არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცნობთ იეჰოვას ნოეს, დანიელისა და იობის მსგავსად?

იცნობთ იეჰოვას ნოეს, დანიელისა და იობის მსგავსად?

„ბოროტმოქმედებს არ ესმით სამართალი, იეჰოვას მაძიებლებს კი ყველაფერი ესმით“ (იგავ. 28:5).

სიმღერები: 43, 133

1—3. ა) რა დაგვეხმარება ამ ბოლო დღეებში ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

„ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი“ (ფსალმ. 92:7). ამ სიტყვების შესრულება ბოლო დღეების მიწურულს უფრო აშკარა ხდება. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ზნეობრივი ნორმები უფრო და უფრო კნინდება. როგორ შეგვიძლია ასეთ გარემოში „ბოროტებისთვის . . . ჩვილები [ვიყოთ], აზროვნებით კი — ზრდადასრულებულები“? (1 კორ. 14:20).

2 პასუხს ამ სტატიის წამყვან მუხლში ვკითხულობთ: „იეჰოვას მაძიებლებს ყველაფერი ესმით“, ანუ ყველაფერი იციან, რაც საჭიროა, რომ მას ასიამოვნონ (იგავ. 28:5). მსგავსი აზრია გამოხატული იგავების 2:7, 9-ში, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვა „მართლებს უნახავს სიბრძნეს“. შედეგად, მათ შეუძლიათ გაიგონ, „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“.

3 ნოეს, დანიელსა და იობს სწორედ ასეთი სიბრძნე ჰქონდათ (ეზეკ. 14:14). იმავეს თქმა შეიძლება დღეს ღვთის ხალხზეც. მაგრამ რის თქმა შეიძლება თქვენზე? გესმით ყველაფერი, რაც აუცილებელია, რომ იეჰოვას მოსაწონად მოიქცეთ? ამისთვის საჭიროა, საფუძვლიანი ცოდნა მიიღოთ მის შესახებ. ამ სტატიაში განვიხილავთ: 1) როგორ გაიცნეს ღმერთი ნოემ, დანიელმა და იობმა; 2) როგორ დაეხმარა ეს ცოდნა მათ და 3) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ რწმენას.

ნოე ღმერთთან ერთად დადიოდა ბოროტ ქვეყნიერებაში

4. როგორ გაიცნო ნოემ იეჰოვა და როგორ დაეხმარა მას მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა?

4 როგორ გაიცნო ნოემ იეჰოვა. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები ღმერთს სამი ძირითადი საშუალებით ეცნობოდნენ: ისინი აკვირდებოდნენ ხილულ ქმნილებებს, სწავლობდნენ სხვა ღვთისმოშიში ადამიანებისგან და საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებოდნენ, რომ ღვთის სამართლიანი ნორმებისა და პრინციპების დაცვას კურთხევები მოჰყვება (ეს. 48:18). შემოქმედებაზე დაკვირვებით ნოე არა მხოლოდ ღვთის არსებობის უამრავ მტკიცებას დაინახავდა, არამედ მის ბევრ ისეთ უხილავ თვისებასაც გაეცნობოდა, როგორიცაა „მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა“ (რომ. 1:20). შედეგად, ნოემ უბრალოდ კი არ დაიჯერა ღვთის არსებობა, არამედ ძლიერი რწმენა განივითარა მის მიმართ.

5. როგორ გაიგო ნოემ, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს კაცობრიობასთან დაკავშირებით?

5 ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენა მოსმენილისგან მოდის“ (რომ. 10:17). როგორ მოისმინა ნოემ იეჰოვას შესახებ? ალბათ, ნათესავებისა და ოჯახის წევრებისგან გაიგო. მათ შორის იყო მამამისი ლამექი, რომელიც მორწმუნე კაცი იყო; როცა ის დაიბადა, ადამი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე); აგრეთვე მათ შორის იყვნენ პაპამისი მეთუშალახი და დიდი პაპა იარედი. ნოე 366 წლისა იყო, როცა იარედი მოკვდა * (ლუკ. 3:36, 37). ნოემ შესაძლოა ამ მამაკაცებისგან და მათი ცოლებისგან გაიგო კაცობრიობის წარმოშობის ისტორია და ღვთის განზრახვა, რომლის თანახმადაც მართალი ადამიანებით უნდა ავსებულიყო დედამიწა. გარდა ამისა, ის მათგან გაიგებდა ედემში მომხდარი ურჩობის შესახებ, რის შედეგებსაც თავადაც ხედავდა (დაბ. 1:28; 3:16—19, 24). როგორც უნდა ყოფილიყო, ნოემ გულთან ახლოს მიიტანა მოსმენილი, რამაც ის ღვთის მსახურებისკენ აღძრა (დაბ. 6:9).

