არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 28

ნუ ჩათვლით ერთმანეთს მეტოქეებად და ხელი შეუწყვეთ მშვიდობას

ნუ ჩათვლით ერთმანეთს მეტოქეებად და ხელი შეუწყვეთ მშვიდობას

„ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნურც შევეჯიბრებით ერთმანეთს და ნურც შეგვშურდება“ (გალ. 5:26).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

მოკლე შინაარსი *

1. როგორ შეიძლება იმოქმედოს მეტოქეობამ ადამიანებზე?

დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები, რომლებსაც ეგოისტური მოტივები ამოძრავებთ, ცდილობენ, სხვებს აჯობონ და მათზე უკეთესად წარმოაჩინონ თავი. მაგალითად, ზოგიერთი ბიზნესმენი უკან არაფერზე დაიხევს, რომ თავის კონკურენტებს აჯობოს. თამაშის მოგების მიზნით სპორტსმენმა შეიძლება განზრახ დააზიანოს თავისი მეტოქე. პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოსახვედრად სტუდენტმა შეიძლება მისაღებ გამოცდაზე სხვადასხვა ხრიკს მიმართოს. ჩვენ, ქრისტიანებმა, კარგად ვიცით, რომ მსგავსი ქმედებები არასწორია, რადგან ბიბლია „ხორცის საქმეებს“ მიაკუთვნებს (გალ. 5:19—21). თუმცა ზოგი იეჰოვას მსახური შეიძლება კრებაში თანაქრისტიანებს თავს ამეტებდეს ისე, რომ ვერც აცნობიერებდეს ამას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან მეტოქეობამ შეიძლება კრების ერთიანობას დიდი საფრთხე შეუქმნას.

2. რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?

2 წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, რომელმა თვისებებმა შეიძლება გააღვივოს ჩვენში მეტოქეობა. აგრეთვე ვიმსჯელებთ ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებიც სხვებს თავს არ ამეტებდნენ. თავდაპირველად მოდი განვიხილოთ, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი მოტივები.

გამოიკვლიეთ თქვენი მოტივები

3. რაზე უნდა დავფიქრდეთ?

3 კარგი იქნება, თუ დროდადრო გადავამოწმებთ ჩვენს მოტივებს და დავფიქრდებით: თვითშეფასებას ხომ არ მიმაღლებს იმაზე ფიქრი, რომ სხვაზე რაღაცით ვუპირატესობ? ყოველთვის იმას ხომ არ ვცდილობ, რომ თავი სხვებზე უკეთესად წარმოვაჩინო ან რომელიმე თანაქრისტიანზე უკეთესი მაინც გამოვჩნდე? თუ უბრალოდ ვცდილობ, საუკეთესო გავიღო იეჰოვასთვის? რატომ ღირს დაფიქრება ამ კითხვებზე? მოდი ვიმსჯელოთ რამდენიმე ბიბლიურ რჩევაზე.

4. გალატელების 6:3, 4-ის თანახმად, რატომ არ უნდა შევადაროთ თავი სხვებს?

4 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სხვებს არ შევადაროთ თავი (წაიკითხეთ გალატელების 6:3, 4). რატომ არის ეს რჩევა გონივრული? თუ ვიფიქრებთ, რომ თანაქრისტიანზე უკეთ გამოგვდის რაიმე საქმე, შეიძლება გავამაყდეთ. ან პირიქით, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვები ყველაფერში გვჯობიან, შეიძლება გული გაგვიტყდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ფიქრები საღი აზრისგან შორს დგას (რომ. 12:3). საბერძნეთში მცხოვრები ერთი და, კატერინა, * ამბობს: „ადრე ყოველთვის იმათ ვადარებდი თავს, ვინც ჩემზე ლამაზი, კარგი მქადაგებელი ან კომუნიკაბელური იყო. ამან უღირსობის გრძნობა გამიჩინა“. ასე რომ, ყოველთვის უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ იეჰოვამ თავისკენ იმიტომ კი არ მიგვიზიდა, რომ გარეგნობით გამოვირჩევით, მჭევრმეტყველები ვართ ან სხვებს მოვწონვართ, არამედ იმიტომ, რომ შევიყვარეთ ის და ვუსმენთ მის ძეს (იოან. 6:44; 1 კორ. 1:26—31).

