არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“

„ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“

„იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოან. 18:37).

სიმღერები: 15, 74

1, 2. ა) როგორ იქსაქსება მსოფლიო უფრო და უფრო? ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

„ბავშვობიდან მხოლოდ უსამართლობას ვხედავდი, ამიტომ არ მომწონდა ჩემი ქვეყნის პოლიტიკური კურსი და ისეთ შეხედულებებს ვიზიარებდი, რომელთაც ბევრი რადიკალისტურად მიიჩნევდა. ჩემი მეგობარი მამაკაცი, რომელთანაც მრავალი წლის მანძილზე მქონდა ურთიერთობა, ტერორისტი იყო“, — იხსენებს სამხრეთ ევროპაში მცხოვრები ერთი და. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები ძმაც ამართლებდა ძალადობას. „ვფიქრობდი, რომ ჩემი ტომი სხვა ყველა ტომზე აღმატებული იყო. ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას შევუერთდი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ მოწინააღმდეგეები შუბით უნდა დაგვეხოცა, ისინიც კი, ვინც ჩვენს ტომს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ სხვა პოლიტიკურ პარტიებს უჭერდნენ მხარს“, — ამბობს ეს ძმა. ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ერთი და კი აღნიშნავს: „წინასწარშექმნილი აზრი მქონდა და მძულდა ყველა, ვინც სხვა ეროვნებასა და სარწმუნოებას მიეკუთვნებოდა“.

2 მსგავსი ტენდენცია სულ უფრო შესამჩნევია დღევანდელ მსოფლიოში. თავისუფლების მოსაპოვებლად ბევრი პოლიტიკური გაერთიანება ძალადობას მიმართავს; საზოგადოება უფრო და უფრო დაყოფილი ხდება პოლიტიკურად; ბევრ ქვეყანაში მატულობს უცხოელების მიმართ სიძულვილი. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო დღეებში შეუძლებელი იქნებოდა ადამიანებთან მორიგება (2 ტიმ. 3:1, 3). როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ერთობის შენარჩუნება ამ დაქსაქსულ მსოფლიოში? ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იესოსგან, რომლის დროსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ხალხში არეულობას იწვევდა. ამ სტატიაში პასუხი გაეცემა სამ ძირითად კითხვას: რატომ არ უჭერდა მხარს იესო სეპარატისტულ მოძრაობებს? როგორ ცხადყო მან, რომ ღვთის მსახურები ნეიტრალურები უნდა დარჩენილიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში? და როგორ გვასწავლა იესომ, რომ ძალადობას გამართლება არა აქვს?

უჭერდა იესო მხარს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთ?

3, 4. ა) რა იმედს ამყარებდნენ იუდეველები მესიაზე? ბ) რა გავლენა მოახდინა ხალხის მოლოდინმა იესოს მოწაფეებზე?

3 ბევრი ებრაელი, ვისთანაც იესო ქადაგებდა, რომისგან დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ებრაელი ზელოტები ხალხში ნაციონალისტურ სულისკვეთებას აღვივებდნენ. პირველ საუკუნეში ამ ექსტრემისტული დაჯგუფებიდან ბევრი იზიარებდა გალილეელი იუდას მოსაზრებებს, რომელიც თავს მესიად აცხადებდა და მრავალი შეჰყავდა შეცდომაში. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იუდაზე ამბობდა, რომ „ის ლაჩრებს უწოდებდა თანამემამულეებს, რომლებიც ხარკს უხდიდნენ რომაელებს, და ამგვარად მათ აჯანყებისკენ აქეზებდა“. რომაელებმა გალილეელი იუდა სიკვდილით დასაჯეს (საქ. 5:37). ზოგიერთი ზელოტი თავისი მიზნის მისაღწევად ძალადობასაც კი მიმართავდა.

4 ამ ექსტრემისტების გარდა, სხვა ებრაელებიც მოუთმენლად ელოდნენ მესიის მოსვლას, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა, ანუ ისრაელ ერს დიდებას მოუტანდა და რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა (ლუკ. 2:38; 3:15). ბევრს სჯეროდა, რომ მესია სამეფოს დედამიწაზე, ისრაელის ტერიტორიაზე დააარსებდა, რის შემდეგაც ქვეყნის გარეთ მიმოფანტულ მილიონობით ებრაელს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა. ერთხელ იოანე ნათლისმცემელმაც კი ჰკითხა იესოს: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (მათ. 11:2, 3). ალბათ, იოანეს აინტერესებდა, სხვა ხომ არ უნდა მოსულიყო, რომელიც იუდეველთა ყველა იმედს გაამართლებდა. მკვდრეთით აღმდგარ იესოს ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ორი მოწაფე შეხვდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მესიამ მათი იმედი ვერ გაამართლა (წაიკითხეთ ლუკას 24:21). ამ შემთხვევიდან მალევე მოციქულებმა იესოს ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ (საქ. 1:6).

