არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრილიანტებზე ძვირფასი

ბრილიანტებზე ძვირფასი

ბრილიანტები ოდითგანვე ძვირფას ქვებად ითვლება და ზოგი მათგანი მილიონობით დოლარი ღირს. მაგრამ შეიძლება რამე ბრილიანტებსა თუ სხვა პატიოსან თვლებზე უფრო ძვირფასი იყოს?

სომხეთში მცხოვრებმა მოუნათლავმა მაუწყებელმა, ჰაიკანუშმა, სახლთან ახლოს პასპორტი იპოვა. პასპორტში სადებეტო ბარათები და საკმაოდ დიდი თანხა იდო. ჰაიკანუშმა ამის შესახებ თავის ქმარს შეატყობინა, რომელიც ასევე მოუნათლავი მაუწყებელი იყო.

წყვილს სერიოზული ფინანსური პრობლემები და ვალები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ ფული პასპორტში მითითებულ მისამართზე მიეტანათ. მათმა საქციელმა ძალიან გააოცა პასპორტის მფლობელი და მისი ოჯახი. ჰაიკანუშმა და მისმა მეუღლემ ამ კაცსა და მის ოჯახს აუხსნეს, რომ პატიოსნად მოქცევისკენ მათ ბიბლიიდან მიღებულმა ცოდნამ უბიძგა და ისინი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. მათ ისარგებლეს შემთხვევით, ოჯახს იეჰოვას მოწმეების შესახებ ესაუბრნენ და რამდენიმე პუბლიკაცია დაუტოვეს.

მადლიერების ნიშნად ოჯახმა ჰაიკანუშს ფული შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. მეორე დღეს იმ კაცის ცოლმა ჰაიკანუშსა და მის ქმარს სახლში მიაკითხა და დაჟინებით სთხოვდა, ბრილიანტის ბეჭედი აეღოთ საჩუქრად.

ამ ოჯახის მსგავსად, ბევრს გააკვირვებდა ჰაიკანუშისა და მისი ქმრის საქციელი. გაუკვირდებოდა ეს იეჰოვასაც? როგორ შეაფასებდა ის მათ პატიოსნებას? ღირდა პატიოსნად მოქცევა?

ფასდაუდებელი თვისებები

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა რთული არ არის, რადგან ღვთის მსახურებს სჯერათ, რომ იეჰოვას მოსაწონი თვისებები ბრილიანტებზე, ოქრო-ვერცხლსა თუ სხვა განძზე ძვირფასია. იეჰოვას თვალსაზრისი იმაზე, თუ რა არის ძვირფასი და რა არა, განსხვავდება ადამიანთა უმეტესობის თვალსაზრისისგან (ეს. 55:8, 9). ღვთის მსახურებს სურთ, სრულად აირეკლონ იეჰოვას თვისებები და ამას ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევენ.

ამაზე მოწმობს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები გამჭრიახობასა და სიბრძნეზე. იგავების 3:13—15-ში ნათქვამია: „ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა, რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია. მარჯანზე ძვირფასია და ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს“. ეჭვგარეშეა, იეჰოვას თვალში ასეთი თვისებები ნებისმიერ განძზე ძვირფასია.

რის თქმა შეიძლება პატიოსნებაზე?

პატიოსნება იეჰოვას ერთ-ერთი თვისებაა. შეუძლებელია, მან იცრუოს (ტიტ. 1:2). ღვთივშთაგონებით პავლე მოციქულმა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18).

იესო ქრისტემ პატიოსნების კარგი მაგალითი მოგვცა. მღვდელმთავარმა კაიაფამ უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე, ღვთის ძე!“. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლის თქმისთვის სინედრიონი მას მკრეხელობაში დაადანაშაულებდა და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა, იესოს არ დაუმალავს, რომ მესია იყო (მათ. 26:63—67).

ჩვენზე რას ვიტყოდით? მოვიქცეოდით პატიოსნად, თუ რაღაცის ბოლომდე ართქმა ან ინფორმაციის ოდნავ დამახინჯება მოგებას მოგვიტანდა?

რატომ არის რთული პატიოსნად მოქცევა?

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბოლო დღეებში, როცა ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულები [და] ფულის მოყვარულები“ არიან, პატიოსნად მოქცევა არცთუ ისე ადვილია (2 ტიმ. 3:2). ეკონომიკურმა სირთულეებმა და არასტაბილურმა სამსახურმა ბევრის პატიოსნებაზე იქონია გავლენა. ისინი ამართლებენ ქურდობას, ტყუილსა თუ სხვა უპატიოსნო საქციელს. მათი აზრით, პატიოსანი საქციელით მოგებას ვერ ნახავ. „უპატიოსნო შემოსავლის“ მიღების გამო ზოგმა ქრისტიანმაც არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღო და კრებაში კარგი სახელი დაკარგა (1 ტიმ. 3:8; ტიტ. 1:7).

