არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსენების საღამო ღვთის ხალხის ერთობას უწყობს ხელს

გახსენების საღამო ღვთის ხალხის ერთობას უწყობს ხელს

„რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1).

სიმღერები: 149, 99

1, 2. ყველაზე მეტად რომელი მოვლენა გააერთიანებს ღვთის ხალხს 2018 წელს და რატომ? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

შაბათს, 2018 წლის 31 მარტს, მზის ჩასვლისას ღვთის ხალხი ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ბევრ ადამიანთან ერთად უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბება. როგორც კი მზე ჩავა, მილიონები აღნიშნავენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. წლიდან-წლამდე მთელ მსოფლიოში ადამიანთა ასეთი საოცარი ერთობა სხვა არცერთი მოვლენის დროს არ მიიღწევა!

2 წარმოიდგინეთ, როგორ ახარებს იეჰოვასა და იესოს იმის დანახვა, რომ მილიონები აღნიშნავენ ამ განსაკუთრებულ მოვლენას. ამ დღეს უფლის გახსენების საღამო დედამიწის სხვადასხვა კუთხეში თითქმის ყოველ ერთ საათში აღინიშნება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „უამრავი ხალხი, რომლის [დათვლასაც ვერავინ შეძლებდა], ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“, ხმამაღლა იტყოდა: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ (გამოცხ. 7:9, 10). რა შესანიშნავია, რომ ყოველ წელს გახსენების საღამოს აღნიშვნით პატივს მივაგებთ იეჰოვასა და იესოს!

3. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: 1) როგორ მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის, რომ მასზე დასწრება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის? 2) როგორ უწყობს ხელს გახსენების საღამო ღვთის ხალხის ერთობას? 3) როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა ამ ერთობაში? 4) შეწყდება ოდესმე გახსენების საღამოს აღნიშვნა? თუ დიახ, როდის?

როგორ მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის, რომ მასზე დასწრება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის?

4. რატომ არის მნიშვნელოვანი, ყველანაირად ვეცადოთ, დავესწროთ გახსენების საღამოს?

4 იფიქრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გახსენების საღამოზე დასწრება. გახსოვდეთ, რომ კრების შეხვედრები ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია. ცხადია, იეჰოვას და იესოს მხედველობიდან არ რჩებათ ისინი, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრონ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ და იესომ გახსენების საღამოზე დამსწრეთა შორის შეგვნიშნონ, თუ რა თქმა უნდა, გამოუვალი მდგომარეობა არა გვაქვს ან ფიზიკურად შეუძლებელია შეხვედრაზე დასწრება. როცა საქმით ცხადვყოფთ, რომ ღვთის თაყვანსაცემად შეკრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთ მიზეზს ვაძლევთ იეჰოვას, რომ ჩვენი სახელი „სამახსოვრო წიგნში“ ანუ „სიცოცხლის წიგნში“ დატოვოს, სადაც მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთა სახელები წერია (მალ. 3:16; გამოცხ. 20:15).

5. როგორ შეგვიძლია გახსენების საღამოს წინა დღეებში შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა?

5 გახსენების საღამოს წინა დღეებში შეგვიძლია უფრო მეტი დრო გამოვყოთ ლოცვისთვის და იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე ღრმად ფიქრისთვის (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, რწმენაში ვართ თუ არა. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „მართლა მჯერა, რომ იმ ორგანიზაციის წევრი ვარ, რომელსაც იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად იყენებს? მაქსიმალურად ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სამქადაგებლო საქმიანობასა და ღვთის სიტყვის სწავლებაში? ჩანს ჩემი საქმეებიდან იმის რწმენა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და მალე სატანის მმართველობას წერტილი დაესმება? ისევე ვენდობი იესოს და იეჰოვას, როგორც მაშინ, როცა თავი მივუძღვენი მას?“ (მათ. 24:14; 2 ტიმ. 3:1; ებრ. 3:14). ამ კითხვებზე ღრმად დაფიქრება დაგვეხმარება, გამოვცადოთ საკუთარი თავი.

6. ა) რომელია მარადიული სიცოცხლის მიღების ერთადერთი გზა? ბ) როგორ ემზადება ყოველ წელს ერთი უხუცესი გახსენების საღამოსთვის და როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მას?

