არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 30

კვლავაც გაიღრმავეთ სიყვარული

კვლავაც გაიღრმავეთ სიყვარული

„ყოველმხრივ გავიზარდოთ სიყვარულით“ (ᲔᲤᲔᲡ. 4:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 2 იეჰოვაა შენი სახელი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. განსაკუთრებით რის გაგებამ გაგახარათ ბიბლიის შესწავლის დროს?

 ᲐᲚᲑᲐᲗ გახსოვთ ის დრო, როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყეთ. შეიძლება თქვენთვის სიახლე აღმოჩნდა, რომ ღმერთს სახელი აქვს ან შეიძლება მანუგეშებელი იყო იმის გაგება, რომ ის ჯოჯოხეთში არ ტანჯავს ადამიანებს და გარდაცვლილებს სიცოცხლეს დაუბრუნებს. არც ის დაგტოვებდათ გულგრილს, რომ ღმერთი საყვარელ ადამიანებთან ერთად მარადიულ ცხოვრებას გპირდებათ სამოთხედქცეულ დედამიწაზე.

2. რაში დაგვეხმარა ბიბლიური ცოდნა? (ეფესოელების 5:1, 2).

2 რაც უფრო უკეთ ვეცნობოდით ღვთის სიტყვას, მით უფრო მეტად გვიყვარდებოდა იეჰოვაც. სიყვარულმა კი იმისკენ აღგვძრა, რომ ნასწავლის თანახმად გვეცხოვრა. უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებსაც ვიღებდით, რადგან ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობდით. ცვლილებებს ჩვენს აზროვნებასა და საქციელშიც ვახდენდით, რათა გული გაგვეხარებინა იეჰოვასთვის, და როგორც შვილი ჰბაძავს მშობელს, ჩვენც მცდელობას არ ვაკლებდით, რომ ზეციერი მამისთვის მიგვებაძა (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2).

3. რაზე ღირს დაფიქრება?

3 დაფიქრდით: ახლა უფრო ძლიერ გიყვართ იეჰოვა, ვიდრე მაშინ, როცა მოინათლეთ? აჩვენებს თქვენი აზროვნება და საქციელი, რომ ახლა უკეთ ჰბაძავთ მას, განსაკუთრებით თუ საქმე და-ძმების სიყვარულზე მიდგება? თუ შენიშნავთ, რომ თავდაპირველი სიყვარული გაგინელდათ, გული არ გაიტეხოთ. მსგავსი რამ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებსაც დაემართათ. თუმცა იესოს მათზე ხელი არ ჩაუქნევია. გჯეროდეთ, ის არც თქვენზე ჩაიქნევს ხელს (გამოცხ. 2:4, 7). მან კარგად უწყის, რომ თქვენ შეგიძლიათ თავდაპირველი სიყვარულის აგიზგიზება.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გავიღრმაოთ სიყვარული იეჰოვასა და მოყვასისადმი, და იმაზეც ვისაუბრებთ, რა კურთხევები სდევს თან ამას.

ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

5, 6. ა) რა სირთულეებს ხვდებოდა პავლე? ბ) რა დაეხმარა, რომ არ დაეყარა ფარ-ხმალი?

5 პავლე მოციქულს დიდ სიხარულს ანიჭებდა იეჰოვას მსახურება, თუმცა ბევრ სირთულესაც ხვდებოდა. მას სხვადასხვა ადგილზე ჩასასვლელად დიდი მანძილის გავლა უწევდა, რაც იმ დროს არ იყო ადვილი. როგორც თავად ამბობს, ხშირად ყოფილა „განსაცდელში მდინარეებზე [და] ყაჩაღებისგან“. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არც თანაქრისტიანები უფასებდნენ ამაგს (2 კორ. 10:10; 11:23—27; ფილ. 4:15).

6 რა დაეხმარა პავლეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაეყარა? ის წმინდა წერილებიდან უკეთ ეცნობოდა იეჰოვას და საკუთარი გამოცდილებითაც ბევრს სწავლობდა. ამ ყოველივემ პავლე იეჰოვას სიყვარულში დაარწმუნა და თავადაც ძლიერ შეუყვარდა ღმერთი. თავის სიყვარულს კი იმით ამტკიცებდა, რომ დაუღალავად ემსახურებოდა წმინდებს (რომ. 8:38, 39; ეფეს. 2:4, 5; ებრ. 6:10).

7. რა გაგვიღრმავებს იეჰოვასადმი სიყვარულს?

7 ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლა უფრო შეგვაყვარებს ზეციერ მამას. ბიბლიის კითხვის დროს უნდა დავფიქრდეთ, რას გვასწავლის ესა თუ ის მონაკვეთი იეჰოვას შესახებ. მაგალითად, შეგვიძლია ასეთი კითხვები დავსვათ: როგორ მოწმობს წაკითხული ჩემდამი იეჰოვას სიყვარულზე? რა გავიგე ისეთი, რაც იეჰოვას კიდევ უფრო მეტად შემაყვარებს?

8. კიდევ რა გაგვიღრმავებს იეჰოვასადმი სიყვარულს? ახსენით.

8 იეჰოვასადმი სიყვარული იმ შემთხვევაშიც გაგვიღრმავდება, თუ ხშირად გადავუშლით მას ლოცვაში გულს. ის ხომ უპასუხოდ არ ტოვებს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 25:4, 5; 1 იოან. 3:21, 22). აზიაში მცხოვრები ერთი და, სახელად ლინი, b აღნიშნავს: „თავიდან იეჰოვა ბიბლიიდან მიღებულმა ცოდნამ შემაყვარა. მოგვიანებით კი, როცა დავინახე, როგორ პასუხობდა ჩემს ლოცვებს, უფრო შემიყვარდა ღმერთი და მის მოსაწონად ცხოვრების სურვილიც გამიძლიერდა“.

ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲛᲝᲧᲕᲐᲡᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

9. საიდან ჩანდა, რომ ტიმოთეს უყვარდა მოყვასი?

9 ერთ-ერთი მისიონერული მოგზაურობის დროს პავლემ ახალგაზრდა ტიმოთე გაიცნო. როგორც ჩანს, პავლემ შენიშნა, რომ მას ძალიან უყვარდა იეჰოვაც და მოყვასიც. რამდენიმე წლის შემდეგ მან ფილიპელებს ტიმოთეზე ასეთი რამ მისწერა: „არავინ მეგულება მისნაირი განწყობილების, ვინც გულწრფელად იზრუნებს თქვენზე“ (ფილ. 2:20). საგულისხმოა, რომ აქ პავლემ ტიმოთეს ორგანიზატორულ ან ორატორულ ნიჭზე არ გაამახვილა ყურადღება, არამედ იმაზე, თუ როგორ უყვარდა მას და-ძმები. ეჭვგარეშეა, ტიმოთესნაირი ადამიანი სასურველი სტუმარი იქნებოდა ყველა კრებისთვის (1 კორ. 4:17).

10. რისკენ აღძრა ერთი მისიონერი წყვილი მოყვასისადმი სიყვარულმა?

10 ჩვენც უნდა ვეძებოთ თანაქრისტიანების დახმარების შესაძლებლობები (ებრ. 13:16). სწორედ ასე მოიქცა წინა სტატიაში მოხსენიებული მისიონერი ცოლ-ქმარი. ერთხელ იმ მხარეს, სადაც მსახურობდნენ, ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შემდეგ მათ ერთი ოჯახი მოინახულეს, რომელთა სახლსაც სახურავი ჩამონგრეოდა. ამ ოჯახს ერთი ხელი სუფთა ტანსაცმელიც არ შერჩენოდა. მისიონერი და ამბობს: „მათი ტანსაცმელი წამოვიღეთ, გავრეცხეთ და უკან გაუთოებული მივუტანეთ. მართალია, ეს დიდი არაფერი იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ შორის კარგ მეგობრობას ჩაყროდა საფუძველი“. სწორედ მოყვასისადმი სიყვარულმა აღძრა ეს ცოლ-ქმარი, რომ თანაქრისტიანებისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ (1 იოან. 3:17, 18).

11. ა) როგორ შეიძლება იმოქმედოს სხვებზე ჩვენ მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა? ბ) რისკენ აღძრავს იეჰოვას ჩვენ მიერ გაკეთებული სიკეთე? (იგავები 19:17).

