არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 5

„გონივრულად გამოიყენეთ დრო“

„გონივრულად გამოიყენეთ დრო“

„მაშ, კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ᲔᲤᲔᲡ. 5:15, 16).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 8 იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. როგორ ვუახლოვდებით იეჰოვას?

 ᲩᲕᲔᲜ სიამოვნებით ვატარებთ დროს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან. მაგალითად, ბედნიერ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან გატარებული ყოველი წუთი ახარებს. ახალგაზრდებს სიამოვნებთ მეგობრების წრეში ტრიალი. და, რა თქმა უნდა, ვის არ მოგვწონს თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?! თუმცა ყველაზე მეტად ის გვსიამოვნებს, როცა იეჰოვასთვის გამოვყოფთ დროს, მაგალითად, ვლოცულობთ, ღვთის სიტყვას ვკითხულობთ, მის განზრახვებსა და შესანიშნავ თვისებებზე ვფიქრობთ. იეჰოვასთან გატარებული ყოველი წუთი მართლაც ძვირფასია ჩვენთვის! (ფსალმ. 139:17).

2. რისი გაკეთება არ არის ყოველთვის ადვილი?

2 მართალია, გვსიამოვნებს იეჰოვასთან დასაახლოებლად დროის გამოყოფა, მაგრამ ამის გაკეთება ყოველთვის არაა ადვილი. გადატვირთული გრაფიკის გამო ზოგჯერ რთულია, დრო დავუთმოთ სულიერ საქმეებს. სამუშაოს, ოჯახსა თუ სხვადასხვა აუცილებელ საქმეს შეიძლება იმდენი დრო მიაქვს, რომ გვგონია, ლოცვისთვის, ბიბლიის შესწავლისა და ფიქრისთვის დრო აღარ გვრჩება.

3. რამ შეიძლება განაპირობოს დროის დეფიციტი?

3 დროის დეფიციტი შეიძლება სხვა საქმეებმაც განაპირობოს. ზოგიერთი საქმის კეთებაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ, თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ის დრო წაგვართვას, რომელიც შეგვეძლო იეჰოვასთან დასაახლოებლად გამოგვეყენებინა. მაგალითად, დასვენება და განტვირთვა დროდადრო ყველას გვჭირდება, მაგრამ ამან შეიძლება იმდენი დრო წაიღოს, რომ სულიერი საქმეებისთვის ვეღარ მოვიცალოთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ გართობამ უფრო მნიშვნელოვანი არ ჩაანაცვლოს (იგავ. 25:27; 1 ტიმ. 4:8).

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, სწორად დავადგინოთ პრიორიტეტები. ვიმსჯელებთ იმაზეც, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ დრო, რომელიც იეჰოვასთვის გვაქვს გამოყოფილი და რა დადებით შედეგებს მოგვიტანს ეს.

ᲡᲬᲝᲠᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲔᲑᲘ

5. როგორ დაეხმარება ახალგაზრდას ეფესოელების 5:15—17-ში ჩაწერილი რჩევები, სწორი კურსი აირჩიოს ცხოვრებაში?

5 სწორი კურსი აირჩიეთ ცხოვრებაში. ახალგაზრდები ხშირად ფიქრობენ, რა მიმართულებით წავიდნენ ცხოვრებაში. ერთი მხრივ, მასწავლებლები და ოჯახის წევრები, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, შეიძლება უბიძგებდნენ ახალგაზრდებს, უმაღლესი განათლება მიიღონ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. ასეთი არჩევანი, ფაქტია, მთელ მათ დროს შეიწირავს. მეორე მხრივ, მშობლები და თანაქრისტიანები შეიძლება ახალისებდნენ მათ, რომ ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მიუძღვნან. რა დაეხმარება ახალგაზრდა ქრისტიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? კარგი იქნება, თუ ღრმად ჩაუკვირდება ეფესოელების 5:15—17-ში ჩაწერილ რჩევებს (წაიკითხეთ). მაგალითად, თუ დაფიქრდება, რა არის „იეჰოვას ნება“? როგორ გადაწყვეტილებას მოიწონებს ის? რომელი არჩევანი მისცემს იმის საშუალებას, რომ გონივრულად გამოიყენოს დრო? უნდა გვახსოვდეს, რომ მძიმე დროში ვცხოვრობთ და სატანის ქვეყნიერებას მალე ბოლო მოეღება. ამიტომ გონივრული იქნება, თუ ისეთ კურსს ავირჩევთ ცხოვრებაში, რომელიც გულს გაუხარებს იეჰოვას.

