არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 1

„ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“

„ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“

2020 წლის მუხლი: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . მონათლეთ ისინი“ (მათ. 28:19).

სიმღერა 79 ასწავლეთ, რომ მტკიცედ იდგნენ

მოკლე შინაარსი *

1, 2. რას ეუბნება ანგელოზი სამარხთან მისულ ქალებს და რა მითითებას აძლევს იესო მათ?

ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს, გამთენიისას ღვთისმოშიში ქალები გზას მიუყვებიან სამარხისკენ, სადაც ორი დღით ადრე უფალი იესო ქრისტე დაასვენეს. ისინი გულდამძიმებულები უახლოვდებიან სამარხს, რათა იესოს ცხედარს სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები სცხონ. მათ გაოცებას საზღვარი არა აქვს, როცა ხედავენ, რომ სამარხი ცარიელია! ანგელოზი ეუბნება ქალებს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და დასძენს: „ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში. იქ ნახავთ მას“ (მათ. 28:1—7; ლუკ. 23:56; 24:10).

2 მას შემდეგ, რაც ქალები სამარხს ტოვებენ, იესო უახლოვდება მათ და მითითებას აძლევს: „წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“ (მათ. 28:10). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს მაშინვე სურს მოწაფეებთან შეხვედრა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი მითითებები უნდა მისცეს.

ვის დაავალა იესომ მოწაფეების მომზადება?

როცა იესო აღდგომის შემდეგ გალილეაში მოციქულებსა და სხვებს შეხვდა, მათ მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „წადით . . . და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (იხილეთ აბზაცები 3, 4)

3, 4. საიდან ვიცით, რომ მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილი დავალება მხოლოდ იესოს მოციქულებს არ ეხებათ? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

3 წაიკითხეთ მათეს 28:16—20. მოწაფეებთან შეხვედრისას იესომ ისაუბრა უაღრესად მნიშვნელოვან დავალებაზე, რომელსაც პირველ საუკუნეში მისი მოწაფეები შეასრულებდნენ, და რომელსაც დღეს ჩვენ ვასრულებთ. იესომ თქვა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“.

4 იესომ ქადაგების საქმე მხოლოდ 11 ერთგულ მოციქულს როდი მიანდო. მან ეს დავალება ყველა მოწაფეს მისცა. საიდან ვიცით ეს? როცა იესომ გალილეის მთაზე შეკრებილ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა, იქ მოციქულების გარდა სხვებიც იმყოფებოდნენ. გავიხსენოთ, რა უთხრა ანგელოზმა ქალებს: „იქ [გალილეაში] ნახავთ მას“. აქედან გამომდინარე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგული ქალებიც მთაზე შეკრებილებს შორის იყვნენ. გარდა ამისა, მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ იესო „ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად“ ეჩვენა (1 კორ. 15:6). როდის მოხდა ეს?

5. რას ვიგებთ 1 კორინთელების 15:6-დან?

5 აშკარაა, რომ 1 კორინთელების 15:6-ში პავლე გალილეაში ჩატარებულ იმავე შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც მათეს 28-ე თავშია აღწერილი. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? პირველი, იესოს მოწაფეების უმეტესობა გალილეელი იყო. ამიტომ ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ამ შეხვედრისთვის, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრებოდა, შესაფერისი ადგილი სწორედ გალილეის მთა იქნებოდა და არა ვინმეს სახლი იერუსალიმში. მეორე, მკვდრეთით აღმდგარი იესო იერუსალიმში, ერთ-ერთ სახლში, მანამდე უკვე ეჩვენა 11 მოციქულს. თუ ქრისტეს სურდა, რომ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე მხოლოდ მოციქულებისთვის დაევალებინა, ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა და მოციქულებს, ერთგულ ქალებსა და სხვებს გალილეის მთაზე აღარ დაუთქვამდა შეხვედრას (ლუკ. 24:33, 36).

6. როგორ ცხადყოფს მათეს 28:20-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ მოწაფეების მომზადების საქმე დღესაც უნდა შესრულდეს და რა მასშტაბებს აღწევს ეს საქმიანობა?

6 დავფიქრდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზზე. საიდან ვიცით, რომ იესოს დავალებას მხოლოდ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ შეასრულებდნენ? იესომ მოწაფეებთან საუბარი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). იესოს სიტყვების თანახმად, მოწაფეების მომზადების საქმე დღესაც მიმდინარეობს და თანაც არნახულ მასშტაბებს აღწევს. დაფიქრდით, ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ადამიანი ინათლება და ქრისტეს მოწაფე ხდება.