5. ა) რატომ სურდათ გალილეელებს იესოს გამეფება? ბ) როგორ შეუსწორა მათ იესომ აზროვნება?

5 ეჭვგარეშეა, მესიაზე სწორედ ასეთი მოლოდინის გამო მოინდომეს გალილეელებმა იესოს გამეფება. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო იდეალური წინამძღოლი იქნებოდა, რადგან ის შესანიშნავი ორატორი იყო, შეეძლო ავადმყოფების განკურნება და მშიერი ხალხის გამოკვებაც კი. დაახლოებით 5 000 კაცის დაპურების შემდეგ იესო მიხვდა, რა ჰქონდა ხალხს ჩაფიქრებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოან. 6:10—15). მომდევნო დღეს, როცა ხალხში ვნებათაღელვა ჩაცხრა, გალილეის ზღვის მეორე ნაპირზე შეკრებილებს იესომ თავისი საქმიანობის მთავარი მიზანი აუხსნა და დაანახვა, რომ დედამიწაზე ისრაელი ერისთვის მატერიალური კი არა, სულიერი კეთილდღეობის მოსატანად მოვიდა. მან უთხრა მათ: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოან. 6:25—27).

6. როგორ ცხადყო იესომ, რომ არ აპირებდა დედამიწაზე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

6 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შენიშნა, რომ ზოგიერთი მოწაფე მისგან დედამიწაზე სამეფოს დამყარებას ელოდა, რომლის სატახტო ქალაქიც იერუსალიმი იქნებოდა. იესომ მათ აზროვნება მინებზე მოყვანილი მაგალითით შეუსწორა. მაგალითიდან ჩანდა, რომ დიდგვაროვანი, რომელიც იესოს განასახიერებდა, შორს წავიდოდა და მის დაბრუნებამდე დიდი დრო გავიდოდა (ლუკ. 19:11—13, 15). იესომ რომაელი მმართველების წინაშეც დააფიქსირა თავისი ნეიტრალური პოზიცია. პონტიუს პილატემ იესოს ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ (იოან. 18:33). შესაძლოა ის წუხდა, რომ იესო პოლიტიკურ არეულობას გამოიწვევდა, რისიც მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ეშინოდა. იესომ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 18:36). ის არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, რადგან მისი სამეფო ზეცაში უნდა დამყარებულიყო. მან პილატეს დაანახვა, რომ მისი საქმე დედამიწაზე ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო (წაიკითხეთ იოანეს 18:37).

მსოფლიო პრობლემებზე ხართ კონცენტრირებულნი თუ ღვთის სამეფოზე? (იხილეთ აბზაცი 7)

7. რატომ არის ძნელი, რომ გულშიც კი არ დავუჭიროთ მხარი ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას?

7 როცა იესოს მსგავსად კარგად გვესმის, რა გვაქვს დავალებული, გულშიც კი არ დავუჭერთ მხარს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას. ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი აღნიშნავს: „ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანები უფრო და უფრო რადიკალისტები და ნაციონალისტები ხდებიან. ბევრს სჯერა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. საბედნიეროდ, ძმები ქრისტიანულ ერთობას ინარჩუნებენ იმით, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაზე არიან კონცენტრირებულნი. მათ იმედი აქვთ, რომ ღმერთი აღმოფხვრის უსამართლობას და გადაჭრის ყველა პრობლემას“.

როგორ ინარჩუნებდა იესო ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ საკითხებში?

8. რა ტვირთი აწვათ იუდეველებს პირველ საუკუნეში?

8 უსამართლობა ხშირად პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს. მაგალითად, გადასახადების საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა იესოს დროს. ფაქტობრივად, ზემოხსენებული გალილეელი იუდას ამბოხების მიზეზიც ის იყო, რომ რომაელებმა ხალხის აღწერა დაიწყეს, რათა მათთვის გადასახადები დაეკისრებინათ. რომის მოქალაქეებს, მათ შორის იესოს მსმენელებს, ბევრი გადასახადი აწვათ კისერზე, მაგალითად უძრავ-მოძრავი ქონების. გარდა ამისა, ხალხს ტვირთს კორუმპირებული გადასახადების ამკრეფებიც უმძიმებდნენ. ამ თანამდებობას ზოგჯერ ისინი საჯარო აუქციონზე ყიდულობდნენ, რათა ხალხის ფულით გამდიდრებულიყვნენ. მაგალითად, გადასახადების ამკრეფთა უფროსი ზაქე ხალხს ფულს სძალავდა, რითაც დიდი სიმდიდრე დააგროვა (ლუკ. 19:2, 8). როგორც ჩანს, იმ დროს ბევრი გადასახადების ამკრეფი იქცეოდა ასე.

