არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 3

როგორ გავუფრთხილდეთ გულს?

როგორ გავუფრთხილდეთ გულს?

„ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი“ (იგავ. 4:23).

სიმღერა 36 ვიცავთ ჩვენს გულებს

მოკლე შინაარსი *

1—3. ა) რატომ უყვარდა იეჰოვას სოლომონი და როგორ აკურთხა ის? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

სოლომონი ახალგაზრდა იყო, როცა ისრაელის მეფე გახდა. მეფობის დასაწყისში მას იეჰოვა გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: „მითხარი, რა გინდა, და მოგცემ“. სოლომონმა მიუგო: „ჯერ ბავშვი ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა . . . მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ განსაჯოს შენი ხალხი“ (1 მეფ. 3:5—10). რამხელა მოკრძალება გამოავლინა სოლომონმა, როცა ღმერთს „მორჩილი გული“ სთხოვა! ამიტომაც უყვარდა იეჰოვას სოლომონი (2 სამ. 12:24). ღმერთს იმდენად ესიამოვნა ახალგაზრდა მეფის პასუხი, რომ მას „ბრძენი და გაგებული გული“ მისცა (1 მეფ. 3:12).

2 სანამ ერთგული იყო, სოლომონს კურთხევები არ აკლდა. მას წილად ხვდა პატივი, „იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე“ ტაძარი აეშენებინა (1 მეფ. 8:20). ღვთისგან ბოძებული სიბრძნით მან დიდად გაითქვა სახელი. სოლომონის მიერ ღვთივშთაგონებით წარმოთქმული სიტყვებით ბიბლიის სამი წიგნი დაიწერა, რომელთაგან ერთ-ერთი „იგავებია“.

3 ამ წიგნში სიტყვა „გული“ 100-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. მაგალითად, იგავების 4:23-ში ვკითხულობთ: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი“. რაზე მიუთითებს ამ მუხლში მოხსენიებული სიტყვა „გული“? ქვემოთ სწორედ ამ კითხვას გავცემთ პასუხს. ჩვენ აგრეთვე ვუპასუხებთ ორ კითხვას: როგორ ცდილობს სატანა, დაგვიავადოს ანუ გაგვირყვნას გული? და როგორ შეგვიძლია გავუფრთხილდეთ გულს? ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მიღება იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

რა იგულისხმება სიტყვა „გულში“?

4, 5. ა) როგორ გვეხმარება ფსალმუნის 51:6 იმის გაგებაში, თუ რა იგულისხმება სიტყვა „გულში“? ბ) როგორ გვანახვებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მაგალითი, რომ აუცილებელია სიმბოლური გულის გაფრთხილება?

4 იგავების 4:23-ში მოხსენიებული სიტყვა „გული“ ადამიანის შინაგან პიროვნებას გულისხმობს, რაც სხვებისთვის უხილავია (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:6). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გული“ მიუთითებს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე, ანუ იმაზე, როგორიც შინაგანად ვართ და არა მხოლოდ იმაზე, როგორიც გარეგნულად ვჩანვართ.

5 იმის დასანახად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი პიროვნება, განვიხილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაგალითი. პირველი, ჯანმრთელები რომ ვიყოთ, აუცილებელია ჯანსაღად ვიკვებოთ და რეგულარულად ვივარჯიშოთ. მსგავსად, სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სულიერი საზრდოს მიღება და იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენაა საჭირო. რწმენის გამოვლენაში იგულისხმება ნასწავლის გამოყენება და საკუთარი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარი (რომ. 10:8—10; იაკ. 2:26). მეორე, თუ მხოლოდ გარეგნულად შევაფასებთ საკუთარ თავს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯანმრთელები ვართ, სინამდვილეში კი დაავადებულები ვიყოთ. მსგავსად, თუ მხოლოდ ჩვენი თეოკრატიული განრიგით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ძლიერი რწმენა გვაქვს, სინამდვილეში კი ჩვენში არასწორი სურვილები ღვივდებოდეს (1 კორ. 10:12; იაკ. 1:14, 15). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანას სურს, თავისი აზროვნებით მოგვწამლოს. როგორ ცდილობს, ის ამის მიღწევას? და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა?

