ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 32
მიჰბაძეთ იეჰოვას და იყავით გონიერნი
„ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ᲤᲘᲚ. 4:5).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 89 უსმინეთ, იყავით მორჩილნი და მიიღეთ კურთხევები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა გაგებით უნდა ჰგავდეს ქრისტიანი ხეს? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
ᲔᲠᲗᲘ აფრიკული ანდაზა ამბობს, თუ ხეს მოდრეკა შეუძლია, ქარი ვერაფერს დააკლებსო. მართლაც, ხე არ წაიქცევა, თუ ის დრეკადი და მოქნილია. ჩვენი სულიერი კეთილდღეობაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვართ მოქნილები და ვავლენთ გონიერებას. გონიერება განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, როცა მდგომარეობა გვეცვლება. ის იმაშიც გვეხმარება, რომ პატივი ვცეთ სხვების გადაწყვეტილებებს და შეხედულებებს.
2. ა) რომელი თვისებებია საჭირო შეცვლილ მდგომარეობასთან შესაგუებლად? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 იეჰოვას მსახურებს გონიერებასთან ერთად თავმდაბლობის და გულმოწყალების გამოვლენაც მართებთ. ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ დაეხმარა ეს თვისებები ზოგ ქრისტიანს, მორგებოდა შეცვლილ მდგომარეობას, და ჩვენ როგორ დაგვეხმარება. მაგრამ მოდი ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, თუ რას ვსწავლობთ იეჰოვასა და იესოსგან, რომლებიც გონიერების საუკეთესო მაგალითს გვაძლევენ.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ
3. რა მოწმობს იეჰოვას გონიერებაზე?
3 იეჰოვას ბიბლიაში „კლდე“ ეწოდება იმიტომ, რომ მტკიცე და ურყევია (კან. 32:4). თუმცა, იმავდროულად, ის მოქნილია და გონიერებასაც ავლენს. ქვეყნიერებაში მდგომარეობა გამუდმებით იცვლება და თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვაც ფეხს უწყობს ცვლილებებს. მან ჩვენც გვიბოძა იმის უნარი, რომ მოვერგოთ ცვლილებებს და ბიბლიის მეშვეობით გვაძლევს პრინციპებს, რომლებიც გვეხმარება, ნებისმიერი სირთულის დროს გონივრულად ვიმოქმედოთ. მართლაც, ჩვენ ამ მხრივ საუკეთესო მასწავლებელი გვყავს.
4. საიდან ჩანს იეჰოვას გონიერება? (ლევიანები 5:7, 11).
4 იეჰოვა სრულყოფილია და ყოველთვის გონივრულად მოქმედებს. ის არ არის ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი. მაგალითად, იეჰოვას გონიერება იქიდან ჩანს, რომ ის ითვალისწინებდა ისრაელების შესაძლებლობებს და ერთსა და იმავე შესაწირავს არ მოითხოვდა ყველასგან (წაიკითხეთ ლევიანების 5:7, 11).
5. საიდან ჩანს იეჰოვას თავმდაბლობა და გულმოწყალება? მოიყვანეთ მაგალითები.
5 იეჰოვას გონიერების გამოვლენისკენ თავმდაბლობა და გულმოწყალება უბიძგებს. მაგალითად, როცა სოდომში მცხოვრები ბოროტი ხალხის განადგურებას აპირებდა, ანგელოზების მეშვეობით იეჰოვამ მართალ ლოტს მითითება მისცა, მთიან მხარეში გაქცეულიყო. ლოტს შეეშინდა იქ წასვლის, ამიტომ იეჰოვას სთხოვა, რომ ოჯახთან ერთად პატარა ქალაქისთვის, ცოარისთვის, შეეფარებინა თავი. არადა ეს ქალაქიც გასანადგურებლად იყო განწირული. იეჰოვას შეეძლო ლოტისგან უსიტყვო მორჩილება მოეთხოვა, თუმცა მან თავმდაბლობა გამოიჩინა, გაითვალისწინა ლოტის თხოვნა და დაინდო ეს ქალაქი (დაბ. 19:18—22). რისი თქმა შეგვიძლია იეჰოვას გულმოწყალებაზე? მაგალითად, როცა მან ბოროტი ნინეველების განადგურება გადაწყვიტა, განაჩენის გასაცხადებლად თავისი წინასწარმეტყველი იონა გაგზავნა. თუმცა, როცა მათში მომნანიებელი გული დაინახა, შეებრალა ისინი და გადაიფიქრა ქალაქის განადგურება (იონ. 3:1, 10; 4:10, 11).
