არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 27

როგორი წარმოდგენა უნდა გქონდეთ საკუთარ თავზე?

როგორი წარმოდგენა უნდა გქონდეთ საკუთარ თავზე?

„ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომ. 12:3).

სიმღერა 130 იყავი მიმტევებელი

მოკლე შინაარსი *

1. რას გვირჩევს ფილიპელების 2:3 და როგორ წაგვადგება ამ რჩევის გათვალისწინება?

ჩვენ თავმდაბლად ვემორჩილებით იეჰოვას ნორმებს, რადგან გვესმის, რომ მან ყოველთვის კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ეფეს. 4:22—24). თავმდაბლობა გვიბიძგებს, იეჰოვას ნება ჩვენს სურვილებზე წინ დავაყენოთ და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვალოთ. ეს კი იეჰოვასთან და თანამორწმუნეებთან კარგი ურთიერთობის საწინდარია (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3).

2. რა ესმოდა მოციქულ პავლეს და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ჩვენს გარშემო მცხოვრებ ამაყ და ეგოისტ ადამიანებს დავემსგავსოთ. * როგორც ჩანს, ამ საშიშროების წინაშე იყვნენ პირველი საუკუნის რომაელი ქრისტიანებიც, რომლებსაც მოციქულმა პავლემ მისწერა: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“ (რომ. 12:3). პავლეს ესმოდა, რომ გარკვეულწილად ყველა უნდა ვფიქრობდეთ საკუთარ თავზე. თუმცა თავმდაბლობა გვეხმარება, ზომიერება არ დავკარგოთ ამ საკითხში. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ დაგვეხმარება თავმდაბლობა, რომ დიდი წარმოდგენა არ შევიქმნათ საკუთარ თავზე. შევეხებით სამ მხარეს: 1) ქორწინებას, 2) ორგანიზაციაში ჩვენს პასუხისმგებლობებს და 3) სოციალური ქსელით სარგებლობას.

თავმდაბლობა ცოლქმრულ ურთიერთობებში

3. რატომ უნდა მოველოდეთ ქორწინებაში უთანხმოებებს და რაში ხედავს ზოგი გამოსავალს?

3 იეჰოვამ ქორწინების ინსტიტუტი იმიტომ დააფუძნა, რომ ცოლსაც და ქმარსაც ერთად ყოფნით გაეხარათ. ვინაიდან სრულყოფილი არავინაა, დროდადრო ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებები გარდაუვალია. პავლე მოციქულიც ხომ წერდა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი“ ექნებოდათ (1 კორ. 7:28). გაუთავებელი კამათის გამო ზოგი ცოლ-ქმარი შეიძლება იმ დასკვნამდეც კი მივიდეს, რომ მათი ქორწინება შეცდომა იყო. თუ ქვეყნიურ აზროვნებას აჰყვებიან, შეიძლება განქორწინება ერთადერთ გამოსავლად მოეჩვენოთ. ამ გადაწყვეტილებამდე ადამიანი მაშინ მიდის, როცა მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აღელვებს.

4. როგორ ფიქრებს უნდა მოვერიდოთ?

4 ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ თქვენმა ქორწინებამ არ გაამართლა. კარგად გვესმის, რომ განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი მეუღლის ღალატია (მათ. 5:32). ამიტომ, როცა ქორწინებაში „ხორციელი გასაჭირი“ იჩენს თავს, არ გვინდა, ისეთ ეგოისტურ ფიქრებს მივცეთ გასაქანი, როგორიცაა: „მეუღლე ჩემზე არ ზრუნავს; ნუთუ მეტ სიყვარულს არ ვიმსახურებ?! ალბათ, სხვასთან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი“. ყურადღება მიაქციეთ, რომ თითოეულ ფრაზაში საკუთარი მე არის წინ წამოწეული. ქვეყნიურ სიბრძნეს თუ დავუჯერებთ, საკუთარი გულის ხმას უნდა მოუსმინო და ის აკეთო, რაც შენ გაგაბედნიერებს, თუნდაც ამას ცოლქმრობა შეეწიროს. ღვთიური სიბრძნე კი მოგვიწოდებს: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4). იეჰოვას სურს, რომ ოჯახის დანგრევაზე კი არა, მის შენარჩუნებაზე იფიქროთ (მათ. 19:6). ის მოელის, რომ საკუთარ სურვილებზე წინ მის ნებას დააყენებთ.

