არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მადაგასკარი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მადაგასკარი

„როცა ჩემი მეგობრები იქ მსახურების შემთხვევებს მიყვებოდნენ, სადაც პიონერებზე დიდი მოთხოვნილება იყო, მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მსგავსი სიხარული განმეცადა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შევძლებდი ასეთ ტერიტორიაზე მსახურებას“, — ამბობს 27 წლის პიონერი სილვიანა.

თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის სილვიანას გრძნობები? შეიძლება თქვენც ძალიან გინდათ იმ ტერიტორიაზე მსახურება, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა არარეალური გეჩვენებათ. თუ ეს ასეა, გულს ნუ გაიტეხთ! იეჰოვას დახმარებით ათასობით და-ძმამ გადალახა ხელის შემშლელი ფაქტორები და გააფართოვა მსახურება. მოდი ვეწვიოთ მადაგასკარს და გავიგოთ, როგორ გაუხსნა ზოგიერთ მათგანს იეჰოვამ მსახურების ფართო კარი. მადაგასკარი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კუნძულია.

აფრიკის ამ კუნძულზე, სადაც ხალხი ძალიან აფასებს ბიბლიას, ბოლო ათწლეულის განმავლობაში 70-ზე მეტი გულმოდგინე მაუწყებელი და პიონერი ჩავიდა 11 ქვეყნიდან. * გარდა ამისა, ბევრი ადგილობრივი გადავიდა დაშორებულ ტერიტორიაზე, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ დიდ კუნძულზე სამეფოს ცნობის გავრცელებაში. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

შიშისა და გულგატეხილობის დაძლევა

პერინი და ლუისი

30 წელს გადაცილებული წყვილი ლუისი და პერინი საფრანგეთიდან კუნძულ მადაგასკარზე გადავიდნენ. ისინი წლების მანძილზე ფიქრობდნენ საზღვარგარეთ მსახურებაზე, მაგრამ პერინი ყოყმანობდა. ის გვიხსნის: „მაშინებდა ის აზრი, რომ უნდა მიმეტოვებინა ოჯახი, კრება, სახლი, ჩვეული საქმიანობა, ნაცნობი გარემო და უცხო ქვეყანაში მეცხოვრა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემთვის ამ ყველაფერზე წუხილი იყო, რასაც უნდა მოვრეოდი“. საბოლოოდ პერინმა გაბედულება მოიკრიბა და 2012 წელს მეუღლესთან ერთად მადაგასკარზე გადავიდა. როგორ გრძნობს ახლა ის თავს? პერინი ამბობს: „ამ გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი რწმენის განმტკიცებას მოემსახურა, რადგან აშკარად ვხედავდით იეჰოვას ხელს ჩვენს ცხოვრებაში“. ლუისმა კი დასძინა: „წარმოიდგინეთ, მადაგასკარზე პირველივე გახსენების საღამოს ჩვენი ათი ბიბლიის შემსწავლელი დაესწრო“.

რა დაეხმარა ამ წყვილს, რომ პრობლემების დროსაც არ შეეწყვიტათ მსახურება? ისინი იეჰოვას ემუდარებოდნენ, რომ სირთულეების ასატანად საჭირო ძალა მიეცა მათთვის (ფილ. 4:13). ლუისი იხსენებს: „დავრწმუნდით, რომ იეჰოვამ უპასუხა ჩვენს ლოცვებს და შინაგანი სიმშვიდე მოგვცა. ყურადღება იმ სიხარულზე გადავიტანეთ, რომელსაც მსახურება გვანიჭებდა. საფრანგეთიდან ჩვენი მეგობრები იმეილებს და წერილებს გვწერდნენ, რითაც გვამხნევებდნენ, რომ ადვილად არ დაგვეყარა ფარ-ხმალი“ (ფილ. 4:6, 7; 2 კორ. 4:7).

იეჰოვამ დიდად აკურთხა ლუისისა და პერინის მოთმინება. ლუისი განაგრძობს: „2014 წლის ოქტომბერში საფრანგეთში გავიარეთ ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის *. ეს იყო დაუვიწყარი საჩუქარი იეჰოვასგან“. სკოლის დამთავრების შემდეგ ეს წყვილი კვლავ მადაგასკარზე დანიშნეს, რამაც ისინი დიდად გაახარა.

