არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

გაწეული ამაგი არასდროს იკარგება!

გაწეული ამაგი არასდროს იკარგება!

დედასთან და ჩემს დასთან, პატისთან ერთად (1948 წ.)

„ᲐᲜᲒᲚᲘᲙᲐᲜᲣᲠ ეკლესიაში ჭეშმარიტებას ვერ მოისმენ. ძებნა განაგრძე!“. ეს სიტყვები ბებიამ, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის მრევლი იყო, დედაჩემს უთხრა. ამის შემდეგ დედამ ჭეშმარიტი რელიგიის ძებნა დაიწყო, თუმცა იეჰოვას მოწმეებთან საუბარი არ სურდა. ის იმასაც კი მეუბნებოდა, რომ თუ მოგვაკითხავდნენ, დავმალულიყავი. მაგრამ 1950 წელს, როცა დედაჩემის უმცროსმა დამ მოწმეებთან შესწავლა დაიწყო, ისიც შეუერთდა. შესწავლა დეიდას სახლში ტარდებოდა. საბოლოოდ, ორივემ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

მამა ადგილობრივ პროტესტანტულ ეკლესიაში უხუცესად მსახურობდა. მისი სურვილით მე და ჩემი და საკვირაო სკოლას ვესწრებოდით, შემდეგ კი დილის 11 საათზე მასთან ერთად ეკლესიაში ქადაგებას ვისმენდით. ნაშუადღევს დედას მივყავდით კრების შეხვედრაზე. საერთოდ არ გაგვჭირვებია იმის გარჩევა, თუ რომელი იყო ჭეშმარიტი რელიგია.

ჰაჩესონებთან ერთად საერთაშორისო კონგრესზე (1958 წ.)

დედა თავისი ახლადშეძენილი რწმენის შესახებ დიდი ხნის მეგობრებს, ბობ და მარიონ ჰაჩესონებს, ესაუბრა. მოგვიანებით ისინიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. 1958 წელს ჰაჩესონებმა თავიანთ სამ ბიჭთან ერთად მეც წამიყვანეს ნიუ-იორკში გამართულ რვადღიან საერთაშორისო კონგრესზე. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რამხელა მსხვერპლზე წავიდნენ ისინი. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან ეს კონგრესი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოვლენა იყო.

ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲣᲚᲬᲠᲤᲔᲚᲛᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲛᲐ ᲐᲦᲛᲫᲠᲐ, ᲛᲔᲢᲘ ᲛᲔᲙᲔᲗᲔᲑᲘᲜᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲕᲘᲡ

მოზარდობის წლებში ფერმაში ვცხოვრობდით. იმდენად მომწონდა ცხოველების მოვლა, რომ სერიოზულად ვფიქრობდი, ვეტერინარი გამოვსულიყავი. ამის შესახებ ერთმა უხუცესმაც გაიგო. ეს ძმა ტაქტიანად მომიდგა. მან შემახსენა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობდით და იმაზეც დამაფიქრა, როგორ იმოქმედებდა იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე უნივერსიტეტში გატარებული წლები (2 ტიმ. 3:1). ამ საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, აღარ ჩამებარებინა უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში სწავლაზე კი ვთქვი უარი, მაგრამ მაინც მაფიქრებდა, რა გზას უნდა დავდგომოდი სკოლის დამთავრების შემდეგ. მართალია, ყოველ შაბათ-კვირას გავდიოდი მსახურებაში, მაგრამ ქადაგება დიდად არ მომწონდა და საკუთარი თავი პიონერად ვერ წარმომედგინა. თანაც, მამაჩემი და ბიძაჩემი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, მირჩევდნენ, ტორონტოში ერთ-ერთ მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში დამეწყო მუშაობა. ბიძას ამ კომპანიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. მეც დავთანხმდი და ტორონტოში პაპასთან გადავედი საცხოვრებლად, რომელიც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა.