5. ეფესოელების 5:33-ის თანახმად, როგორ უნდა ეპყრობოდეს ცოლ-ქმარი ერთმანეთს?

5 ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:33). ბიბლია მოგვიწოდებს, მთელი ყურადღება გაცემაზე გადავიტანოთ და არა მიღებაზე (საქ. 20:35). რა დაეხმარება ცოლ-ქმარს სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენაში? თავმდაბლობა. თავმდაბალი მეუღლე მხოლოდ იმაზე კი არ იფიქრებს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ იმაზე, „რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორ. 10:24).

თავმდაბალი ცოლ-ქმარი ერთმანეთს გუნდის წევრებად მიიჩნევს და არა მეტოქეებად (იხილეთ აბზაცი 6).

6. რომელ აზრს გამოყოფდით აბზაცში მოხსენიებული ცოლ-ქმრის კომენტარებიდან?

6 თავმდაბლობა ბევრ ქრისტიან ცოლ-ქმარს ეხმარება ოჯახური სიმყუდროვის შენარჩუნებაში. მაგალითად, ერთი ოჯახისთავი, სტივენი, გვირჩევს: „თუ ერთი გუნდივით იქნებით, პრობლემებსაც ერთად შეეჭიდებით. იმას კი არ იტყვით, ჩემთვის რა აჯობებს, არამედ იმას, ჩვენთვის რა აჯობებს“. სტივენის აზრს მისი მეუღლე სტეფანიც იზიარებს: „ვის ესიამოვნება იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც მუდმივად უპირისპირდება. როცა უთანხმოება მოგვდის, ვცდილობთ მიზეზის დადგენას. შემდეგ ვლოცულობთ, ვიკვლევთ კონკრეტულ საკითხს და ერთად ვმსჯელობთ. ვცდილობთ, პრობლემას ვებრძოლოთ და არა ერთმანეთს“. ოჯახის კეთილდღეობას ნამდვილად წაადგება, თუ ცოლ-ქმარი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრებს.

ემსახურეთ იეჰოვას „სრული თავმდაბლობით“

7. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ძმას თავისი პასუხისმგებლობის მიმართ?

7 ნებისმიერი სახის მსახურება ჩვენთვის დიდი პატივია (ფსალმ. 27:4; 84:10). შესაქებია ის ძმა, რომელსაც იეჰოვასთვის მეტის კეთების სურვილი აქვს. ბიბლიაც ხომ ამბობს: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“ (1 ტიმ. 3:1). თუმცა, თუ ის რაიმე პასუხისმგებლობას იღებს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა შეიქმნას (ლუკ. 17:7—10). მას სხვების თავმდაბლად მომსახურების სურვილი უნდა ამოძრავებდეს (2 კორ. 12:15).

8. რას ვსწავლობთ დიოტრეფეს, უზიასა და აბესალომის მაგალითებიდან?

8 ბიბლია მოგვითხრობს ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც საკუთარ ამბიციებს იყვნენ აყოლილნი. მაგალითად, გაკადნიერებულმა დიოტრეფემ კრებაში პირველობა მოიწადინა (3 იოან. 9). გადიდგულებულმა უზიამ ისეთი საქმის კეთება მოინდომა, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა (2 მატ. 26:16—21). გამეფების სურვილით შეპყრობილი აბესალომი ვერაგულად შეეცადა ხალხის გულის მოგებას (2 სამ. 15:2—6). ამ ბიბლიური მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია დიდებას დახარბებული ადამიანი (იგავ. 25:27). ადრე თუ გვიან სიამაყე და ამბიცია ნებისმიერს დაღუპავს (იგავ. 16:18).

9. რა მაგალითი მოგვცა იესომ?

9 მათგან რადიკალურად განსხვავდებოდა იესო, რომელზეც ნათქვამია: „თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა“ (ფილ. 2:6). მართალია, იესო ძალაუფლებით მხოლოდ იეჰოვას თუ ჩამოუვარდება, მაგრამ მას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეუქმნია. მან მოწაფეებს უთხრა: „ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკ. 9:48). რა სასიამოვნოა იმ პიონერების, მომსახურეების, უხუცესებისა თუ სარაიონო ზედამხედველების მხარდამხარ მსახურება, რომლებიც იესოს ჰბაძავენ თავმდაბლობაში. სწორედ თავმდაბლობა უწყობს ხელს ძმურ სიყვარულს, რითაც ღვთის ხალხი უნდა გამოირჩეოდეს (იოან. 13:35).

