არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 2

თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამხმარე და გამაძლიერებელი

თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამხმარე და გამაძლიერებელი

„ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლ. 4:11).

სიმღერა 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

მოკლე შინაარსი *

1. რამ შეიძლება გაუტეხოს გული იეჰოვას მსახურებს?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას ბევრ მსახურს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულესთან უწევს გამკლავება, რაც მათი წუხილისა და გულგატეხილობის მიზეზი ხდება. მაგალითად, ზოგ ქრისტიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ზოგიერთი საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ებრძვის. ზოგი ძალიან განიცდის, როცა მათი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი ჭეშმარიტებას ტოვებს. ზოგსაც სტიქიური უბედურებით გამოწვეულ შედეგებთან უწევს გამკლავება. ცხადია, ყველა ის ქრისტიანი, ვინც ასეთ გასაჭირშია, ნუგეშს საჭიროებს. თქვენს კრებაშიც ხვდებიან და-ძმები მსგავს პრობლემებს? როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება?

2. რატომ სჭირდებოდა დროდადრო პავლეს ნუგეში?

2 მოციქულმა პავლემ სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში (2 კორ. 11:23—28). გარდა ამისა, ის ებრძოდა „სხეულში ეკალს“, რაც, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა ყოფილიყო (2 კორ. 12:7). ალბათ, პავლეს იმედგაცრუება დაეუფლებოდა, როცა მისმა თანამსახურმა, დემასმა, მიატოვა და „ქვეყნიერება შეიყვარა“ (2 ტიმ. 4:10). პავლე გაბედული ცხებული ქრისტიანი იყო, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა სხვებს, მაგრამ დროდადრო თავადაც სჭირდებოდა ნუგეში (რომ. 9:1, 2).

3. ვისგან იღებდა პავლე ნუგეშსა და მხარდაჭერას?

3 პავლე ყოველთვის გრძნობდა ნუგეშისცემასა და მხარდაჭერას. იეჰოვა საჭირო დროს მას წმინდა სულით აძლიერებდა (2 კორ. 4:7; ფილ. 4:13). ის მოციქულს თანაქრისტიანების მეშვეობითაც ანუგეშებდა. მაგალითად, პავლე ზოგიერთ თანამსახურზე ამბობს, რომ მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ იყვნენ (კოლ. 4:11). მან სახელებით მოიხსენია არისტარქე, ტიქიკე და მარკოზი, რომლებიც გასაჭირის დროს გვერდში ედგნენ. რომელი თვისებები ეხმარებოდა ამ სამ მამაკაცს, რომ სხვებისთვის მანუგეშებლები ყოფილიყვნენ? როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ, როცა სხვების გამხნევებასა და ნუგეშისცემას ვცდილობთ?

არისტარქესავით ერთგული

არისტარქესავით ერთგული მეგობარი ვიქნებით, თუ გასაჭირში მყოფ და-ძმებს არ მივატოვებთ (იხილეთ აბზაცები 4, 5) *

4. როგორ ცხადყო არისტარქემ, რომ პავლეს ერთგული მეგობარი იყო?

4 არისტარქემ, რომელიც თესალონიკედან, მაკედონიის პროვინციიდან იყო, არაერთხელ დაუმტკიცა პავლეს ერთგულება. არისტარქე პირველად ბიბლიის იმ მონაკვეთში მოიხსენიება, როცა პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ეფესოში ჩავიდა. პავლესთან ერთად ყოფნის დროს იგი ხალხმა შეიპყრო და დააპატიმრა (საქ. 19:29). არისტარქე გათავისუფლების შემდეგაც არ მოსცილებია გვერდიდან თავის მეგობარს, მიუხედავად იმისა, რომ ამით საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს. რამდენიმე თვის შემდეგ ის კვლავ გვერდში დაუდგა საბერძნეთში მყოფ პავლეს, რომელსაც მტრები მოსაკლავად დაეძებდნენ (საქ. 20:2—4). დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, როცა დაპატიმრებული პავლე რომში გაგზავნეს, ხანგრძლივი მგზავრობის დროს არისტარქე თან ახლდა მოციქულს და მასთან ერთად გადაიტანა გემის მსხვრევა (საქ. 27:1, 2, 41). როგორც ჩანს, რომში ჩასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე პავლესთან ერთად ისიც დაპატიმრებული იყო (კოლ. 4:10). ეჭვგარეშეა, მოციქულს ძალიან გაამხნევებდა და ანუგეშებდა, რომ ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდა!

