გვქონდეს ისეთივე ერთობა, როგორიც იეჰოვას და იესოს აქვთ!
„გთხოვ . . . ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში“ (იოან. 17:20, 21).
1, 2. ა) რა სთხოვა იესომ ღმერთს მოციქულებთან ერთად ბოლო ლოცვის დროს? ბ) რატომ აფიქრებდა იესოს თავისი მიმდევრების ერთობა?
მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს იესოს აფიქრებდა, შეძლებდნენ თუ არა მისი მიმდევრები ერთობის შენარჩუნებას. მათთან ერთად ლოცვის დროს მან გამოხატა სურვილი, რომ მის მოწაფეებს ისეთივე ერთობა ჰქონოდათ, როგორიც მას და მამას ჰქონდათ (წაიკითხეთ იოანეს 17:20, 21). მათი ერთობა იმის ძლიერი მტკიცება იქნებოდა, რომ იესო დედამიწაზე იეჰოვამ გამოგზავნა თავისი ნების შესასრულებლად. იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს სიყვარული გამოარჩევდათ, რაც მათ ერთობას შეუწყობდა ხელს (იოან. 13:34, 35).
2 იესოს ჰქონდა მიზეზი, რომ ერთობის შენარჩუნებაზე გაემახვილებინა ყურადღება. მან შენიშნა, რომ მის მოციქულებს ერთსულოვნება აკლდათ. ეს უკანასკნელი ვახშმის დროსაც გამოჩნდა, როცა მათ იმაზე დაიწყეს კამათი, „თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკ. 22:24—27; მარ. 9:33, 34). სხვა შემთხვევაში იაკობმა და იოანემ იესოს სთხოვეს, რომ თავის სამეფოში მათთვის საპატიო ადგილები მიეცა (მარ. 10:35—40).
3. რას შეიძლებოდა შეეშალა ხელი ქრისტეს მოწაფეების ერთობისთვის და რა კითხვებს განვიხილავთ?
3 თუმცა ქრისტეს მოწაფეების ერთობას მხოლოდ პირველობის
სული არ უქმნიდა საფრთხეს. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს სიძულვილი და წინასწარშექმნილი აზრი საზოგადოების დაყოფას იწვევდა. ამიტომ იესოს მოწაფეებს უნდა მოეშორებინათ ასეთი უარყოფითი გრძნობები და დამოკიდებულება. ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი? როგორ დაეხმარა ის თავის მიმდევრებს, რომ მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ და ნამდვილი ერთობა ჰქონოდათ? და როგორ დაგვეხმარება იესოს სწავლებები, რომ ჩვენც შევინარჩუნოთ ერთობა?წინასწარშექმნილი აზრი იესოსა და მის მიმდევრებზე
4. რა წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ იესოს მიმართ?
4 იესო თავადაც გახდა წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლი. როცა ფილიპემ ნათანაელს უთხრა, რომ მესია იპოვა, მან მიუგო: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“ (იოან. 1:46). როგორც ჩანს, ნათანაელმა იცოდა მიქას 5:2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. შესაძლოა ამიტომაც ფიქრობდა, რომ ნაზარეთი საკმაოდ უმნიშვნელო ქალაქი იყო იმისთვის, რომ იქიდან მესია მოსულიყო. გამოჩენილი იუდეველებიც იმიტომ უყურებდნენ იესოს ზიზღით, რომ ის გალილეელი იყო (იოან. 7:52). ბევრი იუდეველი გალილეელებს დაბალ ფენად მიიჩნევდა, სხვები კი დასამცირებლად იესოს სამარიელს ეძახდნენ (იოან. 8:48). სამარიელები იუდეველებისგან ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავდებოდნენ. იუდეველებიც და გალილეელებიც არაფრად აგდებდნენ სამარიელებს და ერიდებოდნენ მათ (იოან. 4:9).
5. რა წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლი გახდნენ იესოს მოწაფეები?
