არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა

ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა

დონალდ რიდლი სამ ათწლეულზე მეტხანს იცავდა იეჰოვას მოწმეების იურიდიულ უფლებებს. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმ პაციენტების უფლებების დაცვაში, რომლებიც უარს ამბობდნენ სისხლის გადასხმაზე. მისი დახმარებით ორგანიზაციამ არაერთი გამარჯვება მოიპოვა უზენაეს სასამართლოებში. დონალდი, მეგობრებისთვის უბრალოდ დონი, გულმოდგინე, თავმდაბალი და საქმისთვის თავდადებული ადამიანი იყო.

დონს 2019 წელს იშვიათი და უკურნებელი ნევროლოგიური დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა, რის გამოც იგი 2019 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა. გვსურს, გაეცნოთ მის ავტობიოგრაფიას.

დავიბადე 1954 წელს სენტ-პოლში, მინესოტის შტატში (აშშ) კათოლიკურ ოჯახში. ხუთი დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი. ბავშვობაში კათოლიკურ სკოლაში ვსწავლობდი და მინისტრანდად (მღვდლის მსახური ლიტურგიის დროს) ვმსახურობდი, მაგრამ ბიბლიიდან ბევრი არაფერი ვიცოდი. დროთა განმავლობაში ეკლესიისადმი რწმენა დავკარგე, თუმცა მჯეროდა, რომ არსებობდა ყოვლისშემოქმედი ღმერთი.

ჭეშმარიტების გაგება

უილიამ მიტჩელის სახელობის იურიდიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, როცა მოწმეებმა მომაკითხეს. რადგან საქმეს ვაკეთებდი და არ მეცალა, შევთანხმდით, რომ სხვა დროს ვისაუბრებდით. როცა მეორედ მომაკითხეს, ორი კითხვა დავუსვი: „რატომ იჩაგრებიან ცხოვრებაში კარგი ადამიანები?“ და „რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?“. მათ დამიტოვეს წიგნები „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“ და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელსაც თვალში საცემი მწვანე ყდა ჰქონდა. ბიბლიის შესწავლას დავთანხმდი. შესწავლის პროცესში, ასე ვთქვათ, თვალი ამეხილა. ძალიან გამახარა იმის გაგებამ, რომ დედამიწაზე ღვთის სამეფო იმმართველებდა, რადგან კარგად ვხედავდი, რომ ადამიანურმა მთავრობებმა მსოფლიოს მხოლოდ უსამართლობა, ტკივილი და ტანჯვა მოუტანეს.

1982 წლის დასაწყისში იეჰოვას თავი მივუძღვენი და მოგვიანებით, ამავე წელს, სენტ-პოლში გამართულ კონგრესზე სახელწოდებით, „ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება“, მოვინათლე. მომდევნო კვირას გამოცდაზე გავედი ადვოკატის სტატუსის მისაღებად. ოქტომბრის დასაწყისში შევიტყვე, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და შემეძლო იურიდიულ საქმიანობას შევდგომოდი.

ამ კონგრესზე შევხვდი ძმა მაიკ რიჩარდსონს, რომელიც ბრუკლინის ბეთელში მსახურობდა. ის მთავარ სამმართველოში არსებულ იურიდიულ განყოფილებაზე მესაუბრა. გამახსენდა საქმეების 8:36-ში ჩაწერილი ეთიოპი საჭურისის სიტყვები და გავიფიქრე, რა მიშლის ხელს, რომ ამ განყოფილებაში ვიმსახურო-მეთქი. ავდექი და ბეთილში მსახურების ბლანკი შევავსე.

ჩემს მშობლებს არ გახარებიათ, იეჰოვას მოწმე რომ გავხდი. მამაჩემი ვერ ხვდებოდა, რაში წაადგებოდა „საგუშაგო კოშკისთვის“ მუშაობა ჩემს კარიერას. ვუთხარი, რომ მოხალისედ ვაპირებდი მუშაობას და თვეში 75$ მექნებოდა, რა თანხაც იმ დროს ბეთელელებს ყოველთვიურად ეძლეოდათ პირადი ხარჯებისთვის.