„ჩვენ ვიამაყებთ თქვენით“

ნადინი და დიდიე

50 წელს გადაცილებული დიდიე და ნადინი 2010 წელს საფრანგეთიდან მადაგასკარზე გადავიდნენ. დიდიე ამბობს: „ახალგაზრდობაში პიონერები ვიყავით. შემდეგ სამი შვილი აღვზარდეთ. როცა ისინი სრულწლოვნები გახდნენ, საზღვარგარეთ მსახურებაზე დავიწყეთ ფიქრი“. ნადინი აღნიშნავს: «ის აზრი, რომ შვილებისგან შორს უნდა ვყოფილიყავით, ცოტა მაშინებდა, მაგრამ მათ გვითხრეს: „თუ იმ ქვეყანაში გადახვალთ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ჩვენ ვიამაყებთ თქვენით“. მათმა ნათქვამმა სტიმული მოგვცა. მართალია, მათგან საკმაოდ დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ გვიხარია, რომ ხშირად ვესაუბრებით ჩვენს შვილებს».

დიდიესა და ნადინისთვის მალაგასიური ენის შესწავლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ნადინი ღიმილით ამბობს: „ჩვენ 20 წლისანი აღარ ვართ“. მაგრამ როგორ გაართვეს მათ თავი ამ სირთულეს? თავიდან მათ ფრანგულენოვან კრებაზე დაიწყეს სიარული. მოგვიანებით, როცა მიხვდნენ, რომ უფრო მეტი დროის გამოყოფა შეეძლოთ ადგილობრივი ენის შესასწავლად, მალაგასიურენოვან კრებაში გადავიდნენ. ნადინი განაგრძობს: «მსახურების დროს ბევრი გამოთქვამს ბიბლიის შესწავლის სურვილს. ისინი ხშირად მადლობას გვიხდიან, რომ მათაც ვესტუმრეთ. იქ მსახურება რომ დავიწყეთ, თავი სიზმარში მეგონა. ძალიან მომწონს ამ ტერიტორიაზე პიონერად მსახურება. დილით რომ ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვეუბნები: „რა კარგია, დღესაც საქადაგებლად მივდივარ!“».

დიდიე ღიმილით იხსენებს იმ დროს, როცა მალაგასიური ენის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: „ერთხელ კრების შეხვედრას ვუძღვებოდი, მაგრამ და-ძმების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ერთი სიტყვაც არ მესმოდა. მხოლოდ მადლობის გადახდა შემეძლო. ერთხელ, როცა ერთ დას კომენტარის შემდეგ მადლობა გადავუხადე, მის უკან მსხდომებმა მანიშნეს, რომ მან არასწორი პასუხი გასცა. მალევე სხვა ძმას ვაპასუხებინე, რომელმაც სწორად უპასუხა, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ასე იყო“.

მან სიხარულით მიიღო მოწვევა

2005 წელს გამართულ კონგრესზე ტიერიმ და მისმა მეუღლემ ნადიამ უყურეს დრამას „დაისახეთ მიზნები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“. ამ გულში ჩამწვდომმა ბიბლიურმა დრამამ, რომელიც ტიმოთეს ცხოვრებას ეხებოდა, მათ კიდევ უფრო გაუძლიერა იქ მსახურების სურვილი, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ტიერი ამბობს: «დრამის დასრულების შემდეგ ტაშს რომ ვუკრავდით, ჩემს მეუღლეს ვკითხე: „ესე იგი, სად მივდივართ?“. მან მითხრა, რომ ისიც ზუსტად ამაზე ფიქრობდა». მალევე მათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რათა თავიანთი მიზნისთვის მიეღწიათ. ნადია იხსენებს: „თანდათანობით იმდენად შევამცირეთ ჩვენი ნივთები, რომ ყველაფერი მხოლოდ ოთხ ჩემოდანში ჩაეტია“.

