არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ის ძალას აძლევს დაღლილს“

„ის ძალას აძლევს დაღლილს“

2018 წლის მუხლი: „იეჰოვაზე მინდობილები ძალას განიახლებენ“ (ეს. 40:31).

სიმღერები: 152, 67

1. რა სირთულეებთან გვიწევს ჭიდილი და რით შეგვიძლია გავუხაროთ გული იეჰოვას? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნიერებაში ცხოვრებას თან ახლავს გასაჭირი და სირთულეები. ჩვენი და-ძმებიდან ბევრი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის. ზოგს ხანდაზმული ნათესავების მოვლა უწევს მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ასაკშია. ბევრი მძიმედ შრომობს ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად. არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთდროულად არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. ეს ძალიან დიდ დროს ართმევს მათ და ემოციურად ფიტავს, რომ აღარაფერი ვთქვათ, ამ ყველაფერთან დაკავშირებულ დიდ ხარჯებზე. ასეთი პრობლემების მიუხედავად, იეჰოვას გულს უხარებთ, როცა ბოლომდე ენდობით მის დაპირებებს და უკეთესი მომავლის ურყევ რწმენას ავლენთ.

2. როგორ გვამხნევებს ესაიას 40:29, თუმცა რა სერიოზული შეცდომა შეიძლება დაუშვას ქრისტიანმა?

2 ზოგჯერ თავს ისე ხომ არ გრძნობთ, თითქოს მეტს ვეღარ გაუძლებთ? თუ ეს ასეა, იცოდეთ, რომ თქვენ გამონაკლისი არა ხართ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ მსგავსი გრძნობები (1 მეფ. 19:4; იობ. 7:7). თუმცა ისინი არ ნებდებოდნენ და იეჰოვას ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი. ისინი სასოწარკვეთილებას არ ეცემოდნენ, რადგან ჩვენი ღმერთი „ძალას აძლევს დაღლილს“ (ეს. 40:29). სამწუხაროდ, დღეს ბევრმა დაასკვნა, რომ ცხოვრებისეული სირთულეების დროს საუკეთესო გამოსავალი იეჰოვას მსახურების ცოტა ხნით შეწყვეტაა, რადგან ისინი სულიერ საქმეებს ტვირთად თვლიან და არა კურთხევად. შედეგად, მათ შეწყვიტეს ბიბლიის კითხვა, კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაში მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ მათ ასეთი საქციელით სატანის იმედები გაამართლეს.

3. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ სატანამ არ დაგვასუსტოს? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 სატანამ კარგად იცის, რომ სულიერ საქმეებში მონაწილეობა გვაძლიერებს, რაც მას ძალიან არ უნდა. ამიტომ, თუ ფიზიკურად და ემოციურად გამოიფიტებით, ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას! პირიქით, უფრო მეტად დაუახლოვდით მას, ვინც „განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტ. 5:10; იაკ. 4:8). ამ სტატიაში განვიხილავთ ორ სიტუაციას, რომელთა გამოც შეიძლება ღვთის მსახურებაში მოვსუსტდეთ, და გავიგებთ, როგორ დაგვეხმარება ბიბლიური პრინციპების გამოყენება წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავებაში. მაგრამ თავდაპირველად დავფიქრდეთ ესაიას 40:26—31-ზე, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვას ჩვენი გაძლიერება შეუძლია.

„იეჰოვაზე მინდობილები ძალას განიახლებენ“

4. რას ვიგებთ ესაიას 40:26-დან?

4 წაიკითხეთ ესაიას 40:26. დღემდე ვერავინ შეძლო სამყაროში არსებული ვარსკვლავების დათვლა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში დაახლოებით 400 მილიარდი ვარსკვლავია. თუმცა იეჰოვა თითოეულ ვარსკვლავს სახელით მოუხმობს. რას ვიგებთ აქედან? თუ იეჰოვა უსიცოცხლო ქმნილებებით ინტერესდება, მით უმეტეს დაინტერესდება თქვენით, რადგან მას გააზრებულად და სიყვარულით ემსახურებით (ფსალმ. 19:1, 3, 14). ჩვენს ძვირფას ზეციერ მამას თავიდან ბოლომდე ვყავართ შესწავლილი; მას ჩვენს თავზე თმაც კი დათვლილი აქვს (მათ. 10:30). ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა აკვირდება უბიწოებს“ (ფსალმ. 37:18). დიახ, იეჰოვა ხედავს, რასთან გვიწევს ბრძოლა და შეუძლია მოგვცეს ძალა სირთულეებთან გასამკლავებლად.

5. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი გაძლიერება?