6, 7. როგორ გაუძლიერა იმედმა ნოეს რწმენა?

6 რწმენას იმედი აძლიერებს. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ნოე, როცა გაიგებდა, რომ მის სახელში, რაც შესაძლოა ნიშნავს „დასვენებას, ნუგეშს“, გამოხატული იყო იმედი (დაბ. 5:29, სქ.). ღვთის შთაგონებით ლამექმა თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს [ნოე] . . . ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა იეჰოვამ“. ნოეს ღვთის იმედი ჰქონდა. მის დაბადებამდე მცხოვრები აბელისა და ენოქის მსგავსად, მასაც სწამდა, რომ შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა გველს (დაბ. 3:15).

7 შეიძლება ნოეს ბოლომდე არ ესმოდა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ყველა დეტალი, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ამ სიტყვებში ხსნის იმედი გამოსჭვიოდა. უფრო მეტიც, ედემში დადებულ დაპირებას ეთანხმება ენოქის მიერ გაცხადებული ცნობა, რომელმაც ბოროტებზე ღვთის განაჩენი იწინასწარმეტყველა (იუდ. 14, 15). უდავოა, ენოქის სიტყვები, რომლებიც საბოლოოდ არმაგედონში შესრულდება, ნოეს რწმენასა და იმედს გაუძლიერებდა!

8. როგორ დაიცვა ნოე ღვთის შესახებ საფუძვლიანმა ცოდნამ?

8 როგორ დაეხმარა ნოეს ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. ასეთმა ცოდნამ მას რწმენა და ღვთიური სიბრძნე შესძინა, რამაც ის ფიზიკური და სულიერი ზიანისგან დაიცვა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელისგან. ვინაიდან ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“, უღვთოებთან არ ჰქონდა ურთიერთობა. ის არ გაბრიყვებულა და ურწმუნო, გულუბრყვილო ადამიანების მსგავსად არ მოხიბლულა ხორცშესხმული დემონების ზეადამიანური შესაძლებლობებით, რომელთაც ხალხი შეიძლება ეთაყვანებოდა კიდეც (დაბ. 6:1—4, 9). ნოემ იცოდა, რომ იეჰოვას მხოლოდ ადამიანებისთვის ჰქონდა ნათქვამი, ენაყოფიერათ და აევსოთ დედამიწა (დაბ. 1:27, 28). მისთვის ცნობილი იყო, რომ სქესობრივი კავშირი ადამიანებსა და ხორცშესხმულ სულიერ ქმნილებებს შორის არაბუნებრივი და არასწორი იყო. ამაში მას ისიც დაარწმუნებდა, რომ ასეთი კავშირის შედეგად უჩვეულო ბავშვები იბადებოდნენ. ბოლოს ღმერთმა გააფრთხილა ნოე, რომ დედამიწაზე წარღვნას მოახდენდა. ნოე ერწმუნა ამ სიტყვებს, კიდობანი ააგო და იხსნა თავისი ოჯახი (ებრ. 11:7).

9, 10. როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ნოეს რწმენას?

9 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს რწმენას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ღვთის სიტყვის კარგი მკვლევრები, გულთან ახლოს მივიტანოთ ნასწავლი და შეძენილ ცოდნას ჩვენი ფორმირებისა და ხელმძღვანელობის საშუალება მივცეთ (1 პეტ. 1:13—15). რწმენა და ღვთიური სიბრძნე დაგვიცავს სატანის ზრახვებისა და ქვეყნიერების სულისგან (2 კორ. 2:11). ეს სული აღვივებს ძალადობისა და უზნეობის სიყვარულს. სწორედ ეს უბიძგებს ადამიანებს, რომ „ხორცის სურვილებზე“ იყვნენ კონცენტრირებულები (1 იოან. 2:15, 16). ამ სულის გავლენით სულიერად მოსუსტებულმა ადამიანებმა შეიძლება უგულებელყონ იმის აშკარა მტკიცება, რომ ღვთის დიდი დღე კარსაა მომდგარი. ყურადღება მიაქციეთ: როცა იესომ ჩვენი დრო ნოეს დროს შეადარა, მან აქცენტი ძალადობაზე ან უზნეობაზე კი არ გააკეთა, არამედ სულიერი საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულების საშიშროებაზე (წაიკითხეთ მათეს 24:36—39).

