არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?

რატომ ვიღებთ შესაწირავებს ღვთისთვის, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?

„ჩვენო ღმერთო, გმადლობთ და ვაქებთ შენს მშვენიერ სახელს!“ (1 მატ. 29:13).

სიმღერები: 95, 58

1, 2. როგორ იყენებს იეჰოვა გულუხვად მატერიალურ რესურსებს?

იეჰოვა გულუხვი ღმერთია. ყველაფერი მისგან გვაქვს. იეჰოვასია მთელი ოქრო, ვერცხლი და დედამიწაზე არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რასაც ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყენებს (ფსალმ. 104:13—15; ანგ. 2:8). ბიბლიაში ჩაწერილია არაერთი მაგალითი, თუ როგორ გამოიყენა იეჰოვამ სასწაულებრივად დედამიწაზე არსებული რესურსები თავისი ხალხის უზრუნველსაყოფად.

2 უდაბნოში იეჰოვა ისრაელ ერს 40 წლის მანძილზე აძლევდა მანანასა და სასმელ წყალს (გამ. 16:35). შედეგად, მათ „არაფერი მოჰკლებიათ“ მთელი ამ დროის განმავლობაში (ნეემ. 9:20, 21). წინასწარმეტყველ ელისეს მეშვეობით იეჰოვამ ერთგულ ქვრივს, რომელსაც ერთი დოქი ზეთიღა ებადა, სასწაულებრივად იმდენი ზეთი მისცა, რომ ქვრივმა მისი გაყიდვის შემდეგ ვალებიც გადაიხადა და მას და მის ვაჟებს საარსებოდ საკმარისი ფულიც დარჩათ (2 მეფ. 4:1—7). იეჰოვას დახმარებით იესომ საკვები და ფულიც კი გააჩინა, როცა ეს საჭირო იყო (მათ. 15:35—38; 17:27).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 იეჰოვას შეუძლია შეუზღუდავად გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნოს მიწიერ ქმნილებებს. მიუხედავად ამისა, ის შესაძლებლობას აძლევს თავის მსახურებს, რომ თავიანთი ქონებით მხარი დაუჭირონ მის ორგანიზაციას (გამ. 36:3—7; წაიკითხეთ იგავების 3:9). რატომ მოელის იეჰოვა, რომ მისგან ბოძებულ ქონებას ისევ მისთვის გავიღებთ? როგორ უჭერდნენ მატერიალურად მხარს წარსულში მცხოვრები ღვთის მსახურები იეჰოვას წარმომადგენლებს? და როგორ იყენებს დღეს ორგანიზაცია შეწირულ თანხებს? ამ კითხვებზე წინამდებარე სტატია გაგვცემს პასუხს.

რატომ ვიღებთ იეჰოვასთვის შესაწირავს?

4. რას ვუმტკიცებთ იეჰოვას, როცა მხარს ვუჭერთ მის საქმეს?

4 შესაწირავის გაღებით ჩვენ სიყვარულსა და მადლიერებას ვავლენთ იეჰოვას მიმართ. როდესაც ვფიქრობთ, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის, გული მადლიერებით გვევსება. როცა მეფე დავითი ხალხს უხსნიდა, რა იყო საჭირო ტაძრის ასაშენებლად, მან თქვა, რომ ყველაფერი იეჰოვასგან გვაქვს და ვერაფერს გავიღებთ მისთვის ისეთს, რაც მისი მოცემული არ არის (წაიკითხეთ 1 მატიანის 29:11—14).

5. როგორ ჩანს ბიბლიიდან, რომ უანგაროდ გაცემა ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია?

5 შესაწირავების გაღება იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნაწილიც არის. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, რომ ღვთის ზეციერი მსახურები ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:11). ჩვენ გვინდა, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის და ამგვარად დამსახურებულად მივაგოთ დიდება და პატივი მას. მოსეს მეშვეობით იეჰოვამ მოუწოდა ისრაელ ერს, რომ შეკრებილიყვნენ სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად. ვინაიდან ამ დღესასწაულების დროს შესაწირავების გაღება თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო, ისინი ხელცარიელი არ უნდა წარმდგარიყვნენ იეჰოვას წინაშე (კან. 16:16). მსგავსად, მადლიერების ნიშნად და იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის მხარდასაჭერად შესაწირავის უანგაროდ გაღება ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

6. რატომ არის გაცემა ჩვენთვისვე სასიკეთო? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

6 გაცემა ჩვენთვისვეა სასიკეთო. კარგია, როცა გულუხვად გავცემთ და მხოლოდ მიღებაზე არ ვფიქრობთ (წაიკითხეთ იგავების 29:21). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს მშობლებს შვილისგან მიღებული საჩუქარი, რომელიც მათივე მიცემული ფულით იყიდა! შეიძლება ახალგაზრდა პიონერი, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს, გარკვეულ თანხას აძლევს მათ ქირის გადასახდელად ან საკვების საყიდლად. შესაძლოა მშობლები არ ელიან ამას, მაგრამ მაინც იღებენ შვილისგან ამ თანხას, რადგან შვილი ასეთი სახით მადლიერებას ავლენს მშობლების მიერ გაწეული ამაგისთვის. ასევეა იეჰოვას შემთხვევაშიც. მან იცის, რომ, როდესაც ჩვენი ქონებიდან გავცემთ, ეს ჩვენთვისვეა სასარგებლო.

