არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 29

მზად ხართ „დიდი გასაჭირისთვის“?

მზად ხართ „დიდი გასაჭირისთვის“?

„მზად იყავით“ (ᲛᲐᲗ. 24:44).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რატომაა გონივრული წინასწარ მომზადება?

 ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠ მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, როცა რაიმე უბედურება ხდება, წინასწარ მომზადებულ ადამიანს უფრო დიდი შანსი აქვს, გადარჩეს და სხვებსაც გაუწოდოს დახმარების ხელი. ამ აზრს ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც უსვამენ ხაზს. მაგალითად, ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „გადარჩენის ალბათობა საგრძნობლად იზრდება, თუ ადამიანი წინასწარაა მომზადებული“.

2. რატომ უნდა მოვემზადოთ „დიდი გასაჭირისთვის“? (მათე 24:44).

2 „დიდი გასაჭირი“ მოულოდნელად დაიწყება (მათ. 24:21). თუმცა ეს მოვლენა ყველასთვის მოულოდნელი არ იქნება. დაახლოებით 2 000 წლის წინ იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის (წაიკითხეთ მათეს 24:44). ასე რომ, თუ მზად ვიქნებით, გაგვიადვილდება ამ უმძიმესი დროის ატანა და სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა (ლუკ. 21:36).

3. რატომ დაგვჭირდება მოთმინება, თანაგრძნობა და სიყვარული „დიდი გასაჭირის“ დროს?

3 მოდი ვიმსჯელოთ, რა თვისებები უნდა გამოვიმუშაოთ, რომ მზადყოფნით შევხვდეთ „დიდ გასაჭირს“. მაგალითად, თუ მკაცრი განაჩენის გაცხადებას დაგვავალებენ და ხალხისგან წინააღმდეგობას შევხვდებით, მოთმინება დაგვჭირდება, რომ შევასრულოთ ეს საქმე და ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას (გამოცხ. 16:21); თუ თანაქრისტიანები მატერიალურად დაზარალდებიან ან ყველაფერს დაკარგავენ, თანაგრძნობა დაგვჭირდება, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ (აბაკ. 3:17, 18); ან თუ ერთა კოალიციის თავდასხმის გამო და-ძმებთან ერთად სივიწროვეში მოგვიწევს ცხოვრება, მათდამი სიყვარული ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (ეზეკ. 38:10—12).

4. რის აუცილებლობას უსვამს ხაზს ბიბლია?

4 სწორედ ამ თვისებების გამომუშავებისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა. მაგალითად, ლუკას 21:19-ში წერია: „მოთმინებით გადაირჩენთ თავს“; კოლოსელების 3:12-ში კი ნათქვამია: „შეიმოსეთ . . . თანაგრძნობით“; ხოლო 1 თესალონიკელების 4:9, 10-ში ვკითხულობთ: „ღმერთია თქვენთვის ერთმანეთის სიყვარულის მასწავლებელი . . . მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, ძმებო, რომ კიდევ უფრო გაიღრმაოთ სიყვარული“. ეს სიტყვები ქრისტიანების საყურადღებოდ იყო წარმოთქმული, რომლებიც ისედაც ავლენდნენ ამ თვისებებს. თუმცა აშკარაა, მათ გაუმჯობესება კვლავ სჭირდებოდათ. ეს ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ასე რომ, მოდი განვიხილოთ, როგორ ავლენდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ამ თვისებებს, როგორ შეგვიძლია მათ მივბაძოთ და მოვემზადოთ „დიდი გასაჭირისთვის“.

ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲒᲐᲛᲝᲐᲕᲚᲘᲜᲔᲗ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲐ

5. რა აძლევდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოთმინების ძალას?

