არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 30

უძველესი წინასწარმეტყველება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე

უძველესი წინასწარმეტყველება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე

„მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის“ (ᲓᲐᲑ. 3:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 15 აქეთ იეჰოვას პირმშო!

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა გააკეთა იეჰოვამ ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ? (დაბადება 3:15).

 ᲐᲓᲐᲛᲘᲡᲐ და ევას შეცოდებიდან მალევე იეჰოვამ უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომელიც იმედს ჩაუსახავდა მათ შთამომავლებს. ეს წინასწარმეტყველება დაბადების 3:15-შია ჩაწერილი (წაიკითხეთ).

2. რა მხრივ არის დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება განსაკუთრებული?

2 მართალია, ეს წინასწარმეტყველება ბიბლიის პირველ წიგნშია ჩაწერილი, მაგრამ აზრობრივად ყველა სხვა წიგნიც მას უკავშირდება. როგორც ასაკინძი ზამბარა აერთიანებს ფურცლებს, ისე დაბადების 3:15 აერთიანებს ბიბლიის ყველა წიგნს. მასში მთელი ბიბლიის დედააზრია გადმოცემული, კერძოდ ის, რომ ღმერთი გამოგზავნიდა მხსნელს, რომელიც მოსპობდა ეშმაკსა და მის ბოროტ მიმდევრებს. * როცა ეს მოხდება, ღვთის ყველა მოყვარული შვებით ამოისუნთქებს.

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში შემდეგ კითხვებზე გავცემთ პასუხს: ვინ არიან დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების მთავარი მოქმედი პირები? როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება? ჩვენ როგორ გვეხება ეს წინასწარმეტყველება?

ᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘ?

4. ვინ არის „გველი“ და საიდან ვიცით ეს?

4 დაბადების 3:14, 15-ში ოთხი მოქმედი პირი იკვეთება: „გველი“ და მისი „შთამომავლობა“, „ქალი“ და მისი „შთამომავლობა“. ბიბლიის დახმარებით შეგვიძლია დავადგინოთ მათი ვინაობა. * ჯერ გავიგოთ, ვინ არის „გველი“. ფაქტია, ის ჩვეულებრივი ქვეწარმავალი ვერ იქნებოდა, რადგან ის ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას ვერ გაიგებდა. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ეს წინასწარმეტყველური განაჩენი მოაზროვნე ქმნილებას ეხებოდა. გამოცხადების 12:9 ნათელს ჰფენს მის ვინაობას. ეს „ძველი გველი“ სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი. მაგრამ ვინ არის მისი „შთამომავლობა“?

ᲒᲕᲔᲚᲘ

სატანა ეშმაკი, რომელსაც გამოცხადების 12:9-ში „ძველი გველი“ ეწოდება (იხილეთ აბზაცი 4).

5. ვინ არიან „გველის შთამომავლები“?

5 ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით, ვინც ვის ჰბაძავს საქციელითა თუ აზროვნებით, მისი შთამომავალი ანუ შვილია. ამგვარად „გველის შთამომავლებს“ შეადგენენ ის სულიერი ქმნილებები და ადამიანები, რომლებიც სატანის მსგავსად ეწინააღმდეგებიან იეჰოვასა და მის ხალხს. მათ შორის არიან ის ანგელოზები, რომლებმაც ნოეს დროს მიატოვეს ზეცა და დედამიწაზე ჩამოვიდნენ, და ის ბოროტი ადამიანები, რომლებიც თავიანთი მამის, ეშმაკის მსგავსად იქცევიან (დაბ. 6:1, 2; იოან. 8:44; 1 იოან. 5:19; იუდ. 6).

ᲒᲕᲔᲚᲘᲡ ᲨᲗᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐ

ბოროტი სულიერი ქმნილებები და ადამიანები, რომლებიც იეჰოვასა და მის ხალხს ეწინააღმდეგებიან (იხილეთ აბზაცი 5).

6. საიდან ვიცით, რომ ევა არ იყო ნაწინასწარმეტყველები ქალი?