6. რატომ იყო მარიამის არჩევანი უკეთესი?

6 სწორად დაადგინეთ პრიორიტეტები. ზოგჯერ დრო გონივრულად რომ გამოვიყენოთ, არჩევანი ორ კარგ საქმეს შორის უნდა გავაკეთოთ. თვალსაჩინოებისთვის გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა იესო მარიამსა და მართას ესტუმრა. იესოს სტუმრობით გახარებული მართა დიდ სამზადისს შეუდგა. ამასობაში მისი და მარიამი იესოს ფერხთით მიუჯდა და გაფაციცებით უსმენდა. მართალია, მართას კარგი სურდა, მაგრამ როგორც იესომ თქვა, „მარიამმა უკეთესი აირჩია“ (ლუკ. 10:38—42). დროთა განმავლობაში მარიამს საერთოდ აღარ გაახსენდებოდა, რით გაუმასპინძლდნენ იესოს, მაგრამ არასდროს დაავიწყდებოდა ის, რაც მისგან მოისმინა. მარიამმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დრო იესოს მოსმენისთვის დაეთმო. ჩვენც უნდა დავაფასოთ ის დრო, რომელიც იეჰოვასთვის გვაქვს გამოყოფილი. როგორ შეგვიძლია ეს დრო გონივრულად გამოვიყენოთ?

ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲕᲘᲧᲔᲜᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲝᲤᲘᲚᲘ ᲓᲠᲝ

7. რატომ უნდა დავუთმოთ დრო ლოცვას, ღვთის სიტყვის კვლევასა და ფიქრს?

7 გახსოვდეთ, რომ როცა ლოცულობთ, ღვთის სიტყვას იკვლევთ და ფიქრობთ, ფაქტობრივად, ღმერთს სცემთ თაყვანს. ლოცვა ურთიერთობაა ჩვენს ზეციერ მამასთან, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ (ფსალმ. 5:7). ბიბლიის შესწავლის დროს ვიძენთ ცოდნას ყოვლადბრძენი ღვთის შესახებ (იგავ. 2:1—5). როცა ნასწავლზე ვფიქრობთ, უკეთ ვხედავთ იეჰოვას არაჩვეულებრივ თვისებებს და ვწვდებით მის დიდებულ განზრახვას, რომელიც ეხება კაცობრიობას და პირადად ჩვენ. ამაზე უკეთესს რას უნდა დავუთმოთ დრო?! რა დაგვეხმარება, რომ ეს დრო საუკეთესოდ გამოვიყენოთ?

ეცადეთ, პირადი შესწავლისთვის მშვიდი გარემო შეარჩიოთ (იხილეთ აბზაცები 8, 9).

8. რას დაუთმო იესომ უდაბნოში დრო და რას გვასწავლის ეს ჩვენ?

8 შეძლებისდაგვარად მშვიდი გარემო შეარჩიეთ. დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. სანამ მსახურებას შეუდგებოდა, 40 დღე უდაბნოში გაატარა (ლუკ. 4:1, 2). მშვიდ გარემოში იესოს შეეძლო, ელოცა და ეფიქრა იმ მნიშვნელოვან დავალებაზე, რომელიც მამისგან ჰქონდა მიღებული. ამან შეამზადა იმ გამოცდებისთვის, რომლებიც წინ ელოდა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? თუ ოჯახში ბევრნი ხართ, შეიძლება რთული იყოს მშვიდი კუთხის მოძებნა. ამ შემთხვევაში შეიძლება გარეთ ღირდეს ასეთი ადგილის პოვნა. ასე იქცევა საფრანგეთში მცხოვრები და ჟული, როცა უნდა, ლოცვისთვის განმარტოვდეს. ის და მისი მეუღლე პატარა ბინაში ცხოვრობენ, რის გამოც რთულია მშვიდი გარემოს პოვნა. ჟული ამბობს: „ყოველდღე სკვერში ვსეირნობ ხოლმე. იქ შემიძლია განვმარტოვდე, გონება მოვიკრიბო და იეჰოვას ვესაუბრო“.