10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში ესა თუ ის პრობლემა სათანადოდ არ გვარდება?

10 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში რაღაც არის გამოსასწორებელი და ამას სათანადო ყურადღება არ ექცევა? ჯობს, კრიტიკულ სულს მოერიდოთ და თავმდაბლად დაუჭიროთ მხარი მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:17). სიტუაციის გაანალიზებაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ: იმდენად საგანგაშოა ვითარება, რომ დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს? უფრო მეტი დრო ხომ არ სჭირდება პრობლემის მოგვარებას? შედის კი ჩემს კომპეტენციაში ამ პრობლემის გამოსწორება? სინამდვილეში რას ვცდილობ — კრების ერთიანობას შევუწყო ხელი თუ საკუთარი თავი წარმოვაჩინო?

ისინი, ვისაც ორგანიზაციაში სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ, მხოლოდ უნარიანობით კი არა, თავმდაბლობითაც უნდა გამოირჩეოდნენ (იხილეთ აბზაცი 11). *

11. ეფესოელების 4:2, 3-ის თანახმად, რას მივაღწევთ, თუ იეჰოვას თავმდაბლად ვემსახურებით?

11 იეჰოვა ჩვენს თავმდაბლობას უფრო აფასებს, ვიდრე უნარს, და მისთვის კრების ერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველაფრის დახვეწილად შესრულება. ასე რომ, თქვენი მხრიდან ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იეჰოვას თავმდაბლად ემსახუროთ. ამგვარად კრების ერთობას შეუწყობთ ხელს (წაიკითხეთ ეფესოელების 4:2, 3). აქტიური მონაწილეობა მიიღეთ სამქადაგებლო საქმეში. ხელიდან არ გაუშვათ სხვებისთვის სიკეთის კეთების შესაძლებლობა. იყავით სტუმართმოყვარე მათ მიმართაც, ვისაც არა აქვს რაიმე პასუხისმგებლობა (მათ. 6:1—4; ლუკ. 14:12—14). თუ თავმდაბლად ვასრულებთ ჩვენს საქმეს კრებაში, სხვები არა მარტო ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებს დაინახავენ, არამედ ჩვენს თავმდაბლობასაც.

რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა სოციალური ქსელით ვსარგებლობთ

12. რას გვეუბნება ბიბლია მეგობრების ყოლაზე?

12 იეჰოვას სურს, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობით გავიხაროთ (ფსალმ. 133:1). მეგობრები იესოსაც ჰყავდა (იოან. 15:15). ნამდვილი მეგობრობის ფასზე ბიბლიაც ამახვილებს ყურადღებას (იგავ. 17:17; 18:24). იმასაც გვირჩევს, რომ არ გავერიყოთ სხვებს (იგავ. 18:1). ბევრს ჰგონია, რომ სოციალური ქსელი კარგი საშუალებაა მეგობრების შესაძენად და მარტოობისგან თავის დასაღწევად. თუმცა სიფრთხილე გვმართებს ამ საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობისას.

13. რატომ არიან მარტოობისა და დეპრესიისკენ მიდრეკილნი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები?

13 როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, ის ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელში პოსტების თვალიერებას, მარტოობისა და დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ხშირად ადამიანები სოციალურ ქსელებში მათი ცხოვრების ღირსშესანიშნავი მოვლენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ. ჩვეულებრივ, ეს არის მათი, მათი მეგობრებისა თუ მონახულებული ადგილების რჩეული ფოტოები. ზოგს, ვინც ამ სურათებს ათვალიერებს, ისეთი წარმოდგენა ექმნება, რომ ნანახის ფონზე მისი ცხოვრება უინტერესო და მოსაწყენია. ერთი 19 წლის ქრისტიანი გულწრფელად ამბობს: „ცოტა არ იყოს მშურდა კიდეც, როცა ვხედავდი, რა კარგად ატარებდნენ სხვები დროს უქმეებზე, მე კი სახლში მოწყენილობით ვკვდებოდი“.

14. როგორ გვეხმარება 1 პეტრეს 3:8-ში ჩაწერილი რჩევა სოციალური ქსელით სარგებლობისას?