შესაწირავის გაღება წარსულში

7, 8. როგორ დაგვიტოვეს ძველად მცხოვრებმა ღვთის მსახურებმა შესაწირავის გაღების კარგი მაგალითი ა) ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად? ბ) ღვთის საქმის მხარდასაჭერად?

7 ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას საქმის მხარდასაჭერად ხალხი ოდითგანვე იღებდა შესაწირავებს. იყო შემთხვევები, როცა იეჰოვას ხალხი შესაწირავებით მხარს უჭერდა ზოგიერთი პროექტის განხორციელებას. მაგალითად, მოსემ მოუწოდა ხალხს, მოეტანათ შესაწირავები კარვის ასაგებად. მსგავსად მოიქცა მეფე დავითიც, როცა ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალას აგროვებდა (გამ. 35:5; 1 მატ. 29:5—9). მეფე იეჰოაშის დროს მღვდლებმა შეწირული თანხები იეჰოვას ტაძრის შესაკეთებლად გამოიყენეს (2 მეფ. 12:4, 5). პირველ საუკუნეში, როცა ძმებმა გაიგეს, რომ შიმშილობის გამო თანაქრისტიანებს დახმარება სჭირდებოდათ, „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქ. 11:27—30).

8 ზოგჯერ იეჰოვას ხალხი მატერიალურად უჭერდა მხარს მათ, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრა. მოსეს კანონის თანახმად, სხვა ტომებისგან განსხვავებით ლევიანები არ იღებდნენ სამკვიდროს. ისრაელები მათთვის მეათედს სწირავდნენ, რაც ლევიანებს საშუალებას აძლევდა, რომ მთელი ყურადღება კარავში მსახურებაზე გადაეტანათ (რიცხ. 18:21). მსგავსად ამისა, იესოსა და მისი მოციქულების მიმართ გულუხვობას იჩენდნენ ღვთისმოშიში ქალები, „რომლებიც მათ თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ“ (ლუკ. 8:1—3).

9. საიდან ჰქონდათ ღვთის მსახურებს მატერიალური სახსრები, რომლებსაც შესაწირავად იღებდნენ?

9 ის, რასაც ხალხი შესაწირავად იღებდა, სხვადასხვა გზით ჰქონდათ მოპოვებული. მაგალითად, ისრაელებმა უდაბნოში კარვის ასაგებად, როგორც ჩანს, ეგვიპტიდან წამოღებული ნივთებიც შესწირეს (გამ. 3:21, 22; 35:22—24). პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ყიდდა თავის ქონებას, მაგალითად მინდვრებსა და სახლებს, და აღებული ფული მოციქულებთან მიჰქონდა, ისინი კი ამ თანხებს საჭიროების მიხედვით ანაწილებდნენ (საქ. 4:34, 35). ზოგ ქრისტიანს ყოველთვის ჰქონდა გადადებული თანხა და რეგულარულად სწირავდა მას ღვთის საქმის მხარდასაჭერად (1 კორ. 16:2). ასე რომ, ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში (ლუკ. 21:1—4).

შესაწირავის გაღება დღეს

10, 11. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ გულუხვობაში ბიბლიურ დროში მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს? ბ) თვლით დიდ პატივად, რომ სამეფოს საქმის მხარდაჭერის შესაძლებლობა გაქვთ?

10 შესაწირავის გაღება შეიძლება დღესაც გახდეს საჭირო ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ხომ არ იგეგმება ახალი სამეფო დარბაზის აშენება, რომლითაც თქვენი კრებაც ისარგებლებს? ან შეკეთებას ხომ არ საჭიროებს ის სამეფო დარბაზი, რომელსაც ამჟამად იყენებთ? შეიძლება გარკვეული თანხებია საჭირო ადგილობრივი ფილიალისა თუ საკონგრესო დარბაზის გასარემონტებლად ან სტიქიური უბედურებით დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად. ჩვენ შესაწირავებს მსოფლიო მთავარ სამმართველოსა თუ სხვა ფილიალებში მომსახურე და-ძმების მხარდასაჭერადაც ვწირავთ. გარდა ამისა, შეწირული თანხები მისიონერების, სპეციალური პიონერებისა და სარაიონო ზედამხედველების ხარჯების დასაფარავად გამოიყენება. ალბათ, თქვენი კრებაც სწირავს ყოველთვიურად სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობისთვის წინასწარ განსაზღვრულ თანხას, რათა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს შესაფერისი ადგილები ჰქონდეთ თაყვანისმცემლობისთვის.

