აძლევთ დიდებულ მეთუნეს თქვენი გამოძერწვის საშუალებას?
„აი, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში“ (იერ. 18:6).
1, 2. რატომ იყო დანიელი ღვთის თვალში ძვირფასი ადამიანი და როგორ შეგვიძლია დანიელივით მორჩილები ვიყოთ?
ბაბილონში გადასახლებულმა იუდეველებმა შენიშნეს, რომ ქალაქი კერპებით იყო სავსე და მისი მოსახლეობა ბოროტ სულებს დაემონებინათ. მიუხედავად ამისა, ღვთის ერთგული იუდეველები, მათ შორის დანიელი და მისი სამი მეგობარი, არ მოექცნენ ბაბილონური აზროვნებისა თუ წეს-ჩვეულებების გავლენაში (დან. 1:6, 8, 12; 3:16—18). მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი და მხოლოდ მას გამოეძერწა ისინი. ეს ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელმა თითქმის მთელი ცხოვრება ბაბილონში გაატარა, ანგელოზმა თქვა, რომ ის ღვთის თვალში „ძვირფასი ადამიანი“ იყო (დან. 10:11, 19).
2 ზოგჯერ მეთუნე სასურველი ფორმის მისაცემად თიხას ყალიბში დებს. დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას აღიარებენ უზენაეს მმართველად, რომელსაც ხალხებისა თუ ერების გამოძერწვის უფლება აქვს (წაიკითხეთ იერემიას 18:6). ღმერთს თითოეული ადამიანის გამოძერწვის უფლებამოსილებაც აქვს. მიუხედავად ამისა, ის ითვალისწინებს, რომ ნების თავისუფლებით ვართ შექმნილნი და სურს, ნებაყოფლობით დავემორჩილოთ. ღვთის ხელში რომ კვლავაც რბილ თიხად დავრჩეთ, საჭიროა გავიგოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: 1) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღვთის რჩევის მიღება არ გაგვიჭირდეს? 2) როგორ განვივითაროთ თვისებები, რომლებიც დაგვეხმარება, ღვთის ხელში რბილი და მორჩილი თიხა ვიყოთ? 3) როგორ უნდა დაემორჩილონ ქრისტიანი მშობლები ღმერთს თავიანთი შვილების ძერწვისას?
ნუ გაიუხეშებთ გულს!
3. რამ შეიძლება გაგვიუხეშოს გული? მოიყვანეთ მაგალითი.
3 იგავების 4:23-ში ნათქვამია: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“. რამ შეიძლება გაგვიუხეშოს გული? ეს შეიძლება იყოს უადგილო სიამაყე, ცოდვა და ურწმუნოება. შედეგად შეიძლება დაუმორჩილებლობის სული განგვივითარდეს (დან. 5:1, 20; ებრ. 3:13, 18, 19). ასეთი სიამაყე გამოავლინა იუდას მეფე უზიამ (წაიკითხეთ 2 მატიანის 26:3—5, 16—21). თავიდან „სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში“ და „ეძებდა . . . ღმერთს“, მაგრამ „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა“, თუმცა მისი სიძლიერე ღვთისგან იყო! მან ისიც მოინდომა, რომ ტაძარში საკმეველი ეკმია, რისი უფლებაც მხოლოდ აარონის შთამომავალ მღვდლებს ჰქონდათ. როცა მღვდლები წინ აღუდგნენ, გაამაყებული უზია განურისხდა მათ. ამის გამო ღვთისგან დამცირებული უზია სიცოცხლის ბოლომდე კეთროვანი იყო (იგავ. 16:18).
4, 5. რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენში სიამაყე იჩენს თავს? მოიყვანეთ მაგალითი.
4 თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეიძლება იმაზე მეტად ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ და ბიბლიური რჩევაც კი უგულებელვყოთ (რომ. 12:3; იგავ. 29:1). განვიხილოთ ერთი უხუცესის, ჯიმის შემთხვევა. კრებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხზე მას სხვა უხუცესებისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა. ჯიმი იხსენებს: „ძმებს ვუთხარი, რომ სიყვარულით არ იქცეოდნენ და წამოვედი“. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ის მეზობელ კრებაში გადავიდა, თუმცა იქ უხუცესად არ დანიშნულა. ის ამბობს: „სასოწარკვეთილი ვიყავი. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა ჭეშმარიტებაც კი დავტოვე“. ათი წლის მანძილზე ის არააქტიური იყო. ჯიმი აღიარებს: „თავმოყვარეობაშელახული მომხდარში იეჰოვას ვადანაშაულებდი. წლების მანძილზე ძმები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ მე უარს ვამბობდი“.
