არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 5

„თქვენთან ერთად წამოვალთ“

„თქვენთან ერთად წამოვალთ“

„თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23).

სიმღერა 26 ეს ჩემთვის გააკეთეთ

მოკლე შინაარსი *

„სხვა ცხვარი“ („ათი კაცი“) პატივად მიიჩნევს ცხებულებთან („იუდეველი“) ერთად იეჰოვას თაყვანისცემას (იხილეთ აბზაცები 1, 2)

1. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ჩვენს დროზე?

ჩვენი დროის შესახებ იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). ამ მუხლში მოხსენიებული „იუდეველით“ წარმოდგენილი არიან ისინი, ვინც ღმერთმა წმინდა სულით სცხო. ბიბლია მათ აგრეთვე „ღვთის ისრაელს“ უწოდებს (გალ. 6:16). „ათი კაცი“ დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონეთ განასახიერებს. მათ იციან, რომ იეჰოვა აკურთხებს ცხებულთა ამ ჯგუფს და დიდ პატივად მიიჩნევენ მათთან ერთად ღვთის თაყვანისცემას.

2. რა გაგებით მიჰყვება „ათი კაცი“ ცხებულებს?

2 მართალია, დღეს შეუძლებელია დედამიწაზე მყოფი თითოეული ცხებულის სახელი ვიცოდეთ, * მაგრამ მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, შეუძლიათ „გაჰყვნენ“ ცხებულებს. რა გაგებით? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ათი კაცი“ მოეჭიდებოდა „იუდეველის კალთას და [ეტყოდა]: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“. ამ ბიბლიურ მუხლში სიტყვა „იუდეველი“ მხოლობით რიცხვში დგას. მაგრამ ამავე მუხლში მოხსენიებულ ნაცვალსახელში „თქვენთან“ ერთზე მეტი ადამიანი მოიაზრება. ეს ნიშნავს, რომ სიტყვა „იუდეველში“ ერთი ადამიანი კი არ იგულისხმება, არამედ ცხებულთა მთელი ჯგუფი. ისინი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას ცხებულებთან ერთად. თუმცა ცხებულებს თავიანთ წინამძღოლებად არ მიიჩნევენ, რადგან ესმით, რომ მათი წინამძღოლი ქრისტეა (მათ. 23:10).

3. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

3 ვინაიდან დღეს ჯერ კიდევ არიან ჩვენ შორის ცხებულები, ზოგმა შეიძლება იკითხოს: 1) როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე მას, ვინც თავს ცხებულად მიიჩნევს? 2) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს მიიღებს? 3) უნდა გვაღელვებდეს იმ ქრისტიანთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც სიმბოლოებს იღებენ? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე ვიმსჯელებთ.

როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ცხებულ ქრისტიანს საკუთარ თავზე?

4. პირველი კორინთელების 11:27—29-ში ჩაწერილ რა გაფრთხილებას უნდა მოეკიდონ ცხებულები სერიოზულად და რატომ?

4 ცხებული ქრისტიანები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ 1 კორინთელების 11:27—29-ში ჩაწერილ გაფრთხილებაზე (წაიკითხეთ). რა შემთხვევაში შეიძლება უღირსად მიიღოს ცხებულმა ქრისტიანმა გახსენების საღამოს სიმბოლოები? იმ შემთხვევაში, თუ ის აღარ იცხოვრებს იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად (ებრ. 6:4—6; 10:26—29). ცხებულებს კარგად ესმით, რომ ერთგულება უნდა შეინარჩუნონ, თუ სურთ, ქრისტეს მეშვეობით ზეციური ჯილდო მიიღონ (ფილ. 3:13—16).

5. როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ცხებულ ქრისტიანებს საკუთარ თავზე?

5 იეჰოვას წმინდა სული თავის მსახურებში თავმდაბლობას წარმოშობს და არა სიამაყეს (ეფეს. 4:1—3; კოლ. 3:10, 12). ამიტომ ცხებულები თავს სხვებზე უკეთესებად არ მიიჩნევენ. მათ კარგად იციან, რომ ცხებულობა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა მათ მეტ წმინდა სულს აძლევს, ვიდრე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს. ცხებულები არ ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებით ბიბლიას უკეთ სწვდებიან. ისინი არც იმაში არწმუნებენ სხვებს, რომ მათაც ზეციური მოწოდება აქვთ და არც გახსენების საღამოს სიმბოლოების მიღებისკენ მოუწოდებენ. ცხებულები თავმდაბლად აღიარებენ, რომ მხოლოდ იეჰოვას გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ზეციური ცხოვრებისთვის.

