არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 5

ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენს თვისებებზე მეტყველებს

ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენს თვისებებზე მეტყველებს

„უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“ (1 კორ. 11:26).

სიმღერა 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

მოკლე შინაარსი *

1, 2. ა) რას ხედავს იეჰოვა, როცა უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეკრებილ მილიონობით ადამიანს უყურებს? (იხილეთ სურათი ჟურნალის გარეკანზე) ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

დაფიქრდით, რას ხედავს იეჰოვა, როცა უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეკრებილ მილიონობით ადამიანს უყურებს. ის მხოლოდ ადამიანთა დიდ ჯგუფს კი არ ამჩნევს, არამედ თითოეულ დამსწრეს. მათ შორის ხედავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელს ერთგულად ესწრებიან ამ შეხვედრას. მის თვალს არ ეპარება არც ისინი, რომლებიც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოვიდნენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ღმერთს არც ისინი რჩება მხედველობიდან, რომლებიც რეგულარულად ვერ ესწრებიან კრების შეხვედრებს, თუმცა უფლის გახსენების საღამოს მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევენ. ცხადია, იეჰოვას არც პირველად მოსული სტუმრები რჩება შეუმჩნეველი, რომლებიც შეიძლება ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა.

2 უდავოდ, იეჰოვას ძალიან ახარებს უამრავი ხალხის დანახვა, რომლებიც გახსენების საღამოს აღსანიშნავად იკრიბებიან (ლუკ. 22:19). თუმცა მისთვის რაოდენობაზე მთავარი, ის მიზეზია, რომელიც ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ აღძრავს. დიახ, იეჰოვა ჩვენს მოტივებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამ სტატიაში პასუხს გავცემთ მნიშვნელოვან კითხვას: გახსენების საღამოს გარდა, რატომ ვესწრებით ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლებიც იეჰოვამ თავისი მსახურებისთვის გაითვალისწინა?

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იკრიბება უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად (იხილეთ აბზაცები 1, 2)

შეხვედრებზე დასწრებისკენ თავმდაბლობა აღგვძრავს

3, 4. ა) რატომ ვესწრებით კრების შეხვედრებს? ბ) ჩვენს რომელ თვისებებზე მეტყველებს შეხვედრებზე დასწრება? გ) 1 კორინთელების 11:23—26-ის თანახმად, რატომ უნდა დავესწროთ გახსენების საღამოს?

3 შეხვედრებს უმთავრესად იმიტომ ვესწრებით, რომ ეს ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, შეხვედრებზე იეჰოვასგან განვისწავლებით. ამაყი ადამიანები უგულებელყოფენ იმ აზრს, რომ რამის სწავლა სჭირდებათ (3 იოან. 9). მათგან განსხვავებით ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისგან ვისწავლოთ (ეს. 30:20; იოან. 6:45).

4 შეხვედრებზე დასწრებით თავმდაბლობას ვავლენთ და ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ, იეჰოვასგან ვისწავლოთ. ქრისტეს გახსენების საღამოს უბრალოდ მოვალეობის გამო კი არ ვესწრებით, არამედ თავმდაბლად ვემორჩილებით იესოს მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 11:23—26). ეს შეხვედრა გვიმტკიცებს მომავლის იმედს და შეგვახსენებს, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას. თუმცა ჩვენს ღმერთს ესმის, რომ მისი მსახურებისთვის წელიწადში ერთხელ გამხნევება და გაძლიერება საკმარისი არ არის. ამიტომ ის ყოველკვირეული შეხვედრებით უზრუნველგვყოფს და მოგვიწოდებს, რომ დავესწროთ მათ. ამ მითითებისადმი მორჩილებისკენ თავმდაბლობა აღგვძრავს. გარდა ამისა, ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მომზადებას და მათზე დასწრებას არაერთ საათს ვუთმობთ.

5. რატომ ეხმაურებიან თავმდაბლები იეჰოვას მოწვევას?

5 ყოველწლიურად ბევრი თავმდაბალი ადამიანი ეხმაურება იეჰოვას მოწვევას, რომ მის მიერ განისწავლოს (ეს. 50:4). ისინი სიამოვნებით ესწრებიან გახსენების საღამოს და სხვა შეხვედრებზეც იწყებენ სიარულს (ზაქ. 8:20—23). მათთან ერთად ჩვენც გვანიჭებს სიხარულს, რომ იეჰოვა — ჩვენი „შემწე და მხსნელი“ — გვასწავლის და გვხელმძღვანელობს (ფსალმ. 40:17). ნამდვილად, რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი ან მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ გამოვეხმაუროთ იეჰოვას მოწვევას და მისგან და მისი საყვარელი ძისგან განვისწავლოთ?! (მათ. 17:5; 18:20; 28:20).