5 იუდეველი წინამძღოლებიც არარაობად მიიჩნევდნენ იესოს მიმდევრებს, ფარისევლები კი მათ დაწყევლილ ხალხად თვლიდნენ (იოან. 7:47—49). ყველა, ვისაც რაბინულ სკოლაში არ უსწავლია ან მათ ტრადიციებს არ იცავდა, მათ თვალში უღირსი და მდაბიო ადამიანი იყო (საქ. 4:13). იესოსა და მის მოწაფეებზე წინასწარშექმნილი აზრი იმიტომ ჰქონდათ, რომ ხალხი ამაყობდა თავიანთი რელიგიით, სოციალური სტატუსითა და წარმოშობით. ასეთი წინასწარშექმნილი აზრი იესოს მოწაფეებზეც ახდენდა გავლენას, ამიტომ ერთობის შესანარჩუნებლად მათ აზროვნება უნდა შეეცვალათ.
6. როგორ შეიძლება იმოქმედოს წინასწარშექმნილმა აზრმა ჩვენზე?
6 დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს წინასწარშექმნილი აზრი. შეიძლება ან ჩვენ გავხდეთ მისი მსხვერპლი, ან თავად გვქონდეს სხვების მიმართ წინასწარჩამოყალიბებული შეხედულება. „რაც უფრო ხშირად ვფიქრობდი იმ უსამართლობაზე, რომელსაც აბორიგენები დღემდე ხვდებიან, მით უფრო მიმძაფრდებოდა თეთრკანიანების მიმართ სიძულვილი“, — ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები პიონერი და. „ამ სიძულვილს აძლიერებდა ისიც, რომ პირადად შემეხო ეს უსამართლობა“, — დასძენს ის. ერთი კანადელი ძმა აღნიშნავს, რომ ერთ დროს სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიმართ წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდა. „ვფიქრობდი, რომ ფრანგულად მოლაპარაკეები სხვებზე უკეთესები იყვნენ, ამიტომ ინგლისურენოვანი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება განმივითარდა“.
7. საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი?
7 სხვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანს შეიძლება დღესაც ჰქონდეს ძვალსა და რბილში გამჯდარი, როგორც ეს იესოს დროს იყო. საიდან ჩანს, რომ იესოზე გავლენას არ ახდენდა გავრცელებული აზრი? პირველი, ის მიუკერძოებლობას ავლენდა იმით, რომ ქადაგებდა განურჩევლად ყველასთან — მდიდრებთან თუ ღარიბებთან, ფარისევლებთან თუ სამარიელებთან, გადასახადების ამკრეფებთან თუ ცოდვილებთან. მეორე, სიტყვითა და საქმით მან თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ უნდა მოეშორებინათ სხვების მიმართ უნდობლობა და არაშემწყნარებლური დამოკიდებულება.
წინასწარშექმნილ აზრზე სიყვარული და თავმდაბლობა იმარჯვებს
8. რა პრინციპი უდევს საფუძვლად ქრისტიანულ ერთობას? ახსენით.
8 იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ჩვენს ერთობას. „თქვენ ყველანი ძმები ხართ“, — თქვა მან (წაიკითხეთ მათეს 23:8, 9). ჩვენ ძმები იმ გაგებით ვართ, რომ საერთო წინაპარი გვყავს (საქ. 17:26). მაგრამ, როგორც იესომ ახსნა, მისი მიმდევრები იმ გაგებითაც იყვნენ და-ძმები, რომ ისინი იეჰოვას ზეციერ მამად აღიარებდნენ (მათ. 12:50). ამასთანავე, ისინი გახდნენ დიდი სულიერი ოჯახის წევრები, რომელთაც სიყვარული და რწმენა აერთიანებდათ. ამიტომ მოციქულები თავიანთ წერილებში ხშირად მოიხსენიებდნენ თანაქრისტიანებს და-ძმებად (რომ. 1:13; 1 პეტ. 2:17; 1 იოან. 3:13). *
9, 10. ა) რატომ არ ჰქონდათ იუდეველებს იმის მიზეზი, რომ თავიანთი წარმოშობით ეამაყათ? ბ) როგორ გვასწავლა იესომ, რომ არ უნდა გვქონდეს სხვა ერის ხალხზე წინასწარშექმნილი აზრი? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
9 მას შემდეგ, რაც ნათლად დაგვანახვა, რომ ერთმანეთს და-ძმებად უნდა მივიჩნევდეთ, იესომ თავმდაბლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (წაიკითხეთ მათეს 23:11, 12). როგორც აღვნიშნეთ, სიამაყე მოციქულებს შორის დაყოფას იწვევდა. პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ ისინი თავიანთი ერის წარმოშობით ამაყობდნენ. მართლა საამაყო იყო იუდეველებისთვის ის, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ? ბევრი იუდეველი ამაყობდა ამით. მაგრამ იოანე ნათლისმცემელმა უთხრა მათ: „ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები“ (ლუკ. 3:8).