10 ჰკითხეთ საკუთარ თავს: „აჩვენებს ჩემი ცხოვრების წესი, რომ ნამდვილად ვიცნობ იეჰოვას? აღმძრავს რწმენა იმისკენ, რომ მხოლოდ მე კი არ ვიცხოვრო ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად, არამედ სხვებსაც გავაგებინო ისინი?“. დაე, თქვენმა პასუხებმა ცხადყოს, რომ თქვენც დადიხართ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად!

დანიელმა ღვთიური სიბრძნე გამოავლინა კერპთაყვანისმცემელ ქალაქში

11. ა) რას ვიგებთ ახალგაზრდა დანიელის ერთგულებიდან მისი მშობლების შესახებ? ბ) რომელ თვისებებში გინდათ, მიჰბაძოთ დანიელს?

11 როგორ გაიცნო დანიელმა იეჰოვა. როგორც ჩანს, იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული მას მშობლებმა ჩაუნერგეს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა. ის ღრმა მოხუცებულობაშიც კი გულდასმით იკვლევდა წმინდა წერილებს (დან. 9:1, 2). დანიელი კარგად იცნობდა ღმერთს და იცოდა, როგორ ეპყრობოდა ის ისრაელს. ეს კარგადაა აღწერილი მის გულწრფელ და სინანულის გამომხატველ ლოცვაში, რომელიც დანიელის 9:3—19-შია ჩაწერილი. კარგი იქნება, თუ დროს გამოყოფთ ამ მონაკვეთის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად. ამ მუხლების კითხვისას შეეცადეთ, დაინახოთ, როგორი ადამიანი იყო დანიელი.

12—14. ა) როგორ გამოავლინა დანიელმა ღვთიური სიბრძნე? ბ) როგორ აკურთხა ღმერთმა მისი გაბედულება და ერთგულება?

12 როგორ დაეხმარა დანიელს ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. ბაბილონში ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა ერთგული ებრაელებისთვის. იეჰოვამ უთხრა მათ: „მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ“ (იერ. 29:7). თუმცა ამავე დროს ის მათგან განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვდა (გამ. 34:14). რა დაეხმარა დანიელს, რომ ორივე მოთხოვნას დამორჩილებოდა? მას ღვთიური სიბრძნე დაეხმარა, დაენახა პრინციპი, რომ ხელისუფლებისადმი მორჩილება პირობითი იყო. საუკუნეების შემდეგ იესომ სწორედ ეს პრინციპი მოიხსენია (ლუკ. 20:25).

13 დაფიქრდით, როგორ მოიქცა დანიელი, როცა სამეფო განკარგულების საფუძველზე 30 დღის განმავლობაში ხალხს მეფის გარდა არავისთვის უნდა მიემართა თხოვნით, არც ღმერთისთვის და არც კაცისთვის (წაიკითხეთ დანიელის 6:7—10). დანიელს შეეძლო თავი ემართლებინა და ეთქვა: „სულ რაღაც ოცდაათი დღეა, მეტი ხომ არა?!“. მაგრამ მან სამეფო განკარგულება ღვთის თაყვანისცემაზე წინ არ დააყენა. რა თქმა უნდა, მას შეეძლო ისე ელოცა, რომ ვერავის შეემჩნია. მაგრამ მის გარშემო ხალხმა კარგად იცოდა, რომ მას ჩვევაში ჰქონდა დღეში რამდენჯერმე ლოცვა. საფრთხის მიუხედავად, მას არ უნდოდა, ხალხს ეფიქრა, რომ კომპრომისზე წავიდა.