9. საიდან ჩანს, რომ იესო ძალიან აფასებდა მამასთან ურთიერთობას?

9 იესო ძალიან დატვირთული იყო, რადგან ხალხი მუდამ თან დაჰყვებოდა და მის დროსა და ყურადღებას ითხოვდა. ერთხელ მის სანახავად „მთელმა ქალაქმა კართან მოიყარა თავი“. ამის მიუხედავად, იესომ მაინც გამონახა დრო ლოცვისთვის. დილაადრიან ის „ერთ უკაცრიელ ადგილას“ მივიდა, რომ მშვიდად ელოცა (მარ. 1:32—35).

10, 11. მათეს 26:40, 41-ის თანახმად, რა რჩევა მისცა იესომ მოციქულებს, მაგრამ რა მოხდა?

10 დედამიწაზე მსახურების დასასრულს, სიკვდილის წინა ღამეს, იესო კვლავ განმარტოვდა ფიქრისა და ლოცვისთვის, ამჯერად გეთსემანეს ბაღში (მათ. 26:36). იქ მან მოციქულებს დროული რჩევა მისცა ლოცვასთან დაკავშირებით.

11 განვიხილოთ, რა მოხდა. იესო მოციქულებთან ერთად გვიან ღამით მივიდა გეთსემანეს ბაღში. მათ სთხოვა, რომ ეფხიზლათ, თავად კი მათგან მოშორებით პირქვე დაემხო და ლოცვა დაიწყო (მათ. 26:37—39). სანამ ლოცულობდა, მოციქულებს ჩაეძინათ. როცა მძინარენი ნახა, კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ეფხიზლათ და განუწყვეტლივ ელოცათ (წაიკითხეთ მათეს 26:40, 41). იესოს ესმოდა, რომ დაძაბული დღის შემდეგ ისინი გადაღლილები იყვნენ, ამიტომ გაგებით მოეკიდა მათ და თქვა, რომ ხორცი სუსტი იყო. იესო კიდევ ორჯერ განმარტოვდა ლოცვისთვის და ორივეჯერ მოწაფეები ჩაძინებულები დახვდა (მათ. 26:42—45).

ეცადეთ, მაშინ ილოცოთ, როცა უფრო ფხიზლად ხართ (იხილეთ აბზაცი 12).

12. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძლიერი სტრესის ან დაღლილობის გამო ლოცვის თავი არ გვაქვს?

12 სწორად შეარჩიეთ დრო. სტრესისა და დაღლილობის გამო შეიძლება ზოგჯერ ლოცვის თავი არ გვქონდეს. მსგავსი რამ დროდადრო ყველას ემართება. რა ვიღონოთ ასეთ შემთხვევაში? ზოგი, ვინც ძილის წინ იყო ლოცვას მიჩვეული, მიხვდა, რომ აჯობებდა ლოცვისთვის დრო მაინცდამაინც ძილის წინ არ გამოეყო, არამედ როცა უფრო ფხიზლად იქნებოდა. ზოგი ცდილობს, დაწოლილ მდგომარეობაში არ ილოცოს, რომ ძილი არ მოერიოს. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ხართ, რომ ლოცვის თავი არ გაქვთ? გულწრფელად უთხარით იეჰოვას, რასაც გრძნობთ და დარწმუნებული იყავით, რომ გულმოწყალე მამა აუცილებლად გაგიგებთ (ფსალმ. 139:4).

ეცადეთ, შეხვედრების დროს არ მოცდეთ ტექსტური შეტყობინებებითა და იმეილებით (იხილეთ აბზაცები 13, 14).

13. როგორ შეიძლება ელექტრონულმა მოწყობილობებმა ხელი შეგვიშალოს ლოცვის, პირადი შესწავლისა თუ კრების დროს?

