არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 1

„აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“

„აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“

„ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10).

სიმღერა 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) როგორ იმოქმედა იოშიკოზე ესაიას 41:10-მა? ბ) ვისთვის შემოინახა იეჰოვამ ესაიას წიგნში ჩაწერილი სიტყვები?

ღვთის ერთგულმა მსახურმა იოშიკომ ერთ დღეს ცუდი ამბავი გაიგო. ექიმმა უთხრა, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. როგორ შეხვდა ის ამ ამბავს? იოშიკოს გაახსენდა საყვარელი ბიბლიური მუხლი — ესაიას 41:10 (წაიკითხეთ). მან მშვიდად უთხრა ექიმს, რომ არ ეშინოდა, რადგან მისთვის იეჰოვას ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული. * ზემოხსენებულ მუხლში ჩაწერილი მანუგეშებელი სიტყვები ჩვენს ძვირფას დას დაეხმარა, რომ სრულად მინდობოდა იეჰოვას. მძიმე განსაცდელების დროს ეს მუხლი ჩვენც დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. სანამ ამაზე ვიმსჯელებთ, ჯერ გავიგოთ, რატომ გადასცა ეს ცნობა ღმერთმა ესაიას.

2 იეჰოვამ ეს სიტყვები ესაიას ისრაელების სანუგეშებლად ჩააწერინა, რომელთაც მოგვიანებით ბაბილონში გადაასახლებდნენ. მაგრამ ეს ცნობა იეჰოვამ არა მხოლოდ გადასახლებული ებრაელების, არამედ დღემდე მცხოვრები ყველა ადამიანის სანუგეშებლად შემოინახა (ეს. 40:8; რომ. 15:4). ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ, ამიტომ ესაიას წიგნში ჩაწერილი გამამხნევებელი და მანუგეშებელი სიტყვების მოსმენა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს (2 ტიმ. 3:1).

3. ა) რა დაპირებებს ვკითხულობთ ესაიას 41:10-ში, რომელიც 2019 წლის მუხლად შეირჩა? ბ) რატომ გვჭირდება ეს დაპირებები?

3 ამ სტატიაში განვიხილავთ ესაიას 41:10-ში მოხსენიებულ სამ რწმენის განმამტკიცებელ დაპირებას, რომელთაც იეჰოვა გვაძლევს: 1) იეჰოვა იქნება ჩვენთან, 2) ის ჩვენი ღმერთია და 3) ის დაგვეხმარება. ეს დაპირებები * ჩვენც გაგვაძლიერებს, რადგან იოშიკოს მსგავსად განსაცდელებისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები, თანაც მსოფლიოში შექმნილი ცუდი მდგომარეობა ჩვენზეც ახდენს გავლენას. შეიძლება ზოგ ჩვენგანს მთავრობის მხრიდან დევნის ატანაც კი უწევს. მოდი სათითაოდ განვიხილოთ სამივე დაპირება.

„შენთანა ვარ“

4. ა) რომელია იეჰოვას პირველი დაპირება? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო) ბ) როგორ გამოხატავს იეჰოვა თავის გრძნობებს ჩვენდამი? გ) რა გრძნობები გიჩნდებათ იეჰოვას სიტყვების მოსმენაზე?

4 „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ“. * ეს არის პირველი დაპირება, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს. ის ჩვენდამი დიდ სიყვარულსა და ყურადღებას ავლენს, რითაც გვარწმუნებს, რომ ჩვენ გვერდითაა. აი რა თბილად გამოხატა მან თავისი ძლიერი გრძნობები: „რაკი ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ამიტომ პატივცემულად ითვლები და მეც შეგიყვარე“ (ეს. 43:4). დიახ, ვერანაირი ძალა ვერ გაუნელებს იეჰოვას ჩვენდამი სიყვარულს და ვერც მის ერთგულებას შეარყევს რამე (ეს. 54:10). იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ჩვენთან ახლო ურთიერთობა აქვს, გაბედულებას გვმატებს. ის ისევე დაგვიცავს, როგორც თავის მეგობარს, აბრამს (აბრაამს) იცავდა, რომელსაც უთხრა: „აბრამ, ნუ გეშინია! მე ვარ შენი ფარი“ (დაბ. 15:1).