11 თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ საქმეს, რომელსაც იეჰოვა ამ ბოლო დღეებში ახორციელებს. უმეტესწილად შესაწირავების გაღება ანონიმურად ხდება. შესაწირავებს ან სამეფო დარბაზებში განთავსებულ ყუთებში ვყრით, ან jw.org-ის მეშვეობით ონლაინ შესაწირავებს ვიღებთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მცირედი შესაწირი საქმეს დიდად ვერ წაადგება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში არსებული თანხები, ძირითადად, ასეთი მცირედი შესაწირავებით გროვდება და არა ერთჯერადად გაღებული დიდი შესაწირავებით. ის და-ძმებიც კი, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ, მაკედონელების მსგავს სულს ავლენენ, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრების მიუხედავად, მოციქულებს ეხვეწებოდნენ, „რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი“ ებოძებინათ (2 კორ. 8:1—4).

12. როგორ ცდილობს ორგანიზაცია, საუკეთესოდ გამოიყენოს შეწირული თანხები?

12 ხელმძღვანელი საბჭო ცდილობს, რომ ორგანიზაციის თანხების განკარგვისას ერთგულება და გონიერება გამოიჩინოს. ისინი ბევრს ლოცულობენ და ფიქრობენ, სანამ გადაწყვეტენ, რაში დაიხარჯება და-ძმების მიერ გაღებული შესაწირავები (მათ. 24:45). შეწირული თანხებით ადგენენ ბიუჯეტს, შემდეგ კი შესაბამისად ხარჯავენ (ლუკ. 14:28). ბიბლიურ დროში ისინი, ვისაც შეწირული თანხების განკარგვა ევალებოდა, ცდილობდნენ, დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად იხარჯებოდა. მაგალითად, ეზრა სპარსეთის მეფის მიერ შეწირული ოქრო-ვერცხლითა და სხვადასხვა ნივთით დატვირთული დაბრუნდა იერუსალიმში. დღეს ამ ქონების საფასური 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნებოდა. ეზრა ამ ქონებას იეჰოვასთვის ნებაყოფლობით გაღებულ შესაწირავად თვლიდა. ამიტომ მან კონკრეტული ზომები მიიღო, რომ ეს საგანძური საშიშ ტერიტორიაზე სახიფათო მგზავრობის დროს დაეცვა (ეზრ. 8:24—34). მოციქულმა პავლემ იუდაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გარკვეული თანხა შეაგროვა. ის დარწმუნდა, რომ მათ, ვინც ეს შესაწირავები წაიღო, „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ . . . [გააკეთეს] ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:18—21). დღეს ჩვენი ორგანიზაცია ჰბაძავს ეზრასა და პავლეს მაგალითს და დიდ სიფრთხილეს იჩენს, როცა საქმე შეწირულ თანხებს ეხება.

13. რატომ მოხდა ბოლო დროს ორგანიზაციაში ზოგიერთი ცვლილება?

13 ოჯახმა შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოახდინოს, რათა გასავალი არ აღემატებოდეს შემოსავალს. ან შეიძლება მათ ცხოვრება გაიმარტივონ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ იეჰოვას მსახურებას. ამავე პრინციპით მოქმედებს იეჰოვას ორგანიზაციაც. ბოლო წლებში ბევრი ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რის გამოც დროდადრო ხარჯი შეწირული თანხების რაოდენობას აღემატება. ამიტომ ორგანიზაცია ეძებს ხარჯების შემცირებისა და საქმის გამარტივების გზებს, რათა თქვენ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავებით უფრო მეტი საქმე გაკეთდეს.

რას ემსახურება თქვენი შესაწირავები?

თქვენი შესაწირავები მსოფლიო საქმეს ხმარდება (იხილეთ აბზაცები 14—16)

1416. ა) რას ემსახურება თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები? ბ) თქვენ როგორ დაგეხმარათ ორგანიზაციული სიახლეები?

14 იეჰოვას დიდი ხნის მსახურთაგან ბევრი ამბობს, რომ ორგანიზაციაში ამდენი სიახლის მომსწრენი არასდროს ყოფილან. ბოლო წლებში ამოქმედდა ვებ-გვერდი jw.org და JW მაუწყებლობა. ბევრ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 2014—2015 წლებში მსოფლიოს 14 ქალაქის დიდ სტადიონებზე ჩატარდა სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“. დამსწრენი აღტაცებას ვერ მალავდნენ.