13 შესწავლის დროს მომცდენი ფაქტორები მინიმუმამდე დაიყვანეთ. ლოცვა იეჰოვასთან დაახლოების ერთადერთი საშუალება არ არის. ამ მიზანს ემსახურება ღვთის სიტყვის შესწავლაც და კრების შეხვედრებზე დასწრებაც. როგორ შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ ის დრო, რომელიც პირადი შესწავლისთვის ან კრების შეხვედრებზე დასწრებისთვის გაქვთ გამოყოფილი? დაფიქრდით, რა გიფანტავთ გონებას კრების შეხვედრებზე თუ პირადი შესწავლის დროს. მობილურ ტელეფონში ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში შემოსული ზარები, იმეილები თუ ტექსტური შეტყობინებები ხომ არა?! დღეს ამ მოწყობილობებს თითქმის ყველა იყენებს. მკვლევრები ამბობენ, რომ როცა ადამიანი რაღაცაზე კონცენტრირებას ახდენს და გვერდზე ტელეფონი უდევს, შეიძლება ადვილად გაეფანტოს გონება. ერთი ფსიქოლოგი აღნიშნავს: „ასეთ დროს კონცენტრირებას ვერ ახდენ საქმეზე, რომლითაც დაკავებული ხარ, და ფიქრები სულ სხვა რამისკენ გაგირბის“. კონგრესების დროს ხშირად კეთდება განცხადება, ელექტრონული მოწყობილობები ისეთ რეჟიმში გადავიყვანოთ, რომ სხვებს არ შევუშალოთ ხელი. აჯობებს, პირადი შესწავლის დროსაც ასე მოვიქცეთ, რომ ელექტრონულმა მოწყობილობებმა ჩვენვე არ შეგვიშალოს ხელი.

14. ფილიპელების 4:6, 7-ის თანახმად, როგორ დაგვეხმარება იეჰოვა გონების მოკრებაში?

14 სთხოვეთ იეჰოვას, გონების მოკრებაში დაგეხმაროთ. როცა ამჩნევთ, რომ პირადი შესწავლის დროს თუ კრების შეხვედრაზე ყურადღება გეფანტებათ, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. თუ რაღაცაზე ნერვიულობთ, ადვილი არ იქნება, გონებიდან ამოიგდოთ საფიქრალი და სულიერ საკითხებზე ყურადღება გადაიტანოთ. თუმცა ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სთხოვეთ იეჰოვას მშვიდობა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს გულს დაიცავს, არამედ გონებასაც (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6, 7).

ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ

15. რა დადებით შედეგს მოგვიტანს იეჰოვასთვის დროის დათმობა?

15 თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმ სასიკეთო შედეგებს, რომლებიც იეჰოვასთან საუბარს, მის მოსმენასა და მასზე ფიქრს მოაქვს. პირველი, უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ბიბლიაში წერია, რომ „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავ. 13:20). ასე რომ, თუ დროს გამოყოფთ იეჰოვასთვის, რომელიც ყოველგვარი სიბრძნის წყაროა, აუცილებლად დაბრძენდებით. ასეთ შემთხვევაში გეცოდინებათ, როგორ გაუხაროთ გული იეჰოვას და არ გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რითაც გულს ატკენთ მას.

16. კიდევ რა მხრივ გვეხმარება იეჰოვასთან ხშირი ურთიერთობა?

16 მეორე, უკეთ შეძლებთ, რომ ასწავლოთ სხვებს. ბიბლიის შესწავლის ჩატარების დროს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, დავეხმაროთ შემსწავლელს, დაუახლოვდეს იეჰოვას. რაც მეტად ვიურთიერთებთ ჩვენს ზეციერ მამასთან, მით უფრო გაგვიღრმავდება მისადმი სიყვარული და უკეთ შევძლებთ, შემსწავლელებსაც შევაყვაროთ ის. ეს კარგად ჩანს იესოს მაგალითზეც. ის იმხელა სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა ზეციერ მამაზე, რომ თავის ერთგულ მიმდევრებსაც ჩაუნერგა იეჰოვას სიყვარული (იოან. 17:25, 26).

17. როგორ გვეხმარება ლოცვა და პირადი შესწავლა რწმენის განმტკიცებაში?