7. რაზე ვიმსჯელებთ და რატომ?

7 ბევრი, ვინც ბიბლიას სწავლობს, სულიერად წინ მიიწევს და ინათლება. მაგრამ ზოგ ბიბლიის შემსწავლელს აშინებს იმაზე ფიქრი, რომ ქრისტეს მოწაფე გახდეს. ისინი სიამოვნებით სწავლობენ ბიბლიას, თუმცა სულიერად არ იზრდებიან და ნათლობამდე ვერ მიდიან. თუ ბიბლიის შესწავლას ატარებთ, ეჭვგარეშეა, გსურთ, რომ შემსწავლელმა ნასწავლის თანახმად იცხოვროს და ქრისტეს მოწაფე გახდეს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვა შევაყვაროთ და სულიერ ზრდაში დავეხმაროთ. ამ საკითხს იმიტომ განვიხილავთ, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გადაწყვეტილების წინაშე დავდგეთ, გავაგრძელოთ თუ არა ბიბლიის შესწავლა.

შეეცადეთ, ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვა შეაყვაროთ

8. რატომ შეიძლება გაუჭირდეს ბიბლიის შემსწავლელს, შეიყვაროს ღმერთი?

8 იეჰოვას სურს, რომ ადამიანები მას სიყვარულით ემსახურებოდნენ. ამიტომ ჩვენი მიზანია, ბიბლიის შემსწავლელები დარწმუნდნენ, რომ ღმერთს ძალიან უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე. გვინდა, დავანახვოთ მათ, რომ იეჰოვა „უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა“ (ფსალმ. 68:5). როცა ბიბლიის შემსწავლელები გააცნობიერებენ, რამდენად ძვირფასები არიან ღვთისთვის, მათაც გაუღრმავდებათ სიყვარული ზეციერი მამის მიმართ. ზოგს უჭირს იეჰოვა მოსიყვარულე მამად წარმოიდგინოს, რადგან მამის სიყვარული და სითბო არასდროს უგრძნია (2 ტიმ. 3:1, 3). ეცადეთ, ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება. დაანახვეთ შემსწავლელს, რომ მოსიყვარულე ღმერთს არა მხოლოდ სურს, მარადიული სიცოცხლე მისცეს, არამედ მზად არის, დაეხმაროს კიდეც ამ ჯილდოს მოპოვებაში. კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია?

9, 10. რომელი წიგნებით შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის ჩატარება და რით გამოირჩევა ეს წიგნები?

9 გამოიყენეთ წიგნები „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და „დარჩით ღვთის სიყვარულში“. ეს პუბლიკაციები იმ მიზნით შეიქმნა, რომ დაგვეხმაროს, ღვთის სიტყვა ბიბლიის შემსწავლელის გულამდე მივიტანოთ. მაგალითად, წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ პასუხი ეცემა შემდეგ კითხვებს: ავლენს ღმერთი შენ მიმართ ინტერესს? ნუთუ ღმერთი გულგრილი და უმოწყალოა?! როგორ უყურებს ღმერთი ჩვენ გარშემო არსებულ უსამართლობას? შეგიძლია ღმერთთან დაახლოება? რა შეიძლება ითქვას წიგნზე „დარჩით ღვთის სიყვარულში“? ეს სახელმძღვანელო შემსწავლელს დაანახვებს, როგორ შეცვლის ბიბლიური პრინციპების გამოყენება მის ცხოვრებას უკეთესობისკენ და როგორ დააახლოებს იეჰოვასთან. იმ შემთხვევაშიც, თუ არაერთხელ ჩაგიტარებიათ ამ წიგნებით ბიბლიის შესწავლა, კარგად მოემზადეთ ყოველი შესწავლის წინ და დაფიქრდით თქვენი შემსწავლელის საჭიროებებზე.

10 შეიძლება ბიბლიის შემსწავლელი ისეთი საკითხით დაინტერესდეს, რომელიც ამ სახელმძღვანელოებში არ არის განხილული. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ წაახალისებთ მას, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია სხვა პუბლიკაციაში თავად წაიკითხოს, და შესწავლის ჩატარებას კვლავინდებურად ზემოთ მოხსენიებული ერთ-ერთი წიგნით განაგრძობთ.

