არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 30

იარეთ ჭეშმარიტების გზაზე

იარეთ ჭეშმარიტების გზაზე

„არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

სიმღერა 54 „ეს არის გზა“

მოკლე შინაარსი *

1. მესამე იოანეს 3, 4-დან გამომდინარე, რა გვანიჭებს სიხარულს?

წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მოციქულ იოანეს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმარა, კვლავაც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. ეს და-ძმები ბევრ პრობლემას შეხვდნენ, იოანე კი თავდაუზოგავად ცდილობდა, ამ ერთგული ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სულიერ შვილებად თვლიდა, რწმენა განემტკიცებინა. ჩვენც გვახარებს, როცა ჩვენი ხორციელი თუ სულიერი შვილები თავს უძღვნიან იეჰოვას და ერთგულად ემსახურებიან მას (წაიკითხეთ 3 იოანეს 3, 4).

2. რა მიზნით დაწერა მოციქულმა იოანემ წერილები?

2 ახ. წ. 98 წელს მოციქული იოანე, როგორც ჩანს, ეფესოში ან მის მახლობლად ცხოვრობდა. სავარაუდოდ, იქ მას შემდეგ დასახლდა, რაც კუნძულ პატმოსზე მოიხადა სასჯელი. დაახლოებით იმ პერიოდში დაწერა ღვთის წმინდა სულით სამი წერილი. ამ წერილებით მას სურდა, წაეხალისებინა ერთგული ქრისტიანები, იესოს მიმართ რწმენა არ დაეკარგათ და კვლავაც ჭეშმარიტების გზით ევლოთ.

3. რა კითხვებს გავცემთ პასუხს?

3 იოანე, ცოცხლად დარჩენილი უკანასკნელი მოციქული, ძალიან წუხდა იმ უარყოფითი გავლენის გამო, რომელსაც ცრუ მასწავლებლები ახდენდნენ კრებებზე * (1 იოან. 2:18, 19, 26). ამ განდგომილებს იმის პრეტენზია ჰქონდათ, რომ ღმერთს იცნობდნენ, თუმცა იეჰოვას მცნებებს არ იცავდნენ. მოდი ახლა ვიმსჯელოთ, რა ღვთივშთაგონებული რჩევა მისცა იოანემ ქრისტიანებს და ვუპასუხოთ სამ შეკითხვას: რას ნიშნავს ჭეშმარიტების გზით სიარული? რა დაბრკოლებებს შეიძლება წავაწყდეთ? და როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს ჭეშმარიტების გზაზე დარჩენაში?

რას ნიშნავს ჭეშმარიტების გზით სიარული?

4. პირველი იოანეს 2:3—6-სა და მეორე იოანეს 4, 6-ის თანახმად, რას ნიშნავს ჭეშმარიტების გზით სიარული?

4 ჭეშმარიტების გზით რომ ვიაროთ, უნდა გვესმოდეს ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება და ვიცავდეთ იეჰოვას მცნებებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:3—6; 2 იოანეს 4, 6). იესო იყო იმის სრულყოფილი მაგალითი, თუ რას ნიშნავს იეჰოვას მორჩილება. ასე რომ, თუ გვინდა, ჩვენც იეჰოვას დავემორჩილოთ, ზედმიწევნით უნდა მივყვეთ იესოს მაგალითს (იოან. 8:29; 1 პეტ. 2:21).

5. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?

5 ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია, და ის, რასაც თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვეუბნება, სიმართლეა. არც იმაში უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ იესო აღთქმული მესიაა. დღეს ბევრს არ სჯერა, რომ იესო ღვთის სამეფოს მეფეა. იოანე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ბევრი მატყუარა შეცდომაში შეიყვანდა მათ, ვისაც კარგად არ ესმოდა იეჰოვასა და იესოს შესახებ ჭეშმარიტება (2 იოან. 7—11). იოანე წერდა: „ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე?“ (1 იოან. 2:22). თუ გვინდა, რომ არ მოვტყუვდეთ, უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა. მხოლოდ ასე გავეცნობით იეჰოვასა და იესოს (იოან. 17:3). და მხოლოდ მაშინ დავრწმუნდებით, რომ ჭეშმარიტების გზაზე ვართ.

რა დაბრკოლებებს შეიძლება წავაწყდეთ?

6. რა დაბრკოლებას შეხვდა ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი?