5. რისი სწავლა შეგვიძლია ჰიუნის მაგალითიდან?

5 კარგი იქნება, დავფიქრდეთ ასეთ კითხვაზეც: როგორი სახელი მაქვს — მშვიდობისმყოფელის თუ კონფლიქტურის? დავფიქრდეთ სამხრეთკორეელი უხუცესის, ჰიუნის შემთხვევაზე. ადრე ის ფიქრობდა, რომ ზოგი პასუხისმგებელი ძმა მას თავს ამეტებდა, ამიტომ მათ მეტოქეებად მიიჩნევდა. ჰიუნი ამბობს: „ამ ძმების მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდი მათ ნათქვამს“. რა მოჰყვა მის ასეთ საქციელს შედეგად? ის გულწრფელად ამბობს: „ჩემმა დამოკიდებულებამ კრებაში ერთობა დაარღვია“. ჰიუნს მეგობრები დაეხმარნენ, რომ პრობლემა საკუთარ თავში დაენახა. მან გარკვეული ცვლილებები მოახდინა და დღეს შესანიშნავი უხუცესია. თუ აღმოაჩენთ, რომ კრებაში მშვიდობას კი არ უწყობთ ხელს, არამედ სხვებისთვის თქვენი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობთ, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ სათანადო რეაგირება.

ნუ გახდებით პატივმოყვარენი და ნუ შეგშურდებათ სხვების

6. გალატელების 5:26-ის თანახმად, რომელი უარყოფითი თვისებები უწყობს ხელს მეტოქეობას?

6 წაიკითხეთ გალატელების 5:26. რომელი უარყოფითი თვისებები უწყობს ხელს მეტოქეობას? მაგალითად, პატივმოყვარეობა და შური. პატივმოყვარე ადამიანს სიამაყე და ეგოიზმი ახასიათებს. რაც შეეხება შურიან ადამიანს, მას არა მხოლოდ ის სურს, რაც სხვებს აქვთ, არამედ სხვისი კარგიც არ ახარებს. აშკარაა, რომ შური სიძულვილის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოდი ყველანაირად ვეცადოთ, შევიზიზღოთ ეს მანკიერი თვისებები.

7. რა ზიანის მოტანა შეუძლია პატივმოყვარეობასა და შურს? მოიყვანეთ მაგალითი.

7 ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორებიც პატივმოყვარეობა და შურია, შეგვიძლია შევადაროთ მავნებელ მწერს, რომელიც შიგნიდან აზიანებს ხის მერქანს. გარეგნულად ხეს შეიძლება არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ის გახმება და წაიქცევა. მსგავსად, შეიძლება ქრისტიანი რაღაც პერიოდი ემსახურებოდეს იეჰოვას, მაგრამ, თუ შურსა და პატივმოყვარეობას მისცემს გასაქანს, მისი „დაცემა“ გარდაუვალი იქნება (იგავ. 16:18). ის იეჰოვასაც ჩამოშორდება და ზიანს მიაყენებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც. რა დაგვეხმარება, რომ არ გავხდეთ პატივმოყვარე და შურიანი?

8. რა დაგვეხმარება, გასაქანი არ მივცეთ პატივმოყვარეობას?

