არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაინახეთ განსხვავება იეჰოვას მსახურებსა და სხვებს შორის

დაინახეთ განსხვავება იეჰოვას მსახურებსა და სხვებს შორის

„დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის“ (მალ. 3:18).

სიმღერები: 61, 53

1, 2. რა სირთულის წინაშე დგას დღეს ღვთის ხალხი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ადამიანების დახმარების სურვილით აღძრულ მედიცინის ბევრ მუშაკს ისეთ პაციენტებზე უწევს ზრუნვა, რომელთაც გადამდები დაავადებები აქვთ. ამ დროს მათ უსაფრთხოების ზომების მიღება მართებთ, რომ თვითონაც არ დაინფიცირდნენ. მსგავსად, ბევრ ჩვენგანს იმ ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება თუ მუშაობა, რომლებიც ღვთისთვის საძულველი თვისებებითა და შეხედულებებით არიან „დაინფიცირებულები“. ასეთმა გარემოცვამ შეიძლება ჩვენც შეგვიქმნას საფრთხე.

2 ამ ბოლო დღეებში ხალხი არად აგდებს ღვთის თვალსაზრისს სწორსა და არასწორთან დაკავშირებით. ტიმოთესადმი მიწერილ მეორე წერილში მოციქული პავლე მოიხსენიებს ღვთისგან გაუცხოებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებებს. მოციქულმა თქვა, რომ აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ეს თვისებები უფრო და უფრო მეტ ადამიანში იჩენდა თავს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5, 13). შეიძლება ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ასეთი მანკიერი თვისებების გამოვლენამ მასშტაბური სახე მიიღო, მაგრამ მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩვენც მოვექცეთ ასეთი ადამიანების საქციელისა თუ აზროვნების გავლენაში (იგავ. 13:20). ამ სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ განსხვავდება ბოლო დღეებში მცხოვრები ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები იმ თვისებებისგან, რომლებსაც ღვთის მსახურები ავლენენ. აგრეთვე გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც არ „დავინფიცირდეთ“ უარყოფითი თვისებებით, როცა ვცდილობთ, სხვებს სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ.

3. ვინ გამოავლენდა 2 ტიმოთეს 3:2—5-ში მოხსენიებულ თვისებებს?

3 მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა, შემდეგ კი ჩამოთვალა 19 უარყოფითი თვისება, რომლებიც ამ პერიოდში მცხოვრები ხალხისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. მსგავს ჩამონათვალს ვხვდებით რომაელების 1:29—31-ში, თუმცა ტიმოთესთვის მიწერილ წერილში ისეთი თვისებებია მოხსენიებული, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სხვაგან არსად გვხვდება. პავლემ ღვთისთვის საძულველი თვისებების ჩამოთვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ადამიანები იქნებიან . . .“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველა ასეთი იქნებოდა. ნამდვილი ქრისტიანები სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენენ (წაიკითხეთ მალაქიას 3:18).

როგორ ვუყურებთ საკუთარ თავს

4. როგორ დაახასიათებდით გაყოყოჩებულ ადამიანს?

4 მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ ბევრი იქნებოდა საკუთარი თავისა და ფულის მოყვარული, ისიც აღნიშნა, რომ ადამიანები იქნებოდნენ თავდაჯერებულები, ამპარტავნები და გაყოყოჩებულები. ასეთი თვისებების მქონე ადამიანები სხვებზე უკეთესებად მიიჩნევენ თავს, რადგან ფიქრობენ, რომ უფრო უნარიანები, წარმოსადეგები, მატერიალურად შეძლებულები ან მაღალი წრის წარმომადგენლები არიან. მათ იმის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ, რომ სხვები მათით მოხიბლულები და აღტაცებულები იყვნენ. ერთი სწავლული ამპარტავან ადამიანებზე ამბობს: „ისინი საკუთარ გულში სამსხვერპლოს უგებენ თავიანთ თავს და ეთაყვანებიან“. ზოგის აზრით, ამპარტავნობა იმდენად საშინელი თვისებაა, რომ ის სხვებში ამაყ ადამიანებსაც კი არ მოსწონთ.

5. როგორ სძლია სიამაყემ ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი?

5 იეჰოვას სძულს სიამაყე და „ამაყად მომზირალი თვალები“ (იგავ. 6:16, 17). სიამაყე ადამიანს ღმერთთან დაახლოებაში უშლის ხელს (ფსალმ. 10:4). ეს არის ეშმაკისთვის დამახასიათებელი თვისება (1 ტიმ. 3:6). სამწუხაროდ, ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც სძლია სიამაყემ. მაგალითად, იუდას მეფე უზია წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ, „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია“. მოგვიანებით მეფე ხიზკიაც გადიდგულდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს (2 მატ. 26:16; 32:25, 26).

