არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 3

„უამრავი ხალხი“ ხოტბას ასხამს ღმერთსა და ქრისტეს

„უამრავი ხალხი“ ხოტბას ასხამს ღმერთსა და ქრისტეს

„ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით!“ (გამოცხ. 7:10).

სიმღერა 14 განადიდეთ დედამიწის ახალი მეფე!

მოკლე შინაარსი *

1. რით იყო განსაკუთრებული 1935 წელს გამართული კონგრესი ერთი ახალგაზრდისთვის?

1926 წელს მოინათლა ერთი 18 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც ბიბლიის მკვლევრები იყვნენ. მაშინ იეჰოვას მოწმეებს ამ სახელით იცნობდნენ. ისინი თავიანთ სამ ვაჟსა და ორ ქალიშვილს ღვთის მსახურებად ზრდიდნენ და ქრისტეს მაგალითზე ასწავლიდნენ. ეს ახალგაზრდაც სხვა ბიბლიის მკვლევრების მსგავსად უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოებს, პურსა და ღვინოს, იღებდა. თუმცა მისი ცხოვრება ძირფესვიანად მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოისმინა ისტორიული მოხსენება სათაურით: „უამრავი ხალხი“. ეს მოხსენება ჯოზეფ რუტერფორდმა 1935 წელს ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე წარმოთქვა. რა ახალ სწავლებას მოეფინა ნათელი ამ კონგრესზე?

2. რა ახალ გაგებას მოჰფინა ნათელი ძმა რუტერფორდმა თავის მოხსენებაში?

2 ძმა რუტერფორდმა მოხსენებაში ახსნა გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხის“ ვინაობა. მანამდე ფიქრობდნენ, რომ ეს ჯგუფი მეორეხარისხოვან ზეციერ კლასს წარმოადგენდა, რომელიც ნაკლებ ერთგულებას იჩენდა ღვთისადმი. ძმა რუტერფორდმა სხვადასხვა ბიბლიური მუხლის საფუძველზე ახსნა, რომ „უამრავი ხალხი“ ზეციერი ცხოვრებისთვის კი არ იყო არჩეული, არამედ ქრისტეს მიერ მოხსენიებულ „სხვა ცხვარს“ * მიეკუთვნებოდა. ეს ხალხი გადაურჩებოდა „დიდ გასაჭირს“ და მარადიულად იცხოვრებდა დედამიწაზე (გამოცხ. 7:14). იესომ თქვა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოან. 10:16). „სხვა ცხვარს“ განეკუთვნებიან ის ერთგული იეჰოვას მოწმეები, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ (მათ. 25:31—33, 46). მოდი ქვემოთ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ, როგორ შეცვალა ამ სულიერმა სინათლემ ბევრი იეჰოვას მსახურის, მათ შორის ზემოთ მოხსენიებული ახალგაზრდის, ცხოვრება (ფსალმ. 97:11; იგავ. 4:18).

ახალი გაგება ათასობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის

3, 4. რას მიხვდა ბევრი 1935 წელს ჩატარებულ კონგრესზე?

3 კონგრესის კულმინაციური მომენტი მაშინ დადგა, როცა მომხსენებელმა ჯოზეფ რუტერფორდმა აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ ყველა, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ!“. როგორც ამ კონგრესზე დამსწრე ერთ-ერთი ძმა იხსენებდა, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ დაახლოებით 20 000-იანი აუდიტორიიდან ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა. «შეხედეთ, აი „უამრავი ხალხი!“» — განაცხადა რუტერფორდმა. მის ამ განცხადებას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. ისინი, ვინც ფეხზე წამოდგნენ, მიხვდნენ, რომ ზეციური ცხოვრებისთვის არ იყვნენ არჩეული და, შესაბამისად, არც წმინდა სულით იყვნენ ცხებული. კონგრესის მომდევნო დღეს 840 ადამიანი მოინათლა, რომელთა უმეტესობაც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებოდა.