როგორ ცდილობს სატანა, დაგვიავადოს გული

6. რა არის სატანის მიზანი და როგორ ცდილობს მის მიღწევას?

6 სატანას სურს, რომ დაგვიმსგავსოს, ანუ მეამბოხეებად და ეგოისტებად გვაქციოს, რომლებიც იეჰოვას ნორმებს არაფრად აგდებენ. თუმცა ვერ გვაიძულებს, ისე ვიაზროვნოთ ან ვიმოქმედოთ, როგორც თავად სურს, ამიტომ თავისი მიზნის მიღწევას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. მაგალითად, ის ისეთი ხალხის გარემოცვაში გვამყოფებს, რომელთა აზროვნებაც უკვე გარყვნა (1 იოან. 5:19). ის იმედოვნებს, რომ დიდ დროს გავატარებთ მათთან მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად გამხრწნელად მოქმედებს ცუდი საზოგადოება ჩვენს ფიქრებსა და საქციელზე (1 კორ. 15:33). სატანამ ამ ტაქტიკას მიმართა მეფე სოლომონის შემთხვევაშიც და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. სოლომონმა ბევრი წარმართი ცოლი მოიყვანა, რომლებმაც ძლიერი გავლენა მოახდინეს მასზე და დროთა განმავლობაში „მიდრიკეს . . . მისი გული“ (1 მეფ. 11:3).

როგორ შეგიძლიათ დაიცვათ გული სატანის მომწამლავი აზროვნებისგან? (იხილეთ აბზაცი 7) *

7. კიდევ როგორ გვახვევს თავს სატანა თავის შეხედულებებს და რატომ გვმართებს სიფრთხილე?

7 სატანა თავის აზროვნებას ფილმებისა და ტელეშოუების მეშვეობით ავრცელებს. მას ესმის, რომ ნამდვილი თუ გამოგონილი ისტორიების მოსმენა უბრალოდ კი არ გვართობს, არამედ გვკარნახობს, როგორ ვიაზროვნოთ, რა ვიგრძნოთ და რა ვაკეთოთ. სწავლების დროს ამ მეთოდს იესო იყენებდა. მაგალითად, მან მოიყვანა იგავები კეთილ სამარიელსა და გზასაცდენილ შვილზე, რომელმაც თავისი მემკვიდრეობა გაფლანგა (მათ. 13:34; ლუკ. 10:29—37; 15:11—32). მაგრამ სატანის აზროვნებით დაინფიცირებულ ადამიანებს ნამდვილი თუ გამოგონილი ისტორიებით ჩვენი აზროვნების გარყვნა შეუძლიათ. ამიტომ გაწონასწორება და გონიერება გვჭირდება. ფილმებითა და ტელეშოუებით შეიძლება გავერთოთ კიდეც და რაიმე კარგიც ვისწავლოთ ისე, რომ აზროვნება არ დაგვიბინძურდეს. მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გართობის არჩევისას საკუთარ თავს ვკითხოთ: „ხომ არ მაჩვევს ეს ფილმი თუ ტელეშოუ იმ აზრს, რომ ხორცის სურვილების აყოლაში ცუდი არაფერია?“ (გალ. 5:19—21; ეფეს. 2:1—3). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიხვდებით, რომ რომელიმე ფილმი თუ ტელეშოუ სატანის აზროვნების პროპაგანდაა? ისევე მოერიდეთ მას, როგორც გადამდებ დაავადებას!

8. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს გულის დაცვაში?