სამუშაო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 1984 წელს ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელში იურიდიულ განყოფილებაში დავიწყე მსახურება. პროფესიული გამოცდილება ძალიან გამომადგა იქ მსახურებაში.

„სტენლის თეატრის“ განახლება

ასე გამოიყურებოდა „სტენლის თეატრი“, როცა იეჰოვას მოწმეებმა შეისყიდეს.

1983 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეებმა ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზის შტატი) „სტენლის თეატრი“ შეისყიდეს. ძმებმა შენობის ელექტრო სისტემისა და წყალგაყვანილობის შესაკეთებლად ნებართვა ითხოვეს. ისინი შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აუხსნეს, რომ სურდათ, „სტენლის თეატრი“ იეჰოვას მოწმეების კონგრესების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ამან სირთულეები წარმოშვა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის დადგენილების თანახმად, მხოლოდ საცხოვრებელ ზონაში არსებული შენობის გამოყენება შეიძლებოდა რელიგიური მსახურებისთვის. ვინაიდან „სტენლის თეატრი“ ქალაქის საქმიან უბანში იყო განთავსებული, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადეს. ძმებმა მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

ბეთელში მსახურების დაწყების პირველივე კვირაში ძმებმა სარჩელი შეიტანეს ფედერალურ საოლქო სასამართლოში და გაასაჩივრეს ზემოხსენებული გადაწყვეტილება. ვინაიდან სენტ-პოლის ფედერალურ საოლქო სასამართლოში ბოლო ორი წელი მდივნად ვმუშაობდი, მსგავსი საკითხები ჩემთვის კარგად იყო ნაცნობი. ჩვენს ერთ-ერთ ადვოკატს არგუმენტად ის ჰქონდა მომზადებული, რომ „სტენლის თეატრში“ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართებოდა, იქნებოდა ეს კინოჩვენება თუ როკკონცერტები. იბადებოდა კითხვა: მაშ, რატომ იყო არაკანონიერი, ეს დარბაზი რელიგიური ღონისძიებებისთვის გამოგვეყენებინა? საქმის განხილვის შემდეგ ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჯერზი-სიტი ჩვენი რელიგიური თავისუფლების დარღვევაში დაადანაშაულა. სასამართლოს დადგენილებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, ჩვენთვის ნებართვა მოეცა. აშკარად დავინახე, როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ორგანიზაცია იურიდიულ საკითხებში სამეფო საქმის წინ წასაწევად. მიხაროდა, რომ ამ საქმეში მეც შევიტანე წვლილი.

ძმებმა თეატრის შენობაში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები წამოიწყეს; სამუშაოები წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა. შედეგად 1985 წლის 8 სექტემბერს ჯერზი-სიტის საკონგრესო დარბაზში სკოლა „გალაადის“ 79-ე კლასის გამოშვება ჩატარდა. დიდ პატივად მიმაჩნდა ის, რომ როგორც იურისტების გუნდის წევრს, შემეძლო სამეფოს საქმეში ჩემი წვლილიც შემეტანა. ეს კმაყოფილების გრძნობა ბევრად აღემატებოდა იმას, რასაც ბეთელამდე ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს განვიცდიდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, კიდევ რამდენ საქმეში გამომიყენებდა იეჰოვა.

ბრძოლა უსისხლო მკურნალობის უფლების მოსაპოვებლად

80-იან წლებში ექიმებიც და საავადმყოფოებიც არ ითვალისწინებდნენ ზრდასრული იეჰოვას მოწმეების თხოვნას, რომ მათთვის უსისხლოდ ემკურნალათ. განსაკუთრებით მწვავედ იდგა ორსული ქალების საკითხი, რადგან მოსამართლეები თვლიდნენ, რომ ასეთ ქალებს სისხლის გადასხმაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდათ. არგუმენტად ის მოჰყავდათ, რომ სისხლის გადასხმის გარეშე ახალშობილი შეიძლება უდედოდ დარჩენილიყო.

