რწმენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კონკრეტულად რისი რწმენა უნდა ჰქონოდა მის მსმენელს? მათ უნდა ერწმუნათ, რომ იესოს ხორცს და სისხლს, რომელსაც მოგვიანებით მსხვერპლად გაიღებდა, მათი გამოსყიდვა შეეძლო. ამის რწმენა მხოლოდ მათ კი არა, ჩვენც გვჭირდება (იოან. 6:40). დიახ, როგორც იოანეს 6:53-დან ჩანს, მარადიული სიცოცხლის მისაღებად ჩვენც უნდა ვიწამოთ, რომ იესოს ხორცსა და სისხლს გამოსყიდვის ძალა აქვს. თანაც აღსანიშნავია, რომ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს კი არა, ნებისმიერ ადამიანს ეძლევა (ეფეს. 1:7).

15, 16. რა ვისწავლეთ იოანეს მეექვსე თავიდან?

15 იოანეს მეექვსე თავი განურჩევლად ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, ამ თავიდან ვხედავთ, როგორ ავლენდა იესო სიყვარულს ადამიანების მიმართ – კურნავდა ავადმყოფებს, ასწავლიდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ და მათ ძირითად საჭიროებებზე ზრუნავდა (ლუკ. 9:11; იოან. 6:2, 11, 12). რაც ყველაზე მთავარია, ვხედავთ, რომ იესო „სიცოცხლის პურია“ (იოან. 6:35, 48).

16 შესაბამისად, იესოს სიტყვები ყურად უნდა იღონ როგორც ცხებულებმა, ისე მათ, ვისაც იესომ „სხვა ცხვარი“ უწოდა (იოან. 10:16). ფაქტია, „სხვა ცხვარი“ უფლის გახსენების საღამოზე არ იღებს სიმბოლოებს, პურსა და ღვინოს. თუმცა მათ სწამთ, რომ იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს (იოან. 6:53). ამიტომ მისი სისხლი და ხორცი მათ კეთილდღეობასაც მოემსახურება. ცხებულები კი ამ სიმბოლოებს იმის ნიშნად იღებენ, რომ მათთან „ახალი შეთანხმება“ დაიდო და ზეციერ სამეფოში მმართველობის იმედი აქვთ. ამგვარად, როგორც იოანეს მეექვსე თავის განხილვამ დაგვანახა, მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭიროა, განურჩევლად ყველამ გამოვავლინოთ რწმენა.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

a აქ მოხსენიებულ „წყალში“ იგულისხმება ყველაფერი, რაც იეჰოვამ გაითვალისწინა იმისთვის, რომ ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ.

b იმ ადამიანებთან მიმართებით, რომელთაც მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა აქვთ, იოანეს მეექვსე თავში გამოყენებულია ნაცვალსახელი „ვინც“. თუმცა ეს სიტყვა შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „ნებისმიერი“ და „ყველა“ (იოან. 6:35, 40, 47, 54, 56–58).