არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 1

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიენდეთ იეჰოვას

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიენდეთ იეჰოვას

2021 წლის მუხლი: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15).

სიმღერა 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

მოკლე შინაარსი *

1. რა კითხვები გვიჩნდება ზოგჯერ მეფე დავითის მსგავსად?

ვის არ უნდა მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება?! ფაქტია, დარდი და წუხილი არავის სიამოვნებს. მაგრამ, გვინდა თუ არ გვინდა, საწუხარს ყოველთვის ვერ გავექცევით. მეფე დავითის მსგავსად ზოგჯერ ღვთის მსახურებსაც უჩნდებათ ასეთი კითხვა: „როდემდე უნდა ვდარდობდე, როდემდე უნდა ვიყო გულდამწუხრებული?“ (ფსალმ. 13:2).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 მართალია, წუხილს ყოველთვის ვერ ავარიდებთ თავს, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ გასაქანი არ მივცეთ ამ გრძნობას. სტატიის დასაწყისში ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გახდეს ჩვენი წუხილის მიზეზი. შემდეგ განვიხილავთ იმ ექვს საშუალებას, რომლებიც პრობლემების დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

წუხილის გამომწვევი მიზეზები

3. რამ შეიძლება გაგვიჩინოს საწუხარი და რა გარემოებებს ვერ გავაკონტროლებთ ჩვენ ირგვლივ?

3 ფაქტია, ყოველთვის არ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემოებები, რომლებიც ჩვენს წუხილს იწვევს. მაგალითად, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მზარდ ფასებს საკვებზე, ჩასაცმელზე თუ გადასახადებზე. ჩვენ ვერც იმ თანამშრომლებისა თუ თანაკლასელების აზროვნებას გავაკონტროლებთ, რომლებიც უპატიოსნო და უზნეო საქციელში ჩვენს აყოლიებას ცდილობენ. ვერც კრიმინალს აღმოვფხვრით ჩვენ ირგვლივ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ცხოვრება გვიწევს ისეთ მსოფლიოში, სადაც ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებს ბიბლიური პრინციპები. სატანამ, ამ ქვეყნიერების ღმერთმა, კარგად იცის, რა ადვილად შეიძლება დაუკარგოს „ქვეყნიერების საზრუნავმა“ ადამიანს ღვთის მსახურების ხალისი (მათ. 13:22; 1 იოან. 5:19). ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სტრესულ სიტუაციებს ვაწყდებით.

4. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე მრავალმა საფიქრალმა?

4 მრავალმა საფიქრალმა შეიძლება მოსვენება დაგვიკარგოს. მაგალითად, შეიძლება იმაზე დავიწყოთ დარდი, გვექნება თუ არა საკმარისი სახსრები პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაძლოა იმაზეც ვწუხდეთ, რომ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნება, ვეღარ ვიმუშავებთ ან საერთოდ დავკარგავთ სამსახურს. შეიძლება ისიც გვაფიქრებს, ცდუნების წინაშე შევინარჩუნებთ თუ არა ღვთისადმი ერთგულებას. შეიძლება იმ თავდასხმის გამოც ვდარდობთ, რომელსაც სატანა განახორციელებს უახლოეს მომავალში ღვთის ხალხზე, და ისიც გვაფიქრებს, არასწორად ხომ არ ვიქცევით, როცა ასეთ რამეებზე ვწუხვართ.

5. რას გულისხმობდა იესო სიტყვებში „ნუღარ წუხხართ“?

5 იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ნუღარ წუხხართ“ (მათ. 6:25). ნიშნავს ეს იმას, რომ საერთოდ არაფერზე არ უნდა ვიწუხოთ? რა თქმა უნდა, არა. ალბათ გახსოვთ, რომ წუხილმა ძველად მცხოვრებ იეჰოვას ზოგიერთ მსახურსაც დაუკარგა მოსვენება, მაგრამ ამის გამო იეჰოვას მათთვის ზურგი არ შეუქცევია * (1 მეფ. 19:4; ფსალმ. 6:3). სინამდვილეში იესო ამ სიტყვებით გვანუგეშებს და იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ყოფით საკითხებზე ზედმეტად არ ვინერვიულოთ, რაც ხელს შეგვიშლის ღვთის მსახურებაში. რა უნდა გავაკეთოთ, როცა წუხილი მოგვეძალება? (იხილეთ ჩარჩო  „როგორ უნდა გაუმკლავდეთ საწუხარს?“).

სიმშვიდის შენარჩუნების ექვსი საშუალება

(იხილეთ აბზაცი 6) *

6. ფილიპელების 4:6, 7-ის თანახმად, რა მოგვგვრის სიმშვიდეს?