15 ბევრმა დიდი მადლიერება გამოხატა იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებული შესანიშნავი საჩუქრებისთვის. მაგალითად, ერთმა წყვილმა, რომელიც აზიაში მსახურობს, JW მაუწყებლობის შესახებ მოგვწერა: „ჩვენ პატარა ქალაქში ვმსახურობთ, რის გამოც ზოგჯერ სხვებისგან თავს მოწყვეტილად ვგრძნობთ. ასეთ გარემოში შეიძლება ადვილად დაგვავიწყდეს, რამხელა საქმეს აკეთებს იეჰოვას ორგანიზაცია. მაგრამ JW მაუწყებლობაზე სხვადასხვა პროგრამის ყურების შემდეგ ვრწმუნდებით, რომ საერთაშორისო საძმოს ნაწილი ვართ. ჩვენს საყვარელ ადგილობრივ და-ძმებსაც ძალიან მოსწონთ JW მაუწყებლობა. ისინი ხშირად ამბობენ, რომ ყოველთვიური პროგრამის ყურების შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები მათთვის უფრო ახლობლები ხდებიან. ახლა, ისე როგორც არასდროს, მათ ეამაყებათ, რომ ღვთის ორგანიზაციას მიეკუთვნებიან“.

16 დღეს მთელ მსოფლიოში თითქმის 2 500 სამეფო დარბაზი შენდება ან საფუძვლიანად რემონტდება. ჰონდურასში ახალი სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ ერთმა კრებამ მოგვწერა: „ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვას დიდ ოჯახს მივეკუთვნებით და გვყავს მსოფლიო საძმო. მათი დახმარებით რეალობად იქცა ჩვენი ოცნება, რომ დასახლებაში სამეფო დარბაზი გვქონოდა“. ბევრმა მსგავსი მადლიერება გამოხატა მათ ენაზე ნათარგმნი ბიბლიისა და პუბლიკაციებისთვის, სტიქიური უბედურების დროს აღმოჩენილი დახმარებისა თუ იმ შედეგებისთვის, რომლებიც მათ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სტენდებით ქადაგებას მოჰყვა.

17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავისი ორგანიზაციის საქმიანობას?

17 ბევრს უკვირს, როგორ ვასრულებთ ამხელა საქმეს მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ჩვენს ერთ-ერთ სტამბაში ექსკურსიის შემდეგ ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენელი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ მთელი საქმე მოხალისეების მიერ სრულდებოდა ნებაყოფლობითი შესაწირავებით, პუბლიკაციები სრულიად უფასო იყო და არ ხდებოდა თანხების შეგროვება. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მისი აზრით, წარმოუდგენელია. ამაში ჩვენც ვეთანხმებით მას! ამ საქმის შესრულება მხოლოდ იეჰოვას მხარდაჭერით არის შესაძლებელი (იობ. 42:2).

კურთხევები, რომლებიც იეჰოვასთვის შესაწირავის გაღებას მოაქვს

18. ა) რა კურთხევებს ვიღებთ, როცა სამეფოს საქმეს შესაწირავებით ვუჭერთ მხარს? ბ) როგორ შეგვიძლია ვასწავლოთ შვილებსა და დაინტერესებულებს შესაწირავის გაღება?

18 იეჰოვამ გვარგუნა პატივი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ დიდებულ საქმეს, რომელიც დღეს სრულდება. ის გვარწმუნებს, რომ სამეფოს მხარდაჭერა კურთხევებს მოგვიტანს (მალ. 3:10). ღმერთი გვპირდება, რომ ხელგაშლილი ადამიანი წარმატებული იქნება (წაიკითხეთ იგავების 11:24, 25). შესაწირავის გაღება დიდ სიხარულსაც გვგვრის, რადგან „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ჩვენ შეგვიძლია სიტყვითა და საქმით ვასწავლოთ შვილებსა და დაინტერესებულებს, რომ გაიღონ შესაწირავები და გაიხარონ კურთხევებით.

19. რისკენ წაგახალისათ ამ სტატიამ?

19 ყველაფერი, რაც გვაქვს, იეჰოვასგანაა. როცა მისთვის შესაწირავს ვიღებთ, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და ვაფასებთ ყველაფერს, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს (1 მატ. 29:17). როცა ტაძრის ასაშენებლად შესაწირავები მიიტანეს, „გაახარა ხალხი შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი“ (1 მატ. 29:9). დაე ჩვენც ვიგრძნოთ სიხარული და კმაყოფილება, რომელიც იეჰოვასთვის შესაწირავის გაღებას მოაქვს.