არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 6

გჯერათ, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს?

გჯერათ, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს?

„კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს. მართალი და სამართლიანია იგი“ (ᲙᲐᲜ. 32:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. ა) რატომ უჭირს ბევრს, ენდოს უფლებამოსილ პირებს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

 ᲓᲦᲔᲡ ბევრს უჭირს, ენდოს უფლებამოსილ პირებს, რადგან ხედავენ, რომ მდიდარ და გავლენიან ხალხს ყველანაირად ეწყობა ხელი, მაშინ როცა გაჭირვებულთა უფლებები ილახება. ბიბლია ზუსტად აღწერს ჩვენს რეალობას: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9). გარდა ამისა, ბევრმა რელიგიურმა წინამძღოლმაც გაიტეხა სახელი და ხალხს ნდობა დაუკარგა ღვთის მიმართ. ამიტომ, როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს, შეიძლება დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს, რომ მან იეჰოვასა და ხელმძღვანელი ძმების მიმართ ნდობა განივითაროს.

2 ფაქტია, მხოლოდ ბიბლიის შემსწავლელებს არ სჭირდებათ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ნდობის განმტკიცება. ჩვენც, ვინც უკვე დიდი ხანია ჭეშმარიტება ვიცით, არასდროს უნდა შევიტანოთ ეჭვი იეჰოვას სამართლიანობაში. თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება ჩვენი ნდობა გამოიცადოს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როდის შეიძლება ეს მოხდეს: 1) როცა ბიბლიის რომელიმე მონაკვეთს ბოლომდე ვერ ვიგებთ, 2) როცა იეჰოვას ორგანიზაცია მითითებებს გვაძლევს და 3) როცა სირთულეებს შევხვდებით მომავალში.

ᲠᲝᲪᲐ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲛᲔ ᲛᲝᲜᲐᲙᲕᲔᲗᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲕᲔᲠ ᲕᲘᲒᲔᲑᲗ

3. როგორ შეიძლება ბიბლიის კითხვის დროს იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცადოს?

 3 ბიბლიის კითხვის დროს შეიძლება დავეჭვდეთ, რამდენად სამართლიანად იმოქმედა იეჰოვამ ამა თუ იმ სიტუაციაში. მაგალითად, წიგნ „რიცხვებიდან“ ვიგებთ ერთი მამაკაცის შესახებ, რომელიც შაბათ დღეს შეშის შეგროვების გამო სიკვდილით დაისაჯა. წიგნ „მეორე სამუელიდან“ კი ვიგებთ, რომ საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ მეფე დავითს მრუშობა და მკვლელობა აპატია (რიცხ. 15:32, 35; 2 სამ. 12:9, 13). შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს: რატომ აპატია იეჰოვამ დავითს ასეთი მძიმე ცოდვები, მაშინ როცა ისრაელი მამაკაცი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომისთვის სიკვდილით დაასჯევინა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში სამი ფაქტორის გათვალისწინება დაგვეხმარება.

4. როგორ გვარწმუნებს დაბადების 18:20, 21 და კანონის 10:17 იეჰოვას სამართლიანობაში?

4 ბიბლიაში ყველა ისტორია დეტალურად არ არის მოთხრობილი. ვიცით, რომ დავითი გულწრფელად ინანიებდა ჩადენილს (ფსალმ. 51:2—4). მაგრამ შაბათის დამრღვევზე ბევრი არაფერი ვიცით. მაგალითად, ნანობდა თავის საქციელს? მანამდეც ხომ არ დაურღვევია იეჰოვას კანონი? იქნებ უკვე იყო გაფრთხილებული, მაგრამ მაინც თავისი გააკეთა? ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, იეჰოვა „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კან. 32:4). გადაწყვეტილების მიღებამდე იეჰოვა ყველა ფაქტორს ითვალისწინებს, მაშინ როცა ადამიანი შეიძლება ჭორების, წინასწარშექმნილი აზრისა თუ სხვა ფაქტორების გავლენაში მოექცეს (წაიკითხეთ დაბადების 18:20, 21; კანონის 10:17). რაც უფრო კარგად გავეცნობით იეჰოვას, მით ნაკლებად დავეჭვდებით მის სამართლიანობაში. ბიბლიის კითხვისას წამოჭრილ ყველა კითხვას რომც ვერ ვუპასუხოთ, იმაში მაინც ვართ დარწმუნებული, რომ „იეჰოვას ყველა გზა სამართლიანია“ (ფსალმ. 145:17).

