არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 31

„იყავით მტკიცენი, ურყევნი“

„იყავით მტკიცენი, ურყევნი“

„ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი, ურყევნი“ (1 ᲙᲝᲠ. 15:58).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი (1 კორინთელები 15:58).

 1970-ᲘᲐᲜᲘ წლების მიწურულს ტოკიოში 60-სართულიანი ცათამბჯენი აშენდა. ბევრს აფიქრებდა, როგორ გაუძლებდა ეს შენობა ხშირ მიწისძვრებს. საბედნიეროდ, ინჟინრებმა ის ისე დააპროექტეს, რომ სეისმური დატვირთვის დროს მდგრადიც ყოფილიყო და მოქნილიც. რაღაც გაგებით, ქრისტიანები ასეთ შენობებს ვგავართ.

2 ჩვენც გვმართებს, რომ, ერთი მხრივ, მტკიცენი ვიყოთ, მეორე მხრივ კი — მოქნილნი. ჩვენ მტკიცედ და ურყევად უნდა დავიცვათ იეჰოვას კანონები და ნორმები და არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ კომპრომისზე. თუმცა კეთილგონიერნი ანუ მოქნილნიც უნდა ვიყოთ, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს ან ამის შესაძლებლობა გვაქვს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58; იაკ. 3:17). ამ შემთხვევაში უკიდურესობებში არ გადავვარდებით — არც მეტისმეტად მომთხოვნები ვიქნებით და არც მეტისმეტად შემწყნარებლები. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, როდის გვმართებს სიმტკიცის გამოვლენა, იმასაც გავიგებთ, რომელი ხუთი საშუალებით ცდილობს სატანა ჩვენი სიმტკიცის შერყევას და როგორ შევინარჩუნოთ სიმტკიცე.

ᲠᲝᲓᲘᲡ ᲒᲕᲛᲐᲠᲗᲔᲑᲡ ᲡᲘᲛᲢᲙᲘᲪᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲩᲔᲜᲐ

3. რა მოთხოვნები წაუყენა იეჰოვამ ქრისტიანებს? (საქმეები 15:28, 29).

3 უზენაესი კანონმდებელი იეჰოვა ოდითგანვე ნათელ და გასაგებ კანონებს აძლევს თავის ხალხს (ეს. 33:22). მაგალითად, პირველ საუკუნეში მან ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით თავისი ხალხისგან სამ საკითხში მოითხოვა სიმტკიცის გამოვლენა: 1) მათ წმინდად უნდა დაეცვათ თავიანთი თაყვანისმცემლობა, 2) სისხლი წმინდა უნდა ყოფილიყო მათთვის და 3) ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით უნდა ეცხოვრათ (წაიკითხეთ საქმეების 15:28, 29). ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ სამ საკითხში მტკიცე პოზიციის შენარჩუნება?

4. როგორ უნდა დავიცვათ წმინდად თაყვანისმცემლობა? (გამოცხადება 4:11).

4 წმინდად უნდა დავიცვათ თაყვანისმცემლობა. იეჰოვა ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი (კან. 5:6—10). ამას იესომაც გაუსვა ხაზი მაშინ, როცა სატანა მის ცდუნებას შეეცადა (მათ. 4:8—10). სწორედ ამ მიზეზით ჩვენ არ ვეთაყვანებით კერპებსა თუ ხატებს და არც ადამიანებს ვაღმერთებთ, იქნებიან ისინი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერები, ცნობილი სპორტსმენები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იეჰოვას მხარეს და მხოლოდ მას, ყოველივეს შემოქმედს, ვცემთ თაყვანს (წაიკითხეთ გამოცხადების 4:11).

5. რატომ ვიცავთ სიცოცხლისა და სისხლის სიწმინდეს?