6. რას შეიძლებოდა გაეამაყებინა დავითი, მაგრამ რა დაეხმარა თავმდაბლობის შენარჩუნებაში?

6 ზოგი საკუთარმა გარეგნობამ, პოპულარობამ, მუსიკალურმა ნიჭმა, ფიზიკურმა სიძლიერემ ან სხვების მხრიდან განსაკუთრებულმა მოპყრობამ გააამაყა. მიუხედავად იმისა, რომ დავითს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი აკლდა, ის სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბალი იყო. მას შემდეგ, რაც მან გოლიათი დაამარცხა და მეფე საულმა თავისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა შესთავაზა, დავითმა თქვა: „ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სანათესავო, მამაჩემის საგვარეულო ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“ (1 სამ. 18:18). რა დაეხმარა დავითს თავმდაბლობის შენარჩუნებაში? მას კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი უნარი, უპირატესობა თუ კარგი თვისება იმიტომ ჰქონდა, რომ იეჰოვა „დაბლა დაიხარა“, ანუ თავმდაბლობა გამოავლინა და მოხედა მას (ფსალმ. 113:5—8). დავითს ისიც ესმოდა, რომ ყოველივე კარგი, რაც გააჩნდა, იეჰოვასგან ჰქონდა (შეადარეთ 1 კორინთელების 4:7).

7. რა დაგვეხმარება თავმდაბლობის გამოვლენაში?

7 დავითის მსგავსად იეჰოვას ხალხი დღესაც ცდილობს, რომ თავმდაბლად მოიქცეს. ჩვენ მოწიწებას გვგვრის, როცა ვფიქრობთ, რომ იეჰოვა, სამყაროს უზენაესი პიროვნება, მიმზიდველ თვისებას, თავმდაბლობას ავლენს (ფსალმ. 18:35). გულთან ახლოს მიგვაქვს ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლ. 3:12). ჩვენ ისიც გვესმის, რომ „სიყვარული არ ტრაბახობს [და] არ ყოყოჩობს“ (1 კორ. 13:4). ჩვენი თავმდაბლობით შეიძლება სხვები იეჰოვასკენ მივიზიდოთ. როგორც ქმარი შეიძლება მოიპოვოს ცოლმა უსიტყვოდ, ისე ღვთის ხალხის მიერ გამოვლენილმა თავმდაბლობამ შეიძლება ადამიანები დააახლოოს ღმერთთან (1 პეტ. 3:1).

როგორ ვეპყრობით სხვებს

8. ა) როგორ უყურებს ზოგი მშობლებისადმი დაუმორჩილებლობას? ბ) რისკენ მოუწოდებს წმინდა წერილები შვილებს?

8 პავლემ აღწერა, როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ბოლო დღეებში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან. მან დაწერა, რომ ბავშვები იქნებოდნენ მშობლების ურჩები. დღეს წიგნებში, ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა ისეა წარმოჩენილი, თითქოს ამაში ცუდი არაფერია. ისინი უბიძგებენ კიდეც ბავშვებს ამისკენ. დაუმორჩილებლობა ძირს უთხრის ოჯახის სტაბილურობას, რაც თავის მხრივ საზოგადოების დეგრადირებას იწვევს. ის აზრი, რომ დაუმორჩილებლობა ოჯახისთვის საზიანოა, ახალი არ არის. საინტერესოა, რომ ძველ საბერძნეთში თუ შვილი ხელს აღმართავდა მშობელზე, სრულად ჩამოერთმეოდა მას მოქალაქის უფლებები. რომის სამართლის მიხედვით კი მამაზე ხელის აწევა ისეთივე სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, როგორიც მკვლელობაა. მშობლების პატივისცემისკენ შვილებს ებრაული წერილებიც მოუწოდებს და ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც (გამ. 20:12; ეფეს. 6:1—3).

9. რა დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ დაემორჩილონ მშობლებს?

