არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 4

უბრალო ვახშამი ჩვენი მეფის თვისებებზე მეტყველებს

უბრალო ვახშამი ჩვენი მეფის თვისებებზე მეტყველებს

„ეს ჩემს სხეულს ნიშნავს . . . შეთანხმების სისხლს“ (მათ. 26:26—28).

სიმღერა 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) რატომ არ გვიკვირს, რომ იესომ თავისი სიკვდილის დღის აღსანიშნავად უბრალო და მარტივი გზა აირჩია? ბ) იესოს რომელ თვისებებს განვიხილავთ?

შეგიძლიათ აღწეროთ, რა ხდება ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე? ცხადია, უმეტესობამ ვიცით, როგორ ტარდება უფლის გახსენების საღამო, რადგან ის ძალიან უბრალოდ და მარტივად აღინიშნება. თუმცა ეს ღონისძიება უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ამიტომ იბადება კითხვა: „რატომ აღინიშნება ის ასე სადად და უბრალოდ?“.

2 დედამიწაზე მსახურების დროს იესო მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მარტივად და გასაგებად ხსნიდა (მათ. 7:28, 29). ის მსგავსად მოიქცა, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნის * უბრალო და მარტივი გზა შემოგვთავაზა, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა გააკეთა და რა უთხრა იესომ თავის მოციქულებს ამ განსაკუთრებული ვახშმის დროს. ეს დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ, როგორი თავმდაბალი, გაბედული და მოსიყვარულეა იესო და ჩვენ როგორ შეგვიძლია უფრო მეტად მივბაძოთ მას ამ თვისებების გამოვლენაში.

იესო თავმდაბალია

გახსენების საღამოს სიმბოლოები — პური და ღვინო, შეგვახსენებს, რომ იესომ ჩვენთვის სიცოცხლე გაიღო და ახლა ზეცაში მეფობს (იხილეთ აბზაცები 3—5)

3. როგორც მათეს 26:26—28-დან ჩანს, რამდენად უბრალო იყო უფლის ვახშამი და რას ასიმბოლოებდა პური და ღვინო?

3 იესო 11 ერთგულ მოციქულთან ერთად იყო, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. მან ეს ძალიან სადად და უბრალოდ გააკეთა, რისთვისაც საპასექო ვახშმიდან მორჩენილი უფუარი პური და ღვინო გამოიყენა ანუ ის, რაც იმ მომენტში ჰქონდა (წაიკითხეთ მათეს 26:26—28). იესომ უთხრა მოციქულებს, რომ პურსაც და ღვინოსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მის სრულყოფილ სხეულსა და სისხლს განასახიერებდა, რომელთაც მალე მათთვის მსხვერპლად გაიღებდა. მოციქულებს, ალბათ, არ გაუკვირდებოდათ, რომ იესომ ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე საღამო ასე უბრალოდ აღნიშნა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

4. როგორ გვეხმარება მართასთვის მიცემული რჩევა იმის გაგებაში, თუ რატომ იყო უფლის ვახშამი ასე უბრალო?

4 გავიხსენოთ, რა მოხდა ამ მოვლენიდან რამდენიმე თვით ადრე. მსახურების მესამე წელს იესო ახლო მეგობრებს, ლაზარეს, მართას და მარიამს ეწვია. ასეთი თავისუფალი გარემო იესომ იმისთვის გამოიყენა, რომ მათთვის ბევრი რამ ესწავლებინა. მართაც შინ იყო, მაგრამ ძირითადი ყურადღება განსაკუთრებული სადილის მომზადებაზე ჰქონდა გადატანილი, რათა პატივდებულ სტუმარს გამასპინძლებოდა. იესომ შენიშნა ეს და სიყვარულით შეუსწორა თვალსაზრისი, რითაც დაანახვა, რომ ყოველთვის არ იყო საჭირო გამორჩეული სადილის მომზადება (ლუკ. 10:40—42). მოგვიანებით, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესომ თავად გამოიყენა მართასთვის მიცემული რჩევა. ვახშამი, რომლითაც მან თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, ძალიან უბრალო და მოკრძალებული იყო. რას გვეუბნება ეს იესოს შესახებ?

5. იესოს რომელ თვისებაზე მეტყველებს უბრალო ვახშამი და როგორ ეთანხმება ეს ფილიპელების 2:5—8-ს?