5 უნდა დავიცვათ სიცოცხლისა და სისხლის სიწმინდე. თავად იეჰოვამ თქვა, რომ სისხლი სიცოცხლეს ასიმბოლოებს, რომელიც მისგან ბოძებული უძვირფასესი ძღვენია (ლევ. 17:14). როცა იეჰოვამ ადამიანებს ხორცის ჭამის უფლება მისცა, ისიც უთხრა, რომ სისხლი არ ეჭამათ (დაბ. 9:4). მან ეს მითითება ისრაელისთვის მიცემულ კანონშიც გაიმეორა (ლევ. 17:10). იეჰოვამ იმაზეც იზრუნა, რომ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს ქრისტიანებისთვის მითითება მიეცა, რომ მორიდებოდნენ სისხლს (საქ. 15:28, 29). ამიტომ, როცა მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ჩვენ მტკიცე პოზიციას ვიკავებთ. b

6. რისი გაკეთება გვმართებს ზნეობრივი სიწმინდის დასაცავად?

6 უნდა დავიცვათ ზნეობრივი სიწმინდე (ებრ. 13:4). მოციქული პავლე გვირჩევს, რომ „ჩავკლათ“ ჩვენში ხორციელი მისწრაფებანი ანუ ყველანაირად ვეცადოთ, არ ავყვეთ არასწორ სურვილებს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ რამეს, რამაც შეიძლება უზნეობამდე მიგვიყვანოს (კოლ. 3:5; იობ. 31:1). ამ შემთხვევაში, თუ ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, მაშინვე უკუვაგდებთ ნებისმიერ უწმინდურ აზრს და ისეთს არაფერს გავაკეთებთ, რაც იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებდა.

7. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი და რატომ?

7 იეჰოვა მოელის, რომ გულით დავემორჩილებით (რომ. 6:17). ის ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის და ისეთ კანონებს გვაძლევს, რომელთაც წუნი არ დაედება (ეს. 48:17, 18; 1 კორ. 6:9, 10). ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გული გავუხაროთ იეჰოვას და ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქონდა: „მტკიცედ განვიზრახე, შენს წესებს დავემორჩილო მთელი სიცოცხლე, სამარის კარამდე“ (ფსალმ. 119:112). თუმცა სატანა მაინც შეეცდება, ჩვენი მტკიცე პოზიცია შეარყიოს. მოდი გავიგოთ, რა საშუალებებს იყენებს ის ამისთვის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲡ ᲡᲐᲢᲐᲜᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲘᲛᲢᲙᲘᲪᲘᲡ ᲨᲔᲠᲧᲔᲕᲐᲡ

8. რას მიმართავს სატანა ჩვენი სიმტკიცის შესარყევად?

8 დევნა. ჩვენ გასატეხად სატანა ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემოციურ წნეხს მიმართავს. მას სურს, რომ „გადაგვყლაპოს“ ანუ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს (1 პეტ. 5:8). თავიანთი მტკიცე პოზიციის გამო ქრისტიანებს პირველ საუკუნეშიც ემუქრებოდნენ, სცემდნენ და სიცოცხლესაც კი ასალმებდნენ (საქ. 5:27, 28, 40; 7:54—60). სატანის მეთოდები დღესაც უცვლელია. მოწმეები სხვადასხვა სახის წინააღმდეგობას ვხვდებით, ზოგ ქვეყანაში კი, მაგალითად, რუსეთში, სასტიკად გვდევნიან.

9. რა ხრიკებს მიმართავს სატანა? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ხრიკები. სატანა პირდაპირი თავდასხმების გარდა სხვადასხვა ხრიკსაც მიმართავს (ეფეს. 6:11). ეს კარგად ჩანს ერთი ძმის, ბობის, შემთხვევიდან, რომელსაც სერიოზული ოპერაცია სჭირდებოდა. მან ნათლად აუხსნა ექიმებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ გადაისხამდა სისხლს. ამაზე ქირურგიც თანახმა იყო. ოპერაციის წინა ღამეს, როცა ბობის ოჯახის წევრები წასულ-წამოსულები იყვნენ, ანესთეზიოლოგი მის პალატაში შევიდა. მან ბობს უთხრა, რომ მართალია, გადასხმა დიდი ალბათობით არ დასჭირდებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის სისხლი მაინც მზად ექნებოდათ. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ რახან ბობს ოჯახის წევრები გვერდით არ ჰყავდა, აზრს შეიცვლიდა. მაგრამ ბობი კვლავაც თავის პოზიციაზე დარჩა.