4 მოხსენების მოსმენის შემდეგ ათასობით ადამიანმა, მათ შორის ზემოთ მოხსენიებულმა ახალგაზრდამ, შეწყვიტა გახსენების საღამოს სიმბოლოების მიღება. ერთმა თავმდაბალმა ძმამ კარგად გამოხატა მრავალი ღვთის მსახურის სათქმელი: „გახსენების საღამოს სიმბოლოები 1935 წლის შემდეგ აღარ მიმიღია. მივხვდი, რომ ზეციერი იმედი იეჰოვას თავისი წმინდა სულის მეშვეობით არ მოუცია ჩემთვის. იმასაც მივხვდი, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი მქონდა და მსურდა, მონაწილეობა მიმეღო მის სამოთხედ გადაქცევაში“ (რომ. 8:16, 17; 2 კორ. 1:21, 22). იმ დღიდან მოყოლებული „უამრავი ხალხის“ რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ისინი დღემდე დედამიწაზე მცხოვრები ცხებულების მხარდამხარ მსახურობენ.

5. რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც წყვეტს გახსენების საღამოს სიმბოლოების მიღებას?

5 რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც 1935 წლის შემდეგ შეწყვიტა გახსენების საღამოს სიმბოლოების მიღება? ან იმ მონათლულ მაუწყებლებზე, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გახსენების საღამოზე სიმბოლოები უნდა მიიღონ, თუმცა შეიძლება მოგვიანებით გააცნობიერონ, რომ წმინდა სულით ცხებულები არ არიან? (1 კორ. 11:28). ზოგმა შეცდომით დაასკვნა, რომ ზეციერი იმედი აქვს და ამიტომ იღებს სიმბოლოებს. თუმცა, თუ აღიარებენ, რომ ცდებოდნენ, შეწყვეტენ სიმბოლოების მიღებას და კვლავაც ერთგულად გააგრძელებენ ღვთის მსახურებას, ეჭვგარეშეა, იეჰოვა მათ „სხვა ცხვარს“ მიაკუთვნებს. ასე რომ, მნიშვნელობა არა აქვს, მიიღებენ თუ არა სიმბოლოებს, ისინი მაინც დაესწრებიან გახსენების საღამოს და ამით მადლიერებას გამოხატავენ იმისთვის, რაც იეჰოვამ და იესომ მათთვის გააკეთეს.

საუცხოო იმედი

6. რა უბრძანა იესომ ანგელოზებს?

6 ვინაიდან „დიდი გასაჭირი“ კარსაა მომდგარი, ჩვენთვის გამამხნევებელი იქნება იმის განხილვა, რასაც გამოცხადების მე-7 თავი ამბობს ცხებული ქრისტიანებისა და „უამრავი ხალხის“ შესახებ, რომელიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება. ამ თავიდან ვიგებთ, რომ იესოს ბრძანებით ანგელოზები აკავებენ ოთხ გამანადგურებელ ქარს. ისინი ხელს არ გაუშვებენ დედამიწის ოთხ ქარს, სანამ ყველა ცხებულ ქრისტიანს ღვთის მოწონების ნიშნად ბეჭედი არ დაესმება (გამოცხ. 7:1—4). ქრისტეს ცხებული ძმები ერთგულებისთვის ჯილდოდ ზეცაში მეფობასა და მღვდლობას მიიღებენ (გამოცხ. 20:6). ღვთის ზეციური ოჯახი დიდად გაიხარებს, როცა 144 000 ცხებული ქრისტიანი ზეციურ ჯილდოს მიიღებს.

თეთრი სამოსლით შემოსილ „უამრავ ხალხს“ ხელში პალმის ტოტები უჭირავს და ღვთის დიდებული ტახტისა და კრავის წინაშე დგას (იხილეთ აბზაცი 7).

7. გამოცხადების 7:9, 10-ში აღწერილ ხილვაში, ვის ხედავს იოანე და რას აკეთებენ ისინი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

7 მას შემდეგ, რაც 144 000 მეფისა და მღვდლის შესახებ მოგვითხრობს, იოანე ხედავს კიდევ ერთ შთამბეჭდავ ხილვას, კერძოდ, არმაგედონგადატანილ „უამრავ ხალხს“. პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, მეორე ჯგუფი გაცილებით დიდია და მისი ზუსტი რაოდენობა არ არის განსაზღვრული (წაიკითხეთ გამოცხადების 7:9, 10). ისინი თეთრი გრძელი სამოსლით არიან შემოსილნი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ თავი დაიცვეს სატანის „უწმინდური ქვეყნიერებისგან“ და ღვთისა და ქრისტეს ერთგულები დარჩნენ (იაკ. 1:27). ისინი ხმამაღლა ამბობენ, რომ ხსნას იეჰოვასა და იესოს, „ღვთის კრავს“, უმადლიან. ხელში პალმის ტოტებიც უჭირავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სიხარულით ეგებებიან იესოს, იეჰოვას ცხებულ მეფეს (შეადარეთ იოანეს 12:12, 13).