5. როგორ გვიშლის ცოდვილი ბუნება ხელს სამართლიანად განსჯაში? (იხილეთ ჩარჩო  „ცოდვილი ბუნება თვალთახედვას გვიბუნდოვნებს“).

5 ცოდვილი ბუნების გამო არ შეგვიძლია, სამართლიანად განვსაჯოთ ყველაფერი. ჩვენ, ღვთის ანარეკლად შექმნილ ადამიანებს, სამართლიანობის გრძნობა გვაქვს (დაბ. 1:26). მაგრამ ცოდვილი ბუნების გამო შეიძლება სამართლიანად ვერ განვსაჯოთ მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ყველა ფაქტი ვიცით. გავიხსენოთ, როგორ გაუნაწყენდა იონა იეჰოვას ნინეველების შეწყალების გამო (იონ. 3:10—4:1). შედეგმა აჩვენა, ვინ იყო მართალი. ნინევეში 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინანია და გადარჩა. აშკარა იყო, რომ სამართლიანობაში იონა მოიკოჭლებდა და არა — იეჰოვა.

6. რატომ არაა იეჰოვა ვალდებული, აგვიხსნას თავისი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზეზი?

6 იეჰოვა ვალდებული არ არის, აგვიხსნას, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ის თავის მსახურებს საშუალებას აძლევდა, აზრი გამოეხატათ იმის თაობაზე, რაც მას ჩაფიქრებული ან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა (დაბ. 18:25; იონ. 4:2, 3). ზოგჯერ ის ხსნიდა კიდეც თავისი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზეზს (იონ. 4:10, 11). თუმცა, როგორც შემოქმედი, იეჰოვა სულაც არ არის ვალდებული, ანგარიში ჩაგვაბაროს თავისი ქმედებებისთვის (ეს. 40:13, 14; 55:9).

ᲠᲝᲪᲐ ᲛᲘᲗᲘᲗᲔᲑᲔᲑᲡ ᲕᲘᲦᲔᲑᲗ

7. რა შეიძლება გაგვიჭირდეს და რატომ?

7 შეიძლება იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს იმ ადამიანების ნდობა, რომლებსაც იეჰოვა გარკვეულ ძალაუფლებას ანიჭებს. შეიძლება დავეჭვდეთ, ეს ძმები იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან თუ საკუთარი ინიციატივით მოქმედებენ. მსგავსი ეჭვები შეიძლება ბიბლიურ დროშიც გასჩენოდა ვინმეს, მაგალითად იმ სიტუაციებში, რომლებიც  მე-3 აბზაცში აღვწერეთ. შაბათის კანონის დარღვევისთვის სიკვდილით დასჯილი მამაკაცის ნათესავს შეიძლებოდა ეჭვი გასჩენოდა, მოსემ თავისით მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ იეჰოვას დაეკითხა. ურია ხეთელის მეგობარს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ დავითმა ბოროტად გამოიყენა მეფური ძალაუფლება და თავიდან აირიდა სასჯელი, რომელსაც ურიას ცოლთან მრუშობისთვის იმსახურებდა. ერთი რამ ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ვენდობით იეჰოვას, თუ არ ვენდობით მათ, ვისაც ის ენდობა და გარკვეულ ძალაუფლებას აძლევს.

8. საქმეების 16:4, 5-ის თანახმად, როგორ ეწეოდა ხელმძღვანელობა ქრისტიანულ კრებებს პირველ საუკუნეში და როგორ ეწევა დღეს?