10. რატომაა საშიში ადამიანური სიბრძნე? (1 კორინთელები 3:19, 20).

10 ადამიანური სიბრძნე. თუ საზოგადოების გავლენაში მოვექცევით, შეიძლება იქამდეც კი მივიდეთ, რომ იეჰოვა და მისი ნორმები არად ჩავაგდოთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:19, 20). ჩვენი არასრულყოფილი ბუნებისთვის „ამ ქვეყნიერების სიბრძნე“ მიმზიდველია. ზოგი პერგამონელი და თიატირელი ქრისტიანი გარშემო მცხოვრები კერპთაყვანისმცემელი და უზნეო ხალხის გავლენაში მოექცა. უზნეობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო იესომ გაკიცხა ისინი (გამოცხ. 2:14, 20). დღესაც გარშემომყოფები ცდილობენ ჩვენზე გავლენის მოხდენას. შესაძლოა ახლობლებმა გვითხრან, რაღა დროს ბიბლიური ნორმებია, გულს მოუსმინეო.

11. რას უნდა მოვერიდოთ?

11 ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იეჰოვასგან მიღებული მითითებები მეტ კონკრეტულობას საჭიროებს. ამ დროს დიდია ცდუნება, რომ გადავიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6). სწორედ ამ მახეში გაებნენ იესოს დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები. მათ უამრავი წესი შემოიღეს და მძიმე ტვირთი აჰკიდეს უბრალო ხალხს (მათ. 23:4). დამატებითი წესების დადგენის საჭიროება არც დღეს არის, რადგან იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით ნათელ მითითებებს გვაძლევს (იგავ. 3:5—7). ამიტომ არ უნდა გადავიდეთ ბიბლიაში ჩაწერილს და დოგმატურები არ უნდა ვიყოთ, როცა საქმე პირად არჩევანს ეხება.

12. როგორ ავრცელებს სატანა სიცრუეს?

12 სიცრუე. სატანა ქვეყნიურ შეხედულებებს გვახვევს თავს, რათა შეცდომაში შეგვიყვანოს და ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდოს (კოლ. 2:8). პირველ საუკუნეში ის ამ მიზნით იყენებდა ფილოსოფიასა თუ არაბიბლიურ იუდაისტურ მოძღვრებებს და ხელს უწყობდა იმ აზრის გავრცელებას, რომ ქრისტიანებისთვის მოსეს კანონის დაცვა სავალდებულო იყო. ასეთი სიცრუით სატანა ხალხს ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროს, იეჰოვას, აშორებდა. დღეს ის პოლიტიკური ლიდერების მეშვეობით სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელებში ავრცელებს დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს. კოვიდ-19 პანდემიის დროს ამის მოწმენი არაერთხელ გავხდით. c თუმცა ისინი, ვინც მიჰყვებოდნენ ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ ხელმძღვანელობას, დაცული იყვნენ ზედმეტი საწუხარისგან (მათ. 24:45).

13. კიდევ როგორ ცდილობს სატანა ჩვენი სიმტკიცის შერყევას?

13 მომცდენი ფაქტორები. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10). ისეთმა ყოფითმა საქმეებმა, როგორებიცაა ჭამა-სმა, გართობა და სამსახური, შეიძლება დიდი დრო წაგვართვას და ხელი შეგვიშალოს ამაში (ლუკ. 21:34, 35). გარდა ამისა, ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციას ვიღებთ ახალი ამბებიდან სოციალური პრობლემებისა თუ პოლიტიკური დაპირისპირებების შესახებ. თუ ასეთი საკითხებით ვიქნებით მოცულნი, ადრე თუ გვიან, რომელიმე მხარეს დავიკავებთ. სატანა ყველა ზემოხსენებულ მეთოდს იყენებს, რომ მტკიცე პოზიცია დაგვათმობინოს და სწორი გზიდან გადაგვახვევინოს. როგორ გავუწიოთ მას წინააღმდეგობა? ამაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲝᲗ ᲡᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔ

სიმტკიცე რომ შეინარჩუნოთ, უნდა იფიქროთ მიძღვნასა და ნათლობაზე, იკვლიოთ ღვთის სიტყვა და გააანალიზოთ წაკითხული, არ უნდა იყოთ მერყევები და ბოლომდე მიენდოთ იეჰოვას (იხილეთ აბზაცები 14—18).