6 ხშირად ილოცეთ. გულმხურვალე ლოცვები ბევრ ქრისტიანს უმსუბუქებს საწუხარს (1 პეტ. 5:7). ლოცვაზე პასუხად ჩვენ მივიღებთ „ღვთის მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ [ადამიანურ] აზრს აღემატება“ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7). იეჰოვა თავისი უძლიერესი ძალით, წმინდა სულით, მოგვგვრის სიმშვიდეს (გალ. 5:22).

7. როგორ უნდა ვილოცოთ?

7 ლოცვის დროს გულღიად ესაუბრეთ ღმერთს. კონკრეტულად უთხარით, რა გაწუხებთ და რას გრძნობთ. თუ პრობლემა მოგვარებადია, სთხოვეთ მას სიბრძნე და ძალა, რომ დაგეხმაროთ მის გადაჭრაში. თუ პრობლემის მოგვარება თქვენს ძალებს აღემატება, სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, რომ ზედმეტად არ ინერვიულოთ. როცა კონკრეტულად ვლოცულობთ ჩვენს საწუხარზე, უკეთ ვხედავთ, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვაზე. ნუ შეწყვეტთ ლოცვას, თუ მაშინვე არ მიიღებთ პასუხს. იეჰოვას სურს, რომ ჩვენს საწუხარზე არა მხოლოდ კონკრეტულად ვილოცოთ, არამედ დაჟინებითაც (ლუკ. 11:8—10).

8. რა უნდა მოვიხსენიოთ ლოცვაში?

8 როცა იეჰოვას თქვენს პრობლემებზე ესაუბრებით, ნუ დაივიწყებთ მადლიერების სიტყვებსაც. მაშინაც კი, თუ პრობლემები თავზე საყრელად გაქვთ, იფიქრეთ, რამდენი კარგი რამ გაუკეთებია იეჰოვას თქვენთვის. თუ ზოგჯერ სათანადო სიტყვებს ვერ პოულობთ მძიმე განცდების გამოსახატავად, გახსოვდეთ, იეჰოვა მაინც შეისმენს თქვენს სათხოვარს, თუნდაც მხოლოდ ამის თქმა მოახერხოთ: „ღმერთო, დამეხმარე!“ (2 მატ. 18:31; რომ. 8:26).

(იხილეთ აბზაცი 9) *

9. რა შემთხვევაში ვიქნებით დაცული?

9 იხელმძღვანელეთ იეჰოვას ბრძნული პრინციპებით და არა საკუთარი გულის კარნახით. ესაია წინასწარმეტყველის დროს იუდაში მცხოვრები ხალხი ასურელების მუქარამ შეაშინა. ასურელების უღელქვეშ რომ არ აღმოჩენილიყვნენ, დახმარებისთვის წარმართ ეგვიპტელებს მიმართეს (ეს. 30:1, 2). იეჰოვა აფრთხილებდა მათ, რომ ასეთი მცდარი კურსი უბედურებას დაატეხდა თავს (ეს. 30:7, 12, 13). ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თავის ხალხს აუხსნა, რა შემთხვევაში იქნებოდნენ დაცული. მან თქვა: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15ბ).

10. რა სიტუაციებში შეიძლება გამოიცადოს იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა?

10 საიდან გამოჩნდება, რომ ვენდობით იეჰოვას? ჩვენი ნდობა შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში გამოიცადოს. მაგალითად, შეიძლება მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ, რომელიც დიდ დროს მოითხოვს და ხელს შეგიშლით სულიერ საქმეებში; ან შეიძლება თანამშრომელი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმას შეეცადოს. ან ოჯახის წევრმა წაგიყენოთ ასეთი ულტიმატუმი: „ან მე, ან შენი ღმერთი!“. მართალია, ასეთ სიტუაციებში თქვენთვის ადვილი არ იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის გაგიწევთ ხელმძღვანელობას (მათ. 6:33; 10:37; 1 კორ. 7:39). მთავარია, თქვენ თუ მიენდობით იეჰოვას და გაითვალისწინებთ მის რჩევებს.

(იხილეთ აბზაცი 11) *

11. რომელ ბიბლიურ მაგალითებზე ფიქრი დაგვეხმარება დევნის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში?

11 ისწავლეთ ბიბლიური მაგალითებიდან. ბიბლიაში მრავალი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს მშვიდად ყოფნისა და იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობას. ამ მაგალითების განხილვისას ყურადღება მიაქციეთ, რა დაეხმარა ღვთის მსახურებს, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ სასტიკი წინააღმდეგობის დროს. მაგალითად, როდესაც მოციქულებს ებრაელთა უზენაესმა სასამართლომ ქადაგება აუკრძალა, ისინი არ შეშინებულან. მათ გაბედულად განაცხადეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29). ისინი არც ცემას შეუშინებია, რადგან სჯეროდათ, რომ იეჰოვა მხარში ედგა და იწონებდა მათ საქციელს. ამიტომ სასიხარულო ცნობის ქადაგება არ შეუწყვეტიათ (საქ. 5:40—42). მოწაფე სტეფანეც ისეთი საოცარი სიმშვიდით შეხვდა სიკვდილს, რომ „სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა“ (საქ. 6:12—15). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა იწონებდა მის სიმტკიცეს.