ბიბლიის შესწავლა ლოცვით დაიწყეთ (იხილეთ აბზაცი 11)

11. ა) როდის უნდა ავუხსნათ შემსწავლელს, რომ უმჯობესია შესწავლის ლოცვით დაწყება და დასრულება? ბ) როგორ შეგვიძლია ამ საკითხზე საუბრის წამოწყება?

11 ბიბლიის შესწავლა ლოცვით დაიწყეთ. ეცადეთ, შემსწავლელს მალევე აუხსნათ, რომ უმჯობესია, შესწავლა ლოცვით დაიწყოთ და დაასრულოთ. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ბიბლიის გაგება მხოლოდ ღვთის წმინდა სულის მეშვეობით შეგვიძლია. ზოგიერთი დახელოვნებული მასწავლებელი ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად იაკობის 1:5-ს იშველიებს, სადაც ვკითხულობთ: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს“. შემდეგ კი ბიბლიის შემსწავლელს ეკითხება: როგორ შეგვიძლია ღმერთს სიბრძნე ვთხოვოთ? ამ კითხვაზე დაფიქრება, სავარაუდოდ, შემსწავლელს ლოცვის აუცილებლობას დაანახვებს.

12. ფსალმუნის 139:2—4-ის მეშვეობით როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს, რომ ლოცვაში ღმერთს გულახდილად ესაუბროს?

12 ასწავლეთ ბიბლიის შემსწავლელს, როგორ ილოცოს. დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა მის გულწრფელ ლოცვებს სიამოვნებით მოისმენს. აუხსენით, რომ შეგვიძლია ლოცვაში თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ისეთი რამ ვუთხრათ ღმერთს, რასაც ვერავის ვეტყოდით; მან ხომ ისედაც კარგად იცის, რას ვფიქრობთ გულის სიღრმეში (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:2—4). გარდა ამისა, წაახალისეთ შემსწავლელი, სთხოვოს ღმერთს, რომ არასწორი აზროვნებისა თუ ცუდი ჩვევების მოშორებაში დაეხმაროს. მაგალითად, შეიძლება ბიბლიის შემსწავლელი ბოლომდე ვერ ელევა ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულების აღნიშვნას, თუმცა კარგად იცის, რომ ეს არასწორია. დაანახვეთ მას, რომ შეუძლია იეჰოვას გულწრფელად გაანდოს თავისი განცდები და სთხოვოს, იმის შეყვარებაში დაეხმაროს, რაც მას უყვარს (ფსალმ. 97:10).

დაპატიჟეთ ბიბლიის შემსწავლელი კრების შეხვედრაზე (იხილეთ აბზაცი 13)

13. ა) რატომ უნდა დავპატიჟოთ ბიბლიის შემსწავლელი კრების შეხვედრაზე მალევე? ბ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შემსწავლელმა კრების შეხვედრაზე თავი უცხოდ არ იგრძნოს?

13 მალევე დაპატიჟეთ ბიბლიის შემსწავლელი კრების შეხვედრაზე. შეხვედრები მას იეჰოვას მსახურებისკენ აღძრავს და სულიერ ზრდაში შეუწყობს ხელს. აჩვენეთ ვიდეო „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“ და შესთავაზეთ, თქვენთან ერთად წამოვიდეს კრების შეხვედრაზე. თუ შესაძლებელია, შეხვედრის ადგილამდე მანქანით მიიყვანეთ. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა მაუწყებელთან ერთად ჩაუტარებთ შესწავლას. ამგვარად ის სხვებსაც გაიცნობს და როცა შეხვედრაზე მოვა, თავს უცხოდ არ იგრძნობს.

დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს სულიერ ზრდაში

14. რა აღძრავს ბიბლიის შემსწავლელს, რომ სულიერად გაიზარდოს?

14 ჩვენი მიზანია, შემსწავლელს სულიერ წინსვლაში დავეხმაროთ (ეფეს. 4:13). როცა ვინმე ბიბლიის შესწავლას იწყებს, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებს, რა სიკეთეს მოუტანს პირადად მას ჭეშმარიტების გაგება. მაგრამ, როდესაც იეჰოვასადმი სიყვარული გაუღრმავდება, ის, ალბათ, იმაზე დაიწყებს ფიქრს, როგორ დაეხმაროს სხვებს, მათ შორის კრებაში თანაქრისტიანებს (მათ. 22:37—39). როდესაც შესაფერისი დრო დადგება, თავს ნუ შეიკავებთ იმის თქმისგან, რომ გვაქვს პატივი, სამეფოს საქმეს ფინანსურად დავუჭიროთ მხარი.