5. იგავების 17:17-ის თანახმად, რას ნიშნავს იყო ერთგული მეგობარი?

5 არისტარქეს მსგავსად, ჩვენც ერთგული მეგობარი ვიქნებით, თუ და-ძმებს გვერდში დავუდგებით არა მხოლოდ ლხინში, არამედ ჭირშიც (წაიკითხეთ იგავების 17:17). განსაცდელის შემდეგ შეიძლება და-ძმებს რაღაც დროის მანძილზე კვლავაც დასჭირდეთ ნუგეში. ფრანსისი, * რომელსაც სამი თვის განმავლობაში ორივე მშობელი კიბოთი დაეღუპა, ამბობს: „მძიმე განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხნის მანძილზე ტოვებს ღრმა ემოციურ კვალს. ჩემს მეგობრებს კარგად ესმით, რომ დრომ ვერ გამიქარვა მშობლების სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ მათი“.

6. რისკენ აღგვძრავს ერთგულება?

6 ერთგული მეგობრები ერთმანეთისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებენ. ერთი ძმა, სახელად პიტერი, სერიოზულად დაავადდა. მისი ცოლი ქეთრინი იხსენებს: „ჩვენი კრებიდან ერთმა ცოლ-ქმარმა საავადმყოფოში მანქანით მიგვიყვანა. სწორედ იმ დღეს დაუსვეს პიტერს სასიკვდილო დიაგნოზი. იმ მძიმე წუთებში მათ მარტო არ დაგვტოვეს და მას შემდეგაც ყოველთვის მხარში გვედგნენ“. რა მანუგეშებელია ასეთი ერთგული მეგობრების ყოლა, რომლებიც გასაჭირში ჩვენ გვერდით არიან!

ტიქიკესავით საიმედო

ტიქიკესავით საიმედო მეგობარი ვიქნებით, თუ სხვებს პრობლემების დროს დავეხმარებით (იხილეთ აბზაცები 7—9) *

7, 8. კოლოსელების 4:7—9-ის თანახმად, როგორ ცხადყო ტიქიკემ, რომ საიმედო ადამიანი იყო?

7 ტიქიკეს, რომელიც აზიიდან, რომის იმპერიის პროვინციიდან იყო, პავლე საიმედო თანამსახურად მიიჩნევდა (საქ. 20:4). დაახლოებით ახ. წ. 55 წელს პავლემ იუდეველი ქრისტიანებისთვის შესაწირავის შეგროვებას გაუწია ორგანიზება. შესაძლოა ამ მნიშვნელოვან საქმეში ტიქიკეც მონაწილეობდა (2 კორ. 8:18—20). მოგვიანებით, როცა რომში პავლე პირველად დააპატიმრეს, ტიქიკე მისი მაცნის როლსაც ასრულებდა. ის პავლეს წერილებსა და გამამხნევებელ სიტყვებს აზიის კრებებს გადასცემდა (კოლ. 4:7—9).

8 ტიქიკე ბოლომდე პავლე მოციქულის საიმედო მეგობრად დარჩა (ტიტ. 3:12). ასეთი სანდო ადამიანის პოვნა ქრისტიანებს შორისაც არ იყო ადვილი. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, მეორედ დაპატიმრების შემდეგ პავლემ დაწერა, რომ აზიის პროვინციაში ბევრი ქრისტიანი მამაკაცი მოწინააღმდეგეების შიშით მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა (2 ტიმ. 1:15). თუმცა პავლემ იცოდა, რომ ტიქიკეს იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა, ამიტომ მას კიდევ ერთი დავალება მისცა (2 ტიმ. 4:12). უეჭველია, პავლე ძალიან აფასებდა, რომ ტიქიკეს სახით ძვირფასი მეგობარი ჰყავდა.