14 იეჰოვამ აკურთხა დანიელის შეგნებული და გაბედული გადაწყვეტილება და არ დაუშვა, რომ ლომების ლუკმა გამხდარიყო. ეს იმდენად დიდი დამოწმება იყო იეჰოვას შესახებ, რომ ამ ამბავმა მიდია-სპარსეთის იმპერიის უშორეს მხარეებამდეც კი მიაღწია (დან. 6:25—27).

15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დანიელის რწმენას?

15 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დანიელის რწმენას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კი არ ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, არამედ ჩავწვდეთ მის აზრს (მათ. 13:23). ჩვენ გვინდა, საკითხებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ, რაშიც ბიბლიური პრინციპების ღრმა წვდომა იგულისხმება. ამიტომ აუცილებელია, რომ ვიფიქროთ წაკითხულზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამუდმებით, მთელი გულით ლოცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ან პრობლემებს ვხვდებით. როცა რწმენით ვთხოვთ სიბრძნეს და ძალას, იეჰოვა არ დაიშურებს მას ჩვენთვის (იაკ. 1:5).

იობი ჭირსა თუ ლხინში ღვთიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა

16, 17. როგორ შეიძინა იობმა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა?

16 როგორ გაიცნო იობმა იეჰოვა. იობი არ იყო ისრაელი, თუმცა ის აბრაამის, ისაკისა და იაკობის შორეული ნათესავი იყო, რომელთაც იეჰოვამ საკუთარი თავი და კაცობრიობასთან დაკავშირებული განზრახვები გაუმჟღავნა. ზუსტად არ ვიცით, საიდან იცოდა იობმა ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისი (იობ. 23:12). მან იეჰოვას უთხრა: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი“ (იობ. 42:5). უფრო მეტიც, თავად იეჰოვამ თქვა იობზე, რომ ის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა მის შესახებ (იობ. 42:7, 8).

რწმენა განგვიმტკიცდება, თუ ხილულ ქმნილებებში ღვთის უხილავ თვისებებს დავინახავთ (იხილეთ აბზაცი 17)

17 იობმა ღვთის უხილავი თვისებები მის ხილულ ქმნილებებშიც დაინახა (იობ. 12:7—9, 13). მოგვიანებით ელიჰუმაც და იეჰოვამაც ქმნილებების მაგალითზე შეახსენეს იობს, რამდენად უმნიშვნელოა მოკვდავი ადამიანი ღვთის დიდებულებასთან შედარებით (იობ. 37:14; 38:1—4). იეჰოვას სიტყვებმა იმდენად იმოქმედა იობზე, რომ თავმდაბლად აღიარა: „ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა . . . მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“ (იობ. 42:2, 6).

18, 19. როგორ ცხადყო იობმა, რომ ნამდვილად იცნობდა იეჰოვას?

18 როგორ დაეხმარა იობს ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. იობი ღრმად სწვდებოდა ღვთის პრინციპებს. ის ნამდვილად იცნობდა იეჰოვას და შეძენილი ცოდნის თანახმად ცხოვრობდა. იობმა იცოდა, რომ შეუძლებელი იყო, ადამიანს ღმერთი ჰყვარებოდა და, ამავე დროს, ცუდად მოპყრობოდა თავის მოძმეს (იობ. 6:14). ის თავს სხვებზე უკეთესად არ მიიჩნევდა და განურჩევლად ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, ოჯახის წევრივით ეპყრობოდა და სიკეთეს უკეთებდა. მან თქვა: „ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, განა მანვე არ შექმნა ისიც?“ (იობ. 31:13—22). იობი მაშინაც კი არ გაამაყებულა და ზემოდან არ დაუწყია სხვებისთვის ყურება, როცა დიდი სიმდიდრე და დიდება ჰქონდა. რამხელა განსხვავებაა მასა და დღეს მცხოვრებ მდიდარ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს შორის!

