არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიჩნევთ იეჰოვას თქვენს მეთუნედ?

მიიჩნევთ იეჰოვას თქვენს მეთუნედ?

„იეჰოვა, შენ ჩვენი . . . მეთუნე [ხარ]. ყველანი შენი ნახელავი ვართ“ (ეს. 64:8).

სიმღერები: 89, 26

1. რატომ ვერ შეედრება ვერც ერთი მეთუნე იეჰოვას?

ლონდონში 2010 წლის ნოემბერში გამართულ აუქციონზე მე-18 საუკუნის ჩინური კერამიკული ვაზა დაახლოებით 70 მილიონ დოლარად შეფასდა. ცხადია, ისეთი გავრცელებული და იაფი მასალისგან, როგორიც თიხაა, მეთუნეს მშვენიერი და ძვირფასი შედევრის შექმნა შეუძლია. თუმცა ვერც ერთი მეთუნე ვერ შეედრება იეჰოვას. მეექვსე შემოქმედებითი დღის მიწურულს ღმერთმა „მიწის მტვრისგან [თიხისგან]“ შექმნა სრულყოფილი ადამიანი და ის მისი შემოქმედის თვისებების არეკვლის უნარით დააჯილდოვა (დაბ. 2:7). მიწის მტვრისგან შექმნილ სრულყოფილ ადამიანს, ადამს, სამართლიანად ეწოდა „ღვთის ძე“ (ლუკ. 3:38).

2, 3. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მომნანიებელ ისრაელებს?

2 სამწუხაროდ, ადამი დაუპირისპირდა თავის შემოქმედს და დაკარგა ღვთის ძედ ყოფნის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, მის შთამომავალთაგან ბევრმა ღვთის უზენაესობას დაუჭირა მხარი (ებრ. 12:1). ისინი თავმდაბლად დაემორჩილნენ შემოქმედს, რითაც ცხადყვეს, რომ თავიანთ მამად და მეთუნედ მას ირჩევდნენ და არა სატანას (იოან. 8:44). ღვთისადმი თავიანთი ერთგულებით ისინი გვახსენებენ მომნანიებელ ისრაელებს, რომლებიც ამბობდნენ: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ! ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე. ყველანი შენი ნახელავი ვართ“ (ეს. 64:8).

3 დღეს ისინი, ვინც იეჰოვას თაყვანს სცემენ სულითა და ჭეშმარიტებით, მსგავს თავმდაბლობასა და მორჩილებას ავლენენ. მათთვის დიდი პატივია, იეჰოვას მამა უწოდონ და დაემორჩილონ, როგორც მეთუნეს. თვლით, რომ რბილი თიხა ხართ ღვთის ხელში და გსურთ, სასურველ ჭურჭლად გამოგძერწოთ? მიიჩნევთ და-ძმებს ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფებად, რომელთაც ღმერთი ძერწავს? იეჰოვას, როგორც მეთუნის საქმიანობაზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად განვიხილოთ სამი მხარე: როგორ ირჩევს იეჰოვა მათ, ვის გამოძერწვასაც აპირებს? რატომ ძერწავს მათ და როგორ აკეთებს ამას?

როგორ ირჩევს იეჰოვა მათ, ვის გამოძერწვასაც აპირებს?

4. როგორ ირჩევს იეჰოვა მათ, ვისაც თავისკენ იზიდავს? მოიყვანეთ მაგალითი.