5 წაიკითხეთ ესაიას 40:28. იეჰოვა უდიდესი ძალის პატრონია. დაფიქრდით, რამხელა ენერგიით უზრუნველყო მან მზე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი დეივიდ ბოდანისი აღნიშნავს: „ერთ წამში მზის მიერ გამოფრქვეული ენერგია უტოლდება [მილიარდობით ატომური] ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ენერგიას“. სხვა მეცნიერი კი ამბობს: „მზე ერთ წამში იმხელა ენერგიას ასხივებს, რომ კაცობრიობას 200 000 წელი ეყოფა“. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი, რომელმაც მზეს ამხელა ენერგია მისცა, ვერ შეძლებს საჭირო ძალა მოგვცეს, რათა თავი გავართვათ ნებისმიერ პრობლემას?

6. რა გაგებით არის იესოს უღელი ადვილი სატარებელი და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე?

6 წაიკითხეთ ესაიას 40:29. იეჰოვასადმი მსახურებას უდიდესი სიხარული მოაქვს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დაიდგით ჩემი უღელი . . . და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). ეს მართლაც ასეა! ზოგჯერ შეიძლება ძალაგამოცლილები ვართ, მაგრამ მაინც მივდივართ მსახურებაში ან კრების შეხვედრაზე, უკან კი გამოცოცხლებული ვბრუნდებით და უკეთ ვართ მომზადებული ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახავად. იესოს უღელი მართლაც ადვილი სატარებელია!

7. მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს მათეს 11:28—30-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება.

7 ერთ დას, რომელსაც პირობითად ჯენიფერს დავარქმევთ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია და შაკიკი აქვს. ამიტომ გასაგებია, რატომ უჭირს ზოგჯერ მას კრების შეხვედრაზე დასწრება. ერთხელ, როცა თავს ძალა დაატანა და დაესწრო საჯარო მოხსენებას, მან აღნიშნა: „მოხსენება გულგატეხილობას ეხებოდა. მომხსენებლის სიტყვებიდან სხვებისადმი ინტერესი და თანაგრძნობა გამოსჭვიოდა. გული ამიჩუყდა და ცრემლები ვერ შევიკავე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კრების შეხვედრა ის ადგილია, სადაც ყოველთვის უნდა ვიყო“. ჯენიფერი ძალიან ბედნიერი იყო, რომ კრებაზე დასწრებას ძალისხმევა არ დააკლო!

8, 9. რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“?

8 წაიკითხეთ ესაიას 40:30. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად უნარიანები ვართ, ყოველთვის იქნება რაღაც, რის გაკეთებასაც საკუთარი ძალით ვერ შევძლებთ. ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. პავლე მოციქული საკმაოდ ნიჭიერი იყო, თუმცა დიდი სურვილის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება არც მას შეეძლო. მან თავისი წუხილი ღვთის წინაშე გამოხატა, რის შემდეგაც ღმერთმა უთხრა: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. პავლე ჩასწვდა აზრს. მან თქვა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:7—10). რას გულისხმობდა ის?

9 პავლეს ესმოდა, რომ ღვთის ძალის გარეშე ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო. წმინდა სულის მეშვეობით ის ისეთ დავალებებს შეასრულებდა, რომელთა გაკეთებასაც საკუთარი ძალით ვერასდროს შეძლებდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც — ჩვენც იეჰოვას ძალით ვძლიერდებით!

10. როგორ დაეხმარა იეჰოვა დავითს?

10 ფსალმუნმომღერალ დავითს არაერთხელ უგრძნია ღვთის წმინდა სულის ძალა. ის ამბობდა: „შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს, ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ“ (ფსალმ. 18:29). ზოგჯერ შეიძლება ისეთი „გალავნის“ ანუ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომელზეც საკუთარი ძალით ვერ „გადავალთ“. სწორედ ამ დროს გვჭირდება იეჰოვასგან ხელის შეშველება.

11. როგორ გვეხმარება წმინდა სული პრობლემების დროს?

11 წაიკითხეთ ესაიას 40:31. არწივი ლივლივის დროს მხოლოდ საკუთარ ძალას არ იყენებს. ის თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადს მიჰყვება და შედეგად ენერგიას ზოგავს. ასე რომ, როცა ერთი შეხედვით დაუძლეველი სირთულის წინაშე აღმოჩნდებით, დაფიქრდით არწივის მაგალითზე. ევედრეთ იეჰოვას, რომ „დამხმარის, წმინდა სულის“ მეშვეობით გაგაძლიეროთ (იოან. 14:26). საბედნიეროდ, ჩვენ ნებისმიერ დროს — 24 საათის მანძილზე — შეგვიძლია ვთხოვოთ მას დახმარება. შეიძლება ყველაზე მეტად იეჰოვას დახმარება მაშინ დაგვჭირდეს, როცა კრების წევრთან უთანხმოება მოგვდის. რატომ იჩენს ხოლმე თავს უთანხმოებები?