19 იობი კერპთაყვანისმცემლობის ყველანაირ ფორმას ერიდებოდა. ის გულშიც კი არაფერს აღმერთებდა. მას ესმოდა, რომ ცრუ თაყვანისმცემლობა, მათ შორის სიმდიდრის დაგროვებაზე გადაყოლა, „მაღლა მყოფი ჭეშმარიტი ღმერთის“ უარყოფის ტოლფასი იქნებოდა (წაიკითხეთ იობის 31:24—28). ის ქორწინებას ქალსა და მამაკაცს შორის წმინდა კავშირად მიიჩნევდა. მან შეთანხმებაც კი დაუდო თვალებს, რომ ქალწულს გულისთქმით არ შეხედავდა (იობ. 31:1). გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ დროს ღმერთი უშვებდა მრავალცოლიანობას, ამიტომ სურვილის შემთხვევაში მას მეორე ცოლის მოყვანა შეეძლო. * აშკარაა, რომ იობი ქორწინებასთან დაკავშირებულ პრინციპს ხედავდა პირველ ქორწინებაში, რომელსაც ღმერთმა ედემის ბაღში ჩაუყარა საფუძველი (დაბ. 2:18, 24). დაახლოებით 1 600 წლის შემდეგ იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, რომ ქორწინებასა და ზნეობასთან დაკავშირებით იმავე პრინციპით ეხელმძღვანელათ (მათ. 5:28; 19:4, 5).

20. როგორ გვეხმარება იეჰოვასა და მისი ნორმების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა კარგი მეგობრებისა და ჯანსაღი გართობის არჩევაში?

20 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობის რწმენას. ამისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, საფუძვლიანი ცოდნა მივიღოთ იეჰოვას შესახებ და მისით ვიხელმძღვანელოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა, რომ იეჰოვას „ძალადობის მოყვარული სძულს“, ამიტომ უნდა მოვერიდოთ „ცრუ ხალხთან“ ურთიერთობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5; 26:4). რას იგებთ აქედან ღვთის აზროვნების შესახებ? როგორ გეხმარებათ მიღებული ცოდნა, როცა საქმე პრიორიტეტების დადგენას, ინტერნეტის გამოყენებას, გართობას ან მეგობრების არჩევას ეხება? თქვენი პასუხებიდან დაინახავთ, რამდენად კარგად იცნობთ იეჰოვას. ამ ბოროტი ქვეყნიერების გავლენაში რომ არ მოვექცეთ, „აღქმის უნარი“ უნდა გავიწაფოთ, რათა არა მხოლოდ სწორისა და არასწორის, არამედ სიბრძნისა და უგუნურების გარჩევა შევძლოთ (ებრ. 5:14; ეფეს. 5:15).

21. რა დაგვეხმარება, ყველაფერი გვესმოდეს, რაც საჭიროა, რომ ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ?

21 ნოე, დანიელი და იობი მთელი გულით ეძებდნენ იეჰოვას და მანაც აპოვნინა თავი. ღვთის დახმარებით მათ ყველაფერი ესმოდათ, რაც საჭირო იყო, რომ მის მოსაწონად მოქცეულიყვნენ. ღმერთმა ისინი მართლებად მიიჩნია. მათი განვლილი ცხოვრება ადასტურებს, რომ იეჰოვას გზებით სიარულს წარმატება მოაქვს (ფსალმ. 1:1—3). ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ისევე კარგად ვიცნობ იეჰოვას, როგორც ნოე, დანიელი და იობი იცნობდნენ?“. საბედნიეროდ, სულიერი სინათლის მატებასთან ერთად უკეთ შეგიძლიათ ღვთის გაცნობა (იგავ. 4:18). ასე რომ, გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვის სიღრმეები, იფიქრეთ წაკითხულზე და ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ამგვარად, თქვენ უფრო დაუახლოვდებით თქვენს ზეციერ მამას და ამ უღვთო ქვეყნიერებაში წვდომის უნარსა და სიბრძნეს გამოავლენთ (იგავ. 2:4—7).

^ აბზ. 5 ნოეს დიდი პაპა ენოქიც „დადიოდა . . . ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“, მაგრამ ნოეს დაბადებამდე დაახლოებით 70 წლით ადრე ის „ღმერთმა წაიყვანა“ (დაბ. 5:23, 24).

^ აბზ. 19 იმავეს თქმა შეიძლება ნოეზეც. მას ერთი ცოლი ჰყავდა მიუხედავად იმისა, რომ მრავალცოლიანობა ედემში მომხდარი ურჩობიდან მალევე დაიწყო (დაბ. 4:19).