8 დღესდღეობით თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ხელმძღვანელობს (მათ. 24:45). პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად, „ერთგული მონა“ ზრუნავს ღვთის ხალხზე და უხუცესებს კრებებში მითითებებს აძლევს (წაიკითხეთ საქმეების 16:4, 5). თავის მხრივ უხუცესები ცდილობენ, რომ თავ-თავიანთ კრებებში მიჰყვნენ ამ მითითებებს. იეჰოვასადმი ნდობას იმით ვაჩვენებთ, თუ ვემორჩილებით ღვთის ორგანიზაციისგან და უხუცესებისგან მიღებულ მითითებებს.

9. რა შემთხვევაში შეიძლება გაგვიჭირდეს უხუცესების გადაწყვეტილების მორჩილება? ახსენით.

9 ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს, დავემორჩილოთ უხუცესების გადაწყვეტილებებს. როგორც ვიცით, ბოლო წლებში კრებებისა და რაიონების რეორგანიზება მოხდა. ამიტომ ზოგ მაუწყებელს სხვა კრებაში გადასვლა სთხოვეს, რომ დარბაზებში დასაჯდომი ადგილები მაქსიმალურად შევსებულიყო. თუ ჩვენც გვთხოვენ სხვა კრებაში გადასვლას, შეიძლება გაგვიჭირდეს მეგობრებისა და ოჯახის დატოვება. ვერც იმას ვიტყვით, რომ უხუცესები ასეთ გადაწყვეტილებას ღვთის კარნახით იღებენ. შეიძლება სწორედ ამ ფაქტორის გამო გაგვიძნელდეს მორჩილება, მაგრამ, რახან იეჰოვა ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევს ამ ძმებს, უნდა ვენდოთ მათ. *

10. ებრაელების 13:17-ის თანახმად, რატომ უნდა გავუგონოთ უხუცესებს?

10 რატომ ღირს, დავემორჩილოთ უხუცესების გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, თუ დიდად არ მოგვწონს? ამგვარად ხელს ვუწყობთ ღვთის ხალხის ერთობას (ეფეს. 4:2, 3). გარდა ამისა, კრებაში ჯანსაღი გარემო იქმნება, როცა უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ყველა ემორჩილება (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). რაც მთავარია, მორჩილებით ნდობას ვუცხადებთ იეჰოვას, რომელმაც ამ ძმებს ჩვენზე ზრუნვა მიანდო (საქ. 20:28).

11. რა დაგვეხმარება, განვიმტკიცოთ უხუცესებისადმი ნდობა?

11 უხუცესებისადმი ნდობას განვიმტკიცებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ისინი იეჰოვას სთხოვენ წმინდა სულს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებამდე ეს ძმები გულდასმით განიხილავენ შესაბამის ბიბლიურ პრინციპებსა და ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს. მათ უყვართ იეჰოვა და სურთ, ყველაფერი და-ძმების სასიკეთოდ გააკეთონ. გარდა ამისა, მათ ახსოვთ, რომ ანგარიშვალდებულნი არიან იეჰოვას წინაშე (1 პეტ. 5:2, 3). დაფიქრდით, მაშინ როცა მსოფლიო რელიგიური, რასობრივი თუ პოლიტიკური ნიშნითაა დაყოფილი, ჩვენ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი გვაერთიანებს. რომ არა იეჰოვას კურთხევა, მსგავსი რამ არ მოხდებოდა.

12. რის საფუძველზე ადგენენ უხუცესები, გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი?

12 იეჰოვამ კრების სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობა უხუცესებს მიანდო. როცა ქრისტიანი მძიმე ცოდვას სჩადის, იეჰოვა მოელის, რომ უხუცესები გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ის კრებაში. ერთ-ერთი, რაშიც უხუცესები უნდა დარწმუნდნენ, ისაა, ნამდვილად ინანიებს თუ არა შემცოდველი ჩადენილს. შეიძლება სიტყვიერად ინანიებს, მაგრამ ჩანს მისი დამოკიდებულებიდან, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც ჩაიდინა? მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აღარ გაიმეოროს მსგავსი რამ? თუ ცოდვამდე ცუდ წრეში ტრიალმა მიიყვანა, მზად არის, ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტოს მასთან? უხუცესები ლოცულობენ და ბიბლიური პრინციპებისა და შემცოდველის დამოკიდებულების საფუძველზე აფასებენ სიტუაციას. ყველაფრის კარგად აწონ-დაწონის შემდეგ უხუცესები წყვეტენ, დარჩება შემცოდველი კრებაში თუ გაირიცხება (1 კორ. 5:11—13).