5 ჯიმის მაგალითიდან ჩანს, რომ სიამაყის გამო შეიძლება საკუთარი საქციელის გამართლება დავიწყოთ, რაც ძნელად დასამუშავებელ თიხად გვაქცევდა (იერ. 17:9). ჯიმი ამბობს: „სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისინი ტყუოდნენ“. თქვენც ხომ არ გატკინათ გული თანაქრისტიანმა ან პასუხისმგებლობის დაკარგვამ? როგორი იყო თქვენი რეაქცია? იჩინა თავი სიამაყემ, თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობდით, როგორ შეგენარჩუნებინათ მშვიდობა ძმასთან და იეჰოვას ერთგული დარჩენილიყავით? (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:165; კოლოსელების 3:13).
6. რა შეიძლება მოხდეს, თუ არასწორი საქციელი ჩვევად გვექცა?
6 არასწორი საქციელის ჩვევაში გადასვლამ ან ფარული ცოდვების ჩადენამ შეიძლება ქრისტიანს გული გაუუხეშოს და მას ღვთის რჩევების გათვალისწინება გაუჭირდეს. შედეგად, ცოდვის ჩადენა მისთვის ჩვეულებრივი რამ გახდება. ერთი ძმა ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მას სინდისი თითქმის აღარ ქენჯნიდა არასწორი საქციელის გამო (ეკლ. 8:11). სხვა ძმა, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ექცა, აღიარებს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება განუვითარდა უხუცესების მიმართ. ამ ცუდმა ჩვევამ მას სულიერი ზიანი მიაყენა. საბოლოოდ მისი საქციელი გამოაშკარავდა და მას საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. ფაქტია, ყველანი არასრულყოფილები ვართ. მაგრამ, თუ კრიტიკული სული გვახასიათებს ან არასწორი საქციელის გამართლებას ვცდილობთ იმის ნაცვლად, რომ ღმერთს პატიებისა და დახმარებისთვის მივმართოთ, ეს შეიძლება გულის გაუხეშებაზე მოწმობდეს.
7, 8. ა) როგორ ცხადყო ისრაელების შემთხვევამ, რომ ურწმუნოება გულს აუხეშებს? ბ) რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან?
7 ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებული ისრაელების შემთხვევა ცხადყოფს, რომ ურწმუნოება შეიძლება გულის გაუხეშების მიზეზი გახდეს. ეს ერი არაერთი სასწაულის მოწმე გახდა, რომელთაგან ზოგი შიშის მომგვრელიც კი იყო. მაგრამ თითქმის აღთქმული მიწის საზღვართან მისულებმა ურწმუნოება გამოავლინეს. ნაცვლად იმისა, რომ იმედი იეჰოვაზე დაემყარებინათ, ისინი შიშმა შეიპყრო და მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს. ისინი ეგვიპტეში დაბრუნებასაც კი ნატრობდნენ, სადაც მონები იყვნენ! მათ დიდი ტკივილი მიაყენეს იეჰოვას, რომელმაც თქვა: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!“ (რიცხ. 14:1—4, 11; ფსალმ. 78:40, 41). სიჯიუტისა და ურწმუნოების გამო მთელი ის თაობა უდაბნოში დაიხოცა.
8 დღეს ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე მდგომი ქრისტიანების რწმენა იცდება. ამიტომ უნდა შევამოწმოთ, როგორი რწმენა გვაქვს. მაგალითად, შეგვიძლია დავფიქრდეთ მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: ჩანს ჩემი პრიორიტეტებიდან და გადაწყვეტილებებიდან, რომ მწამს იესოს ამ სიტყვების? გავაცდენ კრების შეხვედრებს ან მსახურებას იმის გამო, რომ მეტი შემოსავალი მქონდეს? როგორ მოვიქცევი, თუ საზრუნავი მომემატება? მივცემ ქვეყნიერებას იმის უფლებას, რომ თავის ყალიბში მომაქციოს და ჭეშმარიტებაც კი დამატოვებინოს?
9. რატომ უნდა შევამოწმოთ, რწმენაში ვართ თუ არა, და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
9 მოვიყვანოთ სხვა მაგალითი. დავუშვათ, იეჰოვას მსახურს უჭირს ისეთ საკითხებში ბიბლიური ნორმების მიყოლა, როგორიცაა მეგობრების არჩევა, გარიცხულებთან ურთიერთობა ან გართობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩემს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის? თუ მსგავს დამოკიდებულებას შევნიშნავთ, მაშინვე უნდა დავიწყოთ რწმენის შემოწმება. ღვთის სიტყვა გვირჩევს: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). ღვთის სიტყვის დახმარებით საკუთარი თავის გულახდილად შემოწმება მუდმივი პროცესი უნდა იყოს.