9 ბავშვები არ „დაინფიცირდებიან“ ქვეყნიერებაში გაბატონებული დაუმორჩილებლობის სულით, თუ იმაზე იფიქრებენ, რაც მშობლებს მათთვის გაუკეთებიათ. ეს მადლიერების გრძნობას გაუღვივებს მათ და მორჩილებისკენ აღძრავს. ბავშვებს ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მშობლებისადმი მორჩილებას მათგან ღმერთიც მოითხოვს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მამაა. თუ ბავშვები მშობლებზე დადებითად ილაპარაკებენ, სხვა ბავშვებსაც პატივისცემით განაწყობენ მშობლების მიმართ. რა თქმა უნდა, თუ მშობლებს თბილი გრძნობები არა აქვთ თავიანთი შვილების მიმართ, მათაც გაუჭირდებათ მთელი გულით მორჩილება. მეორე მხრივ, თუ ბავშვი გრძნობს მშობლებისგან ნამდვილ სიყვარულს, ის მაშინაც კი შეეცდება, მათ ასიამოვნოს, როცა მშობლების მორჩილება მისთვის ადვილი არ იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაცის გაფუჭებაზე მეჭირა თვალი, — ამბობს ოსტინი, — ჩემი მშობლები გონივრულ მითითებებს მაძლევდნენ, მიხსნიდნენ, რატომ მიდგენდნენ წესებს და ყოველთვის მზად იყვნენ გულახდილი საუბრისთვის. ამან მორჩილება მასწავლა. ვხედავდი, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და მეც მინდოდა, რომ მათთვის მესიამოვნებინა“.

10, 11. ა) რომელი უარყოფითი თვისებებიდან ჩანს ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობა? ბ) როგორ უყვართ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სხვები?

10 პავლემ ჩამოთვალა სხვა უარყოფითი თვისებებიც, რომლებიც ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს. ჩამონათვალში უმადურობა მართებულად მოსდევს ფრაზას „მშობლების ურჩები“, რადგან ეს სიტყვა კარგად აღწერს მათ დამოკიდებულებას, რომლებიც მადლიერები არ არიან მათთვის გაკეთებული სიკეთისთვის. ადამიანები აგრეთვე იქნებოდნენ ორგულები. მათთან შეუძლებელი იქნებოდა მორიგება, ანუ უთანხმოების მოგვარება არ ენდომებოდათ. ისინი იქნებოდნენ ღვთისმგმობელები და გამცემები, ანუ შეურაცხმყოფელი და გულსატკენი სიტყვებით ილაპარაკებდნენ ადამიანებზეც და ღმერთზეც. გარდა ამისა, ისინი იქნებოდნენ ცილისმწამებლები, ანუ სხვისი რეპუტაციის შესალახად არასწორ ინფორმაციას გაავრცელებდნენ. *

11 უსიყვარულო ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას თაყვანისმცემლები ნამდვილ სიყვარულს ავლენენ სხვების მიმართ. ეს ოდითგანვე ასეა. იესომ თქვა, რომ ღვთის სიყვარულის შემდეგ მოყვასისადმი სიყვარული, აგაპე, მეორე უდიდესი მცნება იყო მოსეს კანონში (მათ. 22:37—39). იესომ ისიც თქვა, რომ ერთმანეთისადმი სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). ქრისტიანულ სიყვარულს ისინი მტრების მიმართაც კი გამოავლენდნენ (მათ. 5:43, 44).

12. როგორ გამოავლინა იესომ სხვების მიმართ სიყვარული?

12 იესოს ძალიან უყვარდა ადამიანები. ის ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებდა ხალხს, კურნავდა ბრმებს, კოჭლებს, კეთროვნებსა და ყრუებს. ის მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (ლუკ. 7:22). იესომ საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა ადამიანებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სძულდა. მან სრულყოფილად მიჰბაძა ღმერთს სიყვარულში. იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ავლენენ სხვების მიმართ ნამდვილ სიყვარულს.

13. როგორ შეიძლება მივიზიდოთ სხვები იეჰოვასკენ ჩვენ მიერ გამოვლენილი სიყვარულით?

13 ჩვენ მიერ გამოვლენილი სიყვარული ადამიანებს ზეციერი მამისკენ იზიდავს. მაგალითად, ერთი ტაილანდელი მამაკაცი გაოცებული დარჩა, როცა რეგიონულ კონგრესზე და-ძმებს შორის არსებული სიყვარული დაინახა. მან სახლში დაბრუნებისთანავე მოითხოვა, რომ მისთვის კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ ბიბლიის შესწავლა. ამ მამაკაცმა მთელ სანათესაოს უქადაგა და კონგრესიდან ექვსი თვის შემდეგ ბიბლიის კითხვის დავალებით პირველად გამოვიდა კრების წინაშე. იმის გასაგებად, რამდენად ვავლენთ სხვებისადმი სიყვარულს, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვაკეთებ ყველაფერს, რომ დავეხმარო ოჯახის წევრებს, თანაქრისტიანებსა და მათ, ვისაც ვუქადაგებ? ვცდილობ, სხვებს იეჰოვას თვალით ვუყურო?“.