8. გამოცხადების 7:11, 12-დან გამომდინარე, როგორ შეხვდება იეჰოვას ზეციერი ოჯახი „უამრავ ხალხს“?

8 წაიკითხეთ გამოცხადების 7:11, 12. როგორი გამოხმაურება მოჰყვა ზეცაში „უამრავი ხალხის“ გამოჩენას? როგორც იოანე აღგვიწერს, იეჰოვას ზეციერი ოჯახი სიხარულით შეეგება „უამრავ ხალხს“ და ღვთის განდიდება დაიწყო. ღვთის ზეციერი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდება ამ ხილვის შესრულებას — „დიდ გასაჭირში“ „უამრავი ხალხის“ უვნებლად გადარჩენას.

9. გამოცხადების 7:13—15-ის თანახმად, რა საქმით არის დაკავებული დღეს „უამრავი ხალხი“?

9 წაიკითხეთ გამოცხადების 7:13—15. იოანე „უამრავ ხალხზე“ ასეთ რამეს ამბობს: „[მათ] გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სუფთა სინდისი აქვთ და იეჰოვა მართლებად მიიჩნევს (ეს. 1:18). ისინი მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანები არიან, რომლებსაც სწამთ, რომ იესოს მსხვერპლს მათი ხსნა შეუძლია და ახლო ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან (იოან. 3:36; 1 პეტ. 3:21). ამიტომაც მიეცათ ნება, ღვთის ტახტის წინაშე დამდგარიყვნენ და „დღე და ღამე“ ემსახურათ მისი სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში. დღეს მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რადგან ღვთის სამეფოს მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია (მათ. 6:33; 24:14; 28:19, 20).

„უამრავი ხალხი“ გახარებულია, რადგან თავი დააღწია „დიდ გასაჭირს“ (იხილეთ აბზაცი 10).

10. რაში არ შეეპარება ეჭვი „უამრავ ხალხს“ და რა დანაპირების შესრულებას იხილავს?

10 „დიდი გასაჭირიდან“ მოსულ „უამრავ ხალხს“ ეჭვი არ შეეპარება იმაში, რომ ღმერთი კვლავაც განაგრძობს მათზე მზრუნველობას, რადგან „ტახტზე მჯდომი თავის კარავს გაუშლის მათ“ და საბოლოოდ შესრულდება ის დანაპირები, რომლის შესრულებასაც „სხვა ცხვარი“ ამდენი ხანია მოელის. ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:3, 4).

11, 12. ა) გამოცხადების 7:16, 17-ის თანახმად, რა კურთხევებს მიიღებს „უამრავი ხალხი“? ბ) რატომ ესწრება „სხვა ცხვარი“ უფლის გახსენების საღამოს?

11 წაიკითხეთ გამოცხადების 7:16, 17. დღესდღეობით ზოგან იეჰოვას ხალხს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, სამოქალაქო არეულობის ან ომის გამო შიმშილი უწევს. ზოგიც რწმენის გამოა დაპატიმრებული. მიუხედავად ამისა, „უამრავ ხალხს“ ახარებს იმის ცოდნა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიერების განადგურებას გადაურჩება, ყოველთვის უხვად ექნება ფიზიკური თუ სულიერი საკვები. სატანის ქვეყნიერების განადგურების დროს „უამრავი ხალხი“ დაცული იქნება ღვთის რისხვისგან, რომელიც პაპანაქებასავით დაწვავს ერებს. იესო „დიდ გასაჭირში“ გადარჩენილებს „[მარადიული] სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“. წარმოიდგინეთ, რა საუცხოო მომავალი ელის წინ „უამრავ ხალხს“. იმ მილიარდობით ადამიანისგან განსხვავებით, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, მხოლოდ მათ აქვთ უნიკალური შანსი, არასდროს გამოსცადონ სიკვდილი (იოან. 11:26).

