ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 2
რას ვსწავლობთ იესოს უმცროსი ძმისგან
„იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა“ (ᲘᲐᲙ. 1:1).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. როგორ ოჯახში გაიზარდა იაკობი?
ᲘᲔᲡᲝᲡ ძმა იაკობი ღრმად მორწმუნე მშობლებმა აღზარდეს. * მისი მშობლები, იოსები და მარიამი, ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. გარდა ამისა, მისი უფროსი ძმა აღთქმული მესია იყო. ოჯახის მხრივ იაკობს ნამდვილად გაუმართლა.
2. რა მხრივ იყო იესო იაკობისთვის სამაგალითო?
2 იაკობს ბევრი მიზეზი ჰქონდა, მიებაძა თავისი უფროსი ძმისთვის (მათ. 13:55). იესო ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა წმინდა წერილების ცოდნით კანონის მცოდნე უხუცესებიც კი გააოცა (ლუკ. 2:46, 47). თუ იაკობი იესოსთან ერთად ეწეოდა სადურგლო საქმეს, მაშინ უფრო ახლოს გაიცნობდა თავის ძმას. ნეითან ნორიც * ამბობდა ხოლმე: „ვის გვერდითაც მუშაობ, მისი კარგად გაცნობის შანსი გეძლევა“. იაკობი იმასაც შეამჩნევდა, როგორ ემატებოდა იესოს „სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკ. 2:52). შესაძლოა ფიქრობთ, რომ იაკობი იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე უნდა გამხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
3. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იაკობს იესოს მიმართ მისი დედამიწაზე მსახურების დროს?
3 იესოს დედამიწაზე მსახურების დროს იაკობი მისი მოწაფე არ გამხდარა (იოან. 7:3—5). მეტიც, შესაძლოა იმ ნათესავებს შორისაც იყო, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იესო ჭკუაზე შეიშალა (მარ. 3:21). როგორც ჩანს, არც თავისი დედის, მარიამის, გვერდით ყოფილა, როცა იესო ძელზე დაკიდეს (იოან. 19:25—27).
4. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
4 მოგვიანებით იაკობმა ირწმუნა იესო და ქრისტიანულ კრებაში ერთ-ერთი დაფასებული უხუცესი გახდა. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რას ვსწავლობთ იაკობისგან: 1) რატომ უნდა ვიყოთ თავმდაბლები? 2) როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?
ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲘᲐᲙᲝᲑᲘᲕᲘᲗ ᲗᲐᲕᲛᲓᲐᲑᲚᲔᲑᲘ
5. როგორ მოიქცა იაკობი მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღმდგარი იესო ეჩვენა?
5 როდის გახდა იაკობი იესოს ერთგული მიმდევარი? მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო „იაკობს ეჩვენა, მერე — ყველა მოციქულს“ (1 კორ. 15:7). ეს შეხვედრა იაკობის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. როცა მოციქულები იერუსალიმში ერთ-ერთი სახლის ზედა ოთახში შეიკრიბნენ, იაკობიც მათ გვერდით იყო და დაპირებულ წმინდა სულს ელოდა (საქ. 1:13, 14). მოგვიანებით მას წილად ხვდა პატივი, პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გამხდარიყო (საქ. 15:6, 13—22; გალ. 2:9). ახ. წ. 62 წლამდე მან ცხებულ ქრისტიანებს ღვთივშთაგონებული წერილი მისწერა. ეს წერილი ჩვენთვისაც საყურადღებოა მიუხედავად იმისა, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე (იაკ. 1:1). პირველი საუკუნის ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, ცნობების თანახმად, იაკობი მღვდელმთავარმა ანანუსმა სიკვდილით დაასჯევინა. ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგული ქრისტიანი იყო.
6. როგორ განსხვავდებოდა იესოსადმი იაკობის დამოკიდებულება რელიგიური წინამძღოლების დამოკიდებულებისგან?
6 იაკობი თავმდაბალი იყო. რატომ ვამბობთ ამას? მოდი გავიგოთ, როგორ განსხვავდებოდა იესოსადმი იაკობის დამოკიდებულება რელიგიური წინამძღოლების დამოკიდებულებისგან. როდესაც ფაქტის წინაშე დადგა, იაკობმა თავმდაბლურად აღიარა, რომ იესო ღვთის ძე იყო. უფროსი მღვდლები კი ასე არ მოქცეულან. ფაქტია, იმას ვერ უარყოფდნენ, რომ იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. მაგრამ მათ არათუ არ აღიარეს, რომ იესო ღვთისგან იყო გამოგზავნილი, არამედ მას და ლაზარეს მოკვლაც კი დაუპირეს (იოან. 11:53; 12:9—11). მოგვიანებით, როცა იესო მკვდრეთით აღდგა, ისინი ცდილობდნენ, ეს ფაქტი მიეჩქმალათ (მათ. 28:11—15). სიამაყის გამო მათ უარყვეს მესია.
