არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ იეჰოვას მოწმეებს გაცნობის ვებგვერდებისა და აპლიკაციების მეშვეობით დაოჯახებაზე?

იეჰოვას სურს, რომ ყველა, ვინც ოჯახს ქმნის, ბედნიერი იყოს და მათ ერთმანეთთან მტკიცე და ურყევი მეგობრობა აკავშირებდეთ (მათ. 19:4—6). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ღირსეული მეუღლის პოვნა გსურთ? იეჰოვა ჩვენი შემოქმედია და მან კარგად იცის, რა დაგვეხმარება ბედნიერი ოჯახის შექმნაში. ამიტომ მისი რჩევების გათვალისწინება ნამდვილ ბედნიერებას მოგვიტანს. განვიხილოთ ზოგიერთი რჩევა.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერ. 17:9). როცა ადამიანი ცდილობს, საპირისპირო სქესის წარმომადგენელს თავი მოაწონოს, ადვილია, მის მიმართ გრძნობები მალევე განუვითარდეს და საღად აზროვნების უნარი დაკარგოს. თუ ადამიანი დაქორწინებას ემოციურ ფონზე გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, ასეთი ურთიერთობა კრახით დამთავრდება (იგავ. 28:26). ამიტომ არაგონივრული იქნება, თუ წყვილი ურთიერთობის ადრეულ ეტაპზევე ერთმანეთზე ემოციურად გახდება დამოკიდებული ან კარგად გაცნობამდე რაიმე პირობას მისცემს ერთმანეთს.

იგავების 22:3-ში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“. რა მხრივ შეიძლება იყოს სახიფათო გაცნობის ვებგვერდებისა თუ აპლიკაციების გამოყენება? სამწუხაროდ, ზოგმა საკუთარი მწარე გამოცდილებით ისწავლა ჭკუა, როცა ინტერნეტით გაცნობილმა ადამიანებმა მოატყუეს. გარდა ამისა, ამ ვებგვერდებს თაღლითები ყალბი ანგარიშების შესაქმნელად იყენებენ, რათა გულუბრყვილოებს ფული გამოსძალონ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მატყუარები ზოგჯერ თავს მოწმეებადაც კი ასაღებენ.

დავფიქრდეთ კიდევ ერთ საფრთხეზე. ზოგიერთი გაცნობის ვებგვერდი იყენებს მათემატიკურ ალგორითმს, რათა შესაფერისი ადამიანები დააწყვილოს, თუმცა ამ მეთოდის ეფექტურობა არ არის დადასტურებული. რამდენად გონივრულია, კომპიუტერულ პროგრამას მივანდოთ ისეთი სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, როგორიც დაოჯახებაა? ვერცერთი კომპიუტერული პროგრამა ახლოსაც ვერ მოვა ბიბლიურ პრინციპებთან (იგავ. 1:7; 3:5—7).

იგავების 14:15-ში ასეთი პრინციპია მოცემული: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. სანამ დაქორწინებას გადაწყვეტთ, ჯერ ადამიანი კარგად უნდა გაიცნოთ, რაც ონლაინრეჟიმში საკმაოდ რთულია. პირად მონაცემებსაც რომ უზიარებდეთ ერთმანეთს და ხანგრძლივ დროსაც რომ უთმობდეთ მიწერ-მოწერას, შეგიძლიათ თქვათ, რომ კარგად იცნობთ ერთმანეთს? ზოგი, ვისაც ეგონა, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა, მოგვიანებით გაოგნებული დარჩა, როდესაც შეხვედრისას სულ სხვა ადამიანი შერჩა ხელში.

ფსალმუნმომღერალი წერდა: „ცრუ ხალხთან არ ვიჭერ საქმეს და თვალთმაქცებს თავს ვარიდებ“ (ფსალმ. 26:4). ჩვეულებრივ, გაცნობის ვებგვერდებზე ადამიანი თავის შესახებ შელამაზებულ ინფორმაციას ათავსებს, რათა საკუთარი თავი უფრო მიმზიდველად წარმოაჩინოს. არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ, ნამდვილი სახე დამალონ ან საკუთარი თავი სხვებს მხოლოდ დადებით შუქში დაანახვონ. შეიძლება ადამიანი თავს იეჰოვას მოწმედ წარადგენდეს, მაგრამ საიდან უნდა მივხვდეთ, რომ ის ნამდვილად მონათლული ქრისტიანია და თუ არის, რამდენად მოწიფულია სულიერად? რა რეპუტაციით სარგებლობს კრებაში? იქნებ საერთოდ არასამაგალითოა და ცუდ საზოგადოებადაც კი ითვლება? (1 კორ. 15:33; 2 ტიმ. 2:20, 21). აქვს ბიბლიური საფუძველი ქორწინებისთვის? ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საეჭვოა, სანდო ინფორმაცია მოიპოვოთ, თუ არ გაესაუბრებით მის ნაცნობ მოწმეებს (იგავ. 15:22). იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ღვთის ერთგულ მსახურს ფიქრადაც არ უნდა მოუვიდეს „უთანასწორო უღელში“ შებმა ურწმუნოსთან (2 კორ. 6:14; 1 კორ. 7:39).

თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომლებიც ამ ვებგვერდებითა თუ აპლიკაციებით სარგებლობას ახლავს, აჯობებს, ქრისტიანმა ღირსეული ოჯახის შესაქმნელად სხვა გზები ეძებოს. რა საშუალებები შეიძლება გამოიყენოთ მომავალი მეუღლის გასაცნობად? სანამ საჯარო შეკრებები შეიზღუდებოდა, იეჰოვას მოწმეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთი გაეცნოთ კრების შეხვედრებზე, კონგრესებსა თუ სხვა სახის შეკრებებზე.

დროის ერთად გატარება უფრო კარგად დაგანახვებთ, გაქვთ თუ არა ერთნაირი მიზნები და ფასეულობები.

სანამ კოვიდ-19 პანდემიის გამო ერთად შეკრება არ შეგვიძლია, ჩვენ ელექტრონულ მოწყობილობებს ვიყენებთ კრებაზე დასასწრებად, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვა დაუქორწინებელი მოწმეებიც გავიცნოთ. ასეთი შეხვედრები დაუქორწინებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ ერთმანეთს და ნახონ, რამდენად აქტიურობენ კრების შეხვედრებზე და როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ რწმენას კომენტარებში (1 ტიმ. 6:11, 12). გარდა ამისა, მათ შეუძლიათ კრების შეხვედრის შემდეგ ვირტუალურ ოთახში გაესაუბრონ ერთმანეთს. დაუქორწინებლებს მოწმეების მიერ ინტერნეტით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მათთვის სასურველ ადამიანს, მაგალითად, როგორ ურთიერთობს სხვებთან, რაც წარმოდგენას შეუქმნით ერთმანეთის ხასიათსა თუ თვისებებზე (1 პეტ. 3:4). დროთა განმავლობაში, როცა ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, მიხვდებიან, აქვთ თუ არა ერთნაირი მიზნები და ფასეულობები და შეეფერებიან თუ არა ერთმანეთს.

როცა დაუქორწინებელი ქრისტიანები ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ცდილობენ ცხოვრების თანამგზავრის პოვნას, საკუთარ თავზე გამოცდიან იგავებში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას: „ვისაც კარგი ცოლი [ან ქმარი] ჰყავს, კურთხეულია; იეჰოვას წყალობა არ მოაკლდება მას“ (იგავ. 18:22).