სასწავლო სტატია 6
„ქალის თავი კაცია“
„ქალის თავი კაცია“ (1 კორ. 11:3).
სიმღერა 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია
მოკლე შინაარსი *
1. რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი ქალი ოჯახის შექმნამდე?
ყველა ქრისტიანი სრულყოფილ მეთაურს, იესო ქრისტეს, ემორჩილება. მაგრამ, როცა ქრისტიანი ქალი ქორწინდება, მისი მეთაური არასრულყოფილი კაცი ხდება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს სირთულეები. ამიტომ ოჯახის შექმნამდე ქალი უნდა დაფიქრდეს ასეთ კითხვებზე: რა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ძმა კარგი ოჯახისთავი იქნება? მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში სულიერ საქმეებს? თუ ასე არ არის, რა მაძლევს იმის გარანტიას, რომ დაქორწინების შემდეგ სულიერად მოაზროვნე ოჯახისთავი გახდება? კარგი იქნება, ქრისტიანი ქალი ამაზეც დაფიქრდეს: მაქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ოჯახის ბედნიერებას შეუწყობს ხელს? ვარ მომთმენი და ხელგაშლილი? მაქვს ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან? (ეკლ. 4:9, 12). ის, თუ რამდენად ბედნიერი იქნებით გათხოვების შემდეგ, ნაწილობრივ დაქორწინებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ნამდვილად შესაქებია ის მილიონობით ქრისტიანი ქალი, რომლებიც ქმრის მორჩილების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ასეთი ერთგული დების მხარდამხარ მსახურება. ამ სტატიაში სამ კითხვაზე ვიმსჯელებთ: 1) რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ცოლი ოჯახში? 2) რატომ უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს? 3) რისი სწავლა შეუძლია ქრისტიან ცოლ-ქმარს მორჩილებაზე იესოს, აბიგაილისა და იესოს დედის, მარიამის, მაგალითებიდან?
რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ცოლი ოჯახში?
3. რატომ არის ქორწინებაში პრობლემები გარდაუვალი?
3 ქორწინება ღვთისგან ბოძებული უნაკლო ძღვენია, თუმცა ჩვენ, ადამიანებს, ბევრი ნაკლი გვაქვს (1 იოან. 1:8). ამიტომაც აფრთხილებს ღვთის სიტყვა დაქორწინებულებს, რომ სირთულეებს შეხვდებიან. როგორც ბიბლია ამბობს, მათ „მეტი საზრუნავი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). მოდი ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ცოლი ოჯახში.
4. რატომ ფიქრობს ზოგი ცოლი, რომ ქმრის მორჩილება დამამცირებელია?
4 ზოგი ქალი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც ქმრის მორჩილება დამამცირებლად აღიქმებოდა. შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარისოლი ამბობს: „ბავშვობიდან სულ ის მესმოდა, რომ ქალი ყველაფერში კაცის თანასწორი უნდა იყოს. კარგად ვიცი, რომ მეთაურობის პრინციპი იეჰოვამ დაადგინა და ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. ეს ქალს ღირსებას ნამდვილად არ ულახავს. მაგრამ, როცა ქვეყნიერება საპირისპიროსკენ გიბიძგებს, ყოველთვის ადვილი არ არის მეთაურობის პრინციპის გათვალისწინება“.
5. რა არასწორი შეხედულება აქვს ზოგ კაცს ქალის როლზე?