11 როდესაც ვცდილობთ, იეჰოვას მივბაძოთ და მოყვასის მიმართ სიკეთე და სითბო გამოვავლინოთ, ეს მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ. ჩვენ არ ვიცით, რა კვალს დატოვებს სხვებზე ჩვენი საქციელი. ზემოთ მოხსენიებული და ლინი თბილად იხსენებს მათ, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა: „გული მადლიერებით მაქვს სავსე ყველა იმ დის მიმართ, რომლებსაც მსახურებაში გავყავდი. ისინი მომაკითხავდნენ ხოლმე და ზოგჯერ წასახემსებლად, ზოგჯერ კი სადილად დამპატიჟებდნენ, შემდეგ კი უკანაც მიმაცილებდნენ. ახლაღა ვხვდები, რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ ეს. თუმცა ამას დიდი სიხარულით აკეთებდნენ“. ლინი დასძენს: „ნეტავ შემეძლოს, რამით მაინც გამოვხატო მადლიერება ამ დებისადმი. თუმცა ისიც კი არ ვიცი, ახლა სად ცხოვრობენ. მაგრამ იეჰოვამ კარგად იცის, ამიტომაც ვლოცულობ, რომ მან გადაუხადოს მათ ყველაფრისთვის“. ცხადია, სიკეთეს ყოველთვის არ დაგვიფასებენ, მაგრამ იეჰოვა მცირედსაც კი არ დაუკარგავს ვინმეს. მისთვის ეს ძალიან ძვირფასი მსხვერპლია. ის არავის დარჩება ვალში (წაიკითხეთ იგავების 19:17).

ქრისტიანი, რომელიც სულიერად წინ მიიწევს, სხვების დახმარების შესაძლებლობებს ეძებს (იხილეთ აბზაცი 12).

12. როგორ შეუძლიათ ძმებს სიყვარული დაუმტკიცონ თანაქრისტიანებს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

12 ძმებო, როგორ შეგიძლიათ სიყვარული დაუმტკიცოთ თანაქრისტიანებს და დახმარების ხელი გაუწოდოთ? ერთმა ახალგაზრდამ, ჯორდანმა, უხუცესს ჰკითხა, თუ როგორ დახარჯულიყო მეტად კრებაში. უხუცესმა თავდაპირველად იმ ყველაფრისთვის შეაქო, რასაც უკვე აკეთებდა, და რამდენიმე რჩევაც მისცა. მაგალითად, ურჩია, რომ უფრო ადრე მისულიყო დარბაზში, რათა შეხვედრაზე მისულები მოეკითხა, უფრო აქტიურად მიეღო მონაწილეობა კომენტარებში, რეგულარულად ექადაგა თავის სამქადაგებლო ჯგუფთან ერთად და და-ძმებისთვის პრაქტიკული დახმარება აღმოეჩინა. ჯორდანმა გაითვალისწინა ეს რჩევები და ახალი უნარ-ჩვევებიც შეიძინა. რაც მთავარია, და-ძმებიც უფრო მეტად შეუყვარდა. ის ერთ რამეს მიხვდა: ძმა მომსახურედ დანიშვნას არ უნდა დაელოდოს, რომ თანაქრისტიანებზე იზრუნოს (1 ტიმ. 3:8—10, 13).

13. რისკენ აღძრა ერთი ძმა სიყვარულმა?

13 შესაძლოა ერთ დროს მომსახურედ ან უხუცესად მსახურობდით, მაგრამ შემდეგ თქვენი მდგომარეობა შეიცვალა. გახსოვდეთ, იეჰოვას არ დავიწყებია თქვენი სიყვარული და გაწეული შრომა (1 კორ. 15:58). მას არც ის რჩება მხედველობიდან, რასაც დღეს აკეთებთ. ერთ ძმას ძალიან გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ უხუცესად აღარ მსახურობდა. ის ამბობს: „გადავწყვიტე, მთელი გულით დავხარჯულიყავი იეჰოვასთვის მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვმსახურობდი უხუცესად“. რაღაც დროის შემდეგ ის კვლავ დაინიშნა უხუცესად. ეს ძმა გულწრფელად აღიარებს, რომ თავიდან ყოყმანობდა. აი რას ამბობს ის: „იეჰოვამ ამხელა წყალობა გამოავლინა ჩემდამი და კვლავ მომანდო ეს პასუხისმგებლობა. მივხვდი, რომ თუ მართლა მიყვარს იეჰოვა და და-ძმები, ამაზე უარი არ უნდა მეთქვა“.

14. რას ვსწავლობთ ელენეს სიტყვებიდან?

