არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 8

როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროს

როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროს

„ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით“ (იაკ. 1:2).

სიმღერა 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

მოკლე შინაარსი *

1, 2. მათეს 5:11-ის თანახმად, როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელებს?

იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ ნამდვილ ბედნიერებას გამოსცდიდნენ. თუმცა ისინი მოსალოდნელი განსაცდელის შესახებაც გააფრთხილა (მათ. 10:22, 23; ლუკ. 6:20—23). ეჭვი არ გვეპარება, რომ იესოს მიმდევრობა სიხარულს განიჭებთ. მაგრამ, რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება ოჯახის წევრებისგან ან მთავრობისგან წინააღმდეგობას შეხვდეთ ან თანამშრომლებმა თუ თანაკლასელებმა ღვთისთვის მიუღებელ საქმეებში თქვენი აყოლიება სცადონ? ბუნებრივია, ასეთი ფიქრები ჩვენში უსიამოვნო გრძნობებს იწვევს.

2 ჩვეულებრივ, დევნა არავისთვის ასოცირდება სიხარულთან, თუმცა ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დევნის დროსაც არ დავკარგოთ სიხარული. მაგალითად, მოწაფე იაკობი წერს, რომ განსაცდელების გამო სასოწარკვეთილებას კი არ უნდა მივეცეთ, არამედ მათ სიხარულით უნდა შევხვდეთ (იაკ. 1:2, 12). იესომაც თქვა, რომ დევნის დროს ბედნიერები უნდა ვიყოთ (წაიკითხეთ მათეს 5:11). როგორ შევინარჩუნოთ სიხარული განსაცდელების დროს? პასუხს იაკობი გვცემს თავის წერილში, რომელიც მან პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა. თავდაპირველად ვისაუბროთ, რა სირთულეებს შეხვდნენ ეს ქრისტიანები.

რა განსაცდელებს შეხვდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები?

3. რა მოხდა იაკობის გაქრისტიანებიდან მალევე?

3 იაკობი, იესოს ნახევარძმა, ახალი გაქრისტიანებული იყო, როცა ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო იერუსალიმში (საქ. 1:14; 5:17, 18). მოწაფე სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ბევრი ქრისტიანი იერუსალიმიდან გაიქცა და იუდეასა და სამარიას შეაფარა თავი. ისინი კვიპროსსა და ანტიოქიაშიც კი ჩავიდნენ (საქ. 7:58—8:1; 11:19). წარმოიდგინეთ, რამდენი რამის ატანა მოუწევდათ მათ იქ. მიუხედავად ამისა, ისინი ყველგან გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას, რის შედეგადაც მთელს რომის იმპერიაში არაერთი კრება ჩამოყალიბდა (1 პეტ. 1:1). მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ წინ უფრო დიდი განსაცდელები ელოდათ.

4. კიდევ რა გასაჭირის ატანა მოუწიათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს?

4 პირველ ქრისტიანებს არაერთი განსაცდელის ატანა მოუწიათ. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 50 წელს რომის იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით ყველა იუდეველი რომიდან გააძევეს. გაქრისტიანებული იუდეველები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი და საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ (საქ. 18:1—3). დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მოციქული პავლე წერდა, რომ ზოგი ქრისტიანი სახალხოდ შეურაცხყვეს, საპყრობილეში ჩააგდეს და ქონება ჩამოართვეს (ებრ. 10:32—34). ამ ყველაფერთან ერთად, სხვების მსგავსად ქრისტიანებსაც უწევდათ ავადმყოფობისა და სიღარიბის ატანა (რომ. 15:26; ფილ. 2:25—27).

5. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?

5 როგორც ვიცით, იაკობმა თავისი წერილი ახ. წ. 62 წლამდე დაწერა. მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა განსაცდელების გადატანა მოუწიათ და-ძმებს. ამიტომ იაკობმა ამ ქრისტიანებს ღვთის შთაგონებით ურჩია, როგორ შეენარჩუნებინათ სიხარული განსაცდელების დროსაც კი. მოდი განვიხილოთ იაკობის წერილი და პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვებს: რა სახის სიხარულზე საუბრობდა იაკობი? რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს სიხარული და როგორ დაგვეხმარება სიბრძნე, რწმენა და გაბედულება განსაცდელების დროს სიხარულის შენარჩუნებაში?

რა არის ქრისტიანების სიხარულის მიზეზი

როგორც ფარანში არ ქრება ცეცხლის ალი, ისე იეჰოვასგან ბოძებული სიხარული არ კვდება ქრისტიანთა გულებში (იხილეთ აბზაცი 6).

