არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვას მარტო არასდროს დავუტოვებივარ

იეჰოვას მარტო არასდროს დავუტოვებივარ

ᲛᲐᲠᲢᲝᲝᲑᲘᲡ გრძნობა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო დაეუფლოს, მაგალითად, მაშინ, როცა ახლობელს კარგავს, საცხოვრებლად სხვა ადგილას უწევს გადასვლა ან როცა არავინ ჰყავს გვერდით. მსგავს სიტუაციებში მეც არაერთხელ აღმოვჩენილვარ. თუმცა წარსულს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ რეალურად მარტო არასდროს ვყოფილვარ. მინდა, გიამბოთ, რატომ მივედი ამ დასკვნამდე.

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიბლიიდან გაიგეს, რომ ღმერთს სახელი აქვს და მას იეჰოვა ჰქვია, მისი გულანთებული მსახურები გახდნენ. სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, მამა ხეზე იესოს გამოსახულებებს კვეთდა. თუმცა ნათლობის შემდეგ სადურგლო უნარები სულ სხვა რამეში გამოადგა – მან ჩვენი სახლის პირველი სართული შეხვედრების ჩასატარებლად გადააკეთა. ეს ჩვენი პირველი დარბაზი გახდა მანილას (ფილიპინები) იმ უბანში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.

ჩემს მშობლებთან და ნათესავებთან ერთად

დავიბადე 1952 წელს. მშობლები ყოველთვის გვინერგავდნენ იეჰოვას სიყვარულს მე და ჩემს შვიდ უფროს და-ძმას. როცა წამოვიზარდე, მამამ წამახალისა, ყოველდღიურად ბიბლიიდან ერთი თავი წამეკითხა. ის ჩემთან ერთადაც განიხილავდა სხვადასხვა პუბლიკაციას. დროდადრო ჩემი მშობლები მიმომსვლელ ზედამხედველებს და ბეთელელებს სახლში ეპატიჟებოდნენ. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო მათთან ერთად დროის გატარება და მათი ისტორიების მოსმენა. ეს ჩვენთვის ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა, რომ მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა.

მშობლებმა იეჰოვასადმი ერთგულების კარგი მაგალითი მომცეს. სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფობის გამო დედა დაიღუპა. 1971 წელს მე და მამამ პიონერად მსახურება დავიწყეთ. თუმცა, სულ რაღაც, ორ წელიწადში, 1973 წელს, მამაც დამეღუპა. მაშინ 20 წლის ვიყავი და საშინელ სიცარიელეს და მარტოობას განვიცდიდი, რადგან მშობლები გვერდით აღარ მყავდა. ამ დროს ჩემთვის ღუზასავით აღმოჩნდა მომავლის „სანდო და მტკიცე იმედი“ (ებრ. 6:19). ამის წყალობით შევძელი, რომ ემოციური და სულიერი წონასწორობა შემენარჩუნებინა. მამაჩემის სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ სპეციალურ პიონერად დამნიშნეს პალავანის პროვინციის ერთ-ერთ იზოლირებულ კუნძულზე, კორონზე.

ᲛᲐᲠᲢᲝ ᲕᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲑ ᲙᲝᲠᲝᲜᲖᲔ

კორონზე რომ დავიწყე მსახურება, 21 წლის ვიყავი. მანამდე სულ ქალაქში ვცხოვრობდი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, რომ ბევრს სახლში არც ელექტროენერგია ჰქონდა და არც წყალი და მხოლოდ ერთეულებს თუ ჰყავდათ მანქანა ან მოტოციკლი. კუნძულზე რამდენიმე ძმა იყო, მაგრამ მე პიონერი პარტნიორი არ მყავდა. ამიტომ ზოგჯერ მარტო მიწევდა ქადაგება. თავიდან უზომოდ მენატრებოდა ჩემი ოჯახი და მეგობრები. მახსოვს, ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი და ვტიროდი ხოლმე. იმაზეც კი ვფიქრობდი, რომ უარი მეთქვა დავალებაზე და სახლში დავბრუნებულიყავი.