7. რატომ არ უნდა მივცეთ გასაქანი სიამაყეს?
7 გაკვეთილი ჩვენთვის: გასაქანი არ მივცეთ სიამაყეს და მზად ვიყოთ სწავლისთვის. როგორც ზოგიერთი დაავადება ამაგრებს სისხლძარღვებს და აფერხებს გულის მუშაობას, ისე სიამაყე აქვავებს ჩვენს სიმბოლურ გულს და უგრძნობს ხდის იეჰოვას მითითებების მიმართ. ფარისევლებმა გული გაიქვავეს და თვალი დახუჭეს იმ ფაქტებზე, რომლებიც ცხადად მიანიშნებდა, რომ იესო ღვთის სულით მოქმედებდა (იოან. 12:37—40). ამით მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს თავიანთი მომავალი (მათ. 23:13, 33). მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვასა და მის სულს ჩვენი პიროვნებისა და აზროვნების ფორმირების საშუალება მივცეთ, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებზეც იმოქმედებს (იაკ. 3:17). თავმდაბლობა დაეხმარა იაკობს, რომ იეჰოვასგან განსწავლულიყო. როგორც მომდევნო აბზაცებიდან დავინახავთ, სწორედ თავმდაბლობის გამო გახდა ის კარგი მასწავლებელი.
ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲐᲙᲝᲑᲡ ᲓᲐ ᲓᲐᲮᲔᲚᲝᲕᲜᲓᲘᲗ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲨᲘ
8. რა დაგვეხმარება, გავხდეთ კარგი მასწავლებლები?
8 იაკობი დიდი წიგნიერებით არ გამოირჩეოდა. რელიგიური წინამძღოლების თვალში ის, ალბათ, მოციქული პეტრესა და იოანეს მსგავსად, ერთი „უსწავლელი და უბრალო“ კაცი იყო (საქ. 4:13). მაგრამ, როგორც მისი წერილიდან ვხედავთ, ის დახელოვნდა სწავლების საქმეში. შესაძლოა არც ჩვენ გამოვირჩევით დიდი განათლებით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას წმინდა სულისა და მისი ორგანიზაციისგან მიღებული მითითებების წყალობით ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ კარგი მასწავლებლები. მოდი განვიხილოთ, რატომ იყო იაკობი კარგი მასწავლებელი და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია მისგან.
9. როგორ ხსნიდა იაკობი საკითხებს?
9 იაკობი მარტივი სიტყვებითა და მსჯელობით ხსნიდა საკითხებს. ამიტომ მისი მსმენელი ადვილად ხვდებოდა, რა და როგორ გაეკეთებინა. მაგალითად, განვიხილოთ, რა მარტივად აუხსნა იაკობმა ქრისტიანებს, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ, ისე აეტანათ უსამართლობა, რომ არ გაბოროტებულიყვნენ. მან დაწერა: „ჩვენ ბედნიერებად ვთვლით მათ, ვინც მოითმინა. თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და იცით, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის, როგორი თანამგრძნობი და როგორი გულმოწყალეა იეჰოვა!“ (იაკ. 5:11). ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იაკობმა მსჯელობა წმინდა წერილებზე ააგო. მან ღვთის სიტყვის მეშვეობით დაანახვა ქრისტიანებს, რომ იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც იობის მსგავსად მისი ერთგულია. ამისთვის იაკობმა მარტივი სიტყვები და ლოგიკა გამოიყენა. ამგვარად მან ყურადღება იეჰოვაზე გადაიტანა და არა საკუთარ თავზე.
10. კიდევ რაში შეგვიძლია მივბაძოთ იაკობს?
10 გაკვეთილი ჩვენთვის: მარტივად ავხსნათ საკითხები და მსჯელობა ღვთის სიტყვაზე დავაფუძნოთ. ჩვენი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ საკუთარი ცოდნით მოვხიბლოთ ვინმე, არამედ ყურადღება გავუმახვილოთ იმაზე, რამდენად ბრძენი და მზრუნველია იეჰოვა (რომ. 11:33). ამას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჩვენს ნათქვამს ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დავაფუძნებთ. მაგალითად, იმას კი არ ვეტყვით ბიბლიის შემსწავლელს, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მის ადგილზე, არამედ დავეხმარებით, თავად იმსჯელოს ბიბლიურ მაგალითებზე და დაინახოს, რას ფიქრობს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხზე. შედეგად, შემსწავლელი იეჰოვას სიყვარულით მოიქცევა სწორად და არა ჩვენი ხათრით.