12, 13. ა) რატომ ხდება უთანხმოებები ქრისტიანებს შორის? ბ) რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ იოსების შემთხვევიდან?

12 უთანხმოებების მიზეზი ხშირად ჩვენი არასრულყოფილება ხდება. ამიტომ შეიძლება თანაქრისტიანმა სიტყვით ან საქმით გაგვაღიზიანოს ან პირიქით, ჩვენ გავხდეთ სხვისი განაწყენების მიზეზი. ეს შეიძლება ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იყოს. იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამ შემთხვევაშიც ისევე დავუმტკიცოთ მას ერთგულება, როგორც სხვა განსაცდელების დროს. ამას მაშინ შევძლებთ, თუ კვლავაც განვაგრძობთ თანაქრისტიანებთან მხარდამხარ თანამშრომლობას, რომლებიც ნაკლოვანებების მიუხედავად, იეჰოვას ძალიან უყვარს.

იეჰოვას არ მიუტოვებია იოსები; ის არც თქვენ მიგატოვებთ (იხილეთ აბზაცი 13)

13 იოსების შემთხვევიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა უშვებს თავისი მსახურების გამოცდას. ახალგაზრდა იოსები შურით აღვსილმა ნახევარძმებმა მონად გაყიდეს, რის შემდეგაც ის ვაჭრებმა ეგვიპტეში ჩაიყვანეს (დაბ. 37:28). იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს. ცხადია, მისთვის ადვილი არ იქნებოდა იმის ყურება, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მის ერთგულ მეგობარს. მიუხედავად ამისა, ის არ ჩარეულა საქმეში. მოგვიანებით იოსები ფოტიფარის ცოლის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს, თუმცა იეჰოვამ ამჯერადაც არაფერი მოიმოქმედა. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვას მიტოვებული ჰყავდა იოსები? რა თქმა უნდა, არა! ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსებს „ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“ (დაბ. 39:21—23).

14. როგორ მოემსახურება რისხვის მოშორება ჩვენს სულიერ და ფიზიკურ კეთილდღეობას?

14 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. დავითი ღვთის მეგობარი იყო. მასავით ცუდ მდგომარეობაში ცოტა თუ აღმოჩენილა. მაგრამ მას გულში ბოღმა არ ჩაუდია. ის წერდა: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმ. 37:8). უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა „მოვეშვათ რისხვას“, არის ის, რომ მივბაძოთ იეჰოვას, რომელიც „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა“ (ფსალმ. 103:10). თუმცა რისხვისგან თავის შეკავება სხვა მხრივაც დადებითად აისახება ჩვენზე. განრისხებულმა ადამიანმა შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას ავნოს. მაგალითად, ამ დროს მას შეიძლება განუვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და შეექმნას სასუნთქი გზების პრობლემები. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, პანკრეასისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლა. გაბრაზებულ გულზე ხშირად გვიჭირს საღად აზროვნება. ამ დროს შეიძლება ისეთი რამ ვთქვათ ან გავაკეთოთ, რის გამოც დიდი ხნის მანძილზე თავი დათრგუნულად ვიგრძნოთ. ამის საპირისპიროდ კი „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავ. 14:30). როგორ შეგვიძლია მოვერიოთ ჩვენს გრძნობებს და შევიძინოთ ძმა? ამაში დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევების გათვალისწინება.

როცა თანაქრისტიანი გულს გვტკენს

15, 16. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ ვინმე გვაწყენინებს?

15 წაიკითხეთ ეფესოელების 4:26. ჩვენ არ გვიკვირს, როცა უხეშ მოპყრობას ქვეყნიერებაში ვხვდებით, მაგრამ თავს განადგურებულად ვგრძნობთ, როცა თანაქრისტიანი ან ოჯახის წევრი სიტყვით ან საქმით ტკივილს გვაყენებს. მაშინაც კი, თუ ვერ ვივიწყებთ მომხდარს, დავუშვებთ, რომ თანაქრისტიანის მიმართ წყენა წლების მანძილზე გაგვყვეს? გავითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ პრინციპებს და მალევე მოვაგვარებთ უთანხმოებას? რაც უფრო გავაჭიანურებთ ურთიერთობის მოგვარებას, მით უფრო გაგვიჭირდება თანაქრისტიანთან მშვიდობის აღდგენა.