6 წაიკითხეთ ის პუბლიკაციები თუ სტატიები, რომლებიც ხაზს უსვამს გახსენების საღამოს მნიშვნელოვნებას და იფიქრეთ მათზე! (წაიკითხეთ იოანეს 3:16; 17:3). მარადიული სიცოცხლის მიღების ერთადერთი გზა ის არის, რომ ვეცნობოდეთ იეჰოვას და რწმენას ვავლენდეთ მისი მხოლოდშობილი ძის, იესოს მიმართ. გახსენების საღამოსთვის შესაფერისი განწყობის შესაქმნელად კარგი იქნება, თუ შესწავლის ისეთ გეგმას შეადგენთ, რომელიც უფრო მეტად დაგაახლოებთ იეჰოვასთან და იესოსთან. აი რა მეთოდს მიმართა ერთმა ძმამ, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს. წლების მანძილზე ის აგროვებდა „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს, რომლებიც გახსენების საღამოს ეხებოდა და საუბარი იყო იეჰოვასა და იესოს მიერ ჩვენდამი გამოვლენილ სიყვარულზე. გახსენების საღამომდე რამდენიმე კვირით ადრე ის ხელახლა კითხულობს ამ სტატიებს და ფიქრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა. დროდადრო ის თავის „კოლექციას“ ერთ ან ორ ახალ სტატიას ამატებს. როგორც თავად ამბობს, ამ სტატიებისა და გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთების ხელახლა წაკითხვისა და მათზე ფიქრის დროს ის ყოველთვის რაღაც ახალს იგებს. რაც მთავარია, ის გრძნობს, რომ წლიდან წლამდე უფრო მეტად უღრმავდება იეჰოვასა და იესოს მიმართ სიყვარული. შესწავლის ასეთი გეგმა თქვენც დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად შეიყვაროთ იეჰოვა და იესო და მადლიერება გამოავლინოთ მათ მიმართ. სწორედ ამ შემთხვევაში იქნება გახსენების საღამო თქვენთვის უფრო სასარგებლო.

გახსენების საღამო ხელს უწყობს ჩვენს ერთობას

7. ა) რაზე ილოცა იესომ, როდესაც პირველად აღნიშნა უფლის გახსენების საღამო? ბ) საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ უპასუხა იესოს ლოცვას?

7 იმ ღამეს, როდესაც პირველად აღნიშნა უფლის გახსენების საღამო, იესომ ილოცა და ღმერთს სთხოვა, რომ მის მიმდევრებსაც ისეთივე ერთობა ჰქონოდათ, როგორიც მას მამასთან ჰქონდა (წაიკითხეთ იოანეს 17:20, 21). იეჰოვამ შეისმინა თავისი ძვირფასი ძის სათხოვარი. შედეგად, დღეს მილიონებს სწამთ, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა. იეჰოვას ხალხს შორის არსებული ერთობა ყველაზე მეტად გახსენების საღამოს დროს ჩანს, რადგან ამ დროს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეროვნებისა თუ რასის ადამიანები ერთად იკრიბებიან. ზოგისთვის დაუჯერებელია და გაუგონარიც კი, რომ რელიგიურ შეხვედრაზე განსხვავებული რასის ადამიანები ერთად შეიკრიბონ. ზოგი კი ასეთ შეკრებებს ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს. მაგრამ იეჰოვასა და იესოს ძალიან სიამოვნებთ, რომ თავიანთ მსახურებს შორის ასეთ ერთობას ხედავენ!

8. რა ცნობა გადასცა იეჰოვამ ეზეკიელს?

8 ჩვენ, ღვთის ხალხს, არ გვიკვირს ასეთი ერთობა, რადგან იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა ეს. დავფიქრდეთ, რა ცნობა გადასცა მან წინასწარმეტყველ ეზეკიელს. ღმერთმა მას უთხრა, რომ აეღო ორი ჯოხი — ერთი იუდასთვის, მეორე კი — იოსებისთვის, და ერთმანეთისთვის მიედო, რომ ერთ ჯოხად ქცეულიყო (წაიკითხეთ ეზეკიელის 37:15—17). 2016 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“ ნათქვამი იყო: «იეჰოვამ ეზეკიელს იმედის მომცემი ცნობა გადასცა, რომლის თანახმადაც აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შემდეგ ისრაელი ერი გაერთიანდებოდა. ამ ცნობით აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო „ბოლო დღეებში“ ღვთის ხალხის გაერთიანება».

9. როგორ ჩანს ეზეკიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ერთობა გახსენების საღამოს დროს?