6 თითოეული ქრისტიანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავებათ ადამიანური ფილოსოფიის მახეში (1 იოან. 2:26). სიფრთხილე განსაკუთრებით ახალგაზრდა ქრისტიანებს მართებთ. 25 წლის ფრანგი და, ალექსია * ამბობს: „სკოლაში თავგზა ამიბნია ქვეყნიურმა შეხედულებებმა, მათ შორის ევოლუციის თეორიამ და ფილოსოფიამ. ზოგჯერ მოსმენილი ლოგიკურიც კი მეჩვენებოდა. თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ მხოლოდ სკოლაში ნასწავლის საფუძველზე კი არ უნდა გამეკეთებინა დასკვნები, არამედ იეჰოვასთვისაც უნდა მომესმინა“. ალექსიამ გამოიკვლია წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“. რამდენიმე კვირაში მისი ეჭვები უკვალოდ გაქრა. ის დასძენს: „დავრწმუნდი, რომ ბიბლიაში ჭეშმარიტება წერია. გავაცნობიერე ისიც, რომ ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრება სიხარულსა და მშვიდობას მომიტანდა“.

7. რას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

7 თითოეული ქრისტიანი, დიდი თუ პატარა, ფრთხილად უნდა იყოს, რომ ორმაგი სტანდარტით არ დაიწყოს ცხოვრება. იოანემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტების გზაზეც ვიდგეთ და იმავდროულად უზნეო ცხოვრებას ვეწეოდეთ (1 იოან. 1:6). თუ გვინდა, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა არასდროს დავკარგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მის თვალს არაფერი გამოეპარება. როგორც ასეთი, ფარული ცოდვა არ არსებობს, რადგან ღმერთი ჩვენს ყოველ ქმედებას ხედავს (ებრ. 4:13).

8. რა უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი?

8 ჩვენ არ უნდა გავიზიაროთ ქვეყნიერების შეხედულება ცოდვაზე. მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვამბობთ, რომ უცოდველები ვართ, თავს ვიტყუებთ“ (1 იოან. 1:8). პირველ საუკუნეში განდგომილები ირწმუნებოდნენ, რომ მაშინაც კი, თუ ადამიანი შეგნებულად სცოდავდა, ღმერთთან ურთიერთობა არ უფუჭდებოდა. ფაქტია, დღესაც ბევრი ფიქრობს ასე. ისინიც კი, ვისაც თავი მორწმუნედ მოაქვს, არ იზიარებენ ღვთის შეხედულებას ცოდვაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სქესობრივ ცხოვრებას ეხება. იმას, რასაც ღმერთი ცოდვად თვლის, ისინი პირადი არჩევანის საკითხად და არატრადიციული ცხოვრების წესად მიიჩნევენ.

ახალგაზრდებო, რწმენა განიმტკიცეთ სწორისა და არასწორის შესახებ ბიბლიური შეხედულების მიმართ და ამგვარად დაიცავით საკუთარი მრწამსი (იხილეთ აბზაცი 9). *

9. რაში წაადგებათ ახალგაზრდებს ბიბლიური შეხედულებების ერთგულება?

9 ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები ხვდებიან ისეთ გარემოში, სადაც ადვილად შეიძლება მოექცნენ კლასელებისა თუ თანამშრომლების გავლენაში და შეიცვალონ შეხედულება ზნეობრივ საკითხებზე. ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ალექსანდარი. ის გვიყვება: „სკოლაში ზოგი გოგო სექსს მთავაზობდა. მეუბნებოდნენ, რახან მეგობარი გოგო არ გყავს, ესე იგი გეი ხარო“. თუ თქვენც მსგავს საცდურს ხვდებით, გახსოვდეთ, რომ, როცა თქვენი მრწამსის ერთგული რჩებით, პირადი ღირსების გრძნობასაც ინარჩუნებთ, ჯანმრთელობასაც უფრთხილდებით, ემოციური ტკივილისგანაც დაცული ხართ და იეჰოვასთანაც არ გიფუჭდებათ ურთიერთობა. ისიც გახსოვდეთ, რომ ყოველი მორიგი ცდუნების დაძლევა მომავალში სწორად მოქცევას უფრო გაგიადვილებთ. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სექსზე შექმნილი დამახინჯებული შეხედულება სინამდვილეში სატანისგან მომდინარეობს. ასე რომ, თუ სატანის ანკესს არ წამოეგებით, შეიძლება ითქვას, რომ „ბოროტს სძლევთ“ (1 იოან. 2:14).

10. როგორ გვეხმარება 1 იოანეს 1:9, სუფთა სინდისით ვემსახუროთ იეჰოვას?