12 „სხვა ცხვარი“ იეჰოვასა და იესოს ემადლიერება მომავლის საუცხოო იმედისთვის. მართალია, ისინი ზეციური ცხოვრებისთვის არ არიან არჩეულნი, მაგრამ იეჰოვას ისინი ისევე უყვარს, როგორც ცხებული ქრისტიანები. ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ პატივი, ხოტბა შეასხან ღმერთს და ქრისტეს. ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება უფლის გახსენების საღამოზე დასწრებაა.

მთელი გულით უძღვენით ქება ღმერთსა და ქრისტეს გახსენების საღამოზე

პური და ღვინო, რომელსაც გახსენების საღამოს დროს ჩამოვატარებთ, იმას შეგვახსენებს, რომ იესომ ჩვენი სიცოცხლისთვის გასწირა თავი (იხილეთ აბზაცები 13—15).

13, 14. რატომ უნდა დაესწრონ ქრისტეს გახსენების საღამოს როგორც ცხებულები, ისე „სხვა ცხვარი“?

13 ბოლო დროს გახსენების საღამოზე დამსწრეთაგან დაახლოებით ყოველი ათასიდან ერთი იღებს პურსა და ღვინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრებების უმეტესობაში სიმბოლოებს არავინ იღებს. ეს კი თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ უმეტესობას, ვინც გახსენების საღამოს ესწრება, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. მაშ, რატომ ესწრებიან ისინი უფლის გახსენების საღამოს? იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვესწრებით ხოლმე მეგობრის ქორწილს. ქორწილში მისვლით ჩვენ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ახალდაქორწინებულ წყვილს. მსგავსად ამისა, „სხვა ცხვარი“ გახსენების საღამოზე დასწრებით სიყვარულსა და მხარდაჭერას უცხადებს ქრისტესა და მის ცხებულებს. გახსენების საღამოზე დასწრებით „სხვა ცხვარი“ მადლიერებასაც გამოხატავს მსხვერპლისთვის, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დედამიწაზე მარადიულად იცხოვროს.

14 გახსენების საღამოზე დასწრების კიდევ ერთი მიზეზი ის მითითებაა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა. როცა იესომ ეს საღამო დააფუძნა, თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:23—26). ასე რომ, „სხვა ცხვარი“ მანამ გააგრძელებს უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნას, სანამ ცხებულები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან დედამიწაზე. გარდა ამისა, „სხვა ცხვარი“ სხვებსაც ეპატიჟება ამ განსაკუთრებულ საღამოზე.

15. პირადად ჩვენ როგორ შეგვიძლია განვადიდოთ ღმერთი და ქრისტე გახსენების საღამოზე?

15 გახსენების საღამოზე საშუალება გვეძლევა, რომ ღმერთი და ქრისტე სიმღერითა და ლოცვით განვადიდოთ. წელს გახსენების საღამოზე წარმოთქმული იქნება მოხსენება: „დააფასეთ ის, რაც ღმერთმა და ქრისტემ თქვენთვის გააკეთეს“, რომელიც გაგვიღრმავებს მადლიერებას იეჰოვასა და ქრისტეს მიმართ. პურისა და ღვინის ჩამოტარების დროს ყველა დამსწრე შევიხსენებთ, რომ ეს სიმბოლოები იესოს სხეულსა და სისხლს განასახიერებს. ეს კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, როგორ შემოგვწირა იეჰოვამ უდიდესი სიყვარულის ნიშნად თავისი ძე, რათა სიცოცხლე გვქონოდა (მათ. 20:28). ეჭვგარეშეა, ყველა, ვისაც ჩვენი ზეციერი მამა და მისი ძე უყვარს, მოისურვებს გახსენების საღამოზე დასწრებას.

მადლობდეთ იეჰოვას მისგან ბოძებული იმედისთვის

16. რა აქვთ საერთო ცხებულებსა და „სხვა ცხვარს“?

16 ღვთის თვალში ცხებულებიც და „სხვა ცხვარიც“ ერთნაირად ფასობენ. მას ორივე ჯგუფი განურჩევლად უყვარს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან თავისი ძის სიცოცხლე ცხებულებისთვისაც გაიღო და „სხვა ცხვრისთვისაც“. ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ მათ განსხვავებული იმედი აქვთ. ორივე ჯგუფს მართებს ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულება (ფსალმ. 31:23). გარდა ამისა, იეჰოვა ყველას საჭიროების მიხედვით აძლევს წმინდა სულს, განურჩევლად იმისა, ცხებულია თუ „სხვა ცხვარი“.