იეჰოვას დახმარებით ნიაღვარივით წამლეკავ და ცეცხლის ალივით მწველ განსაცდელებსაც კი გავუძლებთ (იხილეთ აბზაცები 5, 6) *

5, 6. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს ჩვენი დახმარება განსაცდელების დროს? ბ) რის სწავლა შეგვიძლია იოშიკოსგან?

5 ისრაელებისთვის მიცემული დაპირება გვარწმუნებს, რომ განსაცდელების დროს იეჰოვა ჩვენ გვერდით იქნება. ის ამბობს: „წყალში რომ შეხვიდე, შენთან ვიქნები, მდინარეებში რომ შეხვიდე, ვერ წაგლეკავენ. ცეცხლში რომ გაიარო, არ წაგეკიდება, არც ალი დაგწვავს“ (ეს. 43:2). რა იგულისხმება ამ სიტყვებში?

6 იეჰოვა განსაცდელების მოშორებას არ გვპირდება, თუმცა არ დაუშვებს, რომ პრობლემების „მდინარეებმა“ წაგვლეკოს ან განსაცდელების „ალმა“ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს. ის გვპირდება, რომ სირთულეების დროს ჩვენ გვერდით იქნება. რას გააკეთებს იეჰოვა? ის შიშს დაგვაძლევინებს, რათა სიკვდილის პირისპირაც კი შევინარჩუნოთ მისადმი ერთგულება (ეს. 41:13). სწორედ ასე მოხდა იოშიკოს შემთხვევაში. მისმა ქალიშვილმა ასეთი რამ თქვა: „გვაკვირვებდა დედას განწყობა. ვხედავდით, რომ იეჰოვა აძლევდა შინაგან სიმშვიდეს, მას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია ექთნებთან და სხვა პაციენტებთან იეჰოვასა და მისი დაპირებების შესახებ ქადაგება“. რის სწავლა შეგვიძლია იოშიკოსგან? განსაცდელების დროს გაბედულები და ძლიერები ვიქნებით, თუ ნდობას გამოვავლენთ იეჰოვას დაპირების მიმართ: „შენთან ვიქნები“.

„შენი ღმერთი ვარ“

7, 8. ა) რომელია იეჰოვას მეორე დაპირება და რას ნიშნავს ის? ბ) რატომ უთხრა იეჰოვამ გადასახლებულ ებრაელებს: „აქეთ-იქით ნუ იყურები“? გ) ესაიას 46:3, 4-ში ჩაწერილი რომელი სიტყვები დაამშვიდებდა ღვთის ხალხს?

7 ყურადღება მიაქციეთ იეჰოვას მეორე დაპირებას: „აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“. რას უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის ეს დაპირება განსაცდელების დროს? ამ მუხლში გამოყენებული სიტყვები „აქეთ-იქით ნუ იყურები“ დედნისეულ ენაზე გულისხმობს „საფრთხის მოლოდინში მუდმივად უკან ყურებას“ ან „სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მსგავსად პანიკაში ჩავარდნას“.

