გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
რომელი ოთხი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება უკეთ მღერაში?
უნდა დავდგეთ გამართულად და სიმღერების წიგნი ოდნავ ზემოთ ავწიოთ. ხმამაღლა რომ ვიმღეროთ, სწორად უნდა ვისუნთქოთ და პირი ფართოდ გავაღოთ (w17.11, გვერდი 5).
რატომ იქცევს ჩვენს ყურადღებას ისრაელში არსებული თავშესაფარი ქალაქების ადგილმდებარეობა და ამ ქალაქებამდე მისასვლელი გზები?
ისრაელის ტერიტორიაზე ექვსი თავშესაფარი ქალაქი იყო და ამ ქალაქებამდე მისასვლელი გზები კარგად იყო მოვლილი. ამიტომ გაქცეულს შედარებით სწრაფად და ადვილად შეეძლო მათი მიგნება (w17.11, გვერდი 14).
რატომ არის იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი ღვთისგან ბოძებული უძვირფასესი საჩუქარი?
ის გვიკმაყოფილებს მარადიული ცხოვრების სურვილს. მის გარეშე თავს ვერ დავაღწევთ ცოდვასა და სიკვდილს. ღმერთს ადამის შთამომავლების ძლიერმა სიყვარულმა უბიძგა, რომ იესოს მეშვეობით გამოვესყიდეთ, „როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (wp17.6, გვერდები 6, 7).
როგორ მიუთითებს ფსალმუნის 118:22 იესოს აღდგომაზე?
იესო უარყვეს როგორც მესია და მოკლეს. „კუთხის თავში დასადები ქვა“ რომ გამხდარიყო, ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო (w17.12, გვერდები 9, 10).
შედიოდნენ მესიის საგვარეულო ხაზში მხოლოდ ისინი, ვისაც პირმშოობის უფლება ჰქონდა?
იესოს საგვარეულო ხაზის გამგრძელებლები ყოველთვის პირმშოები არ იყვნენ. მაგალითად, დავითი არ იყო იესეს პირმშო, თუმცა სწორედ ის გახდა მესიის წინაპარი (w17.12, გვერდები 14, 15).
მედიცინასთან დაკავშირებული რომელი პრინციპებია ჩაწერილი ბიბლიაში?
მოსეს კანონის თანახმად, ზოგიერთი დაავადების მქონე ადამიანები სხვებისგან უნდა განეცალკევებინათ. ისრაელებს მკვდართან შეხების შემდეგ სხეული უნდა დაებანათ. კანონი მოითხოვდა, რომ ფეკალიების მოსაშორებლად სათანადო ზომები მიეღოთ. ღვთის კანონის მიხედვით, ახალშობილი ბიჭის წინადაცვეთა მერვე დღეს უნდა მომხდარიყო, რადგან ამ დროს სისხლის შედედების მაჩვენებელი ნორმალურ დონეს აღწევს (wp18.1, გვერდი 7).
რატომ არ არის ცუდი, ქრისტიანს ზომიერად უყვარდეს საკუთარი თავი?
მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს (მარ. 12:31). ქმრებს „ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფეს. 5:28). თუმცა საკუთარი თავის სიყვარული შეიძლება ეგოიზმში გადაიზარდოს (w18.01, გვერდი 23).
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ სულიერი პროგრესი განვიცადოთ?
უნდა შევისწავლოთ ღვთის სიტყვა, ვიფიქროთ ნასწავლზე და ცხოვრებაში გამოვიყენოთ. წმინდა სულს ჩვენს გულსა და გონებაზე მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ და მადლიერებით მივიღოთ დახმარება სხვებისგან (w18.02, გვერდი 26).
რატომ არ უნდა მივმართოთ ასტროლოგიასა და მკითხაობას მომავლის გასაგებად?
ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ბიბლია განსჯის ასეთ საქციელს (wp18.2, გვერდები 4, 5).
რატომ არ უნდა გავტეხოთ სიტყვა, როცა ვინმეს სადილად სტუმრობაზე ვთანხმდებით?
როცა ვინმეს სტუმრობაზე ვთანხმდებით, სიტყვის პატრონები უნდა ვიყოთ (ფსალმ. 15:4). უმიზეზოდ არ უნდა შევცვალოთ გადაწყვეტილება. თუ არ მივალთ, შეიძლება მასპინძელს წყალში ჩავუყაროთ შრომა (w18.03, გვერდი 18).
რის სწავლა შეუძლიათ ტიმოთესგან პასუხისმგებელ ძმებს?
ტიმოთე გულწრფელად ზრუნავდა ხალხზე და სულიერ საქმეებს პირველ ადგილზე აყენებდა. ის წმინდა მსახურების შესასრულებლად თავს არ ზოგავდა და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა. ტიმოთე არ წყვეტდა საკუთარ თავზე მუშაობას და იეჰოვას წმინდა სულზე იყო დანდობილი. მისი მაგალითის მიბაძვა შეუძლიათ როგორც უხუცესებს, ისე სხვებს (w18.04, გვერდები 13, 14).