6 ახლა გავარკვიოთ „ქალის“ ვინაობა. ის ევა ვერ იქნებოდა, რადგან წინასწარმეტყველების თანახმად, ქალის შთამომავალს გველისთვის თავი უნდა გაეჭეჭყა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველი სულიერი ქმნილება, სატანაა. ასე რომ, ევას ვერც ერთი ცოდვილი შთამომავალი სულიერ ქმნილებას თავს ვერ გაუჭეჭყავდა. მაშ, ვის განასახიერებს „ქალი“?

7. როგორც გამოცხადების 12:1, 2, 5, 10-დან ჩანს, ვინ არის დაბადების 3:15-ში ნახსენები „ქალი“?

7 „ქალის“ ვინაობასაც ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ გვიმხელს (წაიკითხეთ გამოცხადების 12:1, 2, 5, 10). მასში აღწერილ ქალს ფეხქვეშ მთვარე აქვს და თავზე 12 ვარსკვლავისგან დამზადებული გვირგვინი ადგას, ამიტომ ის ჩვეულებრივი ქალი ვერ იქნება. მისი ნაშობი ვაჟიც არ არის ჩვეულებრივი ბავშვი, რადგან ის ღვთის სამეფოს განასახიერებს. ვინაიდან ეს სამეფო ზეციერია, „ქალის“ ადგილსამყოფელიც ზეცაში უნდა იყოს. ასე რომ, „ქალი“ განასახიერებს იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს, რომელიც ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შედგება (გალ. 4:26).

ᲥᲐᲚᲘ

იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი, რომელიც შედგება ერთგული სულიერი ქმნილებებისგან (იხილეთ აბზაცი 7).

8. ვინ გახდა „ქალის შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელი და როდის? (დაბადება 22:15—18).

8 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ქალის“ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი აბრაამის საგვარეულო ხაზიდან უნდა მოსულიყო (წაიკითხეთ დაბადების 22:15—18). მაგრამ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ადამიანი სატანა ეშმაკს ვერ გაანადგურებდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო კიდეც, აბრაამის საგვარეულო ხაზში მოვიდა იესო (ლუკ. 3:23, 34). დაახლოებით 30 წლის ასაკში ის ღვთის ცხებული ძეც გახდა და შესაბამისად „ქალის შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელიც (გალ. 3:16). სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღმერთმა მას „დიდებისა და პატივის გვირგვინი“ დაადგა და მთელი ძალაუფლება უბოძა ზეცაში თუ დედამიწაზე, მათ შორის ძალაუფლება „ეშმაკის საქმეების მოსასპობად“ (ებრ. 2:7; მათ. 28:18; 1 იოან. 3:8).

ᲥᲐᲚᲘᲡ ᲨᲗᲐᲛᲝᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐ

იესო ქრისტე და მისი 144 000 ცხებული თანამმართველი (იხილეთ აბზაცები 8, 9).

9, 10. ა) კიდევ ვინ ხდება „ქალის შთამომავალი“ და როდის? ბ) რას განვიხილავთ ახლა?

9 „ქალის შთამომავლობის“ სხვა წარმომადგენლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ, რაც კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც მან ებრაელ და არაებრაელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „თუკი ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (გალ. 3:28, 29). როცა იეჰოვა ქრისტიანს წმინდა სულს სცხებს, ისიც „ქალის შთამომავალი“ ხდება. ასე რომ, „ქალის შთამომავლობას“ იესო ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი შეადგენენ (გამოცხ. 14:1). ისინი თავიანთი ზეციერი მამის, იეჰოვას, ღირსეული შვილები არიან.

10 ჩვენ უკვე გავიგეთ, ვინ არიან დაბადების 3:15-ის მთავარი მოქმედი პირები. ახლა მოკლედ ვიმსჯელოთ იმაზე, დღემდე როგორ ასრულებს იეჰოვა ამ წინასწარმეტყველებას და როგორ გვეხება ის ჩვენ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲡᲠᲣᲚᲓᲔᲑᲐ ᲔᲡ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ?

11. როგორ დაუგესლა ქალის შთამომავალს გველმა ქუსლი?