6. როგორ დაეხმარა თავმდაბლობა ერთ მამაკაცს, რომ გახსენების საღამოს დასწრებოდა?

6 ყოველ წელს ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიწვიოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე. ამ შეხვედრაზე დასწრებამ ბევრი თავმდაბალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ერთმა ძმამ მამაკაცს მოსაწვევი მისცა, რომელმაც უთხრა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებდა შეხვედრაზე დასწრებას. თუმცა ძმას ძალიან გაუკვირდა, როცა სამეფო დარბაზში გახსენების საღამოზე მოსულ სტუმრებს შორის ეს მამაკაცი დაინახა. მას იმდენად მოეწონა მოწმეების მიერ გამოვლენილი სითბო და ყურადღება, რომ ყოველკვირეულ შეხვედრებზეც დაიწყო სიარული და მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ სამი შეხვედრა გაუცდა. რა დაეხმარა მას, რომ ყველა ამ შეხვედრას დასწრებოდა? ის იმდენად თვინიერი იყო, რომ არ გასჭირვებია გადაწყვეტილების შეცვლა. მოგვიანებით ძმამ, რომელმაც ის გახსენების საღამოზე დაპატიჟა, თქვა, რომ ეს მამაკაცი ძალიან თავმდაბალი იყო. ეჭვგარეშეა, იეჰოვამ მიიზიდა ეს ადამიანი და დღეს ის მონათლული ძმაა (2 სამ. 22:28; იოან. 6:44).

7. როგორ გვეხმარება თავმდაბლობის განვითარებაში ბიბლიის კითხვა და კრების შეხვედრებზე დასწრება?

7 ღვთის სიტყვიდან წაკითხული თუ კრების შეხვედრებზე მოსმენილი აზრები თავმდაბლობის შენარჩუნებაში გვეხმარება. გახსენების საღამოს წინა პერიოდში კრების შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი იესოსა და მის თავმდაბლობაზე კეთდება, რომელმაც ის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისკენ აღძრა. ამიტომ ამ პერიოდში მოგვიწოდებენ, რომ ბიბლიის ის მონაკვეთები წავიკითხოთ, სადაც იესოს სიკვდილთან და მის მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული მოვლენებია აღწერილი. ის, რასაც ამ დროს ბიბლიიდან ვსწავლობთ და კრების შეხვედრებზე ვისმენთ, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი მადლიერებას გვიღრმავებს. ეს კი აღგვძრავს, მივბაძოთ მას თავმდაბლობის გამოვლენაში და მაშინაც შევასრულოთ იეჰოვას ნება, როცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია (ლუკ. 22:41, 42).

გაბედულება შეხვედრებზე დასწრებაში გვეხმარება

8. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულება?

8 ჩვენ იესოს გაბედულების გამოვლენაშიც უნდა მივბაძოთ. დაფიქრდით, როგორ გამოავლინა მან ეს თვისება სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მალე მტრები დაამცირებდნენ, აწამებდნენ და მოკლავდნენ (მათ. 20:17—19). თუმცა მას სიკვდილის არ შეშინებია. როცა ამის დრო დადგა, მან გეთსემანეს ბაღში მყოფ ერთგულ მოციქულებს უთხრა: „ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“ (მათ. 26:36, 46). როცა შეიარაღებული ბრბო მის შესაპყრობად მივიდა, იესო მოციქულების წინ დადგა, თქვა, რომ ის იყო, ვისაც ეძებდნენ და ჯარისკაცებს მათი გაშვება უბრძანა (იოან. 18:3—8). იესომ გაბედულების ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა! დღეს ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვარი“ ყველაფერს აკეთებენ, რომ იესოს ამ თვისების გამოვლენაში მიჰბაძონ. რაში გამოიხატება ეს?

სხვებს ძალას მატებთ, როცა გაბედულებას ავლენთ და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებით (იხილეთ აბზაცი 9) *

9. ა) რატომ შეიძლება დაგვჭირდეს გაბედულება, რომ კრების შეხვედრებს რეგულარულად დავესწროთ? ბ) როგორ შეიძლება გაამხნეოს ჩვენმა მაგალითმა რწმენის გამო დაპატიმრებული და-ძმები?