იმ პერიოდში განსაკუთრებით მშველოდა იეჰოვასთან ჩემს გრძნობებზე საუბარი. ვიხსენებდი ხოლმე ბიბლიასა თუ ჩვენს პუბლიკაციებში წაკითხულ გამამხნევებელ აზრებს. ხშირად ვფიქრობდი ფსალმუნის 19:14-ზე. მივხვდი, რომ თუ მინდოდა იეჰოვა „ჩემი კლდე და ჩემი გამომსყიდველი“ ყოფილიყო, ხშირად უნდა მეფიქრა მის საქმეებსა და თვისებებზე. განსაკუთრებით დამეხმარა „საგუშაგო კოშკის“ ერთი სტატია „არასდროს ხართ მარტო!“ a. ეს სტატია არაერთხელ წავიკითხე. მარტოობა იმის შესაძლებლობას მაძლევდა, რომ ბევრი მელოცა, მესწავლა და მეფიქრა. ასე რომ, ფიზიკურად კი ვიყავი მარტო, მაგრამ იეჰოვასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი.

კორონზე ჩასვლიდან მალევე უხუცესად დავინიშნე. იქ ერთადერთი უხუცესი ვიყავი, ამიტომ ყველაფერს მე ვატარებდი: თეოკრატიული მსახურების სკოლას, სამსახურებრივ შეხვედრას, წიგნის შესწავლასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას. საჯარო მოხსენებასაც ყოველკვირა მე ვკითხულობდი. სამაგიეროდ იმის დრო აღარ მქონდა, რომ საკუთარ მარტოობაზე მეფიქრა.

კორონზე მსახურება საკმაოდ ნაყოფიერიც იყო. ზოგი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, მოინათლა. თუმცა იქ მსახურებას თავისებური სირთულეებიც ახლდა. ზოგჯერ სამქადაგებლო ტერიტორიამდე მისასვლელად ფეხით ნახევარი დღე მჭირდებოდა. თანაც არ ვიცოდი, იქ მისული ღამეს სად გავათევდი. ჩვენი კრების ტერიტორია ბევრ პატარა კუნძულს მოიცავდა, სადაც მხოლოდ ნავით შეიძლებოდა მოხვედრა. ჰოდა, მეც ხშირად მიწევდა აღელვებულ ზღვაში ნავით მგზავრობა, რაც ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან ყველაფერთან ერთად ცურვაც არ ვიცოდი. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ იეჰოვა იყო ჩემ გვერდით და მაძლიერებდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ თურმე იმ დროს ის უფრო რთული დავალების შესასრულებლად მამზადებდა.

ᲞᲐᲞᲣᲐ-ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲕᲘᲜᲔᲐ

1978 წელს ავსტრალიის ჩრდილოეთით პაპუა-ახალ გვინეაში დამნიშნეს. ეს მთაგორიანი ქვეყანა თითქმის ესპანეთის ხელაა. მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონს შეადგენდა. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ იქ 800-ზე მეტი ენაა გავრცელებული. თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, უმეტესობა ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, ტოკ პისინზე, საუბრობდა.

თავიდან დედაქალაქში, პორტ-მორზბიში, ინგლისურენოვან კრებაში დამნიშნეს. თუმცა მოგვიანებით ტოკ პისინურ კრებაში გადავედი და ენის შემსწავლელი კურსიც გავიარე. ნასწავლს ქადაგების დროს ვიყენებდი, რაც ენის სწრაფად ათვისებაში დამეხმარა. სულ მოკლე დროში საჯარო მოხსენებაც კი წავიკითხე ტოკ პისინზე. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა, სულ რაღაც, ერთ წელიწადში ტოკ პისინურენოვან ტერიტორიაზე სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩემს რაიონში რამდენიმე დიდი პროვინცია შედიოდა.