10 იესო არ იწონებდა, როცა ადამიანები თავიანთი წარმოშობით ამაყობდნენ და გმობდა ასეთ საქციელს. მან თავისი პოზიცია მაშინ გამოხატა, როცა ერთმა მწიგნობარმა ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. პასუხად იესომ მოიყვანა მაგალითი ერთ სამარიელზე, რომელმაც ყაჩაღებისგან ნაცემ იუდეველზე იზრუნა. გზად ჩავლილმა იუდეველებმა ყურადღება არ მიაქციეს გასაჭირში ჩავარდნილ თანამემამულეს, სამარიელს კი გული დაეწვა მის გამო. მაგალითის ბოლოს იესომ უთხრა მწიგნობარს, რომ ამ სამარიელისთვის მიებაძა (ლუკ. 10:25—37). იესომ ცხადყო, რომ სამარიელებს შეეძლოთ, იუდეველებისთვის მოყვასის სიყვარული ესწავლებინათ.
11. რატომ უნდა ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები უცხოელების მიმართ მიუკერძოებლები და როგორ დაეხმარა მათ ამ მხრივ იესო?
11 დავალებული საქმის შესასრულებლად იესოს მოწაფეებს სიამაყისა და წინასწარშექმნილი აზრის მოშორება სჭირდებოდათ. ზეცად ამაღლებამდე მან დაავალა მათ, რომ ექადაგათ „მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იესომ წინასწარ მოამზადა ისინი ასეთი ფართომასშტაბიანი დავალებისთვის. ის ყურადღებას უმახვილებდა უცხოელების კარგ თვისებებზე. მაგალითად, მან შეაქო უცხოელი ასისთავი ძლიერი რწმენისთვის (მათ. 8:5—10). მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იესომ აღნიშნა, როგორ გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება უცხოელების მიმართ, მაგალითად სარეფთაში მცხოვრები ფინიკიელი ქვრივისა და კეთროვანი ნაამანის მიმართ, რომელიც სირიელი იყო (ლუკ. 4:25—27). იესომ უბრალოდ კი არ უქადაგა სამარიელ ქალს, არამედ „ორ დღეს დარჩა“ სამარიელთა ქალაქში, რადგან ხალხს მისი ცნობა აინტერესებდა (იოან. 4:21—24, 40).
წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა პირველ საუკუნეში
12, 13. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მოციქულებს, როცა იესო სამარიელ ქალთან ქადაგებდა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე) ბ) საიდან გამოჩნდა, რომ იაკობი და იოანე ვერ ჩასწვდნენ იესოს გაკვეთილს?
12 მოციქულებისთვის ადვილი არ იყო წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა. ისინი გააკვირვა იმის დანახვამ, რომ იესო მზად იყო, სამარიელი ქალისთვის ესწავლებინა (იოან. 4:9, 27). იუდეველი წინამძღოლები საზოგადოებაში ქალებს არ ელაპარაკებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ სამარიელ ქალზე, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა. როცა მოციქულებმა სთხოვეს, საჭმელი ეჭამა, იესოს ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ სულიერ საკითხებზე მსჯელობაში ჩაბმულს შიმშილი აღარც კი ახსოვდა. ქადაგება, თუნდაც ამ სამარიელ ქალთან, მისი მამის ნება იყო და ეს მისთვის საჭმელივით იყო (იოან. 4:31—34).
13 იაკობი და იოანე ვერ ჩასწვდნენ ამ გაკვეთილს. როცა იესოსთან ერთად სამარიის გავლით მიდიოდნენ, მოწაფეებმა სამარიის ერთ სოფელში ღამის გასათევის ძებნა დაიწყეს. სამარიელებმა არ მიიღეს ისინი, ამიტომ განრისხებულმა იაკობმა და იოანემ იესოს უთხრეს, ნება მიეცა მათთვის, რომ მთელი სოფელი ციდან ჩამოსული ცეცხლით გაენადგურებინათ. იესო გაუწყრა მათ (ლუკ. 9:51—56). საეჭვოა, იაკობსა და იოანეს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონოდათ, მშობლიურ გალილეაში რომ მოქცეოდნენ მათ არასტუმართმოყვარულად. როგორ ჩანს, მათ მტრულ დამოკიდებულებას წინასწარშექმნილმა აზრმა შეუწყო ხელი. მოგვიანებით სამარიელებთან ქადაგებას კარგი შედეგი მოჰყვა და შეიძლება იოანე მოციქულს რცხვენოდა კიდეც, რომ ერთ დროს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა მათ არასტუმართმოყვარეობაზე (საქ. 8:14, 25).