კვლავაც რბილი თიხა იყავით
10. რა დაგვეხმარება, რომ რბილი თიხა ვიყოთ იეჰოვას ხელში?
10 თავისი სიტყვის, კრებისა და სამქადაგებლო მსახურების მეშვეობით ღმერთი გვეხმარება, რომ კვლავაც რბილი თიხა ვიყოთ. როგორც წყალი არბილებს თიხას, ისე ბიბლიის ყოველდღე კითხვა და წაკითხულზე ფიქრი გვაქცევს რბილ თიხად იეჰოვას ხელში. იეჰოვა მოითხოვდა ისრაელის მეფეებისგან, რომ გადაეწერათ ღვთის კანონი და ყოველდღე ეკითხათ ის (კან. 17:18, 19). მოციქულებს ესმოდათ, რომ მსახურების შესასრულებლად აუცილებელი იყო წმინდა წერილების კითხვა და მათზე ფიქრი. მათ ებრაული წერილებიდან ასობით ციტატა თუ აზრი მოიყვანეს თავიანთ წერილებში და მსმენელსაც მოუწოდებდნენ, გამოეკვლიათ წმინდა წერილები (საქ. 17:11). ჩვენც გვესმის, რომ აუცილებელია, ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ წაკითხულზე (1 ტიმ. 4:15). შედეგად, იეჰოვას თვალში თავმდაბლები ვიქნებით, მის ხელში კი — რბილი თიხა.
11, 12. როგორ გვძერწავს იეჰოვა თითოეულს საჭიროებისამებრ კრების მეშვეობით? მოიყვანეთ მაგალითი.
11 იეჰოვა თითოეულს საჭიროებისამებრ გვძერწავს კრების მეშვეობით. ზემოთ მოხსენიებულმა ჯიმმა შეიცვალა
დამოკიდებულება, როცა ერთი უხუცესი გულწრფელად დაინტერესდა მისით. ის ამბობს: „მას არც ერთხელ არ დავუდანაშაულებივარ და არ გავუკრიტიკებივარ. ის დადებითად იყო განწყობილი და მზად იყო დასახმარებლად“. დაახლოებით სამი თვის შემდეგ უხუცესმა ჯიმი კრებაზე დაპატიჟა. ჯიმი იხსენებს: «კრება თბილად შემხვდა. სწორედ მათი სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მთავარი არ იყო. ძმებისა და ჩემი ძვირფასი მეუღლის დახმარებით, რომელსაც სულიერი წონასწორობა არ დაუკარგავს, სულიერად მოვძლიერდი. ძალიან გამამხნევა 1992 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილმა სტატიებმა: „ნუ დაადანაშაულებთ იეჰოვას!“ და „ერთგულად ემსახურეთ იეჰოვას“».12 დროთა განმავლობაში ჯიმმა კვლავ დაიწყო უხუცესად მსახურება. ის ბევრს დაეხმარა მსგავს სირთულეებთან გამკლავებასა და სულიერი ძალების აღდგენაში. ის ამბობს: „მეგონა, რომ იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობას ვერაფერი ავნებდა, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა! ვნანობ, რომ სიამაყემ დამაბრმავა და უფრო მნიშვნელოვანის ნაცვლად სხვების შეცდომებზე გავამახვილე ყურადღება“ (1 კორ. 10:12).
13. რა თვისებების განვითარებას უწყობს ხელს სამქადაგებლო მსახურება და რა სიკეთე მოაქვს ამას?
13 როგორ გვძერწავს იეჰოვა სამქადაგებლო მსახურების მეშვეობით ჩვენდა სასიკეთოდ? სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება თავმდაბლობისა და ღვთის სულის ნაყოფის განვითარებას უწყობს ხელს (გალ. 5:22, 23). იფიქრეთ იმ კარგ თვისებებზე, რომლებიც მსახურებაში განგივითარდათ. ქრისტიანული თვისებების გამოვლენით ჩვენ ვამკობთ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. ამან შეიძლება ზოგ მობინადრეს თვალსაზრისი შეაცვლევინოს. მაგალითად, ავსტრალიაში ორი მოწმე პატივისცემით მოექცა ერთ ქალბატონს, რომელიც უკმეხად ელაპარაკა მათ. მოგვიანებით ამ ქალბატონს შერცხვა თავისი საქციელის და ფილიალს მისწერა: „მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ორ უზომოდ მომთმენ და თავმდაბალ ადამიანს ჩემი თავდაჯერებული და ქედმაღლური საქციელისთვის. ისინი ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, მე კი ასე უპატივცემულოდ მოვექეცი და გავყარე“. საეჭვოა, ამ ქალბატონს ასეთი წერილი დაეწერა, მაუწყებლები ოდნავ მაინც რომ გაბრაზებულიყვნენ. აშკარაა, რომ სამქადაგებლო მსახურებას ჩვენთვისაც მოაქვს სიკეთე და მოყვასისთვისაც.
