Სასწავლო Სტატია 1
ეჭვი ნუ შეგეპარებათ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში
2023 ᲬᲚᲘᲡ ᲛᲣᲮᲚᲘ: „შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 119:160).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 96 ღვთის წიგნი საუნჯეა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რატომ არ ენდობა დღეს ბევრი ბიბლიას?
ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚ საზოგადოებას დაკარგული აქვს ნდობა, რადგან არ იცის, ვის ენდოს. ხალხს ეჭვი ეპარება, საერთოდ აღელვებთ თუ არა მათი მდგომარეობა პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს. მათ რელიგიური წინამძღოლების მიმართაც დაეკარგათ ნდობა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ხალხი სკეპტიკურადაა განწყობილი ბიბლიის მიმართ.
2. ფსალმუნის 119:160-ის თანახმად, რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
2 ჩვენ, ვინც იეჰოვას ვემსახურებით, გვჯერა, რომ ის ჭეშმარიტების ღმერთია და ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო სურს (ფსალმ. 31:5; ეს. 48:17). არც ღვთის სიტყვის სანდოობაში გვეპარება ეჭვი, რადგან ვიცით, რომ მისი „არსი ჭეშმარიტებაა“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:160). ჩვენც ვიზიარებთ ერთი ბიბლეისტის აზრს: „ღვთის სიტყვა ყოველთვის სრულდება და მასში სიცრუის მარცვალსაც ვერ ნახავთ. რახან ღვთის ხალხს სწამს ღმერთის, მისი ნათქვამიც სჯერათ“.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, ნდობით განიმსჭვალონ ღვთის სიტყვის მიმართ? შეგვიძლია მათ სამ მხარეზე გავუმახვილოთ ყურადღება: 1) ბიბლიურმა ცნობამ ჩვენამდე უცვლელად მოაღწია; 2) მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები შესრულდა და 3) მისი წყალობით ბევრმა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲛᲐ ᲪᲜᲝᲑᲐᲛ ᲩᲕᲔᲜᲐᲛᲓᲔ ᲣᲪᲕᲚᲔᲚᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ ᲛᲝᲐᲦᲬᲘᲐ
4. რატომ შეაქვს დღეს ბევრს ეჭვი ბიბლიის უტყუარობაში?
4 ბიბლია ღმერთმა დაახლოებით 40 მამაკაცს დააწერინა. მათი ხელნაწერები კარგა ხანია განადგურდა. ჩვენ მხოლოდ ამ ხელნაწერების ასლების ასლებს ვფლობთ. ამიტომ დღეს ბევრს აფიქრებს, მოაღწია კი ჩვენამდე ბიბლიურმა ცნობამ უცვლელად. თუ დაფიქრებულხართ, რა გვარწმუნებს ამაში?
5. როგორ კეთდებოდა ებრაული წერილების ასლები? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
5 იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი სიტყვა შემონახულიყო. ამიტომ მან ისრაელის მეფეებს უბრძანა, რომ მისი კანონი გადაეწერათ, ლევიანებს კი ხალხისთვის ამ კანონის განმარტება დაავალა (კან. 17:18; 31:24—26; ნეემ. 8:7). ისრაელების ბაბილონში გადასახლების შემდეგ დახელოვნებულმა გადამწერებმა მასობრივად დაიწყეს ებრაული წერილების ასლების გაკეთება (ეზრ. 7:6). ეს გადამწერები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ისინი არა მარტო სიტყვებს ითვლიდნენ, არამედ ასოებსაც, რათა შეცდომა არ გაჰპაროდათ. თუმცა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ასლების გაკეთებისას პატარ-პატარა შეცდომები მაინც გაიპარა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასლების სიმრავლის წყალობით შეცდომების აღმოჩენა არ იყო რთული. რატომ ვამბობთ ამას?
6. როგორ ხდება გადამწერთა შეცდომების აღმოჩენა?
6 თანამედროვე ბიბლეისტებს მარტივად შეუძლიათ აღმოაჩინონ შეცდომები ბიბლიის ხელნაწერების ასლებში. წარმოიდგინეთ, რომ ას კაცს რაიმე ტექსტის ხელით გადაწერა სთხოვეთ. ერთ-ერთმა შეიძლება გადაწერის დროს შეცდომა დაუშვას. მაგრამ შეცდომას ადვილად აღმოაჩენთ, თუ მის ასლს სხვა ასლებს შეადარებთ. მსგავსადვე, ბიბლეისტები ერთმანეთს ადარებენ ბიბლიის ხელნაწერთა ასლებს, რათა აღმოაჩინონ, სად დაუშვა გადამწერმა შეცდომა ან რა გამორჩა.
7. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ გადამწერები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს?
7 ბიბლიის ხელნაწერთა გადამწერები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტი: ებრაული წერილების უძველესი სრული ხელნაწერი, რომელსაც „ლენინგრადის კოდექსს“ უწოდებენ, ახ. წ. 1008-1009 წლებით თარიღდება. ბოლო წლებში აღმოჩენილ იქნა ლენინგრადის კოდექსზე დაახლოებით 1 000 წლით უფრო ძველი ხელნაწერები და ხელნაწერთა ფრაგმენტები. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამ 1 000-წლიან შუალედში ამდენი ასლების გაკეთების შედეგად, ლენინგრადის კოდექსსა და უფრო ძველ ხელნაწერებს შორის დიდი ცდომილება იქნება. გაგიკვირდებათ და ეს ასე არ არის. როდესაც ბიბლეისტებმა უძველესი ხელნაწერები შედარებით ახალ ხელნაწერებს შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ განსხვავება მხოლოდ სიტყვიერ ფორმულირებაში იყო, რასაც არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია ტექსტის შინაარსზე.
8. რა განსხვავებაა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ხელნაწერებსა და იმავე პერიოდში შესრულებულ ბერძნულ ნაშრომებს შორის?
8 პირველმა ქრისტიანებმაც გააგრძელეს გადაწერის ტრადიცია. ისინი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ბერძნული წერილების 27-ვე წიგნის გადაწერას. ქრისტიანები ამ ხელნაწერებს თავიანთი შეხვედრებისა და ქადაგების დროს იყენებდნენ. ერთმა სწავლულმა ასეთი რამ თქვა მას შემდეგ, რაც ბერძნული წერილების ხელნაწერები შეადარა იმავე პერიოდში შესრულებულ ბერძნულ ნაშრომებს: „როგორც წესი, ბერძნული წერილების ასლები გაცილებით მეტი და თანაც სრულია“. ერთ წიგნში, რომელიც „ახალ აღთქმას“ ეხება, ნათქვამია: „როცა მკითხველი ბერძნული წერილების თანამედროვე, ავტორიტეტულ თარგმანს კითხულობს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ არსებითად იმას ეცნობა, რაც ანტიკურ ხანაში დაიწერა“.
9. ესაიას 40:8-ის თანახმად, რა სიტყვები მართლდება ბიბლიაზე?
9 საუკუნეების განმავლობაში მრავალი გადამწერის თავდაუზოგავ შრომას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელი სახით მოაღწია. b აშკარაა, იეჰოვამ იზრუნა, რომ თავისი სიტყვა კაცობრიობისთვის უცვლელად შემოენახა (წაიკითხეთ ესაიას 40:8). თუმცა ვინმე შეიძლება შემოგვედავოს და გვითხრას: „ეს ფაქტი სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა“. მოდი ახლა ვიმსჯელოთ, თუ რა ადასტურებს იმას, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული.
ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲡᲐᲜᲓᲝᲐ
10. რომელი წინასწარმეტყველება ადასტურებს 2 პეტრეს 1:21-ში ჩაწერილის ჭეშმარიტებას? (იხილეთ სურათები).
10 ბიბლიაში მრავალ წინასწარმეტყველებას ვხვდებით, რომელთაგან ზოგიერთი შესრულებამდე ასობით წლით ადრე ჩაიწერა. ამ წინასწარმეტყველებების შესრულება ისტორიულად დასტურდება. ეს არც გვიკვირს, რადგან ყველა ამ წინასწარმეტყველების ავტორი იეჰოვაა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:21). მაგალითად განვიხილოთ წინასწარმეტყველება, რომელიც ქალაქ ბაბილონის დაცემას უკავშირდება. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ესაიამ ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ ძლევამოსილ ქალაქ ბაბილონს დაიპყრობდნენ. მან დამპყრობლის სახელი, კიროსიც, დაასახელა და ქალაქის დაცემის დეტალებიც აღწერა (ეს. 44:27—45:2). საბოლოოდ, ესაიამ ბაბილონს სრული გაპარტახება უწინასწარმეტყველა (ეს. 13:19, 20). მოვლენები დაწერილის მიხედვით განვითარდა. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი მიდია-სპარსეთმა დაიპყრო; დღეს ამ დიდებული ქალაქის ადგილას მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი (წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ ელექტრონულ ვერსიაში მე-3 გაკვეთილის მე-5 პუნქტში იხილეთ ვიდეო „ბიბლია წინასწარმეტყველებს ბაბილონის დაცემის შესახებ“).
