არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 29

მხარი დაუჭირეთ ჩვენს წინამძღოლს, ქრისტეს!

მხარი დაუჭირეთ ჩვენს წინამძღოლს, ქრისტეს!

„მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (ᲛᲐᲗ. 28:18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა არის ღვთის ნება?

 ᲩᲕᲔᲜ ვიცით, რომ იეჰოვას ნებაა, სასიხარულო ცნობა ყველას ექადაგოს (მარ. 13:10; 1 ტიმ. 2:3, 4). ეს საქმე მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაძღოლა თავის საყვარელ ძეს დაავალა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო სათანადოდ უხელმძღვანელებს ამ საქმეს და ღვთის ნებისამებრ ბოლომდე მიიყვანს (მათ. 24:14).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ამ სტატიიდან გავიგებთ, „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით როგორ გვაწვდის იესო სულიერ საზრდოს და როგორ გვამზადებს სამქადაგებლო საქმისთვის (მათ. 24:45). გავიგებთ იმასაც, ჩვენ როგორ დავუჭიროთ მხარი იესოსა და „ერთგულ მონას“.

ᲘᲔᲡᲝ ᲣᲫᲦᲕᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲡ

3. რისი ძალაუფლება მიეცა იესოს?

3 რა გვარწმუნებს, რომ იესო უდგას სათავეში ქადაგების საქმეს? ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. შემდეგ კი ასეთი მითითება მისცა: „ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი“ (მათ. 28:18, 19). ასე რომ, იესოს მიცემული აქვს ძალაუფლება, რომ უხელმძღვანელოს ქადაგების საქმეს.

4. რა გვარწმუნებს, რომ იესო დღემდე ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს?

4 იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ მის მიმდევრებს ყველა ერის ხალხისთვის უნდა ექადაგათ და რომ ქვეყნიერების აღსასრულამდე თავად იქნებოდა მათთან (მათ. 28:20). ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ სამქადაგებლო საქმიანობა მისი ხელმძღვანელობით დღემდე უნდა გაგრძელებულიყო.

5. როგორ ვასრულებთ ფსალმუნის 110:3-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?

5 იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ აღსასრულამდე მქადაგებლები საკმარისად იქნებოდნენ და ამგვარად შესრულდებოდა „ფსალმუნებში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს“ (ფსალმ. 110:3). თუ თქვენც მონაწილეობთ ქადაგების საქმეში, გამოდის, რომ მხარს უჭერთ იესოსა და „ერთგულ მონას“ და ასრულებთ ამ წინასწარმეტყველებას. საქმე წინ მიიწევს, მაგრამ დროდადრო დაბრკოლებებიც ჩნდება.

6. რომელია ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელსაც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები ხვდებიან?

6 ერთ-ერთი დაბრკოლება წინააღმდეგობაა. განდგომილები, რელიგიური წინამძღოლები და პოლიტიკოსები ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნიან ჩვენს საქმიანობაზე. ამიტომ ჩვენი ნათესავები, ახლობლები და თანამშრომლები, რომლებიც ყურს უგდებენ ასეთ პროპაგანდას, შეიძლება შეეცადონ, უარი გვათქმევინონ იეჰოვას მსახურებასა და ქადაგებაზე. ზოგ ქვეყანაში წინააღმდეგობა უფრო აგრესიულ სახეს იღებს. ჩვენს და-ძმებს აშინებენ, თავს ესხმიან და აპატიმრებენ კიდეც. ეს არ გვიკვირს, რადგან იესომ გაგვაფრთხილა: „ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). სიძულვილი იმაზე მოწმობს, რომ იესოს კვალს მივყვებით და იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით (მათ. 5:11, 12). კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან ეშმაკი დგას. მაგრამ ის ვერაფერს გახდება იესოსთან. სასიხარულო ცნობა მაინც აღწევს ყველა ერის ხალხამდე. მოდი ვიმსჯელოთ, საიდან ჩანს ეს.

7. საიდან ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ სრულდება გამოცხადების 14:6, 7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

7 კიდევ ერთი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც გვიწევს, ენობრივი ბარიერია. თუმცა იესომ მოციქული იოანე ხილვის მეშვეობით დაარწმუნა, რომ ჩვენს დროში ეს ბარიერიც გადაილახებოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6, 7). ეს ასეც ხდება. ყველა ერის ადამიანს აქვს საშუალება, მოისმინოს სასიხარულო ცნობა. ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ბიბლიაზე დაფუძნებული მასალა ხელმისაწვდომია 1 000-ზე მეტ ენაზე. ბიბლიის შესასწავლი მთავარი სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ საბოლოოდ 700-ზე მეტ ენაზე იქნება ნათარგმნი. სულიერი საზრდო სმენადაქვეითებულებისა და უსინათლოებისთვისაცაა ხელმისაწვდომი ჟესტურ ენაზე და ბრაილის შრიფტით. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხი სწავლობს ბიბლიური ჭეშმარიტების „სუფთა ენას“ (ზაქ. 8:23; სოფ. 3:9). რომ არა იესოს ხელმძღვანელობა, ამას ვერავინ შეძლებდა.