6. პირველი კორინთელების 4:7, 8-ის თანახმად, როგორ უნდა მოიქცნენ ცხებული ქრისტიანები?

6 მართალია, ცხებული ქრისტიანები ზეციურ მოწოდებას დიდ პატივად თვლიან, მაგრამ თანაქრისტიანებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას არ მოელიან (ფილ. 2:2, 3). მათ კარგად ესმით, რომ, როცა იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეს სხვებისთვის არ გაუმჟღავნებია. ამიტომ არ უკვირთ, თუ სხვები მაშინვე არ დაიჯერებენ, რომ ისინი სულითცხებულები არიან. ეს ცხებული ქრისტიანები აცნობიერებენ, რომ ბიბლიის თანახმად, მაშინვე არ უნდა დავიჯეროთ იმ ადამიანის სიტყვები, ვინც ირწმუნება, რომ ღვთისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული (გამოცხ. 2:2). ისინი გაცნობისთანავე არ ამცნობენ სხვებს, რომ ცხებულები არიან და ამგვარად არ ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოქცევას. რა თქმა უნდა, ცხებულები თავიანთი იმედის გამო არასოდეს დაიწყებენ კვეხნასა და ტრაბახს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 4:7, 8).

7. რის გაკეთებას ერიდებიან ცხებულები და რატომ?

7 ცხებული ქრისტიანები თავს „ელიტარულ საზოგადოებას“ არ მიაკუთვნებენ და არ თვლიან, რომ მხოლოდ სხვა ცხებულებთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ისინი არ ეძებენ ზეციური მოწოდების ქრისტიანებს, რათა თავიანთი იმედის შესახებ ისაუბრონ ან ბიბლიის შემსწავლელთა კერძო ჯგუფები ჩამოაყალიბონ (გალ. 1:15—17). ასეთი მოქმედება ქრისტიანული კრების ერთობას დაარღვევდა და ხელს შეუშლიდა წმინდა სულის მოქმედებას, რომლის წყალობითაც ღვთის ხალხს შორის მშვიდობა და ერთიანობა მიიღწევა (რომ. 16:17, 18).

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებულების მიმართ?

არც ცხებულებს და არც ხელმძღვანელ ძმებს ისე არ უნდა მოვეპყროთ, როგორც ცნობილ ადამიანებს ეპყრობიან (იხილეთ აბზაცი 8) *

8. რატომ უნდა გვქონდეს გაწონასწორებული დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო)

8 როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებული და-ძმების მიმართ? ადამიანის განდიდება იმ შემთხვევაშიც არასწორია, თუ ის ქრისტეს ცხებული ძმაა (მათ. 23:8—12). ბიბლია მოგვიწოდებს, მივბაძოთ უხუცესების რწმენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანი ჩვენს წინამძღოლად მივიჩნიოთ (ებრ. 13:7). ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ზოგი „ორმაგი პატივის ღირსად“ უნდა ჩაითვალოს არა იმიტომ, რომ ცხებულია, არამედ იმიტომ, რომ კარგად სწევს ხელმძღვანელობას და „სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს“ ირჯება (1 ტიმ. 5:17). თუ ცხებულების მიმართ ზედმეტ ყურადღებას გამოვიჩენთ და განვადიდებთ მათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. * მეტიც, ასე მოქცევით შეიძლება მათ სიამაყისკენ ვუბიძგოთ (რომ. 12:3). რა თქმა უნდა, არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ქრისტეს ცხებულ ძმებს ასეთი სერიოზული შეცდომა დააშვებინოს (ლუკ. 17:2).

9. როგორ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც იეჰოვამ წმინდა სულით სცხო?