9 იეჰოვამ 1919 წლიდან ჯერ ცხებული ქრისტიანების რეორგანიზება და გაერთიანება დაიწყო, რომლებიც სიმბოლურად „იუდას ჯოხით“ იყვნენ წარმოდგენილი. შემდეგ ცხებულ ქრისტიანებს შეუერთდნენ „იოსების ჯოხით“ წარმოდგენილი მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომელთა რიცხვიც თანდათან იზრდებოდა. ამგვარად, ეს ორი ჯგუფი „ერთ სამწყსოში“ გაერთიანდა (იოან. 10:16; ზაქ. 8:23). იეჰოვამ თქვა, რომ ამ ორ ჯოხს ერთ ჯოხად აქცევდა თავის ხელში (ეზეკ. 37:19). დღეს ორივე ჯგუფის წევრები გაერთიანებულად ემსახურებიან ღმერთს. მათ ერთი მეფე ჰყავთ — განდიდებული იესო ქრისტე, რომელსაც წინასწარმეტყველურად ღვთის „მსახური დავითი“ ეწოდება (ეზეკ. 37:24, 25). ეზეკიელის წიგნში აღწერილი ეს საოცარი ერთობა განსაკუთრებით შეიგრძნობა ყოველწლიურად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს, როდესაც დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები „სხვა ცხვართან“ ერთად იკრიბებიან ამ დღის აღსანიშნავად. მაგრამ პირადად ჩვენ რის გაკეთება გვმართებს, რომ გავუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ ღვთის ხალხის ერთობას?

რის გაკეთება გვმართებს, რომ ხელი შევუწყოთ ერთობას?

10. როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ღვთის ხალხის ერთობას?

10 პირველი, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ღვთის ხალხის ერთობაში, თავმდაბლობის განვითარებაა. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, რომ თავი დაემდაბლებინათ (მათ. 23:12). თუ გულით თავმდაბლები ვართ, არ მოვექცევით ქვეყნიერების სულის გავლენაში და საკუთარ თავს დიდ ვინმედ არ წარმოვაჩენთ. ნაცვლად ამისა, თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ დავემორჩილოთ ხელმძღვანელ ძმებს; მორჩილება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრებაში ერთობა შევინარჩუნოთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი თავმდაბლობა იეჰოვას გაუხარებს გულს, რომელიც „ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5).

11. როგორ დაგვეხმარება გახსენების საღამოს სიმბოლოების მნიშვნელობაზე ფიქრი, რომ ხელი შევუწყოთ ერთობას?

11 მეორე, ერთობას ხელს შევუწყობთ, თუ ვიფიქრებთ გახსენების საღამოს სიმბოლოების მნიშვნელობაზე. გახსენების საღამომდე, განსაკუთრებით კი იმ დღეს, დაფიქრდით, რას ასიმბოლოებს უფუარი პური და წითელი ღვინო (1 კორ. 11:23—25). პური განასახიერებს იესოს უცოდველ სხეულს, რომელიც მან მსხვერპლად გაიღო, ღვინო კი — მის მიერ დაღვრილ სისხლს. თუმცა მხოლოდ ამის ცოდნა არ კმარა. გახსოვდეთ, რომ გამოსასყიდი იეჰოვასა და იესოს უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს — იეჰოვამ ჩვენი გულისთვის საკუთარი ძე გასწირა, იესომ კი მზადყოფნით გაიღო ჩვენთვის თავისი სიცოცხლე. იმაზე ფიქრი, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ მათ, აღგვძრავს, რომ ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ. იეჰოვას თაყვანისმცემლებს სწორედ მისადმი სიყვარული გვაერთიანებს და გვეხმარება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენ შორის არსებული ერთობა.

როცა მიმტევებლობას ვავლენთ, ერთობას ვუწყობთ ხელს (იხილეთ აბზაცები 12, 13)

12. როგორ დაგვანახვა იესომ მაგალითის მეშვეობით, რომ იეჰოვა ჩვენგან მიმტევებლობას მოელის?

12 მესამე, რითაც ხელს ვუწყობთ ერთობას სხვებისთვის მთელი გულით პატიებაა. როცა მწყენინებელს ვპატიობთ, მადლიერებას ვავლენთ იესოს გამოსასყიდის მიმართ, რომლის საფუძველზეც გვეპატიება ცოდვები. დაფიქრდით იესოს მიერ მათეს 18:23—34-ში მოყვანილ მაგალითზე. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მსურს, ცხოვრებაში გამოვიყენო ამ მაგალითიდან ნასწავლი? ვავლენ მოთმინებას და გაგებით ვეკიდები თანაქრისტიანებს? მზად ვარ, ვაპატიო მათ, ვინც მაწყენინა?“. ფაქტია, არის ისეთი ცოდვები, რომელთა პატიებაც არასრულყოფილების გამო ძალიან გვიჭირს. თუმცა ამ მაგალითიდან ვიგებთ, რას მოელის იეჰოვა ჩვენგან (წაიკითხეთ მათეს 18:35). იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ იეჰოვა არ გვაპატიებს ცოდვებს, თუ ჩვენ არ ვპატიობთ და-ძმებს, როცა ისინი გულწრფელად ინანიებენ. როგორი გამომაფხიზლებელი აზრია! ჩვენ იმ შემთხვევაში გავუფრთხილდებით და არ შევუქმნით საფრთხეს ღვთის ხალხის საოცარ ერთობას, თუ ისე ვაპატიებთ სხვებს, როგორც იესომ გვასწავლა.