13. რაში შეიძლება დავეჭვდეთ, თუ ჩვენი ახლობელი ან ნათესავი გაირიცხება?

13 როდის შეიძლება გამოიცადოს უხუცესებისადმი ჩვენი ნდობა? როცა გარიცხული არც ჩვენი ახლობელია და არც ჩვენი ნათესავი, შეიძლება პროტესტის გრძნობა არ გაგვიჩნდეს უხუცესების გადაწყვეტილების მიმართ. მაგრამ, როცა საქმე ჩვენს ახლობელს შეეხება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მათ ყველა გარემოება არ მიიღეს მხედველობაში და არც იეჰოვას თვალით შეაფასეს სიტუაცია. რა დაგვეხმარება, ამ დროს მხარი დავუჭიროთ ძმების გადაწყვეტილებას?

14. რა უნდა გვახსოვდეს, თუ კრებიდან ჩვენი ახლობელი გაირიცხება?

14 უნდა გვახსოვდეს, რომ გარიცხვა იეჰოვას დაწესებული ზომაა, რომელიც შემცოდველისა და კრების კეთილდღეობას ემსახურება. თუ მოუნანიებელი შემცოდველი არ გაირიცხება, ეს მთელი კრებისთვის საზიანო იქნება (გალ. 5:9). გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში შემცოდველმა შეიძლება ვერც ცოდვის სერიოზულობა გააცნობიეროს და ვერც გამოსწორებისა და იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობა დაინახოს (ეკლ. 8:11). ეჭვი არ შეგვეპაროს, რომ უხუცესები მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს, რადგან ესმით, რომ ძველი ისრაელის უხუცესების მსგავსად, „ადამიანის სახელით კი არა, ღვთის სახელით“ ასამართლებენ (2 მატ. 19:6, 7).

ᲓᲦᲔᲡᲕᲔ ᲒᲐᲜᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲗ ᲜᲓᲝᲑᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐᲓᲛᲘ

რა დაგვეხმარება, რომ „დიდი გასაჭირის“ დროს მიღებულ მითითებებს ნდობით მოვეკიდოთ და დავემორჩილოთ? (იხილეთ აბზაცი 15).

15. რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას მითითებებს დღესვე?

15 ვინაიდან ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, დღეს ისე, როგორც არასდროს უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის სწორად და სამართლიანად მოქმედებს. შეიძლება „დიდ გასაჭირში“ ისეთი მითითებები მივიღოთ, რომლებიც, ერთი შეხედვით, უცნაური და არალოგიკურიც მოგვეჩვენოს. რა თქმა უნდა, იეჰოვა პირადად არავის დაგველაპარაკება. ის მითითებებს ხელმძღვანელი ძმების მეშვეობით მოგვცემს. მაშინ ნამდვილად არ იქნება იმის დრო, რომ გავაკრიტიკოთ ეს მითითებები ან ვიფიქროთ, მართლა იეჰოვას ხელმძღვანელობაა ეს თუ ძმებმა თვითონ გადაწყვიტეს ყველაფერი. ის, თუ როგორი რეაქცია გექნებათ მაშინ, იმაზეა დამოკიდებული, დღეს როგორ ეკიდებით თეოკრატიულ მითითებებს. თუ დღეს არ გიჭირთ ხელმძღვანელობის მიყოლა, დიდი ალბათობით არც მომავალში გაგიჭირდებათ (ლუკ. 16:10).

16. როგორ შეიძლება გამოიცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა მომავალში?