14 რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელს თავისი დადებითი მხარეც აქვს. მაგალითად, ის საშუალებას გვაძლევს, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ვიურთიერთოთ. თუმცა, ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგი სოციალურ ქსელში ისეთ მასალას აქვეყნებს, რაც აშკარად საკუთარი თავის წარმოჩენაზეა გათვლილი. თითქოსდა გეუბნებიან, შემომხედეო. ზოგიც საკუთარ თუ სხვების ფოტოებს აგდებულ და უხამს კომენტარებს უკეთებს. ასეთი ქმედება აშკარად უპირისპირდება თავმდაბლობისა და ძმათმოყვარეობის სულს, რომელსაც ქრისტიანები უნდა ავლენდნენ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:8).

ხომ არ ტოვებს თქვენ მიერ გამოქვეყნებული მასალა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ტრაბახობთ? (იხილეთ აბზაცი 15).

15. როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შევიქმნათ?

15 თუ სოციალური ქსელით სარგებლობთ, დაფიქრდით: ისეთ შთაბეჭდილებას ხომ არ დატოვებს თქვენი კომენტარები, გამოქვეყნებული ფოტოები თუ ვიდეოები, რომ ტრაბახობთ? შურის გრძნობას ხომ არ გაუღვიძებს სხვებს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოან. 2:16). ქრისტიანები არ ცდილობენ, რომ სხვებს თავი დიდ ვინმედ მოაჩვენონ. ისინი ითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევას: „ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალ. 5:26). თავმდაბლობა გვეხმარება, არ დავემსგავსოთ ქვეყნიერებაში მცხოვრებ ქედმაღალ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ.

„ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ“

16. რა საფრთხე ახლავს თან სიამაყეს?

16 სიამაყე ადამიანს „საღი აზროვნების“ უნარს აკარგვინებს, ამიტომ გვინდა, თავმდაბლობა განვივითაროთ (რომ. 12:3). ჩვეულებრივ, ამაყ ადამიანს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და მასთან საერთო ენის გამონახვა ჭირს. ის სიტყვითა თუ საქმით საკუთარ თავსაც აყენებს ზიანს და სხვებსაც. თუ აზროვნებას არ შეიცვლის, სატანა ადვილად შეძლებს, დაუბრმავოს და გაურყვნას გონება (2 კორ. 4:4; 11:3). თავმდაბალი ადამიანი კი ამ მხრივ დაცულია, რადგან საღად აზროვნებს. მას გადაჭარბებული წარმოდგენა არა აქვს საკუთარ თავზე და არ უჭირს იმის აღიარება, რომ შეიძლება სხვები ბევრ რამეში სჯობდნენ (ფილ. 2:3). მას კარგად ესმის, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5). ცხადია, არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ მოუნდება, რომ იეჰოვა მისი მოწინააღმდეგე გახდეს.

17. რა დაგვეხმარება თავმდაბლობის შენარჩუნებაში?

17 თუ გვინდა, რომ თავმდაბლები ვიყოთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპით: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“. მართალია, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ იესოს მაგალითზე ფიქრი და მისი ნაკვალევის ერთგულად მიყოლა ძალიან დაგვეხმარება (კოლ. 3:9, 10; 1 პეტ. 2:21). მცდელობა კი აუცილებლად დაგვიფასდება. თავმდაბლობა ცოლქმრულ ურთიერთობასაც გაგვიუმჯობესებს, კრების ერთიანობასაც შეუწყობს ხელს და სოციალური ქსელის გონივრულად გამოყენებაშიც დაგვეხმარება. რაც ყველაზე მთავარია, თავმდაბალ ადამიანს ღვთის კურთხევა და წყალობა არ მოაკლდება.

სიმღერა 117 ყოველივე კარგი

^ აბზ. 5 დღეს ამაყი და ეგოისტი ადამიანების გარემოცვაში გვიწევს ცხოვრება. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ჩვენც მათ დავემსგავსოთ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სამ სფეროზე, რომლებშიც გვმართებს სხვების ინტერესების გათვალისწინება.

^ აბზ. 2 განმარტება: ამაყი ადამიანი, როგორ წესი, ზომაზე მეტად ფიქრობს საკუთარ თავზე და სხვები ნაკლებად აღელვებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამაყი ადამიანი ეგოისტიცაა, თავმდაბლობა კი სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისებაა. თავმდაბლობა ეხმარება ადამიანს, მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყოს კონცენტრირებული.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: უხუცესი, რომელიც კონგრესებზეც გამოდის მოხსენებით და სხვა ძმებსაც უწევს ზედამხედველობას, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩატარებასა და სამეფო დარბაზის დალაგებას არ თაკილობს.