5 პირველ საუკუნეში ქრისტიანებს მოთმინების გამოვლენა მართებდათ (ებრ. 10:36). ყოფითი პრობლემების გარდა, მათ სხვა განსაცდელების ატანაც უწევდათ. ბევრი დევნას ხვდებოდა იუდეველი რელიგიური წინამძღოლების, რომაელი მმართველების და საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც კი (მათ. 10:21). მათ განდგომილებისთვისაც უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა, რომლებიც თავიანთი მოძღვრებებით კრებაში განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობდნენ (საქ. 20:29, 30). თუმცა ეს და-ძმები მოთმინებით იტანდნენ ამ ყველაფერს (გამოცხ. 2:3). მათ ისეთ ბიბლიურ პერსონაჟებზე დაფიქრება დაეხმარა, რომლებიც მოთმინების კარგ მაგალითს იძლეოდნენ. ერთ-ერთი იყო იობი (იაკ. 5:10, 11). ამასთანავე, ისინი ღმერთს მოთმინების ძალას სთხოვდნენ და იმაზეც ფიქრობდნენ, როგორ დაჯილდოვდებოდა მათი მოთმინება (საქ. 4:29—31; 5:41).

6. რას ვსწავლობთ მერიტასგან?

6 ღვთის სიტყვასა და პუბლიკაციებში მოყვანილი მაგალითების რეგულარულად განხილვა და მათზე დაფიქრება ჩვენც შეგვმატებს მოთმინების ძალას. ერთი ალბანელი და მერიტა, რომელიც ოჯახის მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა, გვიყვება, როგორ დაეხმარა მას ამის გაკეთება: «იობის შემთხვევამ სულით ხორცამდე შემძრა. რამდენის ატანა მოუწია, თანაც არ იცოდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან! მაგრამ მაინც მტკიცედ განაცხადა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ ღმერთს!“ (იობ. 27:5). ვფიქრობდი, სად ჩემი და სად იობის პრობლემები. მე ის მაინც ვიცოდი, ვის გამო ვიყავი ამ დღეში».

7. რა უნდა გავაკეთოთ დღესვე?

7 მოთმინების გამომუშავებაში ისიც დაგვეხმარება, თუ ხშირად გავანდობთ იეჰოვას ჩვენს გულისნადებს (ფილ. 4:6; 1 თეს. 5:17). შესაძლოა, ამჟამად სერიოზული პრობლემის წინაშე არ დგახართ, მაგრამ როგორ იქცევით მაშინ, როცა გაღიზიანებული ან დაბნეული ხართ? მიმართავთ იეჰოვას დახმარებისთვის? თუ ჩვევად გაიხდით, ნებისმიერი საწუხარი გაანდოთ იეჰოვას, დარწმუნდებით, რომ მან საუკეთესოდ იცის, როდის და როგორ დაგეხმაროთ. ამ შემთხვევაში არც მაშინ გაგიჭირდებათ იეჰოვაზე მინდობა, როცა უფრო დიდ განსაცდელს შეხვდებით (ფსალმ. 27:1, 3).

ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲐ

ერთი განსაცდელი მეორისთვის გვამზადებს (იხილეთ აბზაცი 8).

8. რას ვსწავლობთ მირასგან? (იაკობი 1:2—4; იხილეთ აგრეთვე სურათი).

8 თუ დღესვე მოთმინებით ვიტანთ სირთულეებს, ასე მოქცევა არც „დიდი გასაჭირის“ დროს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებით რთული (რომ. 5:3). რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ბევრი და-ძმა საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა, რომ ერთი სირთულის ატანა მეორის ატანას უადვილებთ, რადგან განსაცდელების დროს განსაკუთრებული სახით ხედავენ იეჰოვას ხელს (წაიკითხეთ იაკობის 1:2—4). ამ აზრს იზიარებს ალბანეთში მცხოვრები ერთი პიონერი და მირაც. ზოგჯერ მას ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ მისოდენი პრობლება არავის აქვს. თუმცა ასეთ დროს ცდილობს, იმაზე იფიქროს, როგორ აძლიერებდა იეჰოვა წლების მანძილზე და თავს შემოუძახებს ხოლმე: „არ დანებდე! წყალში ნუ ჩაყრი ყველა იმ გამარჯვებას, რომლებიც იეჰოვას დახმარებით მოიპოვე“. კარგს იზამთ, თუ თქვენც დაფიქრდებით, როგორ დაგეხმარათ იეჰოვა წარსულში სირთულეების ატანაში. გჯეროდეთ, რომ იეჰოვა ხედავს, რისი ატანაც გიწევთ და მოთმინებისთვის აუცილებლად დაგაჯილდოებთ (მათ. 5:10—12). ამ შემთხვევაში, როცა „დიდი გასაჭირი“ დაიწყება, არ გაგიჭირდებათ მოთმინების გამოვლენა.

ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲗᲐᲜᲐᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲜᲘ

9. რისკენ აღძრა თანაგრძნობამ ანტიოქიელი ქრისტიანები?

9 განვიხილოთ, როგორ მოიქცნენ სირიის ანტიოქიაში მცხოვრები ქრისტიანები, როცა გაიგეს, რომ იუდეაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. მათ გულთან ახლოს მიიტანეს იქაური და-ძმების გასაჭირი და აღიძრნენ, მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. მათ „იუდეაში მცხოვრები ძმებისთვის დახმარების გაგზავნა გადაწყვიტეს, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქ. 11:27—30). მართალია, იუდეა საკმაოდ შორს მდებარეობდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ანტიოქიელ ქრისტიანებს, რომ დახმარების ხელი გაეწოდებინათ თანაქრისტიანებისთვის (1 იოან. 3:17, 18).

ᲗᲐᲜᲐᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ

სტიქიური უბედურებების დროს შესაძლებლობა გვეძლევა, თანავუგრძნოთ და-ძმებს (იხილეთ აბზაცი 10).

10. რა და რა სახით შეგვიძლია გამოვავლინოთ თანაგრძნობა დაზარალებული და-ძმების მიმართ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

10 ჩვენც შეგვიძლია თანაგრძნობა გამოვიჩინოთ იმ და-ძმების მიმართ, რომლებიც სტიქიის თუ სხვა მიზეზის გამო დაზარალდნენ. მაგალითად, შეგვიძლია მათ დასახმარებლად შექმნილ რომელიმე პროგრამაში მივიღოთ მონაწილეობა, b გავიღოთ შესაწირავი და, რაღა თქმა უნდა, ვილოცოთ მათთვის (იგავ. 17:17). 2020 წელს კოვიდ-19 პანდემიის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად მსოფლიო მასშტაბით 950-ზე მეტი კომიტეტი ჩამოყალიბდა. ის და-ძმები, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებიან, ნამდვილად იმსახურებენ შექებას. მათ თანაგრძნობა აღძრავს, რომ ჰუმანიტარული და სულიერი დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეაკეთონ ან თავიდან ააშენონ სახლები და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობები (შეადარეთ 2 კორინთელების 8:1—4).

11. რისკენ აღძრავს ჩვენი საქმეები ხალხს?

11 ჩვენ მიერ გამოვლენილი თანაგრძნობა არც სხვებს ტოვებს გულგრილს. ასე მოხდა 2019 წელს, როცა ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე ჩვენი ერთ-ერთი დარბაზი დაანგრია. ძმებმა ერთ კონტრაქტორს სთხოვეს, რომ გარკვეული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა გაეკეთებინა. მან ძმებს ასეთი სიტყვები უთხრა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენ შორის არსებულმა სიყვარულმა და მინდა, თქვენი ორგანიზაციისთვის რაღაც მეც გავაკეთო. ჰოდა, სამშენებლო მასალა, ტექნიკა და მუშახელი ჩემზე იყოს“. მართალია, დღეს ხალხის უმეტესობა იეჰოვას არ იცნობს, მაგრამ ჩვენ, მის მსახურებს, კარგად გვიცნობენ და გვაკვირდებიან კიდეც. როგორ გვახარებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი საქციელით აღვძრავთ ხალხს, დაუახლოვდნენ „დიდად მოწყალე“ ღმერთს (ეფეს. 2:4).

12. რატომ გახდება საჭირო თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით „დიდი გასაჭირის“ დროს? (გამოცხადება 13:16, 17).

12 რატომ გახდება საჭირო თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით „დიდი გასაჭირის“ დროს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც მხარს არ დაუჭერენ პოლიტიკურ სისტემას, სირთულეებს შეხვდებიან როგორც „დიდ გასაჭირამდე“, ისე „დიდი გასაჭირის“ დროს (წაიკითხეთ გამოცხადების 13:16, 17). თავიანთი პოზიციის გამო და-ძმებს შეიძლება ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც გაუჭირდეთ. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ როცა იესო ქრისტე ხალხის გასასამართლებლად მოვა, მან ღვთის სამეფოს ღირსად ჩაგვთვალოს (მათ. 25:34—40).

ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

13. რა დაეხმარა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გაღრმავებაში?

13 პირველ საუკუნეში ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი სიყვარული იყო. მაგრამ სიყვარულის გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ იყო, რადგან ისინი ძალიან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაგალითად ავიღოთ რომის კრება. იქ მსახურობდნენ მოსეს კანონით აღზრდილი იუდეველები და მათგან სრულიად განსხვავებული უცხოტომელები. მათ შორის იყვნენ მონებიც და ბატონებიც. ასეთი სხვაობების ფონზე, როგორ უნდა გაეღრმავებინათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული? მოციქულმა პავლემ მათ ურჩია, რომ გულთბილად მიეღოთ ერთმანეთი (წაიკითხეთ რომაელების 15:7). რას გულისხმობდა ის? ფრაზა, რომელიც ითარგმნა „გულთბილად მიიღეთ“ ნიშნავს ვინმეს მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენას ან სამეგობრო წრეში მიღებას. პავლემ ფილიმონსაც მოუწოდა, რომ გულთბილად მიეღო გაქცეული მონა, ონისიმე (ფლმ. 17). ამ მხრივ სამაგალითონი იყვნენ აკვილა და პრისკილა. ისინი ერთ ახალმოქცეულ ქრისტიანს, აპოლოსს, დაუმეგობრდნენ და ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში დაეხმარნენ (საქ. 18:26). პირველი საუკუნის ქრისტიანებმა მოახერხეს, თვალი დაეხუჭათ სხვაობებზე და გულთბილად მიეღოთ ერთმანეთი.

ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ

ერთმანეთის სიყვარული ჰაერივით გვჭირდება (იხილეთ აბზაცი 15).

14. როგორ ავლენდა ერთი მისიონერი წყვილი სიყვარულს?

14 ჩვენც გამოვავლენთ და-ძმების მიმართ სიყვარულს, თუ დავუმეგობრდებით. მეტწილად, სიყვარულზე ისინიც სიყვარულით გვიპასუხებენ (2 კორ. 6:11—13). ამაზე მოწმობს ერთი მისიონერი წყვილის შემთხვევა. მალევე მას შემდეგ, რაც ისინი დასავლეთ აფრიკის ერთ ქვეყანაში გაგზავნეს, კოვიდპანდემიამაც იფეთქა და მათ ვერ მოასწრეს და-ძმების პირადად გაცნობა. ამ დაბრკოლების მიუხედავად, როგორ მოახერხა ამ წყვილმა მათ მიმართ სიყვარულის გამოვლენა? ისინი ვიდეოზარის მეშვეობით უკავშირდებოდნენ და-ძმებს და ეუბნებოდნენ, რომ ძალიან სურდათ მათი პირადად გაცნობა. კრებაში და-ძმები გულგრილი არ დატოვა მათმა სიყვარულმა და ისინიც ხშირად ურეკავდნენ და მესიჯებს სწერდნენ. ეს მისიონერი და გვიხსნის, რამ აღძრა ის და მისი მეუღლე, რომ სიყვარული გამოევლინათ და-ძმების მიმართ: „თანაქრისტიანები მე და ჩემს ოჯახს ყოველთვის მხარში გვედგნენ, როგორც კარგ, ისე ცუდ დროში. ამან იმდენად ღრმა კვალი დატოვა ჩემზე, რომ მეც მინდა, და-ძმები ჩემს სიყვარულში დავარწმუნო“.