კრებები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს იყო, ამიტომ არაერთი სარაიონო კონგრესის დაგეგმვა მიწევდა. თითქმის სულ გზაში ვიყავი. კრებების მოსანახულებლად მიუვალ მთიან ადგილებში მიწევდა ჩასვლა. იქაურობას მანქანით ვერ მიუდგებოდი, ამიტომ თითქმის ყოველ კვირა პატარა დანჯღრეული თვითმფრინავებით ვმგზავრობდი. ხშირად ერთადერთი მგზავრი მხოლოდ მე ვიყავი. ჩემთვის თვითმფრინავით მგზავრობა ნავით მგზავრობასავით სტრესული იყო. კიდევ ერთი სირთულე ის იყო, რომ თავს უცხოდ ვგრძნობდი. ჩემთვის ხომ ყველაფერი ახალი იყო – ქვეყანა, ენა თუ ტრადიციები.

უმეტესობას ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ მონახულების შესახებ ინფორმაციას კრებებს წერილებით ვუგზავნიდი. თუმცა ხშირად ისე ხდებოდა, რომ ადგილზე მანამ ჩავდიოდი, სანამ კრება წერილს მიიღებდა. ადგილობრივ და-ძმებს კითხვა-კითხვით ვპოულობდი. მაშინაც კი, როცა და-ძმები ჩემ ჩასვლას არ ელოდნენ, ყოველთვის დიდი სიხარულით მხვდებოდნენ. მათი მადლიერების დანახვა ჩემთვის ყველანაირ ძალისხმევად ღირდა. იმ პერიოდში ბევრჯერ დავინახე, რომ იეჰოვა ჩემ გვერდით იყო, და ის ჩემთვის ბევრად უფრო ახლო მეგობარი გახდა.

განსაკუთრებულად მახსენდება, რა მოხდა, როცა პირველად ჩავედი კუნძულ ბუგენვილზე. როცა კრების შეხვედრაზე მივედი, ჩემთან ერთი წყვილი მოვიდა. მათ ღიმილით მკითხეს, მახსოვდა თუ არა ისინი. მაშინვე გამახსენდა, რომ თავის დროზე ეს წყვილი პორტ-მორზბიში გავიცანი, როცა იქ ახალი ჩასული ვიყავი. მაშინ მათთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, თუმცა მოგვიანებით ერთ ადგილობრივ ძმას გადავაბარე. წარმოიდგინეთ, როგორ გამახარებდა იმის გაგება, რომ ახლა ორივენი მონათლულები იყვნენ. პაპუა-ახალ გვინეაში სულ 3 წელი ვიმსახურე. ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვამ აკურთხა ჩემი იქ მსახურება.

ᲝᲯᲐᲮᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

მე და ადელი

1978 წელს, სანამ პაპუა-ახალ გვინეაში გადავიდოდი, ერთი მომხიბვლელი და, ადელი, გავიცანი. ის ძალიან თავდაუზოგავი იყო – მარტო ზრდიდა ორ შვილს, მოხუცებულ დედას უვლიდა და პიონერადაც მსახურობდა. გადავწყვიტეთ, დავქორწინებულიყავით. ამიტომ 1981 წლის მაისში ფილიპინებზე დავბრუნდი. დაქორწინების შემდეგ ერთად შევუდექით ჩვენს პატარა ოჯახზე ზრუნვას და პიონერად მსახურებასაც ვაგრძელებდით.

ადელთან, სამუელთან და შირლისთან ერთად პალავანში

ოჯახური პასუხისმგებლობების მიუხედავად 1983 წელს სპეციალურ პიონერად დამნიშნეს პალავანის პროვინციის კუნძულ ლინაპაკანზე, სადაც ერთი იეჰოვას მოწმეც კი არ იყო. იქ მთელი ოჯახით გადავედით. სამწუხაროდ, ადელის დედა ერთ წელიწადში დაიღუპა. ტკივილთან გამკლავებაში მსახურებაში აქტიური მონაწილეობა გვეხმარებოდა. ჩვენ ბევრი შესწავლა დავიწყეთ. შემსწავლელები ისე სწრაფად დგამდნენ ნაბიჯებს, რომ მალე კრების შეხვედრების ჩასატარებლად დარბაზი დაგვჭირდა. ჩვენც ავდექით და ავაშენეთ. უზომოდ გახარებულები ვიყავით, რომ ჩვენი ჩასვლიდან 3 წლის შემდეგ გახსენების საღამოს 110 ადამიანი დაესწრო, რომელთა უმეტესობაც მოგვიანებით მოინათლა.