ასწავლეთ ბიბლიის შემსწავლელს, როგორ მოიქცეს პრობლემების დროს (იხილეთ აბზაცი 15)

15. როგორ დავეხმაროთ შემსწავლელს, რომ პრობლემების დროს სწორად მოიქცეს?

15 მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელი პრობლემებთან გასამკლავებლად. დავუშვათ, თქვენი შემსწავლელი, რომელიც მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, გეუბნებათ, რომ კრებაში ვიღაცამ აწყენინა. ნაცვლად იმისა, რომ რომელიმეს მხარე დაიკავოთ, დაანახვეთ, როგორ უნდა მოიქცეს ბიბლიური პრინციპების თანახმად. მას შეუძლია აპატიოს თანაქრისტიანს და დაივიწყოს მომხდარი. მაგრამ, თუ ამის გაკეთება უჭირს, უმჯობესია, მივიდეს და თბილად დაელაპარაკოს, რათა მასთან ურთიერთობა აღადგინოს (შეადარეთ მათეს 18:15). დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს, წინასწარ დაფიქრდეს, რისი თქმა აჯობებს უთანხმოების მოსაგვარებლად. აჩვენეთ, როგორ გამოიყენოს აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა®, „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“ და ვებგვერდი jw.org® პრობლემიდან გამოსავლის საპოვნელად. რაც უფრო მეტს ისწავლის ნათლობამდე, მით უფრო გაუადვილდება მომავალში და-ძმებთან ურთიერთობა.

16. რატომ იქნება კარგი, თუ შესწავლაზე სხვადასხვა მაუწყებელს წაიყვანთ?

16 წაიყვანეთ შესწავლაზე სხვადასხვა მაუწყებელი ან სარაიონო ზედამხედველი, როცა თქვენს კრებას ინახულებს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა სხვებმა თქვენზე უკეთ შეძლონ შემსწავლელის დახმარება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად შემსწავლელი თავს ვერ ანებებს მოწევას. შესწავლაზე ისეთი მაუწყებელი წაიყვანეთ, რომელმაც რამდენიმე უშედეგო მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ დაძლია ეს მავნე ჩვევა. მან შეიძლება ისეთი პრაქტიკული რჩევა მისცეს შემსწავლელს, რომელიც სწორედ იმ მომენტში სჭირდება. თუ გეუხერხულებათ, რომ გამოცდილ ძმასთან ერთად თქვენ ჩაატაროთ შესწავლა, ამის გაკეთება მას სთხოვეთ. ეცადეთ, სხვადასხვა მაუწყებლის გამოცდილება შემსწავლელის დასახმარებლად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ჩვენი მიზანია, მას სულიერ ზრდაში დავეხმაროთ.

რა შემთხვევაში არ ღირს შესწავლის გაგრძელება?

17, 18. რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ შესწავლას შეწყვეტთ?

17 თუ ბიბლიის შემსწავლელი ცვლილებებს არ ახდენს, უმჯობესი იქნება, დაფიქრდეთ, ღირს თუ არა შესწავლის გაგრძელება. მხედველობაში მიიღეთ შემსწავლელის უნარი და შესაძლებლობები. ზოგს სხვებთან შედარებით უფრო მეტი დრო სჭირდება სულიერი ზრდისთვის. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: მდგომარეობიდან გამომდინარე, ახდენს ის საჭირო ცვლილებებს? ცდილობს, ნასწავლის თანახმად იმოქმედოს? (მათ. 28:20). შესაძლოა შემსწავლელი სწრაფად ვერ მიიწევს წინ სულიერად, მაგრამ აუცილებელია, თანდათან შეიცვალოს ცხოვრების წესი.