15. რას ვსწავლობთ ვანესასგან? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

15 კრებაში და-ძმები ერთმანეთისგან განვსხვავდებით აღზრდითა თუ ხასიათით. ყველანი რომ გვიყვარდეს, მათ კარგ თვისებებზე უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას. ერთი ახალზელანდიელი დისთვის, ვანესასთვის, რთული იყო კრებაში ზოგიერთთან საერთო ენის გამონახვა. მან გადაწყვიტა, რომ მათგან, ვინც აღიზიანებდა, თავი შორს კი არ დაეჭირა, პირიქით, მეტი დრო გაეტარებინა. ამის წყალობით ის მიხვდა, რას აფასებდა იეჰოვა მათში. ვანესა ამბობს: „მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სარაიონო ზედამხედველი გახდა, ბევრ განსხვავებულ და-ძმასთან გვაქვს შეხება. მაგრამ ახლა არ მიჭირს მათთან ურთიერთობა, მხიბლავს კიდეც მრავალფეროვნება. აშკარაა, იეჰოვასაც უყვარს მრავალფეროვნება, რადგან თავის სულიერ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი გაგვაერთიანა“. და-ძმებს იმ შემთხვევაში დავუმტკიცებთ სიყვარულს, თუ იეჰოვას თვალით შევხედავთ მათ (2 კორ. 8:24).

თუ თანაქრისტიანების გვერდით ვიქნებით, თავისი დაპირებისამებრ, იეჰოვა „დიდი გასაჭირის“ დროს დაგვიცავს (იხილეთ აბზაცი 16).

16. რატომ იქნება „დიდი გასაჭირის“ დროს სიყვარულის გამოვლენა განსაკუთრებით საჭირო? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

16 სიყვარულის გამოვლენა განსაკუთრებით „დიდი გასაჭირის“ დროს გახდება საჭირო. როგორ დაგვიცავს იეჰოვა ამ დროს? შევიხსენოთ, როგორ უნდა მოქცეულიყო მისი ხალხი, როცა ბაბილონს მტერი შეუტევდა: „წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენს ოთახებში და ჩაიკეტეთ კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა გადაივლის“ (ეს. 26:20). სავარაუდოდ, ეს სიტყვები ჩვენც შეგვეხება, ოღონდ „ოთახებში“ შესაძლოა კრებები იგულისხმებოდეს. თუ გვინდა, თავისი დაპირებისამებრ, იეჰოვამ „დიდი გასაჭირის“ დროს დაგვიცვას, თანაქრისტიანების გვერდით უნდა ვიყოთ. ამიტომ დღესვე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევიყვაროთ და-ძმები. ამაზე შეიძლება ჩვენი გადარჩენა იყოს დამოკიდებული.

ᲓᲦᲔᲡᲕᲔ ᲛᲝᲔᲛᲖᲐᲓᲔᲗ!

17. რატომ უნდა მოვემზადოთ დღესვე „დიდი გასაჭირისთვის“?

17 როცა „იეჰოვას დიდი დღე“ დაიწყება, კაცობრიობას უმძიმესი დრო დაუდგება (სოფ. 1:14, 15). ჩვენ, მისი მსახურებიც, შევხვდებით განსაცდელებს. თუმცა, თუ დღესვე მოვემზადებით, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ და მოთმინებით ავიტანთ ნებისმიერ სირთულეს. ჩვენ თანაგრძნობასაც გამოვავლენთ და ხელს გავუმართავთ გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებს და, რადგანაც ძლიერ გვიყვარს ისინი, გვერდიდან არ მოვშორდებით მათ. იეჰოვა კი, თავის მხრივ, მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს და ისეთ მსოფლიოში გვაცხოვრებს, სადაც აღარავის გაახსენდება და გულსაც აღარავის დაუმძიმებს წინათ მომხდარი (ეს. 65:17).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 144 ჯილდოს მიაპყარით თვალი!

a „დიდი გასაჭირი“ მალე დაიწყება. მაშინ ისეთი მოვლენები განვითარდება, რომელთა მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს. ამ მოვლენებისთვის მზად რომ ვიყოთ, მოთმინება, თანაგრძნობა და სიყვარული გვჭირდება. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ავლენდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ამ თვისებებს, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ და როგორ დაგვეხმარება ეს თვისებები „დიდი გასაჭირის“ დროს.

b ვისაც ამ საქმეში მონაწილეობა სურს, უნდა შეავსოს „განცხადება ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურებისთვის“ (DC-50) ან „განცხადება მოხალისედ მსახურებისთვის“ (A-19) და დაელოდოს მოწვევას.