1986 წელს კუნძულ კულიონზე გადამნიშნეს. იქ გადასვლის შემდეგ ადელიც დაინიშნა სპეციალურ პიონერად. კუნძულზე კეთროვანთა კოლონია იყო და ჩვენ მის მაცხოვრებლებთანაც უნდა გვექადაგა, რაც თავიდან ძალიან გვაშინებდა. თუმცა ადგილობრივი და-ძმები გვამშვიდებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ კოლონიის მაცხოვრებლებს უკვე გავლილი ჰქონდათ მკურნალობა და დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალი იყო. ზოგიერთი მათგანი ერთი დის სახლში კრების შეხვედრებსაც ესწრებოდა. ნელ-ნელა შიშიც დავძლიეთ და იქ ქადაგებაც უფრო სასიამოვნო გახდა. თავიანთი დაავადებით გატანჯულ ხალხს, რომელიც თავს ღვთისგან და ადამიანებისგან მოძულებულად მიიჩნევდა, მომავლის იმედი ესახებოდა (ლუკ. 5:12, 13). მათი სიხარულის დანახვა ჩვენც უზომოდ გვახარებდა.

გაინტერესებთ, ჩვენი ბავშვები, სამუელი და შირლი, როგორ შეეგუვნენ იქაურობას? ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, თუ მათ გვერდით სულიერად მოწიფული მეგობრები ეყოლებოდათ. ამიტომ კორონზე მცხოვრებ ორ ახალგაზრდა დას ჩვენთან გადმოსვლა შევთავაზეთ. ისინი ჩვენს შვილებთან ერთად ქადაგებდნენ და ბიბლიის შესწავლებს ატარებდნენ ბავშვებთან, რომელთა მშობლებსაც მე და ადელი ვასწავლიდით. რაღაც ეტაპზე თერთმეტ ოჯახში ვატარებდით შესწავლას. ძალიან ბევრი დაინტერესებული გვყავდა. მათი უმეტესობა სულიერად წინ მიიწევდა, ამიტომ მალევე კრება ჩამოყალიბდა.

თავიდან ერთადერთი უხუცესი მე ვიყავი. ამიტომ ფილიალის თხოვნით ყოველკვირეულ შეხვედრებს კულიონზეც ვატარებდი და ერთ-ერთ სოფელში, მერილიშიც, სადაც ჩასვლას ნავით სამი საათი სჭირდებოდა. კულიონზე 8 მაუწყებელი მსახურობდა, მერილიში კი – 9. გარდა ამისა, ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად მთელი ოჯახი ჩავდიოდით სოფელ ჰელსიში. იქ რომ მივსულიყავით, რამდენიმე საათი უნდა გვევლო მთაგორიან მხარეში.

მერილიშიც და ჰელსიშიც იმდენმა გაიგო ჭეშმარიტება, რომ ორივეგან დარბაზი ავაშენეთ. როგორც თავის დროზე ლინაპაკანზე, აქაც ადგილობრივმა და-ძმებმა და დაინტერესებულებმა იაქტიურეს. სამშენებლო მასალებზეც თავად იზრუნეს და მშენებლობაშიც მონაწილეობდნენ. მერილიში 200-კაციანი დარბაზი ავაშენეთ, რომელიც ადვილად შეიძლებოდა გადაკეთებულიყო საკონგრესო დარბაზად.

ᲕᲘᲑᲠᲣᲜᲔᲑ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲓᲐᲜᲐᲙᲐᲠᲒᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ

1993 წელს მე და ადელი სარაიონო მსახურებას შევუდექით. მაშინ ჩვენი შვილები უკვე სრულწლოვნები იყვნენ. 2000 წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში მიმიწვიეს იმ მიზნით, რომ ინსტრუქტორად მსახურებისთვის საჭირო მომზადება გამევლო. ვფიქრობდი, რომ ამ საქმისთვის არ გამოვდგებოდი. თუმცა ადელი მარწმუნებდა, რომ ამ დავალების შესასრულებლად საჭირო ძალას იეჰოვა მომცემდა (ფილ. 4:13). ის ამას საკუთარი გამოცდილებით მეუბნებოდა, რადგან შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად მაინც ახერხებდა დავალების შესრულებას.