9 როგორ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ვინც იეჰოვამ წმინდა სულით სცხო? მაგალითად, არ უნდა ვკითხოთ, როგორ გახდნენ ცხებულები. ეს პირადი საკითხია და უფლება არა გვაქვს, ვიცოდეთ ამის შესახებ (1 თეს. 4:11; 2 თეს. 3:11). არ უნდა დავასკვნათ, რომ ცხებული ძმის მეუღლეს, მშობლებს ან ოჯახის წევრებს ზეციური მოწოდება აქვთ. ზეციური იმედი ადამიანს მემკვიდრეობით კი არ გადაეცემა, არამედ ღვთისგან იღებს (1 თეს. 2:12). უნდა მოვერიდოთ ისეთი კითხვების დასმას, როგორიც გულს ატკენდა სხვებს. მაგალითად, არ უნდა ვკითხოთ ცხებული ქრისტიანის მეუღლეს, როგორ წარმოუდგენია თავისი ქმრის გარეშე მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე. ჩვენ ერთ რამეში ბოლომდე ვართ დარწმუნებული: ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ დააკმაყოფილებს (ფსალმ. 145:16).

10. რა გაგებით დავიცავთ თავს, თუ სხვების განდიდებას მოვერიდებით?

10 თუ სხვებთან შედარებით ცხებულებს განსაკუთრებულ პატივს არ მივაგებთ, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავსაც დავიცავთ. რა გაგებით? ბიბლიაში წერია, რომ ზოგი ცხებული შეიძლება ბოლომდე ერთგული არ დარჩეს (მათ. 25:10—12; 2 პეტ. 2:20, 21). თუ არ დავიწყებთ ადამიანთა განდიდებას, არასოდეს გავხდებით ვინმეს მიმდევარი, იქნება ეს ცხებული, ორგანიზაციის ცნობადი სახე თუ ღვთის დიდი ხნის მსახური (იუდ. 16). შედეგად, თუ ისინი კრებას დატოვებენ ან იეჰოვას უორგულებენ, არც რწმენას დავკარგავთ და არც იეჰოვას მსახურებას შევწყვეტთ.

უნდა გვაღელვებდეს გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხობრივი ზრდა?

11. როგორ შეიცვალა გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობა?

11 ბოლო წლებში გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რიცხვი იზრდება. არადა, ათწლეულების განმავლობაში ეს რიცხვი იკლებდა. უნდა გვაღელვებდეს ეს ფაქტი? არავითარ შემთხვევაში! მოდი ვისაუბროთ ამის რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზზე.

12. რატომ არ უნდა გვაღელვებდეს გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობა?

12 „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). იეჰოვასგან განსხვავებით ძმებს, რომლებიც გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიმღებთა რაოდენობას ითვლიან, არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, სინამდვილეში ვის აქვს ზეციური მოწოდება. სიმბოლოების მიმღებთა რიცხვში შესაძლოა ის ქრისტიანებიც შედიოდნენ, რომლებიც შეცდომით ასკვნიან, რომ ცხებულები არიან. მაგალითად, არიან ისეთებიც, ვინც სიმბოლოების მიღება დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შეწყვიტა. ზოგს კი შესაძლოა ფსიქიკური და ემოციური პრობლემების გამო ჰგონია, რომ ქრისტეს თანამმართველი იქნება ზეცაში. მაშასადამე, შეუძლებელია დედამიწაზე დარჩენილ ცხებულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა.

13. წერია ბიბლიაში რამდენი ცხებული იქნება დარჩენილი დედამიწაზე „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას?

13 დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ იქნებიან ცხებულები, როცა იესო მოვა და მათ ზეცაში წაიყვანს (მათ. 24:31). ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში დედამიწაზე ცხებულთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნებოდა დარჩენილი (გამოცხ. 12:17). თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რამდენი ცხებული იქნება დედამიწაზე „დიდი გასაჭირის“ დაწყებისას.

როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ვინმე გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? (იხილეთ აბზაცი 14)

14. რომაელების 9:11, 16-დან გამომდინარე, რა უნდა გვესმოდეს ცხებულების არჩევასთან დაკავშირებით?