14 იეჰოვას მსახურები სიყვარულს მხოლოდ თანაქრისტიანების მიმართ როდი ვავლენთ (მათ. 22:37—39). აი რას ამბობს საქართველოში მცხოვრები ერთი და ელენე: „თავიდან ქადაგება იმიტომ დავიწყე, რომ იეჰოვა მიყვარდა. თუმცა სულიერ ზრდასთან ერთად მოყვასიც შემიყვარდა. ვფიქრობდი, რა პრობლემებს აწყდებოდნენ და რა საკითხებით შეიძლება დაინტერესებულიყვნენ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მათზე, მით უფრო მიძლიერდებოდა მათი დახმარების სურვილი“ (რომ. 10:13—15).

ᲙᲣᲠᲗᲮᲔᲕᲔᲑᲘ

სიკეთეს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება ხოლმე (იხილეთ აბზაცები 15, 16).

15, 16. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

15 როცა და-ძმების მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემია დაიწყო, ერთმა ძმამ პაულომ და მისმა მეუღლემ ბევრ ასაკოვან დას ასწავლეს, როგორ გამოეყენებინათ ელექტრონული მოწყობილობები მსახურებაში. ერთ დას თავიდან ძალიან გაუჭირდა ალღოს აღება, მაგრამ ბოლოს მთელი სანათესაო დაპატიჟა გახსენების საღამოზე. თქვენ წარმოიდგინეთ და, 60 მათგანი ჩაერთო პროგრამას! პაულოსა და მისი მეუღლის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მოგვიანებით ამ დამ პაულოს ასეთი რამ მისწერა: „მადლობა, რომ არ დაგეზარათ ჩვენთვის ამდენი რამის სწავლება. ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ. მადლობა, რომ იეჰოვას მზრუნველობაში დამარწმუნეთ“.

16 ამ შემთხვევამ პაულოს მნიშვნელოვანი რამ ასწავლა: სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე ცოდნასა თუ უნარს. ის ამბობს: „სარაიონო მსახურებაში გატარებული წლების შემდეგ მივხვდი, რომ და-ძმებს შეიძლება არ ახსოვდეთ ჩემი მოხსენებები, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ თუნდაც მცირედი, რაც მათთვის გამიკეთებია“.

17. რატომ იქნება ჩვენთვისვე კარგი სიკეთის კეთება?

17 სიკეთის კეთება ჩვენზეც დადებითად აისახება. ამაში საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა ერთი ახალზელანდიელი ძმა ჯონათანი. ერთ შაბათს მან დაინახა პიონერი ძმა, რომელიც მარტო ქადაგებდა პაპანაქება სიცხეში და გადაწყვიტა, შაბათობით მისთვის პარტნიორობა გაეწია. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რამხელა გავლენას მოახდენდა ეს ნაბიჯი თავად მასზე. ის გვიყვება: „გულწრფელად რომ გითხრათ, იმ პერიოდში მსახურება დიდად არ მეხალისებოდა. თუმცა იმის დანახვამ, თუ როგორ ქადაგებდა ეს პიონერი და რა კარგ შედეგებს აღწევდა, მეც შემაყვარა მსახურება. თანაც კარგი მეგობარიც შევიძინე, რომელიც დამეხმარა, სიხარულით მემსახურა და იეჰოვასაც მეტად დავახლოებოდი“.

18. რა სურს იეჰოვას?

18 იეჰოვას სურვილია, უფრო მეტად შევიყვაროთ ისიც და მოყვასიც. წინამდებარე სტატიიდან ნათლად დავინახეთ, რომ ღვთის სიტყვის კითხვა, წაკითხულზე ფიქრი და რეგულარული ლოცვა, იეჰოვას სიყვარულს კიდევ უფრო გაგვიღრმავებს. და-ძმებისადმი სიყვარულს კი იმ შემთხვევაში გავიძლიერებთ, თუ არ შევიკავებთ თავს მათი დახმარებისგან. ამგვარად, უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას და ჩვენს სულიერ ოჯახს. ეს მეგობრობა კი მარადიულად გასტანს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 109 გულითადად გიყვარდეთ

a ყველას გვჭირდება სულიერი წინსვლა მიუხედავად იმისა, დიდი ხანია ვემსახურებით იეჰოვას თუ არა. ერთ-ერთი მიზანი, რომელიც შეგვიძლია დავისახოთ, იეჰოვასა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გაღრმავებაა. ამ სტატიის განხილვის დროს დაფიქრდით, რა გზა გამოიარეთ აქამდე და როგორ განაგრძოთ წინსვლა.

b ზოგი სახელი შეცვლილია.