6. საიდან გამოჩნდა, რომ იესო ჰბაძავდა მამას? მოიყვანეთ მაგალითები.
6 იესო სრულყოფილად ჰბაძავდა იეჰოვას. მას დაევალა, რომ ისრაელის დაკარგული ცხვრებისთვის ექადაგა. თუმცა ამ დავალების შესრულებისას ის გონიერებას იჩენდა და არ იყო სწორხაზოვანი. მაგალითად, ერთხელ უცხოტომელი ქალი მას ევედრებოდა, რომ მისი ქალიშვილი განეკურნა, რომელსაც საშინლად ტანჯავდა დემონი. იესოს შეეცოდა ეს ქალი და შეუსრულა სათხოვარი (მათ. 15:21—28). იესო რომ მამას ჰბაძავდა, იქიდანაც გამოჩნდა, თუ როგორ მოექცა პეტრეს. მას ნათქვამი ჰქონდა: „ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მეც უარვყოფ მას“ (მათ. 10:33). მაგრამ განა ასე მოექცა პეტრეს, რომელმაც ერთხელ და ორჯერ კი არა, სამჯერ უარყო?! მან დაინახა პეტრეს მომნანიებელი და რწმენით სავსე გული და აპატია, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი პირადად ეჩვენა მას და, როგორც ჩანს, თავის სიყვარულში დაარწმუნა (ლუკ. 24:33, 34).
7. როგორ ადამიანად გვინდა, გვიცნობდნენ? (ფილიპელები 4:5).
7 როგორც დავინახეთ, იეჰოვა და იესო გონიერებით გამოირჩევიან. როგორც ფილიპელების 4:5-დან (წაიკითხეთ) ჩანს, იეჰოვა ჩვენგანაც მოელის, რომ გონიერებას გამოვიჩენთ. ეს მუხლი ზოგ თარგმანში ასეა გადმოტანილი: „გონიერი კაცის სახელი გქონდეთ“. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: მიცნობენ გონიერ, ლმობიერ და დამთმობ ადამიანად? თუ ფიქრობენ, რომ მომთხოვნი, მკაცრი და ჯიუტი ვარ? ხომ არ ვცდილობ, სხვები საკუთარ ჭკუაზე ვატარო? თუ პირიქით, მზად ვარ, მოვისმინო განსხვავებული აზრი და გავითვალისწინო, როცა არაფერი შავდება? თუ გვინდა, იეჰოვასა და იესოს მივბაძოთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გონიერების გამოვლენას. განვიხილოთ, რა ორ შემთხვევაში გვმართებს ამ თვისების გამოვლენა: 1) როცა მდგომარეობა გვეცვლება, და 2) როცა არ ვეთანხმებით სხვების შეხედულებებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲘᲩᲘᲜᲔᲗ, ᲠᲝᲪᲐ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ ᲒᲔᲪᲕᲚᲔᲑᲐᲗ
8. როგორ გამოვავლინოთ გონიერება, როცა მდგომარეობა გვეცვლება? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
8 ჩვენი გონიერების ერთგვარი საზომი ისაა, თუ როგორ ვეგუებით ცვლილებებს. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალოს, მაგალითად, ჯანმრთელობა შეგვერყეს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა აირიოს ან ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს (ეკლ. 9:11; 1 კორ. 7:31). ორგანიზაციაში დავალების ცვლილებაც კი შეიძლება გამოცდად გვექცეს. თუმცა ასეთ ცვლილებებთან შეგუება გაგვიადვილდება, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს: 1) თვალი გაუსწორეთ რეალობას, 2) ნუ იცხოვრებთ წარსულით, 3) გქონდეთ დადებითი განწყობა და 4) სხვებს სიკეთე გაუკეთეთ. b ქვემოთ განვიხილავთ ჩვენი და-ძმების მაგალითებს და დავინახავთ, რა მხრივ წაადგათ ეს რჩევები.
9. როგორ მოიქცნენ ემანუელე და ფრანჩესკა, როცა მოულოდნელად განსაცდელში ჩაცვივდნენ?