4 ადამიანებზე დაკვირვების დროს იეჰოვა ყურადღებას არ აქცევს მათ გარეგნობას. ის იკვლევს მათ გულებს, ანუ შინაგან პიროვნებას (წაიკითხეთ 1 სამუელის 16:7ბ). ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა ღმერთმა ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა. მან თავისკენ და თავისი ძისკენ მიიზიდა ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვების თვალში ნდობას არ იმსახურებდნენ (იოან. 6:44). მათ შორის იყო ფარისეველი სავლე, ერთ დროს „ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ ადამიანი (1 ტიმ. 1:13). მაგრამ „გულების შემმოწმებელი“ ღმერთი სავლეს გამოუსადეგარ თიხად არ მიიჩნევდა (იგავ. 17:3). მან დაინახა, რომ სავლესგან სასურველი, „რჩეული ჭურჭლის“ გამოძერწვა შეიძლებოდა, რომელიც „უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ უქადაგებდა (საქ. 9:15). ღმერთმა ისეთებშიც კი დაინახა საპატიო ხმარებისთვის განკუთვნილ ჭურჭლად გახდომის შესაძლებლობა, რომლებიც ადრე ლოთები, ქურდები და უზნეოები იყვნენ (რომ. 9:21; 1 კორ. 6:9—11). ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად მათ განიმტკიცეს იეჰოვასადმი რწმენა და ღმერთს საკუთარი თავის გამოძერწვის საშუალება მისცეს.

5, 6. როგორ აისახება ჩვენი მეთუნის მიმართ ნდობა სამქადაგებლო უბანზე მცხოვრები ხალხისა თუ თანამორწმუნეებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?

5 როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე ზემოთქმულმა? ვინაიდან ვიცით, რომ იეჰოვას შეუძლია გულების წაკითხვა და თავისკენ იზიდავს მათ, ვისაც თავად ირჩევს, არ უნდა განვსაჯოთ სხვები — არც სამქადაგებლო უბანზე მცხოვრებნი და არც თანაქრისტიანები. განვიხილოთ ერთი მამაკაცის, მაიკლის შემთხვევა. ის ამბობს: „როცა ჩემს კართან იეჰოვას მოწმეებს ვხედავდი, კარს ცხვირწინ ვუხურავდი, თითქოს ისინი იქ არ იყვნენ. ძალიან ცუდად ვიქცეოდი! მოგვიანებით სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გავიცანი ერთი ოჯახი და მოვიხიბლე მათი კარგი ქცევით. ერთ დღესაც სახტად დავრჩი — გავიგე, თურმე იეჰოვას მოწმეები ყოფილან! მაშინ დავფიქრდი, რა იყო ამ ხალხის ათვალწუნების მიზეზი. მალევე მივხვდი, რომ მიზეზი ფაქტები კი არა, უცოდინარობა და ჭორები იყო“. ფაქტების გასაგებად მაიკლი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მოგვიანებით ის იეჰოვას მოწმე გახდა და სრული დროით მსახურება დაიწყო.

6 იეჰოვას ჩვენს მეთუნედ აღიარება თანამორწმუნეებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზეც მოახდენს გავლენას. უყურებთ და-ძმებს იეჰოვას მსგავსად, როგორც დამუშავების პროცესში მყოფთ და არა როგორც დასრულებულ ნამუშევარს? იეჰოვა ხედავს შინაგან ადამიანს და იცის, როგორი შეიძლება გახდეს ის მის მარჯვე ხელებში. ამიტომ ის დადებითად არის განწყობილი ადამიანების მიმართ და მათ დროებით სისუსტეებზე არ ამახვილებს ყურადღებას (ფსალმ. 130:3). ღმერთს მივბაძავთ, თუ დადებითად განვეწყობით მისი მსახურების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ დიდებულ მეთუნესთან და ხელი შევუწყოთ და-ძმებს სულიერ ზრდაში (1 თეს. 5:14, 15). ამ საკითხში კარგ მაგალითს უნდა იძლეოდნენ უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8, 11—13).

რატომ გვძერწავს იეჰოვა?

7. რატომ აფასებთ იეჰოვასგან შეგონებასა და დასჯას?