დაემორჩილეთ ღმერთს თქვენი შვილების ძერწვისას
14. რის გაკეთება მართებთ მშობლებს, რომ შვილების ძერწვისას სასურველ შედეგს მიაღწიონ?
14 ბავშვების უმეტესობას უყვარს სწავლა და, როგორც წესი, ისინი თავმდაბლები არიან (მათ. 18:1—4). ამიტომ გონიერი მშობლები ცდილობენ, რომ ღვთის შესახებ ცოდნა და ჭეშმარიტების სიყვარული თავიანთი პატარების გულსა და გონებაში ჩანერგონ (2 ტიმ. 3:14, 15). სასურველ შედეგს რომ მიაღწიონ, მშობლებმა ჯერ თავად უნდა ჩაიბეჭდონ გულში ჭეშმარიტება და მის თანახმად იცხოვრონ. როცა მშობლები ასე იქცევიან, შვილები არა მხოლოდ ისმენენ ჭეშმარიტებას, არამედ ხედავენ კიდეც, რა გავლენას ახდენს ის მათ ცხოვრებაზე. ისინი ხვდებიან, რომ მშობლები სიყვარულის გამო სჯიან და სიყვარულში იეჰოვას ჰბაძავენ.
15, 16. როგორ უნდა გამოავლინონ მშობლებმა ღვთისადმი ნდობა, როცა მათი შვილი კრებიდან ირიცხება?
15 ქრისტიანული აღზრდის მიუხედავად, ზოგი ტოვებს ჭეშმარიტებას ან ირიცხება კრებიდან, რაც დიდ ტკივილს აყენებს ოჯახს. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ერთი და ამბობს: „როცა ჩემი ძმა კრებიდან გაირიცხა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მოკვდა. ამან ძალიან მატკინა გული“. როგორ მოიქცნენ ის და მისი მშობლები? მათ გაითვალისწინეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:11, 13). აი, რას ამბობენ მშობლები: „გადავწყვიტეთ, ბიბლიურ რჩევებს მივყოლოდით, რადგან ეს საუკეთესო შედეგს მოიტანდა. ჩვენ გარიცხვას ღვთის აღმზრდელობით ზომად მივიჩნევდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე ზომიერად სჯის. ასე რომ, ვაჟთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გვქონდა, როცა ამას ოჯახური საქმეები მოითხოვდა“.
16 რას გრძნობდა ვაჟი? „ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახს არ ვძულდი, უბრალოდ ისინი იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ემორჩილებოდნენ“. ის დასძენს: „მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად გჭირდება იეჰოვა, როცა იძულებული ხარ, დახმარება და პატიება სთხოვო“. წარმოგიდგენიათ, როგორ გაიხარებდა ოჯახი, როცა ეს ახალგაზრდა კრებაში აღდგა?! ცხადია, თუ ყველა ჩვენს გზაზე გვახსოვს ღმერთი, საუკეთესო შედეგს ვაღწევთ (იგავ. 3:5, 6; 28:26).
17. რატომ უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას ყველაფერში და რა სიკეთეს მოგვიტანს ეს?
17 ესაიამ იწინასწარმეტყველა, რას იტყოდნენ გადასახლების პერიოდის მიწურულს მომნანიებელი იუდეველები: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ! ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე. ყველანი შენი ნახელავი ვართ“. შემდეგ ისინი სთხოვდნენ ღმერთს: „მარადიულად ნუ გაგვიხსენებ დანაშაულს! გთხოვთ, შემოგვხედე, ყველანი შენი ხალხი ვართ!“ (ეს. 64:8, 9). როცა მსგავსად ვიმდაბლებთ თავს და ყველაფერში ვემორჩილებით იეჰოვას, მის თვალში ისეთივე ძვირფასები ვხდებით, როგორიც წინასწარმეტყველი დანიელი იყო. ჩვენ კვლავაც გამოვიძერწებით იეჰოვას სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით და ერთ დღესაც წარვდგებით მის წინაშე როგორც სრულყოფილი შვილები! (რომ. 8:21).