9 თვალი გაუსწორეთ რეალობას. ერთი წყვილი, ემანუელე და ფრანჩესკა, მისიონერად დანიშნეს სხვა ქვეყანაში. ისინი იქ ახალი გადასულები იყვნენ და ენის სწავლაც ახალი დაწყებული ჰქონდათ, როცა კოვიდპანდემიამ იფეთქა. მათ აღარ შეეძლოთ თავისუფლად მისვლა-მოსვლა და და-ძმებთან ურთიერთობა. თანაც იმ პერიოდში ფრანჩესკას მოულოდნელად დედა დაეღუპა. მას ძლიერ სურდა, რომ ამ მძიმე წუთებში ოჯახის წევრების გვერდით ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გამო ვერ გაემგზავრა. რა დაეხმარა ფრანჩესკასა და მის მეუღლეს ამ რთულ დროს? პირველი, ისინი იეჰოვას ლოცვაში სიბრძნეს სთხოვდნენ, რომ საწუხარს არ მოეცვა. იეჰოვა მათ ლოცვებს ყოველთვის დროულად პასუხობდა ორგანიზაციის მეშვეობით. მაგალითად, ისინი ძალიან გაამხნევა ერთ ვიდეოინტერვიუში ძმის ნათქვამმა: „რაც უფრო მალე ეგუები ახალ სიტუაციას, სიხარულსაც უფრო მალე იბრუნებ და საუკეთესოდ იყენებ შექმნილ მდგომარეობას“. c მეორე, ფრანჩესკა და ემანუელე ცდილობდნენ, უფრო მეტად აეღოთ ალღო ტელეფონით მსახურებისთვის. მათი ძალისხმევა დაჯილდოვდა და ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. მესამე, ისინი მადლიერებით იღებდნენ და-ძმებისგან დახმარებას. მაგალითად, ეს წყვილი ძალიან გაამხნევა ერთი დის ყურადღებამ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უგზავნიდა მათ პატარ-პატარა გამამხნევებელ აზრს ბიბლიურ მუხლთან ერთად. თუ ამ წყვილის მსგავსად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევეგუოთ მდგომარეობას, არც ჩვენ დავკარგავთ სიხარულს.
10. რა გააკეთა ერთმა დამ ცვლილებასთან შესაგუებლად?
10 ნუ იცხოვრებთ წარსულით და გქონდეთ დადებითი განწყობა. იაპონიაში მცხოვრებ ერთ რუმინელ დას, ქრისტინას, გული დასწყდა, როცა ინგლისურმა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა, ფუნქციონირება შეწყვიტა. მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ წარსულით არ ეცხოვრა. ამიტომ აქტიურად ჩაება იაპონურენოვანი კრების საქმიანობაში და ცდილობდა, ბოლომდე დახარჯულიყო მსახურებაში. ქრისტინამ თავის ყოფილ თანამშრომელს სთხოვა, იაპონურის სწავლაში დახმარებოდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით გამოიყენებდნენ ბიბლიას და ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ასე ქრისტინამაც გატეხა ენა და, რაც მთავარია, მისი ყოფილი თანამშრომელი სულიერი საკითხებით დაინტერესდა. როცა წარსულს უკან ვიტოვებთ და დადებითი განწყობა გვაქვს, მოულოდნელი ცვლილებები შეიძლება მოულოდნელ კურთხევებად იქცეს.
11. როგორ მოიქცა ერთი წყვილი, როცა შემოსავლის გარეშე დარჩა?
11 სხვებს სიკეთე გაუკეთეთ. ერთმა წყვილმა, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, ეკონომიკური კრიზისის დროს დაკარგა სტაბილური შემოსავლის წყარო. როგორ მოახერხეს მათ შექმნილ მდგომარეობასთან შეგუება? პირველი, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ შეუდგნენ ცხოვრების გამარტივებას. მათ აგრეთვე გადაწყვიტეს, რომ რაც შეიძლება მეტად დახარჯულიყვნენ სხვებისთვის და მეტი დრო დაეთმოთ სამქადაგებლო საქმისთვის (საქ. 20:35). ქმარი ამბობს: „რადგან მსახურებაში აქტიურად ვიყავით ჩაბმული, ნაკლები დრო გვრჩებოდა ცუდზე საფიქრალად. პირიქით, ღვთის ნების შესრულებაზე ვიყავით კონცენტრირებული“. თუ ჩვენი მდგომარეობაც შეიცვლება, უნდა გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, არ შევწყვიტოთ სხვების დახმარება, განსაკუთრებით კი ქადაგება.