14. რა დაგვეხმარება, მივყვეთ აღებულ კურსს?

14 იფიქრეთ თქვენს მიძღვნასა და ნათლობაზე. თქვენ ეს ნაბიჯები იმიტომ გადადგით, რომ გსურდათ, იეჰოვას მხარე დაგეკავებინათ. გაიხსენეთ, რამ აღძრა თქვენში ეს სურვილი. ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ დარწმუნდით, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ და ზეციერი მამისადმი პატივისცემითა და სიყვარულით განიმსჭვალეთ. რწმენამ კი მონანიებისკენ აღგძრათ და მტკიცედ გადაწყვიტეთ, შეცვლილიყავით და ღვთის მოსაწონად გეცხოვრათ, რის შემდეგაც სიმშვიდე დაგეუფლათ, რადგან მიხვდით, რომ იეჰოვამ გაპატიათ (ფსალმ. 32:1, 2). ქრისტიანულ შეხვედრებსაც ესწრებოდით და სხვებსაც უზიარებდით ნასწავლს. ახლა კი, მიძღვნისა და მონათვლის შემდეგ, გადაწყვეტილი გაქვთ, არ გადაუხვიოთ სიცოცხლის გზიდან (მათ. 7:13, 14).

15. რატომ უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე?

15 იკვლიეთ ღვთის სიტყვა და გააანალიზეთ წაკითხული. ხე იმ შემთხვევაში იდგება მყარად, თუ ფესვები ღრმად ექნება გადგმული. თუ ჩავუღრმავდებით ღვთის სიტყვას, რწმენა განგვიმტკიცდება და ეჭვი არ შეგვეპარება, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია (კოლ. 2:6, 7). დაფიქრდით, როგორ ხელმძღვანელობდა და როგორ იცავდა იეჰოვა წარსულში თავის მსახურებს. ამის კარგი მაგალითია ეზეკიელი. როცა მან ხილვაში ნახა, როგორ ზომავდა ანგელოზი სიმბოლურ ტაძარს, გულდასმით დააკვირდა თითოეულ დეტალს, რის წყალობითაც რწმენა განუმტკიცდა. ეს ხილვა დღემდე ეხმარება ღვთის მსახურებს, დაიცვან იეჰოვას მიერ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის დადგენილი ნორმები d (ეზეკ. 40:1—4; 43:10—12). ჩვენც განგვიმტკიცდება რწმენა, თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ვიფიქრებთ მასზე.

16. რა დაეხმარა ბობს, არ წასულიყო კომპრომისზე? (ფსალმუნი 112:7).

16 ნუ იქნებით მერყევი. მეფე დავითმა ღვთისადმი თავისი ურყევი სიყვარულის აღსაწერად ასეთი რამ თქვა: „ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული!“ (ფსალმ. 57:7). თუ ეჭვი არ შეგვეპარება იეჰოვასა და მისი მითითებების სანდოობაში, ჩვენი გულიც მტკიცე იქნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 112:7). სწორედ ამაში იყო დარწმუნებული ზემოთ მოხსენიებული ბობიც. ამიტომ, როცა უთხრეს, რომ ოპერაციის დროს ყოველი შემთხვევისთვის სისხლი მზად ექნებოდათ, მან მტკიცედ განუცხადა, რომ, თუ მის აზრს არ გაითვალისწინებდნენ, საავადმყოფოს მაშინვე დატოვებდა. მოგვიანებით ბობმა ასეთი რამ თქვა: „ოდნავადაც არ ავღელვებულვარ, რადგან ეჭვი არ მეპარებოდა ჩემს გადაწყვეტილებაში“.

თუ ძლიერი რწმენა გვექნება, ნებისმიერ ვითარებაში სიმტკიცეს შევინარჩუნებთ (იხილეთ აბზაცი 17).