8 პატივმოყვარეობას გასაქანს არ მივცემთ, თუ გავითვალისწინებთ ფილიპელებისთვის მიცემულ პავლე მოციქულის რჩევას: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილ. 2:3). თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩავთვლით, არ შევეჯიბრებით მათ, ვინც ჩვენზე უნარიანი და ნიჭიერია. პირიქით, მათი წარმატება გაგვახარებს, მით უმეტეს, თუ ისინი თავიანთ უნარს იეჰოვას განსადიდებლად იყენებენ. მეორე მხრივ, თუ ეს უნარიანი და-ძმებიც გაითვალისწინებენ პავლეს რჩევას, ჩვენს კარგ თვისებებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ამგვარად, ყველანი შევუწყობთ ხელს კრებაში მშვიდობასა და ერთობას.

9. რა დაგვეხმარება, რომ სხვებს შურის თვალით არ შევხედოთ?

9 მოკრძალება ანუ საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება დაგვეხმარება, შურს ჩვენში ფესვის გადგმის საშუალება არ მივცეთ. თუ მოკრძალებული ვიქნებით, არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სხვებზე ნიჭიერები და უნარიანები ვართ. პირიქით, შევეცდებით, მათგან ვისწავლოთ, ვისაც რაიმე ჩვენზე უკეთ გამოსდის. მაგალითად, თუ ძმა შესანიშნავ მოხსენებებს კითხულობს, შეიძლება ვკითხოთ, როგორ ემზადება მოხსენებისთვის. თუ და კარგი მზარეულია, შეიძლება რჩევა ვკითხოთ, ჩვენ როგორ გავუმჯობესდეთ ამ სფეროში. თუ ახალგაზრდა ქრისტიანს კრებაში სხვებთან დამეგობრება უჭირს, შეუძლია რჩევა მას ჰკითხოს, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს. ამგვარად შურის თვალითაც არ შევხედავთ ვინმეს და დავიხვეწებით კიდეც.

ისწავლეთ ბიბლიური მაგალითებიდან

თავმდაბლობის წყალობით გედეონმა მშვიდობა შეინარჩუნა ეფრემელებთან (იხილეთ აბზაცები 10—12).

10. რა სირთულეს შეხვდა გედეონი?

10 გავიხსენოთ, რა გადახდა თავს მენაშესტომელ გედეონს. იეჰოვას დახმარებით მან 300 კაცთან ერთად ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რასაც შეეძლო ისინი ადვილად გაეამაყებინა. ბრძოლიდან დაბრუნებულ გედეონთან ეფრემელები მივიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ გამარჯვებისთვის შეექოთ, ცხარე კამათი გაუმართეს. როგორც ჩანს, მათ ღირსება შეელახათ, რადგან გედეონმა თავიდანვე არ მოუხმო ღვთის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეფრემელებს მხოლოდ თავიანთი ტომის სახელი და რეპუტაცია ადარდებდათ, ამიტომ მნიშვნელოვანი რამ გამორჩათ მხედველობიდან, კერძოდ ის, რომ გედეონმა ამ გამარჯვებით ღვთის სახელი განადიდა და მისი ხალხი დაიცვა (მსაჯ. 8:1).

11. როგორ უპასუხა გედეონმა ეფრემელებს?

11 გედეონმა თავმდაბლურად უთხრა ეფრემელებს: „თქვენოდენი რა გამიკეთებია?!“ შემდეგ შეახსენა, იეჰოვას დახმარებით რა დიდებული საქმეები მოიმოქმედეს. ისინი მხოლოდ „მაშინღა დაშოშმინდნენ“ (მსაჯ. 8:2, 3). გედეონმა თავმოყვარეობას გადააბიჯა, რათა ღვთის ხალხს შორის მშვიდობა შეენარჩუნებინა.

12. რას ვსწავლობთ ეფრემელებისა და გედეონის მაგალითიდან?

12 რას გვასწავლის ეს შემთხვევა? როგორც ეფრემელების მაგალითიდან ვხედავთ, საკუთარი ღირსების დაცვაზე ისე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს იეჰოვასთვის პატივის მიგება. ოჯახისთავებსა და უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ გედეონისგან. თუ ვინმე ჩვენმა საქციელმა გაანაწყენა, უნდა ვეცადოთ, მისი თვალით შევხედოთ სიტუაციას. შეგვიძლია შევაქოთ კიდეც ეს ადამიანი იმისთვის, რაც კარგად გამოსდის. ეს ჩვენი მხრიდან თავმდაბლობას მოითხოვს, მით უმეტეს, თუ ის აშკარად ცდება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავმოყვარეობის დაკმაყოფილება.