12. რა მხრივ არის ჩვენთვის სამაგალითო პავლე მოციქული?
12 ჩვენ მსახურებაშიც უნდა ვავლენდეთ გონიერებას და მოქნილები ვიყოთ, რადგან ქადაგების დროს ათასნაირი ჯურის ხალხს ვხვდებით. ამ მხრივ კარგ მაგალითს პავლე გვაძლევს, რომელიც უცხოტომელთა მოციქულად დაინიშნა (რომ. 11:13). ვისთვის აღარ უწევდა ქადაგება — იუდეველებისთვის, ბერძნებისთვის, განათლებული ხალხისთვის, გლეხებისთვის, წარჩინებულებისთვის თუ მეფეებისთვის. სათქმელი თითოეული მათგანის გულამდე რომ მიეტანა, პავლე „ყველასთვის ყველაფერი“ ხდებოდა (1 კორ. 9:19—23). ის მხედველობაში იღებდა მსმენელის კულტურას, წარმომავლობასა თუ მრწამსს და შესაბამისად უდგებოდა მას. ჩვენც კარგ შედეგებს მივაღწევთ, თუ პავლეს მსგავსად მოქნილები ვიქნებით და თითოეულ მსმენელს ინდივიდუალურად მივუდგებით.
ᲞᲐᲢᲘᲕᲘᲡᲪᲔᲛᲘᲗ ᲛᲝᲔᲙᲘᲓᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲮᲔᲓᲣᲚᲔᲑᲔᲑᲡ
13. რატომ უნდა ვცეთ სხვის აზრს პატივი? (1 კორინთელები 8:9).
13 გონიერება იმაშიც გვეხმარება, რომ პატივი ვცეთ სხვის შეხედულებებს. ზოგ დას მოსწონს მაკიაჟის გაკეთება, ზოგს კი — არა. ზოგი ქრისტიანი სიამოვნებით სვამს ალკოჰოლს ზომიერად, ზოგი კი საერთოდ არ ეკარება. ყველა ქრისტიანს გვსურს, კარგი ჯანმრთელობა გვქონდეს, მაგრამ თითოეული თავად ვირჩევთ მკურნალობის მეთოდს. თუ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის მართალი ვართ და კრებაში სხვებსაც ვახვევთ საკუთარ აზრს თავს, შეიძლება დავაბრკოლოთ და-ძმები ან განხეთქილება ჩამოვაგდოთ. ვის სურს, რომ ასე მოხდეს?! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:9; 10:23, 24). ქვემოთ ვიმსჯელებთ, თუ როგორ გვეხმარება ბიბლიური პრინციპები, ვიყოთ გაწონასწორებულები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, როცა საქმე ეხება ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
14. რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ჩაცმულობისა და ვარცხნილობის სტილს ვირჩევთ?
14 ჩაცმულობა და ვარცხნილობა. იეჰოვა ჩაცმულობასთან დაკავშირებით მკაცრ წესებს კი არ გვიდგენს, არამედ სახელმძღვანელო პრინციპებს გვაძლევს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული ტანსაცმელი უნდა გვეცვას, როგორც ღვთის მსახურს შეჰფერის (1 ტიმ. 2:9, 10; 1 პეტ. 3:3). შესაბამისად, ზედმეტ ყურადღებას არ უნდა ვიქცევდეთ ჩვენი ჩაცმულობით. ბიბლიური პრინციპები უხუცესებსაც ეხმარება, რომ თავიანთი წესები არ დაუდგინონ და-ძმებს ჩაცმულობასა და ვარცხნილობასთან დაკავშირებით. ერთ კრებაში ზოგმა ახალგაზრდა ძმამ მოკლე, მაგრამ აჩეჩილი ვარცხნილობა გაიკეთა. უხუცესებს სურდათ, მათთვის ტაქტიანად მიეცათ რჩევა, თანაც ისე, რომ წესები არ დაედგინათ. სარაიონო ზედამხედველმა მათ ურჩია, ძმებისთვის ასეთი რამ ეთქვათ: „როცა სცენაზე დგახარ და აუდიტორია შენს ნათქვამზე მეტად შენს გარეგნობას აკვირდება, ესე იგი რაღაც გაქვს შესაცვლელი“. ასეთი მარტივი მიდგომით ძმებმა ადვილად მოაგვარეს პრობლემა, თანაც ისე, რომ წესები არ დაუდგენიათ. d
15. რომელი ბიბლიური კანონებითა და პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა საქმე ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეხება? (რომაელები 14:5).