8 რატომ უთხრა იეჰოვამ ისრაელებს, რომლებსაც ბაბილონში გადასახლება ელოდათ, აქეთ-იქით არ ეყურებინათ? მან იცოდა, რომ იმ მიწის მკვიდრთ შიში შეიპყრობდა, რადგან ებრაელთა გადასახლების 70-წლიანი პერიოდის მიწურულს ბაბილონს მიდია-სპარსეთის ძლიერი ჯარი დაესხმებოდა თავს. იეჰოვა სწორედ მათი ხელით გაათავისუფლებდა თავის ხალხს ბაბილონის ტყვეობიდან (ეს. 41:2—4). როცა ბაბილონელებმა და სხვა ხალხმა მტრის მოახლოება შეიტყვეს, გასამხნევებლად ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „გამაგრდი!“. ხალხმა უფრო მეტი კერპი გაიკეთა იმ იმედით, რომ ისინი დაიცავდნენ მათ (ეს. 41:5—7). იეჰოვამ კი გადასახლებული ებრაელები შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: „შენ კი, ისრაელო, [მეზობელი ერებისგან განსხვავებით] ჩემი მსახური ხარ . . . აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“ (ეს. 41:8—10). ყურადღება მიაქციეთ, იეჰოვას ნათქვამს: „შენი ღმერთი ვარ“. ამ სიტყვებით მან თავისი ერთგული თაყვანისმცემლები დაარწმუნა, რომ არ დავიწყებია ისინი — იეჰოვა კვლავაც მათი ღმერთი იყო, ისინი კი მისი ხალხი იყვნენ. ღმერთმა მათზე თქვა: „ვიმოქმედებ, რომ ავიყვანო . . . და ვიხსნა“. ეს მანუგეშებელი სიტყვები უდავოდ გააძლიერებდა გადასახლებულ ებრაელებს (წაიკითხეთ ესაიას 46:3, 4).

9, 10. რატომ არ გვაქვს შიშის მიზეზი? მოიყვანეთ მაგალითი.

9 დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანებს აშფოთებთ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა, რომელიც უფრო და უფრო უარესდება. ფაქტია, ეს ჩვენც გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს. თუმცა შიშის მიზეზი არ გვაქვს. იეჰოვა გვეუბნება: „შენი ღმერთი ვარ“. რატომ გვაძლევს ეს სიტყვები მშვიდად ყოფნის საფუძველს?

10 განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ჯიმი და ბენი თვითმფრინავით მგზავრობენ, რომელსაც ძლიერი ქარი არყევს. ამ დროს მგზავრებს პილოტი მიმართავს: „ნუ შეიხსნით ღვედებს, რადგან გარკვეული პერიოდი ტურბულენტურ ზონაში მოგვიწევს ფრენა“. ამის მოსმენამ ჯიმი ძალიან შეაშინა, თუმცა პილოტმა დასძინა: „ნუ გეშინიათ. თქვენი პილოტი გელაპარაკებათ“. ამაზე ჯიმმა თავი გააქნია და თქვა: „ამან როგორ უნდა დამამშვიდოს?!“. შემდეგ შენიშნა, რომ ბენი საერთოდ არ ნერვიულობდა და ჰკითხა: „რატომ ხარ ასე მშვიდად?“. ბენმა ღიმილით უთხრა: „იმიტომ რომ კარგად ვიცნობ პილოტს; ის მამაჩემია. ვიცი, რომ რასაც ახლა მის შესახებ გეტყვი, დაგარწმუნებს, რომ თავისი საქმის პროფესიონალია და შენც დამშვიდდები“.

11. რის სწავლა შეგვიძლია ორი მგზავრის მაგალითიდან?

11 რის სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითიდან? ბენის მსგავსად ჩვენც გულდამშვიდებული ვართ, რადგან კარგად ვიცნობთ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას. ვიცით, რომ ის აგვატანინებს ქარიშხალივით თავსდატეხილ უმძიმეს განსაცდელებს, რომელთაც ბოლო დღეებში ვხვდებით (ეს. 35:4). ჩვენ ვენდობით იეჰოვას, ამიტომ მაშინაც მშვიდად ვართ, როცა მთელი მსოფლიო შიშს ჰყავს მოცული (ეს. 30:15). ჩვენც ბენის მსგავსად ვიქცევით, როდესაც მოყვასს ღვთისადმი ნდობის მიზეზებს ვუზიარებთ. ასეთი სახით მათაც ვარწმუნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იეჰოვა მათ გვერდით იქნება.

„მე გაგამაგრებ . . . [და] დაგეხმარები“

12. ა) რომელია იეჰოვას მესამე დაპირება? ბ) რას შეგვახსენებს სიტყვები — იეჰოვას მკლავი?