2006 წელს შოკის მომგვრელი ამბავი გავიგეთ – ადელს პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. ვფიქრობდი, რომ შემეწყვიტა ინსტრუქტორად მსახურება და ადელისთვის მომევლო. თუმცა მან მითხრა: „მჯერა, იეჰოვას ძალით შევძლებთ ჩვენი მსახურების გაგრძელებას. უბრალოდ კარგი ექიმი ვიპოვოთ, იქნებ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს მდგომარეობა“. მომდევნო წლებში მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად წუწუნის გარეშე აგრძელებდა იეჰოვას მსახურებას. რაღაც მომენტში მას გადასაადგილებლად ინვალიდის ეტლი დასჭირდა, მაგრამ ასეც აგრძელებდა ქადაგებას. როცა მეტყველებაც გაუძნელდა, კრების შეხვედრაზე ერთი-ორი სიტყვით მაინც აკეთებდა კომენტარს. და-ძმები აღფრთოვანებული იყვნენ მისი მოთმინებით და ხშირად უგზავნიდნენ თბილ წერილებსა და მესიჯებს. თავის დაავადებასთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ ადელი 2013 წელს დაიღუპა. ჩემი ძვირფასი მეუღლე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთგულად მედგა მხარში. ახლა კი, როცა აღარ მყავდა გვერდით, საშინელი სიცარიელის გრძნობა მტანჯავდა.

ადელს უნდოდა, რომ გამეგრძელებინა ჩემი დავალების შესრულება და მეც ასე მოვიქეცი. სწორედ ეს დამეხმარა, გავმკლავებოდი მარტოობის გრძნობას. 2014–2017 წლებში ვინახულებდი ტაგალურენოვან b კრებებს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული იყო. შემდეგ უკვე ტაივანში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში ვინახულებდი ტაგალურენოვან კრებებს. ხოლო 2019 წელს ინდოეთსა და ტაილანდში ინგლისურ ენაზე ჩატარებულ სამეფოს მახარობელთა სკოლაში ინსტრუქტორი ვიყავი. ამ დავალებების შესრულება ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებდა. საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ბოლომდე ვიხარჯები იეჰოვას მსახურებაში.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲠᲪᲔᲠᲗᲘ ᲩᲕᲔᲜᲒᲐᲜᲘᲡᲒᲐᲜ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲨᲝᲠᲡ

ყველგან, სადაც ვმსახურობდი, და-ძმები ძალიან მიყვარდებოდნენ. ამიტომ, როცა ახალ დავალებას ვიღებდი, მათი დატოვება მიჭირდა. თუმცა ასეთმა სიტუაციებმა იეჰოვაზე მინდობა მასწავლა. აშკარად ვხედავდი, რომ ის მხარში მედგა და მეხმარებოდა, სიხარულით შევხვედროდი ცვლილებებს. ახლა სპეციალურ პიონერად ვმსახურობ ფილიპინებში. ახალი კრება ჩემთვის ოჯახივით გახდა. ძალიან მახარებს, რომ სამუელი და შირლი დედის კვალს მიჰყვებიან და იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან (3 იოან. 4).

კრება ჩემთვის ოჯახივით გახდა.

ცხოვრებაში ბევრ ცვლილებასთან მომიწია შეგუება და არაერთ განსაცდელს შევხვდი. განსაკუთრებით რთული იყო ჩემი ცოლის ტანჯვის ყურება და იმ ტკივილის ატანა, რომელიც მისმა სიკვდილმა მომაყენა. თუმცა რა სიტუაციაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვხედავდი, რომ იეჰოვა „არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქ. 17:27). „იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა“ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან შეუძლია გაგვაძლიეროს (ეს. 59:1). უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ჩემთვის ყოველთვის კლდესავით იყო. მას მარტო არასდროს დავუტოვებივარ.

a იხილეთ 1972 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 521–527 [ინგლ.].

b ტაგალური ფილიპინების ერთ-ერთი ოფიციალური ენაა.