ხანამ შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნა, რადგან სჯეროდა, რომ იეჰოვა მის მდგომარეობას გამოასწორებდა (იხილეთ აბზაცები 13, 14).

13. რა სირთულეს შეხვდა ხანა და როგორ გადალახა ის?

13 განვიხილოთ ხანას მაგალითიც. ის ლევიანი ელკანას ცოლი იყო. ელკანას სხვა ცოლიც ჰყავდა, ფენინა, მაგრამ მას ხანა უფრო უყვარდა მიუხედავად იმისა, რომ „ფენინას ჰყავდა შვილები, ხანა კი უშვილო იყო“. ფენინა ბოროტად სარგებლობდა ამ სიტუაციით და „მისთვის გულის მოსაკლავად მწარედ დასცინოდა“. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ხანას? „იგი ტიროდა და აღარაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:2, 6, 7). ბიბლია არაფერს გვეუბნება იმაზე, რომ ხანამ შურისძიება სცადა. მან გული გადაუშალა იეჰოვას იმაში დარწმუნებულმა, რომ ადრე თუ გვიან ის მის მდგომარეობას გამოასწორებდა. შეიცვალა ფენინამ ხანას მიმართ დამოკიდებულება? ბიბლია არც ამაზე გვცემს პასუხს, მაგრამ იმას კი გვეუბნება, რომ ხანამ შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნა „და მეტად აღარ დაღონებულა“ (1 სამ. 1:10, 18).

14. რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან?

14 რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან? თუ ვინმე ცდილობს თავი გადაგამეტოთ, ნუ შეეცდებით, რომ საპირისპირო დაუმტკიცოთ. ნუ წამოეგებით პროვოკაციას. „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“, ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მასთან მშვიდობა შეინარჩუნოთ (რომ. 12:17—21). მისი მხრიდან ამას დადებითი რეაქციაც რომ არ მოჰყვეს, შინაგან სიმშვიდეს მაინც შეინარჩუნებთ.

აპოლოსი და პავლე ერთმანეთს კონკურენტებად არ მიიჩნევდნენ, რადგან მიღწეულ წარმატებას იეჰოვას კურთხევად თვლიდნენ (იხილეთ აბზაცები 15—18).

15. რა ჰქონდათ აპოლოსსა და პავლეს საერთო?

15 დაბოლოს, განვიხილოთ მოწაფე აპოლოსისა და მოციქული პავლეს მაგალითები. ორივენი ბრწყინვალედ ერკვეოდნენ წმინდა წერილებში. ორივე ცნობილი და გავლენიანი მასწავლებელი იყო. ბევრი მოაქციეს ქრისტიანობაზე, მაგრამ ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამდნენ.

16. როგორ დაახასიათებდით აპოლოსს?

16 აპოლოსი „წარმოშობით ალექსანდრიელი“ იყო. ეს ქალაქი პირველ საუკუნეში საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა. აპოლოსი შესანიშნავი ორატორიც იყო „და წმინდა წერილებიც კარგად იცოდა“ (საქ. 18:24). კორინთის კრებაში მსახურების დროს, როგორც ჩანს, ის და-ძმებს შორის სხვა ძმებზე, მათ შორის პავლეზე, მეტი სიმპათიით სარგებლობდა (1 კორ. 1:12, 13). თავად აპოლოსი უწყობდა ხელს კრებაში ასეთ მიკერძოებულ დამოკიდებულებას? ის ასეთ რამეს არ დაუშვებდა. აპოლოსი უკვე აღარ იმყოფებოდა კორინთში, როცა მოციქული პავლე სთხოვდა იქ დაბრუნებას (1 კორ. 16:12). აპოლოსი კრებაში განხეთქილების მთესველი რომ ყოფილიყო, პავლე მას კორინთში დაბრუნებას არაფრის დიდებით არ სთხოვდა. ფაქტია, აპოლოსი თავის ნიჭსა და უნარს სხვების სასიკეთოდ იყენებდა, კერძოდ, სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად და-ძმების გასამხნევებლად. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის თავმდაბალი ადამიანი იყო. მაგალითად, მას ღირსების გრძნობა არ შელახვია, როცა აკვილამ და პრისკილამ „უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:24—28).