9. როგორ მივბაძოთ ტიქიკეს?

9 ტიქიკეს მივბაძავთ, თუ სხვებისთვის საიმედო მეგობარი ვიქნებით. მაგალითად, გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს მხოლოდ სიტყვით კი არ უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა, არამედ პრაქტიკულადაც უნდა დავეხმაროთ (მათ. 5:37; ლუკ. 16:10). როცა და-ძმებმა იციან, რომ შეუძლიათ სირთულეების დროს ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ, ეს დიდად ანუგეშებთ. ერთი და გვიხსნის: „მშვიდად ხარ, როცა იცი, რომ ის, ვინც დახმარებას დაგპირდა, პირობას აუცილებლად შეასრულებს“.

10. იგავების 18:24-ის თანახმად, ვინ შეიძლება გვანუგეშოს განსაცდელისა თუ გულგატეხილობის დროს?

10 განსაცდელის ან გულგატეხილობის დროს ადამიანები ხშირად შვებას გრძნობენ, როცა გულს სანდო მეგობარს უშლიან (წაიკითხეთ იგავების 18:24). ერთი ძმა, ბიჯეი განადგურებული იყო, როცა მისი ვაჟი გაირიცხა. ის ამბობს: „მინდოდა, ჩემი გრძნობები სანდო ადამიანისთვის გამეზიარებინა“. კარლოსი, რომელმაც დაშვებული შეცდომის გამო კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგა, იხსენებს: „მომსმენი ყური მჭირდებოდა, ვისთანაც აზრებს თავისუფლად გამოვხატავდი და იმის შიში არ მექნებოდა, რომ განმსჯიდა“. მან გადაწყვიტა, უხუცესებს დალაპარაკებოდა, რომლებიც პრობლემის გადალახვაში დაეხმარნენ. კარლოსს იმის ცოდნაც ანუგეშებდა, რომ უხუცესები მის ნათქვამს კონფიდენციალურად შეინახავდნენ.

11. რას ნიშნავს, იყო სანდო და საიმედო მეგობარი?

11 სანდო და საიმედო მეგობრები რომ ვიყოთ, მოთმინება გვჭირდება. ეს კარგად ჩანს ჟანას შემთხვევიდან, რომელიც ქმარმა მიატოვა. მან ახლო მეგობრებთან საუბრის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ იგრძნო. ის ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავეს დაუსრულებლად ვიმეორებდი, მეგობრები მოთმინებით მისმენდნენ“. თუ კარგი მომსმენი იქნებით, ცხადყოფთ, რომ ნამდვილი მეგობარი ხართ.

მარკოზივით გულმოდგინე

მარკოზის კეთილი საქმეების წყალობით პავლემ ერთგულება შეინარჩუნა; ჩვენც შეგვიძლია მძიმე წუთებში და-ძმებს მხარში ამოვუდგეთ (იხილეთ აბზაცები 12—14) *

12. ვინ იყო მარკოზი და საიდან ჩანს, რომ ის გულმოდგინედ ემსახურებოდა სხვებს?

12 მარკოზი იუდეველი ქრისტიანი იყო, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა. მისი ნათესავი ბარნაბა მისიონერად მსახურობდა (კოლ. 4:10). როგორც ჩანს, მარკოზი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, თუმცა ფულსა და სიმდიდრეს მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი არ ეკავა. მთელი სიცოცხლის მანძილზე მარკოზი გულმოდგინედ და სიხარულით ემსახურებოდა სხვებს. როცა მოციქულები, პეტრე და პავლე თავიანთ პასუხისმგებლობებს ასრულებდნენ, შესაძლოა მათ საჭიროებებზე სწორედ მარკოზი ზრუნავდა (საქ. 13:2—5; 1 პეტ. 5:13). პავლესთვის მარკოზი დამხმარე და გამაძლიერებელი იყო. ის მოციქულმა მათ შორის მოიხსენია, ვისაც თანამსახურები უწოდა „ღვთის სამეფოსთვის“ (კოლ. 4:10, 11).