5 ყველაფერში, რასაც იესო ამბობდა თუ აკეთებდა, მისი თავმდაბლობა ჩანდა. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ დედამიწაზე მსახურების უკანასკნელ საღამოს იესომ უდიდესი თავმდაბლობა გამოავლინა (მათ. 11:29). მან იცოდა, რომ მალე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მსხვერპლს გაიღებდა, რის შემდეგაც იეჰოვა აღადგენდა და ზეცაში დიდებულ მდგომარეობას უბოძებდა. მიუხედავად ამისა, იესოს ზედმეტი ყურადღება არ გადაუტანია საკუთარ თავზე და არ მოუთხოვია, რომ მისი სიკვდილის დღე დიდი პომპეზურობით აღენიშნათ. პირიქით, მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ წელიწადში ერთხელ მის გასახსენებლად უბრალო და მოკრძალებული ვახშამი გაემართათ (იოან. 13:15; 1 კორ. 11:23—25). ეს უბრალო, თუმცა შესაფერისი ვახშამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იესოს სიამაყის ნატამალი არ გააჩნდა. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენი მეფის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწორედ რომ თავმდაბლობაა (წაიკითხეთ ფილიპელების 2:5—8).

6. როგორ შეგვიძლია განსაცდელების დროს იესოსავით გამოვავლინოთ თავმდაბლობა?

6 ჩვენც მივბაძავთ იესოს თავმდაბლობაში, თუ სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ დავაყენებთ (ფილ. 2:3, 4). დავუბრუნდეთ იესოს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს. მიუხედავად იმისა, რომ მტანჯველი სიკვდილი ელოდა, იესოს ძალიან აღელვებდა თავისი ერთგული მოციქულების მდგომარეობა, რომლებიც მალე მის გამო დამწუხრდებოდნენ. ამიტომ სიცოცხლის უკანასკნელ ღამესაც კი ის არიგებდა, ამხნევებდა და ანუგეშებდა მათ (იოან. 14:25—31). იესო თავმდაბლობას ავლენდა და საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა. მართლაც რა შეუდარებელი მაგალითია ეს ჩვენთვის!

იესო გაბედულია

7. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება უფლის გახსენების საღამოს დაწესების შემდეგ?

7 მას შემდეგ, რაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, იესომ უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა. რაში გამოჩნდა ეს? ის მორჩილად დაჰყვა მამის ნებას იმის მიუხედავად, რომ ღვთისმგმობელივით სამარცხვინო სიკვდილი ელოდა (მათ. 26:65, 66; ლუკ. 22:41, 42). იესომ სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნა, რათა განედიდებინა ღვთის სახელი, მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესობისთვის და მარადიული სიცოცხლის გზა გაეხსნა მომნანიებელთათვის. ამავე დროს მან თავისი მოწაფეები მოახლოებული განსაცდელებისთვისაც მოამზადა.

8. ა) რა უთხრა იესომ თავის ერთგულ მოციქულებს? ბ) როგორ მიჰყვებოდნენ მოწაფეები იესოს გაბედულების მაგალითს წლების შემდეგაც კი?

8 იესომ გაბედულება იმ მხრივაც გამოავლინა, რომ თავისი საწუხარი გვერდზე გადადო და მთელი ყურადღება ერთგული მოციქულების საჭიროებებზე გადაიტანა. ვახშმის დაწყებამდე იესომ დაითხოვა იუდა. ეს უბრალო ვახშამი მის მიმდევრებს, რომლებიც მალე წმინდა სულით იქნებოდნენ ცხებულნი, შეახსენებდა, თუ რამხელა სიკეთე მოუტანა მათ იესოს დაღვრილმა სისხლმა და ახალმა შეთანხმებამ (1 კორ. 10:16, 17). თავის მიმდევრებს ერთგულების შენარჩუნებასა და ჯილდოს მიღებაში რომ დახმარებოდა, იესომ ნათლად აუხსნა მათ, თუ რის გაკეთებას მოითხოვდნენ ის და იეჰოვა მათგან (იოან. 15:12—15). იესომ თავისი მიმდევრები მომავალი განსაცდელების შესახებაც გააფრთხილა და მოუწოდა, მის მაგალითს მიჰყოლოდნენ და სიმტკიცე შეენარჩუნებინათ (იოან. 16:1—4, 33). მოწაფეები წლების შემდეგაც კი მიჰყვებოდნენ იესოს კვალს და თავგანწირვის სულსა და გაბედულებას ავლენდნენ. ისინი მზად იყვნენ, რომ, რის ფასადაც არ უნდა დასჯდომოდათ, გასაჭირის დროს ერთმანეთს გვერდში დადგომოდნენ (ებრ. 10:33, 34).

9. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს გაბედულების მაგალითს?

9 იესოს გაბედულების მაგალითს დღესაც მივყვებით. მაგალითად, გაბედულება გვჭირდება, რომ დევნების დროს მხარში ამოვუდგეთ ჩვენს და-ძმებს. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი თანამორწმუნეები უსამართლოდ დააპატიმრონ. ასეთ დროს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის და მათ დასაცავად უნდა ავიმაღლოთ ხმა (ფილ. 1:14; ებრ. 13:19). გაბედულად ქადაგება სიმამაცის გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა (საქ. 14:3). იესოს მსგავსად, დევნისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არ ვწყვეტთ სამეფოს ცნობის ქადაგებას. მაგრამ დროდადრო შეიძლება ვიგრძნოთ, რომ გაბედულება გვაკლია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

10. რა უნდა გავაკეთოთ გახსენების საღამოს წინა პერიოდში და რატომ?