7 ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს მშობლების მხრიდან შეგონებისა და დასჯის ფასი, რაც თავად გახდნენ მშობლები. ცხოვრებისეული გამოცდილების მატებასთან ერთად სხვა თვალით ვუყურებთ დასჯას და იეჰოვას მსგავსად მას სიყვარულის გამოვლინებად მივიჩნევთ (წაიკითხეთ ებრაელების 12:5, 6, 11). მამაშვილური სიყვარულიდან გამომდინარე იეჰოვა მოთმინებით გვძერწავს. მას სურს, რომ გონიერები და ბედნიერები ვიყოთ და მის სიყვარულზე სიყვარულით ვუპასუხოთ (იგავ. 23:15). მას არ ახარებს, როცა საკუთარი გადაწყვეტილებების მწარე შედეგებს ვიმკით და არ სურს, ისე დავიხოცოთ, როგორც „რისხვის შვილები“, როგორც ადამის მემკვიდრეები (ეფეს. 2:2, 3).

8, 9. როგორ გვასწავლის იეჰოვა დღეს და როგორ მივიღებთ ღვთიურ განათლებას მომავალში?

8 ერთ დროს ჩვენ „რისხვის შვილები“ ვიყავით და იეჰოვასთვის მიუღებელ თვისებებს ვავლენდით! მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევიცვალეთ და კარგი თვისებები შევიძინეთ (ეს. 11:6—8; კოლ. 3:9, 10). ასე რომ, გარემო, სადაც იეჰოვა გვძერწავს, სულიერი სამოთხეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება, ჩვენ მაინც დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. ამასთან, ვინც უსიყვარულო და არაჯანსაღ ოჯახურ გარემოში აღვიზარდეთ, ახლა ნამდვილ სიყვარულს ვგრძნობთ (იოან. 13:35). ჩვენ ვისწავლეთ სხვების სიყვარული და გავიცანით იეჰოვა, რომელსაც შვილივით ვუყვარვართ (იაკ. 4:8).

9 ახალ ქვეყნიერებაში ბოლომდე შევიგრძნობთ სულიერი სამოთხის კურთხევებს. მაშინ ღვთის სამეფოს წყალობით სულიერ სამოთხესთან ერთად ფიზიკური სამოთხეც გვექნება. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე აღდგენის დროს იეჰოვა კვლავაც გამოძერწავს დედამიწის მკვიდრთ და ისე განსწავლის მათ, რომ დღეს ამის წარმოდგენაც კი გვიჭირს (ეს. 11:9). იეჰოვასგან გასრულყოფილებულები დაუბრკოლებლად შევძლებთ მისგან სწავლასა და მისი ნების შესრულებას. ამიტომ კვლავაც დავემორჩილოთ იეჰოვას და ცხადვყოთ, რომ გამოძერწვის პროცესს მისი სიყვარულის მტკიცებად მივიჩნევთ! (იგავ. 3:11, 12).

როგორ გვძერწავს იეჰოვა?

10. როგორ ავლენდა იესო დიდებული მეთუნის მსგავსად მოთმინებასა და ოსტატობას?

10 როგორც დახელოვნებულმა მეთუნემ, იეჰოვამ კარგად იცის, როგორ თიხასთან აქვს საქმე, ამიტომ შესაბამისად ძერწავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:10—14). ის ინდივიდუალურად გვიდგება თითოეულს, ითვალისწინებს ჩვენს სისუსტეებს, შეზღუდვებსა და იმას, სულიერი ზრდის რა ეტაპზე ვიმყოფებით. მისი ძის მაგალითიდან გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს თავისი არასრულყოფილი მსახურების მიმართ. დაფიქრდით მოციქულების შეცდომებისადმი იესოს დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით, როცა ისინი მეტოქეობის სულს ავლენდნენ. თუ მოციქულების გაცხარებული კამათის მოწმენი გახდებოდით, იფიქრებდით, რომ ისინი თვინიერი და დამყოლი ადამიანები იყვნენ? თუმცა იესოს მათზე უარყოფითი თვალსაზრისი არ შეუქმნია. მან იცოდა, რომ ერთგული მოციქულები მოთმინებით მიცემული კეთილი რჩევებითა და მისი თავმდაბლობის მაგალითით გამოიძერწებოდნენ (მარ. 9:33—37; 10:37, 41—45; ლუკ. 22:24—27). იესოს მკვდრეთით აღდგომისა და მათზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ მოციქულებისთვის უმთავრესი თავის წარმოჩენა და მდგომარეობა კი აღარ იყო, არამედ იესოს მიერ დავალებული საქმის შესრულება (საქ. 5:42).