17. რას ვსწავლობთ ბობისგან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

17 კონკრეტულად რა ნაბიჯები გადადგა ბობმა, რომ „მტკიცე გული“ ჰქონოდა? მან გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა საოპერაციო არაფერი სჭირდა. ამაში მას სამი ფაქტორი დაეხმარა: 1) მას სურდა, იეჰოვასთვის გული გაეხარებინა, 2) ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით გულდასმით იკვლევდა სისხლის სიწმინდის საკითხს და 3) დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა დაუფასებდა მორჩილებას. ბობის მსგავსად, ჩვენც შევძლებთ ნებისმიერ ვითარებაში მტკიცე პოზიციის დაცვას.

ბარაკი თავის მეომრებთან ერთად უშიშრად მისდევს სისერას ჯარს (იხილეთ აბზაცი 18).

18. რას ვსწავლობთ ბარაკისგან? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

18 მიენდეთ იეჰოვას. განვიხილოთ, როგორ დაუფასდა მსაჯულ ბარაკს იეჰოვაზე მინდობა. იმის მიუხედავად, რომ ისრაელში არც ფარები იყო და არც შუბები, იეჰოვამ ბარაკს მითითება მისცა, საბრძოლველად გასულიყო კბილებამდე შეიარაღებული და 900 საომარი ეტლით გამოსული ქანაანელთა ჯარის წინააღმდეგ (მსაჯ. 5:8). წინასწარმეტყველმა დებორამ ბარაკს უთხრა, რომ სისერას ჯართან შესახვედრად ქიშონის ხევთან წასულიყო. ბარაკი დაემორჩილა ამ მითითებას მიუხედავად იმისა, რომ ვაკე ადგილზე ეტლებს აშკარა უპირატესობა ექნებოდათ. როცა ბარაკი და მისი მებრძოლები თაბორის მთიდან ეშვებოდნენ, იეჰოვამ კოკისპირულად აწვიმა, რის გამოც ქანაანელთა საომარი ეტლები ტალახში ჩაეფლო. ასე გაამარჯვებინა იეჰოვამ ბარაკს (მსაჯ. 4:1—7, 10, 13—16). იეჰოვა ჩვენც მოგვაპოვებინებს გამარჯვებას, თუ ბოლომდე მივენდობით მას და ეჭვი არ შეგვეპარება იმ მითითებების სანდოობაში, რომელთაც ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს (კან. 31:6).

ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲨᲔᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲗ ᲡᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔ!

19. რატომ გაქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე შეინარჩუნოთ სიმტკიცე?

19 სანამ ეს ქვეყნიერება იარსებებს, გამუდმებული ბრძოლა მოგვიწევს სიმტკიცის შესანარჩუნებლად (1 ტიმ. 6:11, 12; 2 პეტ. 3:17). სატანა ჩვენი სიმტკიცის შესარყევად დევნას, ხრიკებს, ადამიანურ სიბრძნეს, სიცრუესა თუ სხვადასხვა მომცდენ ფაქტორს გამოიყენებს (ეფეს. 4:14). ამიტომ მოდი მტკიცედ ვიდგეთ, ბოლომდე ვუერთგულოთ იეჰოვას და განუხრელად მივყვეთ მის მითითებებს. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კეთილგონიერნი ანუ მოქნილებიც ვიყოთ. შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, როგორ გვაძლევენ ამის საუკეთესო მაგალითს იეჰოვა და იესო.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ

a ედემის ბაღიდან მოყოლებული სატანა ავრცელებს იმ აზრს, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა არის სწორი და რა არასწორი. ის ცდილობს, ამ აზრით იეჰოვას მსახურებიც მოწამლოს, რათა აღარ დაემორჩილონ ღვთის კანონებს და თეოკრატიულ ხელმძღვანელობას. წინამდებარე სტატია დაგვეხმარება, რომ არ განგვივითარდეს სატანის ქვეყნიერებაში გაბატონებული დამოუკიდებლობის სული და იეჰოვას მხარეს მტკიცედ ვიდგეთ.

b ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, 39-ე გაკვეთილი.

c იხილეთ ვებგვერდზე jw.org სტატია „თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან“.

d მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!“, თავები 13, 14.