მარცხნივ: ნადია და მერი-მადელინი; მარჯვნივ: ტიერი

ისინი მადაგასკარზე 2006 წელს ჩავიდნენ და თავიდანვე დიდი სიხარულით შეუდგნენ მსახურებას. ნადია ამბობს: „ძალიან გვიხარია, რომ ხალხი დადებითად ეხმაურება სასიხარულო ცნობას“.

თუმცა ექვსი წლის შემდეგ ამ წყვილს სერიოზული სადარდებელი გაუჩნდა. ნადიას დედა მერი-მადელინი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, წაიქცა, ხელი მოიტეხა და თავის ტრავმა მიიღო. ექიმთან საუბრის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, მერი-მადელინისთვის მადაგასკარზე გადასვლა ეთხოვათ. მიუხედავად იმისა, რომ ის 80 წელს იყო მიღწეული, მან სიხარულით მიიღო მოწვევა. რას ფიქრობს ის სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე? მერი-მადელინი აღნიშნავს: „ხანდახან ადვილი არ არის ცვლილებებთან შეგუება, მაგრამ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, კრებაში თავს საჭიროდ მაგრძნობინებენ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი აქ ყოფნით სიძესა და ქალიშვილს ხელს ვუწყობ, კვლავაც განაგრძონ ამ ქვეყანაში მსახურება“.

„იეჰოვა ზუსტად იმ დროს დამეხმარა, როცა მჭირდებოდა“

რინი მოხსენებას კითხულობს ანტანდროი ენაზე

22 წლის ძმა რინი აღმოსავლეთ მადაგასკარის ნაყოფიერ მხარეში, ალაოტრა-მანგოროში გაიზარდა. ის სკოლაში კარგად სწავლობდა და სურდა, უმაღლესი განათლება მიეღო. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ სხვა მიზანი დაისახა. ის გვიამბობს: „მინდოდა, საშუალო სკოლა დროზე ადრე დამემთავრებინა. ამიტომ იეჰოვას შევპირდი, რომ, თუ ბოლო გამოცდას ჩავაბარებდი, პიონერად მსახურებას დავიწყებდი“. მართლაც რინიმ შეასრულა თავისი პირობა. ის ერთ პიონერ ძმასთან ერთად დაშორებულ ტერიტორიაზე გადავიდა, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო იშოვა და პიონერობა დაიწყო. ის ამბობს: „ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“.

თუმცა რინის ნათესავებს არ ესმოდათ, რატომ თქვა მან უარი კარიერის შექმნაზე. ის ამბობს: „მამაჩემი, ბიძაჩემი და ბებიაჩემის უმცროსი და უმაღლესი განათლების მიღებისკენ მომიწოდებდნენ. მაგრამ მე არაფრის დიდებით არ მინდოდა პიონერობის შეწყვეტა“. მალევე რინი იქ გადავიდა საქადაგებლად, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. რამ გაუჩინა მას ამის სურვილი? ის ყვება: „ერთხელ ქურდებმა ბინა გაგვიტეხეს და ბევრი რამ წაიღეს. ამ შემთხვევამ დამაფიქრა იესოს სიტყვებზე, რომლებიც განძის ზეცაში მოგროვებაზე თქვა. გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა სულიერი განძის მოსაგროვებლად“ (მათ. 6:19, 20). ის თავისი ქალაქიდან 1 300 კილომეტრის მოშორებით ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გადავიდა. ეს იყო საკმაოდ ცხელი და გვალვიანი მხარე, სადაც ანტანდროის ტომი ცხოვრობდა. რატომ წავიდა რინი იქ?

გაძარცვამდე ერთი თვით ადრე რინიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ორ ანტანდროი მამაკაცთან. მან ისწავლა რამდენიმე ფრაზა მათ ენაზე და ფიქრობდა, რომ მათგან ბევრს გაგონილიც კი არ ჰქონდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ის ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ტერიტორიაზე გადასვლაში დამხმარებოდა“.