16 დავუშვათ, თანაქრისტიანმა გაწყენინათ და გიჭირთ მომხდარის დავიწყება. რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ მასთან მშვიდობა აღადგინოთ? უპირველესად იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. სთხოვეთ მას, დაგეხმაროთ, რომ თანაქრისტიანთან პრობლემაზე საუბრის დროს თქვენი სიტყვები დამთრგუნველი კი არა, გამამხნევებელი იყოს. არ დაივიწყოთ, რომ ისიც იეჰოვას მეგობარია (ფსალმ. 25:14). ღმერთს უყვარს ის. იეჰოვა თავის მეგობრებს კეთილად ეპყრობა და იმავეს მოელის ჩვენგანაც (იგავ. 15:23; მათ. 7:12; კოლ. 4:6). წინასწარ იფიქრეთ, რას ეტყვით. ნუ დაასკვნით, რომ მან შეგნებულად გაწყენინათ. დაუშვით ის აზრი, რომ შეიძლება თქვენ ვერ გაიგეთ რაღაც ბოლომდე ან თავად მიგიძღვით ბრალი პრობლემის შექმნაში. შეგიძლიათ საუბარი ასეთი სიტყვებით დაიწყოთ: „შეიძლება მე ძალიან მგრძნობიარე ვარ, მაგრამ გუშინდელი შენი სიტყვების შემდეგ თავი ისე ვიგრძენი . . .“. თუ პირველივე მცდელობა სასურველი შედეგით არ დამთავრდა, მშვიდობის აღსადგენად სხვა შესაძლებლობა ეძებეთ. მანამდე კი ილოცეთ მისთვის და სთხოვეთ იეჰოვას, რომ აკურთხოს იგი. ითხოვეთ იეჰოვასგან დახმარება, რომ ამ ადამიანის დადებითი თვისებები დაინახოთ. რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს თქვენს მცდელობას, გახსოვდეთ, იეჰოვას ძალიან ახარებს, რომ ყველაფერს აკეთებთ ძმის შესაძენად, რომელიც იეჰოვას მეგობარია.

როცა წარსული თავს გვახსენებს

17. ვისი მეშვეობით გვეხმარება იეჰოვა სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში და რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება?

17 ზოგი წარსულში ჩადენილი სერიოზული ცოდვის გამო იეჰოვას მსახურებისთვის თავს უღირსად მიიჩნევს. დანაშაულის გრძნობა შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყველაფრის ხალისი დაგვიკარგოს. მეფე დავითმა, რომელსაც დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა, თავისი გრძნობები ასე გამოხატა: „როცა ვდუმდი, გამიცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე მტანჯავდა. დღედაღამ მძიმედ მაწვა შენი ხელი“. საბედნიეროდ, დავითი პრობლემების დროს ისე მოიქცა, როგორც სულიერად მოაზროვნე ადამიანს შეშვენის. მან თქვა: „ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე . . . შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული“ (ფსალმ. 32:3—5). თუ თქვენც ჩაიდინეთ სერიოზული ცოდვა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა მზად არის, დაგეხმაროთ. ამ დროს აუცილებელია, უხუცესებს მიმართოთ, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გეხმარებათ იეჰოვა (იგავ. 24:16; იაკ. 5:13—15). დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, რადგან თქვენი მარადიული სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული! მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მონანიებული ცოდვების გამო სინდისი მაინც გქენჯნით?

18. როგორ დაეხმარება პავლეს მაგალითი მათ, ვინც უღირსობის გრძნობას ებრძვის?

18 როგორც ჩანს, პავლესაც ახსენებდა თავს წარსულში დაშვებული შეცდომები. მან თქვა: „მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი“. თუმცა შემდეგ დასძინა: „მაგრამ ღვთის წყალობითა ვარ, რაცა ვარ“ (1 კორ. 15:9, 10). იეჰოვამ მიიღო ის წარსულში დაშვებული შეცდომების მიუხედავად და სურდა, რომ პავლე ამაში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული. თუ თქვენც გულწრფელად მოინანიეთ ჩადენილი ცოდვები და საჭიროების შემთხვევაში უხუცესებისგან დახმარებაც მიიღეთ, შეგიძლიათ გულდაჯერებული იყოთ, რომ იეჰოვა თქვენ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენს. ამიტომ მიიღეთ იეჰოვასგან პატიება! (ეს. 55:6, 7).

19. რომელია 2018 წლის მუხლი და რატომ არის ის დროული?

19 აღსასრულის მოახლოებასთან ერთად უნდა მოველოდეთ, რომ ცხოვრება უფრო გართულდება. მაგრამ გჯეროდეთ, რომ ღმერთი, რომელიც „ძალას აძლევს დაღლილს და ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს“, თქვენც მოგცემთ ძალას, რათა არ დანებდეთ და ბოლომდე ერთგულად ემსახუროთ მას (ეს. 40:29; ფსალმ. 55:22; 68:19). 2018 წელს ამ მეტად მნიშვნელოვან აზრს ხშირად შეგვახსენებს სამეფო დარბაზში გაკეთებული წარწერა: „იეჰოვაზე მინდობილები ძალას განიახლებენ“ (ეს. 40:31).