14 იეჰოვა წყვეტს, როდის აირჩევს ცხებულებს (რომ. 8:28—30). იეჰოვამ ცხებულების არჩევა იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაიწყო; როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი სულითცხებული იყო. პირველი საუკუნიდან მოყოლებული მათი უმრავლესობა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, სინამდვილეში არ მიჰყვებოდა ქრისტეს. თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ ერთეული ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც იეჰოვამ წმინდა სულით სცხო. ისინი იმ „ხორბალს“ ჰგავდნენ, რომელიც იესოს მოყვანილ იგავში „სარეველასთან“ ერთად იზრდება (მათ. 13:24—30). ბოლო დღეების განმავლობაში იეჰოვა კვლავაც ირჩევს მათ, ვინც ცხებულთა საბოლოო რიცხვს, 144 000-ს შეავსებს. * ასე რომ, თუკი იეჰოვა ბოლო დღეების მიწურულსაც აირჩევს ცხებულებს, არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ მის სიბრძნეში ეჭვი შევიტანოთ (წაიკითხეთ რომაელების 9:11, 16). * ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავემსგავსოთ იესოს იგავში მოხსენიებულ მუშებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ბატონმა ერთნაირი გასამრჯელო არგუნა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც სულ რაღაც ერთი საათი წაიმუშავა (მათ. 20:8—15).

15. ყველა ცხებული მიეკუთვნება მათეს 24:45—47-ში მოხსენიებულ „ერთგულ და გონიერ მონას“? ახსენით.

15 ყველა, ვისაც ზეციური მოწოდება აქვს, არ არის „ერთგული და გონიერი მონა“ (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღეს, იეჰოვა და იესო ერთეულთა ხელით აპურებენ ანუ ასწავლიან მრავალს. პირველ საუკუნეში ღმერთმა რამდენიმე ცხებული ქრისტიანი გამოიყენა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დასაწერად. დღესაც, ცხებულ ქრისტიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია პასუხისმგებელი, რომ ღვთის ხალხს დროულად ჰქონდეს სულიერი საზრდო.

16. რა გავიგეთ ამ სტატიიდან?

16 რა გავიგეთ ამ სტატიიდან? იეჰოვა თავისი მსახურების უმრავლესობას დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს, ხოლო მცირე ნაწილს იესოსთან ერთად ზეცაში მმართველობის პატივს უბოძებს. იეჰოვა ყველა თავის მსახურს დააჯილდოებს — „იუდეველსაც“ და „ათ კაცსაც“. ის ორივე ჯგუფისგან ერთნაირად მოითხოვს თავისი კანონების მორჩილებას, ერთგულებასა და თავმდაბლობას. გარდა ამისა, ყველა გაერთიანებულად უნდა ვცემდეთ თაყვანს ღმერთს და კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას უნდა ვუწყობდეთ ხელს. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო უნდა ვეცადოთ, რომ ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და ფეხდაფეხ მივყვეთ ქრისტეს, როგორც „ერთი სამწყსო“ (იოან. 10:16).

^ აბზ. 5 ამ წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო სამშაბათს, 7 აპრილს აღინიშნება. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვინც გახსენების საღამოზე სიმბოლოებს იღებს? უნდა გვაღელვებდეს იმ ქრისტიანთა რიცხვის ზრდა, რომლებიც სიმბოლოებს იღებენ? წინამდებარე სტატიაში ამ კითხვებს გაეცემა პასუხი. ეს სტატია 2016 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკის“ საფუძველზე მომზადდა.

^ აბზ. 2 ფსალმუნის 87:5, 6-დან ვიგებთ, რომ მომავალში ღმერთმა შესაძლოა გაგვიმჟღავნოს მათი სახელები, ვინც იესოსთან ერთად ზეცაში იმმართველებს (რომ. 8:19).

^ აბზ. 8 იხილეთ ჩარჩო «სიყვარული „უწესოდ არ იქცევა“», 2016 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27.

^ აბზ. 14 მართალია, საქმეების 2:33-დან ვიგებთ, რომ ცხებულები წმინდა სულს იესოს მეშვეობით იღებენ, მაგრამ, ვინ მიიღებს ზეციურ მოწოდებას, ამას იეჰოვა წყვეტს.

^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2007 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული „მკითხველთა შეკითხვები“.

სიმღერა 34 ვიაროთ უმწიკვლოდ

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: კონგრესზე მთავარი სამმართველოს წარმომადგენელს და მის მეუღლეს სურათის გადასაღებად და-ძმები გარს შემოეხვივნენ. როგორი სამარცხვინოა!