9 გაბედულება გვჭირდება, რომ რთული მდგომარეობის დროსაც კი არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები. ზოგი ჩვენი თანამორწმუნე დიდი მწუხარების, იმედგაცრუებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ერთგულად ესწრება კრების შეხვედრებს. სხვები გაბედულებას ავლენენ და ოჯახისა თუ ხელისუფლების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ესწრებიან შეხვედრებს. ერთი წამით დაფიქრდით, რამდენად ამხნევებს ჩვენი მაგალითი იმ და-ძმებს, რომლებიც რწმენის გამო არიან დაპატიმრებულები (ებრ. 13:3). იმის გაგება, რომ განსაცდელების მიუხედავად არ ვწყვეტთ იეჰოვასადმი მსახურებას, მათ ძალას მატებს, რომ რწმენა, გაბედულება და ერთგულება შეინარჩუნონ. მსგავსი რამ მოხდა პავლე მოციქულის შემთხვევაშიც. რომში შინაპატიმრობის დროს მას ყოველთვის დიდად ახარებდა იმის მოსმენა, რომ და-ძმები ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს (ფილ. 1:3—5, 12—14). გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ან გათავისუფლებიდან ძალიან მალე პავლემ ებრაელ ქრისტიანებს წერილი მისწერა. ამ წერილში ის მოუწოდებდა მათ, რომ ძმათმოყვარეობა შეენარჩუნებინათ და არ შეეწყვიტათ ერთად შეკრება (ებრ. 10:24, 25; 13:1).

10, 11. ა) ვინ უნდა დავპატიჟოთ გახსენების საღამოზე? ბ) ეფესოელების 1:7-ის თანახმად, რატომ ვიქცევით ასე?

10 გაბედულებას მაშინაც ვავლენთ, როცა გახსენების საღამოზე ნათესავებს, თანამშრომლებსა და მეზობლებს ვეპატიჟებით. რატომ ვიქცევით ასე? ჩვენ იმდენად ვაფასებთ იმას, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს, რომ ვერ ვჩუმდებით და სხვებსაც ვიწვევთ ამ შეხვედრაზე. ჩვენ გვინდა, რომ მათაც ისარგებლონ იეჰოვას წყალობით, რომელიც გამოსასყიდის მეშვეობით გახდა შესაძლებელი (წაიკითხეთ ეფესოელების 1:7; გამოცხ. 22:17).

11 როცა გაბედულებას ვიჩენთ და ერთად ვიკრიბებით, სხვა თვისების გამოვლენის საშუალებაც გვეძლევა. ამ თვისების გამოვლენის შეუდარებელ მაგალითს იეჰოვა და იესო გვაძლევენ.

შეხვედრებზე დასწრებისკენ სიყვარული აღგვძრავს

12. ა) როგორ გვიძლიერებს შეხვედრებზე დასწრება იეჰოვასა და იესოს მიმართ სიყვარულს? ბ) 2 კორინთელების 5:14, 15-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?

12 შეხვედრებზე დასწრებისკენ სიყვარული აღგვძრავს, რომელსაც იეჰოვასა და იესოს მიმართ ვგრძნობთ. იქ მოსმენილი კი, თავის მხრივ, უფრო მეტად გვიძლიერებს ამ გრძნობას, რადგან ხშირად შევიხსენებთ, თუ რა გააკეთეს მათ ჩვენთვის (რომ. 5:8). გახსენების საღამო განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, თუ რა ძლიერ უყვარს ღმერთს ადამიანები, მათ შორის ისინიც, რომლებმაც ჯერ არ იციან ამ მსხვერპლის ფასი. მადლიერებით აღძრულები ვცდილობთ, ყოველდღე დავამტკიცოთ, რომ ვბაძავთ იესოს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15). გარდა ამისა, გული გვეწევა, რომ განვადიდოთ იეჰოვა გაღებული გამოსასყიდისთვის. ამის ერთ-ერთი საშუალება კი კრების შეხვედრებზე გულწრფელი კომენტარების გაკეთებაა.

13. როგორ ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვიყვარს იეჰოვა და მისი ძე? ახსენით.

