არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორია სულიერი ადამიანი?

როგორია სულიერი ადამიანი?

„დაე, ღმერთმა . . . მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომ. 15:5).

სიმღერები: 84, 5

1, 2. ა) რას ფიქრობს ბევრი სულიერობაზე? ბ) რომელ მნიშვნელოვან კითხვებს განვიხილავთ?

„სულიერი აზროვნება უფრო ბედნიერს მხდის და ყოველდღიურ სირთულეებთან წარმატებით გამკლავებაში მეხმარება“, — თქვა ერთმა კანადელმა დამ. ბრაზილიელმა ძმამ აღნიშნა: „მე და ჩემს მეუღლეს 23 წელია, ბედნიერი ოჯახი გვაქვს, რაც იმის დამსახურებაა, რომ ორივე ვცდილობთ, სულიერი აზროვნება გვქონდეს“. ერთმა ფილიპინელმა ძმამ კი თქვა: „სულიერი აზროვნება შინაგან სიმშვიდეს მგვრის და სხვადასხვა წარმოშობისა და წარსულის მქონე და-ძმებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მეხმარება“.

2 მსგავსი კომენტარები სულიერობას დადებით შუქში წარმოაჩენს. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „როგორ შემიძლია გავიზარდო სულიერად და საკუთარ თავზე გამოვცადო ზემოხსენებული კურთხევები?“. თუმცა, სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ, უნდა გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია სულიერად მოაზროვნე ადამიანებზე. ამ სტატიაში პასუხი გაეცემა სამ მნიშვნელოვან კითხვას: 1) როგორია სულიერი ადამიანი? 2) რომელი მაგალითები დაგვეხმარება სულიერ ზრდაში? 3) როგორ დაგვეხმარება „ქრისტეს გონების“ ქონა სულიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

როგორია სულიერი ადამიანი?

3. რა განსხვავებას აკეთებს ბიბლია ხორციელ და სულიერ ადამიანებს შორის?

3 პავლე მოციქული ერთმანეთისგან განასხვავებს „სულიერ ადამიანს“ და „ხორციელ ადამიანს“, რითაც გვანახვებს, როგორია სულიერი ადამიანი (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:14—16). რა განსხვავებაა მათ შორის? „ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერც იგებს, . . სულიერი ადამიანი კი ყველაფერს განსჯის“ და „ქრისტეს გონება“ აქვს. პავლე მოგვიწოდებს, რომ სულიერი ადამიანები ვიყოთ. კიდევ რით განსხვავდება ხორციელი ადამიანი სულიერისგან?

4, 5. რა ახასიათებს ხორციელ ადამიანს?

4 თავდაპირველად განვიხილოთ ხორციელი ადამიანის აზროვნება. დღეს ადამიანებისთვის უმთავრესი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა. პავლე ასეთ დამოკიდებულებას ადარებს იმ სულს, „რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფეს. 2:2). ეს სული უამრავ ადამიანზე ახდენს გავლენას და უყალიბებს აზროვნებას — „აკეთე ის, რასაც სხვები აკეთებენ!“. ისინი ხორციელზე არიან კონცენტრირებულნი; შედეგად, უმეტესობა აკეთებს იმას, რაც თავად მიაჩნია სწორად და არ ცდილობს ღვთის ნორმებით ცხოვრებას. ხორციელად მოაზროვნე ადამიანი ხშირად ზედმეტად ზრუნავს პრესტიჟზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და საკუთარი უფლებების დაცვაზე.

5 კიდევ რა შეიძლება ახასიათებდეს ხორციელ ადამიანს? ამ კატეგორიაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც „ხორცის საქმეებიდან“ ერთ-ერთს მაინც აკეთებენ (გალ. 5:19—21). პავლეს მიერ კორინთის კრებისთვის მიწერილ პირველ წერილში მოხსენიებულია სხვა თვისებები, რომლებიც ხორციელი აზროვნების მქონე ადამიანებს ახასიათებთ. ესენია: განხეთქილებისთვის ხელის შეწყობა, კონფლიქტის დროს ვინმეს მიმხრობა, უთანხმოების ჩამოგდება, სასამართლოში ჩივილი, მეთაურობის პრინციპის უპატივცემულობა და მხოლოდ ჭამა-სმაზე ზრუნვა. ცდუნების წინაშე ხორციელად მოაზროვნე ადამიანი სისუსტეს იჩენს და ადვილად ნებდება (იგავ. 7:21, 22). მოწაფე იუდას სიტყვების თანახმად, ზოგი შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ საერთოდ დაკარგოს სულიერობა (იუდ. 18, 19).

6. რა ახასიათებს სულიერ ადამიანს?

6 ახლა განვიხილოთ, რა ახასიათებს „სულიერ ადამიანს“. ხორციელი ადამიანისგან განსხვავებით სულიერი ადამიანისთვის უმთავრესი ღმერთთან ურთიერთობაა. ასეთი ადამიანები ცდილობენ, მიჰბაძონ ღმერთს (ეფეს. 5:1). ეს ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ, ჩასწვდნენ იეჰოვას აზროვნებას და საკითხებს მისი თვალით უყურონ. მათთვის ღმერთი რეალური პიროვნებაა. ხორციელი ადამიანებისგან განსხვავებით ისინი ცდილობენ, თავიანთი ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შეუსაბამონ (ფსალმ. 119:33; 143:10). ხორციელ საქმეებზე კონცენტრირების ნაცვლად, სულიერად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, „სულის ნაყოფი“ გამოავლინოს (გალ. 5:22, 23). უკეთ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სულიერი აზროვნება, მოვიყვანოთ ასეთი შედარება: მას, ვინც ყოველთვის დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, დადებით ადამიანს უწოდებენ. მსგავსად, მას, ვინც სულიერზეა კონცენტრირებული, შეიძლება სულიერი ადამიანი ეწოდოს.

7. რას ამბობს ბიბლია სულიერად მოაზროვნე ადამიანებზე?

7 ბიბლია დადებითად ახასიათებს სულიერად მოაზროვნე ადამიანს. მათეს 5:3-ში ნათქვამია: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“. რომაელების 8:6-ში ახსნილია, რატომ არის სულიერი აზროვნება უპირატესი: „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს, სულისაზე ფიქრი კი — სიცოცხლესა და მშვიდობას“. თუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, გვექნება მშვიდობა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდე და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მომავალში.

8. რატომ არის ძალისხმევა საჭირო სულიერობის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად?

8 დღეს ჩვენ საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო ხორციელად მოაზროვნე ადამიანები ჭარბობენ, ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ სულიერობის განვითარებასა და შენარჩუნებას. როცა ადამიანი კარგავს სულიერობას, ქვეყნიერების სული ადვილად მოქმედებს მასზე. რა დაგვეხმარება, რომ ასე არ დაგვემართოს? როგორ შეგვიძლია გავიზარდოთ სულიერად?

კარგი მაგალითები

9. ა) რა დაგვეხმარება სულიერ ზრდაში? ბ) სულიერად მოწიფული ადამიანების რომელ მაგალითებს განვიხილავთ?

9 ბავშვი მოწიფულ ადამიანად ყალიბდება, როცა აკვირდება მშობლებს და მათ კარგ მაგალითს ჰბაძავს. მსგავსად, ჩვენც მივაღწევთ სულიერ მოწიფულობას, თუ დავაკვირდებით სულიერად ძლიერ ადამიანებს და მივბაძავთ მათ. ამის საპირისპიროდ, ხორციელად მოაზროვნე ადამიანები ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითები არიან (1 კორ. 3:1—4). ბიბლიაში ორივე სახის მაგალითებს ვხვდებით. მაგრამ, ვინაიდან ჩვენი მიზანი სულიერად გაზრდაა, განვიხილოთ რამდენიმე მისაბაძი ადამიანის — იაკობის, მარიამისა და იესოს მაგალითები.

რის სწავლა შეგვიძლია იაკობის მაგალითიდან? (იხილეთ აბზაცი 10

10. როგორ ცხადყო იაკობმა, რომ სულიერად მოწიფული მამაკაცი იყო?

10 თავდაპირველად განვიხილოთ იაკობის მაგალითი. ბევრი ჩვენგანის მსგავსად, იაკობსაც არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. მის ხორციელად მოაზროვნე ძმას, ესავს, მისი მოკვლა უნდოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი სიმამრი არაერთხელ შეეცადა ცბიერულად მის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ხორციელად მოაზროვნე ადამიანები ჰყავდა, იაკობი სულიერად ძლიერი რჩებოდა. ის რწმენას ავლენდა აბრაამისთვის მიცემული დაპირების მიმართ და ყველანაირად ზრუნავდა ოჯახზე, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში (დაბ. 28:10—15). იაკობი სიტყვითა თუ საქმით ცხადყოფდა, რომ არასდროს ავიწყდებოდა ღვთის ნება და ნორმები. მაგალითად, როცა ესავის მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა, იაკობმა ღმერთს უთხრა: „გევედრები, მიხსენი . . . შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ და შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევო“ (დაბ. 32:6—12). უდავოდ, მან დიდი რწმენა გამოავლინა მისთვის და მისი წინაპრებისთვის მიცემული დაპირების მიმართ. იაკობს სურდა, რომ ღვთის ნებისა და განზრახვის თანახმად ემოქმედა.

რის სწავლა შეგვიძლია მარიამის მაგალითიდან? (იხილეთ აბზაცი 11)

11. საიდან ჩანს, რომ მარიამი სულიერი ადამიანი იყო?

11 ახლა განვიხილოთ მარიამის მაგალითი. რატომ აირჩია იეჰოვამ მარიამი იესოს დედად? ეჭვგარეშეა იმიტომ, რომ ის სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო. საიდან ვიცით ეს? მისი სულიერობა კარგად გამოჩნდა იეჰოვას განსადიდებლად წარმოთქმულ გულში ჩამწვდომ სიტყვებში, რომლებიც მან ზაქარიასა და ელისაბედთან სტუმრობის დროს წარმოთქვა (წაიკითხეთ ლუკას 1:46—55). მარიამის სიტყვებიდან ჩანდა, რომ მას ძალიან უყვარდა ღვთის სიტყვა და კარგად იცოდა ებრაული წერილები (დაბ. 30:13; 1 სამ. 2:1—10; მალ. 3:12). აღსანიშნავია ისიც, რომ ახალდაქორწინებული იოსები და მარიამი იესოს დაბადებამდე თავს იკავებდნენ სქესობრივი კავშირისგან. აქედან ჩანს, რომ ორივესთვის უმთავრესი იეჰოვას ნების შესრულება იყო და არა თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება (მათ. 1:25). დრო გადიოდა; მარიამი აკვირდებოდა იესოს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და ყურადღებით ისმენდა იესოს სწავლებებს. უფრო მეტიც, ის გულში იმარხავდა მის სიტყვებს (ლუკ. 2:51). მესიასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარიამის მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს, ჩვენ როგორ შეგვიძლია ყველაფერზე წინ ღვთის ნება დავაყენოთ.

12. ა) როგორ ჰბაძავდა იესო მამას? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

12 სულიერად აზროვნების საუკეთესო მაგალითი იესომ მოგვცა. ის თავისი ცხოვრებითა და მსახურებით ცხადყოფდა, რომ ზეციერ მამას, იეჰოვას ჰბაძავდა. ის იმავეს გრძნობდა, ფიქრობდა და აკეთებდა, რასაც იეჰოვა. იესოსთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება და მისი ნორმების თანახმად ცხოვრება იყო (იოან. 8:29; 14:9; 15:10). ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ესაია იეჰოვას, თანამგრძნობი ღვთის გრძნობებს და შეადარეთ ის მარკოზის სახარებაში გადმოცემულ იესოს გრძნობებს (წაიკითხეთ ესაიას 63:9; მარკოზის 6:34). ვბაძავთ იესოს და მასავით აღძრულები ვართ, რომ თანაგრძნობა გამოვავლინოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს? გარდა ამისა, დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს მთავარი საქმე სასიხარულო ცნობის ქადაგება და ხალხისთვის ღვთის სიტყვის სწავლება იყო (ლუკ. 4:43). სწორედ ასეთი თვისებებითა და საქმეებით ამოიცნობა სულიერად მოაზროვნე ადამიანი.

13, 14. ა) რის სწავლა შეგვიძლია სულიერად მოაზროვნე ადამიანების თანამედროვე მაგალითებიდან? ბ) მოიყვანეთ მაგალითი.

13 ბიბლიური მაგალითების გარდა, სულიერად მოაზროვნე ადამიანების ბევრი თანამედროვე მაგალითიც გვაქვს, რომელთაც ქრისტეს მსგავსი პიროვნება განივითარეს. შეიძლება შეგინიშნავთ მათი გულმოდგინება მსახურებაში, გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, თანაგრძნობა და სხვა შესანიშნავი თვისებები. ჩვენ მსგავსად, ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარების დროს ისინიც ებრძოდნენ სისუსტეებსა და არასრულყოფილებას. ერთი ბრაზილიელი და, რეიჩელი ამბობს: „ვცდილობდი, ყოველთვის ბოლო მოდაზე მცმოდა. ამიტომ ჩემს ჩაცმულობას მოკრძალებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. მაგრამ ჭეშმარიტების გაგებამ აღმძრა, საჭირო ცვლილებები მომეხდინა, რათა სულიერ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ადვილი, ცვლილებების მოხდენის შემდეგ უფრო ბედნიერი გავხდი და ცხოვრების აზრი ვიპოვე“.

