არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 3

რაზე უნდა დაგვაფიქროს იესოს ცრემლებმა

რაზე უნდა დაგვაფიქროს იესოს ცრემლებმა

„იესო აცრემლდა“ (ᲘᲝᲐᲜ. 11:35).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1—3. რა შეიძლება გახდეს ღვთის მსახურების ცრემლების მიზეზი?

 ᲑᲝᲚᲝᲡ როდის მოგეძალათ ცრემლები? მართალია, ზოგჯერ შეიძლება სიხარულის გამო ავცრემლდეთ, მაგრამ სამწუხაროდ უფრო ხშირად ამის მიზეზი გულისტკივილია. მაგალითად, ბუნებრივია, ვტირით, როცა საყვარელი ადამიანი გვეცლება ხელიდან. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და ლორალი * ასეთ რამეს ამბობს: „ზოგჯერ ისე ძლიერ განვიცდი შვილის სიკვდილს, რომ მგონია, ვერაფერი მანუგეშებს. ამ დროს მიკვირს კიდეც, როგორ არ მისკდება დარდით გული“.

2 თუმცა სხვა მიზეზითაც ვტირით ხოლმე. იაპონელი პიონერი და ჰირომი ამბობს: „ზოგჯერ გული მიტყდება მსახურების დროს ხალხის გულგრილობის გამო. თვალცრემლიანი ვთხოვ ხოლმე იეჰოვას, ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანი შემახვედროს“.

3 ალბათ ჩვენთვისაც არაა უცხო მსგავსი გრძნობები (1 პეტ. 5:9). ყველას გვინდა, იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ, მაგრამ ზოგჯერ გლოვის, გულგატეხილობის თუ სხვა სიტუაციების გამო, რომლებიც იეჰოვასადმი ჩვენს ერთგულებას სცდის, ცრემლებით ვემსახურებით მას (ფსალმ. 6:6; 100:2). როგორ გავუმკლავდეთ ასეთ გრძნობებს?

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ მხრივ იესოს მაგალითი დაგვეხმარება. დროდადრო მასაც ისე ეძალებოდა ძლიერი გრძნობები, რომ ცრემლებს ვერ იკავებდა (იოან. 11:35; ლუკ. 19:41; 22:44; ებრ. 5:7). მოდი განვიხილოთ ეს შემთხვევები და ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ. ვიმსჯელოთ იმაზეც, როგორ მოვიქცეთ ისეთ სიტუაციებში, რომლებსაც ცრემლებამდე მივყავართ.

ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲑᲠᲐᲚᲣᲚᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲣᲚᲘ ᲪᲠᲔᲛᲚᲔᲑᲘ

იესოს მსგავსად ანუგეშეთ მგლოვიარენი (იხილეთ აბზაცები 5—9). *

5. რას ვიგებთ იესოს შესახებ იოანეს 11:32—36-დან?

5 ახ. წ. 32 წლის ზამთარი იდგა, როცა იესოს ახლო მეგობარი ლაზარე ავად გახდა და მოკვდა (იოან. 11:3, 14). იესო არა მხოლოდ ლაზარესთან, არამედ მის ორ დასთან, მარიამთან და მართასთანაც მეგობრობდა. ისინი განადგურებულები იყვნენ საყვარელი ძმის სიკვდილით. იესო მათი სოფლისკენ, ბეთანიისკენ, გაემართა. როცა იესოს გამოჩენის შესახებ გაიგო, მართა მაშინვე მის შესაგებებლად გაეშურა. წარმოიდგინეთ, შეხვედრისას რა გრძნობით ეტყოდა მართა ამ სიტყვებს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა“ (იოან. 11:21). მწუხარე მართას, მარიამისა და სხვა მგლოვიარეების დანახვაზე იესო აცრემლდა (წაიკითხეთ იოანეს 11:32—36).

6. რატომ ატირდა იესო?

6 რატომ აცრემლდა იესო? „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ნათქვამია: „როცა თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილი შეიტყო და მისი მგლოვიარე დები დაინახა, იესომ ამოიოხრა და აცრემლდა“. * შესაძლოა იესომ წარმოიდგინა, რა მდგომარეობაში იყო ლაზარე ავადმყოფობის დროს და მაშინ, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო. ფაქტია, იესოზე ძმის სიკვდილით დამწუხრებული მარიამისა და მართას დანახვამაც ძალიან იმოქმედა. მსგავსი გრძნობები უცხო არ არის მათთვის, ვისაც გამოუცდია ახლო მეგობრის ან ოჯახის წევრის სიკვდილი. მოდი ახლა ვნახოთ, რა სამი რამის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან.

7. რას გვეუბნება იესოს ცრემლები იეჰოვას შესახებ?