13. როგორ ჩანს 2 ტიმოთეს 4:11-დან, რომ პავლე აფასებდა მარკოზის ერთგულ მსახურებას?

13 მარკოზი პავლეს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, როცა პავლე რომში ბოლოჯერ დააპატიმრეს, მან ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა. პავლე ტიმოთეს სთხოვდა, რომ მასთან ჩასულიყო რომში და მარკოზიც თან ჩაეყვანა (2 ტიმ. 4:11). უეჭველია, პავლე ძალიან აფასებდა მარკოზის ერთგულ მსახურებას, ამიტომ სურდა, რომ უკანასკნელ წუთებში ის მის გვერდით ყოფილიყო. იმ პერიოდში მარკოზი შესაძლოა პავლეს საჭიროებებზეც ზრუნავდა, მაგალითად მისთვის საკვები ან საწერი მასალა მიჰქონდა. ალბათ, ასეთი მხარდაჭერა და გამხნევება პავლე მოციქულს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მოთმინების ძალას მისცემდა.

14, 15. როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მათეს 7:12-ში ჩაწერილი პრინციპი, როცა გვინდა, სხვებს პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ?

14 წაიკითხეთ მათეს 7:12. გასაჭირის დროს განსაკუთრებით ვაფასებთ პრაქტიკულ დახმარებას. „როცა თავს ცუდად გრძნობ, ყოველდღიური საქმეების გაკეთებაც კი შეუძლებლად გეჩვენება. ამ დროს უმნიშვნელო პრაქტიკული დახმარებაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს“, — ამბობს რაიანი, რომლის მამაც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

15 თუ ყურადღებიანები და დაკვირვებულები ვიქნებით, შევძლებთ, სხვებს პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებულ პიტერსა და ქეთრინს ერთი და სამედიცინო მომსახურების მიღებაში დაეხმარა. ვინაიდან არც პიტერს და არც ქეთრინს მანქანის მართვა არ შეეძლოთ, ამ დამ განრიგი შეადგინა, რათა და-ძმებს მორიგეობით ეტარებინათ ისინი საავადმყოფოში. კრების დახმარება ქეთრინს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის ამბობს: „თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამოგვხსნეს“. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გამოვლენილ პატარა სიკეთესაც კი შეუძლია დიდად ანუგეშოს სხვები.

16. როგორ მივბაძოთ მარკოზს და ვანუგეშოთ სხვები?

16 დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარკოზი ბევრს შრომობდა უფლის საქმეში. მას მნიშვნელოვანი თეოკრატიული დავალებები ჰქონდა. მაგალითად, უნდა დაეწერა სახარება, რომელიც მოგვიანებით მისი სახელით გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, ის დროს გამოყოფდა, რომ პავლე ენუგეშებინა და, თავის მხრივ, არც პავლეს უჭირდა მისთვის დახმარების თხოვნა. ანჯელამ, რომელსაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ძალიან დააფასა იმ და-ძმების მხარდაჭერა, რომლებიც მისთვის მანუგეშებელ სიტყვებს არ იშურებდნენ. „ადვილია მასთან საუბარი, ვისაც გულწრფელად სურს შენი დახმარება“, — ამბობს ანჯელა. — გრძნობ, რომ ის ამას მთელი გულით აკეთებს და არა უხალისოდ“. დავფიქრდეთ ასეთ კითხვაზე: მიცნობენ ისეთ ადამიანად, ვინც მზად არის, ანუგეშოს თანაქრისტიანები და პრაქტიკულად დაეხმაროს მათ?