14. როგორ გადაიჭრა პრობლემა, რომელიც სხვა ენაზე მოლაპარაკე ქვრივებს ეხებოდა?
14 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მალევე დისკრიმინაციამ იჩინა თავი. გაჭირვებული ქვრივებისთვის საკვების განაწილების დროს ებრაულენოვან იუდეველებს მხედველობიდან რჩებოდათ ბერძნულენოვანი ქვრივები (საქ. 6:1). მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მათ წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხის მიმართ. მოციქულებმა სწრაფად გამოასწორეს მდგომარეობა და საკვების გასანაწილებლად მოწიფული მამაკაცები დანიშნეს, რომელთაც ბერძნული სახელები ჰქონდათ. ამას შეიძლებოდა დაემშვიდებინა გულმოსული ქვრივები.
15. როგორ ისწავლა პეტრემ ყველას მიმართ მიუკერძოებლობის გამოვლენა? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
15 ახ. წ. 36 წელს მოწაფეების მომზადების საქმემ ფართო მასშტაბები მიიღო. მოციქულ პეტრეს მხოლოდ იუდეველებთან ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ, როცა ღმერთმა ნათლად დაანახვა, რომ ქრისტიანები მიკერძოებულები არ უნდა ყოფილიყვნენ, პეტრემ უქადაგა რომაელ ჯარისკაცს, კორნელიუსს (წაიკითხეთ საქმეების 10:28, 34, 35). მას მერე პეტრე სიამოვნებით ურთიერთობდა და მიირთმევდა საკვებს უცხოტომელ თანაქრისტიანებთან. თუმცა წლების შემდეგ, ანტიოქიაში ყოფნის დროს, პეტრემ შეწყვიტა არაიუდეველ ქრისტიანებთან ერთად ჭამა (გალ. 2:11—14). ამის გამო პავლემ სამართლიანი შენიშვნა მისცა პეტრეს, რომელმაც, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ის. როცა პეტრემ თავისი პირველი წერილი მისწერა მცირე აზიაში მცხოვრებ იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს, მან თბილად მოიხსენია მთელი საძმო (1 პეტ. 1:1; 2:17).
16. რით იყვნენ ცნობილნი პირველი საუკუნის ქრისტიანები?
16 აშკარაა, მოციქულებმა იესოსგან ისწავლეს, რომ ჰყვარებოდათ „ყველანაირი ადამიანი“ (იოან. 12:32; 1 ტიმ. 4:10). მართალია, დრო დასჭირდათ, მაგრამ მათ შეიცვალეს აზროვნება. პირველი ქრისტიანები ერთმანეთის სიყვარულით იყვნენ ცნობილნი. მეორე საუკუნის მწერალი ტერტულიანე ციტირებდა არაქრისტიანების სიტყვებს: „როგორ უყვართ ერთმანეთი . . . ისინი მზად არიან, სიცოცხლეც კი გაიღონ ერთმანეთისთვის“. „ახალი პიროვნებით“ შემოსვის შემდეგ პირველი საუკუნის ქრისტიანები სხვებს ღვთის თვალით უყურებდნენ და მათთვის ყველა ადამიანი თანასწორი იყო (კოლ. 3:10, 11).
17. როგორ შეგვიძლია აღმოვფხვრათ წინასწარშექმნილი აზრი ჩვენი გონებიდან და გულიდან? მოიყვანეთ მაგალითი.
17 დღეს შეიძლება ჩვენც დაგვჭირდეს დრო, რომ აღმოვფხვრათ წინასწარშექმნილი აზრი ჩვენი გონებიდან და გულიდან. საფრანგეთში მცხოვრები და ასე აღწერს ამ ბრძოლას: „იეჰოვამ მასწავლა, რას ნიშნავს სიყვარული, რას ნიშნავს გაზიარება და რას ნიშნავს, გიყვარდეს ყველანაირი ადამიანი. მაგრამ დღემდე ვებრძვი სხვების მიმართ წინასწარშექმნილ აზრს და ეს ყოველთვის ადვილი არ არის.
