არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 4

რატომ ვესწრებით ქრისტეს გახსენების საღამოს

რატომ ვესწრებით ქრისტეს გახსენების საღამოს

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ᲚᲣᲙ. 22:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 20 უძვირფასესი ძე გაიღე

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. ა) უფრო მეტად როდის ვფიქრობთ ხოლმე ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებზე? ბ) რა დააწესა იესომ სიკვდილის წინა ღამეს?

 ᲠᲐ ᲓᲠᲝᲪ არ უნდა იყოს გასული ჩვენი ახლობლების გარდაცვალებიდან, არასდროს გვავიწყდებიან ისინი. უფრო მეტად მათი გარდაცვალების დღეს ვფიქრობთ ხოლმე მათზე.

2 ყოველწლიურად მილიონები იკრიბებიან იესო ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად. ჩვენც მათ შორის ვართ, რადგან იესო თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია (1 პეტ. 1:8). ჩვენ ვიხსენებთ მას, ვინც სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან რომ გავეთავისუფლებინეთ (მათ. 20:28). თავად იესოს სურდა, რომ თავის მიმდევრებს მისი სიკვდილი არ დავიწყებოდათ. სიკვდილის წინა ღამეს მან განსაკუთრებული ღონისძიება დააწესა და ასეთი მითითება მისცა თავის მიმდევრებს: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ზეციერი იმედი, ხოლო დანარჩენებს, რომელთა რიცხვიც მილიონებს აღწევს, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ ესწრებიან ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ამ საღამოს ყოველწლიურად. იმაზეც ვისაუბრებთ, რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის მის აღნიშვნას. ჯერ ის გავიგოთ, რატომ ესწრებიან ცხებულები გახსენების საღამოს.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲔᲡᲬᲠᲔᲑᲘᲐᲜ ᲪᲮᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ

4. რატომ იღებენ ცხებულები სიმბოლოებს გახსენების საღამოზე?

4 ცხებულებისთვის ქრისტეს გახსენების საღამო განსაკუთრებული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს იღებენ ისინი სიმბოლოებს, პურსა და ღვინოს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, განვიხილოთ, რა მოხდა იესოს დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს. პასექის აღნიშვნის შემდეგ მან დააწესა ღონისძიება, რომელიც „უფლის გახსენების საღამოს“ სახელით არის ცნობილი. მან პური და ღვინო გადააწოდა თავის 11 ერთგულ მოციქულს და უთხრა, რომ შეეჭამათ და შეესვათ. იესო მათ ორ შეთანხმებაზე ესაუბრა: ახალ შეთანხმებაზე და შეთანხმებაზე სამეფოსთვის * (ლუკ. 22:19, 20, 28—30). ამ ორმა შეთანხმებამ ერთგულ მოციქულებსა და ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრულია, ზეცაში მეფეებად და მღვდლებად მსახურების შესაძლებლობა მისცა (გამოცხ. 5:10; 14:1). გახსენების საღამოზე მხოლოდ დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები იღებენ პურსა და ღვინოს, რადგან ეს ორი შეთანხმება მხოლოდ მათთანაა დადებული.

5. რას აცნობიერებენ ცხებულები?

5 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცხებულები გახსენების საღამოს ესწრებიან, ისაა, რომ ამ დროს საშუალება ეძლევათ, უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ თავიანთ იმედს. იეჰოვამ მათ საოცარი იმედი მისცა. ისინი ზეცაში უხრწნელობასა და უკვდავებას მიიღებენ და განდიდებულ იესო ქრისტესთან და ზეციერი ცხოვრებისთვის აღმდგარ სხვა ცხებულებთან ერთად იმსახურებენ თავად იეჰოვას წინაშე (1 კორ. 15:51—53; 1 იოან. 3:2). ცხებულებს კარგად ესმით, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულნი, მაგრამ ისიც ესმით, რომ ჯილდოს მისაღებად სიცოცხლის ბოლომდე ერთგულები უნდა დარჩნენ (2 ტიმ. 4:7, 8). ზეციერ იმედზე ფიქრი ცხებულებს დიდ სიხარულს ანიჭებს (ტიტ. 2:13). ახლა ვიმსჯელოთ, რატომ ესწრება გახსენების საღამოს „სხვა ცხვარი“ (იოან. 10:16).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲔᲡᲬᲠᲔᲑᲐ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ „ᲡᲮᲕᲐ ᲪᲮᲕᲐᲠᲘ“

6. რატომ ესწრება ყოველწლიურად გახსენების საღამოს „სხვა ცხვარი“?