5 მეორე მხრივ, ზოგი კაცი ქალს საზოგადოების მეორეხარისხოვან წევრად მიიჩნევს. ერთი სამხრეთამერიკელი და, სახელად ივონი, ამბობს: „ჩვენს კულტურაში ასეა მიღებული: სუფრას ჯერ მამაკაცები უნდა მიუსხდნენ, შემდეგ კი — ქალები. როგორც წესი, საჭმლის კეთება ან დალაგება გოგოების მოვალეობაში შედის, ბიჭებს კი დედები და დები ემსახურებიან. მათ ბავშვობიდან ჩააგონებენ, რომ ისინი არიან სახლის ბატონ-პატრონი“. აზიაში მცხოვრები ერთი და, სახელად ინგლინგი, ამბობს: „ჩვენს ენაში არსებობს ერთი გამოთქმა, რომლის თანახმად ქალს არც ჭკუა მოეთხოვება და არც რაიმე ნიჭი თუ უნარი. მისი ერთადერთი მოვალეობა საოჯახო საქმეების კეთებაა. მას არა აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვას ქმართან“. ქმარი, რომელიც ასეთი უსიყვარულო და არაბიბლიური შეხედულებების გავლენაშია მოქცეული, ცხოვრებას ურთულებს ცოლს. გარდა ამისა, არც იესოს ჰბაძავს და არც იეჰოვას თვალში იმსახურებს მოწონებას (ეფეს. 5:28, 29; 1 პეტ. 3:7).
6. როგორ უნდა განიმტკიცოს იეჰოვასთან ურთიერთობა ქრისტიანმა ცოლმა?
6 როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, იეჰოვა მოელის ქრისტიანი ქმრებისგან, რომ ისინი იზრუნებენ თავიანთი ოჯახის სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8). თუმცა ქრისტიან ცოლებსაც მართებთ, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ყოველდღიურად დაუთმონ დრო ღვთის სიტყვის კითხვას, ფიქრს და გულითად ლოცვებს. ეს შეიძლება ადვილი არ იყოს, რადგან, როგორც წესი, გათხოვილ ქალებს ბევრი საქმე აქვთ. ამიტომ შეიძლება იფიქრონ, რომ დრო და ძალები არ ეყოფათ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დრო გამოყონ სულიერისთვის, რადგან იეჰოვას სურს, თითოეულმა ჩვენგანმა ახლო ურთიერთობა განვივითაროთ და შევინარჩუნოთ მასთან (საქ. 17:27).
7. რა გაუადვილებს ცოლს ქმრის მორჩილებასა და პატივისცემას?
7 ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომ შეიძლება დაუჯდეს დიდ ძალისხმევად ქალს არასრულყოფილი ქმრის მორჩილება. თუმცა ცოლს ქმრის მორჩილება გაუადვილდება, თუ გაითავისებს, რატომ დაადგინა იეჰოვამ ოჯახში მეთაურობის პრინციპი.
რატომ უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს?
8. ეფესოელების 5:22—24-დან გამომდინარე, რატომ ემორჩილება ქრისტიანი ცოლი ქმარს?
8 ქრისტიანი ცოლი ემორჩილება ქმარს, რადგან ესმის, რომ მისგან ამას იეჰოვა მოითხოვს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:22—24). ის ენდობა ზეციერ მამას, დარწმუნებულია მის სიყვარულში და ეჭვი არ ეპარება, რომ იეჰოვას ეს მოთხოვნა ისევ მისთვისვეა სასიკეთო (კან. 6:24; 1 იოან. 5:3).
9. რა იქნება შედეგი, თუ ქრისტიანი ქალი პატივს სცემს ქმრის უფლებამოსილებას?
ფსალმ. 119:165). ამ შემთხვევაში ცოლიც ბედნიერია, ქმარიც და ბავშვებიც.
9 დღევანდელი საზოგადოება ქალებს იეჰოვას ნორმების დარღვევისკენ უბიძგებს და ქმრისადმი მორჩილებას დამამცირებლად წარმოაჩენს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პროპაგანდის მიღმა ისინი დგანან, ვინც არ იცნობენ ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს. იეჰოვა თავის ძვირფას შვილებს არასდროს მოსთხოვს იმას, რაც მათთვის დამამცირებელი იქნება. ის დები, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ იეჰოვასგან მინიჭებულ როლს, ოჯახში მშვიდობას უწყობენ ხელს (10. რომელ აზრს გამოყოფდით კეროლის კომენტარიდან?