17. როგორ შეუწყო ხელი პავლემ მშვიდობას?

17 მოციქულმა პავლემ იცოდა, რამდენ კარგ საქმეს აკეთებდა აპოლოსი, მაგრამ მასში მეტოქეს არ ხედავდა. პავლეს თავმდაბლობა, მოკრძალება და გონიერება კარგად გამოჩნდა კორინთის კრებისთვის მიცემული რჩევიდან. მას არ შეუფერებია მათი სიტყვები, ვინც ამბობდა, „მე პავლესი ვარო“. ნაცვლად ამისა, მათი ყურადღება იეჰოვასა და იესოსკენ მიმართა (1 კორ. 3:3—6).

18. პირველი კორინთელების 4:6, 7-ში ჩაწერილიდან გამომდინარე, რას ვსწავლობთ აპოლოსისა და პავლესგან?

18 რას ვსწავლობთ აპოლოსისა და პავლეს მაგალითებიდან? შეიძლება თავს არ ვზოგავთ იეჰოვას მსახურებაში და ბევრსაც ვეხმარებით სულიერ წინსვლასა და ნათლობაში. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ იეჰოვას წყალობით ვაღწევთ. პავლესა და აპოლოსის მაგალითი ჩვენთვის სხვა მხრივაც არის საყურადღებო. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვფლობთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმისა, რომ მშვიდობას შევუწყოთ ხელი. სასიხარულოა იმის დანახვა, როგორ უწყობენ პასუხისმგებელი ძმები ხელს კრებაში მშვიდობასა და ერთობას, როცა თავიანთ რჩევებს ღვთის სიტყვაზე აფუძნებენ და მთელი ყურადღება ჩვენს მისაბაძ მაგალითზე, იესო ქრისტეზე, გადააქვთ და არა საკუთარ თავზე (წაიკითხეთ 1 კორინთელების 4:6, 7).

19. რისი გაკეთება გვმართებს? (იხილეთ ჩარჩო  „ნუ გააღვივებთ მეტოქეობის სულს კრებაში“).

19 ყველას გვაქვს ღვთისგან ბოძებული ესა თუ ის ნიჭი და უნარი. ეს ყველაფერი შეგვიძლია იმისთვის გამოვიყენოთ, რომ მოვემსახუროთ ერთმანეთს (1 პეტ. 4:10). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მშვიდობისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯიც კი რაღაცით იმ აგურს ჰგავს, რომლითაც საბოლოოდ სახლი შენდება. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენში პატივმოყვარეობის ნატამალიც არ დარჩეს და მიზნად დავისახოთ, რომ კრებაში მშვიდობასა და ერთობას შევუწყოთ ხელი (ეფეს. 4:3).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

^ აბზ. 5 როგორც პატარ-პატარა ბზარების გამო შეიძლება ადვილად დაიმტვრეს თიხის ჭურჭელი, ისე მეტოქეობის გამო შეიძლება ადვილად დაირღვეს კრების ერთიანობა. თუ კრება არ არის ერთ მუშტად შეკრული, ღვთის თაყვანისცემისთვის მშვიდობიანი გარემო ვერ იქნება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ არ უნდა მივიჩნიოთ სხვები ჩვენს მეტოქეებად და როგორ შევუწყოთ ხელი მშვიდობას კრებაში.

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.