ზეგანაკვეთზე მუშაობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემს რწმენას არ იზიარებდნენ, ხელს მიშლიდა, რეგულარულად დავსწრებოდი კრებებს და მემსახურა. რაღაც დროის შემდეგ პაპა დამეღუპა და მომიწია, ახალი საცხოვრებელი მომეძებნა.

ჰაჩესონებმა შემომთავაზეს, მათთან ერთად მეცხოვრა. ისინი მშობლებივით იყვნენ ჩემთვის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს სულიერ წინსვლაში. 1960 წელს მათ ბიჭთან, ჯონთან ერთად მოვინათლე. ჯონმა მალევე დაიწყო პიონერობა. ამან მეც აღმძრა, უფრო მეტი დრო დამეთმო მსახურებისთვის. ჩემი სულიერი წინსვლა ძმებს არ გამორჩენიათ მხედველობიდან და რაღაც დროის შემდეგ თეოკრატიული მსახურების სკოლის ზედამხედველად დამნიშნეს a.

ᲞᲘᲝᲜᲔᲠᲐᲓ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲨᲕᲔᲜᲘᲔᲠ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ

ჩვენი ქორწილის დღეს (1966 წ.)

1966 წელს გულმოდგინე პიონერზე, რანდი ბერგზე, დავქორწინდი. მას ძალიან სურდა იქ მსახურება, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნა იყო. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა გულწრფელი ინტერესი გამოიჩინა ჩვენ მიმართ და წაგვახალისა, ორილიას კრებას დავხმარებოდით. ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია და ორილიაში გადავედით საცხოვრებლად.

რანდის ენთუზიაზმი მეც გადმომედო და ორილიაში ჩასვლიდან მალევე პიონერად მსახურება დავიწყე. რაც უფრო ვიხვეწებოდი მსახურებაში, მით უფრო დიდ სიხარულს მანიჭებდა ხალხთან მსჯელობა და იმის დანახვა, თუ როგორ სწვდებოდნენ ჭეშმარიტებას. მახსოვს, როგორი გახარებულები ვიყავით, როცა ერთმა წყვილმა, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდით, ცვლილებები მოახდინა და იეჰოვას მიუძღვნა თავი.

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲨᲔᲥᲛᲜᲘᲚᲘ ᲐᲖᲠᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ

ერთხელ ტორონტოში ჩასვლის დროს შევხვდი არნოლდ მაკნამარას, რომელიც ბეთელში პასუხისმგებელი ძმა იყო. მან გვკითხა, სპეციალურ პიონერებად მსახურებას ხომ არ ცდიდითო. რა თქმა უნდა, ყველგან წავალთ, ოღონდ კვებეკში არა-მეთქი, ვუპასუხე. იმ დროს კვებეკში დიდი არეულობა იყო. ფრანგულენოვანი მოსახლეობა კანადისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას ითხოვდა, რის გამოც ინგლისურენოვან მოსახლეობას ისინი გულზე არ მოსდიოდა. ჰოდა, მეც მათ გავლენაში ვიყავი მოქცეული.

არნოლდმა მითხრა: „ჯერ-ჯერობით ფილიალი სპეციალურ პიონერებს მხოლოდ კვებეკში გზავნის“. ვიცოდი, რომ რანდის ძალიან უნდოდა იქ მსახურება, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში.

ფრანგული ენის ხუთკვირიანი კურსის გავლის შემდეგ მე და რანდი ერთ წყვილთან ერთად რიმუსკიში გადავედით, რომელიც მონრეალის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 540 კილომეტრში მდებარეობდა. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ფრანგულად თავისუფლად მაინც ვერ ვმეტყველებდით. მაგალითად, ერთხელ, როცა კრების შეხვედრაზე განცხადებებს ვკითხულობდი, უნდა მეთქვა, რომ კონგრესზე დელეგატებს შორის ბევრი ავსტრიელი გვეყოლებოდა, მაგრამ შეცდომით ავსტრიელის ნაცვლად მსგავსი ჟღერადობის სიტყვა „სირაქლემა“ ვთქვი.