11. როგორ სრულდება დანიელის 2:41—43-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება დღეს?
11 ბიბლიური წინასწარმეტყველებები მხოლოდ წარსულს არ ეხება. ზოგიერთი მათგანი დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება. ამის მაგალითია დანიელის ამაღელვებელი წინასწარმეტყველება ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის გამოჩენის შესახებ (წაიკითხეთ დანიელის 2:41—43). ამ წინასწარმეტყველებაში ნათლად იყო ნათქვამი, რომ ეს იმპერია ნაწილობრივ რკინასავით მტკიცე იქნებოდა და ნაწილობრივ თიხასავით მყიფე. ყველაფერი სწორედ ისე ხდება, როგორც დაწერილი იყო. ბრიტანეთმა და ამერიკამ რკინისებრი სიმტკიცის წყალობით ორივე მსოფლიო ომი მოიგეს; ისინი დღემდე წამყვან სამხედრო ძალას ფლობენ. მეორე მხრივ, ამ ქვეყნების მოქალაქეები სამოქალაქო უფლებებისთვის წარმოებული კამპანიების, მასობრივი პროტესტებისა თუ პროფკავშირების მეშვეობით ასუსტებენ ამ იმპერიის ძალაუფლებას. ერთმა პოლიტოლოგმა მართებულად აღნიშნა: „თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის არცერთი არ არის პოლიტიკურად ისე დანაწევრებული, როგორც შეერთებული შტატები“. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალში საცემია ის არასტაბილურობა, რაც ევროკავშირიდან მისმა გასვლამ გამოიწვია. ეს ყველაფერი გასაქანს არ აძლევს ამ იმპერიას, რომ ბოლომდე გაატაროს თავისი პოლიტიკა.
12. რაში გვარწმუნებს ბიბლიური წინასწარმეტყველებები?
12 შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები იმის რწმენას გვიმტკიცებს, რომ ღვთის დაპირებები მომავალში აუცილებლად შესრულდება. კარგად გვესმის ფსალმუნმომღერლის, რომელიც ლოცვაში ღმერთს ეუბნებოდა: „მოუთმენლად ველი, როდის მიხსნი, რადგან შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული“ (ფსალმ. 119:81). იეჰოვამ თავისი სიტყვის, ბიბლიის, წყალობით მომავლის უტყუარი იმედი მოგვცა (იერ. 29:11). ჩვენ ადამიანებზე კი არა, ღმერთზე ვამყარებთ იმედს. ასე რომ, მოდი გულდასმით ვიკვლიოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები და განვიმტკიცოთ ღვთის სიტყვისადმი ნდობა.
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲛ ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲨᲔᲪᲕᲐᲚᲐ
13. ფსალმუნის 119:66, 138-ის თანახმად, კიდევ რა ადასტურებს ბიბლიის სანდოობას?
13 კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ვენდოთ ბიბლიას, ის სასიკეთო შედეგებია, რაც მასში ჩაწერილის გამოყენებას მოაქვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:66, 138). მაგალითად, ბიბლიამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას და მეუღლეები ერთმანეთს დააახლოვა. შესაბამისად, მათი შვილები მოსიყვარულე და მშვიდ გარემოში იზრდებიან (ეფეს. 5:22—29).
14. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ცვლის ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას უკეთესობისკენ.
14 ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები საშიშ დამნაშავეებსაც დაეხმარა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. განვიხილოთ ერთი პატიმრის, ჯეკის, მაგალითი. c მას, როგორც თავზე ხელაღებულ დამნაშავეს, სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. ერთხელ ჯეკი ბიბლიის შესწავლას დაესწრო. მასზე ძალიან იმოქმედა ძმების სიკეთემ და თავადაც მოინდომა შესწავლა. მან ბიბლიიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო, რაც დადებითად აისახა მის საქციელსა და თვისებებზე. ის მაუწყებელი გახდა და ბოლოს მოინათლა კიდეც. ჯეკი მთელი მონდომებით უქადაგებდა სხვა პატიმრებს ღვთის სამეფოს შესახებ და, სულ მცირე, ოთხს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. როცა განაჩენის აღსრულების დღე დადგა, ჯეკი უკვე სულ სხვა ადამიანი იყო. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ასეთი რამ თქვა: „ჯეკი ის ადამიანი აღარ არის, ვინც 20 წლის წინ გავიცანი. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკი სიკვდილით დასაჯეს, მისი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიბლია სანდოა და მას შეუძლია ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს (ეს. 11:6—9).