6 მართალია, „სხვა ცხვარი“ არ იღებს სიმბოლოებს, მაგრამ მაინც ესწრება გახსენების საღამოს. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები პირველად 1938 წელს იყვნენ მიწვეული გახსენების საღამოზე დასასწრებად, რასაც ამავე წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკიც“ ადასტურებს. მასში ეწერა: «სავსებით მართებული და მისაღები იქნება, თუ „სხვა ცხვარიც“ დაესწრება ამ შეხვედრას და თვალს ადევნებს მის მსვლელობას . . . ეს დღე მათთვისაც უნდა იყოს და არის კიდეც სასიხარულო». ქორწილში მიწვეული სტუმრების მსგავსად, რომლებიც ნეფე-პატარძლის სიხარულს იზიარებენ, მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებიც სიხარულით ადევნებენ თვალს ამ საღამოს მსვლელობას.

7. რას შეახსენებს „სხვა ცხვარს“ გახსენების საღამოზე წარმოთქმული მოხსენება?

7 ამ შეხვედრაზე „სხვა ცხვარიც“ უღრმავდება თავის იმედს. ისინი დიდი ინტერესით უსმენენ გახსენების საღამოზე წარმოთქმულ მოხსენებას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად ღვთის ერთგულთა სასიკეთოდ გააკეთებს ათასწლიანი მმართველობის დროს. იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ეს ზეციერი მმართველები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ და ადამიანებს სრულყოფილებას დაუბრუნებენ. გახსენების საღამოზე დამსწრე მილიონობით ადამიანს საშუალება ეძლევა, წარმოიდგინოს, როგორ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი ამაღელვებელი წინასწარმეტყველებები, მაგალითად, ესაიას 35:5, 6; 65:21—23 და გამოცხადების 21:3, 4. როცა საკუთარ თავს საყვარელ ადამიანებთან ერთად ახალ ქვეყნიერებაში წარმოისახავენ, უფრო უმტკიცდებათ მომავლის იმედი და იმის სურვილი, რომ არასდროს შეწყვიტონ იეჰოვას მსახურება (მათ. 24:13; გალ. 6:9).

8. კიდევ რა მიზეზით ესწრება „სხვა ცხვარი“ გახსენების საღამოს?

8 კიდევ რა მიზეზით ესწრება სხვა ცხვარი გახსენების საღამოს? მათ სურთ, თავიანთი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატონ ცხებული ქრისტიანების მიმართ. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რა მჭიდრო კავშირი იარსებებდა ცხებულ ქრისტიანებსა და დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ შორის. ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

9. ზაქარიას 8:23-ის თანახმად, რა დამოკიდებულება აქვს „სხვა ცხვარს“ ცხებულების მიმართ?

9 წაიკითხეთ ზაქარიას 8:23. ეს წინასწარმეტყველება ნათლად ასახავს, თუ რა დამოკიდებულება აქვს „სხვა ცხვარს“ ცხებული ქრისტიანების მიმართ. ამ მუხლში მოხსენიებულ „იუდეველში“ დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები იგულისხმებიან (რომ. 2:28, 29). „ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი“ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს განასახიერებს. ისინი, ასე ვთქვათ, „იუდეველის კალთას“ ეჭიდებიან, ანუ ცხებულების მხარდამხარ განადიდებენ იეჰოვას. მათ სიახლოვეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გახსენების საღამოზე „სხვა ცხვარი“ ცხებულების გვერდითაა.

10. როგორ შეასრულა იეჰოვამ ეზეკიელის 37:15—19, 24, 25-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

10 წაიკითხეთ ეზეკიელის 37:15—19, 24, 25. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იეჰოვამ ცხებულები და „სხვა ცხვარი“ გააერთიანა. წინასწარმეტყველება ეხება ორ ჯოხს. „იუდას ჯოხი“ ზეციერი იმედის მქონეებს განასახიერებს (ისრაელის მეფეები სწორედ იუდას ტომიდან იყვნენ), ხოლო ეფრემის ჯოხი — დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეებს. * იეჰოვა გააერთიანებდა ამ ორ ჯგუფს და ისინი, ასე ვთქვათ, ერთ ჯოხად იქცეოდნენ, ანუ გაერთიანებულად იმსახურებდნენ თავიანთი მეფის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით. ყოველწლიურად ცხებულები და „სხვა ცხვარი“ ერთად ესწრებიან გახსენების საღამოს, როგორც „ერთი სამწყსო“, რომელსაც ერთი მწყემსი ჰყავს (იოან. 10:16).