10 გაბედულებას შეგვმატებს იმ იმედზე ფიქრი, რომელიც ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე მოგვეცა (იოან. 3:16; ეფეს. 1:7). გახსენების საღამოს წინა პერიოდში განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ უფრო მეტად გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის. კარგი იქნება, თუ მივყვებით გახსენების საღამოსთვის გათვალისწინებულ ბიბლიის კითხვის გეგმას და მოწიწებით ვიფიქრებთ იესოს სიკვდილის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. უფლის გახსენების საღამოს დროს, უკეთ ჩავწვდებით სიმბოლოებისა და იმ შეუდარებელი მსხვერპლის მნიშვნელობას, რომელსაც ეს სიმბოლოები განასახიერებს. როცა კარგად გვაქვს გააზრებული, რა გააკეთეს იესომ და იეჰოვამ და რამხელა სიკეთე მოაქვს ამას როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ახლობლებისთვის, იმედი გვიმტკიცდება და აღძრულები ვართ, ბოლომდე გაბედულად მოვითმინოთ (ებრ. 12:3).

11, 12. რა დავინახეთ ზემოთ განხილულიდან?

11 ზემოთ განხილულიდან დავინახეთ, რომ გახსენების საღამო არა მხოლოდ ფასდაუდებელ გამოსასყიდს შეგვახსენებს, არამედ იესოს გამორჩეულ თვისებებსაც — თავმდაბლობასა და გაბედულებას. რა სასიხარულოა, რომ იესო, როგორც ზეციერი მღვდელმთავარი, რომელიც ღმერთთან გვშუამდგომლობს, კვლავაც ავლენს ამ თვისებებს! (ებრ. 7:24, 25). გულწრფელი მადლიერება რომ გამოვხატოთ, უნდა მივყვეთ იესოს მითითებას და ერთგულად აღვნიშნოთ მისი სიკვდილის გახსენების საღამო (ლუკ. 22:19, 20). წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ იმ დღეს, რომელიც ებრაული კალენდრით 14 ნისანს შეესაბამება.

12 უფლის საღამოსთვის განკუთვნილი უბრალო სიმბოლოები იესოს კიდევ ერთ თვისებაზე მეტყველებს, რომელმაც აღძრა ის, ჩვენთვის თავი გაეწირა. დედამიწაზე ცხოვრების დროს ბევრი მას ამ თვისებით გამოარჩევდა. რომელ თვისებაზეა საუბარი?

იესო მოსიყვარულეა

13. როგორ აღწერს იოანეს 15:9 და 1 იოანეს 4:8—10 იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილ სიყვარულს და ვინ სარგებლობს ამ სიყვარულით?

13 იესოს მიერ გაკეთებული ყველა საქმე სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას ძლიერ სიყვარულს, რომელსაც ის ჩვენდამი გრძნობს (წაიკითხეთ იოანეს 15:9; 1 იოანეს 4:8—10). რაც ყველაზე მთავარია, იესო სიყვარულმა აღძრა, რომ ჩვენთვის თავი გაეწირა. ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ყველანი ვსარგებლობთ იმ სიყვარულით, რომელიც იეჰოვამ და იესომ გამოსასყიდის გაღებით გამოავლინეს (იოან. 10:16; 1 იოან. 2:2). დაფიქრდით აგრეთვე გახსენების საღამოს სიმბოლოებზე. მოწაფეებისადმი იესოს სიყვარული და მზრუნველობა ამ სიმბოლოებშიც ჩანს. რა გაგებით?

იესომ სიყვარულით დააწესა გახსენების საღამო, რომელიც იმდენად უბრალოა, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი აღნიშვნა სხვადასხვა ვითარებაშიც კი არ გასჭირვებიათ (იხილეთ აბზაცები 14—16) *

14. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული მოწაფეების მიმართ?

14 იესომ იმითაც გამოავლინა სიყვარული თავისი სულითცხებული მიმდევრების მიმართ, რომ ამ საღამოს აღსანიშნავად უბრალო რიტუალი დაუდგინა და არა რთული. ამ ცხებულ მოწაფეებს უფლის გახსენების საღამო ყოველ წელს უნდა აღენიშნათ და ეს სხვადასხვა ვითარებაში, თუნდაც პატიმრობაში ყოფნის დროს უნდა გაეკეთებინათ (გამოცხ. 2:10). იცავდნენ ისინი იესოს მითითებას? რა თქმა უნდა.