ანუგეშეთ სხვები

17. როგორ აღგვძრავს 2 კორინთელების 1:3, 4-ზე დაფიქრება, ვანუგეშოთ სხვები?

17 რთული არ არის თანამორწმუნეებს შორის ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ნუგეში სჭირდება. მანუგეშებელი სიტყვებით, რომლითაც ჩვენ გაგვამხნევეს, შეგვიძლია სხვები ვანუგეშოთ. ერთი და, ნინო, რომელსაც ბებია დაეღუპა, ამბობს: „იეჰოვას შეუძლია სხვების სანუგეშებლად გამოგვიყენოს. მთავარია, მას ამის საშუალება მივცეთ“ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4). ზემოთ მოხსენიებული ფრანსისი აღნიშნავს: „2 კორინთელების 1:4-ში ჩაწერილი სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. ის, რითაც თავის დროზე ჩვენ გვანუგეშეს, შეგვიძლია სხვების სანუგეშებლად გამოვიყენოთ“.

18. ა) რატომ შეიძლება უჭირდეს ზოგს სხვების ნუგეშისცემა? ბ) რა შემთხვევაში შევძლებთ სხვების ნუგეშისცემას? მოიყვანეთ მაგალითი.

18 სხვების დახმარების საშუალებები მაშინაც უნდა ვეძებოთ, თუ ვფიქრობთ, რომ ამას ვერ შევძლებთ. მაგალითად, შეიძლება არ იცით, რა თქვათ ან რა გააკეთოთ გასაჭირში მყოფთა სანუგეშებლად. ერთი უხუცესი, სახელად პოლი იხსენებს, მამის სიკვდილის შემდეგ როგორ ცდილობდნენ და-ძმები მის ნუგეშისცემას. ის ამბობს: „ვერ ვიტყვი, რომ მათთვის ადვილი იყო ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება. მართალია, სიტყვებს ძლივს პოულობდნენ, მაგრამ ძალიან ვაფასებ, რომ ჩემი ნუგეშისცემისა და მხარდაჭერის სურვილი ჰქონდათ“. მსგავს აზრს ამბობს ერთი ძმა, რომელიც ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა: „სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რას მწერდა ხალხი მიწისძვრის შემდეგ, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ისინი ხშირად მეხმიანებოდნენ“. სხვების ნუგეშისცემას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვაგრძნობინებთ მათ, რომ ჩვენთვის ძვირფასები არიან.

19. რატომ გაქვთ მიზნად დასახული, რომ სხვებისთვის დამხმარე და გამაძლიერებელი იყოთ?

19 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მსოფლიო მდგომარეობა მით უფრო უარესდება და ცხოვრებაც რთულდება (2 ტიმ. 3:13). გარდა ამისა, ცოდვისა და არასრულყოფილების გამო ბუნებრივია, რომ შეცდომებს ვუშვებთ და სხვების მხრიდან ნუგეშისცემა გვჭირდება. ერთ-ერთი, რაც პავლე მოციქულს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარა, სწორედ თანაქრისტიანებისგან მიღებული ნუგეში იყო. მოდი მიზნად დავისახოთ, რომ არისტარქესავით ერთგული, ტიქიკესავით საიმედო და მარკოზივით გულმოდგინე ვიყოთ. ამგვარად შევძლებთ და-ძმებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში დავეხმაროთ (1 თეს. 3:2, 3).

^ აბზ. 5 პავლე მოციქულს ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დაუდგა მძიმე წუთები. სირთულეების დროს მას თანამსახურები ანუგეშებდნენ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, რომელი სამი თვისება ეხმარებოდა მათ სხვების სანუგეშებლად. აგრეთვე განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ამ ქრისტიანებს, როცა სხვების ნუგეშისცემა გვინდა.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

სიმღერა 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: არისტარქე და პავლე გემის მსხვრევას გადაურჩნენ.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: პავლემ სანდო მეგობარს, ტიქიკეს დაავალა კრებებისთვის წერილების მიტანა.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: მარკოზი პავლეს საჭიროებებზე ზრუნავდა.