რინი იქ ჩასვლისთანავე წააწყდა სირთულეებს. ის სამუშაოს ვერ შოულობდა. ერთმა კაცმა უთხრა: „აქ რამ ჩამოგიყვანა? სამუშაოს საძებნელად ხალხი იქ მიდის, საიდანაც შენ ჩამოხვედი!“. ორი კვირის შემდეგ რინი ისე წავიდა კონგრესზე, რომ ჯიბეში ერთი კაპიკიც არ ედო და არც ის იცოდა, სად ეშოვა. კონგრესის ბოლო დღეს ერთმა ძმამ რინის პიჯაკის ჯიბეში რაღაც ჩაუდო. ეს საკმარისი თანხა იყო იმისთვის, რომ უკან დაბრუნებულიყო და იოგურტებით ვაჭრობა დაეწყო. რინი ამბობს: „იეჰოვა ზუსტად იმ დროს დამეხმარა, როცა მჭირდებოდა. იმ ხალხთან ქადაგების გაგრძელება შევძელი, რომელთაც მანამდე არ სმენოდათ იეჰოვას შესახებ!“. კრებაშიც ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. რინი დასძენს: „ყოველ მეორე კვირას საჯარო მოხსენება უნდა წამეკითხა. იეჰოვამ ბევრი მასწავლა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით“. რინი დღემდე ამ ტერიტორიაზე ქადაგებს და სულიერს მოწყურებულ ხალხს იეჰოვას გაცნობაში ეხმარება.

„ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს“

იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ყველა, ვინც კურთხევას ეძებს დედამიწაზე, „ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს“ (ეს. 65:16). როცა ყველანაირად ვცდილობთ, გადავლახოთ დაბრკოლებები მსახურების გასაფართოებლად, საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა. დაფიქრდით ზემოთ მოხსენიებული სილვიანას მაგალითზე. როგორც გახსოვთ, ის ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა იმ ტერიტორიაზე მსახურებას, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. რა იყო მიზეზი? ის ამბობს: „მარცხენა ფეხი 9 სანტიმეტრით მოკლე მაქვს მარჯვენაზე, ამიტომ სიარულის დროს ვკოჭლობ და მალე ვიღლები“.

სილვიანა (მარცხნივ) და სილვია ენი (მარჯვნივ) დორათინთან ერთან მისი ნათლობის დღეს

მიუხედავად ამისა, 2014 წელს სილვიანა თავის კრებელ ახალგაზრდა პიონერ დასთან, სილვია ენთან ერთად 85 კილომეტრით დაშორებულ სოფელში გადავიდა მსახურების გასაფართოებლად. დაბრკოლებების მიუხედავად, სილვიანას ოცნება ახდა და იეჰოვამ აკურთხა ის! სილვიანა გვიამბობს: „სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ერთი ახალგაზრდა ქალი დორათინი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი, სარაიონო კონგრესზე მოინათლა“.

„მე დაგეხმარები“

როგორც ზემოთ მოხსენიებული და-ძმების სიტყვებიდან ჩანს, როცა ვცდილობთ, გადავლახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და გავაფართოოთ მსახურება, თავად ვრწმუნდებით იეჰოვას სიტყვების უტყუარობაში, რომელსაც ის თავის მსახურებს ეუბნება: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10). შედეგად, იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმავდება. გარდა ამისა, როცა მზადყოფნას ვავლენთ და ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ვაფართოებთ მსახურებას, იმ თეოკრატიული საქმეებისთვის ვემზადებით, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში გვექნება გასაკეთებელი. ზემოთ მოხსენიებული დიდიე ამბობს: „იქ მსახურება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მომავლისთვის გვამზადებს!“. დაე ბევრი მომზადდეს ასეთი საქმისთვის!

^ აბზ. 4 ეს ქვეყნებია: კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, გვადელუპა, ლუქსემბურგი, ახალი კალედონია, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

^ აბზ. 8 ახლა ეწოდება სამეფოს მახარობელთა სკოლა. სრული დროით მსახურებს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ და შეესაბამებიან მოთხოვნებს, შეუძლიათ შეავსონ განცხადება, რათა ეს სკოლა თავიანთ ქვეყანაში ან იქ გაიარონ, სადაც მათ მშობლიურ ენაზე ტარდება.