ავტობიოგრაფია
„იეჰოვამ მოასწორა ჩემი სავალი!“
ერთხელ ერთმა ახალგაზრდა ძმამ მკითხა, რომელი იყო ჩემი საყვარელი მუხლი. არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე — იგავების 3:5, 6. ამ მუხლებში ნათქვამია: „მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის მოგისწორებს სავალს“. დიახ, იეჰოვამ მართლაც მოასწორა ჩემი სავალი! ახლა გიამბობთ, რატომ ვამბობ ამას.
მშობლებმა სწორ გზაზე დამაყენეს
ჩემმა მშობლებმა ჭეშმარიტება დაქორწინებამდე, 1920-იან წლებში, გაიგეს. მე 1939 წელს დავიბადე ინგლისში. ბავშვობიდან დავყავდი ჩემს მშობლებს კრების შეხვედრებზე. თეოკრატიული მსახურების სკოლაშიც ვიყავი ჩაწერილი. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი დავალება, როგორ ავძვერი ხის ყუთზე, კათედრას რომ მივწვდომოდი და აუდიტორია დამენახა. მაშინ, სულ რაღაც, 6 წლის ვიყავი. ძალიან ავღელდი, როცა დავინახე, რომ აუდიტორიიდან უფროსი ასაკის ადამიანები შემომცქეროდნენ.
მამამ ბარათზე მარტივი შეთავაზება დამიწერა მსახურებისთვის. 8 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მარტომ დავაკაკუნე კარზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მობინადრემ წაიკითხა ბარათი და გამომართვა წიგნი „დაე მართალი იყოს ღმერთი!“. გახარებული მამასთან გავქანდი, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. ძალიან მიყვარდა მსახურება და შეხვედრებზე დასწრება. შედეგად, სურვილი გამიჩნდა, რომ იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა.
ბიბლიური ჭეშმარიტება უფრო მეტად შემიყვარდა, როცა მამამ ჩემთვის „საგუშაგო კოშკი“ გამოიწერა. დიდი ინტერესით ვკითხულობდი ჟურნალის თითოეულ ნომერს. ამის წყალობით, იეჰოვასადმი ნდობა უფრო განმიმტკიცდა და გადავწყვიტე, რომ თავი მიმეძღვნა მისთვის.
1950 წელს მთელი ოჯახი დავესწარით ნიუ-იორკში გამართულ კონგრესს სახელწოდებით: „თეოკრატიის წინსვლა“. 3 აგვისტოს, ხუთშაბათს, დღის თემა იყო „მისიონერული მსახურება“. იმ დღეს ძმა კერი ბარბერმა, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, წაიკითხა ნათლობის მოხსენება. როდესაც მან მოხსენების ბოლოს ნათლობის მსურველებს ორი კითხვით მოგვმართა, მეც ავდექი და მივუგე: „დიახ!“. მართალია, მაშინ, სულ რაღაც, 11 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამდი. ცურვა არ
ვიცოდი, ამიტომ წყალში ჩასვლა ძალიან მაშინებდა. მოსანათლ აუზამდე ბიძა გამყვა და თან მამშვიდებდა, რომ საშიში არაფერი იყო. ძმების ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ აუზის ფსკერსაც კი ვერ შევახე ფეხი. ერთმა ძმამ ჩამაყვინთინა, მეორე ძმამ კი უცბად ამომიყვანა წყლიდან. ამ მნიშვნელოვანი დღიდან მოყოლებული იეჰოვა ყოველთვის მისწორებდა სავალს.ბოლომდე ვენდობი იეჰოვას
სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერად მსახურების დაწყება მინდოდა, მაგრამ მასწავლებლები ჩამჩიჩინებდნენ, რომ უმაღლესი განათლება მიმეღო. მეც დავყევი მათ ნებას და უნივერსიტეტში ჩავაბარე. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჭეშმარიტებაში მყარად ვერ დავდგებოდი, თუ მთელ ჩემს დროსა და ენერგიას სწავლას შევალევდი. ამიტომ სწავლისთვის თავის დანებება გადავწყვიტე. იეჰოვას ლოცვით მივმართე და პირველი კურსის ბოლოს დავწერე განცხადება უნივერსიტეტიდან გამოსვლის თაობაზე. ბოლომდე მივენდე იეჰოვას და პიონერად მსახურება დავიწყე.
სრული დროით მსახურებას ქალაქ ველინგბოროში 1957 წლის ივლისში შევუდექი. ბეთელში ძმებს ვთხოვე, ერჩიათ რომელიმე გამოცდილი პიონერი ძმა, ვისთანაც ვითანამშრომლებდი. მათ ძმა ბერტ ვეისის, გულმოდგინე მქადაგებელს, მიმაბარეს. იგი დამეხმარა, მსახურებისთვის კარგი გეგმა შემედგინა. კრებაში, სადაც ვმსახურობდით, ჩვენ გარდა 6 ასაკოვანი და იყო. კრების შეხვედრებისთვის მომზადება და კომენტარებში მონაწილეობა დამეხმარა რწმენის განმტკიცებასა და ღვთისადმი ნდობის განვითარებაში.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ცოტა ხანი ციხეში მომიწია ყოფნა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შევხვდი ბარბარას, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა. ჩვენ 1959 წელს დავქორწინდით. ორივე მზად ვიყავით, იქ გვემსახურა, სადაც იეჰოვა ჩათვლიდა საჭიროდ. თავიდან ინგლისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ლანკაშირში, დავინიშნეთ. 1961 წლის იანვარში ლონდონის ბეთელში მიმიწვიეს, რათა დავსწრებოდი ერთთვიან სამეფო მსახურების სკოლას. ჩემდა გასაკვირად, სასწავლო კურსის ბოლოს ძმებმა მითხრეს, რომ მიმოსვლით მსახურებას შევდგომოდი. ორკვირიანი მომზადება ქალაქ ბირმინგემში ერთ გამოცდილ სარაიონო ზედამხედველთან გავიარე. ძმებმა მომცეს ნებართვა, რომ მეუღლე თან მყოლოდა. მომზადების შემდეგ ჩვენი დავალების შესასრულებლად ლანკაშირისა და ჩეშირის საგრაფოებში დავბრუნდით.
იეჰოვას ჩვენთვის ნდობა არასდროს გაუმტყუნებია
1962 წლის აგვისტოში შვებულებაში ყოფნის დროს ფილიალიდან წერილი მივიღეთ, რომელშიც გვთხოვდნენ, ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ სასწავლებლად ანკეტა შეგვევსო. მე და ბარბარამ ვილოცეთ, ანკეტები შევავსეთ და დაუყოვნებლივ ფილიალში გავგზავნეთ. 5 თვის შემდეგ გავემგზავრეთ ქალაქ ნიუ-იორკში, რათა ბრუკლინის ბეთელში სკოლა „გალაადის“ 38-ე კლასში გვესწავლა და ათთვიანი კურსი გაგვევლო.
„გალაადში“ არა მხოლოდ ღვთის სიტყვისა და მისი ორგანიზაციის შესახებ ვსწავლობდით, არამედ მეტი გავიგეთ ჩვენი მსოფლიო საძმოს შესახებ. ამასთანავე, მე და ჩემი მეუღლე 25 წლისებიც არ ვიყავით, რის გამოც ბევრი რამის სწავლა შეგვეძლო ჩვენი კლასელებისგან. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ყოველდღე
მეთანამშრომლა ჩვენს ერთ-ერთ ინსტრუქტორთან, ძმა ფრედ რასკთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მისგან ვისწავლე, ის იყო, რომ თუკი ვინმესთვის რჩევის მიცემას გადავწყვეტდი, ბიბლიით უნდა მეხელმძღვანელა. „გალაადში“ ლექციებს გვიკითხავდნენ ისეთი გამოცდილი ძმები, როგორებიც იყვნენ: ნეითან ნორი, ფრედერიკ ფრენცი და კარლ კლაინი. მოსწავლეთაგან არავის გვტოვებდა გულგრილს თავმდაბალი ძმა მაკმილანი, რომელმაც წაგვიკითხა საინტერესო ლექცია, თუ როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა თავის ხალხს 1914—1919 წლებში, გამოცდის ჟამს.ვიღებთ ახალ დავალებას
სასწავლო კურსის ბოლოს ძმა ნორმა მე და ბარბარას გვითხრა, რომ მსახურებისთვის ბურუნდიში ვინიშნებოდით. მაშინვე ბეთელის ბიბლიოთეკას მივაშურეთ, რათა „წელიწდეულში“ მოგვეძებნა, რამდენი მაუწყებელი მსახურობდა ბურუნდიში. ჩვენდა გასაკვირად, ქვეყნების ჩამონათვალში ბურუნდი საერთოდ ვერ ვნახეთ! ფაქტობრივად, ჩავდიოდით კონტინენტზე, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდით და ქვეყანაში, სადაც სასიხარულო ცნობა ნაქადაგები არც კი იყო. ოჰ, როგორ ავფორიაქდით მაშინ! თუმცა გულმხურვალე ლოცვამ სიმშვიდე მოგვგვარა.
ჩვენი ახალი დავალება მართლაც რომ ყოველმხრივ ახალი იყო, რადგან უნდა შევგუებოდით ახალ კლიმატს, კულტურას და ენას. ჩვენ ფრანგული ენის სწავლა მოგვიწია. გარდა ამისა, უნდა მოგვეძებნა, სად ვიცხოვრებდით. ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ ჰარი არნოტმა მოგვინახულა, რომელიც „გალაადში“ ჩვენი კლასელი იყო. ის ზამბიაში მიდიოდა, სადაც სკოლის მერე უნდა გაეგრძელებინა მსახურება. მან მოგვაძებნინა ბინა, რომელიც ჩვენი პირველი სახლი გახდა. მალე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წინააღმდეგობას შევხვდით, რომელთაც არაფერი სმენოდათ იეჰოვას მოწმეების შესახებ. ის-ის იყო, ახალ დავალებას გემო გავუგეთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგვაფრთხილეს, რომ სამუშაო ნებართვის გარეშე ქვეყანაში ვერ დავრჩებოდით. სამწუხაროდ, მოგვიხდა ბურუნდის დატოვება და ჩვენც ახალ ქვეყანას, უგანდას, მივაშურეთ.
ჩვენ ვიზა არ გვქონდა, რის გამოც ძალიან ვღელავდით, თუმცა იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარა შიშის დაძლევაში. ერთმა კანადელმა ძმამ, რომელიც უგანდაში მსახურებისთვის იყო გადასული, მოახერხა, რომ საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლისთვის ჩვენი მდგომარეობა აეხსნა. საიმიგრაციო სამსახურმა მოგვცა უფლება, ქვეყანაში რამდენიმე თვე დავრჩენილიყავით.
ამ დროის მანძილზე ჩვენ შევძლებდით საბუთების მოწესრიგებას. საქმე ჩვენ სასიკეთოდ წარიმართა, რამაც მიგვახვედრა, რომ იეჰოვა გვედგა მხარში.მდგომარეობა, რომელიც ახალ ქვეყანაში ჩასულებს დაგვხვდა, ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც ბურუნდიში დავტოვეთ. მართალია, სასიხარულო ცნობა უცხო ხილი არ იყო, მაგრამ ქვეყანაში მოწმეთა რიცხვი მხოლოდ 28-ს შეადგენდა! ჩვენდა სასიხარულოდ, უგანდაში ბევრი ლაპარაკობდა ინგლისურად. თუმცა მალევე გავაცნობიერეთ, რომ დაინტერესებულების სულიერ ზრდაში დასახმარებლად ადგილობრივი ენებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა გვესწავლა. ჩვენ ქადაგება კამპალასა და მის შემოგარენში დავიწყეთ, სადაც, ძირითადად, ლუგანდა ენაზე საუბრობდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ენა შეგვესწავლა. მართალია, წლები დაგვჭირდა, სანამ გამართულად საუბარს შევძლებდით, მაგრამ ენის ცოდნა დიდად წაგვადგა მისიონერულ მსახურებაში. ჩვენ უკეთ ვწვდებოდით ბიბლიის შემსწავლელთა სულიერ მოთხოვნილებებს. ისინიც, თავის მხრივ, გულს გვიშლიდნენ და თავისუფლად გვიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს იმის თაობაზე, რასაც სწავლობდნენ.
ჩვენი აფრიკული მოგზაურობები
ძალიან გვიხაროდა, როცა მსახურებაში ვპოულობდით თავმდაბალ ადამიანებს, რომლებიც იღებდნენ ჭეშმარიტებას. სიხარული გაგვიორკეცდა, როცა მიმომსვლელ მსახურებად დავინიშნეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კენიის ფილიალმა დაგვავალა, რომ ქვეყანაში მოგვეძებნა ისეთი ადგილები, სადაც სპეციალური პიონერები მსახურებას შეძლებდნენ. ამ მოგზაურობების დროს ისეთი ადამიანები იჩენდნენ ჩვენდამი სტუმართმოყვარეობას, მოწმეებს რომ არასდროს შეხვედროდნენ. ისინი თბილად გვხვდებოდნენ და ხანდახან სადილითაც გვიმასპინძლდებოდნენ.
წინ მორიგი მოგზაურობა მელოდა. კამპალიდან ორი დღე დამჭირდა, რომ მატარებლით კენიის საპორტო ქალაქ მომბასაში ჩავსულიყავი, შემდეგ კი გემით სეიშელის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე) გადავედი. მოგვიანებით, 1965—1972 წლებში, სეიშელებს უკვე ბარბარასთან ერთად ვსტუმრობდი. თავდაპირველად კუნძულებზე ორად ორი მაუწყებელი იყო, შემდეგ კი ჯგუფი და კრება ჩამოყალიბდა. ჩემი აფრიკული მოგზაურობების დროს ერიტრეას, ეთიოპიას და სუდანსაც ვესტუმრე.
ამასობაში უგანდაში პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა. ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. განუკითხაობის წლებში, რომლებიც გადატრიალებას მოჰყვა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბიბლიური სიტყვების ჭეშმარიტებაში: „კეისრისა კეისარს მიეცით“ (მარკ. 12:17). იმ პერიოდში ყველა უცხოელს მოგვთხოვეს, ჩვენს სახლთან მდებარე უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გამოვცხადებულიყავით აღსარიცხავად. ჩვენც მაშინვე გამოვცხადდით. რამდენიმე დღეში, როცა კამპალაში მანქანით გადავადგილდებოდი, საიდუმლო პოლიციის ოფიცრებმა გამაჩერეს; თან ერთი მისიონერი მახლდა. ჩვენს გულებს ბაგაბუგი გაჰქონდა. მათ ჯაშუშობა დაგვაბრალეს და პოლიციის მთავარ განყოფილებაში მიგვიყვანეს, სადაც ავუხსენით, რომ მშვიდობიანი მისიონერები ვიყავით. მათ აინუნშიაც არ ჩააგდეს ჩვენი ნათქვამი, რომ უკვე აღრიცხულები ვიყავით. მოგვიჩინეს დაცვა და ასე გადაგვიყვანეს ჩვენს სახლთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში. შვებით ამოვისუნთქეთ, როდესაც ადგილობრივმა პოლიციელმა გვიცნო და დაცვას უბრძანა, გავეთავისუფლებინეთ.
იმ არეულობის დროს ბევრ უსიამოვნო ინციდენტს ვაწყდებოდით საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. განსაკუთრებით მაშინ, თუკი გალეშილი ჯარისკაცები გვაჩერებდნენ. ბლოკპოსტებთან მიახლოებისას გამუდმებით ვლოცულობდით და შედეგად შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობდით. ჯარისკაცებიც უვნებლებს
გვიშვებდნენ. სამწუხაროდ, 1973 წელს ყველა უცხოელს უგანდის დატოვება მოგვთხოვეს.კვლავ ახალი დავალება მივიღეთ. ამჯერად კოტ-დ’ივუარში (დასავლეთი აფრიკა) დაგვნიშნეს. ეს ნამდვილად ბევრ ცვლილებას მოასწავებდა. უნდა გაგვეცნო სრულიად განსხვავებული კულტურა, ისევ ფრანგულად მოგვიწევდა ლაპარაკი და განსხვავებული წარმომავლობის მისიონერებთან ერთად თანაცხოვრება უნდა გვესწავლა. კვლავ ვიგრძენით იეჰოვას ხელი, როცა დავინახეთ, რომ თავმდაბალი ადამიანები მთელი გულით იღებდნენ სასიხარულო ცნობას. კიდევ ერთხელ შევნიშნეთ, თუ როგორ მოგვისწორა სავალი იეჰოვამ, რადგან ვენდობოდით მას.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლება
მოულოდნელად ბარბარას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მართალია, ევროპაში რამდენჯერმე დავბრუნდით სამკურნალოდ, მაგრამ 1983 წელს ცხადი გახდა, რომ აფრიკაში მსახურებას ვეღარ გავაგრძელებდით. ამან ორივეს გული დაგვწყვიტა.
უკვე ლონდონის ბეთელში ვმსახურობდით, როცა ბარბარას მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ ძვირფასი მეუღლე ხელიდან გამომეცალა. მახსოვს, ბეთელის მთელი ოჯახი გვერდით დამიდგა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი წყვილი, რომელიც დამეხმარა, შევგუებოდი ახალ მდგომარეობას და მივნდობოდი იეჰოვას. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ დავუახლოვდი ერთ დას, ენს, რომელიც ბეთელში მოხალისედ მსახურობდა. ის წლების მანძილზე სპეციალური პიონერი იყო, ძალიან უყვარდა იეჰოვა და შევამჩნიე, რომ სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო. მე და ენი 1989 წელს დავქორწინდით და მას შემდეგ მოყოლებული დიდი ბრიტანეთის ფილიალში ვმსახურობთ.
1995—2018 წლებში მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლად (დღეს ასე ჰქვიათ სამხარეო ზედამხედველებს) ვმსახურობდი და დაახლოებით 60 ქვეყანა ვინახულე. თითოეული ქვეყნის მონახულების შემდეგ ვრწმუნდებოდი, როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის მსახურებზე იმის მიუხედავად, თუ სად ან რა ვითარებაში იმყოფებოდნენ ისინი.
2017 წელს აფრიკაშიც მოგვიხდა ჩასვლა. მიხაროდა, რომ საშუალება მომეცა, ენისთვის გამეცნო ქვეყანა, სადაც მისიონერული მსახურება დავიწყე. ჩვენთვის აღმაფრთოვანებელი იყო იმის დანახვა, თუ რამხელა ზრდა იყო ბურუნდიში. იმ ქუჩაზე, რომელზეც 1964 წელს კარდაკარ ვმსახურობდი, ახლა ბეთელის ლამაზი შენობა დამხვდა! ამ ფილიალში მომსახურე და-ძმები 15 500-ზე მეტი ბურუნდელი მაუწყებლის სულიერ საჭიროებებზე ზრუნავენ.
ძალიან გავიხარე, როდესაც 2018 წელს მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალს გავეცანი; ქვეყნების სიაში კოტ-დ’ივუარიც შევნიშნე. აბიჯანში ჩასულს ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სახლში დავბრუნდი. ბეთელის სატელეფონო ცნობარს თვალი შევავლე და აღმოვაჩინე, რომ ჩვენი კარის მეზობელი ძმა სოუსუ იყო. მახსოვდა, რომ აბიჯანში ყოფნის დროს ერთი ძმა ამ გვარით საქალაქო ზედამხედველად მსახურობდა. თუმცა შევმცდარვარ, ეს სხვა სოუსუ იყო, მისი შვილი.
იეჰოვას არასდროს გაუტეხავს თავისი სიტყვა. სირთულეების დროს ვისწავლე, რომ, თუ მივენდობით იეჰოვას, იგი ყოველთვის მოგვისწორებს სავალს. მთელი გულით გვწადია, განვაგრძოთ სვლა ბილიკით, რომელიც დღითი დღე უფრო კაშკაშა ხდება და ახალ ქვეყნიერებამდე მივყავართ (იგავ. 4:18).