12. პირველი პეტრეს 3:14-ისა და 4:14-ის თანახმად, რატომ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები დევნის მიუხედავად?

12 მოციქულები აშკარად ხედავდნენ, რომ იეჰოვა მათ გვერდით იყო. იეჰოვას ძალით ისინი სასწაულებს ახდენენ (საქ. 5:12—16; 6:8). მართალია, ჩვენს შემთხვევაში ასე არაა, მაგრამ თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ, როცა სიმართლისთვის ვიტანჯებით, ის ხარობს ჩვენით და თავის სულს გვაძლევს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:14; 4:14). იმაზე ფიქრის ნაცვლად, მომავალში როგორ შევხვდებით სასტიკ დევნას, აჯობებს იეჰოვასადმი ნდობა გავიძლიეროთ და გვჯეროდეს, რომ მას შესწევს ჩვენი გაძლიერებისა და დახსნის ძალა. პირველი მოწაფეების მსგავსად ჩვენც უნდა გვჯეროდეს იესოს დაპირების: „მე მოგცემთ სიბრძნეს და მე გათქმევინებთ იმას, რაც უნდა თქვათ; მაშინ თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც კი ვერ აღგიდგებიან წინ და ვერ შეგედავებიან“. იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ მოთმინებით გადავირჩენთ თავს (ლუკ. 21:12—19). გვახსოვდეს, რომ იეჰოვას თავისი ერთგული მსახურების შესახებ უმცირესი დეტალიც კი ახსოვს. ასე რომ, რომც დაიხოცონ, შეუძლია მათი მკვდრეთით აღდგენა.

13. რას გვასწავლის მათი მაგალითები, ვინც ვერ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და იეჰოვაზე მინდობა?

13 როგორც ვიცით, ღვთის მსახურთაგან ყველამ ვერ შეინარჩუნა სიმშვიდე და იეჰოვასადმი ნდობა. მათი მაგალითების განხილვა დაგვეხმარება, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. მაგალითად, იუდას მეფე ასამ იეჰოვაზე მინდობილმა დაამარცხა ეთიოპთა აურაცხელი ჯარი (2 მატ. 14:9—12). თუმცა მოგვიანებით, როცა ისრაელის მეფე ბააშა შედარებით მცირერიცხოვანი ჯარით გამოვიდა მის წინააღმდეგ, უწინდელივით იეჰოვას მხსნელ ძალას კი არ მიენდო, არამედ სირიელებს მიმართა დახმარებისთვის და სანაცვლოდ ოქრო-ვერცხლი შესთავაზა (2 მატ. 16:1—3). მაშინაც კი, როცა სიცოცხლის ბოლოს მძიმედ დასნეულდა, იეჰოვასთვის არ უთხოვია დახმარება (2 მატ. 16:12).

14. რას გვასწავლის ასას მიერ დაშვებული შეცდომა?

14 თავიდან ასა იეჰოვას ენდობოდა განსაცდელების დროს, მოგვიანებით კი თავისი ჭკუით ცდილობდა პრობლემების გადაჭრას ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის მიემართა დახმარებისთვის. ერთი შეხედვით ასას გეგმა, სირიელები მოკავშირეობაზე დაეყოლიებინა, სტრატეგიულად გამართლებული ჩანდა. მაგრამ მისი წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ ასეთი რამ შეუთვალა ასას: „სირიის მეფის ნაცვლად იეჰოვას, შენს ღმერთს რომ მინდობოდი, ახლა სირიის მეფის ჯარი დამარცხებული გეყოლებოდა“ (2 მატ. 16:7). სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები არ გავხდეთ და ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას სიტყვას მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის, საკუთარი ჭკუით არ დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. მაშინაც კი, როცა დრო არ ითმენს და გადაწყვეტილება სწრაფად გვაქვს მისაღები, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მივენდოთ იეჰოვას. ის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.

(იხილეთ აბზაცი 15) *

15. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ბიბლიის კითხვისას?