7 იეჰოვას ესმის თქვენი. იესო მამის განსახიერებაა (ებრ. 1:3). ამიტომ, როცა ატირდა, იეჰოვას გრძნობებიც გამოხატა (იოან. 14:9). თუ თქვენც დაკარგეთ ახლობელი, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არა მარტო ხედავს, რას განიცდით, არამედ თანაგიგრძნობთ კიდეც. მას ძალიან სურს, დაგიამოთ ტკივილი (ფსალმ. 34:18; 147:3).

8. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იესო სიცოცხლეს დაუბრუნებს ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს?

8 იესოს სურს, სიცოცხლე დაუბრუნოს თქვენს ახლობლებს. ვიდრე აცრემლდებოდა, იესომ დაარწმუნა მართა: „აღდგება შენი ძმა!“. მართა ერწმუნა მის ნათქვამს (იოან. 11:23—27). მართას, როგორც ღვთის მსახურს, კარგად ეცოდინებოდა, საუკუნეებით ადრე როგორ აღადგინეს მკვდრები წინასწარმეტყველებმა, ელიამ და ელისემ (1 მეფ. 17:17—24; 2 მეფ. 4:32—37). მას ისიც ეცოდინებოდა, რომ მკვდრებს იესოც აცოცხლებდა (ლუკ. 7:11—15; 8:41, 42, 49—56). შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ერთ დღესაც თქვენც შეხვდებით გარდაცვლილ ახლობლებს. ის ფაქტი, რომ მგლოვიარე მეგობრების დანახვამ იესო ააცრემლა, იმაზე მოწმობს, რომ მას ერთი სული აქვს, აღადგინოს მკვდრები.

9. იესოს მსგავსად როგორ ვანუგეშოთ მგლოვიარენი? მოიყვანეთ მაგალითი.

9 თქვენ შეგიძლიათ მგლოვიარეთა ნუგეშისცემა. იესომ მხოლოდ ცრემლებით კი არ თანაუგრძნო მართასა და მარიამს, არამედ მოუსმინა და გაამხნევა კიდეც. ჩვენც შეგვიძლია ასე ამოვუდგეთ მხარში მგლოვიარეებს. ავსტრალიაში მცხოვრები ერთი უხუცესი, დენი, ამბობს: „ცოლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მჭირდებოდა სხვების დახმარება. რამდენიმე ოჯახი დღე-ღამის განმავლობაში მზად იყო, ნებისმიერ დროს მოესმინა ჩემთვის. მათთან თავისუფლად გამოვხატავდი ჩემს გულისტკივილს და ვტიროდი კიდეც. ისინი სხვა მხრივაც მეხმარებოდნენ: მანქანას მირეცხავდნენ, საყიდლებზე მეგზავნებოდნენ და საჭმელს მიმზადებდნენ, როცა ამის თავი არ მქონდა. ხშირად ჩემთან ერთად ლოცულობდნენ კიდეც. ისინი ჩემთვის ნამდვილი მეგობრები და გასაჭირისთვის დაბადებული ძმები იყვნენ (იგავ. 17:17).

ᲛᲝᲧᲕᲐᲡᲖᲔ ᲬᲣᲮᲘᲚᲘᲗ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲣᲚᲘ ᲪᲠᲔᲛᲚᲔᲑᲘ

10. რა მოვლენებია აღწერილი ლუკას 19:36—40-ში?

10 ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს იესო იერუსალიმში ჩავიდა. იქ შეკრებილი ხალხი იესოს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა. ისინი გზაზე თავიანთ მოსასხამებს უფენდნენ იმის ნიშნად, რომ მეფედ აღიარებდნენ (წაიკითხეთ ლუკას 19:36—40). ამიტომ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, ალბათ მოულოდნელი იქნებოდა მისი მოწაფეებისთვის. იესო „უახლოვდებოდა ქალაქს, უყურებდა და ტიროდა“. თვალცრემლიანმა იესომ იერუსალიმის მკვიდრთ საზარელი მომავალი უწინასწარმეტყველა (ლუკ. 19:41—44).

11. რატომ ატირდა იესო იერუსალიმის მკვიდრების გამო?

11 იესო ძალიან განიცდიდა ხალხის გამო, რადგან იცოდა, რომ თბილი დახვედრის მიუხედავად, მისი თანამემამულეების უმეტესობა არ მიიღებდა სამეფოს შესახებ ცნობას. შედეგად, იერუსალიმი განადგურდებოდა, ხოლო ცოცხლად დარჩენილ იუდეველებს ტყვედ წაასხამდნენ (ლუკ. 21:20—24). იესოს მოლოდინი გამართლდა და ხალხის უმრავლესობამ უარყო იგი. როგორ ეხმაურება მთლიანობაში ხალხი სასიხარულო ცნობას იქ, სადაც თქვენ ქადაგებთ? თუ თქვენს ტერიტორიაზეც თითო-ოროლა ეხმაურება სასიხარულო ცნობას, მაშინ რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევიდან? ვიმსჯელოთ სამ მხარეზე.

12. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ მეორე შემთხვევიდან, როცა იესო აცრემლდა?

12 იეჰოვას ადარდებს ხალხის მომავალი. იესოს ცრემლები მიგვანიშნებს, როგორ აღელვებს იეჰოვას ადამიანების მდგომარეობა. მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). თუ მოყვასი გვიყვარს, თავს არ დავზოგავთ, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გადავცეთ (მათ. 22:39).

იესოს მსგავსად მზად იყავით, ხალხს მათთვის მოსახერხებელ დროს უქადაგოთ (იხილეთ აბზაცები 13, 14). *

13, 14. საიდან გამოჩნდა, რომ იესოს გული შესტკიოდა ადამიანებზე და ჩვენ როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას?

13 იესო თავს არ ზოგავდა მსახურებაში. ადამიანების სიყვარულით აღძრული ის ხელიდან არ უშვებდა ქადაგების შესაძლებლობას (ლუკ. 19:47, 48). გარდა ამისა, იესოს გული შესტკიოდა თავის მსმენელზე. ზოგჯერ იმდენი ხალხი იყრიდა თავს მის მოსასმენად, რომ იესო და მოწაფეები საჭმელადაც ვერ იცლიდნენ (მარ. 3:20). იესო მზად იყო, გვიან ღამითაც კი ესაუბრა ხალხთან, თუ ეს მათთვის უფრო მოსახერხებელი იყო (იოან. 3:1, 2). მართალია, იესოს მსმენელების უმეტესობა მისი მიმდევარი არ გამხდარა, მაგრამ მან ყველას საგულდაგულოდ უქადაგა და მისცა სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა. იესოს მსგავსად, არც ჩვენ გვინდა, ვინმეს სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა წავართვათ (საქ. 10:42). ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, შესაძლოა გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიწიოს მსახურების განრიგსა და მეთოდებში.

14 მზად იყავით საჭირო ცვლილებების მოსახდენად. თუ ერთსა და იმავე დროს ვქადაგებთ, შეიძლება ვერ შევხვდეთ მათ, ვინც სასიხარულო ცნობის მოსასმენადაა განწყობილი. ერთი პიონერი და მატილდა ამბობს: „მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ, სხვადასხვა დროს გავესაუბროთ ხალხს. დილით ადრე საქმიან უბანზე ვქადაგებთ, დღისით, როცა ხალხი გარეთ ტრიალებს, სტენდებით ვქადაგებთ, საღამო ხანს კი გვირჩევნია, კარდაკარ ვიქადაგოთ, რადგან ამ დროს ხალხი სახლშია“. კარგს ვიზამთ, თუ მხოლოდ ჩვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით კი არ ვიმსახურებთ, არამედ მაშინ გავალთ მსახურებაში, როცა უფრო მეტ ადამიანთან ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცემა. თუ ასე მივუდგებით მსახურების საქმეს, იეჰოვას გულს გავუხარებთ.

ᲛᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲬᲛᲔᲜᲓᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲦᲕᲠᲘᲚᲘ ᲪᲠᲔᲛᲚᲔᲑᲘ

იესოს მსგავსად გასაჭირის დროს ევედრეთ იეჰოვას (იხილეთ აბზაცები 15—17). *

15. ლუკას 22:39—44-ის თანახმად, რა მოხდა იესოს სიკვდილის წინა ღამეს?

15 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს ღამით იესო გეთსემანეს ბაღში მივიდა, რომ მამისთვის გული გადაეშალა (წაიკითხეთ ლუკას 22:39—44). სწორედ მაშინ აღუვლინა მამას „ღაღადითა და ცრემლებით“ ვედრება (ებრ. 5:7). რაზე ლოცულობდა იესო სიკვდილის წინა ღამეს? ის ძალას სთხოვდა იეჰოვას, რომ ბოლომდე ერთგულად შეესრულებინა მისი ნება. იეჰოვამ შეისმინა თავისი ძის ვედრება და ანგელოზი გაუგზავნა გასამხნევებლად.

16. რატომ ტიროდა იესო გეთსემანეს ბაღში ლოცვის დროს?

16 რატომ ტიროდა იესო გეთსემანეს ბაღში? მას უჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ღვთის მგმობელად შერაცხავდნენ. იესოს ისიც კარგად ესმოდა, რომ ღვთის სახელის განწმენდის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა. თუ ამჟამად იეჰოვასადმი თქვენი ერთგულებაც იცდება, მაშინ რისი სწავლა შეგიძლიათ ამ შემთხვევიდან? სულ მცირე, სამი რამის.