9, 10. ა) როგორ ცდილობდნენ მტრები იესოს პოლიტიკურ საკითხებში ჩაბმას? ბ) რას ვსწავლობთ იესოს პასუხიდან? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

9 იესოს მტრები ცდილობდნენ, ისიც ჩაებათ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში და ამგვარად მახეში გაებათ იგი. მათ იესოს კითხვა დაუსვეს სულადობრივ გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც რომის ქვეშევრდომებისთვის ერთ დინარს შეადგენდა (წაიკითხეთ მათეს 22:16—18). სულადობრივი გადასახადის გადახდა განსაკუთრებით იუდეველებში იწვევდა აგრესიას, რადგან ეს მათ შეახსენებდა, რომ რომის უღელი ედგათ. „ჰეროდეს მომხრეები“, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს, ფიქრობდნენ, რომ, თუ იესო ამ გადასახადის წინააღმდეგი იქნებოდა, მას რომის მტრად გამოაცხადებდნენ, ხოლო თუ იტყოდა, რომ აუცილებელი იყო სულადობრივი გადასახადის გადახდა, მიმდევრებს დაკარგავდა.

10 იესო დიდ სიფრთხილეს იჩენდა, რადგან სურდა, რომ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხში ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა. მან თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათ. 22:21). ცხადია, იესომ იცოდა, რომ გადასახადების ამკრეფები კორუმპირებულები იყვნენ, მაგრამ მას არ სურდა, რომ ყურადღება გადაეტანა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხიდან — ღვთის სამეფოდან, რომელიც ადამიანებს ნამდვილად გაათავისუფლებდა პრობლემებისგან. ამ მხრივ მან კარგი მაგალითი დაუტოვა თავის მიმდევრებს. რაც არ უნდა სწორი და სამართლიანი ჰგონებოდათ ესა თუ ის კურსი, ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში. ქრისტიანებს არც მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და არც ხმას იმაღლებენ უსამართლობის წინააღმდეგ. ნაცვლად ამისა, ისინი ეძებენ „სამეფოს და მამის სიმართლეს“ (მათ. 6:33).

11. როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ ჩვენში მოჭარბებული სამართლიანობის გრძნობა?

11 ბევრმა იეჰოვას მსახურმა შეძლო, რომ გათავისუფლებულიყო მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებებისგან. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ერთი და გვიამბობს: „უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ რადიკალისტური აზროვნება განმივითარდა. მინდოდა, შავკანიანთა უფლებები დამეცვა, რადგან ბევრ უსამართლობას ვაწყდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ კამათის დროს თითქმის ვერავინ მჯობნიდა, მაინც იმედგაცრუება მეუფლებოდა. ვერ ვხვდებოდი, რომ რასობრივი უსამართლობის მიზეზები ადამიანის გულიდან უნდა აღმოფხვრილიყო. თუმცა ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ ამის გაკეთება ჩემი გულიდან უნდა დამეწყო. ამაში ერთი თეთრკანიანი და დამეხმარა. დღეს ჟესტურენოვან კრებაში პიონერად ვმსახურობ და ვცდილობ, რომ ყველანაირ ადამიანს ვუქადაგო“.

„ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას“

12. რა სახის „საფუარს“ უნდა მორიდებოდნენ იესოს მოწაფეები?

12 იესოს დროს რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში იყო აღრეული. ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ იუდეველები დაყოფილნი იყვნენ რელიგიურ ჯგუფებად, რომლებიც ძალიან ჰგავს დღევანდელ პოლიტიკურ პარტიებს (Daily Life in Palestine at the Time of Christ). ამიტომ იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“ (მარ. 8:15). „ჰეროდეს საფუარში“ მან, როგორც ჩანს, ჰეროდეს მომხრეები იგულისხმა. პოლიტიკური თვალსაზრისით ფარისევლები იუდეველთა დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. მათეს სახარებიდან ჩანს, რომ იესომ ამ საუბრის დროს სადუკეველებიც მოიხსენია, რომელთაც არსებული პოლიტიკური წყობის შენარჩუნება სურდათ. რომის მმართველობის დროს ბევრ სადუკეველს პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდა. იესომ კატეგორიულად გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ მორიდებოდნენ ამ სამი ჯგუფის „საფუარს“, ანუ სწავლებებს (მათ. 16:6, 12). აღსანიშნავია, რომ ეს საუბარი მას შემდეგ მალევე შედგა, რაც ხალხს იესოს გამეფება უნდოდა.