15 დაიმახსოვრეთ ბიბლიური მუხლები. შეეცადეთ, დაიმახსოვროთ ის ბიბლიური მუხლები, საიდანაც კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და იეჰოვაზე მინდობა. მუხლები ადვილად დაგამახსოვრდებათ, თუ ხმამაღლა წაიკითხავთ ან ამოიწერთ და ხშირად გადახედავთ. იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა, რომ ყოველდღიურად დაბალი ხმით ეკითხა ღვთის კანონი, რათა ბრძნულად ემოქმედა. ღვთის კანონის კითხვა მას შიშს დააძლევინებდა და გამბედაობას შემატებდა, რათა ხალხისთვის კარგი წინამძღოლობა გაეწია (იეს. 1:8, 9). ღვთის სიტყვაში მოცემული მრავალი აზრი სულის სიმშვიდეს მოგგვრით იმ სიტუაციებშიც კი, როცა ადამიანს ჩვეულებრივ შიში და მღელვარება იპყრობს (ფსალმ. 27:1—3; იგავ. 3:25, 26).

(იხილეთ აბზაცი 16) *

16. როგორ გვეხმარება იეჰოვა კრების მეშვეობით, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მას მივენდოთ?

16 დრო გამოყავით და-ძმებთან ურთიერთობისთვის. იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით გვეხმარება, რომ შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მისადმი ნდობა გავიძლიეროთ. კრების შეხვედრებზე წარმოთქმული მოხსენებებიდან თუ და-ძმების კომენტარებიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თანაქრისტიანებთან გამამხნევებელი საუბრები დადებითად მოქმედებს ჩვენზე (ებრ. 10:24, 25). დიდ შვებას ვგრძნობთ, როცა ჩვენს საწუხარსა თუ გრძნობებს სანდო მეგობარს ვუზიარებთ. მათ ნათქვამ „ტკბილ სიტყვას“ შეუძლია საწუხარი შეგვიმსუბუქოს (იგავ. 12:25).

(იხილეთ აბზაცი 17) *

17. ებრაელების 6:19-ის თანახმად, როგორ დაგვეხმარება მტკიცე იმედი რთულ სიტუაციებში ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში?

17 შეინარჩუნეთ მტკიცე იმედი. ღვთისგან ბოძებული იმედი ჩვენთვის ღუზასავითაა, რომელიც რთულ სიტუაციებში ემოციურ წონასწორობას გვინარჩუნებს (წაიკითხეთ ებრაელების 6:19). როცა უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ, გაიხსენეთ, რა საუცხოო მომავალს გვპირდება იეჰოვა (ეს. 65:17). გონებაში გააცოცხლეთ მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება, სადაც დარდისა და წუხილის არანაირი მიზეზი არ იარსებებს (მიქ. 4:4). იმედის განმტკიცებაში ისიც დაგეხმარებათ, თუ საუცხოო მომავალზე სხვებსაც ესაუბრებით. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში მიიღოთ მონაწილეობა. ეს დაგეხმარებათ, რომ „ბოლომდე ურყევი იყოს თქვენი იმედი“ (ებრ. 6:11).

18. რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ მომავალში და რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მათ წარმატებით გავუმკლავდებით?

18 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, პრობლემებიც მოიმატებს, რამაც შეიძლება საფიქრალი და სადარდებელი გაგვიჩინოს. 2021 წლის მუხლი დაგვეხმარება, ამ სირთულეებს მშვიდად შევხვდეთ, რასაც საკუთარი ძალით კი არა, იეჰოვაზე მინდობით შევძლებთ. მოდი ამ წლის განმავლობაში ჩვენი საქმეებით ვაჩვენოთ, რომ გვწამს იეჰოვას დანაპირების: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15).

სიმღერა 8 იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

^ აბზ. 5 2021 წლის მუხლი ყურადღებას ამახვილებს, რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვას მივენდოთ რთულ სიტუაციებში, ახლაც და მომავალშიც. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ იმ პრაქტიკულ საშუალებებზე, რომლებიც დაგვეხმარება, გავითვალისწინოთ ამ წლის მუხლში ჩაწერილი რჩევა.

^ აბზ. 5 ზოგი ღვთის ერთგული მსახური გამუდმებით შფოთავს ან პანიკური შეტევებით იტანჯება. ეს უკვე ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს და არ უნდა აგვერიოს იმ საწუხარში, რომელზეც იესო საუბრობდა.

^ აბზ. 63 სურათის აღწერა: 1) დღის განმავლობაში და არაერთხელ ლოცულობს თავის საწუხარზე.

^ აბზ. 65 სურათის აღწერა: 2) სამსახურში შესვენების დროს და ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართავს.

^ აბზ. 67 სურათის აღწერა: 3) ის ფიქრობს ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზე.

^ აბზ. 69 სურათის აღწერა: 4) ის მაცივარზე აკრავს გამამხნევებელ ბიბლიურ მუხლს, რომლის დამახსოვრებაც სურს.

^ აბზ. 71 სურათის აღწერა: 5) ის თანაქრისტიანთან ერთად მსახურებაში იღებს მონაწილეობას.

^ აბზ. 73 სურათის აღწერა: 6) მომავალზე ფიქრი მას იმედს უმტკიცებს.