11. საიდან ჩანს, რომ დავითი რბილი თიხა იყო და როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ?

11 იეჰოვა თავის მსახურებს დღეს ძირითადად თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და კრების მეშვეობით ძერწავს. ღვთის სიტყვით ჩვენი გამოძერწვა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მიზანმიმართულად ვკითხულობთ მას, ვფიქრობთ წაკითხულზე და იეჰოვას ვთხოვთ, წაკითხულის გამოყენებაში დაგვეხმაროს. დავითი წერდა: „გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ, ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე“ (ფსალმ. 63:6). „ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით“ (ფსალმ. 16:7). დავითი ღვთის რჩევებს თავისი უხილავი შინაგანი პიროვნების გამოძერწვის საშუალებას აძლევდა მაშინაც კი, როცა რჩევები მკაცრი იყო (2 სამ. 12:1—13). მან თავმდაბლობისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. უთმობთ თქვენც დროს ღვთის სიტყვაზე ფიქრს და აძლევთ მას საშუალებას, ღრმად ჩააღწიოს თქვენში? ამ მხრივ გაუმჯობესება ხომ არ გჭირდებათ? (ფსალმ. 1:2, 3).

12, 13. როგორ გვძერწავს იეჰოვა წმინდა სულისა და კრების მეშვეობით?

12 ჩვენ გამოსაძერწად იეჰოვა წმინდა სულს სხვადასხვანაირად იყენებს. მაგალითად, წმინდა სულის დახმარებით ვივითარებთ ქრისტეს თვისებებს, რომელიც ღვთის სულის ნაყოფს ავლენდა (გალ. 5:22, 23). ამ ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სიყვარულია. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მის მცნებებს ტვირთად არ მივიჩნევთ, ამიტომ გვინდა დავემორჩილოთ მას როგორც მეთუნეს. ამასთან, წმინდა სული ძალას გვაძლევს, რომ ქვეყნიერებასა და მისი ბოროტი სულის გავლენას შევეწინააღმდეგოთ (ეფეს. 2:2). მოციქული პავლე, რომელიც ახალგაზრდობაში იუდეველი რელიგიური წინამძღოლების სიამაყის გავლენაში მოექცა, მოგვიანებით წერდა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). პავლეს მსგავსად, მოდი ჩვენც ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული! იეჰოვა უყურადღებოდ არ ტოვებს თვინიერთა გულწრფელ ვედრებას (ფსალმ. 10:17).

იეჰოვა უხუცესების მეშვეობით გვძერწავს, თუმცა ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ (იხილეთ აბზაცები 12, 13)

13 იეჰოვა კრებისა და მისი ზედამხედველების მეშვეობით გვძერწავს თითოეულს. მაგალითად, თუ უხუცესები შეამჩნევენ, რომ სულიერად დავსუსტდით, შეეცდებიან დახმარება აღმოგვიჩინონ, ოღონდ არა ადამიანური სიბრძნით (გალ. 6:1). ისინი ღმერთს წვდომის უნარსა და სიბრძნეს სთხოვენ, ფიქრობენ ჩვენზე და ლოცვის შესაბამისად იკვლევენ ღვთის სიტყვასა და პუბლიკაციებს, რათა სათანადო დახმარება აღმოგვიჩინონ. თუ ისინი სიკეთითა და სიყვარულით მოგცემენ რჩევას, მაგალითად ჩაცმის სტილთან დაკავშირებით, მიიჩნევთ ამას თქვენდამი ღვთის სიყვარულის გამოვლენად? თუ რჩევას არ უგულებელყოფთ, ცხადყოფთ, რომ რბილი თიხა ხართ იეჰოვას ხელში და მზად ხართ, რომ თქვენ სასიკეთოდ გამოგძერწოთ.