6. ლუკას 6:22, 23-ის თანახმად, რატომ უნდა იხარონ ქრისტიანებმა განსაცდელების დროს?

6 ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კარგი ჯანმრთელობა, ბევრი ფული და მშვიდი ოჯახური გარემო ექნება. მაგრამ სიხარული, რომელზეც იაკობი საუბრობდა, ღვთის სულის ნაყოფში შედის და გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული (გალ. 5:22). ქრისტიანს სიხარულს, ანუ შინაგან ბედნიერებას იმის ცოდნა ანიჭებს, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრობს და იესოს ჰბაძავს (წაიკითხეთ ლუკას 6:22, 23; კოლ. 1:10, 11). ჩვენი სიხარული შეგვიძლია ფარანში ანთებულ ცეცხლს შევადაროთ. როგორც უამინდობა ვერ აქრობს ცეცხლს ფარანში, ისე ცხოვრებისეული ქარტეხილები ვერაფერს აკლებს ჩვენს სიხარულს. ჩვენში სიხარულს ვერ ანელებს ჯანმრთელობის თუ ფინანსური პრობლემები. სიხარულს ვერც დაცინვა და ვერც ოჯახის წევრებისგან თუ სხვებისგან წინააღმდეგობა გვართმევს. პირიქით, წინააღმდეგობა უფრო აძლიერებს ჩვენში ამ გრძნობას. ყოველი განსაცდელი, რომელსაც ჩვენი რწმენის გამო ვხვდებით, კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ (მათ. 10:22; 24:9; იოან. 15:20). ამიტომაც წერდა იაკობი: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით“ (იაკ. 1:2).

რატომ შეგვიძლია განსაცდელები ლითონის წრთობას შევადაროთ? (იხილეთ აბზაცი 7). *

7, 8. როგორ აძლიერებს განსაცდელები ჩვენს რწმენას?

7 იაკობი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, რატომ არ უნდა შეუშინდეს ქრისტიანი მძიმე განსაცდელსაც კი. ის ამბობს: „ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ“ (იაკ. 1:3). განსაცდელები ლითონის გამოწრთობის პროცესს შეიძლება შევადაროთ. როცა გავარვარებულ ლითონს სწრაფად აციებენ, ლითონი უფრო მტკიცდება. განსაცდელებიც ასევე ამტკიცებს ჩვენს რწმენას. ამიტომაც მოუწოდებდა იაკობი ქრისტიანებს: „მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი“ (იაკ. 1:4). როცა ვხედავთ, როგორ გვიძლიერებს რწმენას განსაცდელები, მზად ვართ, ნებისმიერ სირთულეს სიხარულით შევხვდეთ.

8 თავის წერილში იაკობი იმასაც აღნიშნავს, თუ რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს სიხარული. ქვემოთ ვიმსჯელოთ, რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ და როგორ გავუმკლავდეთ მათ.

როგორ გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც სიხარულს გვართმევს

9. რატომ გვჭირდება სიბრძნე?

9 პრობლემა: როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. სირთულეების დროს იეჰოვას უნდა ვთხოვოთ, მიგვაღებინოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მასაც გაუხარებს გულს, და-ძმებსაც წაადგება და ერთგულებასაც შეგვანარჩუნებინებს (იერ. 10:23). სიბრძნე გვჭირდება, რომ სწორად ვიმოქმედოთ და სათანადო პასუხი გავცეთ მოწინააღმდეგეებს. თუ არ გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ, თავი შეიძლება უმწეოდ ვიგრძნოთ და მალევე დავკარგოთ სიხარული.

10. იაკობის 1:5-დან გამომდინარე, რა უნდა გავაკეთოთ სიბრძნის შესაძენად?

10 გამოსავალი: სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. თუ გვინდა, რომ განსაცდელებს სიხარულით შევხვდეთ, პირველ რიგში, იეჰოვას უნდა ვთხოვთ სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად (წაიკითხეთ იაკობის 1:5). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ იეჰოვა მაშინვე არ უპასუხებს ჩვენს ლოცვას? იაკობი გვირჩევს, რომ გამუდმებით ვთხოვოთ ღმერთს სიბრძნე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაჟინებული ლოცვით ღმერთს თავს მოვაბეზრებთ ან ის რამეს დაგვაყვედრებს. თუ განსაცდელების დროს სიბრძნეს ვთხოვთ, ჩვენი ზეციერი მამა არ დაგვიკავებს და უხვად მოგვცემს მას (ფსალმ. 25:12, 13). ის ხედავს ჩვენს პრობლემებს, თანაგვიგრძნობს და დიდი სურვილი აქვს, დაგვეხმაროს. ამის ცოდნა სიხარულს გვმატებს. როგორ გვაძლევს იეჰოვა სიბრძნეს?

11. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ სიბრძნის შესაძენად?

11 იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გვმატებს სიბრძნეს (იგავ. 2:6). ამიტომ უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ბიბლიური პუბლიკაციები. ჩვენი მიზანი უბრალოდ ცოდნის გამდიდრება არ უნდა იყოს. გვინდა, შეძენილი ღვთიური სიბრძნის თანახმად ვიმოქმედოთ. სწორედ ამას გვირჩევს იაკობი: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკ. 1:22). როცა ღვთიურ რჩევებს ვიყენებთ, მშვიდობიანი, კეთილგონიერი და გულმოწყალე ვხვდებით (იაკ. 3:17). ეს თვისებები დაგვეხმარება, სიხარულით ავიტანოთ ნებისმიერი გასაჭირი.

12. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის ღრმა კვლევა?

12 ღვთის სიტყვა სარკესავითაა, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ და გამოვასწოროთ ჩვენი ნაკლოვანებები (იაკ. 1:23—25). მაგალითად, ღვთის სიტყვის კვლევის დროს შეიძლება მივხვდეთ, რომ ემოციების მოთოკვა უნდა ვისწავლოთ. იეჰოვას დახმარებით გამოვიმუშავებთ რბილ ხასიათს, რაც დაგვეხმარება სხვებს უფრო ლმობიერად მოვეპყროთ და მშვიდად შევხვდეთ დაბრკოლებებს. რბილი ხასიათი დაგვეხმარება, სათანადო რეაგირება მოვახდინოთ პრობლემებზე, უფრო საღად ვიაზროვნოთ და უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ (იაკ. 3:13). ასე რომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ბიბლიის ღრმა კვლევა.

13. რატომ უნდა დავფიქრდეთ ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზე?

13 სამწუხაროდ, ზოგჯერ ჭკუას საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენივე მწარე გამოცდილებით ვისწავლოთ, აჯობებს, სხვების კარგი თუ ცუდი მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ. ამიტომაც გვირჩევს იაკობი, რომ დავუკვირდეთ აბრაამის, რახაბის, იობისა და ელიას მაგალითებს (იაკ. 2:21—26; 5:10, 11, 17, 18). ღვთის ეს ერთგული მსახურები ისე გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომ სიხარული არ დაუკარგავთ. მათი მაგალითები გვარწმუნებს, რომ იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ ამას.

14, 15. რატომ უნდა გავიქარწყლოთ ეჭვები?

14 პრობლემა: როცა ეჭვები გვიჩნდება. ზოგჯერ შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილი ამა თუ იმ აზრის გაგება გაგვიჭირდეს ან იეჰოვამ ისე არ გვიპასუხოს ლოცვაზე, როგორც მოველოდით. ამის გამო კი შეიძლება ეჭვები გაგვიჩნდეს. თუ ეჭვებს არ გავიქარწყლებთ, რწმენა შეგვისუსტდება და იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება (იაკ. 1:7, 8). ბოლოს შეიძლება იქამდეც მივიდეთ, რომ მომავლის იმედი დავკარგოთ.

15 მოციქულმა პავლემ მომავლის იმედი ღუზას შეადარა (ებრ. 6:19). ღუზა გემს შტორმის დროს ერთ ადგილას აჩერებს და იცავს, რომ დინებამ არ წაიღოს და კლდეს არ შეახეთქოს. თუმცა ღუზა თავის ფუნქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ის ჯაჭვი, რომლითაც გემზეა მიბმული, არ გაწყდება. როგორც ჟანგს შეუძლია ღუზის ჯაჭვი შეჭამოს, ისე ეჭვებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ჩვენს რწმენას. თუ ადამიანს ეჭვები ტანჯავს, წინააღმდეგობის დროს ადვილად დაკარგავს იმის რწმენას, რომ იეჰოვა თავისი დაპირებების შემსრულებელია. რწმენის დაკარგვა იმედის დაკარგვის ტოლფასია. როგორც იაკობი ამბობს, „ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს“ (იაკ. 1:6). საეჭვოა, ასეთმა ადამიანმა რაიმე სიხარული იგრძნოს.

16. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეჭვები გვღრნის?

