გამოიკვლიეთ ბიბლია მეტი ხალისითა და ინტერესით
იესო ნავეს ძე დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგას. მან ისრაელი ერი აღთქმულ მიწაზე უნდა შეიყვანოს, რისთვისაც დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. თუმცა იეჰოვა არწმუნებს, რომ წარმატებას მიაღწევს, და ამხნევებს: „მოიკრიბე გამბედაობა [და] გამაგრდი . . . შეასრულე მთელი კანონი . . . იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:7, 8).
ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ჩვენც გვიწევს დიდი დაბრკოლებების გადალახვა (2 ტიმ. 3:1). ჩვენც მივაღწევთ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას რჩევას, რომელიც მან იესო ნავეს ძეს მისცა. რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია, დავფიქრდეთ მასში ჩაწერილ პრინციპებზე და განსაცდელების დროს გამოვიყენოთ.
მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება თქვას, რომ არც ისე ბეჯითი მოსწავლეა და სწავლა მაინცდამაინც არ უადვილდება. ვინაიდან ბიბლიის გამოკვლევა ასე მნიშვნელოვანია, თანდართულ ჩარჩოში „ ეცადეთ, ასე მოიქცეთ“ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, მეტი ინტერესითა და ხალისით იკითხოთ ბიბლია.
ფსალმუნმომღერალი წერდა: „შენი მცნებების ბილიკებზე მატარე, რადგან ეს მსიამოვნებს“ (ფსალმ. 119:35). ღვთის სიტყვაზე ფიქრი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ სულიერი საგანძურის ძიებას დაიწყებთ, დიდძალ ძვირფასეულობას აღმოაჩენთ.
მიუხედავად იმისა, რომ იესო ნავეს ძისგან განსხვავებით ერის წინამძღოლობა არ გავალიათ, სირთულეების გადალახვა თქვენც გიწევთ. ასე რომ, მიჰბაძეთ იესო ნავეს ძეს, გამოიკვლიეთ ბიბლია და დაფიქრდით, რაში დაგეხმარებათ ნასწავლი. თუ ასე მოიქცევით, თქვენც წარმატებული იქნებით და ბრძნულად იმოქმედებთ.