14. თავისი სურვილისამებრ გამოძერწვის ნაცვლად, როგორ ითვალისწინებს იეჰოვა ჩვენი ნების თავისუფლებას?

14 იმის ცოდნა, თუ როგორ ძერწავს ღმერთი ადამიანებს, გვეხმარება, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს როგორც თანამორწმუნეების, ისე ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე მცხოვრები ხალხისა და ბიბლიის შემსწავლელების მიმართ. მეთუნე პირდაპირ არ იწყებს ამოთხრილი თიხის ძერწვას. ის ჯერ ამუშავებს მას, აცილებს კენჭებსა თუ სხვა არასასურველ საგნებს. სულიერი გაგებით ღმერთი მსგავსად ექცევა გამოსაძერწ ადამიანებს. ის არ აიძულებს მათ, ცვლილებები მოახდინონ, არამედ უცხადებს თავის სამართლიან ნორმებს, რათა თავად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და ნებაყოფლობით მოიშორონ არასასურველი თვისებები თუ ჩვევები.

15, 16. როგორ ცხადყოფენ ბიბლიის შემსწავლელები, რომ სურთ, იეჰოვამ გამოძერწოს ისინი? მოიყვანეთ მაგალითი.

15 განვიხილოთ ავსტრალიაში მცხოვრები დის, ტესის შემთხვევა. და, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა, იხსენებს: „ტესი ჭეშმარიტებას ადვილად ითვისებდა, მაგრამ სულიერად წინ არ მიიწევდა და კრების შეხვედრებსაც არ ესწრებოდა! ბევრი ფიქრისა და ლოცვის შემდეგ გადავწყვიტე, მასთან შესწავლა შემეწყვიტა. მაგრამ მოხდა სასწაული! როცა ტესისთან ბოლო შესწავლის ჩასატარებლად მივედი, მან გული გადამიშალა და მითხრა, რომ თავს თვალთმაქცად თვლიდა, რადგან აზარტულ თამაშებს თავს ვერ ანებებდა. თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა, ეს ჩვევა მოეშორებინა“.

16 ამის შემდეგ მალევე ტესიმ კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო და მეგობრების დაცინვის მიუხედავად ცდილობდა ქრისტიანული თვისებების გამოვლენას. დროთა განმავლობაში ის მოინათლა. თუმცა მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა, ის მაინც ახერხებდა პიონერად მსახურებას. ცხადია, როცა ბიბლიის შემსწავლელები ცდილობენ, ღვთისმოსაწონად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, ღმერთიც უახლოვდება მათ და სასურველ ჭურჭლებად ძერწავს.

17. ა) რატომ მოგწონთ, რომ თქვენი მეთუნე იეჰოვაა? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 დღესაც მეთუნეები თიხის ნაკეთობებს ხშირად ხელით ამზადებენ. მსგავსად ჩვენი მეთუნე, იეჰოვა ღმერთი უშუალოდ ძერწავს თითოეულ ჩვენგანს — მოთმინებით გვაძლევს რჩევებს და გვაკვირდება, როგორ ვიღებთ მათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8). გრძნობთ, რომ იეჰოვა პირადად თქვენით არის დაინტერესებული? ატყობთ, როგორ იძერწებით მის მზრუნველ ხელებში? რა თვისებები დაგეხმარებათ, რომ კვლავაც რბილი თიხა იყოთ? რას უნდა მოერიდოთ, რომ ძნელად დასამუშავებელი თიხა არ აღმოჩნდეთ? როგორ შეუძლიათ მშობლებს, ხელი შეუწყონ იეჰოვას თავიანთი შვილების გამოძერწვაში? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.