1988 წლის 29 დეკემბერს ჩვენს დას, დენიზ ნიკოლოს მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენა დაეწყო. მისი ჰემოგლობინი 50 ერთეულზე დაბლა დაეცა, ამიტომ მისმა ექიმმა სისხლის გადასხმა მოინდომა, რაზეც დენიზი არ დათანხმდა. მომდევნო დილით საავადმყოფოს ადმინისტრაციამ სასამართლოს მიმართა და პაციენტისთვის სისხლის გადასხმის ნებართვა მოითხოვა, რადგან ეს სავალდებულო პროცედურად მიიჩნია. სასამართლომ ყოველგვარი მოსმენისა და დენიზისა და მისი მეუღლის გაფრთხილების გარეშე დააკმაყოფილა საავადმყოფოს ადმინისტრაციის მოთხოვნა.

პარასკევს, 30 დეკემბერს, საავადმყოფოს პერსონალმა და დენიზს სისხლი გადაუსხა, მიუხედავად იმისა, რომ მის პალატაში მყოფი ოჯახის წევრები უარზე იყვნენ. იმავე საღამოს მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი და რამდენიმე უხუცესი დააკავეს ბრალდებით, რომ სამედიცინო პერსონალს პაციენტთან მისვლისა და სისხლის გადასხმის საშუალებას არ აძლევდნენ. დაპატიმრების ფაქტი მომდევნო დღესვე გააშუქეს ნიუ-იორკისა და ლონგ-აილენდის საინფორმაციო საშუალებებმა.

მე და ფილიპ ბრამლი ახალგაზრდობაში

ორშაბათ დილით ვესაუბრე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, მილტონ მოლენს. გავაცანი საქმის დეტალები და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მოსამართლემ სისხლის გადასხმის ნებართვა სასამართლო მოსმენის გარეშე გასცა. მოსამართლე მოლენმა იმავე დღეს დამიბარა თავის კაბინეტში, რომ განგვეხილა ფაქტები და შესაბამისი კანონები. მასთან შესახვედრად ჩემი ზედამხედველი, ფილიპ ბრამლიც გამომყვა. შეხვედრაზე საავადმყოფოს ადვოკატიც იყო მოწვეული. იმ საღამოს ჩვენ შორის ცხარე კამათი გაიმართა. მახსოვს, ერთ მომენტში, ძმა ფილიპმა ბლოკნოტში დამიწერა, ცოტა ხმას დაუწიეო. ეს რჩევა დროული იყო, რადგან ადვოკატთან კამათის დროს ზედმეტად გავცხარდი.

მარცხნიდან მარჯვნივ: რიჩარდ მოკი, გრეგორი ოლდსი, პოლ პოლიდორო, ფილიპ ბრამლი, მე და მარიო მორენო — ჩვენი ადვოკატები შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენის დღეს, საქმეზე «„საგუშაგო კოშკი“ დაბა სტრატონის წინააღმდეგ» (იხილეთ 2003 წლის 8 იანვრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“).

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოსამართლე მოლენმა გვაცნობა, რომ მომდევნო დილით პირველ რიგში ჩვენს საქმეს განიხილავდნენ. წამოსვლის წინ კი გვითხრა, რომ საავადმყოფოს ადვოკატს ხვალ მძიმე დღე დაუდგებოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადვოკატს თავისი პოზიციის დაცვა გაუჭირდებოდა. ამ სიტყვებით თითქოს იეჰოვა გვარწმუნებდა, რომ წინ გამარჯვება გველოდა. გაოცებული ვიყავი, როგორ გვიყენებდა იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად.

გვიანობამდე ვიმუშავეთ, რათა დილით სასამართლოს წინაშე მომზადებული წარვმდგარიყავით. სასამართლოს შენობა ბრუკლინის ბეთელიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით იყო, ამიტომ ჩვენი პატარა განყოფილების და-ძმები ფეხით წამოვიდნენ სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ჩვენი არგუმენტები მოისმინა, სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული ნებართვა გააუქმა. უზენაესმა სასამართლომ და დენიზ ნიკოლოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სასამართლო მოსმენის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სრულიად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებს.

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით ისიც დაადასტურა, რომ და ნიკოლოს სრული უფლება ჰქონდა, უსისხლო მკურნალობისთვის მიემართა. ეს იყო სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული ოთხი საქმიდან პირველი, რომელიც შტატების სხვადასხვა უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა. მოხარული ვარ, რომ ამ საქმეებში მეც ვიღებდი მონაწილეობას (იხილეთ ჩარჩო  „უზენაეს სასამართლოებში მოპოვებული გამარჯვებები“). ბეთელის სხვა ადვოკატებთან ერთად ისეთ საქმეებზეც მომიწია მუშაობა, როგორიცაა მეურვეობა, განქორწინება, უძრავი ქონების განკარგვა თუ სხვა საქმეები.

ქორწინება და ოჯახური ცხოვრება

ჩემს მეუღლესთან, დენიზთან ერთად

როცა ჩემს მეუღლეს, დენიზს პირველად შევხვდი, ის ქმარს იყო გაცილებული და სამ შვილს მარტო ზრდიდა. ოჯახსაც არჩენდა და თან პიონერად მსახურობდა. დენიზს მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1992 წელს ნიუ-იორკში დავესწარით საოლქო კონგრესს სახელწოდებით „სინათლის მატარებლები“. სწორედ მაშინ შევთავაზე, რომ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. დენიზი მოწიფული ქრისტიანია და კარგი იუმორის გრძნობაც აქვს. ვემადლიერები იეჰოვას, რომ ასეთი მეუღლე მაპოვნინა. მთელი ეს წლები, რაც ერთად ვართ, ის „ყოველივე კარგით მაჯილდოებს“ (იგავ. 31:12).

როცა დავქორწინდით, ბავშვები 11, 13 და 16 წლისანი იყვნენ. მინდოდა, კარგი მამობა გამეწია, ამიტომ ჩვენს პუბლიკაციებში ყველა იმ რჩევას ვკითხულობდი, რაც ოჯახში გამომადგებოდა. მართალია, ერთად ცხოვრებას გარკვეული სირთულეები ახლდა, მაგრამ მიხარია, რომ ბავშვებმა დროთა განმავლობაში სანდო მეგობრად და მოსიყვარულე მამად მიმიღეს. მათი მეგობრებისთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო, ამიტომ ჩვენს ოჯახში ხშირად ისმოდა ახალგაზრდების ჟრიამული.

2013 წელს მე და დენიზი ვისკონსინში გადავედით მოხუცი მშობლების მოსავლელად. ჩემდა გასაკვირად კვლავ მომეცა ბეთელში მსახურების შესაძლებლობა. როგორც დროებითი მოხალისე, ბეთელს შიგადაშიგ ვეხმარებოდი იურიდიულ საკითხებში.

მოულოდნელი ცვლილება

2018 წლის სექტემბერში შევნიშნე, რომ ხშირი ხველა დამჩემდა. ჩემმა ექიმმა ვერ შეძლო ზუსტი დიაგნოზის დასმა. მოგვიანებით სხვა ექიმმა მირჩია, რომ ნევროლოგისთვის მიმემართა. 2019 წლის იანვარში ნევროლოგმა ივარაუდა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, პროგრესირებადი სუპრანუკლეარული დამბლა მჭირდა.

სამი დღის შემდეგ ციგურებით სრიალის დროს მარჯვენა მაჯა მოვიტეხე. მთელი ცხოვრება ციგურებით ვსრიალებდი და კარგადაც გამომდიოდა. მივხვდი, რომ ნელ-ნელა მოძრაობის უნარს ვკარგავდი. დაავადება იმდენად სწრაფად პროგრესირებდა, რომ მალე ეს ჩემს მეტყველების, მოძრაობის და ყლაპვის უნარზეც აისახა.

მიხარია, რომ წილად მხვდა პატივი, როგორც ადვოკატს, იეჰოვას ორგანიზაციის წინსვლაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა. აგრეთვე საშუალება მომეცა, არაერთი სტატია გამომექვეყნებინა სამეცნიერო ჟურნალებში. გარდა ამისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მომიწია სხვადასხვა სემინარზე სიტყვით გამოსვლა იეჰოვას მოწმე პაციენტების უფლებების დასაცავად, რომლებიც სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებენ და უსისხლო ქირურგიასა და მკურნალობას თანხმდებიან. ყველაფრის მიუხედავად ისეთივე გრძნობა მეუფლება, როგორიც ლუკას 17:10-ში აღწერილ მონას: უსარგებლო მონა ვარ. ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.