სწორედ ამიტომ ვლოცულობ გამუდმებით“. ესპანეთში მცხოვრებ დასაც მსგავსი პრობლემა აქვს: „ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას დღემდე ვებრძვი და ხშირ შემთხვევაში ეს კარგად გამომდის. მაგრამ ვიცი, რომ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტო. მადლობა იეჰოვას, რომ მის დიდ, გაერთიანებულ ოჯახს მივეკუთვნები“. თითოეულმა გულწრფელად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი. ხომ არ გვჭირდება ამ დების მსგავსად წინასწარშექმნილ აზრთან ბრძოლა?როცა სიყვარული ძლიერდება, წინასწარშექმნილი აზრი უკვალოდ ქრება
18, 19. ა) რატომ უნდა მივიღოთ სხვები გულთბილად? ბ) როგორ შეგვიძლია ამის საქმით ჩვენება?
18 კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ერთ დროს ყველანი უცხოები ანუ ღვთისგან გაუცხოებულები ვიყავით (ეფეს. 2:12). მაგრამ იეჰოვამ „სიყვარულის თასმებით“ მიგვიზიდა (ოს. 11:4; იოან. 6:44). ქრისტემ მთელი გულით მიგვიღო და, ასე ვთქვათ, გაგვიხსნა კარი, რომ ღვთის ოჯახის წევრები გავმხდარიყავით (წაიკითხეთ რომაელების 15:7). ვინაიდან იესომ არასრულყოფილების მიუხედავად გულთბილად მიგვიღო, გულშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ ვინმეს ხელი ვკრათ!
19 რაც უფრო მივუახლოვდებით ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, მით მეტად შესამჩნევი გახდება დაყოფა და მტრობა და მით მეტ ადამიანს ექნება წინასწარშექმნილი აზრი (გალ. 5:19—21; 2 ტიმ. 3:13). როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ ვეძებთ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“, რომელიც მიუკერძოებელია და ხელს უწყობს მშვიდობას (იაკ. 3:17, 18). ჩვენ ვხარობთ უცხოელებთან მეგობრობით, ჩვენთვის მისაღებია მათი კულტურა და უცხო ენებსაც ვსწავლობთ. როცა ასე ვიქცევით, ჩვენი მშვიდობა მდინარესავით არის და სიმართლე — ზღვის ტალღებივით (ეს. 48:17, 18).
20. რა ხდება, როცა სიყვარული ჩვენს გულსა და გონებას გარდაქმნის?
20 „ჩემ წინ ჭეშმარიტი ცოდნის კარიბჭე გაიხსნა“, — თქვა ზემოთ მოხსენიებულმა ავსტრალიელმა დამ. მან აგვიხსნა, როგორ იმოქმედა მასზე ბიბლიის შესწავლამ: „ჩემი გული და გონება სრულად გარდაიქმნა. ასე რომ, ღრმად გამჯდარი წინასწარშექმნილი აზრი და სიძულვილი სადღაც უკვალოდ გაქრა“. კანადელი ძმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „რასიზმის ძირითადი მიზეზი უმეცრებაა და ადამიანის თვისებებს მისი დაბადების ადგილი არ განსაზღვრავს“. ის ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე დაზე დაქორწინდა! აზროვნების ასეთი ცვლილება ადასტურებს, რომ ქრისტიანულ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს წინასწარშექმნილი აზრი და აკეთებს კიდეც ამას. ეს გრძნობა ისეთი მტკიცე კავშირით გვაერთიანებს, რომ ჩვენს ერთობას ვერაფერი შეუქმნის საფრთხეს (კოლ. 3:14).
^ აბზ. 8 სიტყვა „ძმებში“ შეიძლება ქრისტიანი დებიც იგულისხმებოდნენ. მართალია, პავლემ წერილი რომაელ „ძმებს“ მისწერა, მაგრამ ის დებსაც გულისხმობდა, რომელთაგან ზოგი სახელითაც მოიხსენია (რომ. 16:3, 6, 12). „საგუშაგო კოშკი“ დიდი ხანია, ქრისტიანებს და-ძმებად მოიხსენიებს.