11. რასთან უწევდა ზოგიერთ ქრისტიანს ჭიდილი და რა ურჩია იაკობმა მათ? (იაკობი 5:13—15).
11 იაკობს არარეალური მოლოდინი არ ჰქონია და-ძმების მიმართ. მისი წერილიდან ნათლად ჩანს, რომ მას კარგად ესმოდა, რასთან უწევდათ მათ ჭიდილი. ამიტომაც მისცა შესაბამისი მითითებები. მაგალითად, ზოგ ქრისტიანს უჭირდა რჩევის გათვალისწინება (იაკ. 1:22). ზოგიც მიკერძოებული იყო მდიდრების მიმართ (იაკ. 2:1—3). ზოგიც ენას ვერ ლაგმავდა (იაკ. 3:8—10). ასეთი სერიოზული ნაკლოვანებების მიუხედავად იაკობს ხელი არ ჩაუქნევია თანაქრისტიანებზე. მან ტაქტიანად, მაგრამ პირდაპირ მისცა რჩევები ქრისტიანებს და სულიერად მოსუსტებულებს მოუწოდა, რომ უხუცესებისთვის ეთხოვათ დახმარება (წაიკითხეთ იაკობის 5:13—15).
12. რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ დადებითი დამოკიდებულება შემსწავლელების მიმართ?
12 გაკვეთილი ჩვენთვის: გვქონდეს რეალური მოლოდინი და დადებითი დამოკიდებულება სხვების მიმართ. ბევრ შემსწავლელს უჭირს ცხოვრებაში ბიბლიური რჩევების გათვალისწინება (იაკ. 4:1—4). მათ დრო სჭირდებათ ცუდი თვისებებისა და ჩვევების მოსაშორებლად და ქრისტიანული თვისებების განსავითარებლად. იაკობის მსგავსად, არც ჩვენ უნდა მოვერიდოთ შემსწავლელებისთვის იმის თქმას, თუ რაში სჭირდებათ გაუმჯობესება. თუ ოპტიმისტური ხედვა გვექნება, დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა მიიზიდავს თავისკენ თავმდაბლებს და მისცემს ძალას საჭირო ცვლილებების მოსახდენად (იაკ. 4:10).
13. რა აღიარა იაკობმა, როგორც ეს იაკობის 3:2-დან ჩანს?
13 იაკობს დიდი წარმოდგენა არ ჰქონია საკუთარ თავზე. მართალია, იაკობი იესოს ძმა იყო და კრებაში საპასუხისმგებლო როლი ეკისრა, მაგრამ არ ფიქრობდა, რომ თანაქრისტიანებზე რაღაცით უპირატესობდა. ის მათ ასე მიმართავდა: „ჩემო საყვარელო ძმებო“ (იაკ. 1:16, 19; 2:5). არც ისე იჭერდა თავს, თითქოს არასდროს არაფერი ეშლებოდა. პირიქით, გულწრფელად აღიარა: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (წაიკითხეთ იაკობის 3:2).
14. რატომ უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომებს ვუშვებთ?
14 გაკვეთილი ჩვენთვის: გვახსოვდეს, რომ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს რაღაცით ვუპირატესობთ შემსწავლელებზე. თუ შემსწავლელს ისეთ წარმოდგენას შევუქმნით, რომ უშეცდომოები ვართ, შეიძლება დაასკვნას, რომ თავად ვერასდროს შეძლებს ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თუ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ზოგჯერ ჩვენც გვიჭირს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება და იმასაც ვეტყვით, როგორ გვეხმარება იეჰოვა, მოვახდინოთ ცვლილებები, შემსწავლელი მიხვდება, რომ თავადაც შეძლებს ღვთის მსახურებას.
15. როგორი მაგალითები მოჰყავდა იაკობს? (იაკობი 3:2—6, 10—12).
15 იაკობს კარგად შერჩეული მაგალითები მოჰყავდა. ეჭვგარეშეა, მას ამაში წმინდა სული ეხმარებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი რამ მან თავისი უფროსი ძმის, იესოს მიერ მოყვანილი მაგალითებიდანაც ისწავლა. იაკობმა თავის წერილში მარტივი მაგალითები მოიყვანა, რომლებიც ადვილად მიახვედრებდა მსმენელს სათქმელს (წაიკითხეთ იაკობის 3:2—6, 10—12).
16. რატომ უნდა მოვიყვანოთ ეფექტური მაგალითები?