8 მშობლებო, თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრიათ, დაიცვათ შვილები, რათა სატანამ გული არ გაურყვნას მათ. უეჭველია, ყველაფერს აკეთებთ ამა თუ იმ დაავადებისგან შვილების დასაცავად. მაგალითად, ალაგებთ სახლს და თავიდან იშორებთ ყველაფერს, რამაც შეიძლება თქვენს ან თქვენი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მსგავსად უნდა დაიცვათ შვილები ფილმების, ტელეშოუების, ვიდეოთამაშებისა და ისეთი ვებგვერდების გავლენისგან, რომლებმაც შეიძლება მათ სატანის აზროვნება გადასდოს. იეჰოვამ თქვენ დაგაკისრათ შვილების სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (იგავ. 1:8; ეფეს. 6:1, 4). ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს, რომ ოჯახში ბიბლიური ნორმების შესაბამისი წესები დაადგინოთ. უთხარით თქვენს მცირეწლოვან შვილებს, რის ყურება შეუძლიათ და რის არა, და აუხსენით მიზეზი (მათ. 5:37). ასაკის მატებასთან ერთად დაეხმარეთ მათ, თავად განსაზღვრონ, რომელი საქციელი შეესაბამება იეჰოვას ნორმებს და რომელი არა (ებრ. 5:14). გახსოვდეთ, რომ სიტყვებით ბევრი რამის სწავლება შეგიძლიათ, საქმეებით კი — გაცილებით მეტის (კან. 6:6, 7; რომ. 2:21).

9. როგორი აზროვნების გავრცელებას უწყობს ხელს სატანა და რატომ არის ეს საშიში?

9 სატანა ჩვენი გულის დაავადებას იმითაც ცდილობს, რომ უნდა, იეჰოვას აზროვნების ნაცვლად ადამიანურ სიბრძნეს მივენდოთ (კოლ. 2:8). მაგალითად, სატანა ცდილობს, რომ სიმდიდრის დაგროვება ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი გახდეს. მნიშვნელობა არა აქვს, მართლა გამდიდრდებიან თუ არა ასეთი აზროვნების მქონე ადამიანები, ფაქტია, ისინი საფრთხეში იგდებენ თავს, რადგან ფულის შოვნაზე არიან გადაგებულები. ამას შეიძლება მათი ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები და ღმერთთან მეგობრობაც კი შეეწიროს (1 ტიმ. 6:10). რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამის წყალობით ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი გვაქვს! (ეკლ. 7:12; ლუკ. 12:15).

როგორ დავიცვათ გული?

ძველი დროის გუშაგებისა და კარიბჭის მცველების მსგავსად, სიფხიზლე შეინარჩუნეთ და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, რათა გამხრწნელმა გავლენამ თქვენს გულში არ შემოაღწიოს (იხილეთ აბზაცები 10, 11) *

10, 11. ა) რის გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავის დასაცავად? ბ) რას აკეთებდა გუშაგი ძველად და როგორ შეუძლია სინდისს გუშაგის მაგივრობა გაგვიწიოს?

10 გული კარგად რომ დავიცვათ, უნდა ამოვიცნოთ საშიშროება და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. იგავების 4:23-ში „გაფრთხილებად“ ნათარგმნი სიტყვა გუშაგის საქმიანობას შეგვახსენებს. მეფე სოლომონის დროს გუშაგი ქალაქის გალავანზე იდგა და საფრთხის დანახვაზე განგაშს ტეხდა. ამის წარმოდგენა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ სატანას ჩვენი აზროვნების გახრწნის უფლება.

11 ძველ დროში გუშაგები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კარიბჭის მცველებთან (2 სამ. 18:24—26). ქალაქის დასაცავად როგორც გუშაგები, ისე კარიბჭის მცველები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოახლოებულ მტერს კარიბჭე ყოველთვის დაკეტილი დახვდებოდა (ნეემ. 7:1—3). ბიბლიით განსწავლული სინდისი * გუშაგის როლს ასრულებს და განგაშს ტეხს, როცა სატანა ჩვენს გულში შემოჭრას ანუ ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე ცდილობს გავლენის მოხდენას. ამიტომ არასდროს უნდა წავუყრუოთ სინდისის ხმას და მაშინვე ჩავკეტოთ გულის კარიბჭე.

12, 13. რა ცდუნების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ?