14 ერთი ფილიპინელი და, რეილინი სხვა სირთულის წინაშე იდგა. მისთვის უმთავრესი უმაღლესი განათლების მიღება და კარგი სამუშაოს შოვნა იყო. ის ამბობს: „ჩემმა სულიერმა მიზნებმა ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაიწია. მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი სამუშაო. ამიტომ მთლიანად იეჰოვას მსახურებაზე გადავერთე“. მას შემდეგ რეილინი მათეს 6:33, 34-ში ჩაწერილი დაპირებისადმი რწმენის გამოვლენის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. ის დასძენს: „დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემზე!“. შეიძლება თქვენს კრებაშიც არიან ასეთი სამაგალითო და-ძმები. ჩვენ გვინდა, რომ მივბაძოთ ამ ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც იესოს ნაკვალევს მიჰყვებიან (1 კორ. 11:1; 2 თეს. 3:7).

გქონდეთ „ქრისტეს გონება“

15, 16. ა) რის გაკეთება გვმართებს ქრისტეს მისაბაძად? ბ) როგორ შეგვიძლია მივცეთ „ქრისტეს გონებას“ ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალება?

15 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს? 1 კორინთელების 2:16-ში საუბარია „ქრისტეს გონების“ ქონაზე. რომაელების 15:5-ში კი ნათქვამია, რომ უნდა გვქონდეს „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“. ამისთვის საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ აზროვნებდა ის და როგორი პიროვნება იყო, შემდეგ კი მივყვეთ მის ნაკვალევს. იესო მთლიანად ღმერთთან ურთიერთობაზე იყო კონცენტრირებული. ასე რომ, მისი მიბაძვა იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ იესოს მსგავსად აზროვნება.

16 როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? იესოს მოწაფეები ხედავდნენ მის სასწაულებს, ისმენდნენ მის ქადაგებებს, აკვირდებოდნენ, როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს და როგორ იყენებდა ღვთის პრინციპებს. ისინი ამბობდნენ: „ჩვენ იმ ყველაფრის მოწმეები ვართ, რაც მან . . . გააკეთა“ (საქ. 10:39). ჩვენ არ შეგვიძლია მათ მსგავსად დავაკვირდეთ იესოს. მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, გვქონოდა სახარებები, რომლებიც იესოს პიროვნების ცოცხლად წარმოსახვაში გვეხმარება. ბიბლიის წიგნების — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების კითხვისას და მათზე ფიქრისას „ქრისტეს გონებას“ ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. შედეგად, შეგვიძლია ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს და აღვიჭურვოთ იმავე განწყობით, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (1 პეტ. 2:21; 4:1).

17. რაში დაგვეხმარება ქრისტეს მსგავსად აზროვნება?

17 რაში დაგვეხმარება ქრისტეს მსგავსი აზროვნების განვითარება? როგორც ნოყიერი საკვების მიღება აძლიერებს ორგანიზმს ფიზიკურად, ისე ქრისტეს აზროვნებით გონების კვება გვაძლიერებს სულიერად. შედეგად, თანდათანობით მივხვდებით, როგორ მოიქცეოდა ქრისტე ამა თუ იმ სიტუაციაში. თავის მხრივ, ეს დაგვეხმარება, მივიღოთ ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილებები და შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი. განა არ ეთანხმებით, რომ ეს საკმარის საფუძველს გვაძლევს, შევიმოსოთ „უფალი იესო ქრისტე“? (რომ. 13:14).

18. რა ისწავლეთ ამ სტატიიდან?

18 ჩვენ განვიხილეთ, რას ნიშნავს სულიერი აზროვნების ქონა. გავიგეთ ისიც, რომ შეგვიძლია სულიერად ძლიერ ადამიანებს მივბაძოთ. ბოლოს ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ გვეხმარება სულიერ ზრდაში „ქრისტეს გონება“. მაგრამ არსებობს სულიერობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, რომლებზეც ღირს დაფიქრება. მაგალითად, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად ძლიერები ვართ სულიერად? კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია სულიერობის განსავითარებლად? როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა სულიერობამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე? შემდეგ სტატიაში ამ კითხვებს გაეცემა პასუხი.