„თეთრი სახლი“ რიმუსკიში

რიმუსკიში ოთხი დაუქორწინებელი და და ჰიუბერდოების ოჯახი შემოგვიერთდნენ, რომელთაც ორი ქალიშვილი ჰყავდათ. ჰიუბერდოებმა შვიდსაძინებლიანი სახლი იქირავეს, რათა პიონერებს ერთად გვეცხოვრა. თეთრი ფასადის გამო მას „თეთრი სახლი“ ვუწოდეთ. ჩვეულებრივ, ამ სახლში 12—14 კაცამდე ვცხოვრობდით, ამიტომ მსახურებაში პარტნიორი სულ გვყავდა. ზამთარში, საღამოს საათებშიც კი არ ვრჩებოდით მეწყვილის გარეშე. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. მათი დახმარებით დილიდან საღამომდე მსახურებას მშვენივრად ვახერხებდით.

ერთი ოჯახივით გავხდით. ზოგჯერ კოცონის გარშემო ვსხდებოდით, ზოგჯერ კი სხვადასხვანაირ ღვეზელს ვაცხობდით. ერთ-ერთი ძმა მუსიკოსი იყო. ჰოდა, შაბათობით საღამოს ხშირად ვმღეროდით და ვცეკვავდით კიდეც.

რიმუსკიში მსახურება ნაყოფიერი იყო. ხუთ წელიწადში რამდენიმე ბიბლიის შემსწავლელი მოინათლა და კრებაში მაუწყებელთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

კვებეკში მსახურების კარგი გამოცდილება მივიღეთ. ვხედავდით, როგორ გვიმართავდა იეჰოვა ხელს მსახურებაში და როგორ ზრუნავდა ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე. შეგვიყვარდა ფრანგულენოვანი ხალხიც, მათი ენა და კულტურა. ამან გაგვიადვილა, რომ ყველასთვის ფართოდ გაგვეხსნა გულისკარი (2 კორ. 6:13).

სრულიად მოულოდნელად ფილიალმა ნიუ-ბრანზუიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ტრაქადიში გვთხოვა გადასვლა. მაგრამ ამის გაკეთება ჩვენთვის იოლი არ იყო — ახალი დადებული გვქონდა ქირავნობის ხელშეკრულება, სამუშაო კონტრაქტი მქონდა გაფორმებული ერთ-ერთი სკოლის დირექციასთან, ჩვენი ბიბლიის შემსწავლელები ნაბიჯებს დგამდნენ და, თანაც დარბაზს ვაშენებდით.

ბევრი ლოცვის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით ტრაქადიში და იქაურობა გვენახა. ეს პატარა ქალაქი ძალიან განსხვავდებოდა რიმუსკისგან, მაგრამ იეჰოვას ნებას დავყევით და იქ გადავედით. ჩვენ, ასე ვთქვათ, გამოვცადეთ იეჰოვა და საკუთარი თვალით დავინახეთ, როგორ მოგვიგვარა პრობლემები (მალ. 3:10). ცვლილებებთან შეგუებას რანდის მტკიცე რწმენა, თავგანწირვის სული და იუმორის გრძნობაც მიადვილებდა.

ახალ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი იყო, რობერტ როსი. ის და მისი მეუღლე ლინდა იქ მსახურების გასაფართოებლად იყვნენ გადასული. მოგვიანებით მათ შვილი ეყოლათ, რის გამოც პიონერობის შეწყვეტა მოუწიათ, თუმცა მაინც გადაწყვიტეს, დარჩენილიყვნენ. ოჯახური პასუხისმგებლობების მიუხედავად, ისინი ყურადღებას არ გვაკლებდნენ და გულმოდგინედ მსახურობდნენ, რისი დანახვაც ძალიან გვამხნევებდა.

ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲗ ᲕᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲑᲗ ᲧᲕᲔᲚᲒᲐᲜ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲐᲐ

პირველ რაიონში მსახურების დროს

ტრაქადიში ორწლიანი მსახურების შემდეგ დიდი სიურპრიზი გველოდა. ძმებმა გვთხოვეს, მიმოსვლით მსახურებაში ჩავბმულიყავით. ინგლისურენოვან რაიონებს შვიდი წლის განმავლობაში ვინახულებდით, რის შემდეგაც კვებეკში ფრანგულენოვან რაიონში დაგვნიშნეს. ჩვენი საოლქო ზედამხედველი ლეონს კრეპოლი b მოხსენებით გამოსვლის შემდეგ მაქებდა ხოლმე, თუმცა იმაზეც მაფიქრებდა, რისი გაკეთება შემეძლო, რომ ჩემი მოხსენებები უფრო პრაქტიკული ყოფილიყო მსმენელისთვის. მისი გულწრფელი ინტერესისა და რჩევების წყალობით, უფრო მარტივად და გასაგებად ვისწავლე აზრის გადმოცემა.

1978 წელს მონრეალში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე სამზარეულოში მომიწია მუშაობა, რაც ჩემთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი დავალება იყო. 80 000 დელეგატს უნდა მოვმსახურებოდით, თანაც ახლებური მეთოდით უნდა გაგვენაწილებინა მათთვის საკვები. ყველაფერი ახალი იყო — სამზარეულოს ინვენტარი, დანადგარები, მენიუ და მომზადების წესიც. გვქონდა 20-მდე დიდი მაცივარი, რომლებიც შიგადაშიგ მწყობრიდან გამოდიოდა. კონგრესის წინა დღეს სტადიონზე სპორტული ღონისძიება ტარდებოდა, ამიტომ შუაღამემდე ვერ შევედით იქ. არადა უამრავი საქმე გვქონდა გასაკეთებელი. მაგალითად, საუზმის გამზადებას ვერ მოვასწრებდით, თუ ღუმლებს გათენებამდე არ გავაცხელებდით. მართალია, ყველანი ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ იუმორის გრძნობას არ ვკარგავდით. ჩემთვის ნამდვილად სამაგალითო იყო იმ მოხალისეთა გულმოდგინებისა და მოწიფულობის დანახვა, რომლებიც სამზარეულოში მეხმარებოდნენ. ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით და დღემდე ვმეგობრობთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გახარებულები ვიყავით, რომ კვებეკში, სადაც 1940-იან და 1950-იან წლებში და-ძმები სასტიკად იდევნებოდნენ, ასეთი ისტორიული კონგრესი ჩატარდა!

მე და რანდი მონრეალში კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების დროს (1985 წ.)

ბევრი ვისწავლე მონრეალში გამართულ კონგრესებზე სხვადასხვა განყოფილების ზედამხედველებისგანაც. ერთხელ კონგრესის ზედამხედველად დეივიდ სპლეინი მსახურობდა, რომელიც დღეს ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. მოგვიანებით, როცა იგივე პასუხისმგებლობა მე მომანდეს, დეივიდი მხარში ამომიდგა და დამეხმარა, ამ საქმისთვის სათანადოდ გამერთმია თავი.

2011 წელს, 36-წლიანი მიმოსვლითი მსახურების შემდეგ, უხუცესთა სკოლის ინსტრუქტორად დამნიშნეს. სულ რაღაც ორ წელიწადში 75 ადგილას მოგვიწია ღამის გათევა. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა ამად! ყოველი კვირის ბოლოს ერთი სიამოვნება იყო იმის მოსმენა, თუ როგორ გამოხატავდნენ უხუცესები ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ მადლიერებას.