მგლები და ბატკნები

14, 15. რა არაადამიანურ თვისებებს ავლენს ბევრი და როგორ შეიცვალა ზოგი უკეთესობისკენ?

14 დღეს ადამიანები სხვა ცუდ თვისებებსაც ავლენენ, რის გამოც ქრისტიანები უნდა მოერიდონ მათთან ახლო ურთიერთობას. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ბოლო დღეებში უღვთო ადამიანები იქნებოდნენ კარგის მოძულეები, ანუ ზოგიერთი თარგმანის მიხედვით, „ყოველივე კარგის მიმართ მტრულად განწყობილები“. ისინი იქნებოდნენ თავშეუკავებლები, სასტიკები და თავნებები ანუ იმპულსურები და წინდაუხედავები.

15 ბევრი, ვინც ადრე ასეთ თვისებებს ავლენდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ძირეული გარდაქმნა ლამაზად არის აღწერილი ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში (წაიკითხეთ ესაიას 11:6, 7). იქ ვკითხულობთ, რომ ისეთი გარეული ცხოველები, როგორიცაა მგელი და ლომი, არაფერს ერჩიან შინაურ ცხოველებს — ბატკნებსა და ხბოებს. ასეთი მშვიდობა იმიტომ იქნება, რომ „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ეს. 11:9). ცხადია, ეს წინასწარმეტყველება ადამიანებს ეხება, რადგან შეუძლებელია ცხოველებმა რაიმე ისწავლონ იეჰოვას შესახებ.

ბიბლიური პრინციპების გამოყენება ცვლის ადამიანთა ცხოვრებას! (იხილეთ აბზაცი 16)

16. როგორ დაეხმარა ბიბლია ზოგს გარდაქმნაში?

16 ბევრი მგელივით ულმობელი იყო, მაგრამ დღეს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს სხვებთან. მათი ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ვებ-გვერდზე jw.org, რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ისინი, ვინც ეცნობიან და ემსახურებიან იეჰოვას, არ ჰგვანან მათ, ვინც გარეგნულად ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთები ისე აჩვენებენ თავს, თითქოს ღმერთს ემსახურებიან, მაგრამ მათი საქმეები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ღვთის ხალხში კი ოდესღაც სასტიკი ადამიანები შეიმოსნენ ახალი პიროვნებით, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:23, 24). როცა ადამიანები ეცნობიან ღმერთს, ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ მის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ. შედეგად, ისინი იცვლიან მრწამსს, დამოკიდებულებასა და საქციელს. ასეთი ცვლილებების მოხდენა ადვილი არ არის, მაგრამ წმინდა სულის დახმარებით შესაძლებელია მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს ღვთის ნების შესრულება.

„ასეთებს ზურგი აქციე“

17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოვექცეთ მათ გავლენაში, ვინც ღვთისთვის საძულველ თვისებებს ავლენს?

17 სულ უფრო და უფრო იზრდება განსხვავება ღვთის მსახურებსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება ღმერთს. ღვთის მსახურებს დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ მოვექცეთ სხვების არასწორი აზროვნების გავლენაში. გონივრულად მოვიქცევით, თუ გავითვალისწინებთ ღვთივშთაგონებულ რჩევას და ზურგს ვაქცევთ მათ, ვისზეც საუბარია 2 ტიმოთეს 3:2—5-ში. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ მოვერიდებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ღვთისთვის საძულველ თვისებებს ავლენენ. ჩვენ შეიძლება მათთან ერთად გვიწევს მუშაობა, სკოლაში სწავლა ან ცხოვრება. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ არ მივბაძოთ მათ აზროვნებასა და თვისებებს. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავძლიერდებით სულიერად — შევისწავლით ბიბლიას და ახლო ურთიერთობა გვექნება მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს.

18. როგორ შეგვიძლია სიტყვითა და საქმით სხვებს სულიერად დავეხმაროთ?

18 ჩვენ აგრეთვე უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს სულიერად დავეხმაროთ. მოდი ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა და ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, რათა საჭირო დროს საჭირო სიტყვები შევარჩიოთ. სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. შედეგად, ჩვენი კარგი საქციელით ღმერთს განვადიდებთ და არა საკუთარ თავს. იეჰოვამ გვასწავლა, როგორ „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, [და] ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11—14). თუ ღვთისმოსაწონად მოვიქცევით, სხვები დაინახავენ ამას და ზოგმა შეიძლება თქვას კიდეც: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).

^ აბზ. 10 ბერძნული სიტყვა დიაბოლოს, რომელიც „ცილისმწამებლად“ და „ბრალმდებლად“ ითარგმნა, ბიბლიაში ეწოდება სატანას, ღვთის ბოროტ ცილისმწამებელს.