11. როგორ უდგანან მხარში მათეს 25:31—36, 40-ში მოხსენიებული „ცხვრები“ ქრისტეს ძმებს?

11 წაიკითხეთ მათეს 25:31—36, 40. ამ იგავში მოხსენიებული „ცხვრები“ არიან ბოლო დღეებში მცხოვრები მართალი ადამიანები, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებიან, ერთგულად უდგანან მხარში დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ცხებულ ძმებს და ეხმარებიან უმნიშვნელოვანესი საქმის შესრულებაში, მსოფლიო მასშტაბით ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 24:14; 28:19, 20).

12, 13. როგორ უდგას „სხვა ცხვარი“ მხარში ქრისტეს ცხებულ ძმებს?

12 ყოველწლიურად გახსენების საღამოს წინა პერიოდში „სხვა ცხვარი“ ქრისტეს ძმებთან ერთად მონაწილეობს მსოფლიო კამპანიაში, რომლის მიზანიც გახსენების საღამოზე ხალხის მოწვევაა (იხილეთ ჩარჩო  „როგორ მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის“). ისინი ორგანიზებას უწევენ ამ საღამოს ჩატარებას ყველა კრებაში იმისდა მიუხედავად, ჰყავთ თუ არა ცხებული ქრისტიანები. „სხვა ცხვარი“ ყველაფერში სიხარულით უჭერს მხარს ქრისტეს ძმებს, რადგან ქრისტე პირადად მისთვის გაკეთებულ სიკეთედ თვლის ყველაფერს, რასაც ისინი მისი ცხებული ძმებისთვის აკეთებენ (მათ. 25:37—40).

13 კიდევ რა მიზეზების გამო ვესწრებით გახსენების საღამოს იმისდა მიუხედავად, დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს თუ ზეცაში?

ᲙᲘᲓᲔᲕ ᲠᲐ ᲛᲘᲖᲔᲖᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲕᲔᲡᲬᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡ

14. როგორ გვიჩვენეს იეჰოვამ და იესომ უდიდესი სიყვარული?

14 ჩვენ ვემადლიერებით იეჰოვასა და იესოს გამოვლენილი სიყვარულისთვის. იეჰოვამ მრავალმხრივ გამოავლინა სიყვარული ჩვენ მიმართ, მაგრამ მისი სიყვარულის უდიდესი მტკიცებულება ისაა, რომ თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რათა ჩვენი გულისთვის დატანჯულიყო და მომკვდარიყო (იოან. 3:16). იესომაც უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჩვენ მიმართ, რადგან ნებაყოფლობით გაიღო სიცოცხლე (იოან. 15:13). ჩვენ ვერასდროს გადავუხდით მათ ამ უდიდესი სიყვარულისთვის, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ მადლიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ვაჩვენოთ (კოლ. 3:15). როცა გახსენების საღამოს ვესწრებით, ჩვენ არა მხოლოდ ვიხსენებთ მათ სიყვარულს, არამედ ჩვენი მხრიდანაც გამოვხატავთ.

15. რატომ აფასებენ ცხებულები და „სხვა ცხვარი“ გამოსასყიდს?

15 ყველანი ძალიან ვაფასებთ გამოსასყიდს (მათ. 20:28). ცხებულებისთვის გამოსასყიდი უძვირფასესი ძღვენია, რადგან სწორედ მისი წყალობით ეძლევათ ზეცაში ცხოვრების იმედი. რახან მათ ირწმუნეს, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, იეჰოვამ ისინი მართლებად ჩათვალა და შვილებად მიიღო (რომ. 5:1; 8:15—17, 23). გამოსასყიდს „სხვა ცხვარიც“ აფასებს. მათაც სწამთ, რომ ქრისტეს სისხლს მათი ხსნა შეუძლია. ამიტომ ღვთის თვალში მართლებად ითვლებიან, მისი მსახურების შესაძლებლობა ეძლევათ და „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი აქვთ (გამოცხ. 7:13—15). ცხებულებიცა და „სხვა ცხვარიც“ თავიანთი მადლიერების ნიშნად ყოველწლიურად ესწრებიან გახსენების საღამოს.