15, 16. როგორ შეძლო ზოგმა რთულ მდგომარეობაში უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა?

15 ჭეშმარიტი ქრისტიანები დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. ისინი ცდილობენ, უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს მაქსიმალურად მიჰყვნენ იესოს მითითებებს. ზოგჯერ ამის გაკეთება მათ რთულ ვითარებაში უწევთ. განვიხილოთ ორი მაგალითი. ჩინეთის ციხეში სამარტოო საკანში ყოფნის დროს ძმა ჰაროლდ კინგმა ფანტაზიას მოუხმო და ხელთ არსებული საშუალებებით ჩუმად მოამზადა გახსენების საღამოს სიმბოლოები. მან შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოთვალა გახსენების საღამოს თარიღი. როცა ეს დრო დადგა, საკანში მარტო მყოფმა იმღერა, ილოცა და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოთქვა.

16 მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მყოფმა დებმა საფრთხეში ჩაიგდეს სიცოცხლე, რათა უფლის გახსენების საღამო აღენიშნათ. ვინაიდან გახსენების საღამოსთვის ბევრი არაფერი იყო საჭირო, მათ შეძლეს მისი ჩუმად აღნიშვნა. ისინი წერდნენ: „წრე შევკარით პატარა სკამის გარშემო, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და სიმბოლოები ეწყო. სანთელი გვენთო, რადგან, ნათურას თუ ავანთებდით, შეიძლებოდა ვინმე თავზე დაგვდგომოდა . . . ჩვენ გავიმეორეთ ზეციერი მამისთვის მიცემული გულმხურვალე აღთქმა, რომ მისი წმინდა სახელის გასამართლებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებდით“. რამხელა რწმენა გამოავლინეს ამ დებმა! და რამხელა სიყვარული გამოავლინა იესომ, რომ შესაძლებელი გახადა, რთულ სიტუაციებშიც კი შეგვძლებოდა მისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა!

17. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

17 გახსენების საღამოს მოახლოებისას საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: „როგორ მივბაძო უფრო მეტად იესოს სიყვარულის გამოვლენაში? საკუთარ თავზე უფრო მეტს ვფიქრობ, თუ თანაქრისტიანებზე? იმაზე მეტს ხომ არ ვითხოვ და-ძმებისგან, ვიდრე შეუძლიათ? თუ ვაცნობიერებ მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს?“. დაე ყოველთვის მივბაძოთ იესოს და გამოვავლინოთ გულისხმიერება! (1 პეტ. 3:8).

მიჰბაძეთ იესოს

18, 19. ა) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა ყოველთვის არ იქნება საჭირო. როცა იესო „მოვა“ დიდი გასაჭირის დროს, ის ზეცაში შეკრებს დედამიწაზე დარჩენილ „რჩეულებს“ და გახსენების საღამოს აღნიშვნა შეწყდება (1 კორ. 11:26; მათ. 24:31).

19 იეჰოვას ხალხი ამის შემდეგაც არ დაივიწყებს ამ უბრალო ვახშამს, რომელიც ადამიანის მიერ გამოვლენილი უდიდესი თავმდაბლობის, გაბედულებისა და სიყვარულის სიმბოლოა. ისინი, ვინც ამ განსაკუთრებულ საღამოს აღნიშნავენ, უეჭველად მოუყვებიან ახალ ქვეყნიერებაში მცხოვრებთ მის შესახებ. მაგრამ დღესვე რომ ვისარგებლოთ ამ ღონისძიებით, უნდა მივბაძოთ იესოს თავმდაბლობაში, გაბედულებასა და სიყვარულში. თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვაჯილდოებს (2 პეტ. 1:10, 11).

სიმღერა 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

^ აბზ. 5 მალე დავესწრებით უფლის გახსენების საღამოს და აღვნიშნავთ იესო ქრისტეს სიკვდილის დღეს. ქრისტეს სიკვდილის ხსოვნისადმი მიძღვნილი უბრალო ვახშამი იესოს თავმდაბლობაზე, გაბედულებასა და სიყვარულზე მეტყველებს. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ მივბაძოთ იესოს ამ ძვირფასი თვისებების გამოვლენაში.

^ აბზ. 2 განმარტება: აღნიშვნა ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას მნიშვნელოვანი მოვლენის ან ადამიანის გასახსენებლად და პატივსაცემად.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: ინსცენირებაში ნაჩვენებია, თუ როგორ აღნიშნავენ უფლის გახსენების საღამოს ერთგული მსახურები პირველ საუკუნეში, 1800-იანი წლების მიწურულს, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში და დღეს სამხრეთ ამერიკის ერთ თბილ ქვეყანაში მოკრძალებულ ღია სამეფო დარბაზში.