8. რა შედეგი მოაქვს ჩვენს ქადაგებას?

8 დღეს იეჰოვას ორგანიზაცია 8 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს 240 ქვეყანაში და ყოველწლიურად მათ რიგებს ათობით ათასი ახალმონათლული უერთდება. თუმცა რიცხობრივ ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანები „ახალი პიროვნებით“ ანუ ქრისტიანული თვისებებით იმოსებიან (კოლ. 3:8—10). ზოგი წარსულში უზნეო ცხოვრებას მისდევდა, მოძალადე იყო, მიკერძოებული და ნაციონალისტი. მაგრამ მათზე შესრულდა ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ აღარ ისწავლიდნენ ომს. რაც მეტად ვიმოსებით „ახალი პიროვნებით“, მით მეტად ვიზიდავთ ადამიანებს ღვთის ორგანიზაციისკენ და ვამტკიცებთ, რომ ჩვენს წინამძღოლს, იესო ქრისტეს, მივყვებით (იოან. 13:35; 1 პეტ. 2:12). ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, იესო რომ არ გვედგას მხარში.

ᲘᲔᲡᲝ ᲘᲠᲩᲔᲕᲡ „ᲔᲠᲗᲒᲣᲚ ᲛᲝᲜᲐᲡ“

9. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მათეს 24:45—47-ში უკანასკნელ დროსთან დაკავშირებით?

9 წაიკითხეთ მათეს 24:45—47. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დროს „ერთგულ და გონიერ მონას“ დანიშნავდა სულიერი საზრდოს მოსამზადებლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს დროში „მონას“ ბევრი საქმე ექნებოდა. და ეს ასეც არის. ჩვენმა ზედამხედველმა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი აირჩია, რომ ღვთის ხალხისთვის და სულიერს მოწყურებული ადამიანებისთვის დროულად მიეცათ სულიერი საზრდო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხებული ძმები მათ რწმენაზე ბატონობენ (2 კორ. 1:24). ისინი იესო ქრისტეს აღიარებენ წინამძღოლად და მეთაურად (ეს. 55:4).

10. სურათზე ნაჩვენები წიგნებიდან რომელი დაგეხმარათ მარადიული სიცოცხლის გზის არჩევაში?

10 1919 წლიდან მოყოლებული „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ არაერთი პუბლიკაცია გამოსცა, რათა დაეკმაყოფილებინა სულიერს მოწყურებული ადამიანების მოთხოვნილებები. 1921 წელს გამოიცა წიგნი „ღვთის ქნარი“, რომელშიც ძირითადი ბიბლიური საკითხები იხსნებოდა. დროის სვლასთან ერთად ახალი სახელმძღვანელოები გამოიცემოდა. თქვენ რომელი წიგნი დაგეხმარათ ღვთის გაცნობასა და შეყვარებაში: „დაე მართალი იყოს ღმერთი“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ თუ ჩვენი უახლესი სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“? ყველა ეს სახელმძღვანელო თავისი დროის მოთხოვნებს შეესაბამებოდა.

11. რატომ გვჭირდება ყველას სულიერი საზრდო?

11 იეჰოვასა და მისი სიტყვის შესახებ მეტის გაგება მხოლოდ დაინტერესებულებს კი არა, ყველას გვჭირდება. ეს პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც ამბობდა, რომ „მყარი საკვები მოწიფულთათვის არის“. პავლემ ისიც აღნიშნა, რომ ასეთი საკვები კარგისა და ცუდის გარჩევაში გვეხმარება (ებრ. 5:14). დღეს, როცა ზნეობრივი ნორმები ასეა დეგრადირებული, ჩვენთვის უფრო რთული ხდება ღვთის მოსაწონად ცხოვრება. ამიტომ ძალები რომ მოვიკრიბოთ, ჩვენი ზედამხედველის, იესოს, ხელმძღვანელობით „ერთგული და გონიერი მონა“ უხვ და ნოყიერ სულიერ საზრდოს გვიმზადებს.

12. იესოს მსგავსად, როგორ ვეკიდებით ღვთის სახელს?

12 იესოს მსგავსად, ჩვენც ღირსეულ პატივს მივაგებთ ღვთის სახელს (იოან. 17:6, 26). 1931 წელს ჩვენ ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ გვეწოდა. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ჩვენთვის ღვთის სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გვინდა, მისი სახელით გვიცნობდნენ (ეს. 43:10—12). იმავე წლის ოქტომბრიდან მოყოლებული „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე ვხვდებით ღვთის სახელს. გარდა ამისა, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ აღვადგინეთ ღვთის სახელი ყველგან, სადაც უნდა წერებულიყო. არადა ამ დროს ქრისტიანულმა სამყარომ ის ბიბლიის ბევრი თარგმანიდან ამოიღო.

ᲘᲔᲡᲝ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲐᲡ ᲣᲬᲔᲕᲡ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲔᲑᲡ

13. რა გარწმუნებთ, რომ დღეს იესო „ერთგულ და გონიერ მონას“ ასრულებინებს საქმეს? (იოანე 6:68).

13 იესომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით თავისი მიმდევრები ერთ ორგანიზაციაში გააერთიანა, რომ ღვთისთვის ეცათ თაყვანი. როცა ამ ორგანიზაციაზე ფიქრობთ, შესაძლოა გახსენდებათ იესოსთვის ნათქვამი პეტრე მოციქულის სიტყვები: „ვისთან წავიდეთ?! შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები!“ (იოან. 6:68). დავფიქრდეთ, სად ვიქნებოდით, რომ არა იეჰოვას ორგანიზაცია. იესო ამ ორგანიზაციის მეშვეობით გვკვებავს და გვასწავლის მსახურებას. მეტიც, ის გვეხმარება ღვთისთვის მოსაწონი „ახალი პიროვნებით“ შემოსვაში (ეფეს. 4:24).

14. თქვენ როგორ დაგეხმარათ იეჰოვას ორგანიზაცია კოვიდ-19 პანდემიის დროს?

14 განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ჩანს, როგორ გვხელმძღვანელობს იესო. კოვიდ-19 პანდემიის დროს ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ თვალსაჩინოდ. იმ დროს, როცა მსოფლიოში ბევრმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ჩვენმა წინამძღოლმა იესომ იზრუნა, რომ ნათელი მითითებები მიგვეღო უსაფრთხოების დასაცავად. ამ მითითებებში შედიოდა პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა. უხუცესებმა კი მიიღეს მითითება, რომ რეგულარულად ჰქონოდათ კონტაქტი და-ძმებთან, რათა ეზრუნათ მათ სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე (ეს. 32:1, 2). გარდა ამისა, ახალ-ახალი ანგარიშების მეშვეობით ხელმძღვანელი საბჭო გვამხნევებდა და დამატებით მითითებებს გვაწვდიდა.

15. რა მითითებები მივიღეთ პანდემიის დროს და რა შედეგი მოჰყვა ამას?

15 პანდემიის დროს აგრეთვე მივიღეთ მითითებები, როგორ ჩაგვეტარებინა კრებები და როგორ გვექადაგა. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეში გადავედით კრებებისა და კონგრესების ჩატარების ახალ რეჟიმზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. ჩვენ მალევე გადავერთეთ ტელეფონითა და წერილებით ქადაგებაზე. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა, რასაც მრავალი ფილიალის ტერიტორიაზე მაუწყებელთა რიცხობრივი ზრდა ცხადყოფს. და-ძმებს მსახურებაში ბევრი საინტერესო და გამამხნევებელი შემთხვევა ჰქონდათ (იხილეთ ჩარჩო  „იეჰოვა აკურთხებს ქადაგების საქმეს“).

16. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

16 ზოგი შეიძლება ფიქრობდა, რომ ორგანიზაცია ზედმეტ სიფრთხილეს იჩენდა პანდემიის დროს. თუმცა დრომ აჩვენა, რომ ყველა მითითება სათანადო იყო (მათ. 11:19). როცა ვხედავთ, რამხელა სიყვარულით მიუძღვის იესო თავის მიმდევრებს, მომავალი აღარ გვაშინებს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა და იესო ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან (წაიკითხეთ ებრაელების 13:5, 6).

17. რას ფიქრობთ იესოზე, როგორც წინამძღოლზე?

17 ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იესოს სახით ასეთი წინამძღოლი გვყავს! ჩვენ მივეკუთვნებით ორგანიზაციას, რომელმაც გადალახა კულტურული, ეროვნული თუ ენობრივი ბარიერები. სულიერადაც დანაყრებული ვართ და ქადაგებისთვისაც მომზადებულნი. თითოეული ვსწავლობთ, როგორ შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ და შევიყვაროთ ერთმანეთი. მართლაც საამაყოა, რომ ჩვენი წინამძღოლი იესო ქრისტეა!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

^ დღეს მილიონობით ადამიანი, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა, გულმოდგინედ აცხადებს სასიხარულო ცნობას. თუ თქვენც მათ შორის ხართ, გამოდის, რომ იმ საქმეში მონაწილეობთ, რომელსაც იესო უწევს ზედამხედველობას. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა გვარწმუნებს, რომ იესო ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმეს. ეს გაგვიძლიერებს სურვილს, ვემსახუროთ იეჰოვას და მივყვეთ იესოს ხელმძღვანელობას.