17. რას მოელიან დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები?

17 ცხებულ ქრისტიანებს ზეციური იმედი დაბადებიდან არ დაჰყოლიათ. ეს იმედი მათი იეჰოვამ მოგვიანებით ჩაუსახა. ისინი ფიქრობენ თავიანთ იმედზე, ლოცულობენ მასზე და მოუთმენლად ელიან ზეციურ ჯილდოს. ამ ეტაპზე მათ არ იციან, როგორი იქნება მათი სულიერი სხეულები (ფილ. 3:20, 21; 1 იოან. 3:2). მიუხედავად ამისა, ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც პირადად ნახავენ იეჰოვას, იესოს, ანგელოზებს და სხვა ცხებულებს და თავიანთ ადგილს დაიკავებენ ზეციერ სამეფოში.

18. რას მოელის „სხვა ცხვარი“?

18 „სხვა ცხვარი“ მოუთმენლად ელის დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას. მათ ერთი სული აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი პლანეტის სამოთხედ გადაქცევაში (ეკლ. 3:11). ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა აიშენებენ სახლებს, გააშენებენ ბაღებს და თავიანთ შვილებთან ერთად სრულყოფილი ჯანმრთელობით გაიხარებენ (ეს. 65:21—23). მათ საშუალება მიეცემათ, მოიარონ დედამიწის ყოველი კუთხე-კუნჭული, ნახონ მთები, ტყეები, ოკეანეები და უკეთ გაეცნონ იეჰოვას მრავალფეროვან შემოქმედებას. და რაც მთავარია, ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან იეჰოვას, რაც გაამყარებს მათ მეგობრობას.

19. რის შესაძლებლობას გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს გახსენების საღამო და როდის ჩატარდება ეს საღამო წელს?

19 იეჰოვამ ყველა თავის ერთგულ მსახურს მომავლის არაჩვეულებრივი იმედი უბოძა (იერ. 29:11). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ყველას გვაძლევს იმის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ ხოტბა შევასხათ ღმერთსა და ქრისტეს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩვენი უსასრულო სიცოცხლისთვის გააკეთეს. ფაქტია, გახსენების საღამო ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 2021 წელს ეს საღამო აღინიშნება შაბათს, 27 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. ზოგი მეტ-ნაკლებად თავისუფალ გარემოში დაესწრება გახსენების საღამოს, ზოგს წინააღმდეგობის მიუხედავად მოუწევს ამის გაკეთება, ზოგი კი ციხეში აღნიშნავს ამ დღეს. დაე ყველამ — კრებებმა, ჯგუფებმა თუ ცალკეულმა ქრისტიანებმა — აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი საღამო და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა, იესო და ღვთის სულიერი ოჯახი ზეციდან დაგვაკვირდება!

სიმღერა 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

^ აბზ. 5 2021 წლის 27 მარტი იეჰოვას მოწმეებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. მათი უმეტესობა, ვინც ამ შეხვედრას დაესწრება, მიეკუთვნება ჯგუფს, რომელსაც იესომ „სხვა ცხვარი“ უწოდა. რა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მოეფინა ნათელი 1935 წელს ამ ჯგუფის შესახებ? რა გასაოცარი მომავალი ელის „დიდი გასაჭირის“ დასრულების შემდეგ „სხვა ცხვარს“? როგორ შეუძლია გახსენების საღამოზე დამსწრე „სხვა ცხვარს“ განადიდოს ღმერთი და მადლიერება გამოხატოს ქრისტეს მსხვერპლის მიმართ?

^ აბზ. 2 განმარტება: სხვა ცხვარში იგულისხმება ყველა ის ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრება ელის. ზოგიერთი მათგანი ქრისტეს მიმდევარი „ბოლო დღეებში“ გახდა. „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება უამრავი ხალხიც. ისინი მოესწრებიან და ცოცხლად გადაურჩებიან „დიდ გასაჭირს“, რომლის დროსაც ქრისტე კაცობრიობას გაასამართლებს.