15 ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იზრუნებს ჯანმრთელობაზე (გალ. 6:5). ბიბლიაში სულ ორად ორი კანონია მოცემული, რომლებიც ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ესენია: მოვერიდოთ სისხლს და თავი შორს დავიჭიროთ სპირიტიზმისგან. სხვა დანარჩენი პირადი არჩევანის საკითხია (საქ. 15:20; გალ. 5:19, 20). ზოგი ქრისტიანი მხოლოდ კლასიკურ მედიცინას ენდობა, ზოგი კი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს ამჯობინებს. რაც არ უნდა დარწმუნებულები ვიყოთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ავკარგიანობაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, საკუთარი აზრი მოვახვიოთ სხვას თავს. ყოველთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი ოთხი აზრი: 1) მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას (ეს. 33:24), 2) თითოეული ქრისტიანი, თავად უნდა დარწმუნდეს, მისთვის რა აჯობებს (წაიკითხეთ რომაელების 14:5), 3) ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ და დავაბრკოლოთ და-ძმები (რომ. 14:13) და 4) ქრისტიანული სიყვარულიდან გამომდინარე პირად არჩევანს არ შევწირავთ კრების ერთიანობას. თუ ყოველთვის გვემახსოვრება ეს ოთხი მხარე, და-ძმებთანაც ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ და კრებაშიც მშვიდობას შევუწყობთ ხელს.
16. როგორ უნდა გამოავლინონ უხუცესებმა გონიერება? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
16 უხუცესები გონიერებით უნდა გამოირჩეოდნენ (1 ტიმ. 3:2, 3). მაგალითად, უხუცესს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სხვა უხუცესები მის აზრს მხოლოდ იმიტომ გაითვალისწინებენ, რომ მათზე უფროსია. მას უნდა ესმოდეს, რომ იეჰოვამ შეიძლება უხუცესთა საბჭოში წმინდა სულით ნებისმიერ ძმას ათქმევინოს ისეთი რამ, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში წაადგებათ. როცა ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, უხუცესის მხრიდან გონიერების მაჩვენებელი იქნება, თუ მხარს დაუჭერს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, თუნდაც თავად სხვა აზრზე იყოს.
ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲦᲘᲠᲡ
17. რატომ ღირს გონიერების გამოვლენა?
17 გონიერების გამოვლენა ნამდვილად ღირს, რადგან კარგი ურთიერთობა გვექნება და-ძმებთან და კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს. გარდა ამისა, სიამოვნებას მოგვანიჭებს განსხვავებული კულტურისა თუ ხასიათის და-ძმებთან ურთიერთობა და მათთან ერთად იეჰოვას თაყვანისცემა. რაც მთავარია, ჩვენ სიხარულს მოგვგვრის იმის ცოდნა, რომ ვბაძავთ ჩვენს ზეციერ მამას, რომელიც გონიერების უბადლო მაგალითს გვაძლევს.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი
a იეჰოვა და იესო გონიერების საუკეთესო მაგალითს გვაძლევენ. მათ სურთ, რომ ჩვენც განვივითაროთ ეს თვისება. გონიერი ქრისტიანი შედარებით ადვილად ეგუება ცვლილებებს, იქნება ეს ჯანმრთელობასთან თუ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული. ის კრებაში მშვიდობასა და ერთიანობასაც უწყობს ხელს.
b იხილეთ 2016 წლის №4 „გამოიღვიძეთ!“, სტატია „როგორ შევეგუო ცვლილებებს“.
c ვიდეოს სანახავად ვებგვერდზე jw.org საძიებო ველში ჩაბეჭდეთ „ინტერვიუ ძმა დიმიტრი მიხაილოვთან“.
d მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, 52-ე გაკვეთილი.