10 ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ იეჰოვას აქვს უფლება, განსაზღვროს, რა არის ცოდვა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, არ ჩავიდინოთ ცოდვა. მაგრამ, თუ მაინც შევცოდავთ, შეგვიძლია ლოცვით მივმართოთ ღმერთს და ვაღიაროთ დანაშაული (წაიკითხეთ 1 იოანეს 1:9). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში დახმარებისთვის უხუცესებს უნდა მივმართოთ, რომლებსაც იეჰოვამ ჩვენზე ზრუნვა დაავალა (იაკ. 5:14—16). ამის შემდეგ მიზეზი აღარ გვექნება, თავი დავიდანაშაულოთ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ჩვენმა მოსიყვარულე მამამ საკუთარი ძე გაიღო მსხვერპლად, ჩვენთვის ცოდვები რომ მიეტევებინა. როცა იეჰოვა ამბობს, რომ პატიობს გულწრფელად მომნანიებელს, სრული საფუძველი გვაქვს, ვენდოთ ამ სიტყვებს. ასე რომ, ხელს ვერაფერი შეგვიშლის, სუფთა სინდისით ვემსახუროთ იეჰოვას (1 იოან. 2:1, 2, 12; 3:19, 20).

11. როგორ დავიცვათ თავი ჩვენი რწმენისთვის საზიანო პროპაგანდისგან?

11 ჩვენ უნდა უარვყოთ განდგომილთა სწავლებები. ქრისტიანული კრების დაარსებიდან ეშმაკმა არაერთხელ სცადა, მატყუარების მეშვეობით ღვთის ერთგული მსახურებისთვის ეჭვები აღეძრა. ამიტომ სიმართლის სიცრუისგან გარჩევა უნდა შეგვეძლოს. * ჩვენი მოწინააღმდეგეები ინტერნეტისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობენ, იეჰოვასადმი ნდობა შეგვირყიონ და თანამორწმუნეების მიმართ სიყვარული გაგვინელონ. ნუ დაივიწყებთ, რომ ამ პროპაგანდის უკან სატანა დგას. ამიტომ თავი დაიცავით მისი სიცრუისგან! (1 იოან. 4:1, 6; გამოცხ. 12:9).

12. რატომ უნდა გავიღრმაოთ რწმენა ჭეშმარიტების მიმართ?

12 სატანის მახეში რომ არ გავებათ, ნდობა უნდა გავიღრმაოთ იესოს მიმართ და კარგად გვესმოდეს, რა როლი აკისრია მას ღვთის განზრახვის შესრულებაში. გარდა ამისა, უნდა ვენდობოდეთ „ერთგულ და გონიერ მონას“, რომელსაც იეჰოვამ თავისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დაავალა (მათ. 24:45—47). ნდობა ღვთის სიტყვის სისტემატური კვლევით გაგვიღრმავდება. მაშინ ჩვენი რწმენა მიწაში მყარად ფესვგადგმულ ხეს დაემსგავსება. პავლემ ეს შედარება მოიყვანა, როცა კოლოსელ ქრისტიანებს მისწერა: „როგორც მიიღეთ უფალი ქრისტე იესო, ისე იარეთ მასთან ერთობაში, რადგან ფესვგადგმულნი ხართ მასში, შენდებით მასში და მტკიცდებით რწმენაში“ (კოლ. 2:6, 7). ვერც სატანა და ვერც მის გავლენაში მყოფნი ვერ გადაიყვანენ ჭეშმარიტების გზიდან იმ ქრისტიანებს, რომლებიც თავიანთი რწმენის განმტკიცებისთვის ბევრს შრომობენ (2 იოან. 8, 9).

13. რა არ გვაკვირვებს და რატომ?

13 ჩვენ არ გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ქვეყნიერებას ვძულვართ (1 იოან. 3:13). მოციქულმა იოანემაც ხომ შეგვახსენა, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). აღსასრულის მოახლოებასთან ერთად სატანა სულ უფრო მძვინვარდება (გამოცხ. 12:12). ის თავდასხმის ფარულ მეთოდებს არ სჯერდება. მაგალითად, უზნეობას მიმზიდველად წარმოგვიჩენს და განდგომილთა სიცრუეს გვახვევს თავს. ზოგჯერ პირდაპირ იერიშზე გადადის. რაკი იცის, რომ დრო ეწურება, გამალებით ცდილობს სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებასა და ჩვენი რწმენის შერყევას. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ჩვენი საქმიანობა ზოგან შეზღუდული ან აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში და-ძმები მოთმინებით იტანენ ყველაფერს. მათი მაგალითი გვარწმუნებს, რომ სატანამ რაც არ უნდა სცადოს, გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება.

დავეხმაროთ ერთმანეთს ჭეშმარიტების გზაზე დარჩენაში

14. რომელია ერთ-ერთი საშუალება, რითაც და-ძმებს ჭეშმარიტების გზაზე დარჩენაში ვეხმარებით?