15. რა გავლენას ახდენს ბიბლიიდან ნასწავლი იეჰოვას ხალხზე? (იხილეთ სურათი).
15 ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენება იეჰოვას ხალხს აერთიანებს (იოან. 13:35; 1 კორ. 1:10). ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკურად, ეთნიკურად და სოციალურად დაყოფილი ქვეყნიერების ფონზე. ღვთის ხალხის ერთობამ დიდი გავლენა მოახდინა ერთ აფრიკელ ახალგაზრდაზე, ჟანზე. როცა მის ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ისიც ჩაება ბრძოლაში, მაგრამ მოგვიანებით მეზობელ ქვეყანაში მოუწია გაქცევა, სადაც იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. ჟანი ამბობს: „გავიგე, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს ერთსულოვნება აქვთ; ისინი პოლიტიკაში არ ერევიან და უყვართ ერთმანეთი. თავის დროზე ჩემს სამშობლოს მივუძღვენი თავი, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შემდეგ გადავწყვიტე, მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის მემსახურა“. ჟანი რადიკალურად შეიცვალა. ადრე თუ მათ ებრძოდა, ვინც მისგან განსხვავებული იყო, ახლა განურჩევლად ყველას უქადაგებს ბიბლიურ ცნობას, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. ის ფაქტი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ყველა ეროვნების ხალხზე ახდენს გავლენას, კიდევ ერთი მტკიცებულებაა, თუ რატომ იმსახურებს ღვთის სიტყვა ჩვენს ნდობას.
ᲔᲭᲕᲘ ᲜᲣ ᲨᲔᲒᲔᲞᲐᲠᲔᲑᲐᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲐᲨᲘ
16. რატომ უნდა განვიმტკიცოთ ნდობა ღვთის სიტყვისადმი?
16 მსოფლიო მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ამიტომ კიდევ უფრო რთული გახდება ღვთის სიტყვისადმი ნდობის შენარჩუნება. ქვეყნიერება უფრო მეტად შეეცდება, დაგვაეჭვოს, რამდენად სანდოა ბიბლია და არის თუ არა „ერთგული და გონიერი მონა“ ჩვენთვის ხელმძღვანელობის გასაწევად იეჰოვასგან დანიშნული. თუ ეჭვი არ გვეპარება ღვთის სიტყვის სანდოობაში, მსგავსი თავდასხმები რწმენას ვერ შეგვირყევს. ჩვენ ისეთივე განწყობა გვექნება, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა, რომელიც იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე“ (ფსალმ. 119:112). ფსალმუნმომღერლის მსგავსად არც ჩვენ შევრცხვებით, თუ ხალხს ჭეშმარიტებას ვასწავლით და მოსმენილის გამოყენებაში დავეხმარებით (ფსალმ. 119:46). ასეთ შემთხვევაში „მოთმინებითა და სიხარულით“ ავიტანთ ყველაფერს, მათ შორის დევნას (კოლ. 1:11; ფსალმ. 119:143, 157).
17. რას შეგვახსენებს წლის მუხლი?
17 ძალიან ვემადლიერებით იეჰოვას იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გაგვაგებინა. ჭეშმარიტება აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას და გვეხმარება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და სწორად წარვმართოთ ჩვენი ნაბიჯები ამ ქაოსურ ქვეყნიერებაში. ჭეშმარიტების ცოდნა იმედს გვისახავს, რომ მომავალში ღვთის სამეფო უკეთესობისკენ შეცვლის ყველაფერს. დაე 2023 წლის მუხლი ყველას დაგვეხმაროს, ეჭვი არასდროს შევიტანოთ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში! (ფსალმ. 119:160).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 94 მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის
a 2023 წლისთვის შემდეგი რწმენის განმამტკიცებელი მუხლი შეირჩა: „შენი სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმ. 119:160). ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ სიტყვების უტყუარობაში. თუმცა ჩვენგან განსხვავებით დღეს ბევრს ეჭვი შეაქვს ბიბლიის სანდოობაში და მიაჩნია, რომ მასში ჩაწერილი რჩევები არაპრაქტიკულია. ამ სტატიაში განვიხილავთ სამ მტკიცებულებას, რაც დაგვეხმარება, დავარწმუნოთ გულწრფელი ადამიანები ბიბლიისა და მასში ჩაწერილი რჩევების სანდოობაში.
b მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე, ეწვიეთ ვებგვერდს jw.org და საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „ისტორიული ფაქტები და ბიბლია“.
c ზოგი სახელი შეცვლილია.