16. რა არის გახსენების საღამოზე დასწრების კიდევ ერთი მიზეზი?

16 გახსენების საღამოზე ჩვენი დასწრების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ვემორჩილებით იესოს მითითებას. მივიჩნევთ, რომ ჩვენი იმედის მიუხედავად ყველა უნდა დავემორჩილოთ შემდეგ მითითებას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს გახსენების საღამოს დაწესებისას მისცა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:23, 24).

ᲠᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲔ ᲛᲝᲐᲥᲕᲡ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲖᲔ ᲓᲐᲡᲬᲠᲔᲑᲐᲡ

17. როგორ გვეხმარება გახსენების საღამო იეჰოვასთან დაახლოებაში?

17 უფრო მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას (იაკ. 4:8). როგორც უკვე აღვნიშნეთ, გახსენების საღამოზე დასწრება საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ ჩვენს იმედსა და იმ უდიდეს სიყვარულს, რომელიც იეჰოვამ ჩვენდამი გამოავლინა (იერ. 29:11; 1 იოან. 4:8—10). ამაზე ფიქრი გვიღრმავებს ღვთისადმი სიყვარულს და უფრო მეტად გვაახლოებს მასთან (რომ. 8:38, 39).

18. რის სტიმულს გვაძლევს იესოს მაგალითზე ფიქრი?

18 უფრო მეტად გვიჩნდება იესოს მიბაძვის სურვილი (1 პეტ. 2:21). გახსენების საღამოს წინა პერიოდში ჩვენ ვკითხულობთ იმ ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებიც მოგვითხრობს დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელ კვირაში მომხდარ მოვლენებზე, მათ შორის მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. გახსენების საღამოზე წარმოთქმული მოხსენება შეგვახსენებს, თუ რამხელა სიყვარული გამოავლინა იესომ ჩვენდამი (ეფეს. 5:2; 1 იოან. 3:16). როცა ვკითხულობთ და ღრმად ვფიქრობთ იესოს თავგანწირვის მაგალითზე, მეტი სტიმული გვეძლევა, ისე ვიცხოვროთ, „როგორც ის ცხოვრობდა“ (1 იოან. 2:6).

19. რა შემთხვევაში ჩავითვლებით ღვთის სიყვარულის ღირსად?

19 უფრო მეტად ვართ მოწადინებული, რომ ყოველთვის ღვთის სიყვარულის ღირსად ჩავითვალოთ (იუდ. 20, 21). ღვთის სიყვარულის ღირსად მაშინ ჩავითვლებით, თუ ყველანაირად ვეცდებით, დავემორჩილოთ მას, განვწმინდოთ მისი სახელი და გული გავუხაროთ (იგავ. 27:11; მათ. 6:9; 1 იოან. 5:3). გახსენების საღამოზე დასწრება სტიმულს გვაძლევს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით დავუმტკიცოთ იეჰოვას, რომ გვსურს, მარადიულად მისი სიყვარულის ღირსი ვიყოთ.

20. რა საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს გახსენების საღამოზე დასასწრებად?

20 როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეთ, არაერთი საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, დავესწროთ გახსენების საღამოს. ყოველწლიურად ამ ღონისძიებაზე ვიხსენებთ იესო ქრისტეს, რომელიც ძალიან გვიყვარს, და მის მსხვერპლს. ვიხსენებთ იმ უდიდეს სიყვარულსაც, რომელიც იეჰოვამ გამოავლინა ჩვენდამი, როცა თავისი ძე ჩვენ გამოსასყიდად გაიღო. წელს გახსენების საღამო ჩატარდება პარასკევს, 15 აპრილს. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და მისი ძე, ამიტომ ამ დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახსენების საღამოზე დასწრება იქნება.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

^ ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ჩვენ ყოველწლიურად მოუთმენლად ველით იესო ქრისტეს გახსენების საღამოს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა ბიბლიური საფუძველი გვაქვს, რომ დავესწროთ ამ ღონისძიებას და რით არის ეს ჩვენთვის სასიკეთო.

^ დამატებითი ინფორმაცია ეზეკიელის 37-ე თავში ჩაწერილ ამ წინასწარმეტყველებაზე იხილეთ წიგნში „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“, გვ. 130—135, აბზ. 3—17.