თუმცა ქრისტიანების უმეტესობა ჰბაძავს იესოს. მათ ესმით, რომ ღვთისმოსაწონი თვისებები სიმდიდრესა თუ ნებისმიერ სხვა მიღწევაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ახალგაზრდა ქრისტიანები სკოლაში კარგი ნიშნების მისაღებად ხრიკებს არ მიმართავენ (იგავ. 20:23). შეიძლება პატიოსნებისთვის ყოველთვის ისე არ დაგვაჯილდოონ, როგორც ჰაიკანუში, მაგრამ პატიოსნებას ღმერთი დაგვიფასებს და სუფთა სინდისი გვექნება, რაც ნამდვილად ძვირფასია.

ეს კარგად ჩანს გაგიკის შემთხვევიდან. ის ამბობს: „ვიდრე ქრისტიანი გავხდებოდი, მთავარ მენეჯერად ვმუშაობდი მსხვილ კომპანიაში, რომლის მფლობელიც გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით მოგების მხოლოდ მცირე ნაწილს აჩენდა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემა, რათა თვალი დაეხუჭა ჩვენი კომპანიის თაღლითობაზე. ამიტომ უპატიოსნო კაცის სახელი მქონდა. როგორც კი ჭეშმარიტება გავიგე, უარი ვთქვი ასეთ საქციელზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მიხდიდნენ. ჩემი საქმე წამოვიწყე. პირველივე დღეს გავატარე რეგისტრაციაში ჩემი კომპანია და იმ დღიდან ყველა გადასახადს ვიხდი“ (2 კორ. 8:21).

გაგიკი დასძენს: „შემოსავალი გამინახევრდა, ამიტომ ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის რჩენა. თუმცა ახლა უფრო ბედნიერი ვარ, რადგან იეჰოვას წინაშე სუფთა სინდისი მაქვს, კარგ მაგალითს ვაძლევ ჩემს ორ ვაჟს და კრებაშიც პასუხისმგებლობები მომეცა. აუდიტორებსა თუ ბიზნესპარტნიორებთან ახლა პატიოსანი კაცის სახელით ვსარგებლობ“.

იეჰოვა ამოგიდგებათ მხარში

იეჰოვას უყვარს ისინი, ვინც მის სწავლებას ამკობს და მის უბადლო თვისებებს, მათ შორის პატიოსნებას ავლენს (ტიტ. 2:10). მან მეფე დავითს იმედის მომცემი სიტყვები დააწერინა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25).

ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ერთგული რუთის შემთხვევა ცხადყოფს. მან არ მიატოვა მოხუცებული დედამთილი ნაომი და მასთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჭეშმარიტი ღვთისთვის თაყვანისცემას შეძლებდა (რუთ. 1:16, 17). რუთი პატიოსანი და შრომისმოყვარე ქალი იყო. მან ისარგებლა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებით და მუხლჩაუხრელად იმუშავა ყანაში. რუთმა და ნაომიმ ისევე იგრძნეს იეჰოვას მზრუნველი ხელი, როგორც მოგვიანებით დავითმა (რუთ. 2:2—18). აღსანიშნავია, რომ იეჰოვამ მხოლოდ რუთის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე კი არ იზრუნა, არამედ იმის პატივიც უბოძა, რომ მეფე დავითისა და აღთქმული მესიის წინაპარი გამხდარიყო (რუთ. 4:13—17; მათ. 1:5, 16).

იეჰოვას ზოგი მსახური შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ გაუჭირდეს თავის რჩენა. ნაცვლად იმისა, რომ უპატიოსნო გზით ეცადონ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას, ისინი ცდილობენ მძიმედ იშრომონ და მუყაითები იყვნენ. ამგვარად ისინი ცხადყოფენ, რომ მათთვის ღვთის უბადლო თვისებები, მათ შორის პატიოსნება, მატერიალურ კეთილდღეობაზე ძვირფასია (იგავ. 12:24; ეფეს. 4:28).

ძველ დროში მცხოვრები რუთის მსგავსად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქრისტიანებს იეჰოვას დახმარების იმედი აქვთ. ისინი სრულად ენდობიან ბიბლიაში ჩაწერილი დაპირების ავტორს: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). იეჰოვამ მრავალგზის დაამტკიცა, რომ შეუძლია დაეხმაროს გაჭირვებულთ, რომლებიც ყოველთვის პატიოსნად იქცევიან, და ამას მომავალშიც გააკეთებს. ის დღემდე ასრულებს თავის დაპირებას, რომ ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფს თავის ერთგულთ (მათ. 6:33).

ადამიანთა თვალში ბრილიანტებსა თუ სხვა ძვირფასეულობას შეიძლება დიდი ფასი ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენი ზეციერი მამისთვის პატიოსნება და სხვა ღვთისმოსაწონი თვისებები ძვირფას თვლებზე ბევრად ძვირფასია!

პატიოსნება სუფთა სინდისს შეგვინარჩუნებს და ქადაგების დროს სიტყვაში სითამამეს მოგვცემს