17. ჩვენ რას გვეუბნება ის ფაქტი, რომ იეჰოვამ შეისმინა იესოს ვედრება?

17 იეჰოვა შეისმენს თქვენს ვედრებას. რატომ შეისმინა იეჰოვამ იესოს ვედრება? იმიტომ, რომ იესოს ყველაზე მეტად ის აფიქრებდა, რომ მამის ერთგული დარჩენილიყო და მისი სახელი განეწმინდა. თუ ჩვენი მთავარი საფიქრალიც ის არის, რომ ვუერთგულოთ იეჰოვას და მისი სახელი განვწმინდოთ, ის უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 145:18, 19).

18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო თანამგრძნობი მეგობარია?

18 იესოს ესმის, რასაც გრძნობთ. როცა გულგატეხილები ვართ, ძალიან გვჭირდება ისეთი მეგობარი, რომელსაც შეუძლია გაგვიგოს, რადგან თავადაც გამოუცდია მსგავსი რამ. იესო სწორედ ასეთი მეგობარია. მან კარგად იცის, რას ნიშნავს, როცა ძალაგამოცლილი ხარ და სხვების დახმარება გჭირდება. მას ესმის, თუ რა სისუსტეს ვებრძვით და მზად არის, საჭირო დროს დახმარება აღმოგვიჩინოს (ებრ. 4:15, 16). როგორც იესოს არ უთქვამს ანგელოზისგან დახმარების მიღებაზე უარი, ისე ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი იმ დახმარებაზე, რომელსაც იეჰოვა გვიწევს პუბლიკაციების, ვიდეოების, მოხსენებების, უხუცესებისა თუ სხვა მოწიფული და-ძმების მეშვეობით.

19. რა შეგვმატებს ძალას? მოიყვანეთ მაგალითი.

19 იეჰოვასგან მიიღებთ აღმატებულ მშვიდობას. როგორ გვაძლიერებს იეჰოვა? ლოცვის შედეგად ვიღებთ ღვთის მშვიდობას, „რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვა აფორიაქებულ გულსა და გონებას გვიმშვიდებს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა ერთმა დამ, ლუსმა. ის ამბობს: „მარტოობის გრძნობას ვებრძვი. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ, რომ იეჰოვას არ ვუყვარვარ. ასეთ დროს მაშინვე იეჰოვას ვუშლი გულს. ლოცვის დახმარებით ვერევი ნეგატიურ გრძნობებს“. ლუსის მსგავსად, ლოცვის შედეგად ჩვენც დაგვეუფლება სიმშვიდე.

20. რას ვსწავლობთ იმ შემთხვევებიდან, როცა იესო აცრემლდა?

20 მართლაც ბევრის მთქმელი და მანუგეშებელია ის შემთხვევები, როცა იესო აცრემლდა! ამ სტატიამ დაგვანახვა, რომ მხარში უნდა ამოვუდგეთ მგლოვიარე თანაქრისტიანებს და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა და იესო გვანუგეშებენ, თუ საყვარელი ადამიანი გამოგვეცლება ხელიდან. იეჰოვასა და იესოს მსგავსად, გული უნდა შეგვტკიოდეს მათზე, ვისაც ვუქადაგებთ და ვასწავლით. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ჩვენს მოსიყვარულე მამას და მის ძეს კარგად ესმით, რას ვგრძნობთ, რა სისუსტეებს ვებრძვით და სურთ, დაგვეხმარონ. მოდი ვიხელმძღვანელოთ ამ სტატიაში განხილული რჩევებით, ვიდრე იეჰოვა არ შეასრულებს თავის დიდებულ დაპირებას და არ მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხ. 21:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 120 მიჰბაძეთ ქრისტეს და გქონდეთ რბილი ხასიათი

^ ზოგჯერ იესოს ისეთი ძლიერი განცდები ეუფლებოდა, რომ ცრემლებს ვერ იკავებდა. ამ სტატიიდან გავიგებთ, რას ვსწავლობთ იმ სამი შემთხვევიდან, როცა იესო აცრემლდა.

^ ზოგი სახელი შეცვლილია.

^ იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, სტატია „იესო ქრისტე“, ქვესათაური „თანამგრძნობი და გულთბილი“.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თანაგრძნობამ აღძრა იესო, ენუგეშებინა მარიამი და მართა. ჩვენც უნდა ვანუგეშოთ ისინი, ვისაც საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იესო მზად იყო, ღამითაც კი ესაუბრა ნიკოდემესთან. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, შემსწავლელისთვის მოსახერხებელ დროს ჩავატაროთ შესწავლა.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ერთგულების შესანარჩუნებლად იესომ იეჰოვას ძალა სთხოვა. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ განსაცდელების დროს.