11 დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, გველი ქუსლს დაუგესლავდა ქალის შთამომავალს. ეს ასეც მოხდა, როცა სატანის მიერ შეგულიანებულმა ებრაელებმა და რომაელებმა ღვთის ძე სიკვდილით დასაჯეს (ლუკ. 23:13, 20—24). ჩვეულებრივ ქუსლზე მიყენებული ჭრილობა ადამიანს გადაადგილების უნარს დროებით უზღუდავს. მსგავსად, „ჭრილობამ“ ანუ სიკვდილმა იესოს მოქმედების უნარი დროებით შეუზღუდა (მათ. 16:21).

12. როდის და როგორ მოხდება გველისთვის თავის გაჭეჭყვა?

12 დაბადების 3:15-ის თანახმად, გველისთვის თავი ქალის შთამომავალს უნდა გაეჭეჭყა, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო უსიცოცხლო მდგომარეობაში არ უნდა დარჩენილიყო. მას, ასე ვთქვათ, უნდა მოეშუშებინა ჭრილობა. ეს ასეც მოხდა. სიკვდილიდან მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღდგა და უკვდავი სულიერი ქმნილება გახდა. ღვთის მიერ დანიშნულ დროს ის „თავს გაუჭეჭყავს“ ანუ ბოლოს მოუღებს სატანას (ებრ. 2:14). მეტიც, ქრისტე და მისი თანამმართველები „გველის შთამომავლობასაც“ ანუ ღვთის დანარჩენ მტრებსაც მოუღებენ ბოლოს (გამოცხ. 17:14; 20:4, 10). *

ᲩᲕᲔᲜ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲔᲮᲔᲑᲐ ᲔᲡ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲐ?

13. რა გავლენას ახდენს ჩვენზე ამ წინასწარმეტყველების შესრულება?

13 ეს წინასწარმეტყველება იეჰოვას ყველა მსახურს ეხება. იესო ადამიანად მოევლინა დედამიწას და საკუთარი ცხოვრებით შესანიშნავად დაგვანახვა ღვთის პიროვნება (იოან. 14:9). მან გაგვაცნო და შეგვაყვარა იეჰოვა ღმერთი. გარდა ამისა, ის დღემდე ხელმძღვანელობს და მოძღვრავს ქრისტიანულ კრებას. მან გვასწავლა, როგორ ვიცხოვროთ ღვთისმოსაწონად. მართალია, „ქუსლში დაიგესლა“ ანუ მოკლეს, მაგრამ ესეც ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურა. იესომ აღდგომის შემდეგ ღმერთს წარუდგინა თავისი სისხლის საფასური. იეჰოვამაც მიიღო ეს სრულყოფილი მსხვერპლი, რომელიც „ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს“ (1 იოან. 1:7).

14. საიდან ჩანს, რომ ედემის ბაღში წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულებას დრო დასჭირდებოდა? ახსენით.

14 ედემის ბაღში წარმოთქმული იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ჩანდა, რომ მათ შესრულებას დრო დასჭირდებოდა. დრო იყო საჭირო, რომ „ქალს“ თავისი „შთამომავლობა“ წარმოეშვა, „გველს“ კი — თავისი, რომ მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილიყო. ეს წინასწარმეტყველება, ასე ვთქვათ, თვალს გვიხელს და გვაჩვენებს, რატომ სძულს სატანის ქვეყნიერებას იეჰოვას თაყვანისმცემლები. ამის შესახებ იესომაც გააფრთხილა თავისი მიმდევრები (მარ. 13:13; იოან. 17:14). განსაკუთრებით ბოლო ასი წელია, უფრო თვალნათლივ ვხედავთ ამ მტრობას.

15. რატომ ვძულვართ უფრო მეტად ქვეყნიერებას, მაგრამ რატომ არ გვეშინია სატანის?