12 განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ სატანის აზროვნებისგან. იეჰოვამ გვასწავლა, რომ „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი [უნდა] იხსენიებოდეს . . . [ჩვენ] შორის“ (ეფეს. 5:3). მაგრამ, როგორ მოვიქცევით, თუ სამსახურში ან სკოლაში ვინმე უხამს თემებზე წამოიწყებს საუბარს? ჩვენ კარგად ვიცით, რომ უნდა „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები“ (ტიტ. 2:12). გუშაგმა ანუ ჩვენმა სინდისმა შეიძლება საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილოს (რომ. 2:15). მაგრამ მოვუსმენთ მის ხმას? ამ დროს შეიძლება ვცდუნდეთ და მოვუსმინოთ თანამშრომლებს ან თანაკლასელებს და თვალი არ მოვარიდოთ უზნეო კადრებს, რომლებსაც ისინი გვაჩვენებენ. მაგრამ სწორედ ეს არის ის დრო, როცა უნდა ჩავკეტოთ „ქალაქის კარიბჭეები“, ანუ სხვა თემაზე გადავიტანოთ საუბარი ან გავერიდოთ იქაურობას.

13 გაბედულება გვჭირდება, რომ გავუძლოთ თანატოლების ზეწოლას და არ ავყვეთ მათ ცუდ აზროვნებასა თუ საქციელში. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს ძალისხმევას და აუცილებლად მოგვცემს ძალასა და სიბრძნეს, რომ წინ აღვუდგეთ სატანის აზროვნებას (2 მატ. 16:9; ეს. 40:29; იაკ. 1:5). ჩვენი მხრიდან კიდევ რის გაკეთებაა საჭირო გულის დასაცავად?

ნუ მოადუნებთ ყურადღებას

14, 15. ა) რისთვის უნდა გვქონდეს გულის კარიბჭე ღია და როგორ შეგვიძლია მისი გაღება? ბ) როგორ გვეხმარება იგავების 4:20—22, რომ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გავხადოთ? (იხილეთ ჩარჩო  „რა დაგვეხმარება, დავფიქრდეთ წაკითხულზე“)

14 გულს რომ გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ცუდისთვის კი არ უნდა „ჩავკეტოთ“ ის, არამედ კარგისთვისაც უნდა „გავაღოთ“. კიდევ ერთხელ დაფიქრდით გალავნიანი ქალაქის მაგალითზე. მართალია, კარიბჭის მცველი კეტავდა კარიბჭეებს, რათა ქალაქი მტრის შემოჭრისგან დაეცვა, მაგრამ სხვა დროს საკვებითა თუ სხვა საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად აღებდა კიდეც მას. თუ მცველები კარიბჭეებს არასდროს გახსნიდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები შიმშილით დაიხოცებოდნენ. ჩვენც რეგულარულად უნდა გავაღოთ გულის კარიბჭე, რათა ღვთის აზროვნებამ ჩვენზე იმოქმედოს.

15 ბიბლიაში იეჰოვას აზრებია ჩაწერილი. ასე რომ, ყოველთვის, როცა მას ვკითხულობთ, იეჰოვას აზრებს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებსა და მოქმედებებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ვაძლევთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გახდეს? ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი და ამბობს: «სანამ ბიბლიას წავიკითხავ, ლოცვით მივმართავ იეჰოვას და ვთხოვ, რომ დამანახვოს მისი სიტყვის „საოცრებები“» (ფსალმ. 119:18). აგრეთვე უნდა ვიფიქროთ წაკითხულზე. როცა ვლოცულობთ, ვკითხულობთ და ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა „გულში ღრმად“ აღწევს და უფრო მეტად გვხიბლავს იეჰოვას აზროვნება (წაიკითხეთ იგავების 4:20—22; ფსალმ. 119:97).

16. როგორ გვეხმარება „JW მაუწყებლობა“? მოიყვანეთ მაგალითი.

16 JW მაუწყებლობა®“ კიდევ ერთი საშუალებაა, რომ ღვთის აზროვნებამ ჩვენზე გავლენა მოახდინოს. ერთი დაქორწინებული წყვილი ამბობს: „ყოველთვიური პროგრამები ჩვენს ლოცვებს პასუხობს, რწმენას გვიძლიერებს და გვამხნევებს, როცა მოწყენილები ვართ ან მარტოდ ვგრძნობთ თავს. სახლში საჭმლის მომზადების, დალაგების ან თუნდაც ჩაის სმის დროს, ყოველთვის ჩართული გვაქვს ჩვენი მუსიკალური კლიპები“. მაუწყებლობის პროგრამები გვეხმარება, გავუფრთხილდეთ გულს. ის გვასწავლის, იეჰოვას თვალით ვუყუროთ საკითხებს და წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის აზროვნებას.