13, 14. ა) როგორ მიჰყავდა პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს ხალხი ძალადობამდე და უსამართლობამდე? ბ) რატომ არ ამართლებს უსამართლობა ძალადობას? (იხილეთ სურათი მე-3 გვერდზე)

13 როცა რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში ირევა, ძალადობა ადვილად იჩენს თავს. იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ამ დროს ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა იესოს მოკვლა განიზრახეს. ისინი მასში პოლიტიკურ და რელიგიურ მეტოქეს ხედავდნენ, რომელსაც შეიძლებოდა მათი ადგილი დაეკავებინა. „თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“, — ამბობდნენ ისინი (იოან. 11:48). ამიტომ მღვდელმთავარმა კაიაფამ იესოს მოკვლა დაგეგმა (იოან. 11:49—53; 18:14).

14 კაიაფამ ჯარისკაცები გაგზავნა, რომ იესო ღამით შეეპყროთ. იესომ იცოდა ამ სამარცხვინო განზრახვის შესახებ, ამიტომ მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს სთხოვა მათ, რომ რამდენიმე მახვილი წაეღოთ თან. ორი მახვილი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მოციქულებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა (ლუკ. 22:36—38). მოგვიანებით, იმავე საღამოს, პეტრე მახვილით დაესხა თავს ბრბოდან ერთ კაცს. ეჭვგარეშეა, ის განარისხა შუაღამისას იესოს უსამართლოდ დაპატიმრებამ (იოან. 18:10). მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52, 53). ეს დაუვიწყარი გაკვეთილი კარგად შეესაბამებოდა იმავე საღამოს იესოს მიერ ცოტა ხნით ადრე წარმოთქმულ ლოცვას, რომელშიც მან თქვა, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (წაიკითხეთ იოანეს 17:16). უსამართლობასთან ბრძოლა მათ ღვთისთვის უნდა მიენდოთ.

15, 16. ა) როგორ ეხმარება ქრისტიანებს ღვთის სიტყვა კონფლიქტების თავიდან არიდებაში? ბ) რა განსხვავებას ხედავს იეჰოვა, როცა დღევანდელ მსოფლიოს აკვირდება?

15 სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა სამხრეთ ევროპაში მცხოვრები და, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ის ამბობს: „მივხვდი, რომ ძალადობით სამართალს ვერ აღადგენ. ვხედავდი, რომ ისინი, ვინც ძალადობას მიმართავდნენ, ხშირად სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდნენ, ზოგი კი ბოროტდებოდა. ბიბლიიდან გავიგე, რომ ნამდვილ სამართლიანობას დედამიწაზე მხოლოდ ღმერთი დაამყარებს და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო 25 წელია, სწორედ ამას ვქადაგებ“. აფრიკის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებმა ძმამ თავისი შუბი „სულის მახვილით“ ანუ ღვთის სიტყვით შეცვალა. ახლა მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ტომს მიეკუთვნება ადამიანი — ის განურჩევლად ყველასთან ქადაგებს მშვიდობის ცნობას (ეფეს. 6:17). ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები და კი მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმე გახდა, ცოლად გაჰყვა ძმას, რომელიც მისთვის ერთ დროს საძულველ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. სამივე მათგანს აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლაში ქრისტეს მიბაძვის ძლიერი სურვილი დაეხმარა.

16 ასეთი ცვლილებების მოხდენა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია! ბიბლია კაცობრიობას აღელვებულ ზღვას ადარებს, რომელიც ვერ წყნარდება (ეს. 17:12; 57:20, 21; გამოცხ. 13:1). მაშინ როცა პოლიტიკურ საკითხებს ხალხში განხეთქილება შეაქვს, ყოფს მათ და ძალადობისკენ უბიძგებს, ჩვენ მშვიდობასა და ერთობას ვინარჩუნებთ. როცა იეჰოვა აკვირდება ამ დაქსაქსულ მსოფლიოს, გულს უთბობს მის ხალხს შორის არსებული ერთობა (წაიკითხეთ სოფონიას 3:17).

17. ა) რა სამი საშუალებით ვუწყობთ ხელს ერთობას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტიანულ ერთობას სამი საშუალებით ვუწყობთ ხელს: 1) იმედი გვაქვს, რომ ღვთის ზეციერი სამეფო აღმოფხვრის უსამართლობას, 2) ნეიტრალურები ვრჩებით პოლიტიკურ საკითხებში და 3) ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ძალადობა. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ჩვენს ერთობას საფრთხე შეუქმნას წინასწარშექმნილმა აზრმა. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად წარმატებით გავუმკლავდეთ ამ სირთულეს.