მოგვიანებით სამეფოს მახარობელთა სკოლის მასწავლებლად დავინიშნე. კარგად მახსოვს, როგორ უჭირდათ სტუდენტებს დატვირთული გრაფიკით ცხოვრება — ყოველდღე შვიდი საათი საკლასო ოთახში ჯდომა და სამი საათი მეცადინეობა, კვირაში ოთხჯერ ან ხუთჯერ კი დავალებით გამოსვლა. მასწავლებლები ვუხსნიდით, რომ ამ ყველაფერს იეჰოვას დახმარების გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებდნენ. არასდროს დამავიწყდება სტუდენტების ემოციები, როცა ხედავდნენ, რომ იეჰოვაზე მინდობით იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე წარმოედგინათ.

ᲐᲛᲐᲒᲘ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲘᲙᲐᲠᲒᲔᲑᲐ

დედა ყოველთვის გულწრფელ ინტერესს იჩენდა თავისი შემსწავლელების მიმართ, რაც ხელს უწყობდა მათ სულიერ ზრდას. მისი ასეთი დამოკიდებულება მამაზეც დადებითად აისახა და გული მოულბო. ჩვენდა გასაკვირად, დედის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ მამა კრების შეხვედრას დაესწრო. იმ დღიდან მოყოლებული 26 წლის განმავლობაში მას შეხვედრა აღარ გაუცდენია. მართალია, მამა არ მონათლულა, მაგრამ კრების უხუცესებმა მითხრეს, რომ დარბაზში ყოველთვის პირველი მიდიოდა.

დედის მაგალითმა ჩემსა და ჩემს დებზე წარუშლელი კვალი დატოვა. ჩემი დები თავიანთ მეუღლეებთან ერთად იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან. ორი მათგანი ფილიალში მსახურობს, ერთი — პორტუგალიაში, მეორე კი — ჰაიტიზე.

მე და რანდი ამჟამად სპეციალურ პიონერებად ვმსახურობთ ჰამილტონში. როცა მიმოსვლით მსახურებას ვეწეოდით, სხვებს დავყვებოდით განმეორებით მონახულებებზე და ბიბლიის შესწავლებზე. ახლა კი თავად გვყავს შემსწავლელები და ვხარობთ მათი სულიერი ზრდით. რაც უკეთ გავიცანით და-ძმები კრებაში, მით უკეთ დავინახეთ, როგორ უჭერს მათ იეჰოვა მხარს ჭირსა და ლხინში.

არასდროს დავუვიწყებთ და-ძმებს ჩვენზე გაწეულ ამაგს და ჩვენც ყოველთვის ვეცდებით, გულწრფელად დავინტერესდეთ თანაქრისტიანებით და წავახალისოთ, რომ იეჰოვას მსახურებაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი (2 კორ. 7:6, 7). მახსენდება ერთი ოჯახი, სადაც ყველა პიონერად მსახურობდა ოჯახისთავის გარდა. ამ ძმას ვკითხე, თვითონაც ხომ არ ფიქრობდა პიონერობის დაწყებაზე. მან მითხრა, რომ უკვე მაქსიმუმს აკეთებდა, რადგან სამ პიონერზე ზრუნავდა. „იეჰოვაზე უკეთ შეძლებ მათზე ზრუნვას?“, — ვკითხე მე და ვურჩიე, მასაც გამოეცადა ის სიხარული, რასაც ასეთი მსახურება ანიჭებდა მის ცოლ-შვილს. ამ საუბრიდან ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ მანაც დაიწყო პიონერობა.

მე და რანდის გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავაც ვაუწყოთ „მომავალ თაობას“ იეჰოვას „გასაოცარი საქმეების“ შესახებ, რათა მათაც ჩვენსავით გაიხარონ მისი მსახურებით (ფსალმ. 71:17, 18).

a დღეს თეოკრატიული სკოლის ზედამხედველს ეწოდება «შეხვედრის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ ზედამხედველი».

b ლეონს კრეპოლის ბიოგრაფიის წასაკითხად იხილეთ 2020 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 26—30.