10 არასრულყოფილი ქმრის მორჩილებით ცოლი აჩვენებს, რომ უყვარს და პატივს სცემს იეჰოვას, რომელმაც მეთაურობის პრინციპი დაადგინა. აი, რას ამბობს ერთი სამხრეთამერიკელი და კეროლი: „ვიცი, რომ ჩემი ქმარი უშეცდომო არ არის. თუმცა მესმის, რომ მის შეცდომებზე ჩემი რეაქციით ვაჩვენებ, რამდენად ვაფასებ იეჰოვასთან მეგობრობას. ამიტომ ვცდილობ, მორჩილი ცოლი ვიყო, რადგან მინდა, ჩემს ზეციერ მამას გული გავუხარო“.
11. რა ეხმარება ანესს პატიებაში და ჩვენ რას ვსწავლობთ მისი კომენტარიდან?
11 ცოლს შეიძლება გაუჭირდეს ისეთი ქმრის პატივისცემა და მორჩილება, რომელიც არაფრად აგდებს მის გრძნობებსა და საწუხარს. ვნახოთ, რა ეხმარება ასეთ დროს ერთ დას, სახელად ანესს. ის ამბობს: „ვცდილობ, არ გავბრაზდე. შეცდომები ხომ ყველას მოგვდის. მინდა, იეჰოვას მივბაძო და მთელი გულით ვაპატიო. როცა ასე ვიქცევი, შინაგანი სიმშვიდე მეუფლება“ (ფსალმ. 86:5). ცოლს, რომელსაც პატიება არ უჭირს, მორჩილებაც არ გაუჭირდება.
რას ვსწავლობთ ბიბლიური მაგალითებიდან
12. როგორი ადამიანების შესახებ მოგვითხრობს ბიბლია?
12 ზოგისთვის მორჩილება სისუსტესთან ასოცირდება, თუმცა ასეთი შეხედულება შორს არის ჭეშმარიტებისგან. ბიბლია მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მორჩილები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, იესო, აბიგაილი
და მარიამი. განვიხილოთ, რისი სწავლა შეგვიძლია მათგან.13. რატომ ემორჩილება იესო იეჰოვას? ახსენით.
13 იესო იეჰოვას ემორჩილება, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად არ ყოფნის ცოდნა ან უნარი. მხოლოდ გამორჩეული ინტელექტის მქონე ადამიანს შეეძლო ისე მარტივად და გასაგებად ესწავლებინა, როგორც ამას იესო აკეთებდა (იოან. 7:45, 46). იეჰოვა იმდენად აფასებდა იესოს უნარსა და შესაძლებლობებს, რომ სამყაროს შექმნის დროს გვერდში დაიყენა (იგავ. 8:30; ებრ. 1:2—4). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იეჰოვამ მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მას მიანდო (მათ. 28:18). მიუხედავად იმისა, რომ იესოს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, ის ხელმძღვანელობისთვის ისევ იეჰოვას მიმართავს, რადგან უყვარს მამა (იოან. 14:31).
14. რა მხრივ არის ქმრებისთვის საყურადღებო ა) იეჰოვას თვალსაზრისი ქალებზე? ბ) იგავების 31-ე თავი?
14 რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს. იეჰოვა ცოლს იმიტომ არ სთხოვს ქმრის მორჩილებას, რომ ქალს კაცზე დაბლა მდგომად მიიჩნევს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იეჰოვამ იესოს თანამმართველებად კაცებთან ერთად ქალებიც აირჩია (გალ. 3:26—29). იეჰოვა ენდობა იესოს, ამიტომაც აღჭურა ის ძალაუფლებით. მსგავსად, გონიერი ქმარიც გარკვეულ უფლებამოსილებას ანიჭებს ცოლს. ღვთის სიტყვა აღგვიწერს გამრჯე ცოლს, რომელიც კარგად ართმევს თავს საოჯახო საქმეებს და სავაჭრო გარიგებებს აწარმოებს (წაიკითხეთ იგავების 31:15, 16, 18). ის ოჯახში მონასავით არ არის, რომელსაც აზრს არავინ ეკითხება. პირიქით, თავისი ქმარი ენდობა და ყურს უგდებს მის აზრს (წაიკითხეთ იგავების 31:11, 26, 27). როცა მამაკაცი ცოლს ღირსეულად ეპყრობა, ცოლი სიამოვნებით ემორჩილება მას.
15. რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს იესოსგან?
15 რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს. მართალია, იესომ ბევრი დიდებული საქმე მოიმოქმედა, მაგრამ ის თავს დამცირებულად არ გრძნობს იმის გამო, რომ იეჰოვას ემორჩილება (1 კორ. 15:28; ფილ. 2:5, 6). მსგავსადვე, ქალი, რომელიც იესოს მაგალითს ჰბაძავს, თავს დამცირებულად არ გრძნობს, როცა ქმარს ემორჩილება. მეუღლის მხარდაჭერისკენ ქალს არა მხოლოდ ქმრის სიყვარული, არამედ უპირველესად იეჰოვასადმი ღრმა სიყვარული და პატივისცემა უბიძგებს.
16. პირველი სამუელის 25:3, 23—28-ის თანახმად, რა სირთულეებს შეხვდა აბიგაილი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
16 აბიგაილის ქმარი ნაბალი, ერთი ეგოისტი, ამაყი და უმადური კაცი იყო. მიუხედავად ამისა, აბიგაილს მისგან თავის დაღწევა არ უცდია. მას შეეძლო მშვიდად დალოდებოდა, როგორ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს ნაბალს დავითი და მისი ხალხი. ნაცვლად ამისა, მან ყველაფერი გააკეთა ქმრისა და დიდი სახლეულობის გადასარჩენად. წარმოიდგინეთ, რამხელა გამბედაობა დასჭირდებოდა აბიგაილს, რომ 400 შეიარაღებული მამაკაცის წინაშე წარმდგარიყო და დავითს დალაპარაკებოდა. ის პატივისცემით ესაუბრა დავითს და საკუთარ თავზე აიღო თავისი ქმრის დანაშაული (წაიკითხეთ 1 სამუელის 25:3, 23—28). დავითი მიხვდა, რომ ეს მამაცი ქალი იეჰოვამ გამოუგზავნა და ასე აარიდა თავიდან სერიოზული დანაშაული.
17. რით არის საყურადღებო ქმრებისთვის დავითისა და აბიგაილის ისტორია?
17 რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს. აბიგაილი გონიერი ქალი იყო. საბედნიეროდ, დავითმა ყური უგდო მის რჩევას და თავიდან აირიდა სისხლისღვრა. მსგავსად ამისა, გონიერი ქმარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოლის აზრსაც მოისმენს. ცოლის თვალსაზრისის
გათვალისწინებამ მას შეიძლება შეცდომა აარიდოს თავიდან.18. რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს აბიგაილისგან?
18 რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს. ქალი, რომელსაც უყვარს იეჰოვა და პატივს მიაგებს მას, ყველაფერს თავისი ოჯახის საკეთილდღეოდ აკეთებს, თუნდაც მისი ქმარი არ ემსახურებოდეს იეჰოვას ან სულიერად იყოს მოსუსტებული. ასეთი ცოლი არ ეცდება ოჯახის დანგრევას, თუ ამისთვის ბიბლიური საფუძველი არა აქვს. ის პატივისცემითა და მორჩილებით შეეცდება, ქმარს იეჰოვასთან დაახლოების სურვილი გაუჩინოს (1 პეტ. 3:1, 2). მაშინაც კი, თუ ცოლის კარგ საქციელს სათანადო შედეგი არ მოჰყვება, იეჰოვა დაუფასებს მას ქმრისადმი მორჩილებას, რადგან ის ამას ღვთის სიყვარულით აკეთებს.
19. რა შემთხვევებში არ მართებს ცოლს ქმრის მორჩილება?
19 მართალია, ქრისტიანი ქალი ემორჩილება ქმარს, მაგრამ ის მხარს არ აუბამს მას, თუ ბიბლიური კანონებისა და პრინციპების დარღვევისკენ უბიძგებს. მაგალითად, თუ სთხოვს, რომ იცრუოს, მოიპაროს ან ღვთისთვის მიუღებელი სხვა საქციელი ჩაიდინოს. ყველა ქრისტიანი, მათ შორის გათხოვილი დაც, უპირველეს ყოვლისა, იეჰოვა ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. თუ დას ქმარი სთხოვს ბიბლიური პრინციპების დარღვევას, მან მტკიცედ, მაგრამ პატივისცემით უნდა აუხსნას, რატომ ვერ შეუსრულებს თხოვნას (საქ. 5:29).
20. საიდან ჩანს, რომ მარიამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან?
20 მარიამს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. მან კარგად იცოდა წმინდა წერილები, რადგან ელისაბედთან, იოანე ნათლისმცემლის დედასთან, საუბრისას 20-ზე მეტი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან (ლუკ. 1:46—55). საყურადღებოა ერთი ფაქტიც: მართალია, მარიამი იოსებზე იყო დანიშნული, მაგრამ თავდაპირველად იეჰოვას ანგელოზი იოსებს კი არა, მარიამს გამოეცხადა. ანგელოზი მას პირადად დაელაპარაკა და აუწყა, რომ ის ღვთის ძის მშობელი გახდებოდა (ლუკ. 1:26—33). იეჰოვა კარგად იცნობდა მარიამს, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ თავის ძეს სიყვარულსა და მზრუნველობას არ მოაკლებდა. ეჭვი არ გვეპარება, რომ მარიამს იესოს სიკვდილისა და ზეცად ამაღლების შემდეგაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან (საქ. 1:14).
21. რას ასწავლის ქმრებს მარიამის მაგალითი?
21 რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს. გონიერ ქმარს ახარებს, თუ მის ცოლს კარგი ბიბლიური ცოდნა აქვს. მას ის არ აშინებს, რომ ცოლი მეთაურობაში შეეცილება. იმასაც ხვდება, რომ ცოლი, რომელსაც კარგად ესმის ბიბლია და ბიბლიური პრინციპები, ოჯახისთვის ნამდვილი შენაძენია. მაშინაც კი, თუ ცოლი ქმარზე განათლებულია, მაინც ქმრის პასუხისმგებლობაში შედის თეოკრატიული საქმიანობის გაძღოლა ოჯახში, მათ შორის ოჯახური თაყვანისცემის ჩატარება (ეფეს. 6:4).
22. რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს მარიამისგან?
22 რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს. მართალია, ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა ქმრის მოვალეობაა, მაგრამ რწმენის გაძლიერებაზე ქალმა თავადაც უნდა იზრუნოს (გალ. 6:5). ამიტომ მან დრო უნდა გამოყოს პირადი შესწავლისა და ფიქრისთვის. ეს მას ღვთისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გაუძლიერებს, რაც, თავის მხრივ, ქმრის მორჩილებას გაუადვილებს.
23. რა სიკეთე მოაქვს მორჩილებას, როგორც ცოლებისთვის, ისე მათი ოჯახებისა და კრებისთვის?
23 ცოლები, რომლებიც ქმრებს იეჰოვას სიყვარულით ემორჩილებიან, უფრო მეტ სიხარულსა და კმაყოფილებას გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც არ ითვალისწინებენ მეთაურობის პრინციპს. ქმრის მორჩილი ცოლები კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს. ამასთანავე, თბილ და სასიამოვნო გარემოს ქმნიან არა მარტო ოჯახში, არამედ კრებაშიც (ტიტ. 2:3—5). დღეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ (ფსალმ. 68:11). მიუხედავად ამისა, ყველა, ქალი თუ კაცი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქრისტიანულ კრებაში, რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
სიმღერა 131 „ვინც ღმერთმა შეაუღლა“
^ აბზ. 5 იეჰოვამ დაადგინა მეთაურობის პრინციპი, რომლის თანახმადაც ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს მხარი დაუჭიროს იეჰოვას მიერ დადგენილ ამ პრინციპს? მათ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მორჩილებაზე იესოს მაგალითიდან და ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთისმოშიში ქალებისგან.