16 ჩვენ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, როგორი რეაქცია გვექნება, როცა იეჰოვა განაჩენს გამოუტანს ადამიანებს ქვეყნიერების აღსასრულის დროს. იმედს არ ვკარგავთ, რომ ბევრი, ჩვენი ნათესავების ჩათვლით, იეჰოვას მსახურებას მოინდომებს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იეჰოვას დანიშნული მოსამართლე, იესო მიიღებს არმაგედონში (მათ. 25:31—33; 2 თეს. 1:7—9). შესაბამისად, ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული, ვინ დაიმსახურებს ღვთის წყალობას (მათ. 25:34, 41, 46). მივენდობით მაშინ იეჰოვას თუ ეჭვს შევიტანთ მის სამართლიანობაში და დავბრკოლდებით? დღესვე უნდა განვიმტკიცოთ მისადმი ნდობა, რომ მომავალშიც უპირობოდ ვენდოთ.

17. რა იქნება იეჰოვას სამართლიანი განაჩენის აღსრულების შედეგი?

17 წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობთ თავს ახალ ქვეყნიერებაში, როცა საკუთარი თვალით ნახავთ იეჰოვას მიერ აღსრულებული სამართლიანი განაჩენის შედეგებს. აღარ იარსებებს არც ცრუ რელიგია, არც კომერციული სისტემა და არც პოლიტიკური წყობა. მოისპობა ყველაფერი, რაც საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ჩაგვრასა და ტანჯვას იწვევდა. ჯანმრთელობის პრობლემები, სიბერე და სიკვდილი, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წარსულს ჩაჰბარდება. სატანა და დემონები ათასი წლით შებოჭილი იქნებიან. ყველა სავალალო შედეგი, რაც მათ დაატეხეს კაცობრიობას, აღმოიფხვრება (გამოცხ. 20:2, 3). მაშინ უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას სამართლიანობას და საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ სწორად მოვიქეცით, როცა ვენდეთ მას.

18. რით არის ჩვენთვის საყურადღებო ის, რაც ჩაწერილია რიცხვების 11:4—6-სა და 21:5-ში?

18 შეიძლება ახალ ქვეყნიერებაშიც აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როცა იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა გამოიცდება. გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა ისრაელებმა ეგვიპტე დატოვეს. მალევე მოენატრათ ის, რასაც იქ ჭამდნენ, და აწუწუნდნენ, ხოლო იეჰოვასგან მოვლენილ მანანას „საზიზღარი პური“ უწოდეს (წაიკითხეთ რიცხვების 11:4—6; 21:5). მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს „დიდი გასაჭირის“ შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო და რამხელა შრომა დასჭირდება დედამიწის გასუფთავებასა და სამოთხედ გადაქცევას. სავარაუდოდ, საქმეც ბევრი იქნება და თავიდან შეიძლება გარკვეული დისკომფორტიც შეიქმნას. დავჯერდებით იმას, რასაც იეჰოვა მოგვცემს იმ დროს, თუ წუწუნს დავიწყებთ? ერთი რამ ცხადია: თუ დღეს ვაფასებთ იმას, რასაც იეჰოვა გვაძლევს, დიდი ალბათობით მომავალშიც დავაფასებთ.

19. შეაჯამეთ სტატიის მთავარი აზრები.

19 დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის სწორად და სამართლიანად მოქმედებს. მათი ნდობაც უნდა გვქონდეს, ვისაც მან ხელმძღვანელობა მიანდო, და ყოველთვის გვახსოვდეს ის, რაც იეჰოვამ ესაიას პირით გვითხრა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 98 ბიბლია — ღვთისგან შთაგონებული წიგნი

^ აბზ. 5 ეს სტატია დაგვანახვებს, რატომ უნდა განვიმტკიცოთ ნდობა იეჰოვასა და ხელმძღვანელი ძმების მიმართ. იმაზეც ვისაუბრებთ, როგორ დაგვეხმარება ნდობა დღესვე და როგორ გაგვიადვილებს მომავალ სირთულეებთან შეხვედრას.

^ აბზ. 9 გამონაკლის შემთხვევებში ქრისტიანმა შეიძლება თავისივე კრებაში დარჩენა გადაწყვიტოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, „შეკითხვების ყუთი“.