16 გაკვეთილი ჩვენთვის: მოვიყვანოთ ეფექტური მაგალითები. როცა სათანადო მაგალითებს ვიყენებთ, მსმენელს ვეხმარებით, მოსმენილი წარმოისახოს და გონებაში გააცოცხლოს. შედეგად, ისინი მარტივად იმახსოვრებენ მნიშვნელოვან აზრებს. იაკობი იესოს ჰბაძავდა, რომელიც ბრწყინვალედ იყენებდა მაგალითებს. მოდი განვიხილოთ იაკობის მიერ მოყვანილი ერთი მაგალითი და ვიმსჯელოთ, რატომ იყო ის ეფექტური.
17. რატომ არის იაკობის 1:22—25-ში მოყვანილი მაგალითი ეფექტური?
17 წაიკითხეთ იაკობის 1:22—25. იაკობის მიერ სარკეზე მოყვანილი მაგალითი მრავალმხრივ არის საინტერესო. იაკობმა კონკრეტული მიზნისთვის მოიყვანა ეს მაგალითი. მას მსმენელისთვის იმის დანახვება სურდა, რომ მხოლოდ ღვთის სიტყვის წაკითხვა არ კმარა, საჭიროა წაკითხულის გამოყენება. ამიტომ შესაფერისი მაგალითიც მოიყვანა, რასაც მსმენელი ადვილად მიხვდებოდა. როგორც სარკეში ყურებას ეკარგება აზრი, თუ არაფერს ვცვლით საკუთარ გარეგნობაში, ისე ღვთის სიტყვის კითხვას ეკარგება აზრი, თუ ვხედავთ, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი, მაგრამ არაფერს ვცვლით.
18. რა უნდა გავითვალისწინოთ მაგალითის მოყვანისას?
18 თუ გვინდა, რომ იაკობს მივბაძოთ, მაგალითების მოყვანისას სამი რამ უნდა გავითვალისწინოთ: 1) მაგალითი უნდა შეესაბამებოდეს განსახილველ აზრს, 2) ადვილი გასაგები უნდა იყოს მსმენელისთვის, 3) ადვილად უნდა მიიყვანოს სწორ დასკვნამდე. თუ გიჭირთ სათანადო მაგალითის მოფიქრება, შეგიძლიათ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. ქვესათაურში „მაგალითები“ მრავალფეროვან მაგალითებს ნახავთ. გვახსოვდეს, რომ როგორც მიკროფონი აძლიერებს ხმას, ისე მაგალითი აძლიერებს ეფექტს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მაგალითები მხოლოდ მთავარ აზრებს დავუკავშიროთ. გვახსოვდეს, სწავლების უნარის დახვეწას იმიტომ არ ვცდილობთ, რომ ყურადღება მივიქციოთ, არამედ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, გახდნენ იეჰოვას ბედნიერი ოჯახის წევრები.
19. როგორ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ჩვენს სულიერ ოჯახს?
19 მართალია, იაკობივით სრულყოფილი უფროსი ძმა არ გვყავს, მაგრამ ყველას გვხვდა პატივი წილად, დიდ სულიერ ოჯახში და-ძმებთან ერთად ვემსახუროთ იეჰოვას. როცა ვურთიერთობთ მათთან, ვსწავლობთ მათგან და მათ მხარდამხარ ვქადაგებთ და ვასწავლით, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს საძმო. თუ ვეცდებით, მივბაძოთ იაკობს, მათ შორის სწავლების საქმეში, პატივს მივაგებთ იეჰოვას და დავეხმარებით გულმართალ ადამიანებს, დაუახლოვდნენ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 114 მოითმინეთ
^ იაკობი და იესო ერთ ოჯახში გაიზარდნენ. ამის წყალობით ის ძალიან კარგად იცნობდა ღვთის სრულყოფილ ძეს. ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია იესოს უმცროსი ძმის და პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ბურჯის, იაკობის, ცხოვრებიდან. აგრეთვე გავიგებთ, როგორი მასწავლებელი იყო ის და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას.
^ მართალია, იაკობი იესოს ნახევარძმა იყო, მაგრამ ამ სტატიაში მას იესოს ძმად მოვიხსენიებთ. როგორც ჩანს, სწორედ მან დაწერა წერილი, რომელიც მის სახელს ატარებს.
^ ნეითან ნორი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო. მან მიწიერი ცხოვრება 1977 წელს დაასრულა.
^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იაკობმა მსმენელისთვის კარგად ნაცნობი პატარა ცეცხლის მაგალითზე დაანახვა მათ, რამდენად საშიშია აულაგმავი ენა.