13 ძლიერ სიყვარულს იმ შემთხვევაში დავუმტკიცებთ იეჰოვასა და მის ძეს, თუ მზად ვიქნებით, მათ გამო მსხვერპლზე წავიდეთ. ხშირად არაერთი მსხვერპლის გაღება გვიწევს, რომ კრების შეხვედრებს დავესწროთ. შუა კვირის შეხვედრები, ძირითადად, სამუშაო დღის ბოლოს ტარდება, როცა უმეტესობა ჩვენგანი დაღლილია. მეორე შეხვედრა კი შაბათ-კვირას არის დაგეგმილი, როცა ჩვეულებრივ ხალხი ისვენებს. განა იეჰოვა ვერ ამჩნევს, რომ დაღლილობის მიუხედავად მაინც ვესწრებით კრების შეხვედრებს?! რა თქმა უნდა, მას ეს შეუმჩნეველი არ რჩება! აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ძალისხმევას ვახმართ შეხვედრებზე დასწრებას, მით მეტად აფასებს იეჰოვა იმ სიყვარულს, რომელსაც მის მიმართ ვავლენთ (მარ. 12:41—44).

14. თავგანწირული სიყვარულის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

14 იესომ თავგანწირული სიყვარულის მაგალითი დაგვიტოვა. ის მზად იყო, რომ მხოლოდ კი არ მომკვდარიყო თავისი მოწაფეებისთვის, არამედ ყოველდღე დაემტკიცებინა, რომ საკუთარ თავზე წინ მათ ინტერესებს აყენებდა. მაგალითად, ის მაშინაც აქცევდა მათ ყურადღებას, როცა ძალიან დაღლილი და დამწუხრებული იყო (ლუკ. 22:39—46). იესო არ ცდილობდა, რომ სხვებს რამეს გამორჩენოდა, პირიქით, მისი ძირითადი საფიქრალი მათთვის სიკეთის გაკეთება იყო (მათ. 20:28). თუ იესოსავით ძალიან გვეყვარება იეჰოვა და ჩვენი და-ძმები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავესწროთ უფლის გახსენების საღამოს და არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები.

15. განსაკუთრებით ვის დახმარებას ვცდილობთ?

15 ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ საძმოს მივეკუთვნებით და დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ ქადაგებისთვის, რათა სხვებიც შემოგვიერთდნენ. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მათ ვაქცევთ, ვინც „რწმენით ჩვენიანია“, მაგრამ არააქტიური გახდა (გალ. 6:10). ჩვენ მათ სიყვარულს იმით ვუმტკიცებთ, რომ ვეპატიჟებით შეხვედრებზე, განსაკუთრებით კი გახსენების საღამოზე. იეჰოვასა და იესოს მსგავსად ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როცა არააქტიურები უბრუნდებიან იეჰოვას, რომელიც ჩვენი მოსიყვარულე მამა და მწყემსია (მათ. 18:14).

16. ა) როგორ ვამხნევებთ ერთმანეთს და რაში დაგვეხმარება კრების შეხვედრები? ბ) რატომ არის გახსენების საღამოს პერიოდი წლის საუკეთესო დრო, რომ ვიფიქროთ იოანეს 3:16-ში ჩაწერილ სიტყვებზე?

16 მომდევნო კვირებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაპატიჟეთ გახსენების საღამოზე, რომელიც 2019 წლის 19 აპრილს, პარასკევ დღეს აღინიშნება (იხილეთ ჩარჩო „ სხვებსაც დაპატიჟებთ?“). მოდი შევეცადოთ, მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად დავესწროთ კრების ყველა იმ შეხვედრას, რომლითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს და ამგვარად წავახალისოთ ერთმანეთი. ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად კრების შეხვედრები დაგვეხმარება, რომ თავმდაბლობა, გაბედულება და სიყვარული შევინარჩუნოთ (1 თეს. 5:8—11). მოდი მთელი გულით დავანახვოთ იეჰოვასა და მის ძეს, რომ ძალიან ვაფასებთ მათ უდიდეს სიყვარულს (წაიკითხეთ იოანეს 3:16).

სიმღერა 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!

^ აბზ. 5 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, რომელიც 2019 წლის 19 აპრილს აღინიშნება, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ცხადია, ამ შეხვედრაზე დასწრებისკენ იეჰოვას მოსაწონად მოქცევის სურვილი აღგვძრავს. თუმცა ამ სტატიიდან გავიგებთ, ჩვენს რომელ თვისებებზე მეტყველებს როგორც გახსენების საღამოზე, ისე ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება.

^ აბზ. 52 სურათის აღწერა: რწმენის გამო დაპატიმრებულ ძმას ამხნევებს ოჯახიდან მიღებული წერილი. ის თავს მიტოვებულად არ გრძნობს და ახარებს იმის გაგება, რომ პოლიტიკური არეულობის მიუხედავად, მისი ოჯახი იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებს.