არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როდის გახდა იესო მღვდელმთავარი და როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება?

იესო მღვდელმთავარი ახ. წ. 29 წელს ნათლობის დროს გახდა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ნათლობით იესომ აჩვენა, რომ მზად იყო, ღვთის ნების შესასრულებლად საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღო (გალ. 1:4; ებრ. 10:5—10). როცა იესომ თავისი სიცოცხლე გაიღო, ის, ასე ვთქვათ, მსხვერპლად აღევლინა სამსხვერპლოზე, რომელიც ღვთის ნებას განასახიერებდა. ვინაიდან იესოს ნათლობამ ამ სამსხვერპლოს არსებობას ჩაუყარა საფუძველი, გამოდის, რომ სწორედ ამ დროიდან არსებობს სულიერი ტაძარიც, ვინაიდან სამსხვერპლო ტაძრის განუყოფელი ნაწილია. თავად ეს ტაძარი განასახიერებს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე თაყვანი ვცეთ იეჰოვას (მათ. 3:16, 17; ებრ. 5:4—6).

ფაქტია, სულიერ ტაძარს სჭირდებოდა მღვდელმთავარიც. ეს მისია რომ შეესრულებინა, იესოს ღმერთმა სცხო „წმინდა სული და მისცა ძალა“ (საქ. 10:37, 38; მარ. 1:9—11). მაგრამ რატომ ვამბობთ, რომ იესო სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომამდე დაინიშნა მღვდელმთავრად? ამის თქმის საფუძველს აარონისა და მისი შთამომავლების მაგალითი გვაძლევს, რომლებიც მოსეს კანონის თანახმად მღვდელმთავრებად მსახურობდნენ.

მოსეს კანონის თანახმად, მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის წმინდათაწმინდაში შესვლის უფლება. წმინდათაწმინდა წმინდისგან ფარდით იყო გამოყოფილი. ფარდის მიღმა მღვდელმთავარი მხოლოდ გამოსყიდვის დღეს შედიოდა (ებრ. 9:1—3, 6, 7). როგორც აარონი და მისი შთამომავლები დაინიშნენ მღვდელმთავრებად და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს კარვის ფარდის მიღმა შესვლა, ისე იესოც ჯერ იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის მღვდელმთავრად უნდა დანიშნულიყო, ვიდრე მოკვდებოდა და „ფარდის, ანუ თავისი ხორცის“ მიღმა შევიდოდა ზეცაში (ებრ. 10:20). ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე იესოზე, რომ ის მოვიდა, როგორც მღვდელმთავარი და შევიდა „თვით ზეცაში“ და „უფრო დიდ და უფრო სრულყოფილ კარავში, რომელიც ხელთქმნილი არ არის“ (ებრ. 9:11, 24).

როდის შევიდა ძალაში ახალი შეთანხმება? როცა იესო ზეცად ამაღლდა და თავისი სრულყოფილი სიცოცხლის საფასური წარუდგინა ღმერთს. ამით მან, ფაქტობრივად, კანონიერი ძალა მიანიჭა ახალ შეთანხმებას. რა ეტაპებს მოიცავდა ამ შეთანხმების ძალაში შესვლა?

იესო ჯერ იეჰოვას წინაშე წარდგა, შემდეგ თავისი მსხვერპლის საფასური წარუდგინა მას და იეჰოვამაც მიიღო ეს შესაწირავი. მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდა, ანუ ძალაში შევიდა ახალი შეთანხმება.

ბიბლია არ გვიკონკრეტებს, ზუსტად როდის მიიღო იეჰოვამ იესოს მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, როდის შევიდა ახალი შეთანხმება ძალაში. თუმცა ერთი რამ ცხადია, იესო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ათი დღით ადრე ამაღლდა ზეცად (საქ. 1:3). სავარაუდოდ, ამ ათდღიან შუალედში წარუდგინა მან იეჰოვას თავისი მსხვერპლი და იეჰოვამაც მიიღო ის (ებრ. 9:12). ეს თვალსაჩინოდ დადასტურდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (საქ. 2:1—4, 32, 33). აშკარა იყო, რომ ახალი შეთანხმება უკვე ძალაში იყო შესული და მოქმედებდა.

ასე რომ, ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მიიღო იესოს დაღვრილი სისხლის საფასური. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება ცხებულებთანაც დაიდო. ის ამოქმედდა იესოს, როგორც მღვდელმთავრისა და ამ შეთანხმების შუამავლის, მეშვეობით (ებრ. 7:25; 8:1—3, 6; 9:13—15).