15 1914 წელს გამეფებიდან მალევე იესომ ზეციდან გადმოაგდო სატანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დედამიწის ფარგლებს ვერ სცდება და ელოდება თავის განადგურებას (გამოცხ. 12:9, 12). მაგრამ ის გულხელდაკრეფილი კი არ ზის, გამწარებული და გააფთრებული მთელ რისხვას ღვთის ხალხზე ანთხევს (გამოცხ. 12:13, 17). ამიტომაც ხვდება ღვთის ხალხი სულ უფრო მეტად ქვეყნიერებისგან სიძულვილს. მაგრამ გვჯერა, რომ სატანა და მისი მიმდევრები ვერაფერს გახდებიან ჩვენ წინააღმდეგ. როგორც მოციქული პავლეც ამბობდა: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!“ (რომ. 8:31). დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას ბოლომდე შეასრულებს, რადგან მისი დიდი ნაწილი უკვე შესრულდა.

16—18. რაში დაეხმარა კერტისს, ურსულასა და ჯესიკას დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების გაგება?

16 ღვთის წინასწარმეტყველური დაპირება განსაცდელებთან გამკლავების ძალასაც გვაძლევს. კერტისი, რომელიც მისიონერად მსახურობს გუამში, ამბობს: „განსაცდელებმა და გულგატეხილობამ ჩემი ერთგულება არაერთხელ გამოსცადა. მაგრამ დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე ფიქრი დამეხმარა, ბოლომდე მივნდობოდი ჩემს ზეციერ მამას“. კერტისი მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა იეჰოვა წერტილს დაუსვამს ყველანაირ განსაცდელს.

17 გერმანელი და ურსულა დაბადების 3:15-ის უკეთ გაგებამ დაარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის დანახვამ, რომ ყველა სხვა წინასწარმეტყველება ამ წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ურსულა ასეთ რამეს ამბობს: „ჩემზე განსაკუთრებით იმის გაგებამ იმოქმედა, რომ იეჰოვამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და კაცობრიობას იმედი ჩაუსახა“.

18 აი, რას ამბობს მიკრონეზიაში მცხოვრები ჯესიკა: „დღემდე მახსოვს, რა გრძნობა დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე და რომ დაბადების 3:15 სრულდებოდა. ეს წინასწარმეტყველება მუდმივად შემახსენებს, რომ იეჰოვას ასეთი ცხოვრებისთვის არ შევუქმნივართ. ამან უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, რომ იეჰოვას მსახურება ახლაც და მომავალშიც ნამდვილ ბედნიერებას მომიტანს“.

19. რა გვარწმუნებს, რომ დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების ბოლო ნაწილიც შესრულდება?

19 როგორც ვხედავთ, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება. „ქალის შთამომავლობაც“ და „გველის შთამომავლობაც“ უკვე ნათლად გამოიკვეთა. „ქალის შთამომავლობის“ მთავარმა წარმომადგენელმა, იესომ, უკვე „მოიშუშა ქუსლში მიყენებული ჭრილობა“ და ახლა დიდებული, უკვდავი მეფეა. „ქალის შთამომავლობის“ სხვა წარმომადგენლების შერჩევაც დასასრულს უახლოვდება. ამ წინასწარმეტყველების უდიდესი ნაწილი უკვე შესრულდა. ამიტომ ეჭვი არ გვეპარება, რომ მისი ბოლო ნაწილიც შესრულდება და „გველსაც გაეჭეჭყება თავი“. კაცობრიობა მართლაც შვებით ამოისუნთქებს, როცა სატანას ბოლო მოეღება. მანამდე კი მოდი არ დავნებდეთ და მივენდოთ ჩვენს სიტყვის შემსრულებელ ღმერთს, რადგან მალე „ქალის შთამომავლობის“ მეშვეობით ის კურთხევებით აავსებს „დედამიწის ყველა ერს“ (დაბ. 22:18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 23 იეჰოვა იწყებს მმართველობას

^ ბიბლიის მთავარი აზრის გაგება გაგვიჭირდება, თუ არ გვესმის დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. ამ წინასწარმეტყველების განხილვა რწმენას განგვიმტკიცებს იეჰოვას მიმართ და უფრო მეტად დაგვარწმუნებს, რომ ის თავისი დაპირებების შემსრულებელი ღმერთია.

^ იხილეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართი ბ1, „ბიბლიის დედააზრი“.

^ იხილეთ ჩარჩო „დაბადების 3:14, 15-ის მოქმედი პირები“.