12 დაფიქრდით იეჰოვას მესამე დაპირებაზე, რომელიც ესაიამ დაწერა: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“. ესაიას უკვე აღწერილი ჰქონდა, როგორ გაამაგრებდა ანუ გააძლიერებდა იეჰოვა თავის ხალხს. წინასწარმეტყველმა თქვა: „უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს“ (ეს. 40:10). ბიბლიაში სიტყვა „მკლავი“ ხშირად ძალაუფლების სიმბოლოდ არის გამოყენებული. ასე რომ, სიტყვები — იეჰოვას „მკლავი იმმართველებს“, შეგვახსენებს, რომ ის ძლევამოსილი მეფეა, რომელიც აღმატებულ ძალას თავისი მსახურების მხარდასაჭერად და დასაცავად იყენებდა. იეჰოვა დღესაც აძლიერებს და იცავს მათ, ვინც მასზე ამყარებს იმედს (კან. 1:30, 31; ეს. 43:10).

იეჰოვას ძლიერი მკლავის წინააღმდეგ არცერთ იარაღს არ ექნება წარმატება (იხილეთ აბზაცები 12—16) *

13. ა) განსაკუთრებით როდის ასრულებს იეჰოვა თავის დაპირებას, რომ გაგვამაგრებს? ბ) რომელი სიტყვები გვმატებს ძალას და გულდაჯერებულობას?

13 თავის დაპირებას — „მე გაგამაგრებ“, იეჰოვა განსაკუთრებით დევნების დროს ასრულებს. ზოგ ქვეყანაში ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეაჩერონ სამქადაგებლო საქმე ან აკრძალონ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა. ჩვენ ასეთი თავდასხმების დროსაც კი არ ვწუხვართ ზედმეტად. იეჰოვა გარანტიას გვაძლევს, რომ ძალას და გულდაჯერებულობას შეგვმატებს. ის გვპირდება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). ეს სიტყვები სამ მნიშვნელოვან ფაქტს შეგვახსენებს.

14. რატომ არ გვიკვირს ღვთის მტრებისგან თავდასხმა?

14 პირველი, ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები, მოველით, რომ მოძულებულები ვიქნებით (მათ. 10:22). იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მისი მოწაფეები სასტიკი დევნის ობიექტები გახდებოდნენ (მათ. 24:9; იოან. 15:20). მეორე, ესაიას წინასწარმეტყველება გვაფრთხილებს, რომ მტრები მხოლოდ სიძულვილს არ დასჯერდებიან და ჩვენ წინააღმდეგ სხვადასხვა იარაღს გამოიყენებენ. ეს იარაღი შეიძლება იყოს მზაკვრული ტყუილი, მტკნარი სიცრუე და დაუნდობელი დევნა (მათ. 5:11). იეჰოვა ხელს არ შეუშლის მტრებს ამ იარაღების ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებაში (ეფეს. 6:12; გამოცხ. 12:17). მაგრამ ეს არ უნდა გვაშინებდეს. რატომ ვამბობთ ამას?

15, 16. ა) რომელია მესამე ფაქტი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, და როგორ უჭერს მხარს ამ აზრს ესაიას 25:4, 5? ბ) როგორ აღწერს ესაიას 41:11, 12 მუხლები მათ მომავალს, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის?

15 დავფიქრდეთ მესამე ფაქტზე, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. იეჰოვამ თქვა, რომ „არც ერთ იარაღს“, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, „არ ექნება წარმატება“. როგორც კედელი გვიცავს დამანგრეველი ქარიშხლისგან, ისე იეჰოვა დაგვიცავს მტრებისგან (წაიკითხეთ ესაიას 25:4, 5). ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას, ანუ ვერ მოგვაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს (ეს. 65:17).

16 იეჰოვა იმითაც გვიძლიერებს მისადმი ნდობას, რომ ნათლად აღგვიწერს მათ მომავალს, „ვინც . . . [ჩვენზეა] განრისხებული“ (წაიკითხეთ ესაიას 41:11, 12). მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერია მოწინააღმდეგე ან რამდენად დაძაბულია ბრძოლა, შედეგი ერთი იქნება — ღვთის ხალხის მტრები „არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან“.

