იცოდით თუ არა?
როგორ ადასტურებს უძველესი წარწერა ბიბლიაში ჩაწერილის უტყუარობას?
იერუსალიმის ბიბლიური ქვეყნების მუზეუმში ინახება დაახლოებით ძვ. წ. 700—600 წლით დათარიღებული ქვის ფილა, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ცაბაოთ იაჰვემ დასწყევლოს ხაგაფი ხაგაბის ძე“. ეს ქვა ისრაელში ხებრონთან ახლოს ერთ-ერთ სამარხში აღმოაჩინეს. როგორ ადასტურებს ეს წარწერა ბიბლიაში ჩაწერილის უტყუარობას? ეს წარწერა, რომელიც ძველი ებრაული ასოებით არის შესრულებული და მასში ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით გვხვდება (ჲჰვჰ), იმაზე მიანიშნებს, რომ ბიბლიურ დროში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ყველასთვის ცნობილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა. კლდეში ნაკვეთ იმ სამარხებშიც, რომლებსაც შეხვედრის ადგილად ან სამალავად იყენებდნენ, ხშირად ვხვდებით წარწერებს კედლებზე, სადაც საკუთარ სახელებთან ერთად ღვთის სახელიც არის მოხსენიებული. უმეტეს შემთხვევაში ამ სახელების ფუძეს ღვთის სახელის ესა თუ ის ფორმა წარმოადგენს.
ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორი რეიჩელ ნაბულსი ამ წარწერებთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს: „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ასე ხშირად გვხვდება ღვთის სახელი იაჰვე . . . წარწერები და [ბიბლიური] ტექსტები ცხადყოფს, რამდენად დიდი როლი ენიჭებოდა იაჰვეს ისრაელისა და იუდას ცხოვრებაში“. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ღვთის სახელს ებრაულ წერილებში ათასობით ადგილას ვხვდებით. ღვთის სახელი მრავალ საკუთარ სახელშიც ფიგურირებს.
ფრაზა „ცაბაოთ იაჰვე“, რომელიც ამ ქვის ფილაზეა ამოტვიფრული, ნიშნავს „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას“. როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში ხალხი ხშირად იყენებდა როგორც ღვთის სახელს, ისე ამ ფრაზას. ებრაულ წერილებში ფრაზა „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ ან მისი სახეცვლილი ფორმა 250-ზე მეტჯერ გვხვდება, ძირითადად, ესაიას, იერემიასა და ზაქარიას წიგნებში.