13. როგორ ვუწყობთ ხელს ერთობას, როცა სხვებთან მშვიდობის შენარჩუნებას ვცდილობთ?

13 როცა სხვებს ვპატიობთ, ცხადვყოფთ, რომ მშვიდობისმყოფელნი ვართ. გაიხსენეთ პავლე მოციქულის რჩევა: „გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3). გახსენების საღამოს პერიოდში, განსაკუთრებით კი იმ დღეს, სერიოზულად დაფიქრდით, თუ როგორ ექცევით სხვებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მიცნობენ ისეთ ადამიანად, რომელიც გულში ბოღმას არ იტოვებს? ხედავენ სხვები, რომ ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო მშვიდობასა და ერთობას?“. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებზეც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ.

14. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ სიყვარულით ვუთმენთ ერთმანეთს?

14 მეოთხე, ერთობას იმ შემთხვევაშიც შევუწყობთ ხელს, თუ მივბაძავთ იეჰოვას, სიყვარულის ღმერთს, და გამოვავლენთ ამ უძვირფასეს თვისებას (1 იოან. 4:8). არასდროს გვინდა, და-ძმებზე ასეთი რამ ვიფიქროთ: „შეიძლება უნდა მიყვარდეს და-ძმები, მაგრამ დიდად არ მომდიან თვალში!“. ასეთი აზროვნება ეწინააღმდეგება პავლეს რჩევას: „სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:2). ყურადღება მიაქციეთ, მას არ უთქვამს, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა მოვუთმინოთ ერთმანეთს, არამედ თქვა, რომ სიყვარულით უნდა გავაკეთოთ ეს. ამ ორ აზრს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ქრისტიანულ კრებაში ყველანაირი ადამიანია, რომლებიც იეჰოვამ მიიზიდა (იოან. 6:44). ასე რომ, თუ იეჰოვამ მიიზიდა ისინი, ესე იგი მათში დაინახა ისეთი თვისებები, რის გამოც შეიყვარა. განა გვაქვს იმის უფლება, რომ თანაქრისტიანები ჩვენი სიყვარულის ღირსად არ ჩავთვალოთ?! ამიტომ და-ძმები ისეთი სიყვარულით უნდა შევიყვაროთ, როგორ სიყვარულსაც იეჰოვა მოელის ჩვენგან (1 იოან. 4:20, 21).

როდის აღინიშნება უკანასკნელად გახსენების საღამო?

15. საიდან ვიცით, რომ გახსენების საღამოს აღნიშვნა შეწყდება?

15 დადგება დღე, როცა გახსენების საღამო უკანასკნელად აღინიშნება. საიდან ვიცით ეს? კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში პავლემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა, რომ ყოველ წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნით „უფლის სიკვდილს [აუწყებდნენ] მის მოსვლამდე“ (1 კორ. 11:26). სიტყვა „მოსვლამდე“ იმავე მოვლენაზე მიუთითებს, რომელზეც სიტყვა „მომავალი“, რომელიც იესომ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით მოიხსენია. დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც წინ გველის, მან თქვა: „ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს. [იესო] გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, ცის კიდით კიდემდე“ (მათ. 24:29—31). რჩეულების შეკრება მიუთითებს იმ დროზე, როცა დედამიწაზე დარჩენილი ყველა ცხებული ქრისტიანი მიიღებს ზეციერ ჯილდოს. ეს მოხდება დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის შემდეგ და არმაგედონის დაწყებამდე არსებულ დროის მონაკვეთში. ამის შემდეგ იესო 144 000 თანამმართველთან ერთად სძლევს დედამიწის მეფეებს (გამოცხ. 17:12—14). აქედან გამომდინარე, გახსენების საღამო აღარ აღინიშნება მას შემდეგ, რაც იესო მოვა და დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებს ზეცაში შეკრებს.

16. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ აუცილებლად დაესწროთ ამ წელს გახსენების საღამოს?

16 მოდი შევეცადოთ, რომ დავესწროთ გახსენების საღამოს, რომელიც 2018 წლის 31 მარტს აღინიშნება. ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, რათა ხელი შევუწყოთ ღვთის ხალხის ერთობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 133:1). გახსოვდეთ, რომ ერთ-ერთი გახსენების საღამო უკანასკნელი აღმოჩნდება, ამიტომ ყველანაირად ვეცადოთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს შეხვედრა და დავაფასოთ ის სასიამოვნო ერთობა, რომელიც გახსენების საღამოზე სუფევს.