14 და-ძმებს ჭეშმარიტების გზაზე დარჩენაში ვეხმარებით, როცა მათ მიმართ თანაგრძნობას ვავლენთ (1 იოან. 3:10, 11, 16—18). ერთმანეთი მხოლოდ ლხინში კი არა, ჭირშიც უნდა გვიყვარდეს. მაგალითად, შეიძლება იცით, რომ რომელიმე თანაქრისტიანს ახლობელი დაეღუპა და ნუგეში ან სხვა სახის დახმარება სჭირდება. ან შესაძლოა შეიტყვეთ იმ და-ძმების შესახებ, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და ახლა მათი სამეფო დარბაზები თუ სახლები შესაკეთებელია. თანაქრისტიანების მიმართ ჩვენი სიყვარული და თანაგრძნობა მხოლოდ სიტყვებში კი არა, უფრო მეტად ჩვენს საქმეებში უნდა ვლინდებოდეს.

15. პირველი იოანეს 4:7, 8-ის თანახმად, რისი გაკეთება გვმართებს?

15 ჩვენ მოსიყვარულე ზეციერ მამას ვბაძავთ, როცა ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ვავლენთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8). სიყვარული იმასაც ნიშნავს, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს. მაგალითად, თუ ვინმე გვაწყენინებს, სიყვარული გვიბიძგებს, ვაპატიოთ და დავივიწყოთ მომხდარი (კოლ. 3:13). მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ერთი ძმა, ალდო. ძმამ, რომელსაც დიდ პატივს სცემდა, დამამცირებლად მოიხსენია მისი კულტურის წარმომადგენლები. ის ამბობს: „სულ იმას შევთხოვდი იეჰოვას, რომ ამ ძმაზე არ დავბოღმილიყავი“. თუმცა ალდო ლოცვას არ დასჯერდა და მას მსახურება დაუგეგმა. მსახურების დროს აუხსნა, როგორ იმოქმედა მასზე მისმა ნათქვამმა. შედეგებზე თავად ალდო გვიყვება: „როცა ვუთხარი, როგორ მატკინა გული მისმა სიტყვებმა, მან მაშინვე მომიბოდიშა. ხმის ტონშიც ჩანდა, რომ გულწრფელად ნანობდა ნათქვამს. ასე მოვაგვარეთ უთანხმოება და მეგობრებად დავრჩით“.

16, 17. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

16 მოციქული იოანე სიყვარულით ზრუნავდა და-ძმების სულიერ კეთილდღეობაზე, რაც კარგად აისახა მის სამ ღვთივშთაგონებულ წერილში. რაოდენ გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ქრისტესთან ერთად იოანესავით მზრუნველი და მოსიყვარულე მამაკაცები და ქალები იმმართველებენ (1 იოან. 2:27).

17 მოდი გულთან ახლოს მივიტანოთ ამ სტატიაში განხილული რჩევები. ყველაფერში დავემორჩილოთ იეჰოვას და ასე დავრჩეთ ჭეშმარიტების გზაზე. ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ვენდოთ მასში ჩაწერილს. რწმენა გავიძლიეროთ იესოს მიმართ. უკუვაგდოთ ადამიანური შეხედულებები და განდგომილთა სწავლებები. ვიფრთხილოთ, რომ ორმაგი სტანდარტებით არ ვიცხოვროთ და არ ავყვეთ ცოდვილ სურვილებს. ვიხელმძღვანელოთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით. მზად ვიყოთ პატიებისთვის, დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვადასხვა განსაცდელში მყოფ და-ძმებს და ასე დავეხმაროთ მათ ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში. ამგვარად ვერანაირი დაბრკოლება ვერ გადაგვიყვანს ჭეშმარიტების გზიდან.

სიმღერა 49 გული გავუხაროთ იეჰოვას

^ აბზ. 5 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც სიცრუის ღმერთი, სატანა მართავს. ამიტომაც ჭეშმარიტების გზაზე რომ დავრჩეთ, გამუდმებული ბრძოლა გვიწევს. პირველი საუკუნის მიწურულს მცხოვრები ქრისტიანებიც მსგავსი სირთულის წინაშე იყვნენ. როგორც მათ, ისე ჩვენ დასახმარებლად იეჰოვამ იოანე მოციქულს სამი შთაგონებული წერილი დააწერინა. ეს წერილები დაგვეხმარება, დავინახოთ, რა დაბრკოლებებს ვაწყდებით ამ გზაზე და როგორ შეგვიძლია მათი გადალახვა.

^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 11 იხილეთ 2018 წლის აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატია „გაქვთ ფაქტები?“.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: ახალგაზრდა და სკოლაში პოსტერს ხედავს, რომელიც ჰომოსექსუალიზმს უწევს პროპაგანდას (ზოგან ცისარტყელას ფერები ჰომოსექსუალიზმის სიმბოლოდ ითვლება). მოგვიანებით ის რწმენის განსამტკიცებლად პირადად იკვლევს ამ საკითხს, რაც მას სწორი პოზიციის დაცვაში ეხმარება.