18 როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ვამჩნევთ, რომ შემსწავლელი უგულოდ ეკიდება ბიბლიის შესწავლას? დავუშვათ, მან დაასრულა შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია“ ან უკვე განიხილავთ წიგნს „დარჩით ღვთის სიყვარულში“, თუმცა ერთხელაც არ დასწრებია კრების შეხვედრას, რომ არაფერი ვთქვათ გახსენების საღამოზე. ამასთანავე, უმნიშვნელო მიზეზების გამო ხშირად აცდენს შესწავლას. ასეთ შემთხვევაში გონივრულია, თუ შემსწავლელს გულწრფელად დაელაპარაკებით. *

19. რა შეგიძლიათ ჰკითხოთ მას, ვინც ზერელედ ეკიდება ბიბლიის შესწავლას და რაზე უნდა დაფიქრდეთ მისი პასუხიდან გამომდინარე?

19 შეგიძლიათ საუბარი ასეთი კითხვით დაიწყოთ: როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რა გიშლის ხელს, რომ იეჰოვას მოწმე გახდე? შეიძლება მან გითხრათ, რომ ბიბლიის შესწავლა მოსწონს, მაგრამ იეჰოვას მოწმე არასოდეს გახდება. ასეთი პასუხის შემდეგ დაფიქრდით, აქვს აზრი შესწავლის გაგრძელებას? მეორე მხრივ, შესაძლოა შემსწავლელმა გულახდილად გითხრათ, რა აფერხებს სულიერ ზრდაში. მაგალითად, შეიძლება გამოგიტყდეთ, რომ ვერასდროს შეძლებს კარდაკარ ქადაგებას. მისთვის დახმარების გაწევა გაგიადვილდებათ, თუ გეცოდინებათ, რა უშლის ხელს.

ნუ შეალევთ დროს უნაყოფო ბიბლიის შესწავლას (იხილეთ აბზაცი 20)

20. როგორ გვეხმარება საქმეების 13:48-ში ჩაწერილი სიტყვები, განვსაზღვროთ, ღირს თუ არა შესწავლის გაგრძელება?

20 სამწუხაროდ, ზოგი ბიბლიის შემსწავლელი ეზეკიელის დროში მცხოვრებ ისრაელებს ჰგავს. იეჰოვამ მათ შესახებ ეზეკიელს უთხრა: „მათთვის სატრფიალო სიმღერების მომღერალივით ხარ, ლამაზხმიანი მომღერალივით და სიმებიან საკრავზე კარგად დამკვრელივით. მოისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ შეასრულებენ“ (ეზეკ. 33:32). შესაძლოა გვიჭირს შემსწავლელისთვის იმის თქმა, რომ შესწავლა უნდა შევწყვიტოთ. თუმცა იფიქრეთ იმაზეც, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ (1 კორ. 7:29). ნაცვლად იმისა, რომ ეს ძვირფასი დრო უნაყოფო შესწავლებს შევალიოთ, უმჯობესია, ისეთი ადამიანები მოვძებნოთ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის არიან განწყობილნი (წაიკითხეთ საქმეების 13:48).

შეიძლება თქვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძებენ და ღმერთს დახმარებას სთხოვენ (იხილეთ აბზაცი 20)

21. რომელია 2020 წლის მუხლი და რატომ არის ის დროული?

21 წლევანდელი მუხლი დაგვაფიქრებს, როგორ დავხელოვნდეთ მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ მუხლში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს, რომლებიც მან გალილეის მთაზე ჩატარებულ ისტორიულ შეხვედრაზე წარმოთქვა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . მონათლეთ ისინი“ (მათ. 28:19).

ჩვენი მიზანია, დავხელოვნდეთ მოწაფეების მომზადების საქმეში და დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, ნათლობისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან (იხილეთ აბზაცი 21)

სიმღერა 70 ეძებეთ ღირსეულები

^ აბზ. 5 2020 წლის მუხლი მოგვიწოდებს: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. ეს დავალება იეჰოვას ყველა მსახურს ეხება. როგორ მივიტანოთ ღვთის სიტყვა ბიბლიის შემსწავლელის გულამდე, რომ ისიც ქრისტეს მოწაფე გახდეს? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია იეჰოვასთან დაახლოებაში დავეხმაროთ მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლით. აგრეთვე ვიმსჯელებთ, როგორ განვსაზღვროთ, ღირს თუ არა ბიბლიის შესწავლის გაგრძელება.

^ აბზ. 18 იხილეთ JW მაუწყებლობაზე® განთავსებული ვიდეო „შეწყვიტე უნაყოფო შესწავლა“.