16 გამოსავალი: გათავისუფლდით ეჭვებისგან და გაიძლიერეთ რწმენა. ნუ იქნებით მერყევი. წინასწარმეტყველ ელიას დროს სწორედ ასეთი იყო იეჰოვას ხალხი. ამიტომაც უთხრა ელიამ: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?! თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით!“ (1 მეფ. 18:21). ეს სიტყვები ჩვენთვისაც საყურადღებოა. პირადმა კვლევამ უნდა მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია, რომ ბიბლია მისი სიტყვაა, ხოლო იეჰოვას მოწმეები მისი ხალხი არიან (1 თეს. 5:21). ეს გაგვიფანტავს ეჭვებს და გაგვიძლიერებს რწმენას. თუ საკუთარი ძალით ვერ მოვიშორეთ ეჭვები, შეგვიძლია დახმარება უხუცესებს ვთხოვოთ. თუ გვინდა, იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ, მალევე უნდა მივიღოთ გადამწყვეტი ზომები.

17. რა მოხდება, თუ გამბედაობას დავკარგავთ?

17 პრობლემა: როცა გული გვიტყდება. ღვთის სიტყვაში წერია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება“ (იგავ. 24:10). ებრაული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „გულის გატეხვად“ ითარგმნა, გამბედაობის დაკარგვასაც ნიშნავს. თუ გამბედაობას დავკარგავთ, სიხარულიც მალევე გაქრება.

18. რას ნიშნავს მოთმინება?

18 გამოსავალი: მიენდეთ იეჰოვას და ის დაგეხმარებათ, გაბედულად აიტანოთ განსაცდელი. გაბედულება გვჭირდება, რომ მოთმინებით ავიტანოთ განსაცდელი (იაკ. 5:11). იაკობის მიერ გამოყენებული სიტყვა, რომელიც „მოთმინებად“ ითარგმნა, ისეთ ადამიანს აღწერს, რომელიც მყარად დგას თავის პოზიციაზე. ეს რომ უკეთ დავინახოთ, წარმოვიდგინოთ ჯარისკაცი, რომელიც მტკიცედ იცავს თავის პოზიციებს და მტრის გააფთრებული თავდასხმის მიუხედავად ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან.

19. რას ვსწავლობთ პავლე მოციქულის მაგალითიდან?

19 პავლე მოციქული გაბედულებისა და მოთმინების უბადლო მაგალითს გვაძლევს. მართალია, ზოგჯერ თავს უსუსურად გრძნობდა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო, რადგან იეჰოვასგან ბოძებულ ძალაზე იყო დაიმედებული (2 კორ. 12:8—10; ფილ. 4:13). ძალასა და გამბედაობას ჩვენც მოვიკრებთ, თუ გვეყოფა თავმდაბლობა, ვაღიაროთ, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებთ (იაკ. 4:10).

დაუახლოვდით ღმერთს და შეინარჩუნეთ სიხარული

20, 21. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

20 გახსოვდეთ, რომ განსაცდელები იეჰოვასგან მოვლენილი სასჯელი არ არის. იაკობი გვარწმუნებს: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო; შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკ. 1:13). თუ ამ სიტყვებში ეჭვი არ შეგვეპარება, უფრო დავუახლოვდებით ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას (იაკ. 4:8).

21 იეჰოვა „ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს“ (იაკ. 1:17). ამიტომ, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ედგა მხარში განსაცდელების დროს, ჩვენც ასევე დაგვიდგება მხარში. მთელი გულით სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ სიბრძნე, რწმენა და გამბედაობა. თქვენი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩება. მაშინ თავად დარწმუნდებით, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს შეინარჩუნებთ სიხარულს.

სიმღერა 128 ბოლომდე მოვითმინოთ

^ აბზ. 5 იაკობი ბევრ პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს განსაცდელებთან გასამკლავებლად. მის ზოგიერთ რჩევას ამ სტატიაში მიმოვიხილავთ. ეს დაგვეხმარება, იეჰოვას განსაცდელების დროსაც სიხარულით ვემსახუროთ.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ძმას საკუთარ სახლში აპატიმრებენ. ცოლ-შვილი მწუხარებით ადევნებს თვალს, როგორ მიჰყავთ ის პოლიციელებს. ვიდრე ქმარი ციხეშია, თანამორწმუნეები მის ცოლთან და ქალიშვილთან ერთად იკრიბებიან, რომ თაყვანი სცენ იეჰოვას. დედა-შვილი გამუდმებით სთხოვს იეჰოვას, რომ განსაცდელის ატანის ძალა მისცეს. იეჰოვა მათ შინაგან სიმშვიდესა და გამბედაობას მატებს. შედეგად, რწმენა უმტკიცდებათ და სიხარულით უძლებენ განსაცდელს.