17, 18. ა) 1 მეფეების 8:61-ის თანახმად, რას ცხადვყოფთ, როცა იეჰოვასგან ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებთ? ბ) რის სწავლა შეგვიძლია მეფე ხიზკიას მაგალითიდან? გ) ფსალმუნის 139:23, 24-დან გამომდინარე, რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?

17 ყოველთვის, როცა ვხედავთ კარგი საქციელის დადებით შედეგებს, რწმენა გვიმტკიცდება (იაკ. 1:2, 3). სასიამოვნო გრძნობა გვეუფლება, როცა იეჰოვას ვაძლევთ საშუალებას, ჩვენით იამაყოს და თავის შვილებად გვაღიაროს. ეს კი, თავის მხრივ, მის მოსაწონად ცხოვრების სურვილს გვიძლიერებს (იგავ. 27:11). თითოეული განსაცდელი იმის დამტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს მზრუნველ ზეციერ მამას უგულოდ არ ვემსახურებით (ფსალმ. 119:113). პირიქით, ამ დროს ვუმტკიცებთ იეჰოვას, რომ მთელი გულით გვიყვარს ის და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავემორჩილოთ მის მცნებებს და შევასრულოთ მისი ნება (წაიკითხეთ 1 მეფეების 8:61).

18 ფაქტია, არასრულყოფილების გამო შეცდომებს ვერ ავირიდებთ თავიდან. მაგრამ, თუ წავბორძიკდებით, მეფე ხიზკიას მაგალითი უნდა გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაუშვა, მან მოინანია და „მთელი გულით“ განაგრძო იეჰოვასადმი მსახურება (ეს. 38:3—6; 2 მატ. 29:1, 2; 32:25, 26). ამიტომ მოდი არ მივცეთ სატანას საშუალება, თავისი აზროვნებით გონება მოგვიწამლოს. ვილოცოთ, რომ „მორჩილი გული“ განვივითაროთ (1 მეფ. 3:9; წაიკითხეთ ფსალმუნის 139:23, 24). იეჰოვას ერთგულები დავრჩებით, თუ ყველაზე მეტად გულს გავუფრთხილდებით.

სიმღერა 54 „ეს არის გზა“

^ აბზ. 5 ვუერთგულებთ იეჰოვას თუ სატანას მივცემთ საშუალებას, მახეში გაგვაბას და ღმერთს ჩამოგვაშოროს? ამ კითხვაზე პასუხი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად მძიმე განსაცდელებს შევხვდებით, არამედ იმაზე, თუ რამდენად კარგად გავუფრთხილდებით ჩვენს გულს. რა იგულისხმება სიტყვა „გულში“? როგორ ცდილობს სატანა ჩვენი გულის გარყვნას? და როგორ შეგვიძლია დავიცავთ ის? ეს სტატია სწორედ ამ მნიშვნელოვან კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

^ აბზ. 11 განმარტება: იეჰოვამ მოგვცა უნარი, რომ ჯერ შევამოწმოთ, შემდეგ კი შევაფასოთ საკუთარი ფიქრები, გრძნობები და საქციელი. ბიბლია ამ უნარს სინდისს უწოდებს (რომ. 2:15; 9:1). ბიბლიით განსწავლული სინდისი ჩვენი ფიქრების, საქციელისა თუ სიტყვების ავკარგიანობას იეჰოვას ნორმების შესაბამისად აფასებს.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: მონათლული ძმა ტელევიზორის ყურების დროს უზნეო სცენებს აწყდება. მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: გუშაგი ქალაქის გარეთ საფრთხის მოახლოებას ხედავს. ის ატყობინებს კარიბჭის მცველებს, რომლებიც დაუყოვნებლივ ხურავენ ქალაქის კარიბჭეებს და შიგნიდან კეტავენ მას.