როგორ გავიღრმაოთ იეჰოვასადმი ნდობა

ბიბლიის რეგულარული კითხვა იეჰოვასადმი ნდობას გაგვიღრმავებს (იხილეთ აბზაცები 17, 18) *

17, 18. ა) როგორ გაგვიღრმავებს ბიბლიის კითხვა ღვთისადმი ნდობას? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) როგორ დაგვეხმარება 2019 წლის მუხლზე ფიქრი?

17 იეჰოვას უკეთ გაცნობა მისადმი ნდობას გვიძლიერებს. ღვთის გაცნობის ერთ-ერთი გზა ბიბლიის გულდასმით კითხვა და მასზე ფიქრია. ბიბლიაში სანდო ფაქტებია შემონახული იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა იეჰოვამ წარსულში თავისი ხალხი. ეს ისტორიები გვარწმუნებს, რომ ის დღესაც ასე მოიქცევა.

18 ესაია მხატვრულად აღწერს, თუ როგორ გვიცავს ღმერთი. ის იეჰოვას მწყემსს ადარებს, ღვთის მსახურებს კი — ბატკნებს. წინასწარმეტყველი იეჰოვას შესახებ ამბობს: „თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“ (ეს. 40:11). იეჰოვას ძლიერ მკლავებში თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობთ. განსაცდელების დროს სიმშვიდის შენარჩუნება რომ შევძლოთ, „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ 2019 წლის მუხლად შეარჩია ესაიას 41:10: „აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“. იფიქრეთ 2019 წლის მუხლზე. ის გაგამაგრებთ და ძალას მოგცემთ, რომ მედგრად დახვდეთ მომავალ განსაცდელებს.

სიმღერა 38 ის გაგაძლიერებთ

^ აბზ. 5 2019 წლის მუხლიდან ვიგებთ სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინაც კი, როცა პირად ცხოვრებაში თუ ზოგადად მსოფლიოში ბევრი ცუდი რამ ხდება. ეს სტატია, რომელშიც ამ მიზეზებზე ვიმსჯელებთ, დაგვეხმარება, წუხილმა არ მოგვიცვას და სრულად მივენდოთ იეჰოვას. იფიქრეთ 2019 წლის მუხლზე და შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ის. ამ წლის მუხლი გაგამაგრებთ და ძალას მოგცემთ, რომ მედგრად დახვდეთ მომავალ განსაცდელებს.

^ აბზ. 3 განმარტება: დაპირება არის სანდო განაცხადი ან იმაში დარწმუნება, რაც აუცილებლად მოხდება. იეჰოვას დაპირებები სხვადასხვა პრობლემით გამოწვეულ წუხილს გვიმსუბუქებს.

^ აბზ. 4 სქოლიო: ფრაზა „ნუ გეშინია“ სამჯერ არის მოხსენიებული ესაიას 41:10, 13, 14-ში. ამავე მუხლებში ხშირად მეორდება ნაცვალსახელი „მე“ (მიუთითებს იეჰოვაზე). რატომ შთააგონა იეჰოვამ ესაიას, ასე ხშირად გამოეყენებინა ეს სიტყვა? ამით მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან აზრს, რომ შიშის დაძლევა მხოლოდ იეჰოვაზე მინდობით შეგვიძლია.

^ აბზ. 52 სურათის აღწერა: ოჯახის წევრები სხვადასხვა განსაცდელს ხვდებიან: ზოგი ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვის, ზოგიც სამსახურში, მსახურებასა თუ სკოლაში წამოჭრილ სირთულეებს უმკლავდება.

^ აბზ. 54 სურათის აღწერა: მოწმეები სახლში ატარებენ შეხვედრას, რომელსაც პოლიცია არბევს, თუმცა ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: ოჯახური თაყვანისმცემლობის რეგულარულად ჩატარება მოთმინების ძალას გვმატებს.