17 მესამე, რწმენა განგიმტკიცდებათ. ყოველ ჯერზე, როცა ღმერთს ხელმძღვანელობას, ნუგეშსა და დახმარებას სთხოვთ და მისგან პასუხს იღებთ, რწმენა გიმტკიცდებათ (1 იოან. 5:15). რწმენას პირადი შესწავლაც გაგიძლიერებთ. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „რწმენა მოსმენის შედეგია“ (რომ. 10:17). თუმცა ძლიერი რწმენისთვის მხოლოდ ცოდნის მიღება არ კმარა. კიდევ რა არის საჭირო?

18. რატომ არის მნიშვნელოვანი ნასწავლზე ფიქრი?

18 უნდა ვიფიქროთ ნასწავლზე. განვიხილოთ 77-ე ფსალმუნის დამწერის მაგალითი. ის ძლიერ იყო დამწუხრებული, რადგან ფიქრობდა, რომ იეჰოვა მას და მის თანამემამულეებს მოწყალე თვალით აღარ უყურებდა. მშფოთვარე ფიქრების გამო მას ძილიც კი გაუკრთა (მე-2—8 მუხლები). რა გააკეთა ასეთ განცდებში მყოფმა? მან უთხრა იეჰოვას: „ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზე და ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს“ (მე-12 მუხლი). ცხადია, ფსალმუნმომღერალმა კარგად იცოდა, რა ჰქონდა იეჰოვას წარსულში გაკეთებული თავისი ხალხისთვის, თუმცა მაინც შეფიქრიანებული იყო: „ნუთუ დაივიწყა ღმერთმა წყალობის ქმნა ანდა განრისხდა და აღარ იჩენს გულმოწყალებას?!“ (მე-9 მუხლი). ის დაფიქრდა იეჰოვას საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ ავლენდა წყალობასა და თანაგრძნობას თავისი ხალხის მიმართ (მე-11 მუხლი). შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა თავის ხალხს (მე-15 მუხლი). თქვენც განგიმტკიცდებათ რწმენა, თუ იფიქრებთ, რაც იეჰოვას თავისი ხალხისთვის და პირადად თქვენთვის გაუკეთებია.

19. კიდევ რა მხრივ დაგვეხმარება იეჰოვასთვის დროის დათმობა?

19 მეოთხე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იეჰოვასადმი სიყვარული გაგიძლიერდებათ. სწორედ სიყვარული გვაძლევს ძალას, რომ დავემორჩილოთ იეჰოვას, მისი გულისთვის მსხვერპლზე წავიდეთ და ავიტანოთ განსაცდელები (მათ. 22:37—39; 1 კორ. 13:4, 7; 1 იოან. 5:3). განა რა უნდა იყოს იეჰოვასთან სიახლოვესა და მეგობრობაზე უფრო ძვირფასი?! (ფსალმ. 63:1—8).

20. როგორ გეგმავთ იეჰოვასთან ურთიერთობისთვის დროის გონივრულად გამოყენებას?

20 გახსოვდეთ, რომ როცა ლოცულობთ, იკვლევთ ღვთის სიტყვას და ფიქრობთ, ფაქტობრივად, ღმერთს სცემთ თაყვანს. იესოს მსგავსად მშვიდი გარემო შეარჩიეთ იეჰოვასთან საურთიერთოდ. მინიმუმამდე დაიყვანეთ მომცდენი ფაქტორები. სთხოვეთ იეჰოვას, გონების მოკრებაში დაგეხმაროთ, როცა სულიერი საქმეებით ხართ დაკავებული. თუ დროს დღესვე გონივრულად გამოიყენებთ, იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოებთ (მარ. 4:24).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28 იეჰოვასთან დამეგობრება

^ იეჰოვა ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მასთან მეგობრობას და გვინდა, უკეთ გავიცნოთ ის. ნებისმიერი ურთიერთობის გაღრმავებას დრო სჭირდება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან ურთიერთობაზეც. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორ გამოვყოთ დრო ჩვენს ზეციერ მამასთან დასაახლოებლად და რატომ იქნება ეს ჩვენთვისვე სასიკეთო?